რუსული ბაზების და მავთულხლართების მეზობლად | წამება. გახსენება
ეს ზეპირი ისტორიები ასახავს GCRT-ის ოცდახუთწლიანი მუშაობის მხოლოდ მცირე ნაწილს. „წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს მათთვის, ვისაც ვერასდროს ამჩნევდა სახელმწიფო. ომგამოვლილი, წამებაგამოვლილი ადამიანებისთვის GCRT მუდამ იყო უსაფრთხო სივრცე, სადაც მათ ძალადობის შემდგომ მკურნალობა, ძალების მოკრება და საკუთარ ყოველდღიურობასთან დაბრუნება შეეძლოთ.
ლია მიქელაძე
(2008 წლის ომით დაზარალებული)
ჩვენკენ ხანდახან ისეთი ბათქა-ბუთქი ისმის, გული გაგისკდება. ხომ იცი, რომ რუსების წვრთნები მიდის, მაგრამ მაინც გეშინია. იმიტომ რომ ეს ხმა ომს გაგონებს.
ჩვენკენ, გორის განაპირა სოფლებში GCRT ყველამ იცის (წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი GCRT).
სახლებში კი შემოვედით უკან, მაგრამ არავინ იცოდა როგორ უნდა გვეცხოვრა, ვისთვის მიემართა. ხალხი სულ შიშში იყო. აი, მაშინ გამოჩნდა ჩვენთან GCRT.
ვინც ომში ტყვედ იყო ნამყოფი, ყველას GCRT მკურნალობდა. ვინც ომის დროს აწამეს იმათაც – ყველას. ჩემი მეუღლე 2009 წლის 8 აგვისტოს საქონელს გაჰყვა და ავტომატებით დაადგნენ, იქვე დაატყვევეს.
ცხინვალის იზოლატორიდან რომ დაბრუნდა GCRT-ის პროგრამაში ჩასვეს. უფასოდ უკეთებდნენ გამოკვლევებს და მკურნალობდნენ. მოგვიანებით ტყვეების ოჯახის წევრებიც ჩართეს და ასე მოვხვდი მე, ჩემი დაავადებებით. ათი წელია, სიმსივნის დიაგნოზით ვცხოვრობ. მერე გულიც ჩაითრია. 2008 წელში ასთმა დამემართა. ყველაფერსა ვტესტავ, მაგრამ გული მაინც მაგარი მაქვს.

სოფელში ბევრი ვერ მიდის ექიმთან. ზოგი ამბობს, წამალს მაინც ვერ ვიყიდი და რა აზრი აქვსო, ზოგი, მაინც ვერ ვიმკურნალებ და მეტ სანერვიულოს გავიჩენ, ჯობს სულ არ ვიცოდე, რა მჭირსო.
GCRT-იმ ასეთ ხალხს სოფლებში ჩამოუყვანა ექიმები, თერაპევტები, ფსიქოლოგები და აქვე სინჯავდნენ, დანიშნულებას აძლევდნენ და წამლებსაც ორგანიზაციისგან იღებდნენ.
ფსიქოლოგები ბავშვებთანაც მუშაობდნენ და უფროსებთან, გვყავდა იურისტი, რომელიც უფასო იურიდიულ კონსულტაციას უწევდა. იყო ტრენინგებიც, თან ტრენინგებისთვის ჩვენი სურვილით ვარჩევდით თემებს, რაც გვაინტერესებდა და გვჭირდებოდა.
2008 წლის ომამდე დისევის სკოლაში 22 წლის სტაჟი მაქვს. მუსიკის მასწავლებლად ვმუშაობდი. მაგრამ ამ არაფორმალურმა განათლებამ იმდენი უმაღლესი დამამთავრებინა, არ ვიცი. ეს განათლება ძალიან აუცილებელია.
საკუთარ სახლებში ვატარებდით ტრენინგებს. ქალები ისეთი ბედნიერები იყვნენ. ჩვენში სახლიდან გასვლა ჯერ კიდევ უჭირთ ქალებს. ქალი მაინც ოჯახში უნდა დარჩეს, სამუშაოდ არ უნდა გავიდეს – ასე იყო აქამდე მიღებული.
ასეთი ქალებისთვის ტრენინგების ბოლოს იყო სოციალური პროექტების დაფინანსებაც.
ეს იყო არაჩვეულებრივი პროექტი.
თორემ რამე თუ არ მოვიფიქრეთ, ცარიელდება სოფლები აქეთ. მერეთის სკოლაში აღარ დაჰყავთ ბავშვები, გორში მიჰყავთ. იქ წრეებია, მეტი რამეა ბავშვისთვისო. უფროსებიც ქორწილებსა და ქელეხებს ქალაქში იხდიან.
სოფელში აღარაფერია.
ფოტო: თაკო რობაქიძე