ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

პესკარელი ბიჭები | ტატო ჩანგელია

ევროპის ჩემპიონატი გახურდა და დამღლელი საკლუბო სეზონის მიუხედავად, გათამაშება მოსალოდნელზე უკეთესად მიმდინარეობს. ვნახეთ ბევრი კარგი თამაში და უკეთესის მოლოდინში ვართ. ტურნირის ერთ-ერთი სიმპათიური გუნდი იტალიაა. ბევრისთვის გასაკვირად, თუმცა ფაქტი ფაქტად, ჯერ-ჯერობით სხვა ვერც ერთი გუნდი ვერ აგორავებს ბურთს ასე ლამაზად. იტალიური ფეხბურთის მოძულეებიც კი ვერ მალავენ აღფრთოვანებას, თუმცა, ცხადია, როგორც ხდება ხოლმე, გაჩნდა ირონიული სკეპტიციზმი და ასეთი აზრი დაიბადა: თითქოსდა, ეს იტალიის ნაკრები, ყველაზე არაიტალიურ ფეხბურთს თამაშობს, შემტევსა და ლაღს.

 

რას არ იტყვის ჩასაფრებული ქომაგის თვალები.

 

იტალიის ნაკრების თამაში წმინდად აპენინური ესთეტიკის გაგრძელებაა. იტალიური დაცვა გვიკითხავს ამბავს ქვეყნის ისტორიაზე: საუკუნეების განმავლობაში, იტალიელებს არ ჰქონდათ ერთიანი სახელმწიფო, რა პერიოდშიც იტალია შეინარჩუნა და გადაარჩინა ოჯახის ძლიერმა სტრუქტურამ, ამიტომ მოკლე გეოგრაფიაზე ეფექტური კოლექტიური ქმედების მნიშვნელობას ეს ხალხი სულ სხვაგვარად ხედავს. ხოლო ფეხბურთში დაუწერელი კანონი არსებობს: თუ გუნდი ძლიერია დაცვაში, ესე იგი, გუნდურობასთან გვაქვს საქმე, კოლექტიურ ქმედებასთან, სადაც ინდივიდუალიზმი და ეგოიზმი უკანა პლანზე გადადის და უპირველესი, მხოლოდ ერთმანეთია.

ისტორიაც ამას ამბობს: რთულია გაუტანო იტალიას. მთელი ფენებია გასასვლელი, და თუ შეძელი და გაიარე და დარჩი კარის პირისპირ, იქ ჯანლუიჯი (მეორე) დონარუმა გხვდება, რომელიც, მყარად დგას ფეხზე და გუნდის საერთო მაჯისცემაზე ზურგიდან უდევს ხელი. იტალია სულ ასეთი ნაკრები იყო, იცვლება დრო და ცხადია ფორმები გარდაისახებიან, თუმცა შინაგანი განწყობა რჩება, და უცვლელი რჩება მთავარიც - რთულია გაუტანო იტალიას. 1994 წლის მხურვალე ამერიკულ მუნდიალზე, სადაც საკის ნაკრებისთვის საქმე მთლად იდეალურად არ წავიდა, ნაიკს ასეთი რეკლამა ჰქონდა წარმოდგენილი, ბანერზე დახატული პაოლო მალდინის ქვეშ მიაწერეს: Italy's goalkeeper - easiest job in Europe.

მაშინ ასე იყო: დაცვის ხაზი ლომბარდიის რეგიონში დაბადებულ ბიჭებს ებარათ, სულ სხვა ხალხი იყო, სხვა გაბარიტების, და საერთოდ, თუ ვინმე დამეკითხება, ვიტყვი, რომ იმ ფორმაციის სკუადრა აძურაზე ძლიერი ნაკრები, ძნელია ისტორიაში მოძებნო. დაცვის ხაზს რომ თავი დავანებოთ, გუნდში ოქროს ბურთის მოქმედი მფლობელი, რობერტო ბაჯო ირიცხებოდა. სხვებიც იყვნენ: დონადონი, მასარო, ალბერტინი, მთელი ტრიადა, სუპერვარსკვლავები და ვარსკვლავები, მწვრთნელად კი, ბევრის აზრით ყველა დროის საუკეთესო - არიგო საკი, მაგრამ რა ხეირი? ეს დიდი თაობა ისე წავიდა ფეხბურთიდან, ვერც ერთი სანაკრებო ტურნირი მოიგეს. მარტო კაპიტანი ბარეზია გამონაკლისი, მაგრამ ეს რა ჩასათვლელია, მაშინ თინეიჯერი ბარეზი სკამს ათბობდა და პაოლო როსის სიგიჟეებზე სწავლობდა თამაშს. 

იტალიის მოქმედი ნაკრები ბევრისთვის ანგარიშგასაწევ ძალად არ ითვლება, რადგან, თითქოსდა, არ არის თაობა, გუნდში არც ერთი სუპერვარსკვლავი არ იძებნება, თუმცა, ეს იტალიისთვის არაფერს ნიშნავს. მანჩინის ნაკრებს ერთი ძალიან იტალიური თვისება აქვს: პირველი მცველი ჩირო იმობილეა, ხოლო პირველი შემტევი ჯორჯო კიელინი. მაშ ასე, ყველა ერთად ცდილობს გოლის არ გაშვებას და ყველა ერთად ცდილობს კარში შეღწევას. ეს მთავარი კონცეფციაა, რაზეც რობერტო მანჩინის საფეხბურთო აზროვნება დგას.

იტალიური ფეხბურთის ტრადიცია ასევე გვეუბნება: ისინი ფეთქდებიან მაშინ, როცა მათგან არავინ ელის აფეთქებას. როცა მთავარ ფავორიტებად არიან შერაცხილები, ბევრი ვერაფერი გამოსდით, თუმცა თუ მარგინალებად გრძნობენ თავს, იწყებენ და ვერავინ აჩერებთ. და საერთოდ, თუ იტალიის კერკეტი კაკალი გუნდი, ჯგუფური ეტაპის დაძლევას შეძლებს, მაშინ ის აუცილებლად ითამაშებს ფინალს - ასეც ამბობს ტრადიცია.

Ბევრის აზრით, იტალიაში არ არის თაობა, თუმცა რაზედაც აქ, ტექსტში მოვიყარეთ თავი, ზუსტადაც ამ აზრის ანტითეზაა და ერთი პატარა და, როგორც იტალიელებს შეეფერებათ, ჯადოსნური ამბის გახსენება გვაქვს ჩაფიქრებული: ათი წლის წინ იტალიის რანგით მეორე ლიგაში, სერია ბ-ში, გამოჩნდა ბათუმზე ორჯერ უფრო პატარა ზღვისპირა ქალაქის, პესკარას გუნდი, ჩეხი კაცის, ზდენეკ ზემანის მეთაურობით. მწვრთნელი ფილოსოფიით - ფეხბურთი შოუა, უპირველესი კი არა შედეგი, არამედ სანახაობაა. ზემანის გუნდში, სამი ფეხბურთელი ირიცხებოდა დღევანდელი იტალიის ნაკრებიდან - ჩირო იმობილე, ლორენცო ინსინიე და თავად ამ პატარა და მშვენიერ ზღვისპირა ქალაქში დაბადებული - მარკო ვერატი.

ჩეხი შეშლილის პესკარა კლასიკური 4-3-3 ტაქტიკით აჩვენებდა 2011-2012 წლების სეზონის ულამაზეს ფეხბურთს, შესაბამისად შედეგიც სათანადო მოვიდა - პირველი ადგილი და დაწინაურება ელიტაში. „დელფინებმა“ სეზონი შესანიშნავად დახურეს - 90 გოლის გატანა შეძლეს, ცნობისთვის, მეორე ადგილოსან „ტორინოს“ 57 გოლი ჰქონდა გატანილი, ხოლო პესკარელების შემდეგ, ყველაზე უკეთესი შედეგით რეჯინა იწონებდა თავს, მათ 63 გოლის გატანა შეძლეს. მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება იმ ხანად, ამ პატარა და ლამაზი ქალაქის გუნდზე მიემართებოდა  და სამი მთავარი ფეხბურთელიც მიზანში ამოიღეს. ჩირო იმობილემ სეზონში 28 გოლის გატანა შეძლო და ბომბარდირი გახდა, ლორენცო ინსინიემ 18 გოლს 14 ასისტი დაამატა. მარკო ვერატის შემთხვევაში სტატისტიკა ვერაფერს მოგვცემს, მხოლოდ 6 საგოლე გადაცემით იწონებს თავს, თუმცა სტატისტიკას რომ თავი გავანებოთ, ის გუნდის ფილტვები და მთავარი ძალა გახლდათ. და მალევე, იტალიელ „დელფინს“ ზვიგენებმა დაადგეს თვალი.

აქვე ვართ და ზემანის პალერმოც გავიხსენოთ, ჩეხი მწვრთნელი სიცილიელების ბავშვთა გუნდს წვრთნიდა და მთელი რიგი ტალანტები აქცია სრულფასოვან ფეხბურთელად. არაფერი მნიშვნელოვანი თავის კარიერაში არ მოუგია, თუმცა თავისი სტილი ჰქონდა და წვლილი იტალიის მოქმედ ნაკრებზეც მიუძღვის. მარკო ვერატიც მისი გამოწვრთნილია, თავდაპირველად ვერატი კლასიკური ათიანის პოზიციიდან ანაწილებდა თავის მშვენიერ მოხვეულ პასებს, ზემანმა კი რეჯისტას პოზიციაზე გადმოიყვანა და სიღრმიდან მარკოს მოჭრილმა პასებმა მეტი კაშკაშით დაიწყეს ნათება. ასეთი კაცის გუნდი, როგორც ზემანია, ყოველთვის თამაშობს ფეხბურთს, ნამდვილს, მაგიურს და ცოტა საკრალურს, რადგან ორიენტირებულია არა შედეგზე, არამედ სანახაობაზე. იტალიელი პოეტი და ფეხბურთზე გაგიჟებული პაზოლინი წერს: ფეხბურთი სამყაროს უკანასკნელი საკრალური სანახაობააო. სიმართლისთვის და რომანტიკის მოხსნისთვის უნდა ითქვას, რომ ეს სიტყვები სხვა დროში და კონტექსტში არსებობს, ჯერ ფეხბურთი რომ სავაჭრო გასტრონომიად არ იყო ქცეული, არც სუპერ ლიგების იდეები იბადებოდა და ბევრი რომ არ გავუტიოთ, ერთი სიტყვით, იმდენი ფული არ დნებოდა ხელებში, როგორც დღეს. ახლა კი, თანამედროვე ფეხბურთში მომრავლდნენ შედეგზე ორიენტირებული საფეხბურთო მწვრთნელები, რომლებიც ფეხბურთს აცლიან მთავარ მაგიურ ელემენტებს. ასეთ დროში, ზემანივით ხალხი ერთი რომ სანთლითაა საძიებელი, მეორე კი გასახსენებელიც და დასაფასებელიც, თანაც ახლა, როცა იტალიის ნაკრები საოცარ ფეხბურთს გვაჩვენებს, და ამ ამბავში მის სამ მეკობრეს მიუძღვის დიდი როლი. მისი პესკარა დიდი საფეხბურთო ზეიმი იყო, არასაფეხბურთო ტრადიციების მქონე პატარა ქალაქიდან დაწყებული დიდი ამბავი, რომელიც დღესაც ბჟუტავს იტალიის ნაკრებში.

„პესკარელებს“ სევდიანი ისტორია აქვთ, შესანიშნავმა ტრიომ გუნდი კი დააწინაურა სერია ა-ში, თუმცა, სანამ იტალიური საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა დაიწყებოდა, დაიშალნენ. შეიხების მიერ შეძენილ პარიზულ გუნდში მწვრთნელად კარლო ანჩელოტი მიიყვანეს, დიდი გეგმებით. პაპა კარლომ იტალიაში მოთამაშე ფეხბურთელებს დაადო თვალი და დიდი რაოდენობით გამოზიდა, ამბავში მოჰყვა მარკო ვერატიც. ფულმა და ანჩელოტის გავლენამ, იტალიას მოჰპარა მარკო და ის უკვე წლებია ბევრისთვის პარიზული გუნდის მთავარ მოქმედ ძალად ითვლება. ცოტა ხანში დარჩენილი ორიც მიჰყვა და ვნახეთ რაც გააკეთეს, ჩირო იმობილემ არც აცია, არც აცხელა და სერია ა-ს რეკორდი გაიმეორა ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, ოქროს ბუცის მფლობელობაც ჩაიწერა რეგალიაში. ლორენცო ინსინიე კი დროთა განმავლობაში ნეაპოლელთა ლეგენდად ჩამოყალიბდა და თუ ვინმე მკითხავს, დიდი დიეგოს შემდეგ, „ნაპოლის“ მაისურით მასზე უკეთ ბურთი არავის უგორავებია. ერთი სიტყვით, ბიჭებმა სერია ა-ში ერთად თამაში ვერ მოასწრეს და თითქოს დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდაც დატოვეს, სხვა ტრიუმფის მოლოდინი. ათი წლის თავზე კი, კვლავ გადაეყარნენ ერთმანეთს, ამჯერად ეროვნული ნაკრების ფორმაში და დარწმუნებით ითქმის, რომ აქ შეეცდებიან პატარა ზღვისპირა ქალაქში დაწყებული ჯადოსნური ისტორიის დასრულებას.  არ ვიცი, რაღაცით ეს იტალიის ნაკრები ძალიან მაგონებს მაშინდელ „პესკარას“ - შეტევაზე ორიენტირებული გუნდი, შეკაზმული მანჩინის პრაგმატიზმით და შედეგად - ყველაზე მაგარი ფეხბურთით.