გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

5 ფილმი ფეხბურთზე | მარიამ თვალავაძე

ფეხბურთი ჩვენი დროის უკანასკნელი საკრალური რიტუალია.

- პიერ პაოლო პაზოლინი


22 მაისს, ნაშუადღევს ბოლონიაში, პიაცა მაჯიორეზე ვიჯექი და ვფიქრობდი, სად წავსულიყავი. სანამ მე ადგილს ვარჩევდი, მოედანი ნელ-ნელა ივსებოდა ლურჯ-წითელი ზოლებით, ანუ საფეხბურთო კლუბ „ბოლონიას“ ფორმაში გამოწყობილი ადამიანებით. თურმე „ბოლონია“ ჩემპიონთა ლიგაზე გასულა და ქალაქი ზეიმისთვის ემზადებოდა.

ყველგან წასვლა გადავიფიქრე. 26 მარტის შეგრძნებებს მონატრებული, უფრო წინ წავიწიე და ყველაზე თავგადაკლულ გულშემატკივრებს შორის მოვექეცი. უცხო ქალაქში, ჭყლეტაში, ათასობით ეგზალტირებულ ბოლონიელს შორის, რამდენიმე საათი სრულიად მარტო ვიდექი. წარმოუდგენელ სიგიჟეს ვუყურებდი და პაზოლინიზე ფიქრს ვერ ვიგდებდი თავიდან.  ჩემი საყვარელი იტალიელი რეჟისორის, პოეტის, მწერლისა და მოაზროვნის დაბადების ქალაქში იმ კლუბის წარმატებას ვზეიმობდი, რომელსაც სიცოცხლის ბოლომდე გულშემატკივრობდა.

„ლიტერატურისა და ეროსის შემდეგ ფეხბურთი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.“

- ამბობდა ფეხბურთზე სიგიჟემდე შეყვარებული პიერ პაოლო პაზოლინი. თურმე ბურთის გაგორების შანსს არ უშვებდა ხელიდან. მართალია, საშინლად გამოსდიოდა, მაგრამ არაფერი ანიჭებდა ისეთ სიამოვნებას, როგორც რომის გარეუბნებში ფეხბურთის თამაში.

პაზოლინიზე და ფეხბურთზე უსასრულოდ შეიძლება ვილაპარაკოთ, მაგრამ ეგ სხვა დროს. ამჯერად შევეცდები, იმ ფილმებზე მოგიყვეთ, რომლებიც თან იმ ბანალურ ჭეშმარიტებას შეგვახსენებენ, რომ ფეხბურთი ბევრად მეტია, ვიდრე - სპორტი და თან ყველაზე მეტად უხდება დღევანდელობას.

„პური და შოკოლადი” (1974. ფრანკო ბრუზატი)

მართალია, „პური და შოკოლადი” ფეხბურთზე არაა, მაგრამ ფრანკო ბრუზატის ფილმში არის ეპიზოდი, რომელიც საუკეთესოდ გამოხატავს ამ სპორტის ძალასა და მნიშვნელობას. მე-20 საუკუნის შუა ხანებში, ეკონომიკური კრიზის გამო, ბევრი იტალიელი ეძებდა უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობას საზღვარგარეთ, მათ შორის მეზობელ შვეიცარიაში. წესებისა და კულტურული ნორმების მკაცრი დაცვით განთქმულ ქვეყანაში რთული იყო ინტეგრირება იმ ემიგრანტებისთვის, რომელთა ჩვეულებები და ქცევები განსხვავდებოდა ადგილობრივი მოსახლეობისგან. „პური და შოკოლადის“ მთავარი გმირი, შვეიცარიაში მცხოვრები იტალიელი ემიგრანტი, ნინო გაროფალოც (ნინო მანფრედი) ვერაფრით ახერხებს ახალ ქვეყანაში თავის დამკვიდრებას. ბოლოს, ყველა სოციალურ-ეკონომიკურ ბრძოლას რომ წააგებს, თმასა და ულვაშს ქერად შეიღებავს.

გაქერავებული ნინო წარმატებით მალავს თავის წარმომავლობას. ქუჩაში ადამიანები ესალმებიან და თავაზიანად ექცევიან. ადგილობრივების ბარშიც თამამად შედის და  ბრაზილიისა და იტალიის საფეხბურთო მატჩს უყურებს. მეტი დამაჯერებლობისთვის იტალიელი ფეხბურთელების დამცირების ფერხულშიც ებმება.  მაგრამ როგორც კი იტალია გოლს გაიტანს, გაროფალო ემოციებს ვეღარ შეიკავებს და მთელი გულით შესძახებს – „გოოოოოოოლ!!!!”

ადამიანი, რომელიც ცოტახნის წინ, თავისი ეროვნების გამო, ბოდიშს უხდიდა პოლიციის კომისარს – არავინაა სრულყოფილიო, ახლა დგას და ყველას გასაგონად, სიამაყით ყვირის – „მე იტალიელი ვარ!”

ერთმა გოლმა ნინო გაროფალოს ეროვნული იდენტობა დაუბრუნა, ან უფრო მარტივად „ერთმა გოლმა რა ჰქმნა“.


„პირველი მერცხალი“ (1975. ნანა მჭედლიძე)

ამასწინ ბებიაჩემმა თავისი ბიბლიოთეკიდან აკაკი ბაქრაძის „ცამეტი წელიწადი კინოში“ მაჩუქა. არ ვიცი, რანაირად მოვახერხე, მაგრამ პირველად 674-ე გვერდზე გადავშალე და ნანა მჭედლიძის ფილმზე დაწერილი ტექსტი წავიკითხე.

მთელი ბავშვობა „პირველი მერცხალი“ ფეხბურთზე შეყვარებულ გულუბრყვილო ფოთელებზე, კომედია რომ მეგონა თურმე ერის ისტორიული ცხოვრების ტრაგიკული ალეგორია ყოფილა.დასტურად აკაკი ბაქრაძე ინგლისელებთან მატჩის დაწყების წინ მომხდარ შემთხვევას იხსენებს:

უცბად ინგლისელები იწყებენ სიმღერას. მღერიან ეროვნულ ჰიმნს. გუგუნებს ერის, ქვეყნის, სახელმწიფოს სადიდებელი. ვხედავთ იასონისა და მისი ბიჭების გაოგნებულ სახეებს. რა ხდება? ასეთი რამ მათ აქამდე არ ენახათ. რა უნდა იმღერონ პასუხად? არც სახელმწიფო აქვთ, არც ჰიმნი, არც არასოდეს ყოფილან ასეთ ვითარებაში. ისინი თამაშობდნენ ფეხბურთს. თამაშობდნენ იმიტომ, რომ უყვარდათ, ერთობოდნენ, სახელის მოხვეჭაც უნდოდათ. მართალია, ერთხელ ისინი გაზეთ „ივერიაშიც“ შეაქეს, მაგრამ ეს სასიხარულო იყო და მეტი არაფერი. ახლა კი უფრო რთული ალტერნატივა დადგა. ახლა საქმე მარტო მოგება არ არის. მოწინააღმდეგეს უნდა დაუმტკიცო, რომ შენც ერი ხარ და არა შემთხვევით შეკრებილი ჯოგი, რომელსაც, ავად თუ კარგად, ფეხბურთის თამაშიც უსწავლია. მეტოქის ჰიმნს პასუხი სჭირდება და „პირველი მერცხალიც" მღერის, მართალია, ეს ჰიმნი არ არის, ხალხური სიმღერაა, მაგრამ მთავარია ის, რომ ვაჟკაცურად ჟღერს. შეგიძლია იხტიბარი არ გაიტეხო და მეტოქეს თვალში ნაცარი შეაყარო, ასეც იქცევიან.“ [1]

ერთხელ დედაჩემმა ბაბუაჩემს ჰკითხა – ისევ ახალგაზრდა რომ იყო და ყველა მეგობარი ცოცხალი გყავდეს, საბჭოთა კავშირში დაბრუნებას დათანხმდებოდიო? ყოველი თამაშის წინ რომ საქართველოს დროშას ვხედავ და ჩვენი ჰიმნი მესმის, მაგ შეგრძნებას ვერაფერში გავცვლიო – წამით არ დაფიქრებულა ბაბუა.

აი, ეგაა „პირველი მერცხალი“.


„თამაშგარე“ (2006. ჯაფარ პანაჰი)

მოქმედება 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს ვითარდება, ირანი ბაჰრეინს ეთამაშება. ერთი მოგება და ირანელებს გარანტირებული აქვთ გერმანიის საგზური. მთელი თეირანი სტადიონისკენ მიემართება. რადგან მამაკაცის სპორტულ ღონისძიებებზე ქალების დასწრება აკრძალულია, ფეხბურთის გულშემატკივარი ირანელი გოგოები ბიჭებად გადაცმულები ცდილობენ სტადიონზე შეპარვას. ბევრი იბრძოლეს, ბევრიც გარისკეს, მაგრამ დაცვამ მაინც დაიჭირა ისინი. მთელი მატჩის განმავლობაში გოგოები ტრიბუნებს გარეთ არიან ჩაკეტილები, ფეხბურთზე ლაპარაკობენ და პერიოდულად სტადიონიდან წამოსული ოვაციები აფორიაქებთ. დაცვის წევრებიც მოხიბლულნი ჩანან მათი გულშემატკივრობითა და შეუპოვრობით, თუმცა ბრძანებას ბოლომდე ემორჩილებიან და გოგოებს მატჩის ყურების საშუალებას არ აძლევენ.

მაგრამ ხომ გახსოვთ, ფეხბურთით გამოწვეული კოლექტიური სიხარული წესებსა და კანონებზე მაღლა დგება ხოლმე და სოციალურ თუ გენდერულ დაყოფებზე ეროვნული ერთობა იმარჯვებს.


„ერიკის ძიებაში“ (2009. კენ ლოუჩი)

ერთხელ კანტონამ თქვა –  „შენ შეგიძლია შეიცვალო ცოლი, პოლიტიკური პარტია, რელიგია, მაგრამ ვერასოდეს, ვერასოდეს შეიცვლი შენს საყვარელ საფეხბურთო გუნდს.“

კენ ლოუჩის ფილმის მთავარი გმირი, ფოსტალიონი ერიკ ბიშოპი (სტივ ევეტსი) მანჩესტერში ცხოვრობს და „იუნაიტედის“ გულშემატკივარია. როდესაც ერიკი სასოწარკვეთილი ებრძვის პირად და ოჯახურ პრობლემებს, მისი ერთადერთი თავშესაფარი ფეხბურთის სიყვარულია. თავის დარდებსაც ყველაზე გულწრფელად საძინებლის კედელზე გაკრულ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი თავდამსხმელის, ერიკ კანტონას უზარმაზარ პლაკატს უზიარებს ხოლმე.

ერთ დღესაც, როდესაც ყველაზე მეტად უჭირს ერიკ ბიშოპს, ნამდვილი ღმერთკაცივით გამოეცხადება მისი კერპი. კრიზისულ მომენტში კანტონა ბიშოპს მხსნელად ევლინება და პირდაპირი მნიშვნელობით ცხოვრებას ასწავლის.

ერთ-ერთ სცენაში ბიშოპი იხსენებს კანტონას დიდებულ გოლებს და ეკითხება, რომელია მისთვის  საუკეთესო მოგონება. მოულოდნელად კანტონა ამბობს, რომ მისი კარიერის ყველაზე საამაყო მომენტი გოლი კი არა, პასი იყო. დენის ირვინისთვის გაკეთებულ საგოლე გადაცემა ტოტენჰემის წინააღმდეგ.

და რომ ვერ გაეტანაო? „ყოველთვის ენდე თანაგუნდელს“ – შეახსენებს კანტონა ერიკს ფეხბურთისა და ცხოვრების ფუნდამენტურ პრინციპს.

ნდობა, სოლიდარობა, ერთობა – ესაა „ოპერაცია კანტონა“, ანუ გამარჯვების ფორმულა.


„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ (2021. ალექსანდრე კობერიძე)

„რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?“ სიყვარულს უხსნის კინოს, ზღაპრებს, ადამიანებს, ქუთაისს, მზის სხივებს, რიონს, ბუნებას, მუსიკას, ოთხფეხა მეგობრებს, ბავშვებს, ნაყინს და, რა თქმა უნდა, ფეხბურთს. მთელ ფილმს ფონად გასდევს მსოფლიო ჩემპიონატი, ქალაქი ფეხბურთითაა გაჟღენთილი, ქუთაისის ქუჩის ცუგებიც კი ყველა თამაშს უყურებენ.

მთავარი გმირი გიორგი არგენტინისა და მესის გულშემატკივარია. ფილმში რეჟისორი ტურნირის შედეგებს ცვლის, მუნდიალს არგენტინას აგებინებს და, ფაქტობრივად,  წინასწარმეტყველებს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს.

სადღაც, გულის სიღრმეში მაინც თუ არ გჯერა ჯადოქრობის, ამ ფილმს ვერ დაუმუღამებ. და ვერც იმას დაიჯერებ, რომ მესის მსოფლიო ჩემპიონობაში ალექსანდრე კობერიძის ხელიც ურევია.

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის უკვდავი ჰიმნის - "Un’estate Italiana" ფონზე, მზით გადანათებულ სტადიონზე თვალებში გამოხატული ენთუზიაზმითა და სხეულის ლაღი მოძრაობებით, თავდავიწყებით მოთამაშე ბავშვები. Slow Motion-ით აგებული ეს კადრები კინოთი ფეხბურთისთვის მიწერილი ულამაზესი სასიყვარულო წერილია.

და ამ სასიყვარულო წერილის მარჯვენა ქვედა კუთხეში დასმული გულის სტიკერია ბუდუ ზივზივაძე – ეროვნული ნაკრების ქუთაისური მზის სხივი, რომელიც ფილმში გიორგის ერთ-ერთი თანაგუნდელის როლს ასრულებს.


P.S.
2022 წლის 23 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან კვარაზე ბუდუს საგოლე გადაცემა ხომ გახსოვთ? ეგაა ჩვენი „ოპერაცია კანტონა”.

______________________________

[1] აკაკი ბაქრაძე, ცამეტი წელიწადი კინოში (თბილისი: ნეკერი, ლომისი, 2005), 677.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა