
კინო, როგორც „მშრალი ხიდი“ | სალომე კიკალეიშვილი
„იდეალი“ პატარა, ძველი კინოთეატრია ლისაბონის ცენტრში. ეს ადგილი პირველად სამი წლის წინ შევამჩნიე, როდესაც შესასვლელში ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ აფიშას მოვკარი თვალი. მას მერე, „იდეალთან“ გამოკრულ აფიშებს დიდი ყურადღებით ვათვალიერებ.
მეგობრისგან გავიგე, დეკემბერში ტატო კოტეტიშვილი ჩამოდისო. ლისაბონში ხაინანის ფესტივალიდან საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული „ოქროს ქოქოსის“ ფიგურითა და „ოქროს ქოქოსის“ გაბზარულ ჩარჩოიანი დიპლომით ჩამოვიდა. თბილისის კინოფესტივალის „ოქროს პრომეთე“ რომ ჰქონდა მოგებული, ეგ ჯერ არ იცოდა. ისე, ეგ ამბავი, ბევრს არც გაუგია. საგანგებო რეჟიმზე გადასულ ქვეყანაში, თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვა „ამირანის“ ფოიეში, მხრებზე პალტომოგდებული „კინოშნიკების“ წრეში გაიმართა. არადა, სხვა დრო რომ ყოფილიყო, „წმინდა ელექტროენერგიას“ ბევრი მაყურებელი ეყოლებოდა და ტატოს ამ გამარჯვებას ქალაქში დიდი ჟრიამულიც მოჰყვებოდა. ბოლოს და ბოლოს, ფილმმა „ოქროს ლეოპარდი“ მოიპოვა ლოკარნოს ფესტივალზე.
მისი ამ სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის დახურული ჩვენება სწორედ აქ, „იდეალში“ გაიმართა.
გასვენებით იწყება. ქალები ოთახიდან გადიან და კაცები მხარზე შემოდებულ კუბოს რამდენჯერმე ატრიალებენ წრეზე. თან, ფეხით, სკამებს აყირავებენ. ზუსტად აქ ირთვება მუსიკა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად ელი და ხვდები, მთელი ფილმი ამ კიტჩში ამოჰყოფ თავს.
ბარტი (ბარტ ნიკოლო) და გონგა (ნიკა გონგოძე) დროის უმეტესობას ჯართის საყრელზე ატარებენ. ძველ ნივთებს პოულობენ და მშრალ ხიდზე აბარებენ. ბარტი ზრდასრული, ვალებში ჩაფლული ტიპია, რომელიც გონგას მამას (გარდაცვლილი კაცი პირველ კადრში) კუბოსთან ჰპირდება - შენს შვილს ყურადღებას არ მოვაკლებო. გონგა 16-18 წლის იქნება. ერთ დღეს, ჯართში დაჟანგული ჯვრებით სავსე ყუთს იპოვიან და ბრწყინვალე იდეაც გაჩნდება - გთავაზობთ ნეონით განათებულ ჯვარს თქვენი სახლისთვის, აივნისთვის ანდა სასაფლაოზე - მიცვალებულისთვის!
ეს ხომ განათებული ჯვრებისა და მიუსაფარი ცხოველების ქვეყანაა! ვაშა!
ფილმის პირველი ნაწილი ამ სამყაროს გაცნობაა. ბარტს და გონგას დაჰყვები სახლებში ნეონიანი ჯვრებითა და ფონზე - მაწანწალა ძაღლებით. „თუ შემოგვიშვებთ, შემოვალთ, „შტეფსელში“ შევაერთებთ ჯვარს და გაჩვენებთ“. უყურებ, როგორ ცდილობს ტანდემი „გაბრდღვიალებული“ შემოქმედების გაყიდვას და ამ დროს ათას ტიპს ხვდები - მოხუცი ქალი კატებით, კისერზე ფეხშემოდებული გამყიდველი, ინსტრუმენტების გრძელწვერა შემგროვებელი და უბრალოდ, გამვლელები. ეს ძალზედ სახასიათო, ჭრელი სახეები, რომლებიც ფილმში ეპიზოდური როლებით შემოდიან იმ სამყაროს ელემენტებია, რომლითაც რეჟისორი კალეიდოსკოპს აწყობს და დასათვალიერებლად მაყურებელთან უშვებს. ყველანი რეალური ადამიანები არიან, რომლებიც ტატომ სხვადასხვა ადგილას იპოვა - განცხადებებით, ფბ გვერდებზე და პერსონაჟებად აქცია. ოღონდ ამ სახასიათო პერსონაჟებთან სიტყვებს - „კარიკატურულს“ ან „პლაკატურს“ არაფერი ესაქმება, ისინი ძალზედ ბუნებრივად გამოიყურებიან ეკრანზე და ხვდები, თითოეული, ცალკე ისტორიის გმირი გახდებოდა.
ფოტოს ავტორი: გიორგი ყოლბაია
არაპროფესიონალი მსახიობების ძალიან კარგი შესრულება ცალკე აღსანიშნია. იმპროვიზაცია იგრძნობა, რომელიც იუმორით სავსე ტექსტებს კიდევ უფრო უშუალოს და თავისუფალს ხდის. ბუნებრიობას აჩენს, რაც არც ისე ხშირადაა ქართულ კინოში. რამდენჯერ გამოვიჭირე თავი, რომ გონგას უხერხულ მომენტებში მეც მასთან ერთად მრცხვენოდა. ფლირტისა თუ ლგბტ+ თემთან მისი ურთიერთობა უმცირეს დროს იკავებს ფილმში, მაგრამ მისი თამაში იმდენად გულწრფელია, რომ შეუძლებელია, შენც იმ სუფრაზე არ აღმოჩნდე, ანდა ხის ქვეშ, ყავის გამყიდველ გოგოსთან წაფლირტავებისას მორცხვად არ გაგეღიმოს.
„წმინდა ელექტროენერგიას“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟი ჰყავს - მუსიკა, რომელიც ფილმს ხასიათს აძლევს.
პირველი და ბოლო კადრები, სიკვდილისა და ფინალური ცეკვის ჩვენება ვახტანგ ქანთარიას მშვენიერი მუსიკის თანხლებით „წმინდა ელექტროენერგიას“, რომელიც ერთი შეხედვით დრამაა, გადამწყვეტ შტრიხს ჰმატებს - აბსოლუტურ აბსურდულობასა და სიმსუბუქეს. სიზმრის სცენა, როცა ბარტი და გონგა, როგორც უკვე წარმატებული ბიზნესმენები, იხსენებენ განვლილ გზას, ამის ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითია.
ახლა ვიზუალურ მხარეზე: ტატო, პირველ რიგში, კარგი ოპერატორია (მისი ნამუშევრებია ლევან კოღუაშვილის „შემთხვევითი პაემნები“, უტა ბერიას „უარყოფითი რიცხვები“), რაც მის სრულმეტრაჟიან სარეჟისორო დებიუტში კიდევ ერთხელ გამოჩნდა. კამერა არც ძალიან ახლოს მიდის გმირებთან და არც ისე შორს რჩება, რომ თვალების მოჭუტვა გაიძულოს. პირიქით, სივრცეს გიტოვებს გამოსახულებაზე დასაკვირვებლად, სადაც არც დრო და არც მოქმედების ადგილია განსაზღვრული. მისი კადრები თვითმყოფადია, ფილმის გარეშეც შეძლებენ არსებობას: ჩაცუცქული შაურმიანი კაცები შავებში; მეტროში მომღერალი კაცი, რომელსაც აკაკი წერეთლის ვეებერთელა ბიუსტი დასცქერის თავზე; სამფეხა შპიცი თუ გადასასვლელზე მდგომი მკერდსავსე ქალი. ეს ტატო კოტეტიშვილის კინოესთეტიკაა, ამბის გადმოცემის მისი ორგანული სტილი (განსაკუთრებით თუ მის ადრე გადაღებულ ორ მოკლემეტრაჟიან ნამუშევარსაც გავიხსენებთ) და არა „ლამაზი“ გამოსახულების შექმნის კეკლუცი მცდელობა.
თუმცა იგივე აღტაცებით ვერ ვისაუბრებ ფილმის შინაარსობრივ მხარეზე, განსაკუთრებით კი მის მეორე ნაწილზე, სადაც გარკვეული კითხვები გამიჩნდა.
მას მერე, რაც ბარტი/გონგას ტანდემი ცოტა ხნით იშლება და მათი გზები ცალ-ცალკე მიდის, რეჟისორი ცდილობს, ორივეს გაჰყვეს და ყურადღება არც ერთს მოაკლოს. თუმცა, ამ მცდელობაში რაღაც იკარგება და თხრობის დინება, მისი ფორმები ირღვევა. არადა უკვე მოვკალათდი, ყველაფერს გავეცანი, სრულიად მივენდე და უცებ ჰოპ, დავიკარგე. შუა ფილმში თხრობის ახალი ხაზები და დეტალები ჩნდება, მნიშვნელოვან პერსონაჟებთან ერთად. მაგრამ ეს დახშული ზარდახშები ბოლომდე ვერ იხსნება და, შესაბამისად, ახალსაც ვერაფერს გეუბნება. ფრაგმენტულობას, როგორც ფილმის თხრობის ფორმას, პირველ ნაწილში სრულყოფილად მოაქვს ფორმისა და შინაარსის ერთიანობა, რაც ჩემთვის, მის მეორე ნაწილში ცოტა არ იყოს იკარგება და თითქოს მხოლოდ ფორმად რჩება, რომელიც ზედაპირზე გტოვებს მაყურებელს.
დაბოლოს.
ტატო კოტეტიშვილის სრულმეტრაჟიანი დებიუტი ერთი დიდი „მშრალი ხიდია“. როგორც ფილმის ერთ-ერთი გმირი ამბობს, „აქ ყველაფერია, უთოთი დაწყებული, საქსაფონით დამთავრებული“.
„წმინდა ელექტროენერგია“ თითქოს „ნარჩენების“ კინოა, ოღონდ ისეთის, ამბებს რომ ჰყვება და სული რომ აქვს.
რჩევა: ტიტრების დასრულებას დაელოდეთ.
თავისუფლება მზია ამაღლობელსა და რეჟიმის ტყვეებს!
გირჩევთ
