გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ZEG – თუ ამბის თხრობის სწავლა გინდათ

ამბის თხრობა მარტივი ნამდვილად არ არის. არადა, დღეს, თანამედროვე სამყაროში, ამბის თხრობის, იგივე „სთორითელინგის“ გარეშე არაფერი გამოდის. როგორ უნდა მოჰყვე ამბავს? რა ხერხებით უნდა გადმოსცე ის? რა უნდა გაითვალისწინო, სანამ აუდიტორიას დაელაპარაკები?

Impact Hub Tbilisi-სა და Coda Story-ს ინიციატივით, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, 20-22 ივნისს რეგიონში პირველად გაიმართება „სთორითელინგის“ ანუ ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი  ZEG.

თავდაპირველი ჩანაფიქრით, ამბის თხრობის ფესტივალი მხოლოდ ჟურნალისტებისთვის იყო გამიზნული, თუმცა, მოგვიანებით, ორგანიზატორები მიხვდნენ, რომ დღეს ამბის თხრობის სხვადასხვა ტექნიკის ფლობა ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება. ასე შეიქმნა ფესტივალი, სადაც ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი თავისთვის საინტერესო თემას აღმოაჩენს. 

3 დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნისა და ინდუსტრიის 29 წამყვანი პროფესიონალი ამბის გადმოცემისა და ამბის მოყოლის თავის უნიკალურ ხერხს გაგვიზიარებს. კინო, მედია, ფოტოგრაფია, განათლება, ლიტერატურა თუ პარფიუმერია – ფესტივალში მონაწილე გამომსვლელები ყველა ამ თემას შეეხებიან, ხოლო BBC-ის, CNN-ის, The New York Times-ისა და The Guardian-ის ჟურნალისტები ქართველი კოლეგებისთვის უორქშოფებს მოაწყობენ. 

მართალია, გამომსვლელთა სია შთამბეჭდავად გამოიყურება და ამაში თავადაც დარწმუნდებით, თუ ფესტივალის საიტს  www.tbilisistorytelling.com-ს ეწვევით. თუმცა, მანამდე, სანამ საძიებო სისტემაში Tbilisistorytelling-ს აკრეფთ, შევეცდები, რამდენიმე გამორჩეულ მონაწილეზე მოგიყვეთ.

ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე წარმატებული

ცოტა ხნის წინ გამოცემა Hollywood Reporter-მა ტრადიციული ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, სადაც ყველაზე წარმატებული ახალგაზრდა მენეჯერები დაასახელა. განსხვავებული სფეროების წარმომადგენლებს ერთი რამ აქვთ საერთო  ყველანი 35 წლამდე ასაკის არიან. სიის პირველ ნომრად კინოკომპანია Warner Bros-ის ვიცე-პრეზიდენტი ქეით ადამსი დასახელდა.

12 წლისამ უკვე იცოდა, რომ პროდიუსერი იქნებოდა. პრინსტონის უნივერსიტეტში ლიტერატურაზე ჩააბარა, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ლიტერატურის შესასწავლი თეორიული გაკვეთილები სრულებითაც არ აინტერესებდა. ნიუ-იორკში ისე ჩამოვიდა, რომ „არც არავის ვიცნობდი და არც არაფერი ვიცოდი“-ო. ცნობილ პროდიუსერთან  ლინდა ობსთან სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა და, როგორც ინტერნს შეეფერება, მთელ დროს საპროდიუსერო კომპანიაში ათასნაირი საქმის კეთებაში ატარებდა.

2011 წელი იქნებოდა, გრეგ სილვერმანთან ასისტენტად მუშაობის დროს Warner Bros-ში რომ მოუწია მისვლა. სულ ერთხელ მივიდა. „იქ რომ მივედი, გავგიჟდი,  ჰყვება ქეითი,  ყველა შემიყვარდა. მივხვდი, იქაური აღმასრულებლებისგან ძალიან ბევრი რამ შემეძლო მესწავლა“. ერთი მისვლა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ გეგმები შეეცვალა და Warner Bros.-ში ასისტენტად გადასულიყო. ახალგაზრდა ასისტენტი მალევე აღმოჩნდა შემოქმედებითი ხაზის, შემდეგ პროდუქციის აღმასრულებელი და ბოლოს, 2018 წელს, ქეით ადამსი ამერიკის ყველაზე წარმატებული, მსხვილი კინოკომპანიის  Warner Bros-ის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ის, რაც ქეით ადამსზე შეიძლება არ იცოდეთ:

რობერტ ზემეკისის „კონტაქტი“, ჟან-პიერ ჟენოს „ამელი“ და ჯუზეპე ტორნატორეს „ახალი კინოთეატრი “პარადიზო” – ეს ის ფილმებია, რომლებმაც კინო შეაყვარა. თუმცა, ზედმეტმა ცნობისმოყვარეობამ მოულოდნელად რომ წამოგაძახებინოს - მორჩა? რა, მხოლოდ ესენი?, მშვიდად გიპასუხებს – „რა თქმა უნდა, არა, ზემეკისის ფილმის „უკან, მომავალში“ და სპილბერგის „ინდიანა ჯონსის“ გარეშე არც არაფერი იქნებოდა“.

კითხვებით „შეიარაღებული“ ჯო საბია

ვინ არის დღეს ყველაზე ცნობილი ამბის მთხრობელი? პასუხი ერთია  რა თქმა უნდა, ჯო საბია! ნიუიორკელი ვიდეოარტისტი იმის იდეალური მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გართობა და ჰობი საკუთარ პროფესიად აქციო. „ყველაფერი, რაც დღეს ჩემს გადასახადებს იხდის, როგორც ჰობი და გართობა, ისე შეიქმნა“,  ამბობს ჯო. ის მუდმივად ეძებს ახალ გზებს ამბების მოსაყოლად და ამისათვის უამრავ ექსპერიმენტს ატარებს. სხვადასხვა თემაზე გაკეთებული ვიდეოსერიები აქვს, რომლებიც 1 მილიარდ ადამიანს აქვს ნანახი.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ციფრულ სამყაროში ვიდეოპლატფორმა Youtube-იც კი არ არსებობდა, ბოსტონის კოლეჯის სტუდენტმა მეგობართან ერთად ვებშოუ The BC შექმნა, რომელიც იმ პერიოდის ერთ-ერთი თინეიჯერული სატელევიზიო სერიალის ერთგვარი პაროდია იყო. ძალიან მალე HBO-ს ტელევიზიამ თავიანთი ექსპერიმენტული არხის HBO Lab-ის შემქმნელად მიიწვია. არ ვიცი, გინახავთ თუ არა, მაგრამ იმ დროის ყველაზე პოპულარული ვიდეო „7-წუთიანი სოპრანოა“, რომლის უმოკლეს ქრონომეტრაჟში იდეალურადაა ჩატეული ცნობილი ამერიკული სერიალის 6 სეზონი.

სარა ჯესიკა პარკერი, რიზ უიზერსპუნი, ანა ვინტური, ტეილორ სვიფტი, ემა სტოუნი  მათ ხან პლაკატებით ხელში (სერია: Autocomplete Interview), ხან საკუთარ სახლში ანდა ოფისში (სერია: 73 Questions), ხან კი სიცრუის მანქანაზე (სერია: Lie detector test) ზონრებით მიმაგრებულებს ნახავთ. როგორც წესი, ამ დროს ჯო არსად ჩანს, ის კამერის მიღმა, კითხვებითაა „შეიარაღებული“.

თუმცა მათ შორის ყველაზე ცნობილი მაინც ჟურნალ Vogue-ისთვის შექმნილი ვიდეოსერიებია  73 Questions. რატომ 73 კითხვა?  „მმ, რა ვიცი. მანამდე 100 იყო, უბრალოდ, იმის წარმოდგენა, რომ ერთი დუბლით გადაღებულ ვიდეოში ადამიანს 100 კითხვა უნდა დაუსვა და მერე 100 პასუხი მოისმინო, ცოტა ბევრია, მგონი. ამიტომ რაღაცები მაშინვე ამოვყარე და რაც დარჩა, ის დავითვალე. 73 გამოვიდა. კარგი რიცხვია, არა?“. 

ჯო საბია TED Talk-ის სპიკერი და Conde Nast Entertainment-ის შემოქმედებითი განვითარების ვიცე-პრეზიდენტია. ამ გიგანტ კორპორაციას 164 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და ციფრულ ბრენდებსა და არაერთ ცნობილ  გამოცემას აერთიანებს: Vanity Fair, Vogue, Teen Vogue, Glamour, Brides, GQ, The New Yorker, Allure, Wired, Pitchfork და სხვა.

ის, რაც ჯო საბიაზე შეიძლება არ იცოდეთ:

ერთხელ საქველმოქმედო აქციაში მიიღო მონაწილეობა და თავისი ციცქნა მანქანით, რომელიც „კუბიკ-რუბიკის“ სტილში იყო გაწყობილი, ლონდონიდან მონღოლეთამდე 17, 000 კმ გაიარა.

რამდენიმე მეგობართან ერთად, თბილისში რესტორან „პიანოს“ თანამფლობელია.

„სიყვარულით“, რუსეთიდან 

ვფიქრობ, პიტერ პომერანცევი ერთ-ერთი საინტერესო სპიკერი იქნება წლევანდელ ფესტივალზე. ის ხომ მწერალი, მკვლევარი და ცნობილი ჟურნალისტია, რომელიც წერს გამოცემებისთვის: Newsweek, Financial Times, Politico, Atlantic.

პიტერ პომერანცევი საბჭოთა კავშირში, კიევში დაიბადა. მას შემდეგ, რაც მისი მამა, პოეტი იგორ პომერანცევი ანტისაბჭოთა ლიტერატურის პროპაგანდისათვის დააპატიმრეს, ოჯახი დასავლეთ გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად. მამამისი მიუნხენსა და ლონდონში BBC-ს ოფისისთვის მუშაობდა, ხოლო დედა დოკუმენტური კინოს პროდიუსერი იყო. თავად პიტერი ჯერ ინგლისურ ლიტერატურასა და გერმანულს სწავლობდა ედინბურგის უნივერსიტეტში. მოგვიანებით სარეჟისორო ჯგუფში ჩაირიცხა, მოსკოვში. 2001-2010 წლებში რუსეთში, გასართობ არხ TNT-ზე მუშაობდა. რუსეთის ტელევიზიაში გატარებული წლები საკმარისი მასალა აღმოჩნდა იმისათვის, რომ 2011 წლიდან მოყოლებული პომერანცევს აქტიურად დაეწყო წერა თანამედროვე რუსეთსა და მის პოლიტიკაზე. ის ცნობილია კრიტიკული წერილებითა და ინტერვიუებით, რომლებშიც დაუფარავად საუბრობს ვლადიმირ პუტინის საინფორმაციო ომებზე, რუსეთის ყალბ ოპოზიციაზე, ყალბ სასამართლო სისტემაზე, ყალბ ტელევიზიებზე, უკრაინის ომზე, მალაიზიის ავიახაზებზე...

როგორ მუშაობს რუსული პროპაგანდა და რა გავლენა აქვს მას დღევანდელ მსოფლიოზე? როგორ ცდილობს კრემლი ადამიანების გონებაში შეღწევას და როგორ იქმნება ალტერნატიული რეალობა თანამედროვე რუსეთში? სწორედ ამ თემებს ეხება პომერანცევის 2014 წელს გამოსული წიგნი „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია“, რომელმაც ჟურნალ Guardian-ის პრემია დაიმსახურა. „ეს არის ადგილი, სადაც განგსტერები არტისტები ხდებიან, ოქროს მაძიებლები პუშკინს ციტირებენ, ჯოჯოხეთის ანგელოზებს კი ჰალუცინაციებში  თავი წმინდანი ჰგონიათ“, – წერს ავტორი კრემლის რუსეთზე. 

2015 წლიდან პიტერ პომერანცევი ნიუ-იორკში დაარსებული ახალი ამბების პლატფორმის  Coda Story-ს რედაქტორია.

ის, რაც პიტერ პომერანცევზე შეიძლება არ იცოდეთ:

2019 წლის 30 ივლისს მისი მეორე წიგნი გამოდის: „ეს არ არის პროპაგანდა: თავგადასავლები რეალობის წინააღმდეგ ომში“.

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა