გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ხილვადი ხმები ქაოსში | 2019 წლის TAF იწყება

“გარეთ დატოვეთ პრობლემები და ფიქრები, აქ შემოდით და ისიამოვნეთ”,

- გვირჩევს თბილისის ხელოვნების ბაზრობის კურატორი ერიკ შლოსერი, რითიც აუციულებლად აღძრავს ურთულეს კითხვებს, მაგალითად ასეთს: არის კი თანამედროვე ხელოვნების მთავარი ამოცანა, სიამოვნება მოჰგვაროს ადამიანებს? ალბათ მაინც არის, ესეც იმ შემთხვევაში, თუკი შევთანხმდებით, რომ თანამედროვე ადამიანისთვის კომფორტისა და სიამოვნების განმსაზღვრელი ინფორმაციაზე იოლი ხელმისაწვდომობაა.

მცირე დროში, მაქსიმალურად ბევრი... თბილისის “არტ ფეარი” ერთ სივრცეში, ერთ ტერიტორიაზე მაქსიმალურად მრავალფეროვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას გვაძლევს. სხვადასხვა ქვეყნის 38 გალერეა მათი რჩეული არტისტების ნამუშევრებით; ამას გარდა, ჯგუფურ ექსპოზიციაში წარმოდგენილი, გალერეებისგან დამოუკიდებელი, 39 ქართველი და უცხოელი ხელოვანის ნამუშევარი, ასევე რამდენიმე კურატორული პროექტი და მომავალი 3 დღის განმავლობაში დაგეგმილი დისკუსიები და არტისტული პერფორმანსები.

ხვალ, 17 მაისს, 12.00 საათიდან თბილისის ხელოვნების ბაზრობა - TAF ექსპოჯორჯიას პავილიონებს საზოგადოებრივ სივრცედ აქცევს და ამ ღია და კონკურენტულ გარემოში გალერეები და ხელოვანები წარმოადგენენ ხელოვნებას - ყოველთვის ძალიან პირადს, სუბიექტურს. მონაწილეებს ექნებათ სურვილი, მიაღწიონ განსაკუთრებულ წარმატებას. ხელოვნების ბაზრობებზე კი წარმატებას მხოლოდ ერთი რამე განსაზღვრავს, ერთგვარ ქაოსში და სიმრავლეში გამოიკვეთო, დარჩე მეხსიერებაში. ისე მკაფიოდ, რომ სხვათა ხმაურში სტუმარმა შენთან დიალოგი შეძლოს.

ხელოვნების ბაზრობებზე ყოველთვის და ყველგან ცენტრალური ადგილი გალერეებს უჭირავთ. თბილისის ხელოვნების ბაზრობაზეც ასეა და ეს ცენტრი მე-11 პავილიონია. აქ თქვენ ნახავთ საქართველოში არსებულ თითქმის ყველა გალერეის ოთახს, ან კედელს, ასევე რამდენიმე ინსტიტუციას, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სფეროში ახორციელებენ პროექტებს. აქვე  წარმოდგენილია გალერეები დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რეგიონიდან, შორეული აღმოსავლეთიდან და აშშ-დან.

გალერეები წარმოადგენენ არტისტებს, რომლებთანაც ისინი სტაბილურად მუშაობენ და რომლებიც ამავდროულად წარმოაჩენენ გალერეის ხედვას, ინტერესებს და სტრატეგიას. მაგალითისთვის, მართალია, გალერეების უმრავლესობას გამოფენილი აქვს თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრები, მაგრამ იქვე შეხვდებით ხელოვნებას, რომელიც მეოცე საუკუნის შუაში, ან მეორე ნახევარში განსაზღვრავდა ტენდენციებს, როგორც საქართველოში, ისე სხვაგან. ერთ პავილიონში თავმოყრილი 33 გალერეა - ეს იმას ნიშნავს, რომ ერთ სივრცეში არსებობს ვიზუალური ხელოვნების მრავალფეროვანი ენა. ერთმანეთთან ხან დიალოგში, ხანაც კონფრონტაციაში შედიან სხვადასხვა მედიუმები - ფერწერა, გრაფიკა, ფოტოგრაფია, ქანდაკება, ობიექტი, მულტიმედიური ინსტალაციები და ხმოვანი სივრცეები. მაგრამ ხელოვნების ბაზრობაზე მედიუმების სიმრავლე არ არის მრავალფეროვნების მთავარი არგუმენტი. მრავალფეროვნებას აქ მონაწილე არტისტების ერთმანეთისგან განსხვავებული ვინაობა და მსოფლმხედველობა განაპირობებს. ავტორების სხვადასხვაგვარი “ხმები” განსაკუთრებული ხმაურით ისმის იქ, სადაც მათ გალერეების ოთახების კედლებიც კი არ აკავებენ. ანუ სხვა პავილიონებში (4,5,6), სადაც დამოუკიდებელი არტისტები გვერდიგვერდ არიან წარმოდგენილნი. 

მონაწილეთა სიმრავლე გვიჩვენებს, რომ თბილისი ხელოვნების ბაზრობა, რომელსაც ექსპოჯორჯია თბილისის მერიის, თიბისი სტატუსისა და Check in Georgia-ს პროგრამის მხარდაჭერით მართავს, საინტერესო პლატფორმაა, განსაკუთრებით საქართველოს გალერეებისა და ადგილობრივი არტისტებისთვის. თუმცა, ამ პროექტის მთავარი სიკეთე ალბათ სულ სხვა რამეა. თბილისის ხელოვნების ბაზრობა საზოგადოებას აჩვენებს რამდენად არაერთგვაროვანია ხელოვნება როგორც თემატურად, ისე ენობრივად, ფორმისეულად. საზოგადოების მიერ ხელოვნების მრავალფეროვნების და საერთო სურათის ჩვენება განსაკუთრებულად ძვირფასი აქტია იმ გარემოში, სადაც თანამედროვე ხელოვნება საზოგადოებამდე ვერ აღწევს.

 ვინ დაგამახსოვრდა? რა დაგრჩა? რა გამოგყვა? ეს იქნება მთავარი კითხვები, რომლებსაც ერთმანეთს დავუსვამთ 17-19 მაისს და მას შემდეგ.  

პასუხებიც იქნება მრავალფეროვანი, რადგანაც ხელოვნება ავტორისა და მისი მაყურებლის  თავისუფლების,  ინდივიდუალიზმის გამოვლენის სფეროა. რას დამიტოვებს მე 2019 წლის თბილისის ხელოვნების ბაზრობა, ამაზე უკვე შემდეგ ბლოგებში დავწერ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა