ბეტონში ამოზრდილ ყვავილებს | მარიამ თვალავაძე
„სულით დაავადებულთა სახლში,
სადაც პატარა ავადმყოფ კაცებს
თავი ჰგონიათ ღმერთები და გენიოსები,
ერთმა ქალმა,
ნაწვიმარმა და მგლოვიარემ,
შემომჩივლა,
რომ ის ხე არის მსხმოიარე
და აღარ ჰყოფნის ჭიქის წყალი
და ფანჯრის მზე.“
ლია სტურუა
თავისუფლების ცოცხალი ქანდაკება ვნახე, ტრუსისა და ბიუსტჰალტერის ამარა, ირანის ქუჩებში უდრტვინველი სიმშვიდით მოსიარულე აჰუ დერიაი.
რამდენი იყო ის წყალი, რამხელა იყო ის მზის სხივი, რომელიც აჰუს აღარ ეყო? როგორ უჰაერობამდე მიიყვანა მჩაგვრელმა სისტემამ ახალგაზრდა სტუდენტი გოგო, რომ ამ უჰაერობას სიკვდილი (უარეს შემთხვევაში – სასტიკი წამება) არჩია?
აჰუ დერიაის ამბამდე ორი დღით ადრე ვნახე ირანელი რეჟისორის, მოჰამად რასულოფის ახალი სურათი „წმინდა ლეღვის ხის თესლები” (2024), რომელსაც კანის 77-ე კინოფესტივალის ჟიურიმ სპეციალური ჯილდო გადასცა. პრემიერის წინ რასულოფი წითელ ხალიჩაზე ორი მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობის, სოჰელია გოლესტანისა და მისა ცარეს ფოტოებით გამოვიდა, რადგან ირანის ხელისუფლებამ მათ ფესტივალზე გამგზავრების საშუალება არ მისცა.
© Sameer AI-Doumy / AFP
თავად რეჟისორმა წითელ ხალიჩამდე ურთულესი გზა განვლო. 2010 წლიდან მოყოლებული რასულოფი არაერთხელ დააპატიმრეს, აუკრძალეს ქვეყნიდან გასვლა და ფილმების გადაღება. 2024 წელს კი იძულებული გახდა, ირანიდან გაქცეულიყო, რადგან კანის ფესტივალამდე ცოტა ხნით ადრე სასამართლომ ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი და რვაწლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
„მათ ჩვენი დათრგუნვა სურთ, მაგრამ საკუთარ თავს არ მისცეთ დაშინების უფლება. შიშის გარდა სხვა იარაღი არ გააჩნიათ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენს ქვეყანაში ღირსეული ცხოვრებისთვის.“
- მიმართა მუჰამად რასულოფმა ფილმის პრემიერის შემდეგ ირანელ კინემატოგრაფისტებს.
„წმინდა ლეღვის ხის თესლები“ ერთი ოჯახის მაგალითით გვაჩვენებს, რას უშვრება ავტორიტარიზმი ინდივიდების ცხოვრებას, როგორ აღწევს რეპრესიული რეჟიმის საცეცები ყველგან, წამლავს და ანგრევს ყველაზე ძვირფასს – ოჯახს. ფილმს ოთხი მთავარი გმირი ჰყავს: მამა – იმანი (მისა ცარე), დედა – ნაჯმე (სოჰელია გოლესტანი) და ორი ქალიშვილი – რეზვანი (მასჰა როსთამი) და სანა (სეტარე მალეკი).
სიუჟეტი 2022 წლის თეირანში მაჰსა ამინის მკვლელობის შემდეგ დაწყებული მასობრივი პროტესტის დროს ვითარდება. მაჰსა ამინი, 22 წლის ირანელი ქალი, 2022 წლის სექტემბერში „მორალის პოლიციამ“ დააკავა ჰიჯაბის „არასწორად კეთების“ გამო. დაკავების შემდეგ ის კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მაჰსას მკვლელობა ირანში თავისუფლებისთვის ბრძოლის კატალიზატორად იქცა. მისი სახელით დაწყებული საპროტესტო მოძრაობა სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.
ქალები გამოდიან და დემონსტრაციულად იხსნიან ჰიჯაბს, იჭრიან თმას და ყვირიან: „ქალი, სიცოცხლე, თავისუფლება“ - დევიზს, რომელიც პირველად ქურთმა ქალებმა გამოიყენეს 2000-იანი წლების დასაწყისში.
ამ მოვლენების პარალელურად იმანი თეირანის რევოლუციური სასამართლოს გამომძიებლად ინიშნება. მაღალი ხელფასი და თანამდებობა ოჯახს უკეთესი ცხოვრების იმედს უჩენს. იმედი მოსალოდნელზე მალე კვდება. თავიდან მორალურად ძალიან უჭირს უსამართლობის დაკანონება და თავს უძალიანდება იმანი, მაგრამ ნელ-ნელა მთლიანად ერწყმის დამპალ სისტემას და შორდება ოჯახს. ერთ დროს მხიარული, მზრუნველი მამა და ქმარი უცხო სხეულად იქცევა და ტირანის სახეს იძენს.
კოლეჯში წასული ირანელი გოგოები წიგნების მაგივრად დაფლეთილ სახეებში ჩარჩენილი ტყვიებით რომ ბრუნდებიან სახლებში, ამ დროს ტელევიზორში გასართობი გადაცემები გადის. მართალია, ირანულ არხებზე ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ინტერნეტის საშუალებით გარეთ არსებული რეალობა შეულამაზებლად აღწევს ახალგაზრდებამდე. რასულოფი პირდაპირ და ხმამაღლა საუბრობს, უარს ამბობს ირანული კინოსთვის დამახასიათებელ „ეზოპეს ენაზე“ და მხატვრულ თხრობაში ქუჩის საპროტესტო აქციების დოკუმენტურ კადრებს რთავს. რეზვანი და სანა სოციალური მედიაში ადევნებენ თვალს, როგორ უსწორდება რეჟიმი აქციის მონაწილეებს. შვილები უპირისპირდებიან მამას, რომელმაც დაკარგა სახე და იქცა სისტემად.
თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ იმანს იარაღს აძლევენ, ყოველი შემთხვევისთვის, აჯანყებული მოქალაქეებისგან თავი რომ დაიცვას. იარაღი ძალაუფლებისა და შიშის სიმბოლო უფროა, ვიდრე თავდაცვის საშუალება. როდესაც იმანის უჯრიდან მოულოდნელად გაქრება იარაღი, მას ძალაუფლების ნაწილი გამოეცლება და მხოლოდ პარანოიდული შიში დარჩება. შეიძლება ითქვას, რომ ეს სიმბოლო ფილმის დრამატურგიის ხერხემალია. სიუჟეტი ნელ-ნელა ნამდვილ ტრილერად გადაიქცევა და ზუსტად შერჩეული ტემპით მიდის აფეთქებამდე.
როცა ყველანაირი უსამართლობა კანონიერი გახდება, სანამ ძალადობაც ბოლომდე გაუბრალოებულა, უნდა აიღო იარაღი და მოკლა პატრიარქატი. სხვანაირადაც რომ ვთქვათ, იქცე Ficus Religiosa-ად, ანუ წმინდა ლეღვის ხედ.
წმინდა ლეღვი სიბრძნესთან, ბრძოლასა და განახლებასთან ასოცირებული მცენარეა, განსაკუთრებით აზიურ კულტურებში. თესლი, რომელიც ჩიტების საშუალებით ვრცელდება, სხვა ხეების ტოტებზე ვარდება. თესლიდან გაღვივებული ფესვები მიწისკენ იზრდება, თანდათანობით მასპინძელ ხეს ეხვევა და ახრჩობს. წმინდა ლეღვი დამოუკიდებელ, ძლიერ ხედ იქცევა.
1959 წელს გენიალური მოკლემეტრაჟიანი ფილმი „საპოვნელა” გადაიღო ოთარ იოსელიანმა. ერთი შეხედვით, ყვავილების ჯადოქრის – მიხეილ მამულაშვილისა და მისი ბაღის „უწყინარი” კინოპორტრეტი. არადა გულანთებული საბჭოთა ცენზორი გონებამახვილიც რომ ყოფილიყო (ან/და პირიქით), „საპოვნელას” აუცილებლად აკრძალავდა. ესაა ამბავი იმაზე, რამდენი ასფალტიც უნდა დაასხა ყვავილს, სადღაც, ოდესღაც მაინც იპოვის ბზარს და ამოხეთქავს; რამდენჯერაც წაართმევ ხმას, იმდენჯერ დაიწყებს თავიდან მღერას. ასეთი „საშიში” მოწოდებით მთავრდება „საპოვნელა”:
„იცოცხლეთ, ყვავილებო! ადამიანს თქვენი სილამაზეც სჭირდება.”
როდესაც ბრძოლისგან დაღლილები საკუთარი თავის მოტყუებას შევეცდებით – რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთეო, ბეტონში ამოზრდილი ყვავილი გავიხსენოთ და გულში ჩუმად წარმოვთქვათ – აჰუ დერიაი, აჰუ დერიაი, აჰუ დერიაი.
კიდევ რამდენი ბეტონიდან ამოხეთქილი ყვავილია ჩვენ გარშემო, რომელსაც ვერ ან არ ვხედავთ, რომლის არც სახელი ვიცით, არც გვარი და არც სურათ-ხატი დაგვამახსოვრდა? ბზარებიდან ამოზრდილი უსახელო ყვავილები – ეს, ერთი შეხედვით, სუსტი, დაუცველი არსებები ძირს უთხრიან და ანგრევენ ბუნების წინააღმდეგ წასულ ხელით ნაშენებ მყარ სისტემებს.
იბრძოლეთ, ყვავილებო! ადამიანებს თქვენი შეუპოვრობა ძალიან გვჭირდება.
* * *
სულით დაავადებულთა სახლებში, სადაც პატარა ავადმყოფ კაცებს თავი ჰგონიათ ღმერთები და გენიოსები, ყოველთვის გამოჩნდებიან მსხმოიარე ხეები, რომლებიც გახეთქავენ ჭიქებს და გაანგრევენ კედლებს, რადგან აღარ ეყოფათ ჭიქის წყალი და რკინის რიკულებითა და კედლებით დაფლეთილი მზე.