გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აუშვიცი

გასეირნება აუშვიცში | სალომე კიკალეიშვილი

ვუძღვნი ჩემს გამზრდელ ბებიას, ლეილას, რომელმაც ცოტა ხნის წინ დამტოვა.


ოსვენციმი - ქალაქი პოლონეთის სამხრეთით, მდინარე სოლის ნაპირზე. 1939 წელს გერმანელების მიერ დაპყრობის შემდეგ მოიხსენიება - აუშვიცად.

„კონკლავი“ ხომ იცი? მანქანაში ვზივართ ამ ფილმის პროდიუსერთან ერთად. რადიოდან Metallica-ს „Nothing Else Metter“ ისმის და ყველანი აუშვიცში მივდივართ“ - მივწერე მეგობარს, როგორც კი მანქანა დაიძრა.

კრაკოვიდან გზა 1 საათია. უფრო სწორად, საათი და 15 წუთი. მინი ვენში რვანი ვსხედვართ, კინოფესტივალის Off Camera Mastercard-ის სტუმრები. ერთმანეთს არ ვიცნობთ. მხოლოდ მე და ბრაზილიელმა დენიელმა მოვასწარით წინა დღით გაცნობა. - ვერ იცანი? - მეუბნება მისთვის დამახასიათებელი მანერულობით და მძღოლის გვერდზე, მთლად პირველ რიგში მოკალათებულ ფერკმთალ, შლაპიან ქალზე მანიშნებს. - აუ რა ვიცი, უნდა ვცნობდე? - არ ვიმჩნევ. ტუჩებს ისე პრუწავს, კიდევ უფრო მრცხვენია და კბილებში ცრის - რაი-ზბო-რო! ჰოლივუდი! „მე გლაზგოს კინოფესტივალის დამაარსებელი ვარ“ - ისმის უეცრად უკანა რიგებიდან  - ელისონი. ელისონი შუა ხნის იქნება, ჭაღარი თმითა და საოცრად ანცი თვალებით. გლაზგოელის ინგლისური თითქმის არ მესმის და ამიტომ შეუჩერებლად ვიღიმი. „კონკლავის“ პროდიუსერთან, ელის დოსონთან განიხილავს, მართლა სიქსტის კაპელაშია თუ არა ფილმი გადაღებული - „რას ამბობთ, საერთოდ არ ეტყობა!“. ყველა ცდილობს, ერთმანეთს მოუყვეს ვინაა და რა გაუკეთებია ამ ცხოვრებაში. გეგონება, რაღაც კონკურსია და შენთვის მონიჭებულ დროში უნდა ჩაეტიო. აი, დენიელი მარტო დღეს უკვე მესამედ ჰყვება, რომ დოქტორანტურას აკეთებს პორტოში და რომ მანამდე ტორონტოში ცხოვრობდა. მთელი გზა კისერმოგრეხილი მგზავრობს და ელისონის წამოწყებულ ყოველ ახალ თემას აღტკინებული ხვდება.

ფანჯარაში ვიყურები. რაც უფრო ახლოს მივდივართ დანიშნულების ადგილთან, მით უფრო მძაფრად მახსენდება ლანდშაფტები ჯონათან გლეიზერის ფილმიდან „ინტერესის ზონა“. ამბობენ, მარტინ ემისის წიგნი ჯობიაო, მაგრამ არ წამიკითხავს, არ ვიცი. ლანდშაფტი კი ერთი ერთშია - იგივე სადა, ორსართულიანი პატარა სახლები, ასეთივე მომცრო ზომის მოვლილი ბაღებით. პირველი, მეორე, მესამე  - ყველა ერთმანეთს ჰგავს და ესენიც სიმწვანეში ჩაფლული. ნეტავ, აქ როგორ ცხოვრობს ხალხი? - ვფიქრობ ჩემთვის, - რა აჩერებთ? როგორ სძინავთ?! ჰედვიგი მახსენდება, ფილმის მთავარი დიასახლისი, თავის გესტაპოელ ქმართან და შვილებთან, აუშვიცის აგურის კედლის მეორე მხარეს უდარდელად რომ ცხოვრობს და მთელ დროს ბოსტანისა და ეზოს მოწესრიგებაზე ზრუნვას ანდომებს. ჩემს დაკვირვებას დენიელს ვუზიარებ, რომელიც მინი ვენის სრულ შემადგენლობას რთავს საუბარში. გლაზგოელის „შუარ“ ყველაზე გამოკვეთილად მესმის.

ფანტასტიკური ამინდია. მზე კაშკაშად ანათებს და თეთრი ფუმფულა ღრუბლები, ლურჯ ცაზე აუჩქარებლად დაცურავენ. მოვედით.

- რა კარგი ამინდია, რა საშინელებაა, არა?
- აუშვიცის სანახავი ამინდი არ არსებობს, - მპასუხობს დენიელი ჩვეული თავდაჯერებულობით.

მე კი მგონია, რომ მზიანი, კარგი ამინდი კიდევ უფრო შემზარავს ხდის აქაურობას.

აუშვიცის შესასვლელში გრძელი რიგია. პარკინგზე ადგილი თითქმის არაა. ზოგ მანქანასთან ოჯახები შეკრებილან: დედები, მამები, შვილები - ჩაცუცქულან და ბუტერბროდებს ჭამენ. იქით, გადახურულ ადგილს ბოლი ასდის - მწეველებისთვისაა; ტუალეტის რიგი არ მთავრდება. წარწერები ინგლისურად, პოლონურად და ებრაულადაა. ჩვენი გიდი პაველია, 17 წელია, აქ მუშაობს. მანამდე ჟურნალისტი იყო რადიოში. ბანაკის ამბები მხოლოდ მოყოლით არ იცის, თავად შეხვედრია ყოფილ პატიმრებს და ინტერვიუებიც ჩაუწერია. ქვედა სართულზე ყურსასმენებს ვიღებთ და ბეტონის თანამედროვე, გრძელ გვირაბში შევდივართ. წესია ასეთი - სანამ ბანაკში შეხვალ, ეს გვირაბი ჩუმად უნდა გაირო და ხმას მოუსმინო. დინამიკიდან წამოსული ხმა ერთ ტონალობაში, უემოციოდ, მშრალად იმეორებს აუშვიცის ბინადართა სახელებსა და გვარებს.

აუშვიცი-ბირკენაუს მუზეუმი 2 ნაწილისგან შედგება და მათ მოვლას, დაახლოებით, 5 საათი სჭირდება. აუშვიცი ყოფილი სამხედრო ბაზა და პირველი საკონცენტრაციო ბანაკია, სადაც მწვანე ხეებში ჩაფლული წითელი აგურის ორსართულიანი შენობები გეომეტრიული სიზუსტითაა განლაგებული. ზოგი ხე ყვავის - ფოთლებში მიმალული ლამაზი ყვავილებით; აქა-იქ, მავთულხლართების გრძელ ხაზებს ხედავ. აი, ბირკენაუს ბანაკი კი ხრიოკ, 171 ჰექტარზე გადაჭიმულ ფართოდ გაშლილ ველზეა. ბირკენაუ საკონცენტრაციო და გასანადგურებელი ბანაკი იყო ოთხი მასიური გაზის კამერით. კამერების ადგილას ახლა ნანგრევებია, ბანაკის დატოვებისას გერმანელებმა ააფეთქეს.

Arbeit macht frei - „მუშაობა გათავისუფლებს“ - ამაყად აწერია აუშვიცის მრგვალთაღიან შესასვლელს.

რამდენი პატიმარიც გავიდოდა ყოველ დღე სამუშაოდ, იმდენი უნდა დაბრუნებულიყო საღამოს. როცა ვინმე ბანაკის კედლებს გარეთ კვდებოდა, ის სხვებს ზურგით უნდა მოეყვანათ. სახელებისა და გვარების მაგივრად, რიცხვები ჰქონდათ. მათი დათვლა და აღრიცხვა ერთი და იმავე მუსიკის რიტმში უფრო მარტივი იყო და ამიტომ ჭიშკრის შესასვლელში პატიმრებისგან დაკომპლექტებული ორკესტრი იჯდა, რომელიც დღეში ორჯერ - დილასა და საღამოს კლასიკურ მუსიკას უკრავდა.

აგურის შენობებში ახლა სამუზეუმო ექსპონატებია. პირველ შენობაში ფოტოებია. შავ-თეთრ, ზოლიან სამოსში ჩაცმულთა პორტრეტებს, ქვეშ ბანაკში შემოსვლისა და გარდაცვალების თარიღები აქვს მიწერილი. სხვაობა, ძირითადად, 2-3 თვეა. აქეთ საპირფარეშოა, ერთ ოთახში, გამყოფი კედლების გარეშე 5-6 უნიტაზია გვერდიგვერდ და მეორეში - დასაბანი სივრცე. ორ კვირაში ერთხელ შეეძლოთ დაბანა. რამდენიმე ათასს უწევდა ამ პირობებში თანაცხოვრება, თუმცა ანტისანიტარიისა და დაავადებების გამო, ადგილები მალევე თავისუფლდებოდა ახლად ჩამოსულთათვის.

მეორე სახლის შუშის ვიტრინებში საყოფაცხოვრებო ნივთებია. აქ დროისგან დაჭმუჭნული ტყავის გროვაა - ფეხსაცმელების გორაკები. წითელ, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვხედავ, ყავისფერ გროვაში კოხტად რომ გდია. იქვე, ოქროსფერი და ღია ცისფერი ძაფებით მოქარგული ერთი ცალი ქოშია. გვერდზე ოთახში აურაცხელი რაოდენობის ჭურჭელია: ქვაბები, ჯამები, ტაფები, ჩაიდნები. ეუბნებოდნენ, რომ საცხოვრებლად ჩამოჰყავდათ, კარტოფილის სათლელებიც კი მოჰქონდათ. სხვა ოთახებში ჩემოდნებია, თითქმის ყველა ერთნაირი - მართკუთხედი, ყავისფერი ტყავის, რომლებსაც ზედ თეთრი საღებავით გვარები აწერია. ამ ვეებერთელა ოთახის მთელი კედლის სიგრძეზე კი 2 ტონამდე თმების, ნაწნავების ვიტრინაა. გვამების თმებისგან ნაჭერს აკეთებდნენ, მწვანე, უხეშ ქსოვილს, რომელიც იქვე, საჩვენებლადაა დადებული.

- არ გეგონოთ, რომ ქაოსი და ისტერიკა იყო, - ამბობს პაველი, - ამ ხალხს ეუბნებოდნენ, რომ ეს ყველაფერი მათივე კეთილდღეობისთვის კეთდებოდა. გაზის კამერაში შეყვანამდეც მშვიდად უხსნიდნენ, ეს მათი ჰიგიენისთვის იყო საჭირო. ხალხს ამის სჯეროდა. იმედს აძლევდნენ და მერე ამ იმედით მართავდნენ.

კიბის თავში წარწერაა „სიკვდილის გზა“. ზედ დახატული ისარი ქვემოთ, სარდაფისკენ გიშვებს.

გაქცევის მცდელობა სიკვდილით ისჯებოდა. ასევე პურის მოპარვა. დამნაშავეებს დაახლოვებით ერთი კვადრატული მეტრის საკნებში 3-4 პატიმართან ერთად ათავსებდნენ. საკანი იმდენად პატარაა, დაჯდომა კი არა, ფეხზე დგომაც წარმოუდგენელია. თუ საკანში ადგილი არ იყო, მაშინ გვერდით, შიმშილის ოთახში უშვებდნენ.

- აქ დახვრიტეს გრიგოლ ფერაძე?

- ვეკითხები პაველს, როდესაც დასახვრეტ კედელთან მივედით. გრიგოლ ფერაძე მე-20 საუკუნის საქართველოს ისტორიის, მისი სასულიერო ცხოვრების ნათელი წერტილი იყო. პროფესორი, მკვლევარი, უნიკალური ბიბლიოთეკის მფლობელი, სასულიერო პირი. ბონისა და ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი, 30-იან წლებში ვარშავაში, სასულიერო სასწავლებლის დირექტორად დანიშნულა. მას შემდეგ, რაც გერმანიამ პოლონეთი დაიპყრო, ფერაძე დაასმინეს და მის ბინაში გესტაპომ დიდი ოდენობით უცხოური ვალუტა ნახა. ერთი ვერსით, ეს თანხა წინააღმდეგობას ხმარდებოდა, მეორეს მიხედვით კი, ის ებრაელების გამოსასყიდი იყო. დაპატიმრების შემდეგ ფერაძე აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გაამწესეს, თუმცა იქ დიდხანს არ დარჩენილა. ამბობენ, რომ ერთ დღეს პურის ქურდს ეძებდნენ და რამდენიმე პატიმარი - 30 გრადუს ყინვაში გარეთ გაუყრიათ, სანამ არ გატყდებით, არ შემოგიშვებთო. ფერაძეს საკუთარ თავზე აუღია პურის ქურდობა. ერთი ვერსიით, ის ჯერ იმ ერთსართულიანი შენობის გამოსაცვლელ ოთახში შეიყვანეს, რომლის გასასვლელი კარიც დაპრესილი თივით გაკეთებულ დასახვრეტ კედელთან გადის; მეორე ვერსიით, ის 1942 წლის 6 დეკემბერს 16:45 წუთზე გაზის კამერაში შევიდა.

- გრიგოლ ფერაძე აქ ყველამ ვიცით, - მეუბნება პაველი, - მან სხვის გამო თავი გაწირა, იმ პირობებში კი ასეთი საქციელი წარმოუდგენელი იყო.

აუშვიცის ბინადრები ებრაელები, ბოშები, ლგბტქ თემის წარმომადგენლები და პოლიტიკური პატიმრები იყვნენ. თუმცა, წმენდას მხოლოდ ებრაელები გადიოდნენ.

ამ ბოლო კედელზე დიდი ფოტოა. ზედხედია - შუაში სამხედრო ფორმაში გამოწყობილი გერმანელი ექიმი დგას, მის წინ გრძელი რიგია. ის რიგში მდგომ მოხუც, ყავარჯნიან მამაკაცს ესაუბრება და ხელით მიმართულებას უჩვენებს, თუ რომელ ჯგუფს უნდა შეუერთდეს. ეს ასაკოვანი კაცი ერთ-ერთია იმ 900 000 ებრაელს შორის, რომლის ბედიც ბანაკში შესვლისთანავე გადაწყდა. ასაკოვანი, ინვალიდი, არც ისე ჯანმრთელი იერსახის, ასევე პატარა ბავშვებიანი ქალები ერთად გაჰყავდათ. დედებსა და მცირეწლოვან ბავშვებს, ძირითადად, არ აშორებდნენ, ქაოსს გამოიწვევსო. მშვიდად ეუბნებოდნენ, რომ ანტისანიტარიასთან საბრძოლველად დაბანა იყო საჭირო. აი, აქ შეეძლოთ სამოსის დატოვება, აქ კი - შხაპის მიღება. აუშვიცის გაზის კამერის შენობა მიწაში შედის. სახურავს კი მწვანედ აბიბინებული ბალახი ფარავს. შავად გამურული ორი ოთახის გავლის შემდეგ, კრემატორიუმში გადიხარ. 2 აგურის ბუხარი ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას.

გარეთ გამოვდივართ, ბოლო სახლშიც უნდა შევიდეთ და მერე ბირკენაუსკენ ავიღებთ გეზს. ყოველ ჯერზე, როცა ამ სიკვდილის სახლებიდან გარეთ, მზეზე, ჰაერზე გამოვდივარ, გიჟივით ვიწყებ თვალების ცეცებას, თითქოს რაღაცას ვეძებ, ამოსუნთქვა მინდა. წარმოუდგენელია, ამდენი ადამიანი ირეოდეს მუზეუმში და მაინც ასეთი შემზარავი სიჩუმე იდგეს. ყველა ჯგუფი უხმოდ ვუვლით გვერდს ერთმანეთს. 

- გლეიზერმა, აი, იქ გადაიღო ფილმი, ჩვენ ვეხმარებოდით, - როგორც კი კრემატორიუმს გამოვცდით პიტერმა მარჯვნივ, ტყისკენ გაიშვირა ხელი. კითხვების დასმის თავი არ გვაქვს. ინდეფერენტული სახეებით, ზრდილობისთვის ვიხედებით.  

შემდეგი 2 საათი თითქმის აღარ მახსოვს. ერთი სული მქონდა ბირკენაუს ნაწილი დროზე გვენახა და ყველაფერი მალე დამთავრებულიყო. ვეებერთელა, უშველებელი ტერიტორიაა. პატიმრების მიერ ხის მორებისგან აშენებული ერთსართულიანი სახლები ერთმანეთისგან შორი-შორს დგას და ტერიტორიებს მავთულხლართების ღობეები აკრავს. სახლებს შიგნით ერთი და იგივე წყობა აქვთ - კედლებს მთელ სიგრძეზე სამ სართულად გასდევს ფიცრებით აგებული საწოლები. ერთ ასეთ საწოლზე 4-5 ადამიანი იწვა. სახლებს ძირი არ ჰქონდა და ამიტომ ქვემოთ მწოლიარეებს მიწაზე უწევდათ ძილი. კუთხეში შეშის ღუმელია. პაველი ერთ-ერთ სახლზე გვეუბნება, რომ ის სამზარეულოდ გამოიყენებოდა. ვინც აქ მუშაობდა, ამბობდა, - სამოთხეში ვარო.

– აქ ალბათ ხალხი უკეთეს პირობებში იყო, არა? - აუშვიცის კლაუსტროფობიის შემდეგ კითხულობს ვიღაც.  
– აი, იქ უკან ნანგრევებს ხედავთ? მანდ ინდუსტრიული მასშტაბის გაზის კამერები იყო. თითოეულს ერთ მიღებაზე 2000-მდე ადამიანის გასტუმრება შეეძლო. აი, იქ კიდევ კრემატორიუმის ნანგრევებია, საკვამურები რომ მოჩანს. იქ კი, უკან, ხედავთ გორაკს? კრემატორიუმამდე ვეებერთელა თხრილებს აკეთებდნენ და გაზით გაგუდულ გვამებს იქ ყრიდნენ. მერე კი, როდესაც ერთხელ მოსავალი გაუფუჭდათ, მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე, პატიმრებს ის გვამები ხელით ამოათხრევინეს და დააწვევინეს. როგორ გითხრათ, აბა?!

როცა მატარებელი ახალგაზრდა დედებს შემოიყვანდა მცირეწლოვანი ბავშვებით, პატიმარი ქალები ჩუმად ეუბნებოდნენ: „მიაწოდე შვილი ბებიას, მან მოკიდოს ხელი, მიაწოდე რა“. ამით, ახალგაზრდა ქალებს სიცოცხლეს უნარჩუნებდნენ.

მაგრამ ყველაზე მძიმე მაინც აუშვიცის სამშობიაროა. ქალები რამდენიმე დღით ან საათით ხდებოდნენ დედები. გადარჩენის შანსი ნული იყო. თავადვე გუდავდნენ ჩვილებს.

1945 წლის 27 იანვარი ბოლო დღეა აუშვიცი-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკისთვის. თუმცა გათავისუფლებული პატიმრები რამდენიმე თვეში უკან იწყებენ ჩასვლას. მათი ძალისხმევით, 1947 წელს პოლონეთის სახელმწიფო აუშვიცი-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმად აცხადებს.

***

გარეთ გამოვედით. მართალია, უკვე მოსაღამოვებული იყო, თუმცა მზე ისევ მაგრად აჭერდა. წყლის საყიდლად მუზეუმის მაღაზიაში შევედი. გულსაბნევები, სტიკერები, ჭიქები, ტილოს ჩანთები, რვეულები, კალმები, მაისურები - ძირითადად, თეთრი ან შავია, დიდად აუშვიცი აწერია და ზედ რაღაც ფიგურაა.

კუთხეში, მაცივრის მაგნიტებსაც ვხედავ. ამ უხერხულობას ჩვენს მძღოლს ვუზიარებ. - ეგ რა არის?! შენ უნდა გენახა, ჩამოსასხმელი ნაყინებიც რომ იყიდებოდა.

სასტუმრომდე ხმა არავის ამოგვიღია. ნომერში ავედი თუ არა, ტანსაცმელი გავიხადე და ჩემოდანში ღრმად ჩავტენე. მომეჩვენა, ასეთი ბინძური არასდროს არაფერი მცმია. მოგვიანებით, მე და დენიელი ვახშამზე გავედით. მთელი საღამოს განმავლობაში სულ ერთი-ორჯერ ამოვიღეთ ხმა. კრაკოვის ცენტრში, რესტორანში ვიჯექი და ისევ აუშვიცამდე მიმავალი გზა მახსენდებოდა, ორსართულიანი კერძო კოხტა სახლები, აბიბინებული ეზოები - „ნეტავ, როგორ ცხოვრობს აქ ხალხი? რა აჩერებთ? როგორ სძინავთ?“.

ბოროტების ამ მანქანის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა ადოლფ აიხმანია. „ჰოლოკოსტის არქიტექტორის“ ხელით აწყობილმა სისტემამ 6 მილიონი ებრაელი შეიწირა. ომის შემდეგ ქვეყნიდან გაქცეული, 1961 წელს დაიჭირეს არგენტინაში და იერუსალიმში, სასამართლო პროცესზე ჩაიყვანეს. ამ პროცესს ბევრი ადევნებდა თვალს, მათ შორის ჟურნალ „ნიუ-იორკერის“ კორესპონდენტი ჰანა არენდტი. ყველას უნდოდა ენახა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ენით აუწერელი ბოროტების მანქანის შემქმნელი - მონსტრი, რომელიც კარს გააღებდა და საზიზღრად შემოიზლაზნებოდა. მაგრამ დარბაზში საშუალო ტანის, ასაკოვანი, სათვალიანი, ჩვეულებრივი მამაკაცი შემოვიდა.

„ის არ არის დამნაშავე, - იმეორებდა მისი ადვოკატი პროცესზე, - აიხმანი, უბრალოდ, დავალებებს ასრულებდა და კანონს ემორჩილებოდა, ეს იყო და ეს“.

ჰანა არენდტი ამ პროცესს წიგნს მიუძღვნის „აიხმანი იერუსალიმში, ანგარიში ბოროტების ბანალურობაზე“ და იტყვის, რომ დიახ, ბოროტება ბანალურია და მას ყოვლად ჩვეულებრივი ადამიანები სჩადიან.

იმავე წელს, ფსიქოლოგი და მკვლევარი, სტენლი მილგრემი აშშ-ში მორჩილების ფენომენზე ექსპერიმენტს ჩაატარებს და შემდეგ დაწერს წიგნს „ავტორიტეტის მორჩილება: ექსპერიმენტული პერსპექტივიდან“, სადაც ჰანა არენდტის წიგნთან პარალელზეც ისაუბრებს. მილგრემის ექსპერიმენტში 65%-ს დაუფიქრებლად მიჰყავდა საქმე ბოლომდე - ელექტრო-შოკით საშინელ ტკივილს აყენებდა ცრუ საცდელ პირს, რომელიც გვერდზე ოთახიდან ყვირილისა და ხავილის შემდეგ, საერთოდ აღარ იღებდა ხმას, დუმდებოდა. ცდის პირები ისე ნერვიულობდნენ, რომ ოფლიანდებოდნენ, წითლდებოდნენ, ყურებზე ხელის გულებს იჭერდნენ - იხსენებდა მილგრემი. ეს 65% არც მანიაკი იყო და არც ბოროტმოქმედი, სხვადასხვა პროფესიის 20-50 წლის კაცები იყვნენ, რომლებსაც ექსპერიმენტის ბოლოს გასამრჯელოს - 4.50 დოლარის მიღებას დაჰპირდნენ. ამბობდნენ, რომ არ მოსწონდათ, რასაც აკეთებდნენ, თუმცა იძულებულები იყვნენ - ბრძანებას ემორჩილებოდნენ. მილგრემის შემდეგ ეს ექსპერიმენტი არაერთხელ გაიმეორეს მკვლევრებმა, იმ იმედით რომ იპოვნიდნენ მთავარ „დამნაშავეს“ და ადამიანების უსიტყვო მორჩილებას, მათ შორის მათი, ვისაც ჰოლოკოსტის მუშაობაში შეჰქონდა წვლილი, ფარდა აეხდებოდა. კორელაციას ზოგი კულტურათა თავისებურებებში ეძებდა, ზოგი - სქესთა შორის სხვაობებში, კონკრეტული აღზრდის მეთოდებშიც. თუმცა ვერც ერთმა გასცა პასუხი კითხვას, თუ რა განაპირობებდა ყოვლად ჩვეულებრივი ადამიანების ბოროტ ინსტრუმენტებად ქცევას. აქ, ისევ მილგრემი მახსენდება -

„როდესაც ადამიანი აღარ ხედავს თავის თავს საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლად, ის მორჩილების მანქანის ერთ-ერთ ჭანჭიკად იქცევა“.

***

ძილის წინ ტელეფონი ავიღე და სიახლეებს კიდევ ერთხელ შევავლე თვალი. არც არაფერი ახალი, იგივე შემზარავი ამბები, ისევ იგივე „ცხელი წერტილები“. ყველაფერი ჩვეულებრივადაა. ყველაფერი ძველებურადაა.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა