„რა ლამაზია თუშეთი“
16.08.2020ტექსტი პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ The Adventurer-ში
„მაინცადამაინც სიკვდილს ნუ დაელოდებით, თუ სამოთხის ნახვა გინდათ, ამოდით თუშეთში“, - თქვა ერთხელ ერთმა თუშმა, სოსო ბაბუნაიძემ.
საქართველოს რომ მოივლით, კუთხე-კუთხე, მხოლოდ მერე იფიქრეთ თუშეთსა და სვანეთზე, ეს ორი კუთხე ბოლოსთვის შემოიტოვეთ. მერწმუნეთ, ღირს.
ორივე მხარის ხასიათი, ყველაზე მეტად სიმღერებში ჩანს. აბა, დაგუგლეთ და მოუსმინეთ ორ მათგანს: სვანი მამაკაცების მიერ შესრულებულ მზის საგალობელ „ლილეოს“ და ლელა თათარაიძის „რა ლამაზია თუშეთს“... სვანეთი მკაცრია, მზესავით და თავისი მწვერვალებივით მიუწვდომელი, თუშეთი კი თბილი. რომელი ჯობია? არჩევანი თქვენზეა.
„კავკასიისა და კერანაუს მთებს შორის არიან ტუსკები“, - ჯერ კიდევ მეორე საუკუნეში წერდა ბერძენი გეოგრაფი კლავდიუს პტოლემეუსი. დღეს თუშები ძირითადად ზემო და ქვემო ალვანში სახლობენ, ბევრი თბილისშია და ძალიან ბევრიც - უცხოეთში. თუნდაც მეზობელი კახელებისგან განსხვავებით, რომლებიც მიწათმოქმედნი არიან და, შესაბამისად, მიჯაჭვულნი თავიანთ მიწასა და ვენახს, თუშები უძველესი დროიდან მესაქონლენი, მეცხვარენი იყვნენ. ალბათ ამითიც არის განპირობებული, რომ ქართლ-კახელთაგან განსხვავებით, მომთაბარეობას ჩვეული თუშები უცხოეთშიც იოლად მიდიან.
თუმცა სადაც უნდა ცხოვრობდეს თუში, ცდილობს, ზაფხულში, თუნდაც ათენგენობის დროს, აუცილებლად ავიდეს თავის სოფელსა და სალოცავში.
თუშეთი საქართველოს ის იშვიათი კუთხეა, რომელიც მთლიანად კავკასიონს გადაღმა, ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს. კავკასიის მთავარი ქედი და მისი განშტოებები გამოყოფს თუშეთს კახეთის, ფშავის, ხევსურეთის, ასევე ჩეჩნეთისა და დაღესტნისგან.
დღევანდელი დაყოფით მთელი თუშეთი კახეთის რეგიონის ახმეტის მუნიციპალიტეტში შედის. ერთადერთი სამანქანე გზაც კახეთიდან მიდის, სტორის ხეობას მიუყვება და აბანოს უღელტეხილით ჩრდილოეთ კავკასიაში გადადის.
აბანოს უღელტეხილი, დათვიჯვრის მსგავსად, ზამთრობით, უფრო ზუსტად ოქტომბერ-ნოემბრიდან იკეტება. და თუშებიც სამანქანე გზის გახსნამდე ვერტმფრენების იმედად რჩებიან. ბოლო წლებში, საბედნიეროდ, ხერხდება, რომ ზამთრობითაც იყოს კვირაში ერთი ფრენა. თუმცა, საცხოვრებლად პირობები მაინც ძალიან მძიმეა და ამიტომ ზამთრობით თუშეთის ყველა ხეობასა და სოფელში ჯამში 50-მდე ადამიანი თუ რჩება, ძირითადად ასაკოვანი ხალხი. მთაში ზაფხულის არდადეგების მერე ბავშვები აღარ არიან... წლების წინ გაუქმდა ბოლო, ომალოს ცხრაწლიანი სკოლაც.
***
პრაქტიკულად ხელუხლებელი პირველქმნილი ტყეები - ფიჭვნარები და არყნარები, ალპური მდელოები, დეკიანები, საჯიხვეები, უნიკალური ფლორა-ფაუნა, მყინვარები, დაქუეხის ანუ ტებულის, დიკლოს, ბორბალოს, ქომიტოს დიდებული მწვერვალები, რომელთა სიმაღლე 3200-4700 მეტრია.
თუშეთის ფლორის 1000-მდე სახეობიდან 11 საქართველოს, 230 კი - კავკასიის ენდემია, რაც შეეხება ფაუნას, გავრცელებულია ძუძუმწოვართა 60, ფრინველთა 120-მდე, რეპტილიების 3, ამფიბიებისა და თევზების თითო-თითო სახეობა, მათ შორის ენდემურია კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ასევე გვხვდება ნიამორი, ირემი, შველი, არჩვი, დათვი, მგელი, ფოცხვერი.
თუშეთის უნიკალური ბუნებისა და კულტურის შენარჩუნების მიზნით მთელი თუშეთი დაცულ ტერიტორიად არის გამოცხადებული. დაცული ტერიტორიები, რომელიც მოიცავს: ნაკრძალს, ეროვნულ პარკსა და დაცულ ლანდშაფტს, იწყება ეგრევე, როგორც კი აბანოს უღელტეხილს გადახვალ.
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია, მუზეუმი და სასტუმრო ომალოს შესასვლელშია. მას აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუმცა ამაზე შემდეგ. ჯერ გზას მივყვეთ.
გზა და მგზავრობა
თუშეთში მოგზაურობისთვის 3-4 დღე მაინც გამოყავით, მეტი შეიძლება, ნაკლებს არ გირჩევთ. თქვენც ცოდო ხართ და თუშეთიც. გზაზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საგზაო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე მოიძიეთ.
კახეთის ადმინისტრაციული ცენტრიდან, თელავიდან თუშეთისკენ რომ წახვიდე, ალავერდის ტაძარი უნდა გაიარო. ალავერდი ალაზნის ვაკეზე, ალონის ველზე დგას და მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისის ქართული ქრისტიანული ხუროთმოძღვრების სრულიად გამორჩეული ძეგლია. მე ჩემი ჯგუფებით ძალიან ხშირად ტაძარშიც შევდივარ. აქ რამდენიმე თუში მოძღვარიც მსახურებს.
აქ ტაძრისა და საოცარი მარნის გარდა, მცირე ინფრასტრუქტურაა შესასვენებლად: რესტორანი და საპირფარეშო.
მდინარე ალაზანზე გადასვლით სოფელ ქვემო ალვანში შევდივართ, ვუხვევთ მარჯვნივ და გზას ვაგრძელებთ სოფელ ლალისყურსა და ფშავლამდე.
ქვემო ალვნიდან ლალისყურადმე ერთი ადგილი შეგხვდებათ, რომელსაც აქაურები- ტახტიბოგირს ეძახიან.
ტრადიციულად, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ცხენით დადიოდნენ, ტახტიბოგირის სიახლოვეს აუცილებლად ჩამოქვეითდებოდა ცხენოსანი თუში და მიჯნის ქვასთან აუცილებლად გაიხსენებდა ბახტრიონის ომის გმირ ზეზვა გაფრინდაულს, ღვინიან ყანწს წაუქცევდა გმირ წინაპარს და მის ცხენსაც ადიდებდა. ზეზვაის ლურჯა ალბათ ერთადერთი ცხენია მსოფლიოში, რომლის შესანდობარსაც ამბობენ და არცთუ შემთხვევით.
თუშების სამკვიდრო, ტრადიცულად, მთა იყო. ბარი მოგვიანებით აითვისეს. ლეგენდის თანახმად, ბახტრიონის ომის მერე (1659 წელს ქართველები აუჯანყდნენ ირანელ დამპყრობლებს და დაეცნენ ბახტრიონის ციხეს, სადაც მტერი იყო გამაგრებული) მეფე თეიმურაზმა გადაწყვიტა, დაეჯილდოვებინა თუშები. თუშ ზეზვა გაფრინდაულს, რომელიც ფშავ-ხევსურებთან და თუშებთან ერთად გმირულად იბრძოდა, მეფისთვის ბარად საზამთრო საძოვრები უთხოვია: სადამდეც ჩემი ცხენი გაჭენდება ალონის ველზე, ის ადგილები მოგვეციო. ბახტრიონის ციხიდან გაჭენებული ნაომარი ცხენი ტახტიბოგირთან სასიკვდილოდ წაქცეულა. ცხენი პატივით დაუკრძალავთ. „აწ აქ ისახლებსო თუშთა მოდგმა“, - უთქვამს მეფეს. თუშებს ის ველი მიუღიათ, სადაც ზემო და ქვემო ალვანია გაშენებული. „ალონის ველი ზეზვას ლურჯას ნაჩუქარიაო“, - დღესაც ამბობენ თუშები.
სანამ გიდი ამ ამბავს ჰყვება, მანქანა სოფელ ფშაველსაც უახლოვდება და იწყება 72 კილომეტრიანი გზა, რომლის მანძილის სიმოკლემ არ უნდა გაგათამამოთ, ამ გზის გავლას დაახლოებით 4 საათი სჭირდება. ვერტმფრენს თუ არ ჩავთვლით, თუშეთში ორი სახის ავტოტრანსპორტით შეგიძლიათ მგზავრობა: ჯიპით ან დიდი საბარგო მანქანით.
სანამ სტორის ხეობას შეუყვებოდეთ (გზაც სწორედ ამ მდინარეს მიუყვება), შეგიძლიათ შეისვენოთ სვიანასთან (ადგილია ასეთი), სადაც მაგიდებია და წახემსება შეგიძლიათ. მერეც გზაში ბევრგან ნახავთ წყაროებსა და მაგიდებს. ამ გზას შეუსვენებლივ ძნელად თუ აივლი, თან რა გული გაგიძლებთ, ფოტოების გადასაღებად არ გაჩერდეთ.
თუმცა გულს კიდევ ერთი გამოცდა ელის, გზა რთულია (თუმცა მისი გავლა ნამდვილად ღირს), თუმცა სიფრთხილე და გამოცდილი მძღოლი ნამდვილად საჭიროა. გზად უამრავ ქვასა და ჯვარსაც ნახავთ, რომლებიც ამ გზაზე დაღუპულთა მოსაგონრად დაუდგამთ.
„რა თუშივით ჩამკვდარხარ გზაშიო“, - კახეთში ასეთი გამოთქმაც არსებობს. ჩემი ძველი და უკვე ტრადიციული მასპინძელი გოგი ბიძია (გოგი იჩუაიძე, რომელსაც ომალოში აქვს საოჯახო სასტუმრო „ომალო 2005“) მიხსნიდა, რომ თუში ისე არ დაადგებოდა გზას, არ ეხსენებინა მგზავრის მფარველი და დარ-ავდრის გამრიგე თუშეთის სალოცავები - ელია ნაქერალი და ჭიხალე ხისოსთაველი. სუფრაზეც და გზაშიც აუცილებლად მოიხსენებს გზაში დარჩენილებს: მტრის ხელით ნახოცებს, ზვავ-წყალ დალეულებს, მაქც-ფათერაკით დაღუპულებს, ცხენ-საკაცით ნაზიდებს - ძველებსა და ახლებს.
ადრეც და ახლაც მეცხვარეები სამ-ოთხ დღეს უნდებიან ბარიდან მთაში ასვლას ან ჩამოსვლას. სტიქია, ნადირი, ბევრი პრობლემა ხვდებოდა და ხვდება მეცხვარეს. მეცხვარეობა კი თუშების მთავარი საქმიანობა იყო. „ვინაც კარგი ვარ, ცხვარში ვართო“, - ამბობდნენ თუში მამაკაცები.
სტორის ხეობაში შეხვალთ თუ არა, ტელეფონი აღარ იჭერს, თითქმის ასეა უღელტეხილამდე. გზა ხან კლდეებშია გაჭრილი, ხან ტყიან ფერდობებს მიუყვება, მერე ალპური მდელოებია.
სამანქანო გზის გაყვანა თუშეთში XX საუკუნის 30-იან წლებში მოსე აზიკურის თაოსნობით დაიწყეს და მხოლოდ 70-იან წლების ბოლოს დაასრულეს. როგორც მსმენია, 70-იანებშიც კი მხოლოდ უღელტეხილამდე ადიოდა მანქანა. ბევრ სოფლამდე ახლაც ვერ მიხვალ ავტოტრანსპორტით, ამიტომ ცხენი დღესაც ძვირად ფასობს აქ.
სანამ ალპური მდელოები დაიწყება, გზიდან მარცხნივ გადასახვევია და აქ მინერალური თერმული წყალი ამოდის - თორღვას აბანო, ამ გზაზე მიმავალი თუშები აქ, ტრადიციულად საბანაოდ ჩერდებოდნენ. უღელტეხილსაც სწორედ ამიტომ ჰქვია ასეთი სახელი - აბანოს უღელტეხილი.
თორღვას აბანოს მერე იწყება საოცარი მოსახვევები, მანქანასაც სულ უფრო უჭირს აღმართის ავლა და ბოლოს აბანოს უღელტეხილთან ვართ, 2926 მეტრზე. აქ ყოველთვის ცივა, ამიტომ ქურთუკები უნდა მოიმარჯვოთ. ზაფხულშიც საწვიმარი და ქურთუკი აუცილებლად უნდა წაიღოთ.
უღელტეხილზე მყოფს თითქმის განახევრებული გაქვს გზა ომალომდე. ტრადიციის მიხედვით, ამ ადგილას აუცილებლად უნდა შეისვენო და როგორც თუშეთში იტყვიან, სამი სადღეგრძელო თქვა. ვინც თუშეთში პირველად მიდის, „ნათლობისთვის“ არაყიან ჭიქას აწვდიან. თონის პური, თუშური ყველი, ძეხვი - საგზლად აუცილებლად აქვთ მომზადებული...
თუმცა არ შეგეშალოთ და თუშეთში ღორის ძეხვი არ წაიღოთ. ბარში თუშები უარს არ ამბობენ ღორის მწვადზე, მაგრამ უღელტეხილს იქით არც ღორის ხორცი და არც მისგან დამზადებული ძეხვი არ შეაქვთ. ამ ტრადიციის შესრულებას სტუმრებისგანაც მოითხოვენ. თუშეთში ღორი ტაბუდადებული ცხოველია. არათუ ღორის შენახვა, მისი ნაწარმის შეტანაც აკრძალულია. ადრე ღორის ტყავის ქალამანსაც კი სადმე ხის ფუღუროში დატოვებდნენ და იქით ძროხის ტყავის ქალამნით აგრძელებდნენ გზას.
ეთნოლოგ ნუგზარ იდოიძის განმარტებით, ღორის ტაბუირება მხოლოდ მეზობელი მუსლიმი ტომების გავლენასთან როდია დაკავშირებული. მისი ფესვები, ძველი წარმართული სამყაროს რელიგიურ და მსოფლმხედველობრივ წარმოდგენებშია საძიებელი.
აბანოს უღელტეხილის მერე უკვე ხისოს ალაზანს მიუყვება გზა. შემდეგი შესვენება სამხევში გვაქვს, აქ ჭანჭახოვანი ხისოს ალაზანს უერთდება. ახლა აქ რეინჯერთა ქოხია და სეზონზე ტურისტული საინფორმაციო ცენტრიც მუშაობს.
იქ, სადაც ალაზანი იბადება
თუშეთის ფართობი 796 კვადრატული კილომეტრია. სიმაღლე ზღვის დონიდან 900-4800 მეტრი. თუშეთის ქვაბული კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გადაღმა, ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს.
„ალაზანია ყველა მდინარე, რაც მთათუშეთის მთებში მდინარებს“,- წერდა პოეტი ალიო ადამია. თუშეთი პირიქითა და გომეწრის ალაზნის ხეობებშია მოქცეული. აქვე, ბორბალოს მთასთან იბადება კახეთის ალაზანიც. პირიქითა და გომეწრის ალაზნებს შენაქოსთან შეერთების შემდეგ თუშეთის ალაზანი ეწოდება. დაღესტანში გადასვლის მერე მას ჯერ ანდისყოუსს, ავარისყოუსთან შეერთების შემდეგ კი - სულაქს ეძახიან.
თუშეთი ოთხ თემად იყოფა: პირიქითა თემი პირიქითა ალაზნის ხეობაშია მოქცეული, გომეწრი და წოვათა - გომეწრის ალაზნის ხეობაში, ჩაღმა - ორივე ალაზნის შეერთების აუზში.
ამ ადგილებში უხსოვარი დროიდან სახლობდნენ ქართველური ტომები. აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის ნივთები მოწმობს, რომ ძველი წელთაღრიცხვის XIII-IX საუკუნეებში ეს ტერიტორია ადამიანს უკვე ჰქონდა ათვისებული.
ვახუშტის მიხედვით, აქაურობას თავს ბატონყმობისგან გამოქცეულნი, მოსისხლეებისაგან დევნილნი ან ქრისტიანობის უარმყოფელნი აფარებდნენ. თუშებმა ქრისტიანობა IX საუკუნეში მიიღეს, თუმცა წარმართული რწმენა-წარმოდგენები და რიტუალები დღემდე შემორჩა.
დღესასწაულები თუშეთში
ივლისის ბოლოსა და აგვისტოს დასაწყისში, თუშეთში განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. თიბვის დაწყებამდე, აღდგომის მეასე დღიდან ორი კვირის განმავლობაში თუშეთში დღეობები იმართება. თითქმის ყველა სოფელს თავისი სალოცავი „ჯვარ-ხატი“ ჰყავს.
დღეობების პერიოდს (ლაშარობას, კოპალობას, იახსარობასა და მაღალოელობას, მარიამ ღვთისმშობლობას, ხახმატობას, კარატობას, სახეოსა და ღელეს წმინდა გიორგობას, თურსიეხობას....) ათნიგენობებს ეძახიან. ყველა თუში ცდილობს, ავიდეს მთაში და ჯვარ-ხატში გავიდეს. ყველა დღეობას თავისი მასპინძელი ჰყავს - შულტა, რომლის მოვალეობაში შედის ალუდის (თუშური ლუდის) მოხარშვა და სტუმრების გამასპინძლება.
დღეობა ჯვრის გამობრძანებით იწყება, შემდეგ ხატის მსახური ალუდსა და სუფრას, სტუმრებს დაამწყალობებს. დღესასწაულს ლხინი, დროსტარება, გართობა ახლავს. ხატობისას იმართება დოღი, დგამენ „ქორბეღელას“. ლხინში სტუმრებსაც ეპატიჟებიან, ხან დათრობამდეც ასმევენ. ზოგჯერ ქეიფი ჩხუბშიც შეიძლება გადაიზარდოს, თუმცა ამან არ შეგაშინოთ.
კომუნისტები ძალიან ეცადნენ თუშებისთვის დღეობები ისეთი დღესასწაულებით შეეცვალათ, როგორიც იყო ომალოობა, მწყემსის დღე და მისთანანი, მაგრამ ტრადიცია ვერ მოშალეს.
კესელოს ციხის ძირას
ხისოს, ცოკალთოს, ქუმელაურთას გადასახვევის შემდეგ ომალოს პლატოზე ავდივართ. ომალო თუშეთის ადმინისტრაციული ცენტრია. ზღვის დონიდან 1800-2000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, თბილისიდან ომალომდე 200-მდე კილომეტრია, ახმეტიდან - 90 კილომეტრი.
სოფლის დასაწყისშივე, მარცხნივ, ტყის კორომში არის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია. აქ სასტუმროც არის და დარჩენა შეგიძლიათ.
აქ არის საინფორმაციო ცენტრი, სადაც მოგაწოდებენ ინფორმაციას თუშეთში არსებული ტურისტული მარშრუტების შესახებ. ეს მარშრუტები წინასწარაც შეგიძლიათ ნახოთ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებგვერდზე.
აქედან უკვე იწყება ქვემო ომალო (ადრე ამ ადგილს ომალოს ბოსლებს ეძახდნენ, რადგან თუშეთის სოფლებისთვის დამახასიათებელი იყო ე. წ. სოფელ-ბოსლობა, ანუ ზაფხულში მოსახლეობა ცხოვრობდა სოფელში, ხოლო ზამთარში ბოსლებთან ახლოს).
დღეს როგორც ქვემო, ასევე ზემო ომალოში თითქმის ყველა ოჯახი, მიუხედავად იმისა, აქ იზამთრებს, თუ ზაფხულობით ამოდის, სტუმარს იღებს და საოჯახო სასტუმრო აქვს.
კესელო ომალოს თავზე არსებული ციხეა, რომელიც რამდენიმე კოშკისგან შედგება. ამბობენ, რომ აქედან წყლის ამოსატანად 120-მეტრიანი გვირაბი არსებობდა. ახლა კესელოს კოშკებში ეთნოგრაფიული მუზეუმის ფილიალია. ეთნოლოგმა ნუგზარ იდოიძემ წლების განმავლობაში ნაგროვები ექსპონატები, რომელსაც თავიდან საკუთარ სახლში ინახავდა, სწორედ აქ განათავსა. გირჩევთ, ნახოთ მუზეუმიც, რომელიც შემოწირულობებით არსებობს და უნდა გაიცნოთ ბატონი ნუგზარიც. თუშეთის შესახებ ამბებს მასზე უკეთ ვერავინ გიამბობთ. ის თავის მეუღლესთან ერთად მთაში საცხოვრებლად 80-იანი წლების დასაწყისში ამოვიდა. ომალოს სკოლა-ინტერნატში ისტორიას ასწავლიდა, მისი მეუღლე ციალა კი - დაწყებით კლასებს. ასე იცხოვრეს 15 წელი, სანამ შვილები არ წამოეზარდათ და იძულებულნი არ გახდნენ, ისევ ბარში ჩასულიყვნენ. ახლა ბარში ცხოვრობენ, თუმცა ტურისტული სეზონის დაწყებისთანავე მთაში ადიან და სტუმრებს მასპინძლობენ. აქვთ სასტუმრო “თუშური კოშკიც”.
კოშკი თუშებისთვის საცხოვრებელ და თავდაცვით ფუნქციას ასრულებდა. პირველ სართულზე „ბაშტე“ - საქონლის სადგომი და ქალების საქმიანობასთან დაკავშირებული ადგილი იყო, სულ ზემოთ „ჭერხო“ - მამაკაცების საძინებელი და სადგომი, მათ შორის იყო „შუა“ და „ზედაშუა“ - ოჯახის საცხოვრებელი.
ტრადიციულად, თუშეთში სახლების გადასახურად სიპს იყენებდნენ, თუმცა კომუნისტების პერიოდში სიპი კრამიტის, შიფერისა თუ თუნუქის სახურავებმა შეცვალა. ძველი კოშკებისა და სიპით ნაშენი სახლების გვერდით ფინური კოტეჯებიც გაჩნდა, რამაც აბსოლუტურად შეცვალა აქაურობა.
დაცული ტერიტორიები, კერძდ კი, დაცული ლანდშაფტი სწორედ თუშეთის სოფლებს მოიცავს და მაქსიმალურად ცდილობენ, ტრადიციულ არქიტექტურას მიუსადაგონ დღევანდელი მშენებლობები, თუმცა, სამწუხაროდ, ასე ყოველთვის არ ხდება.
კომუნისტებმა მოიფიქრეს მთიდან „დიდი“ მიგრაციებიც, 50-იან წლებში თითქმის მთელი თუშეთი ბარის გზას გაუყენეს, „ისინი ჩამოვიდნენ მთიდან“ - იღებდნენ ფილმებს და მთაში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესსა და მეურნეობას შლიდნენ. ამ პროცესის შედეგად თითქმის გაუქმდა მიწათმოქმედება, ცხვრის რაოდენობის გაზრდამ კი საზაფხულო საძოვრების დეგრადაცია გამოიწვია. ყოფილი ტერასები დღეს დამეწყრილ-ეროზირებულია.
„დიდმა“ მიგრაციებმა გამოიწვია ის, რომ, დღეს, ფაქტობრივად, დაცლილია თუშეთი. არადა, სერგი მაკალათიას მიხედვით, 1930 წლისთვის თუშეთში ირიცხებოდა 2388 სული, ქვემო ალვანში - 1465, ზემო ალვანშ - 3415, ანუ სულ 7268.
იმ პერიოდისთვის 27 დასახლებულ სოფელში 7 დაწყებითი სკოლა იყო, შემდეგ მოსწავლეები ომალოს სკოლა-ინტერნატში გადადიოდნენ. ინტერნატი ჯერ კიდევ 1929 წელს გაიხსნა, 1938 წელს 160 მოსწავლე ჰყავდათ, 1954 წელს - 124. XX საუკუნის 80-იან წლებში ახალი შენობის აშენებაც გადაწყდა: 1983-ში საცხოვრებელი კორპუსი აშენდა კიდეც, თუმცა იქ გადასვლის სურვილი არავის ჰქონდა, საქმე ისაა, რომ კომუნისტებმა სკოლის აშენება წასნეს სალოცავთან დაიწყეს, თუმცა ვერ დაასრულეს.
2014 წლის აღწერით, ქვემო ალვანში 2500-მდე ადამიანი ცხოვრობდა, ზემო ალვანში 3300-მდე ანუ დაახლოებით 5,7 ათასი, თუშეთში კი - 47 ადამიანი.
რა ვნახოთ თუშეთში?
დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია და კესელოები ზემოთ უკვე ვახსენეთ.
ომალოში არის ეკლესია, სადაც კომუნისტების დროს ჯერ ციხე იყო, შემდეგ კლუბი. ეს ტაძარი არქიტექტურული თვალსაზრისით საინტერესო ნაკლებად არის, თუმცა მართლმადიდებელი ტურისტებისთვის მნიშვნელოვანი ძეგლი იქნება.
მეცხრამეტე საუკუნის ძალიან ლამაზი ტაძრებია შემორჩენილი შენაქოში, ბოჭორნაში და ილიურთაშიც.
თუშეთში, ყველაზე ხშირად ომალოში, ან ასე ცენტრალურ სოფელში რომელიმე სასტუმროში (ან სულაც კარვებში) ბანაკდებიან და მერე ორი-სამი დღის განმავლობაში გადიან სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მიმართულება ჩაღმის თემის სოფლები - შენაქო და დიკლოა. ოთხდღიანი ტურის დროს მე ბოლო დღისთვის ვიტოვებ ამ მარშრუტს.
დიკლოსთან გადის დაღესტნის საზღვარი. დღევანელი სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით ორიოდ კილომეტრში ძველი ციხე და ნასოფლარია, ამ ადგილის ნახვასაც აუცილებლად გირჩევთ. დღეს საქართველო-რუსეთის საზღვარი სწორედ აქაა.
შენაქო გამორჩეული სოფელია, სადაც ყველაზე კარგად ნახავთ სოფელ-ბოსლობის შემორჩენილ ტრადიციასაც. სოფლის მოპირდაპირე მხარეს არის ბოსლები და ბოსტან-სათიბები. ასეთი დამუშავებული მიწები მთელ თუშეთში სხვაგან არსად არის.
ასეთი ჩუქურთმიანი აივნებიც სხვაგან არ შეგხვდებათ. ულამაზესი ტაძრისკენ მიმავალ ბილიკზე კი ყურადღება მიაქციეთ, ქალები რომელი გზით შეიძლება გავიდნენ.
შენაქოში კაკო და ელენე ბუქვაიძეებთან გირჩევთ დარჩენას. მათი საოჯახო სასტუმრო „შენაქოში“ ერთ-ერთი გამორჩეულია მთელ თუშეთში, სადაც ადგილზე მოწეული პროდუქტითა და აქ წარმოებული რძის პროდუქტით გიმასპინძლდებიან.
1970-იანი წლების ბოლოს მთაში აბრუნებული ოჯახი დღემდე მთაში რჩება და მეურნეობას ეწევა.
თუ თუშეთის დათვალიერებაზე და ოთხ დღეში მარათონულ სირბილზე მეტად რამდენიმედღიანი დასვენება გინდათ, შენაქოსა და დიკლოშიც გირჩევდით დარჩენას.
ჩაღმის თემში ასევე შეიძლება ნახოთ სოფლები - ცოკოლთა და ქუმელაურთა. ქუმელაურთადან იწყება კიდევ ერთი კარგი ერთდღიანი მარშრუტი - ორეთის (უძირო) ტბისკენ მიმავალი ბილიკი.
ქუმელაურთამდე მანქანითაც შეიძლება მისვლა, მერე ფეხით ან ცხენით უნდა იარო 6 კილომეტრი. ცხენების დასაქირავებლად შეგიძლიათ, მაგალითად, დაურეკოთ, ხებეს, 598 289 389.
არყნარის მერე ალპურ მდელოზე გადიხარ და აქ დაახლოებით 2600 მეტრ სიმაღლეზე არის ორეთის ტბაც.
მარშრუტი რთული არ არის, გზაც მარკირებულია. უბრალოდ მოლაშქრეს უნდა ეცვას მოხერხებული ფეხსაცმელი, თან უნდა ჰქონდეს წყალი. თან იქონიონ საწვიმარი და თბილი შემოსაცმელი.გომეწრის ხეობა
თუშეთში ყოფნისას, გირჩევთ, ერთი დღე მაინც დაუთმოთ გომეწრის ხეობას. აქ გომეწრის (ანუ თუშეთის) ალაზანი მიედინება.
ბოჭორნა, დოჭუ, გოგრულთა, ვესტომთა, ბუხურთა, ილიურთა, ბეღელა, ჯვარბოსელი, ვაკისძირი, ალისგორი, ვერხოვანი, კოკლათა - გომეწრის ხეობის სოფლებია... ზაფხულში, განსაკუთრებით ათენგენობებისას აქაც ხალხმრავლობაა, ზამთარში კი მთელ ხეობაში ერთი-ორი კაცი თუ რჩება.
„ბოჭორნა 2345 მ. - ევროპაში ყველაზე მაღალი სოფელი“ - ასეთი წარწერაა პირველივე სოფელთან, ბოჭორნასთან. ეს აბრა რამდენიმე წლის წინ დადგეს.
ირაკლი ხვედაგურიძე 78 წლისაა, ის ექიმია, გამოცდილი და კარგი ექიმი. მის იმედად რჩებაა ბევრი თუშეთში. სწორედ ირაკლი ექიმის დამსახურებაა, რომ სოფელი ბოჭორნა გაცოცხლდა.
ჯვარბოსელი და ვერხოვანი ხეობის ბოლო სოფლებია, მერე ყველაზე გაბედული მძღოლები რისკავენ და ცალკე ხეობაში - წოვათაში გადადიან (თუმცა წელსაც არის დაპირება, რომ იქით ნორმალური გზა გადავა). აქ არის ნასოფლარები ინდურთა, წარო... დღეს წოვათაში ნაკლებად რჩებიან, მხოლოდ მწყემსებს აჰყავთ ცხვარი ან საქონელი.
წოვათაში გადასვლა შეიძლება ცხენით ან ფეხით, ამისთვის ერთი დღე დაგჭირდებათ.
თუ კოკლათას მხარეს ახვალთ და გზას გააგრძელებთ, ბილიკი ალაზნისთავში გადადის, აქედან კი ბორბალოს გავლით, უკანა ფშავში შეიძლება გადასვლა. ეს შედარებით ველური საფეხმავლო ბილიკია. მარშრუტის გავლას რამდენიმე დღე სჭირდება.
პირიქითა ალაზნის ხეობაში
ბესო ელანიძე დართლოელია, მან წლების წინ დართლოში სასტუმროთა კომპლექსი „სამციხე“ დაარსა, რომელსაც, ტრადიციულად, უამრავი სტუმარი ჰყავს. დარჩენა თუ არ გინდათ, ღია კაფეეში ხინკალი, ჩაი ან ყავა შეიძლება შეუკვეთოთ.
ჩიღო, დართლო, დანო, ჭეშო, ფარსმა, გირევი - პირიქითა ალაზნის ხეობის სოფლებია.
გირევიდან იწყება ერთი პოპულარული ტურისტული ბილიკი, რომელიც ხევსურეთში გადადის. აწუნთის ბილიკი კარგად არის მარკირებული და დამოუკიდებლადაც შეიძლება დაძლიოთ, თუმცა ჩვენ მაინც გიწევთ რეკომენდაციას, რომ ეს მარშრუტიც გამოცდილ გიდთან ერთად გაიაროთ.
თუშეთის გამორჩეული კერძები
თუშეთში გემრიელი კერძებით გაგიმასპინძლდებიან.
პროდუქტის უმეტესობა სასტუმროების მეპატრონეებს ბარიდან ააქვთ, ამიტომ ქართული რეალობისთვის აქ ცოტა ძვირი ფასებია.
მაღალი დონის რესტორანი ნაკლებად, მაგრამ ალაგ-ალაგ ნახავთ კვების ობიექტებს, სადაც სტუმარს დააპურებთ. ხინკლისა და სადილ-ვახშმის შეკვეთა საოჯახო სასტუმროებშიც შეგიძლიათ.
სასტუმროში შეგიძლიათ ტრადიციული თუშური საუზმე - ხავიწი, ყვა (ქერის ქუმელი) მიირთვით. დალიეთ თუშური ჩაი - ქონდრისა და ბალახების ან დეკის ჩაი.
აუცილებლად გასინჯეთ თუშური ტრადიციული წესით დამზადებული ცხვრის (ან ძროხის) ყველი, თუშური ხინკალი და კოტორი (ხაჭაპური).
თუ თქვენი სტუმრობა ხატობებს დაემთხვა, აუცილებლად მიირთვით ადგილობრივი ლუდი - ალუდი.
რადგან თუშების უმეტესობა ალვანში, ანუ კახეთში ცხოვრობს, უმეტესობა მისდევს მევენახეობასა და მეღვინეობას და საკუთარი კარგი ღვინითაც გაგიმასპინძლებიან. მასპინძლებს ასევე ექნებათ ოჯახური ჭაჭის არაყი. თუ მოითხოვეთ ცხელ არაყსაც შემოგთავაზებენ.
თინათინ მოსიაშვილი, ჟურნალისტი და გიდი
ფოტო: გოჩა ებრალიძე