გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

იმერეთის წყლები | გიორგი ცინცაძე

საბჭოთა სანატორიუმები შეიქმნა საბჭოთა რეალობაზე რეაქციად, კურორტს მიღმა არსებულ პრობლემებზე საპასუხოდ, შრომისა და ცხოვრების საბჭოთა წესის შედეგად გაჩენილი დაავადებების სამკურნალოდ. ამიტომ, საბჭოთა ყოველდღიურობაზე დასაკვირვებლად ეს სივრცეები ყველაზე შეუსაბამო ველია - კურორტი ხომ იმიტომაა კურორტი, რომ ის გარემოსგან რადიკალურად განსხვავდება. 

თუმცა, საბჭოთა კურორტების ისტორია, მათი გაშენებისა და განვითარების ამბავი, ეპოქისა და მისი იდეოლოგიის პროდუქტია და ამიტომ ზუსტად ისევე ირეკლავს კულტურულ თუ პოლიტიკურ ცაიტგაისტს, როგორც საბჭოთა ქარხანა ან ხრუშოვკა.  სანატორიუმები გვაძლევს საშუალებას დავაკვირდეთ საბჭოთა ყოველდღიურობას იმ სივრცის გავლით, რომელიც ამ ყოველდღიურობისგან გაქცევისთვის შეიქმნა და მოწესრიგდა.  


საირმე


საირმის გადასახვევი ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის შავ-ყავისფერი კომპლექსის მოპირდაპირე მხარეს, ბენზინგასამართ სადგურებს შორის მიიკვლევს გზას. გზა ჯერ რკინიგზის გადასასვლელს, შემდეგ მდინარე ყვირილას კვეთს.

გვიანი სოციალიზმის პერიოდში - რომლის ორი მთავარი მახასიათებელი, იოანა კონტერიოს აზრით, „ბუნებრივი გარემოს დეგრადაცია და სამედიცინო კრიზისია“ - საბჭოთა გამაჯანსაღებელი კურორტები განსაკუთრებულ, საგამონაკლისო ზონებად იქცა. საბჭოთა პრომეთეანიზმი, რომელიც ბუნებას დაბრკოლებად ან მტრადაც კი ხედავდა, ასაზრდოებდა ინდუსტრიალიზაციის იმგვარ პოლიტიკას, რომელმაც 1970-იანი წლებისთვის საბჭოთა კავშირში „ინდუსტრიული უდაბნოები“ შექმნა მოწამლული ნიადაგით და მტვრითა და ჭვარტლით სავსე ჰაერით. 

1978 წელს გამოჩნდა იატაკქვეშა სამიზდატი სახელწოდებით „ბუნების განადგურება საბჭოთა კავშირში.“ მისი ავტორი, ფსევდონიმით ბორის კომაროვი, მწვავედ აკრიტიკებდა საბჭოთა კავშირის ეკოლოგიურ პოლიტიკას:

დაბინძურებულ ჰაერს დღეს მხოლოდ ინდუსტრიულ რეგიონებში აღარ სუნთქავენ. ბარაქიანი ბუნება და ‘სოფლის სიმშვიდე’ ჩვენს თვალწინ ხდება მითი. ანკარა, დაკლაკნილი მდინარეები, მთების რბილი კონტურები და სიჩუმე, რომლებიც უძველეს ციხესიმაგრეებს მოგვაგონებს - ეს ყველაფერი ნადგურდება გაზსადენებით, წყლის აუზებით და მასიური ქარხნებით.[1]

 კომაროვი ბრაზითა და წყენით წერს საბჭოთა ინდუსტრიულ ქალაქებზე, მათ შორის ზესტაფონზე, და სვამს შეკითხვას - გასაგებია, რომ პირველი ხუთწლედის პერიოდში მეტის საშუალება იქნებ არც იყო, ხოლო ინდუსტრიული ქალაქების ნაწილი, მაგალითად ნორილსკი, სულაც ომის დროს აშენდა, მაგრამ რატომ არ ექცევა ყურადღება გარემოს დაცვას 60-იან და 70-იან წლებში განვითარებულ ქალაქებში, მაგალითად რუსთავსა და ზესტაფონში?

ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში ჩემს ყურადღებას იქცევს უზარმაზარი წიგნი ოთახის ცენტრში. ეს ხელნაწერი სამედიცინო დავთრის ერთადერთი ეგზემპლარია. წიგნი თავს უყრის ინფორმაციას საბჭოთა ზესტაფონის სამედიცინო სექტორის შესახებ - შობადობის, სიკვდილიანობისა და საწოლფონდის სტატისტიკას, ცნობებს ექთნებისა და ექიმების შესახებ.

მიუხედავად პრომეთეანული პოლიტიკისა, საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა 1920-იანი წლებიდანვე შეიცავდა საგანგებო და მკაცრ ჩანაწერებს საკურორტო ზონებისთვის. 1935 წლის აპრილში, სოჭში თამბაქოთი დატვირთული ურმის მძღოლმა ტვირთი მიატოვა და მეგობრებთან ერთად საქეიფოდ წავიდა. მარტო დარჩენილმა ცხენმა ქუჩის პირას ბალახის ძოვა დაიწყო, რამაც გამწვანების ნაწილი დააზიანა. სოჭს, როგორც კურორტს, მკაცრი „სამკურნალო რეგიონების მინერალური კონსერვაციის რეგულაცია“ იცავდა. მძღოლი დააპატიმრეს და 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.[2]

საბჭოთა გარემოსდაცვით პოლიტიკას, რომლებმაც მკაცრად დაცული საკურორტო ზონები შექმნა, სამედიცინო კონსერვაციას უწოდებენ, სადაც „ბუნებრივ გარემოსა და ბუნებრივ რესურსებს ექსპერტები [მათ შორის ექიმები] მართავენ, რათა მათი სამედიცინო, თერაპიული და პროფილაქტიკური გამოყენება წაახალისონ.“[3] ბუნების დაცვის ეს ფორმა ეკოლოგიური კონსერვაციისგან იმით განსხვავდება, რომ სამედიცინო ნაკრძალებში წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არა ტურიზმს (რომელიც საბჭოთა კურორტებზე სულაც აკრძალული იყო), გართობას ან ბუნების დაცვას მისი თავისთავადი ღირებულების გამო, არამედ მკურნალობას, ექსკლუზიურად ექიმების მიერ მართული პროტოკოლებისა და წესების მიხედვით.

საირმე


საირმეში ჩასულ ყველა სტუმარს სთავაზობენ უფასო კონსულტაციას მიმღებ ექიმთან, რომელიც მის წუხილებს ისმენს და შესაბამისად ურჩევს წყლის პროცედურებს. სასტუმროს ორი ცენტრალური ფლიგელიდან ერთი ხუთსართულიანი და კვადრატულია, მეორე, ოთხსართულიანია და  უფრო გრძელი - ვიდრე მაღალი. ამ ორი მართკუთხედის პირდაპირ კურორტის ბაღია, რომელიც ვიწრო ხეობას მიუყვება. ბაღში დგას მინერალური წყლების რამდენიმე გადახურული წყარო. თითოეულ წყაროს სხვადასხვა მინერალური შემცველობა აქვს. მაგალითად, წყარო #3 მდიდარია კალციუმით, მაგნიუმითა და ნატრიუმით.

საირმე

კურორტოლოგია, როგორც მედიცინისა და მეცნიერების თვითმყოფადი დარგი, საბჭოთა კავშირში დაიბადა. ის მოიცავს ყველაფერს, დაწყებული საკურორტო ზონების მართვიდან და დამთავრებული ტალახის აბაზანებით. როგორც საბჭოთა პოლიტიკის ყველა სხვა ნაწილის, კურორტოლოგიისა და კურორტების ისტორიაში ერთმანეთშია გადახლართული იდეოლოგიური ფაქტორები, კულტურული მოცემულობა და ლიდერების პირადი გამოცდილებითა თუ საჭიროებებით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები.

საირმე



საბჭოთა კავშირი დააფუძნეს ომ და გადასახლება-გამოვლილმა ბოლშევიკებმა. პირველი პოლიტბიუროს ყველა წევრს რევოლუციამდელი პერიოდის უმეტესი ნაწილი მიმალვაში, იატაკქვეშეთსა და ციხეში ჰქონდა გატარებული. ციმბირის მძიმე კლიმატურ პირობებსა და მოსკოვისა თუ პეტერბურგის ნესტიან საკნებში გატარებული წლების გამო საბჭოთა კავშირში ჩამოყალიბდა უნიკალურად არაჯანმრთელი პოლიტიკური კლასი. ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ წლებში სხვადასხვა დაავადებებით ერთმანეთის მიყოლებით კვდებოდნენ რევოლუციონერები: 1919 წელს, 33 წლის ასაკში ტუბერკულოზით გარდაიცვალა იაკოვ სვერდლოვი, იმ დროისთვის ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი საბჭოთა კავშირში; 1924 წელს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ლენინი; 1921 წელს კიდევ ერთი ძველი ბოლშევიკის, ლევ კარპოვის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის კომისარმა ლეონიდ კრასინმა გამოთქვა იმედი, რომ „მეცნიერება ოდესმე ყოვლისშემძლე გახდება და შეეძლება მკვდარი ორგანიზმის აღდგენა, [...] განთავისუფლებული კაცობრიობა, დღეს ჩვენთვის ჯერაც წარმოუდგენელი მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ძალით, შეძლებს დიადი ისტორიული ფიგურების გაცოცხლებას.“
[4] (როცა ლენინი გარდაიცვალა, კრასინმა მისი სხეულის კრიოგენულად გაყინვის წინადადებაც წამოაყენა.) ლენინის სიკვდილიდან მალევე, სამუშაო ვიზიტისას ბრიტანეთში, გარდაიცვალა თვითონ კრასინიც.

დრამატული და მრავალფეროვანია უშუალოდ სტალინის სამედიცინო ისტორიაც. ახალგაზრდობაში სტალინს სავარაუდოდ, გადატანილი ჰქონდა მალარია. 1909 წელს ვიატკის საავადმყოფოში მას ხელმეორედ განუვითარდა ტიფი. 1915 წელს გადასახლებაში სტალინი დაავადდა რევმატიზმით, რომელიც მას შემდეგ პერიოდულად უმწვავდებოდა. 1921 წელს სტალინს ოპერაცია დასჭირდა მწვავე აპენდიციტის გამო, მას აწუხებდა ხშირი წყლულები. სტალინი ავადმყოფობდა ტუბერკულოზითაც. (იაკოვ სვერდლოვი ციმბირში სტალინთან სახლს იყოფდა. როცა სვერდლოვი ტუბერკულოზით დაავადდა, სტალინი საცხოვრებლად სხვაგან გადავიდა, თუმცა დაავადებას ვერ გადაურჩა.)[5]

საბჭოთა საკურორტო პოლიტიკა მკვეთრად იცვლება 1930-იან წლებში. ბიუროკრატიის სტალინისტური წმენდა შეეხო სამედიცინო ინსტიტუციებსაც, სადაც გაჩაღდა ბრძოლა „ბურჟუა სპეციალისტებთან“.  კურორტების მართვაზე მონოპოლია დაკარგეს ექიმებმა. პრიორიტეტული გახდა არა მხოლოდ კონკრეტული სამედიცინო სერვისების მიწოდება ექიმების მიერ შერჩეულ საჭიროების მქონე პაციენტებისთვის, არამედ გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი სივრცეების შექმნა მშრომელთათვის, განსაკუთრებით მოწინავე, საკვანძო ინდუსტრიებიდან. სტალინისტური მობილიზაციის პირობებში კურორტებს უნდა ემკურნალათ მშრომელებისთვის მათი სამუშაო ძალის აღდგენისა და პროდუქტიულობის გაზრდისთვის.

 

წყალტუბო

„წყარო №6“ 1950 წელს გაიხსნა და წყალტუბოში დღეს მოქმედ თერმულ აბანოებს შორის ყველაზე დიდია.  ვებსაიტი გვამცნობს, რომ სხვადასხვა დროს მას სტუმრობდნენ ბორის ელცინი მეუღლესთან ერთად, გამალ აბდელ ნასერი, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე (სამჯერ), ბერია და სტალინი (ორ-ორჯერ) და ედუარდ შევარდნაძე (მრავალჯერ). აბანოს სტუმრობდნენ მოქანდაკეები, მოჭადრაკეები, პოეტები, თბილისის დინამო და „ყარამან ოთხმეზური - ბელგიის ფინანსთა მინისტრი.

როცა, რამდენიმე თვის წინ, წყარო №6-ს პირველად ვესტუმრე, ჰიდროთერაპიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი და მიმღებში ყველაზე პოპულარული, სტანდარტული პროცედურის ჩატარება ვთხოვე.  ვიზიტორებს ექთნები პაციენტებად მოგვიხსენიებენ. „გყავს პაციენტი თუ შემოვუშვა?“ - ტალახის კაბინეტის ღია კარში იხედება კურორტის თანამშრომელი, რომელიც ტურისტს მოაცილებს. მე დერეფანში ჰიდრომასაჟის რიგს ველოდები. ყურადღებით ვარ რომ ოთახი არ შემეშალოს - კედელზე არაერთი სხვადასხვა პროცედურის მაუწყებელი აბრა შემხვდა რთული კომპოზიტებით, მათ შორის თითქმის მუქარანარევი აბრა წარწერით - „ჰიდროკოლონოთერაპია“.

„ეს წყალი ხელოვნურად თბება თუ ამ ტემპერატურის ამოდის?“ - ვეკითხები ექთანს და თან განიერ, მაგრამ მოკლე აბაზანაში უხერხულად ვთავსდები. „ასე ამოდის,“ მპასუხობს ექთანი და აბაზანის პირზე დადგმულ ქვიშის საათს ატრიალებს - პროცედურის დაწყებამდე პაციენტმა თხუთმეტი წუთი წყალში უნდა გაატაროს - „რომ გავათბოთ სამკურნალო თვისებებს დაკარგავს.“
wyaltubo


რას გულისხმობენ წყალტუბოს ექთნები, როცა ადგილობრივი წყლების სამკურნალო თვისებებზე საუბრობენ? წყალტუბოს მინერალური წყალი მდიდარია კათიონებითა და ანიონებით, მათ შორის რკინით, კალციუმითა და მაგნიუმით. გამაჯანსაღებელი და თერაპიული ეფექტი აქვს წყალში ან წყლით მიმდინარე სხვადასხვა პროცედურებს - აღმავალ და ცირკულარულ შხაპს, სხეულის სხვადასხვა ნაწილების გამორეცხვას. წყალტუბოში ექთნებს შეუძლიათ პაციენტის ხერხემალი ჰორიზონტალურად გაჭიმონ მინერალურ წყალში, ჩაუტარონ სამკურნალო ფიზკულტურული სეანსი მინერალური წყლით სავსე აუზში. თუმცა წყალტუბოში მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი რადონი და რადონის შემცველი წყალია. როგორც კურორტის ვებსაიტი გვატყობინებს,„წყალტუბოში,წყლის აბსოლუტურად ყველა პროცედურა ტარდება რადონულ-მინერალურ წყალში.“

 რადონი რადიოაქტიური ელემენტია. შესაბამისად, წყალტუბოს რადონული წყლებიც რადიოაქტიურია. პროცედურების რადიოაქტიური წყლით ჩატარება მიზანმიმართული დასხივების ფორმაა. რადონის რადიოაქტიურობა არა გვერდითი მოვლენა, არამედ ის თვისებაა, რაც, ამ პროცედურების ადვოკატთა აზრით, წყალს სამკურნალო ხასიათს სძენს. 2018 წელს გამოსულ კვლევაში ხუთი ქართველი ექიმი ამტკიცებს, რომ წყალტუბოს რადონულ წყალს, ანტიანთებითი თვისებების გამო პაროდონტიტის შემსუბუქება და ელიმინაცია შეუძლია. ითვლება, რომ რადონული თერაპია სასარგებლოა სახსრებისთვის, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემებისთვის.

თუმცა ცნობილია, რომ რადონი, როგორც ყველა სხვა რადიოაქტიური ელემენტი, ჯანმრთელობისთვის სახიფათოცაა. 2008 წელს გამოქვეყნდა ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის შრომების 115-ე ტომი, რომელიც თბილისის მაგნიტურ-მეტეოროლოგიური ობსერვატორიის დაარსების 165-ე, გეოფიზიკის ინსტიტუტის 75-ე და ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის დაარსების 55-ე წლისთავს მიეძღვნა. კრებულში მოხვდა კვლევა რადონის გავრცელებასა და ფილტვის კიბოს შემთხვევებს შორის არსებულ შესაძლო კავშირებზე დასავლეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ წყალსა და ნიადაგში რადონის შემცველობა ანომალიურად მაღალია წყალტუბოში, ვანში, ქუთაისში, ბაღდათში, ჩოხატაურში და ოზურგეთში. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნიადაგში რადონის მაღალი შემცველობა ამ რეგიონებში ფილტვის კიბოს მაღალ გავრცელებას უწყობს ხელს.

სამეცნიერო დისკუსია რადონის სამკურნალო თვისებებსა და მასთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხის შესახებ ერთი ცენტრალური თემის გარშემო ტრიალებს. მეცნიერთა ერთი ნაწილი, წრფივი მოდელის მიმდევრები ზღვრული მაჩვენებლის გარეშე მიიჩნევენ, რომ კავშირი რადიაციის დოზასა და მის ეფექტს შორის დამოკიდებული არ არის რადიაციის ჯამურ მაჩვენებელზე. ანუ, რადიაციის პირობითად 10 ერთეული ისეთივე საშიშია ადამიანისთვის, რომელიც მხოლოდ ამ 10 ერთეულით დასხივდა, როგორიც იმისთვის, ვინც ჯამურად 100 ერთეული დასხივება მიიღო. შესაბამისად, რადიაციის უსაფრთხო დოზა საერთოდ არ არსებობს. სხვები, ვინც რადიაციის ეფექტებს ჰორმეზისტულად აფასებენ, მიიჩნევენ, რომ რადიაციის ეფექტი დოზის მიხედვით იცვლება. შესაბამისად, სუსტად დასხივების შემთხვევაში რადიაცია შესაძლოა, სულაც სასარგებლო იყოს.

სამედიცინო ლიტერატურაში რადონული თერაპიის მქონე დაწესებულებებში დასაქმებულთა შესაძლო დასხივება რადიოაქტიურ ნივთიერებთან შეხებისას შესწავლის საგანია. ავსტრიულ კურორტ ბადგაშტაინში, სადაც, წყალტუბოს მსგავსად, რადონული წყლები ამოდის, მკვლევრებმა აბაზანებთან, დერეფნებსა და ტექნიკურ ნაგებობებში დოზიმეტრები დაამონტაჟეს და აღმოაჩინეს, რომ რადონი წყლიდან ჰაერში იფრქვევა (რადონით გაჟღენთილი ჰაერით ინჰალაციასაც იკეთებენ) და ჰაერში გაბნეული რადიოაქტიური ნაწილაკები რადიაციის უკიდურესად ცვალებად ფონს ქმნიან. გარკვეულ შემთხვევებში რადიაციის დონე შესაძლოა დასაშვებსაც აჭარბებდეს. მსგავს დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები სერბეთშიც, სადაც მათ ცნობილი ნიშკა-ბანიას კურორტი შეისწავლეს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში.

ბუნებრივი გარემოსა და ადამიანის ურთიერთობის მკვლევრები ცდილობენ, სხვადასხვა დასავლური კულტურების ცხოვრებაში ზუსტად ამოიცნონ ის ისტორიული მომენტი, როცა ბუნება ბნელი, საშიში სივრციდან გასაფრთხილებელ, სუფთა, ჯანმრთელ სივრცედ გარდაიქმნება. მაგალითად, ამერიკულ კულტურაში ეს მომენტი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დგება, როცა ველური დასავლეთის ფრონტი ფაქტობრივად ამოწურულია, ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია კი კონტინენტის ლანდშაფტს უკვე ხელშესახებად და შეუქცევადად ცვლიან. ამ კონტექსტში ყალიბდება რომანტიკული წარმოდგენები ველური ბუნების შესახებ და იქმნება პირველი ეროვნული პარკები, რომელსაც მალე ინდუსტრიული კლასები და ურბანული მოსახლეობა კაპიტალისტური, არაჯანსაღი, მოსაწყენი ყოფისთვის თავის დასაღწევად მიაშურებენ.

საბჭოთა ისტორიაში ამ მომენტის მოხელთების საუკეთესო საშუალება იქნებ მის სანატორიუმებში მოიძებნება. საბჭოთა სანატორიუმებში ვიზიტორთა ზრდის დინამიკა[6] - 1922 წელს წყლის აბაზანები იქ 4,000-მა ადამიანმა მიიღო, 1970 წელს - 100,143-მა - მზარდი ინდუსტრიალიზაციისა და ურბანიზაციის ანარეკლია. წყალტუბოში რადიაცია, რომელიც, სხვა მხრივ ა პრიორი შფოთსა და ზაფრას იწვევს,  ბუნებრივი და, შესაბამისად, ნაკლებად საშიშია. უფრო მეტიც, რადიოაქტიური წყალი, რომელიც (და რადგან) მიწიდან ამოდის, წყალტუბოში მედიკამენტია. ადრეულ საბჭოთა კავშირში ხელოვნური ინფრასტრუქტურა - გზები, ქარხნები, გაზსადენები - ათვინიერებენ ველურ ბუნებას, ეომებიან მას, როგორც მტერს. გვიან სოციალიზმში სანატორიუმები ბუნებრივი წყლებით კურნავენ გადაღლილ, ტრავმირებულ მოქალაქეებს დაცულ, მოვლილ საბჭოთა კურორტებზე.

 

დიხაშხოს გოგირდოვანი გეიზერი


ქუთაისი-ვანის გზაზე, სოფელ დიხაშხოში ბაღდათსა და ვანს შორის, გოგირდოვანი წყალი ამოდის. გეიზერთან მისასვლელ ხრეშიან გზას არც მითითება აფორმებს და არც განათება აქვს. ფოტო, რომელიც რუკის ნიშნულს ახლავს თან, ცისფერ წყალს გვიჩვენებს, რომელიც ორ მრგვალ, დაბალ აუზში გროვდება. აუზის კედლები მარილითაა დაფარული და თეთრია. მთლიანობაში გუგლის საძიებო სისტემაში არსებული ფოტოს პეიზაჟი ისლანდიას მოგაგონებთ, მდინარე რიონის მცირე შენაკადი კი ნორდიკულ ფიორდს. 

geizeri

გეიზერთან ადგილობრივთა რამდენიმე ჯგუფი დაგვხვდა. მარცხენა აუზს სამეგობრო დაპატრონებოდა, ლუდით ერთჯერად ჭიქებში. მეორე აუზით ოჯახი სარგებლობდა - მამა, ორ ბავშვთან ერთად, რომლებიც პერიოდულად წყალქვეშ ყვინთავდნენ. ოჯახის დანარჩენ წევრებს აუზის ერთ ნაწილში მოეყარათ თავი. მალე გეიზერის მარჯვენა აუზს ასაკოვანი წყვილი მიადგა, იმ იმედით, რომ მათთვისაც გამოინახებოდა ადგილები აუზის ისედაც ვიწრო სივრცეში. „დღეს ცოტა ადრე მოგვიწია მოსვლა, მზის ჩასვლამდე“ -  აუზიდან უთხრა მამამ, რომელიც უხერხულად მიიწია გვერდით და ადგილი გაათავისუფლა. იგრძნობოდა, რომ ახალმოსულებიც დიდად არ იყვნენ ბედნიერები იმით, რომ მათთვის ჩვეულ დროს მოსულებს სხვები დახვდნენ აუზში, მაგრამ ქალი ვითარებას არ შეეპუა, თავიდან მორიდებულად შედგა ფეხი აუზის კიდეზე, და შემდეგ უჩვეულო სიმჩატით, წყალში ჩავიდა. კაცი კი მოშორებით დადგა და სიგარეტს მოუკიდა.

გეიზერის გარშემო არც რაიმე ინფრასტრუქტურა იკვეთება და არც რაიმე მითითება გვხვდება. წყალი უბრალოდ ამოდის. გეიზერთან მანქანაა გაჩერებული, რომელსაც საბარგული ღია აქვს. მიწა ტალახიანია, აქ-იქ სხვადასხვა სიღრმის გუბეები დგას. ჰაერში კოღოები დაფრინავენ და გოგირდის მძაფრი სუნი იგრძნობა.

კურორტოლოგია საბჭოთა მეცნიერებაა, მაგრამ თერმული და მინერალური აბანოების ოქროს ხანად იმპერიული რომის ეპოქა ითვლება.[7] რომაელებმა, თავის მხრივ, ძველბერძნული ტრადიცია განაგრძეს. ჰიპოკრატე თვლიდა, რომ დაავადებების მიზეზი სხვადასხვა ფლუიდების დისბალანსია სხეულში და რომ გარემოსა და ცხოვრების წესის შეცვლას სამკურნალო ეფექტი აქვს. ძველი წელთაღრიცხვის პირველ ათასწლეულში მის რეკომენდაციებს შორის მოხვდა გამაჯანსაღებელი წყლის აბაზანების მიღება.[8] გოგირდოვანი წყლების შესახებ წერდნენ ჰომეროსი და ჰესიოდე. ქუთაისში აღმოჩენილი უძველესი თერმული აბანო ახალი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნით თარიღდება.

საბჭოთა კულტურული და სახელმწიფო ინსტიტუტები, როცა სამკურნალო წყლების გარშემო კურორტებსა და სანატორიუმებს აწყობდნენ, თერმულ და მინერალურ წყლებთან ურთიერთობის უწყვეტ ისტორიას აგრძელებდნენ და, ამავდროულად, ამ ურთიერთობას ავსებდნენ კონკრეტულად საბჭოთა და კონკრეტულად მეოცე საუკუნის საჭიროებებითა და წარმოდგენებით. განგრძობითობისა და ეპოქალურად თუ კულტურულად სპეციფიკურით დატვირთვის ეს პალიმფსესტი იკითხება საბჭოთა კურორტების თანამედროვე ფორმებშიც. მათ მიღმა კი არსებობას აგრძელებს უფრო ელემენტარული, სახალხო-სამედიცინო ტრადიცია ურთიერთობის წყალთან, რომელიც ისევ ისე ამოდის მიწიდან, როგორც ასობით და ათასობით წლის წინ.

აუზისთვის ფოტოს გადაღება მინდა, თუმცა მეუხერხულება და თავს ვიკავებ. რადგან წყალში არ ჩავსულვარ, იქაურებისთვის თავიდანვე ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ იქაურობის სანახავად ვიყავი და არა სამკურნალოდ. მანქანისკენ ვბრუნდები და ვცდილობ, კარი ისე სწრაფად გავაღო და დავკეტო, რომ ჭალის კოღოების მხოლოდ ნაწილი გამომყვეს უკან, ქუთაისისკენ. აუზში ახალმოსულმა ქალმა წყალში ნელი, წრიული მოძრაობა დაიწყო. მანქანას ვატრიალებ და სარკეში ვხედავ, რომ კაცი, რომელიც მასთან ერთად მოვიდა, აუზის კიდესთან ისევ სიგარეტს ეწევა და წყალში ჩასვლას არ ჩქარობს.



მითითებული წყაროები:


[1] Komarov, Boris. "Destruction on nature in the Soviet Union." Society 18, no. 5 (1981): 39-49. Harvard 

[2] Conterio, Johanna. "Curative Nature: Medical Foundations of Soviet Nature Protection, 1917–1941." Slavic Review 78, no. 1 (2019): 23-49. Harvard 

[3] იქვე. 

[4] Tumarkin, Nina (1981). "Religion, Bolshevism, and the Origins of the Lenin Cult". Russian Review. 40 (1): 35–46.

[5] Kotkin, Stephen. Stalin: Paradoxes of Power. 738

[6] წყალტუბო - დაკარგული ბედნიერება; ანარეკლები - რადიო თავისუფლება; 22 დეკემბერი. 2019

[7] Gianfaldoni, Serena, Georgi Tchernev, Uwe Wollina, Maria Grazia Roccia, Massimo Fioranelli, Roberto Gianfaldoni, and Torello Lotti. "History of the baths and thermal medicine." Open Access Macedonian Journal of Medical Sciences 5, no. 4 (2017): 566.

[8] Zdrojewicz, Zygmunt, and Jadwiga Strzelczyk. "Radon treatment controversy." Dose-Response 4, no. 2 (2006): dose-response.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა