
ისმის ჯაზი | საუბარი ნიკა გაბაძესთან
მსოფლიო ჯაზის ქართველი ლეგენდები გვიყვებიან საკუთარ წარსულზე, ჯაზისა და, ზოგადად, მუსიკის სიყვარულსა და მნიშვნელობაზე, ჯაზ-კლუბების დედაქალაქურ გამოცდილებებზე და რომ თბილისში კიდევ ერთი სივრცე არსებობს - Jazz Club 1984, სადაც SOLO-სა და Mastercard-ის მხარდაჭერით, მუდამ ისმის ჯაზი.
____________________________________________________________
ნიკა გაბაძე, ახალგაზრდა ქართველი ჯაზმენი, გიტარისტი გველაპარაკება გიტარისა და ჯაზის ენაზე, მეცადინეობაში მიბაძვის მნიშვნელობაზე, ელექტრონულ მუსიკასთან ურთიერთობის გამოცდილებასა და სცენაზე, როგორც შინაგანი ემოციების საუკეთესო სარკეზე.
...
ინდიგო: გიტარის გაცნობისა და დამეგობრების ამბით დავიწყოთ - ცოტა წარსულიც გავიხსენოთ და პირველი მოტივაცია და ინერცია როგორ გაჩნდა ამ საკრავის და, ზოგადად, მუსიკის/ჯაზის მიმართ?
ნიკა გაბაძე: სულ თავიდან ოჯახის წევრების, მამაჩემის არჩევანი იყო, რომ გიტარა შემესწავლა - მეზობლად გვყავდა კლასიკური გიტარის ძალიან კარგი პედაგოგი და, რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანი, ბესო გულმაგარაშვილი, რომელთანაც 7 წლის ასაკში დავიწყე გაკვეთილებზე სიარული. სწავლის პროცესი მახსენდება განსაკუთრებულად სასიამოვნოდ. ბესოს სწორი მიდგომები ჰქონდა და თითოეული გაკვეთილი ჰგავდა თამაშს, ეგრეც უნდა იყოს, 7 წლის ბავშვისთვის ყველაფერი თამაშს უნდა ჰგავდეს, ვიდრე მკაცრ დაძალებას. დაახლოებით, 3 წელი გაგრძელდა ეს გაკვეთილები, მერე იყო შვიდწლედი მუსიკალურ სასწავლებელში და მერე კი იყო დიდი მუსიკალური პაუზა ჩემს ცხოვრებაში.
მართალია, პროფესიულ ნაწილში გავჩერდი, თუმცა არასდროს შემიწყვეტია მუსიკის მოსმენა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. სულ ვუსმენდი და სულ ვეძებდი.
იყო ასეთი მუსიკალური წამყვანი კოსტა ერისთავი, რომელსაც პირველ რადიოში ჯაზური გადაცემების ციკლი მიჰყავდა და ამ ციკლების სმენაში პირველად გავიგე მარკუს მილერი, მაილს დევისი და სხვა შემსრულებლები, რაც ძალიან მხიბლავდა. მუსიკასთან ერთად იყო კოსტას ჯადოსნური და მიმზიდველი გადმოცემის უნარი, სტილი სულ ველოდებოდი, ვუსმენდი, კასეტაზე ვიწერდი და ვატრიალებდი. დაახლოებით, 17-18 წლის ასაკში ისევ გამიჩნდა დაკვრის სურვილი: დავით მასტერანოვთან, პირველ პედაგოგთან ვიარე 4 წელი, გავიარე საფუძვლები და მოვხვდი კიდეც კონსერვატორიაში, სადაც გავიცანი დღეს უკვე ჩემი ძმაკაცები, ძალიან კარგი მუსიკოსები და დაიწყო სრულიად ახალი ეტაპიც.
ინდიგო: თითქოს უკვე გაცვეთილი კითხვაც კია, როგორია ჯაზისა და იმპროვიზაციის მიმართება, მაგრამ ყოველ ჯერზე განსხვავებულ პასუხს ვიღებთ, რაც ამართლებს კიდეც იმპროვიზაციის ბუნებას და საინტერესოა გიტარისტის პერსპექტივით როგორ მოჩანს ჯაზური იმპროვიზაცია და იმპროვიზაციაში, ინდივიდუალიზმში, თავისუფლებაში ვარჯიში...
ნიკა გაბაძე: პირველ ნაბიჯებს როცა ვდგამდი, როცა ვსწავლობდი ჯაზის ენას, ეგრე არ განმისაზღვრავს, რომ მხოლოდ გიტარისტებისგან მესწავლა, სწავლის ერთ-ერთი პრინციპია, რომ მიბაძო სხვას. შენამდე ყველამ ერთმანეთისგან ისწავლა, ჯერ გამეორებით, შემდეგ საკუთარი ინტერპრეტაციით, როგორც სალაპარაკო ენა. ენა კი ყველასთვის საერთოა. მესაყვირეებისგან, პიანისტებისგან, საქსოფონისტებისგან ვსწავლობდი და ვსწავლობ. ფრაზირება, არტიკულაცია, სვინგის გრძნობა მუდმივად ვითარდება, იხვეწება. დაუსრულებელი პროცესია.
ინდივიდუალიზმი და თავისუფლება - ამ სიტყვებს ხშირად ვახსენებთ, მაგრამ ძალიან ხშირად არასწორადაა გაგებული. მიბაძვა და სხვისგან სწავლა ამ მუსიკის განუყოფელი ნაწილია. ასე ვსწავლობთ ჯაზის ენას, რომ შემდეგ ვილაპარაკოთ ამ სამეტყველო არეალიდან ჩვენებურად.
ინდიგო: და სცენაზე კარგად დგომისთვის რა არის საუკეთესო მეცადინეობის ფორმა? და, ზოგადად, ჯაზურ სცენაზე რომ ვილაპარაკოთ...
ნიკა გაბაძე: როცა სცენაზე ხარ ემოციების მართვა მნიშვნელოვანია. თუ შფოთვა ბევრია, იგივე მოხდება სცენაზეც. შემდეგ სხვებსაც გადაედება და მუსიკაზე ისახება ამიტომ ყველაზე მეტად უნდა იმუშაო საკუთარ თავზე. ყველაფერი ურთიერთკავშირშია. როგორიც ხარ სოციალურ გარემოში, ხშირ შემთხვევაში ისეთივე ხარ ბენდშიც. ვინმე თუ უბრალო ლაპარაკისას აზრს არ გამთავრებინებს ან ყურადღებით არ გისმენს, დაკვრის დროსაც შესაძლოა იგივე მოხდეს. მაგალითად, უადგილოდ ან ისეთ დროს ჩაგეჭრას, ან შეგაწყვეტინოს აზრი, კონტექსტში რომ არ ზის. თავად მომსვლია და მომდის ხანდახან იგივე და ამ გამოცდილებამ მასწავლა ეგ, შესაბამისად, ეს ორი კავშირშია ერთმანეთთან.
არის ხოლმე პერიოდები, როცა ვცდილობ, არ დავუკრა, არამედ ვიმღერო და მერე ჩემი სავარჯიშო გადავიტანო გიტარაზე. სამეცადინო მასალის მღერა მეხმარება რომ, პროცესი არ იყოს მექანიკური.
ინდიგო: და ოდესმე თუ მთავრდება სწავლა? ვიცით, რომ არ, მაგრამ მაინც ღირს ამ კითხვის დასმა, იმპროვიზაციის არ იყოს, აქაც სულ სხვა პერსპექტივები და რაკურსები ჩნდება ხოლმე.
ნიკა გაბაძე: დღეს ბევრი მასალაა ხელმისაწვდომი და კონცენტრაცია იმდენად რთულია ერთზე და ცდუნება იმდენად დიდია გადახტე სხვა მასალაზე ისე, რომ არ გაერკვე საფუძვლიანად ჯერ იმ ერთში, რომ ხანდახან ხელის შემშლელიც ხდება სწავლის პროცესში და სწავლის პროცესი დაუსრულებელია რა თქმა უნდა. ასე რომ, მნიშვნელოვანია დღევანდელ, მარტივად ხელმისაწვდომ მასალას ყურადღებით და მოთმინებით მივუდგეთ.
ინდიგო: ქართული ჯაზის ცოცხალ ლეგენდასთან, რეზო კიკნაძესთან და ქართული ელექტრონული მუსიკის პიონერთან, Nikakoi-სთან ერთად გქონდა კონცერტი; პლუს, ნატუკა ნაცვლიშვილთან ერთად უკრავ ბენდში (Aine Merme) - საინტერესოა, ჟანრებისა და ამპლუების მონაცვლეობა რა გამოცდილებას იძლევა
ნიკა გაბაძე: რეზოზე ბევრის თქმა შემიძლია - „კალაში“ მქონდა ხოლმე პირველი პრაქტიკები, იქ გავიცანი რეზო და ერთ დღესაც დამპატიჟა თავისთან დასაკრავად, ძვირფასი და მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემთვის და „კალას“ მაშინდელი ბენდის მადლობელი ვარ. რეზო ჩემი მასწავლებელი, კარგი მრჩეველი და ძვირფასი მეგობარია, რომლისგანაც ბევრს ისწავლი. და რაც შეეხება ნიკას, პირველად რომ შევხვდით რეპეტიციაზე, ცოტა შეზღუდულად ვიგრძენი თავი. ჩემთვის ახალი გამოცდილება იყო. ალბათ ამიტომ კონცერტამდე სულ ორი რეპეტიცია გვქონდა და მერე ეგრევე კონცერტი - ძალიან სასიამოვნოდ მახსენდება პროცესიც და კონცერტის დღეც - დაკვრისას სიმსუბუქეს ვგრძნობდი და ეს საერთო განწყობა იყო. სამივე ერთიანად ჩავერთეთ მუსიკაში და დაძაბულობაც გაქრა ნიკამ და რეზომ შექმნეს ისეთი ატმოსფერო, სადაც თავისუფლად ვგრძნობდი თავს და კონცერტიც კარგი გამოვიდა.
ნიკა გაბაძე: ნატუკას რაც შეეხება, უძვირფასესი ადამიანია და სულ სხვა გამოცდილებაა ჩემთვის მასთან ერთად დაკვრა - მუსიკალურად ის სულ რისკავს და არასდროს ფიქსირდება ერთ კონკრეტულ მუსიკალურ ხასიათზე თუ ჩარჩოზე. სულ ეძებს და ვითარდება. ასევე მუსიკალური გემოვნების მხრივ ბევრი საერთო გვაქვს და ესეც განაპირობებს იმას, რომ რაღაცები დაკვრისას მარტივად ხდება. ეგრე მოხდა ნიკაკოის და ეგრე ხდება ნატუკას შემთხვევაშიც, ბევრი ძალისხმევის გარეშე, ორგანულად, მთელი ჩართულობით.
ინდიგო: ვინც კი ჯაზ-კლუბ 1984-ზე ლაპარაკობს, ყველა ამბობს, რომ ამ სივრცეს აქვს სული და საინტერესოა, რა იძლევა ამ სულს შენთვის? მსმენელზე რისი თქმა შეიძლება?
ნიკა გაბაძე: ეს ჯაზ-კლუბი, პირველ რიგში, არის მეგობრების თავშეყრის ადგილი და ალბათ ეგ განაპირობებს მერე ყველაფერს - ჩემი მეგობრები, უნიჭიერესი მუსიკოსები უკრავენ აქ ყოველდღე. 1984 საუკეთესო რეალიზების სივრცეა დღეს ჩემთვის. მსმენელს რაც შეეხება, მეც ხომ ვარ ხოლმე ხშირად სცენის მიღმა და ხან ისეა, ხან ასე - პროცესის ნაწილია ყველაფერი, გზრდის თითოეული დეტალი, მოსმენა, დაკვრა. მსმენელის ზრდაც პირდაპირ კავშირშია მუსიკოსთან. ძირითადად, ყურადღებიანი მსმენელი ესწრება ჩვენს კონცერტებს.
როცა გარკვეულ ეტაპს მიაღწევ, ყოველთვის არის საფრთხე არაჯანსაღი კომფორტის. კომფორტს უნდა გრძნობდე, თუმცა ამან არ უნდა გაგხადოს ინერტული, მუდმივად უნდა ეძებდე, განვითარებაც თითქოს ამ ძებნაშია.
ინდიგო: და რა ვერ ზრდის ამ პროცესს? რა ვნებს და რას ვერ იხდენს ჯაზი, ზოგადად?
ნიკა გაბაძე: ვერ იხდენს თავდაპირველ ზედაპირულ შეფასებებს, რომ ჯაზი ასეთი ან ისეთია, რაც არასწორ მიდგომას განაპირობებს ხოლმე ჯაზი ერთ დროს საროსკიპოების მუსიკაც იყო. დიდი გზა გაიარა და დღემდე მოვიდა ეს შეფასებები კი, რომელსაც ჩვენ ვუწესებთ ამ მუსიკას და განსაზღვრებებში ვაქცევთ, ხანდახან ყველაზე შორს არის მისგან.
ინდიგო: და ბოლოს, ყველაზე ჯაზური ამბავი ან მოვლენა ან რამე, რაც ყოფით ცხოვრებაში გინახავს?
ნიკა გაბაძე: უნგრეთში ვიყავი. დილით მოსაწევად ჩამოვედი და იქვე უსახლკარო ადამიანი დავინახე, რომელიც ჩიტებს უსტვენდა და ჩიტებიც სტვენით ეხმაურებოდნენ - ეს კითხვა-პასუხი და ურთიერთობა ჩემთვის იმდენად შთამბეჭდავი და დაუვიწყარია, რომ ალბათ ყველაზე ჯაზურ ამბადაც ამას ჩავთვლიდი.