გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აუტიზმის სპექტრი ასპერგერის სინდრომი

დაღლილი ჩანხარ, სახლში დაბრუნების დროა | ლიზი ნოზაძე

ყოველთვის ვხვდებოდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო. 

ვიცოდი, რომ ჩვენი ცხოვრების მთავარი გმირები ჩვენ ვართ, რომ ყველაფერს სუბიექტურად, გაზვიადებულად აღვიქვამთ. ნელ-ნელა იმასაც ვგრძნობდი, რომ რაღაც ობიექტურად არაორდინალური - ცუდი, საშიში ხდებოდა. ცხოვრება ჰგავდა სპექტაკლს, რომლის სცენარიც ჩემთვის არავის მოუცია. ამ სცენარის სიუჟეტებს ბავშვობიდან ვერ ვუმკლავდებოდი. თითქოს თამაშის წესებიც სულ იცვლებოდა. როცა მიბრაზდებოდნენ, ხშირად ხმა მეკარგებოდა, ვიყინებოდი და ერთი სული მქონდა, ჩემს ბნელ, მყუდრო ოთახში დავბრუნებულიყავი, რომ წარუმატებლად მეცადა ყურადღების გადატანა. უკონტექსტოდ ეს სიჯიუტეს ჰგავდა. ფიქრობდნენ, რომ პასუხის ღირსად არ ვთვლიდი, არადა ამ დროს სულ სხვა ომში ვიყავი. 

ემოციებთან გამკლავება წლების განმავლობაში ამავე ოთახში უთვალავჯერ მიცდია. შეიცვალა კედლის ფერიც, საწოლიც, საყვარელი ჯგუფის პოსტერიც, მაგრამ თითქოს მაინც ვერაფერი ამოვხსენი. ისევ ისე ვტიროდი, ისევ ისე მიჭირდა სუნთქვა. 

როცა საკუთარი თავი “ქარხნული შეცდომა” გგონია და შეცვლის იმედიც არ გაქვს, სამყაროზე არასწორი წარმოდგენები გექმნება. ცხოვრება უბრალოდ გაძლება გგონია. მართლა არ ვიცოდი, რომ სხვანაირადაც შეიძლებოდა. სკოლაში რომ კლასელი დაფას დაკაწრავდა ხოლმე ფრჩხილით, გახსოვს? ადამიანების უმეტესობაც, დაახლოებით, ასეთ გრძნობას იწვევდა ჩემში - უბრალო შეხებით, ხმამაღლა ლაპარაკით, ყურადღებით.

იმის ცოდნაც, რომ მხედავდნენ, დისკომფორტი იყო. სამაგიეროდ, ამ ყველაფრის დამალვაში შეუდარებელი ვიყავი. არ ვიცი, როდის ვისწავლე, რომ არასდროს გამომეხატა, რასაც ნამდვილად ვგრძნობდი, მაგრამ დამალვა ცხოვრების მთავარ პრინციპად ვაქციე. თავი მოვუყარე ყველა ჩვევას, რომელსაც სხვისი შეწუხება ოდნავ მაინც შეეძლო და ისე კარგად გადავმალე, მეთვითონაც ვეღარ ვიპოვე. აღარ ვიცოდი, ვინ ვიყავი, რას განვიცდიდი, ან თუ რამეს სახელს დავარქმევდი, არ ვიცოდი, ნამდვილი იყო, თუ ვიგონებდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ გაორება მჭირდა და ფსიქოლოგთანაც ამ ფიქრებით მივედი. 

ახლა 22 წლის ვარ და აუტიზმის სპექტრი - ასპერგერის სინდრომი პირველად დამიდგინდა. ყველას ჰგონია, რომ დიაგნოზი საშიში რამეა. ეს ასეა, მაგრამ სულ სხვა მიზეზის გამო. იარლიყის ტარება საშიში არაა. განვლილ ცხოვრებას ჩემი სპექტრის ლინზით თუ გადავხედავ ხოლმე, ყველაფერს ვხსნი. ახლა ვხვდები, რომ არა თავისუფლება, არამედ ვალდებულება მაქვს საკუთარი თავის გამოხატვის. ამისთვის კი ახლიდან უნდა აღმოვაჩინო, ვინ ვარ. 

ჩემი შიშიც აქ იმალება. 

შენს თავთან დაბრუნება მაშინ, როცა დასაფრენად უსაფრთხო ადგილი არ გეგულება, წარმოუდგენლად სახიფათოა. თან როცა სხვებზე ზრუნვა რეფლექსივით გაქვს, საკუთარი თავი ყოველდღე თავიდან და თავიდან უნდა აირჩიო. ყოველდღე ახლიდან უნდა გადაწყვიტო, რომ სხვის გარემოცვაში არ ქრებოდე და ისე ანათო, როგორც მარტომ. 

არადა, მგონი ეს ადამიანი საერთოდ არ მომწონს. ხმამაღალია, აგრესიულია, გულწრფელია; ხანდახან ზედმეტად გულწრფელი. ფარად არა ყალბი ენთუზიაზმით სავსე ღიმილი, არამედ საკუთარი განზრახვებისა და დამოკიდებულებების სიშიშვლე აქვს. როცა დახმარება სჭირდება, თამამად ამბობს.

ვინ იფიქრებდა, რომ ასე რთულად შესაგუებელი იქნებოდა შვება. 

ახლაც ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ სხვისი წუხილი, იმის მიუხედავად, გამოგვიცდია თუ არა, სერიოზულად უნდა მივიღოთ. ჩვენნაირ სტრესს ყველა არ განიცდის. ბუნებრივობასა და პათოლოგიას შორის ზღვარი გადის და როცა ნერვული შეტევის დროს ამ ზღვარს ვკვეთ, მინდა, შენი დახმარების იმედი მქონდეს. მე ვერ ავფრინდები ჩემს შეზღუდულ უნარებზე მაღლა, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა. ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანს უსამართლო უპირატესობები აქვს. ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთს მათ ძიებაში დავეხმაროთ, ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად. 

მინდა, რომ ვისთანაც ჩემი სიტყვები ოდნავ მაინც ახლოს მივა, იცოდეს, რომ ნიღბის მოხსნა არაა მარტივი და ეს ერთ დღეშიც არ მოხდება. ეს იქნება გარდაუვალი და განმათავისუფლებელი მეტამორფოზა.

სამყაროსგან ასმაგად მეტი მივიღე, როცა ავთენტურობა ცხოვრების მთავარ პრინციპად ვაქციე. ღირებული ურთიერთობები გულწრფელობაზე დგას - ჩემთვის ძვირფას ადამიანებს მაშინაც ვუყვარდი, როცა საკუთარ თავს აღარ ვმალავდი. მე მჯერა, რომ საკუთარი თავის ბოლომდე გამოხატვა ყველას უნდა და ცოტას შეუძლია; მე ვცდილობ, რადგან მგონია, ჩემნაირ ხალხს მხოლოდ ასე ვიპოვი.  

სახლში დაბრუნების დროა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა