
გზებსა და ჩრდილებს შორის: ლოკარნო 78 | მარიამ ბიწაძე
ლოკარნოს 78-ე საერთაშორისო კინოფესტივალი ამჯერადაც იქცა იმ სივრცედ, სადაც არა მხოლოდ საინტერესო ნამუშევრებს უჩვენებენ ხოლმე, არამედ ახალი კინოენის ძიება გრძელდება. სხვა „ა კლასის“ ფესტივალებთან შედარებით, ლოკარნო ყოველთვის გამოირჩეოდა ექსპერიმენტული ნამუშევრებისადმი განსაკუთრებული ინტერესით. წლევანდელი პროგრამა ამ ტრადიციას ნაწილობრივ დაშორდა, თუმცა მაინც გამოჩნდნენ ავტორები, რომლებმაც თავიანთი საავტორო ხედვა მაყურებლამდე მოიტანეს.
როგორც ქართველი, რომელიც წელიწადზე მეტია, შვეიცარიაში ვცხოვრობ და ვსწავლობ, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორი ფილმი, რომლებშიც ორივე ქვეყნის გამოცდილება ერთნაირი სიმძაფრით დავინახე, მიუხედავად მათ შორის ფორმობრივი თუ შინაარსობრივი რადიკალური სხვაობისა.
„ხმელი ფოთოლი“ - ალექსანდრე კობერიძის სევდიანი ზღაპარი
ალექსანდრე კობერიძის ახალი ნამუშევარი მოგვითხრობს მამაზე, რომელიც გაუჩინარებული შვილის საძებნელად სოფლებსა და მიტოვებულ სტადიონებს სტუმრობს. გზაში მას შვილის მეგობარი, უჩინარი ლევანი უერთდება. სიუჟეტი თითქოს უბრალოა, მაგრამ ფილმი გაცილებით მეტს გვთავაზობს – ნელ-ნელა იხსნება მაყურებლის შინაგან სამყაროში და სწორედ ამ გადავადებულ განცდაშია მისი მთელი ძალაც.
კობერიძე კვლავ ახერხებს ყოველდღიურობის პოეტურად გადმოცემას. „რა კარგია, რომ არსებობს გზები,“ – ამბობს მთხრობელი და ფრაზა ერთდროულად ემოციასა და ირონიასაც თანადროულად იტევს, რადგან საქართველოში გზები კორუფციის სიმბოლოდ იქცა; თუმცა რეჟისორი სხვას გულისხმობს: გზები გვაყვარებენ დასავლეთის ქალაქებს, სოფლებს, ცხოველებსა და ადამიანებს, ხან ხილულს, ხანაც უხილავს.
ფილმი დამსხვრეული პიქსელებითაა სავსე (გადაღებულია „სონი ერიქსონით“) და სწორედ ამ ტექნიკურ სიმარტივეში იკვეთება კობერიძის მთავარი ძალა – უსაზღვრო სიყვარული სამყაროს მიმართ. ის ყველაფრით იმდენად მოხიბლულია, შეუძლებელია მაყურებელმა არ დაუჯეროს და არ გადაერთოს მისეულ რიტმზე. ამიტომაც კინოკრიტიკოსთა ჯილდო, რომელიც ფილმმა მიიღო, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღიარებაა. თუმცა ბევრი მაყურებელი, მათ შორის ჩემი შვეიცარიელი მეგობრებიც, „ხმელ ფოთოლს“ ოქროს ლეოპარდის ნამდვილ გამარჯვებულად მიიჩნევდნენ. ალბათ იმიტომ, რომ ფილმი საუკეთესოდ ეხმიანება ლოკარნოს მთავარ მისწრაფებას – ხელი შეუწყოს ახალ ხედვას და არასტანდარტულ თხრობას.
“Don’t Let the Sun“ - ჟაკლინ ზუნდის შვეიცარიული უძრაობა
სრულიად განსხვავებული პერსპექტივითაა გადაღებული ჟაკლინ ზუნდის ფილმი Don’t Let the Sun („ახალი ავტორების“ სექცია, შვეიცარია). თუ კობერიძის ნამუშევარი სავსეა სულითა და მელანქოლიით, ზუნდის ფილმი თითქოს ყველაფრისგან ერთიანადაა დაცლილი. არადა ორივე ერთნაირად ახლობელი აღმოჩნდა ჩემთვის: ერთი საქართველოს გამოცდილების გამო, მეორე კი, შვეიცარიაში მცირე ხნით ცხოვრების ფონზე.
ფილმი ერთი ოჯახის ამბით გვიყვება გლობალურ დათბობასა და ადამიანების ერთმანეთისგან გაუცხოებაზე. დედა იონას (ლევან გელბახიანი) დაიქირავებს, რათა უმამოდ გაზრდილ შვილს დროებით მამა შეუცვალოს. იონა დაქირავებული „ყველაფერია“ - ხან შეყვარებული, ხან მამა. ეს ამბავი არა მხოლოდ ერთი ოჯახის დრამა, არამედ შვეიცარიის ყოფის სარკეა: ქვეყნისა, რომელიც ხშირად ემოციებისგან დაცლილი და სერვისებზე აგებული რეალობით ცხოვრობს.
ლევან გელბახიანმა იონას როლი საოცარი სიზუსტით განასახიერა და სრულიად დამსახურებულად მიიღო ოქროს ლეოპარდი. მის პერსონაჟში შვეიცარიული სტატიკურობა და სიცივე თანდათან გრძნობებში გარდაიქმნება, და ეს გრძნობები ფილმის სამყაროსთვის დროდადრო აუტანელი ხდება, გმირის არსებობას შეუძლებელს ხდის.
„ხმელი ფოთოლი“ ქართული რეალობის პოეტური გარდასახვაა, განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმებით, რომელიც სიამოვნებასთან ერთად, სავსეა სევდით. “Don’t Let the Sun“ კი შვეიცარიის ემოციურად დაცლილი, მაგრამ ზუსტად დანახული რეალობის მიბაძვაა.
ორივე ერთად ქმნის არარსებულ დიალოგს ორ ქვეყანას შორის, სადაც დღეს თავადაც ვარსებობ.
...
წარსულში, როდესაც ქართველი ავტორები მსგავს ფესტივალებზე ხვდებოდნენ, ეროვნული კინოცენტრი მათ გვერდში იდგა, აგზავნიდა პრესას, ხელს უწყობდა ლოჯისტიკასა და ფინანსურ საკითხებში, არა კეთილი ნების გამო, არამედ როგორც საკუთარი ვალდებულების ნაწილს. დღეს კი, როდესაც ალექსანდრე კობერიძისა და ლევან გელბახიანის წარმატებამ საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო, ეს ინსტიტუცია დუმილს ამჯობინებს.
ამ ჩაკეტილობისა და სტაგნაციის ფონზე მათ მიერ მიღწეული გამარჯვებები კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გამოიყურება. ისინი გვახსენებენ, რომ ქართული კინო სახელმწიფოზე მეტია და ის ცხოვრობს ავტორების თავისუფალ ხედვებში, მათ სიჯიუტესა და შეუპოვრობაში.
გირჩევთ
