გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ხვიჩა კვარაცხელია აკა მორჩილაძე გიო ახვლედიანი  გიორგი კეკელიძე

ეგებ სიცოცხლის ერთადერთი თანამდევი სიხარული | აკა მორჩილაძე


გიორგი კეკელიძის წიგნის „ხვიჩა. ვარსკვლავი, სახელად ვარსკვლავი“ წინასიტყვაობა


ხვიჩა კვარაცხელიამ თითქოს ამოხეთქა ძველი ფეხბურთის სიღრმეებიდან: ოდინდელ დიად გარემარბთა სახელის კიდევ ერთხელ უკვდავსაყოფად, იმის გასახსენებლად, თუ რატომ უყვარდათ ოდესღაც ადამიანებს ეს დიადი თამაში: გონებისთვის, მახვილგონიერებისთვის, სხეულისა და ტვინის კავშირის გასაოცარი სურათებისთვის, ადამიანის დიდი ოცნებისთვის – სისწრაფისთვის. სხვანაირად, ესაა ხალხის სიყვარული, როგორც გარინჩას მოიხსენებდნენ ხოლმე.

ამბობენ, ფეხბურთი სანახაობააო. სხვანი იტყვიან, ეს შეჯიბრია და მთავარი ის ორი ციფრია, ტაბლოზე რომ ციმციმებს თამაშის ბოლოსო. იმასაც გაიგონებთ, რომ ეს ყველაფერი, სისულელეა, ოცდაორი გაოფლილი, მღელვარე კაცი ერთ ბურთს დასდევსო.

ათასი აზრია.

სინამდვილეში, მგონი ეს ის არის, რასთანაც ადამიანს განსაკუთრებული განცდითი ბმა გაუჩნდება ხოლმე, არის ერთი ფეხბურთელი, რომელსაც ჩაებმები და მიჰყვები, როგორც სიხარულს.

ეგებ ეს სიცოცხლის ერთადერთი თანამდევი სიხარულიც იყოს.

ისევ ბრაზილიელები რომ გავიხსენოთ, ბედნიერია ის, ვინც აღიქვამს ფეხბურთს, როგორც მშვენიერ თამაშს.

სხვანაირად, ალბათ არც არსებობს და ხვიჩას ამბავი საუკუნის სიგრძის ამბავიცაა. ბაბუები ჰყვებოდნენ გაიოზ ჯეჯელავას შესახებ, მამები მიშასა და სლავას შესახებ, ჩვენ თავად ვეყრებდით ვოვას და ველოდით დუბლებიდან პატარა მიშას ამოსვლას მთავარ გუნდში, რადგან ვიცოდით: ფრთაზე ავარდნილი ალი ისაა, რასაც ყოველთვის სხვანაირად ელი, იმიტომ რომ ერთი მოსხლეტილი, ფეხებდაჩეხილი ხმელი ბიჭი რაღაც სივიწროვეში მიიკვლევს გზას და იმას აკეთებს, რაც თუნდაც დიად, მასზე დიდ ფეხბურთელს არასდროს შეეძლება იმ სივიწროვეში – ეს ცხოვრებას ჰგავს: ლამის ჩაკეტილ ბილიკზე, ვიღაცების დაუნდობელ ფეხებს შორის მიძვრები ისე, რომ დიდად ვერსად დაიმალები და რაღაც დაუჯერებელი რამე უნდა შექმნა.

ეგებ დრო გავიდეს და ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მოედანი დაიჭიროს ხოლმე, შუიდან შეუტიოს: პასი კარგი აქვს, დარტყმა – ამოუცნობად უხერხული და სისწრაფე და გარემარბის ნიჭი კი სწორედ მისწრებაა ხოლმე, როცა გამოცდილებით სავსეს შუა მოედანს ჩაგაბარებენ. მაგრამ, დღეს, სულ სხვა პოეზიაა – ჩვენ მის სასწაულებს უფრო მარცხნიდან ველოდებით, იმ ჯადოსნური ხაზიდან, სადაც მხოლოდ რჩეულები ტოვებენ კვალს. ამ ვიწრო გასაქცევზე შემთხვევითი ადამიანი არასდროს დგება – მანდ სულ განსაკუთრებული ბიჭები არიან: სხვა შემთხვევაში, ფეხბურთი უინტერესო ხდება, გუნდი კი – უვარგისი.

კი არ ვიცნობ, მაგრამ ცხადია, ხვიჩა ღრმად განმცდელი კაცია, მისთვის ყველა თამაში ბოლო თამაშია და არც ფეხბურთელური ეშმაკობებით იოლას გასვლაა მისი საქმე. არ იზამს ამას, არ არის მაგის კაცი: თორემ მოედანზე არტისტობას რა უნდა. არ იზამს, იმიტომ, რომ ნამდვილი თამაშის, ნამდვილი გრძნობის, ნამდვილი უბრალოების ამბავს მისდევს და თუ რამეს წაიფორხილებს, ზედმეტი პატიოსნების, სიწრფელის და უკიდურესი მონდომების ბრალია. პატიოსნებს ხვდებათ, მაგრამ პატიოსნები პატიოსნები არიან და დარტყმის მიღებას ადრიდანვე სწავლობენ.

...

ეს წიგნი პირველი წიგნია ხვიჩა კვარაცხელიას, მისი ოჯახის, მისი თამაშის შესახებ. ასეა, რომ ფეხბურთის მოყვარულებს თავთავიანთი ფეხბურთი აქვთ. ყველას თავისი და განუმეორებელი. ის განთქმული თუ გაცვეთილი სიტყვები, რომ მოვიშველიოთ, ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ და ყველას ჩვენი წილი ბავშვობის ფეხბურთი გვაქვს. გიორგი კეკელიძესაც აქვს თავისი ფეხბურთი: საინტერესოდ დასანახი და მერე დახლართული საფეხბურთო გზებით გარდამავალი ამ დღევანდელ, ორიოდ წლის წინათ სრულად მოულოდნელ ამბავში:

დღიდან დღემდე „ნაპოლის“ თამაშების მოლოდინში.

თუმცა, ეს ცალკე ისტორია. საუცხოო კი ის არის, რომ ფეხბურთი კვლავაც შეიძლება იყოს კარგი ფიქრების, საუცხოო წარმოსახვის, კეთილი ოცნებების, ნამდვილი განცდების მქნელი ადამიანის თავში და ამ შემთხვევაში, მიზეზი ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელსაც ისე უნდა, ისე უყვარს და ისე შეუძლია, რომ შენ, მის მაყურებელს თავში არც მოგივა, მისგან განსხვავებული იყო, თუნდაც იმ საათ-ნახევრის განმავლობაში, როცა ჯადოსნურ რამეებს ელი და საჩუქარი არ აყოვნებს.

ამაზე უკეთესი კი რა უნდა იყოს, როგორც იტყვიან, ამ... როგორც არის. მთავარია, ეს გვაქვს.


ავტორი: აკა მორჩილაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა