ნეაპოლი, წმინდანები, ხვიჩა კვარაცხელია
18.11.2022 | 16 წუთიანი საკითხავი
„ვეზუვი სამხრეთ იტალიაში მდებარე მოქმედი ვულკანია და ის თავზე ადგას ქალაქ ნეაპოლს. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ვულკანის ამოფრქვევამ სრულიად გადაფარა ქალაქები პომპეი და ჰერკულანუმი, ვულკანი ამ დროისთვის ჩამქრალია, თუმცა შესაძლოა, ნებისმიერ დროს გამოიღვიძოს, ამიტომ, ქალაქი ნეაპოლი დღემდე განადგურების საფრთხის წინაშე დგას...“
– არც კი ვიცი, რამდენჯერ მექნება ეს სიტყვები მოყოლილი დაფასთან. გეოგრაფიის მასწავლებელს, იმ გაყინულ 90-იანებში, ხშირად არ ახსოვდა, რა გვქონდა გაკვეთილად, რითაც ჩვენ, საშინელი მეექვსეკლასელები ბოროტად ვსარგებლობდით და გამოძახებისას, დაფასთან რაც გვახსოვდა, უბრალოდ იმას ვყვებოდით – მე, ძირითადად, პომპეის ამბავს, ვიცოდი, თავადაც უყვარდა. ვყვებოდი დიდი ენთუზიაზმით და გატაცებით, რუკაზე ჯოხით წრიულად ვხაზავდი იტალიას და წვერი წერტილოვნად მიმქონდა ქალაქებთან. დაფასთან გასვლა სულ ერთი და იმავე სცენარით მთავრდებოდა. დასასრულს მასწავლებელი სკამიდან დგებოდა, ჯოხს ხელიდან მართმევდა, ზედა თაროდან გადმოიღებდა ვულკანის საბჭოთა დროინდელ მაკეტს და კლასის დასანახად, ვინ იცის მერამდენედ გვიმეორებდა:
„ამ ყელიდან ამოსულმა ლავამ, შესაძლოა, სრულიად გადაფაროს მილიონიანი ქალაქი ნეაპოლი“.
გამოძახების ბოლოს შექებას ვიმსახურებდი, მიუხედავად ვულკანური საფრთხისა, საოცრად მახალისებდა „მილიონიანი ქალაქი ნეაპოლი“. მერე კიდევ უფრო გავხალისდი, როცა ერთ-ერთი შუქის მოსვლაზე ტელევიზორში „ოპერაცია წმინდა იანუარიუსს“ მივუსწარი და, ბუნებრივია, შიგადაშიგ თაღლითურად ფრიადოსან ბავშვს, ტოტოს და ნინო მანფრედის არანორმალური ნეაპოლი აუცილებლად შემიყვარდებოდა. ისიც ვიცოდი, ოდესმე, როცა 90-იანი წლების ყოფას დავაღწევდი, აუცილებლად ვნახავდი ამ გასაოცარ ქალაქს.
ოცნება ცხრა წლის თავზე ავიხდინე, როცა პერუჯის უნივერსიტეტის ექსკურსიას გავყევი ნეაპოლი-პომპეი-კაპრის სანახავად და ცოტა უფრო მეტი აღმოვაჩინე ამ უჩვეულო სამყაროზე: ბერძენი ვაჭრების მიერ დაარსებულ ქალაქზე, რომლის ყურეშიც, მითების მიხედვით, მშვენიერი სირინოზები ცხოვრობდნენ, საუკუნეთა განმავლობაში ბიზანტიელი, რომაელი, ნორმანი, ფრანგი, ესპანელი დამპყრობლები ბატონობდნენ, დღეს კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კონტრასტული და დაუჯერებელი ქალაქია: ღრმად რელიგიური და ასევე ღრმად ბოროტმოქმედი, უმშვენიერესი და მოშლილი, რომელსაც ატყვია მეფური ფუფუნებისა და ბარაკების სიღატაკის კვალი. ქალაქი, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი უძველეს უნივერსიტეტს მასპინძლობს და ებრძვის წერა-კითხვის უცოდინარობას.
აქვე აღმოვაჩინე, რომ ის, რაც ამ ქალაქის შესახებ ეკრანზე გვინახავს, წაგვიკითხავს, თუ გვსმენია, გადამეტებული ოდნავადაც არ ყოფილა, შეუძლებელია გადააჭარბო თვით ნეაპოლს, ამ უზარმაზარი ვნებების ქალაქს, სადაც ყველაფერი მეტობითაა, გარდა ზომიერებისა.
ქალაქის მფარველები და წმინდანები
- „განძი რაში გარგია? ახლა ხომ კარგად ხარ, არაფერი შენ არ გაკლია. ჩვენ კი ოცდაათი მილიარდით, ყველას რომ გული დაუსკდება, ისეთი რამეების კეთება შეგვიძლია! ნეაპოლიდან კაპრიმდე გადებული ხიდის, დიდი სასტუმროების მიუსაფრებისთვის…
- ეუსებიო…
- ჰო… და ესუებიოსაც გიყიდი. ჩემპიონთა თასს მოვიგებთ და შენ სამარადჟამოდ გაითქვამ სახელს“.
– „ოპერაცია წმინდა იანუარიუსი“
ეს ნინო მანფრედის გმირის, დუდუს მონოლოგია წმინდა იანუარიუსის ქანდაკებასთან, რომელსაც საგანძურის გატაცებაზე კურთხევის ასაღებად, თანამზრახველ ამხანაგებთან ერთად, წმინდანს მისივე სახელობის კათედრალში მიადგა.
შესაძლებელია ვულკანური მუდმივი საფრთხის გამო, ან ეპიდემიების, გაჭირვების, ქაოსისა და დაუძლეველი სიღარიბის, მაგრამ ნეაპოლი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქალაქია, სადაც ქრისტიანობა წარმართობაში და ცრურწმენებშია აღრეული. ნეაპოლელები გამუდმებით სასწაულის ძიებაში არიან და სასწაულები ეძლევათ კიდეც: ქალაქის ტაძრებში დასვენებული წმინდანების რელიკვიები ხალხს კურნავს, მოწამეთა სისხლი წელიწადში რამდენჯერმე თხევადდება, გარდაცვლილთა სულები ცოცხლებს ეცხადებიან – არიგებენ, აფრთხილებენ, ლოცავენ, წყევლიან, ლატარიის ნომრებს კარნახობენ...
ამ ქალაქში წმინდანებთან თანაარსებობენ და ხშირად ისინი ღმერთსაც ურჩევნიათ: რადგან მამაზეციერი მათ წარმოდგენაში ოდენ მოწიწებას და თაყვანისცემას მოითხოვს, შუამავალ წმინდანს კი ნეაპოლელი შინაურულად, ოჯახის წევრივით ელაპარაკება: როცა სათხოვარი აქვს, უყვავებს, ხშირად სრულიად არაკეთილსინდისიერი თხოვნით მიმართავს, რომ შური იძიოს და ჩააქვესკნელოს მისი მაჭირვებელი და გამთვალავი. ნატვრის ასრულების შემთხვევაში, მის ხატს ყვავილებით ამკობს, უარის დროს კი მწარედ ეჩხუბება. და რა მოხდა, თუკი მსგავსი მიდგომა კათოლიკური ეკლესიისთვის მიუღებელია, მერე რა, რომ ეს ერთადერთი ქალაქია, რომლის ტაძრებშიც კედლებზე გაკრული განცხადებები მრევლს (ამაოდ) მოუწოდებს და არიგებს, რომ მოსალოცად შესულები ჯერ ქრისტეს მიემთხვიონ საკურთხეველთან და მერე დანარჩენ წმინდანებს,
ნეაპოლელებს წმინდანებთან ქცევის საკუთარი წესები აქვთ და სხვისას არად დაგიდევენ.
ნეაპოლს ზომიერება არ შეუძლია – მას ყველაზე მეტი მფარველი წმინდანი ჰყავს მსოფლიოში, სულ 52. თუმცა, მათ შორის უსაყვარლესი უპირობოდ წმინდა იანუარიუსია, ნეაპოლურად სან ჯენარო. სწორედ მის მფარველობას მიეწერება ის ფაქტი, რომ ვულკანმა ამდენი საუკუნეა, დაინდო ქალაქი ნეაპოლი და პომპეის მსგავსად, ლავით არ გადაუფარავს. ამ წმინდანის ხატი ყველა მორწმუნე ოჯახშია, მისი სახელი ლამის ყოველ მეორე ნეაპოლელს ჰქვია. დიოკლიტიანეს მიერ წამებული ბენევენტოელი ეპისკოპოსი ქალაქის მთავარი მფარველია. თუმცა მანამდე მისდამი მადლიერება საუკუნეთა განმავლობაში იმდენად დიდი იყო, რომ მრევლის მიერ წმინდანისადმი შეწირული ძვირფასეულობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ საგანძურად იქცა, რომელის ღირებულების შეფასებაც თითქმის შეუძლებელია.
ფილმი, მით უფრო – კომედია იმისაა, რომ მოვლენები უფრო მძაფრად დაგანახოს, ვიდრე სინამდვილეშია. ნეაპოლი კი, როგორც ვთქვით, ის ქალაქია, სადაც მოვლენები უფრო მძაფრია, ვიდრე ფილმებში. ასე მოხდა „ოპერაციონე სან ჯენაროს“ შემთხვევაშიც.
მეორე მსოფლიო ომის დროს იანუარიუსის ძვირფასეულობა უსაფრთოხებისთვის ვატიკანში გადაიტანეს,იმ დროინდელი პაპი არ ჩქარობდა საგანძურის დაბრუნებას. ადგილობრივი მღვდელმთავრები ვერაფერს გახდნენ, 1947 წელს, ნეაპოლელის კარდინალს ქალაქის აღმოსავლეთის დასახლების, პოჯორეალეს „მეფედ“ წოდებულმა (მიკიბვ-მოკიბვის გარეშე – კრიმინალმა) ჯუზეპე ნავარამ დახმარება აღუთქვა და პირობა მისცა, რომ განძს ის დააბრუნებდა. იტალიელი მწერლისა და ჟურნალისტის, ჯორჯო ბოკას სიტყვებს თუ მოვიშველიებთ: „ნეაპოლი საუკუნეების განმავლობაში სამეფოს დედაქალაქი იყო, მეგაპოლისი, რომლის მართვასაც ბურბონთა დინასტია მხოლოდ კამორას მეშვეობით ახერხებდა“. ეკლესიამაც შავ სამყაროს წევრს მიანდო ეს საკითხი. ნავარას მივლინებიდან ათი დღის თავზე ნეაპოლში შეიტყეს, რომ პოჯორეალეს მართლაც გამოეტანა ვატიკანიდან განძი, თუმცა, თავად ძვირფასეულობასთან ერთად, უგზოუკვლოდ გაუჩინარებულიყო. ამ რეპუტაციის ადამიანის ნდობა არ შეიძლებოდა, განძი საბოლოოდ დაკარგულად მიიჩნიეს. თუმცა, ათი თვის თავზე ნავარა ნეაპოლის კათედრალში გამოცხადდა სრული საგანძურით. გაუჩინარება კი იმით ახსნა, რომ ბანდიტების შიშით მხოლოდ ღამით, შემოვლითი გზებით მოუწია მგზავრობა და (ოდისევსივით) გზა გაუგრძელდა. ჰკითხეს, თუ რას ისურვებდა სანაცვლოდ – „არაფერს. მხოლოდ ის მინდა, რომ მაღიარონ ადამიანად, რომელმაც სან ჯენაროს განძი შინ დააბრუნა“ – მიიღეს პასუხად. არავინ იცის, რა მოხდა სინამდვილეში, რანაირად გამოიტანა ამდენი უძვირფასესი სამკაული და ნივთი, ან 10 თვე სად იყო, თუმცა ფაქტია, რომ განძი ისევ ნეაპოლშია და ნავარაც ერთგვარ გმირად იქცა.
"ოპერაცია ჯუზეპე ნავარას" შემდეგ ვატიკანმა შური იძია და სან ჯენაროს რეალური არსებობა ეჭვქვეშ დააყენა. 1969 წელს პაპის ბრძანებით,იანუარიუსს წმინდანობა ჩამოერთვა. ამ გადაწყვეტილებას ქალაქი ლამის აჯანყებით შეხვდა – აღშფოთებული ნეაპოლელები სხვადასხვა სახით, პირადად და საჯაროდ უცხადებნენ თანადგომას წმინდანს, მათ შორის ისტორიას შემორჩა კათედრალის წინ გამოკრული ლეგენდარული წარწერა: San Gennà, futtatene –
„წმინდაო ჯენა, დაიკიდე“.
1980 წელს იანუარიუსს წმინდანობა დაუბრუნდა, ის ოფიციალურად აღიარეს ნეაპოლის მფარველად. მისი სასწაული – სისხლის გათხიერება, მრევლის წინაშე წმინდანის ხსენების დღეებში, წელიწადში სამჯერ აღევლინება: იანვარში, სექტემბერსა და მაისში. სასწაულს დიდი ლიტურგია, პროცესიები, მომლოცველთა რიგები და ვნებათაღელვა ახლავს თან. ქალაქის კათედრალი ერთადერთი ადგილი არაა, სადაც მომლოცველები ექსტაზში ვარდებიან, ნეაპოლელებს კიდევე ერთი მთავარი „სალოცავი“ აქვთ რომელსაც ადრე სან პაოლო ერქვა, დღეს კი ქალაქის კიდევ ერთი მთავარი გმირის სახელს ატარებს.
„იტალიელები ომებს საფეხბურთო მატჩებივით აგებენ და ფეხბურთის მატჩებს ისე, თითქოს ომი იყოს“.
დღევანდელ სამყაროში, ყოველ შემთხვევისთვის იქ, სადაც ომი არ არის, ბრძოლები და ომის გმირები სპორტმა და ათლეტებმა ჩაანაცვლეს. ოდესღაც უმძლავრესი რომის იმპერიის შვილებიც ფეხბურთით ცოცხლობენ, საყვარელი საფეხბურთო კლუბის გამარჯვებებით და მარცხებით. თუმცა, თუკი დანარჩენი იტალიისთვის ფეხბურთი ბრძოლის ველია, ნეაპოლისთვის ბრძოლაზე მეტი – დიდი საღმრთო ომია, ჰომეროსულ ეპოსთან და ჯვაროსნულ ლაშქრობებთან მიახლოებული, სადაც მხოლოდ ადამიანი ვერას ხდება, ღმერთებისა და წმინდანების ხელის გარეშე.
ბრძოლის მონაწილეებიც, მათ ცნობიერებაში არამიწიერები და ნახევრად არაამქვეყნიურები არიან, ისევე როგორც ჰომეროსთან: გმირები, ღმერთები და ნახევარღმერთები.
ნეაპოლის სტადიონიც საკრალური ადგილია. 2020 წლამდე, ქრისტიანული ტაძრების მსგავსად, ისიც წმინდანის, პავლე მოციქულის სახელობის იყო, ბოლო ორი წელია, დიეგო არმანდო მარადონას სახელს ატარებს – ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ლეგენდისა და 1984-91 წლებში ნაპოლის კაპიტნის, რომლის კულტიც ამ ქალაქში იმხელა აღმოჩნდა, რომ რომში წამებული მოციქულთა თავი, წმინდა პავლეც კი ჩაანაცვლა და ისიც თავისებურ წმინდანად იქცა, ყოველ შემთხვევისთვის, ადამიანად, რომელსაც სასწაულები შეეძლო.
სასწაული იყო 1987 წლის ნაპოლის პირველი სკუდეტო, რამაც ქალაქი ისე გააგიჟა, ცოცხლებს ეს ზეიმი მხოლოდ თავისთვის დაენანათ და იმავე დღეს, 10 მაისს, ნეაპოლის სასაფლაოს კედელზე უზარმაზარი წარწერა გაჩნდა: „არ იცით, რა დაკარგეთ!“.
იმავე 1987 წელს, მარადონას მიერ აღვლენილი კიდევ ერთი ასეთი სასწაულის ამბავი პაოლო სორენტინოს ბიოგრაფიას უკავშირდება – ოსკაროსანი ნეაპოლელი რეჟისორის, რომლის თინეიჯერობის მთავარი სიხარულიც, მშობლიური ქალაქის სტადიონზე, მარადონას მატჩებზე სიარულს უკავშირდებოდა. 16 წლისა, ორწლიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, მშობლებმა პაოლოს, როგორც იქნა, ნება დართეს და პირველად, საყვარელი საფეხბურთო კლუბის და თავდამსხმელის სანახავად „ნაპოლის“ გასვლით შეხვედრაზეც გაუშვეს ქალაქ ემპოლიში.
იმ ღამით პაოლოს დედ-მამა სახლში გაზის გაჟონვით გარდაიცვალა, ბიჭი კი, რომელიც მათთან ერთად უნდა ყოფილიყო, მარადონას სიყვარულმა იხსნა. რეჟისორმა იცის, რომ დიეგოსგან დავალებულია: სიცოცხლისთვის და შემოქმედებითი შთაგონებისთვის, ამიტომ მას ყველა დაჯილდოებაზე მადლობას უხდის, მათ შორის ოსკარზეც, რომელიც 2014 წელს, „დიდი მშვენიერებისთვის“ მოიპოვა. სიყმაწვილის წლებისა და ცხოვრების ამ ტრაგიკული ეპიზოდის შესახებ 2021 წელს ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი გადაიღო, რომლის სათაურადაც მარადონას ცნობილი სიტყვებია გამოტანილი – „ეს ღმერთის ხელი იყო“. ფილმზე საუბრისას, რეჟისორმა ცხოვრების მთავარი გმირი შემდეგნაირად მოიგონა:
„ჩემი ფილმი მარადონათია მოცული. ის ღვთაებრივი ფიგურა იყო და ამავდროულად ძალიან ადამიანური. ბოლო-ბოლო, თუკი ღვთაებრიობაზე კათოლიკური გადმოსახედიდან დავფიქრდებით, ღვთაებრივს ღრმა ადამიანურობა ახასიათებს. მან მოიცვა მთელი ქალაქი და განსაკუთრებით მე, იმ დროისთვის პატარა ბიჭი.
ცხოვრებას შევყურებდი და ვცდილობდი, მასში შესაძლო ენთუზიაზმი მეპოვა, რადგან სხვა მოზარდების მსგავსად, ენთუზიაზმით სავსე ცხოვრება არ მქონია. 80-იანი წლების ნეაპოლში ენთუზიაზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმა ბევრის ცხოვრებაში მარადონა იყო.
წინა თაობებისგან განსხვავებით, ჩვენ არ გამოვირჩეოდით პოლიტიკური, ან სხვა სახის, კულტურული, ინტელექტუალური, სახელოვნებო წარმატებებით. ჩვენთვის ეს ყველაფერი და ამ ყველაფერზე მეტი მარადონა იყო. ყოველივე ამას კი ფეხბურთთან საერთო ცოტა აქვს – დიდი ფეხბურთელები აქ ყოველთვის გვყავდა, მისთვის კი ფეხბურთი მხოლოდ ასავალი წერტილი იყო სულ სხვა სიმაღლეების დასაპყრობად”.
მარადონა იქცა რეჟისორის შთაგონებად და ფილმებად:
„მე დავიბადე ოჯახში, სადაც მშობლებს არასდროს დავყავდი კინოში, არასდროს ვყოფილვარ მუზეუმში. ზოგადად, ძალიან მცირე კავშირი მქონდა ხელოვნებასთან. ჩემი პირველი შეხება ხელოვნებასთან მარადონა იყო. ის თავად გახლდათ ფეხბურთის არტისტი”.
მარადონას სახელი რეჟისორის არაერთ ნამუშევარში ფიგურირებს: ბოლო ავტობიოგრაფიული ფილმის გარდა, ნახსენებია პირველივე ნამუშევარში „ზედმეტი ადამიანი”; „ახალგაზრდობაში“ ის შვეიცარიის მდიდრული კურორტის სტუმრებს შორის ისვენებს, HBO-ს სერიალებში „ახალგაზრდა პაპი“ და „ახალი პაპი“ კი ის ვატიკანის მთავარი რუხი კარდინალის და შემდგომში პაპის, ნეაპოლელი ანჯელო ვოიელოს კერპი, უფრო სწორედ კი, როგორც თავად უწოდებს – ღმერთია. ვოიელო თავისუფალ დროს მისი ბურთის კენწვლის კადრებს უყურებს, ხოლო რომაული რესტორნის პატრონს, რომელიც დიეგოს ამხელს და ამბობს, რომ ის დღემდე ნარკოდამოკიდებულია, ემუქრება და აფრთხილებს, რომ „აღარ გაბედოს ღმერთის სახელის ამაოდ ხსენება“.
ვოიელოს სამ ტელეფონს „ნეაპოლური სამების“ – იმდროინდელ თავდამსხმელებს: ინსინიეს, იგუაინის და ჰამშიკის ფოტოები ამშვენებს. საფეხბურთო კლუბი ნაპოლი, ვატიკანის ამ მთავარი რელიგიური ფიგურისთვის მეორე, შესაძლოა პირველი რელიგიაცაა: მას ღმერთივით ეთაყვანება და ქრისტეს მსგავსად განადიდებს. თუკი ეკლესიის წიაღში კარდინალი ძალიან რაციონალური, მიწიერია და ღვთის საკეთებელს თავად განაგებს – პაპებს ირჩევს, მღვდელმსახურებით მანიპულირებს და როცა საჭიროა, ინტრიგებს ხლართავს, საქმე მის საყვარელ საფეხბურთო კლუბზე რომ მიდგება, იქ თავად აღარაფერი შესწევს: ზებუნებრივ ძალებს უხმობს და ხსნას ზეციდან ეძებს. იმდენად, რომ ჯუდ ლოუს მიერ შესრულებულ ახალგაზრდა პაპს, ლენი ბელარდოს, ხანგრძლივი კომიდან გამოსვლისას შემდეგ, შემდეგი კითხვით მიმართავს:
- უწმინდესო, კომაში რომ იყავით, ნაპოლიზე ხომ არაფერი შეგიტყვიათ? მოვიგებთ სერია A-ს? იქნებ ჩემპიონთა ლიგა იყოს? ევროპა ლიგა?
პაპის საპასუხო ღიმილნარევი გამომეტყველება ვოიელოს დამაიმედებლად ენიშნება და ამ კეთილისმომასწავებელ ამბავს თავის ძვირფას მეგობარს, ჯიროლამოს შემდეგი სიტყვებით ახარებს: „ნაპოლი რაღაცას მოიგებს“.
ნაპოლი რაღაცას მოიგებს
ალბათ ვხვდებით, რა უნდა მომხდარიყო, როცა ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბში მათთვის სრულიად უცნობი ფეხბურთელი გამოჩნდა და ქომაგებმა მოულოდნელად აღმოაჩნინეს, რომ ფენომენალურ მოვლენასთან ჰქონდათ საქმე.
ხვიჩას მისვლამდე 2022 წელს კლუბი რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ნეაპოლელები ფიქრობდნენ, რომ ეს გუნდის დაშლასა და მათი ოცნებების დასამარებას უდრიდა. ძლიერებმა ნაპოლი დატოვეს, უძლიერესის ადგილას კი ვიღაც პატარა ბიჭი მოიყვანეს ბათუმის დინამოდან, ურთულესად წარმოსათქმელი სახელითა და გვარით - ხვიჩა კვარაცხელია.
სკეპტიკური დამოკიდებულება ნაწილმა ვერ დამალა და პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა იტალიელმა ჟურნალისტმა ხვიჩას ჰკითხა კიდეც პრეტენზიანარევი ტონით, თუ აცნობიერებდა, ვის ანაცვლებდა, ნეაპოლის სიმბოლოს – ლორენცო ინსინიეს.
ვინც არ იცის, ლორენცო ინსინიე, ვის პოზიციაზეც დღეს ხვიჩა თამაშობს, იტალიის ნაკრების წევრი და 2022 წლამდე ნაპოლის კაპიტანი იყო. ტანდაბალი ბიჭი, ქალაქის გარეუბანში, ღარიბ ოჯახში გაიზარდა და ბავშვობაში, ვარჯიშების პარალელურად, თავის სარჩენად და ოჯახის დასახმარებლად, ბაზრობაზე ტანსაცმლის გამყიდველად მუშაობდა, თუმცა ფეხბურთის სიყვარულმა და დაუღალავმა შრომამ, ინსინიე საყვარელი გუნდის კაპიტნად აქცია.
ინსინიე ნეაპოლელია ყველა გაგებით – იტალიურზე უკეთ ნეაპოლურად საუბრობს. გამოიყურება კლასიკური მოკაშკაშე ნეაპოლელივით: ტატუირებული, გარუჯული კანი უბზინავს, ბრილიანტის საყურეებს ატარებს, ადგილობრივ მოდაზე შეჭრილი, ახალ-ახალი ვარცხნილობებით დადის და ხასიათიც აშკარად შარანი აქვს. ეს ის კაცია, რომელსაც ნეაპოლის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკუთარ თავთან აიგივებს – ერთი მათგანი, თითით საჩვენებელი და სათაყვანებელი.
ხვიჩა კვარაცხელიამ, 21 წლის ქართველმა ბიჭმა, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ნეაპოლელს და არა თუ დიალექტზე, ჯერ იტალიურადაც კი არ ლაპარაკობს, მოახერხა და ამ ქალაქს, კლუბში მისვლიდან ორ კვირაში, ლორენცო ინსინიე დაავიწყა.
კაპიტანს, რომელსაც ცხარე ცრემლით მისტიროდნენ, დღეს ხვიჩას აღარც კი ადარებენ, ეს საკითხი არც კი განიხილება. ხვიჩა იქცა მათ ახალ სათაყვანო ობიექტად, აღმაფრენად, მოვლენად, რომლის მსგავსიც, მარადონას მერე არ ჰყოლიათ.
კვარამანია იმდენად დიდი და სახალისო გამოდგა, რომ განწყობის ასამაღლებლად, გირჩევთ ნაპოლის და ხვიჩას ფანკლუბებს ეწვიოთ ინტერნეტსივრცეში. განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა ხვიჩა თამაშობს და მითუმეტეს, თუ გოლი გააქვს – საზეიმო განწყობისა და გულის ამოვარდნამდე სიცილის გარანტიას გაძლევთ.
ხვიჩას ფოტოების ქვეშ ასეთ დღეებში სრული დღესასწაული და ფეიერვერკი იმართება. ქალიან-კაციანად ნეაპოლელები ტანთ იძარცვავენ და სიყვარულს ეფიცებიან, „ჩემო ცხოვრება“-თი მიმართავენ, სქესს იცვლიან და „ეძლევიან“, იმ გასაოცარი ნეაპოლური იუმორით, რომელიც ერთდროულად ბილწიცაა, საოცრად ნათელიც და გადაბჟირებამდე სასაცილოც.
ან რა ამბავი ატყდა, ხვიჩას რომ მანქანა მოჰპარეს – მთელი ნეაპოლის სახელით რომ უბოდიშებდნენ, უფასო მცველად დაგიდგებითო – სთავაზობდნენ, წუხდნენ, ჩვენზე გული არ აიცრუოს და მთელი ქალაქი ასეთი არ ვეგონოთო. როგორ დაიწყეს ქართულის სწავლა და ქართული ანბანის მრგვალი ასოების პლაკატებზე გადმოხატვა. როგორ ყვირის 55 000-იანი სტადიონი, იტალიელებისთვის წარმოსათქმელად თითქმის შეუძლებელ გვარს - კვარაცხელია. როგორ განიცადეს მისი ტრავმა. რა გულანთებულები უწერენ ხვიჩას დედას – ქალბატონო, მადლობა, რომ ეს ბიჭი გაგვიჩინეთო.
გულწრფელი განცდები, მათი სიყვარული და აღმაფრენა იმდენად დიდია, რომ შეუძლებელია, გული არ აგიჩუყდეს და არ აგაღელვოს. კვარაცხელიას თამაშის ყურებისას, ეჭვი არავის გვეპარება, რომ ყველგან ეყვარებოდათ, მაგრამ სამშობლოს გარდა, ალბათ, არსად ისე მძაფრად და გაგიჟებით, როგორც – ნეაპოლში.
მეოცნებე ბიჭის გამოჩენამ, რომელსაც თავი არ დაუზოგავს მიზნის მისაღწევად, სტადიონზე თამაშს მონატრებული ბავშვივით შერბის და გოლებს შეყვარებულს უძღვნის, ქომაგების ბავშვობის ოცნებებმაც გამოიღვიძა, აქაც და იტალიაშიც. მისი ენთუზიაზმი და მუხტი იმდენად გადამდებია, რომ მარადონა – სორენტინოს შემთხვევის არ იყოს, შეუძლებელია, მისმა თავდადებამ სხვებს არ მისცეს სტიმული და ვინ იცის, დიდი საქმეებისკენაც უბიძგოს.
ჩვენ ყველას ერთი ოცნება ნამდვილად გაგვიჩინა: ჩავიდეთ ან დავბრუნდეთ „მილიონიან ქალაქ ნეაპოლში“, იმ დიდი დღესასწაულის სანახავად, რასაც ხვიჩა კვარაცხელიას თამაში ჰქვია. ეს ბიჭი ისეთი ჩანს, ისტორიას ნამდვილად დაწერს, მასთან ერთად კი ნაპოლი რაღაცას მაინც აუცილებლად მოიგებს.
ავტორი: ირინა ბაგაური
ქავერ ილუსტრაცია: მარიამ დოლიძე