ფეხსაცმელი | ელისაბედ მაისურაძე
ერთადერთი, კედები არ მიყვარს - ვერ იხდენს ვერც ჩემი სული და ვერც ჩემი ფეხები. ისე კი, უამრავი ფეხსაცმელი მაქვს; ფეხსაცმელები სრულიად განსაზღვრავს ჩემს გუნება-განწყობას; ჩაცმამდე მსუბუქი და უჩვეულო მღელვარება მეწყება - კედელთან მწკრივად ჩალაგებული, სხვადასხვა ფერის, მოდელის, სტილის - განწყობების მთელი წყება.
უცნაურობა დამჩემდა: ქუჩაში, ტრანსპორტში მხოლოდ ფესაცმელებს ვათვალიერებ ხოლმე; თვალს შევავლებ, ვხვდები თუ ვგრძნობ, ვინ მართავს მათ, რა გზაზე დადიან.
ბავშვობიდან დღემდე ხშირად დავდივარ მეწახეებთან, ადრე დედას დავყვებოდი. დედას და მე ერთნაირად გვიჭირს, დავშორდეთ ნივთებს, მივატოვოთ. მეწაღე ფეხსაცმელს არსებობას უხანგრძლივებს. პატარა მეს დროინდელი, რაღაც ჯადოსნური შეგრძნება მაკავშირებს ამ პაწაწინა ჯიხურებთან - ერთმანეთში გადაზელილი წყავის, რეზინის, წებოს, მტვრის სუნი; ჟურნალებიდან კოხტად ამოჭრილი ქალების ფოტოები; ხელსაწყოები; მასალები; ირგვლივ კი ბევრი, ძალიან ბევრი ძველი ფეხსაცმელი.
მეწაღის ჯიხური ჰგავს Doctor Who-ს ტელეფონის ჯიხურს, აწმყოში ვერდაბრუნებულს; კედლებზე გაკრულ ძველ კალენდრებში გაჭედილს.
მეწაღე წარსულიდან ჩუქნის ფეხსაცმელს ახალ მომავალს.