ამა | ავანგარდული მოდის ასამბლეა
ფოტო: გურამ წიბახაშვილი
ტექსტი: ამონარიდები რეზონანსის სტატიიებიდან, ავტორი ლელა ოჩიაური 1996 - 1999.
ავანგარდული მოდის ასამბლეის ორდღიანი საკონკურსო ჩვენება დამთავრდა
2 და 3 ოქტომბერს ექსპო-ჯორჯიას ტერიტორია სიცოცხლის სავსე ღამეულ ქალაქად იქცა. შესასვლელში ერთ უცნაურობას წააწყდებოდით. სააკრედიტაციო მოწმობების გულდასმით გასინჯვის შემდეგ ისინი ჟურნალისტებს ჩამოართვეს და მხოლოდ საღამოს, დამთავრებისას დაუბრუნეს. რით იყო ეს ღონისძიება გამოწვეული, გაუგებარი დარჩა.
საკონკურსო ჩვენების პირველივე დღეს ხალხი შედარებით ნაკლები იყო. ნაკლებად საინტერესო იყო პროგრამაც. წამყვანი ამ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პუბლიკას რეაგირებას სთხოვდა: აპლოდისმენტები! აპლოდისმენტები-თქო! - ისმოდა მიკროფონში. დროდადრო იგი ხალხს საღამოს დამთავრებისას ღია რესტორანში წასვლას სთავაზობდა, რომელიც „გვაძლევს საშუალებას, დავტკბეთ კაცობრიობის შედევრებით ალკოჰოლური სასმელების დარგში“.
კოლექციათა უმრავლესობა არც ორიგინალობით გამოირჩეოდა და ავანგარდთანაც ცოტა ჰქონდა საერთო. რაც ნამდვილად ექსტრავაგანტური იყო, ეს გახლდათ, უტა ბექაიას კოლექცია. უტას კოსტიუმებმა ყველაზე ექსტრავაგანტური პარიზელი კუტიურიე ჟან-პოლ გოტიე გამახსენა. ქართველი დიზაინერის მხატვრულმა „ხულიგნობამ“, მოდელების „არამოდელურმა“ ტიპებმა, თავად ავტორის არაორდინარულმა გარეგნობამ და ჩაცმულობამ საინტერესო და არაუბრალო სანახაობა შექმნა.
იგივე განმეორდა მეორე დღეს, როდესაც კოლექცია უჩვენა უტას მეგობარმა და მოდელმა ზალიკო ბერგერმა. მისი კოლექცია იმითაცაა საინტერესო, რომ კოსტიუმებში თანამედროვე ქართველი ავანგარდისტი მხატვრების ორიგინალებია ჩართული.
კონკურსის მეორე დღის და, ალბათ, მთლიანად „ამას” ლიდერი, სომეხი დიზაინერი ანა გრიგორიანი გახდა. ნაციონალურ მოტივებზე თავისუფალი ინტერპრეტაციით აგებული ულამაზესი კოლექცია მაყურებელმა უწყვეტი ოვაციებით დააჯილდოვა.
არანაკლები მოწონება დაიმსახურა ტყავის კომბინაციებით კონსტრუირებული კოსტიუმების ავტორმა, უკრაინელმა ფიოდორ სავჩენკომ, ხოლო როდესაც მოდელებმა სამოსის ნაწილი „მოიხსნეს“ და ზოგიერთი მათგანი შიშველ მკერდზე ხელებაფარებული დარჩა, პუბლიკის აღტაცებას საზღვარი არ უჩანდა.
საღამო დაასრულა ნინო ჩუბინიშვილის მეტად ორიგინალურმა კოლექციამ. თითოეული მოდელი თითქმის ერთნაირ, სკაფანდრისებურ, დალიანდაგებულ, „გაბერილ“ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, უცნაურად მოძრაობდა გოგი ძოძუაშვილის მშვენიერი მუსიკის თანხლებით და საინტერესო თეატრალურ სანახაობას ქმნიდა.
ავანგარდული მოდის ასამბლეა, ავანგარდული პეტლიურა და ვარსკვლავთცვენა დაიწყო
გუშინ, დაბნელდა თუ არა, „ექსპო-ჯორჯიას“ საგამოფენო კომპლექსის შემოგარენი და ტერიტორია უჩვეულოდ გამოცოცხლდა. უჩვეულოდ მშვიდად და ლმობიერად იქცეოდა შესასვლელებში მეჩხერ კორდონად მდგომი „ომონი“, ხელოვნების (ამ შემთხვევაში, მოდის) მოყვარულ შეფთან, თემურ მღებრიშვილთან ერთად.
ერთმანეთში ირეოდა უცხოური მაქმანები, მძლავრ, მიზანმიმართულ ნაკადად მავალი, საპარადოდ ავანგარდულად გამოწყობილი ხალხი - ავანგარდული მოდის მესამე ასამბლეა სამი წლის შემდეგ კვლავ პოდიუმზე ავიდა.
ღია ცის ქვეშ, შადრევნებზე გადებული პოდიუმის, კარავ-პირამიდის, სარეკლამო ფარების, დიდ ეკრანზე „ცოცხალი“ რეკლამებისა და კონტრასტულად ჩაბნელებულ გარემოში მოხვედრილ, ფეხზე მდგომ საზოგადოებას საღამოს წამყვანი, დიზაინერი ზალიკო ბერგერი მოევლინა.
მშვენიერი იყო ფერადოვანი ფეიერვერკი ღამის ცისა და მუსიკალური ფონის თანხლებით. თუმცა აქ პატარ-პატარა ტექნიკური „უსიამოვნებები“ დაიწყო. საცეკვაო ნომრის შესრულებისას, უეცრად გაწყდა ფონოგრამა. ეს შეფერხება მალე გამოსწორდა. სამაგიეროდ, სახელგანთქმული პეტლიურას კოლექციის ჩვენებისას, მუსიკა (არანაკლებ სახელგანთქმული საბჭოური სიმღერის „მიდის სახალხო ომის“ თემაზე) ადრე ჩაირთო. შემდეგ კვლავ განმეორებით აჟღერდა, თითქოსდა იმის შესახსენებლად, რაც გაზაფხულის გაელვებამდე და მას შემდეგაც გადაგვხდა.
რუსული ალტერნატიული მოდის „მამის“, პეტლიურას მიერ წარმოდგენილი ირონიული შოუ „გაზაფხულის ჩვიდმეტ გაელვებამდე“ მართლაც „გიჟური“ და სუპერავანგარდული აღმოჩნდა. იმავეს ვერ იტყოდი იტალიელი ლაურა ბრუფანის „ჩვეულებრივ“ საცურაო კოსტიუმებზე, სადაც ყურადღებას მოდელების ლამაზი სხეულები უფრო იპყრობდა, ვიდრე ის, რაც მათ ზედ ეცვათ.
„ამას“ იდეოლოგისა და პრეზიდენტის, გელა კუპრაშვილის „გიჟურმა“ პროექტმა კი აქტიური ინტერესი უკვე მესამედ გამოიწვია.