
შონ ბეიკერის ცუდი ანეკდოტი | გიორგი ყორღანაშვილი
ფინელი რეჟისორის, აკი კაურისმიაკის „ჩამოცვენილი ფოთლები“ პირველად 2023 წლის დეკემბერში პრაღის პაწაწინა კინოთეატრში ვნახე - ორიგინალ ფინურ ენაზე ჩეხური სუბტიტრებით. ორმაგი ენობრივი ბარიერის მიუხედავად, სრულიად გასაგები იყო კინოენა და ქსოვილი, რომელშიც საათზე მეტხანს ნებით გავეხვიე. და რაც ყველაზე მეტად ვერ ჩახერგა ორმაგმა ენობრივმა ბარიერმა, იყო რადიო, რომელშიც ყოველ ჯერზე მუსიკის ნაცვლად ისმოდა დიქტორის ხმა: უკრაინა, რუსეთი, ომი - სამი სიტყვა ფინურად ჩეხური სუბტიტრებით.
ამერიკელმა კინორეჟისორმა, შონ ბეიკერმა მოახერხა და 2024 წელს გადაიღო ფილმი, „ანორა“ - რუსი ოლიგარქის ოჯახზე და მის ყველაზე პატარა და ყველაზე გათამამებულ წევრზე, რომელიც ჩადის ამერიკაში და ტკბება თავისებური თავისუფლებით - და არსად ახსენა უკრაინა, რუსეთი, ომი.
შონ ბეიკერის „ანორამდელი“ ფილმოგრაფია თითქმის ყოველთვის მარგინალ, გარიყულ, ჩაგრულ ადამიანებზე გვიყვება - არასდროს ერიდება ექსპერიმენტებს, მაგალითისთვის, შონის ფილმი „მანდარინი“ (2015), რომელიც ტრანსგენდერი სექსმუშაკის შურისძიების ამბავზეა, „აიფონით“ გადაიღო.
ყველაფერჩიკი კაცია შონი - „ანორას“ სცენარი თავად დაწერა, თავადვე გადაიღო და დაამონტაჟა და წლევანდელ ოსკარებზე მოიგო ლამის ყველა კინოაკადემიის ჯილდო.
„ანორა“ საშუალოზე დაბალი სცენარია, გადაღება - საშუალოზე მაღალი, რამდენიმე პერსონაჟი ვარგა კიდეც. ამბავი ოლიგარქიული ძალაუფლების ჩხრეკას ჰგავს - მდიდარ რუსულ ოჯახს დროებით გამოქცეული ვაჟი, ივანი (მარკ აიდელშტეინი) ამერიკაში მკვიდრდება და დაუფიქრებლად, ქაოტურად და ოდენ სიამოვნებისთვის ხარჯავს მამის ფულებს. მთავარ როლში თავად ანორაა (მიკი მედისონი), უზბეკური წარმომავლობის გოგონა, რომელიც თავის სამსახურში, სტრიპტიზ კლუბში გაიცნობს მდიდარ რუს ბიჭუნას და აქედან იწყება უცნაური სიყვარულის ისტორია, რომელიც თითქმის ბოლომდე გააღწევს და ვეგასში ნიშნობის ბეჭდამდეც კი მიდის.
ნიუ იორკული ცხოვრების ქაოსი, მომაბეზრებლად თავრბუდამხვევი ტემპი, სიშიშვლე, სექსები და სიღარიბე თითქოს ანორას გულშემატკივრად გაქცევს, რომ ეგებ რუს ბიჭუნაშია ბედნიერება და მათი ხანმოკლე თანაცხოვრებაც ამერიკული აღვირის ახსნის ფონზე სასიამოვნო საყურებელია. ყველაფერი ირევა მაშინ, როცა რუსი მამიკოს ხელქვეითები, ორი სომეხი (კარენ ღარაგულიანი, ვაჩე თოვმასიანი), და ერთიც რუსი (იურა ბორისოვი) არ მივლენ სახლში და ყველაფერს არ აურევენ. და სწორედ აქ იწყება ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი სცენა და შონ ბეიკერის ცუდი ანეკტოდი:
ორი სომეხი, ორი რუსი და ერთი უზბეკი არიან სახლში.
ნიშნობის ბეჭედი, ანორას ამერიკული მარაზმატული ქაოსიდან დახსნის მთავარი სიმბოლო, ძლივს გამოგლეჯილი თითიდან, სომეხი მამაოს გულისჯიბეში აღმოჩნდება. ვერცხლისმოყვარე სომეხი სასულიერო პირი - ამერიკული აუდიტორიისთვის როგორი ეგზოტიკური, კომიკური და საამო საცქერია ეს ერთიანი და უწყვეტი სცენა მისი მონაწილეობით და რამდენად დაღეჭილი, დამარცვლილი და ყელში ამოსულია ჩვენთვის. თითქოს Saturday Night Live-ის სცენარისტებმა „კავეენიდან“ გადმოაკატავეს სკეტჩი (და არა პირიქით, როგორც ძირითადად ხდებოდა ხოლმე). რუსი ბიჭუნა იბნევა და გაურბის სომეხ ხელქვეითებს და იწყება ფილმის მეორე ნაწილიც:
ორი სომეხი, ერთი რუსი და ერთი უზბეკი ეძებენ რუსი ოლიგარქის შვილს ნიუ იორკის ქუჩებში.
ამერიკულ ქაოსს გამოქცეული ანორა რუსების ოჯახურ ქაოსში აღმოჩნდა და ფილმის თავში არჩეული მხარე, რომ ეგებ, ამ გოგოს ეშველოს, ოლიგარქის ხელქვეითების მხარეს გადადის: ეგებ, იპოვონ ის საძაგელი, გათამამებული ბიჭი, მოაფხიზლონ და მოაგონ ჭკუას, რომ უსიყვარულოდ შექმნილი ოჯახი, ამერიკული ოჯახი, ამერიკული ოცნება უნდა დაინგრეს, ყველაფერი ტყუილია, არაფერია მართალი. არადა, რა ქნას რუსმა ბიჭუნამ, მასაც ხომ უნდა თავისუფლება, სიცოცხლე, ცუდი მამის კლანჭებს გარეთ სუნთქვა, ტკბობა, მოდუნება.
ამერიკული ოცნების ნამსხვრევებზე ერთი ლამაზსახიანი რუსი პერსონაჟი, გოპნიკი[1] იგორი ხარობს - მთლიანი ამბის ერთადერთი ადეკვატური, ერთადერთი თავშეკავებული და ზრდილი და ერთადერთი მელოტი.
გოპნიკი იგორი, იგივე იურა ალექსევიჩ ბორისოვი - თანამედროვე რუსული კინოს სუპერვარსკვლავი, რომელიც კინოაკადემიის დაჯილდოებაზე მეორეხარისხოვანი შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზეც კი იყო წარდგენილი და რომელსაც უთამაშია ლამის ყველა რუსულ პროპაგანდისტულ კინოში: ჯერ რუსული ტანკის - T-34-ის (2018), მერე კი - რუსული მოიერიშე შაშხანის - AK-47-ის (2020) კინოოდებში. ამ უკანასკნელში იურამ თვით მიხეილ კალაშნიკოვის როლი მოირგო და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმის მიწაზე გაითამაშა სცენები. ბორისოვი „ანორას“ ქასთიდან ერთადერთი რუსი მსახიობი არაა, რომელმაც 2014 წლის მერე ჯერ ყირიმში, მერე კი ოსკარების წითელ ხალიჩაზე იარა. რუსი რეჟისორის, იულია ტროფიმოვას 2022 წლის ფილმში "Страна Саша" [„საშას ქვეყანა“], რომელიც დიდი ბიუჯეტითა და მონდომებით ამტკიცებს რუსული იმპერიალისტური ზრახვების სიკეთეებს, მთავარი როლის შემსრულებელი, თავად საშა, გახლავთ ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი, დაჩაგრული, თავისუფლებასა და სილაღეს მოწყურებული ივანი, იგივე მარკ აიდელშტეინი.
შონ ბეიკერის სამსახიობო სელექციას, ნაღდი ჩეხოვის პერსონაჟებს (ასე მოიხსენია ისინი რუსმა კინოკრიტიკოსმა, კატია მწითურიძემ ერთ ინტერვიუში) ვუწოდოთ გაუგებრობა, შემთხვევითობა; ისიც ითქვა, ფილმის სცენარი შონმა 2022 წლის 24 თებერვლამდე დაწერა და, აბა, რა ექნაო. რა ექნა და როგორც მინიმუმ, უკეთ დაეწერა ან სულაც გადაეწერა.
ამ ფაქტებისა და მერე მსჯელობების რახარუხს მაინცდამაინც დიდი ჭეშმარიტებისკენ არ მივყავართ, დიდად არც ღირს რაღაც გლობალურ-ლოკალური დასკვნის გამოძერწვა, იყოს ასე: „ანორა“ ესაა საშუალოზე დაბალი სცენარი და გადაღებაც - საშუალოზე მაღალი, ორი სომეხი, ორი რუსი, ერთიც უზბეკი, დამსხვრეული ამერიკული ოცნება და რამე, ჰოლივუდური კინო დიდი ხანია, დიდ კრიზისშია, Saturday Night Live სასაცილო აღარაა და არაფერი ესაქმებოდა „ანორას“ ოსკარების არცერთ ნომინაციაზე.
მადლობა უსაყვარლეს ადამ სენდლერს, რომელმაც მოწყენილობისგან იხსნა კინოაკადემიის დაჯილდოების საღამო.
შალამეეეეეე!
____________________________________________________________
[1] გოპნიკი პოსტ-საბჭოთა სივრცეში აღმოცენებული სუბკულტურის წარმომადგენელია, უშნოდ განათლებული, დაბალი სოციალური სტატუსის მქონე ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც საკუთარი თავის ძიებას კრიმინალურ სამყაროში ესწრაფვის და სამზოლიანი ზედა-ქვედა სპორტულებით უპირისპირდება ყველაფერ კანონიერს.