გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამსტერდამი | შოთა არველაძე

ამსტერდამ არენაზე პირველი გოლი 15 აგვისტოს გავიტანე, 1997 წელს. თარიღი კარგად მახსოვს, გიორგუნა გამიჩნდა ამ დღეს. ჩემი პირველი თამაში იყო აიაქსში, ახალი გადასული ვიყავი ტრაბზონიდან. შეცვლაზე შევედი ისე, რომ 1:0-ს ვაგებდით მეათე წუთიდან. თამაშიც მთავრდებოდა უკვე, ოთხმოცდამეათე წუთი იყო მგონი. კაი გოლი გამოვიდა, ლაუდრუპმა ჩააწოდა და ცოტა უხერხული მდგომარეობა შეიქმნა, ფეხის სიმაღლეზე მქონდა ბურთი, მაგრამ ინსტინქტურად თავით წავედი რატომღაც. მოვარტყი. შევაგდე. 1:1 მორჩა ეგ თამაში.  

მაგარი სტადიონია ისე. მგონი ერთ-ერთი პირველი იყო ევროპაში, ეგეთი სახურავით. ამერიკაშია უფრო ასეთი სტადიონები, ევროპაში მაშინ ნაკლებად იყო. თავიდან რომ მივედი მაგრად წვიმდა, შევედი სტადიონზე და დარბაზივით, გადახურული, მშვენიერი ბალახით. მეთქი - ვაა. ერთხელ მახსოვს ბალახი გაფუჭდა თამაშის დროს, მეორე თამაშზე უკვე გამოცვლილი იყო, ახალივით. გამიკვირდა, ასე ხალიჩასავით როგორ აგებენ ბალახს-მეთქი. მიყვარდა ეგ სტადიონი, ერთი წლის გახსნილი იყო მე რომ გადავედი აიაქსში და სულ 51 გოლი გავიტანე მანდ. როცა ამსტერდამიდან წამოვედი, ყველაზე მეტი გოლი მე მქონდა არენაზე გატანილი, მერე გადამასწრეს სუარესმა და ჰუნტელაარმა. 

ახლა, ევროპის ჩემპიონატის თამაშებს, ჰოლანდია ამ სტადიონზე თამაშობს. უკვე კრუიფის სახელი ქვია. უმნიშვნელოვანესი ადგილია ჰოლანდიური ფეხბურთისთვის, მათი კულტურის, ფილოსოფიისთვის. ამსტერდამი არავის წარმოუდგენია ამ კლუბის და სტადიონის გარეშე. დიდი ქალაქიც არაა თან, სადღაც თბილისის ზომის და რამხელა წარმატება აქვთ. ამიტომ უყვართ ალბათ გუნდიც და ფეხბურთიც ასე ძაან. თქმა რომ იციან, კარგად ვითამაშოთ მაგრამ წავაგოთო, იქ ხვდები რომ მართლა ეგრეა. შეიძლება მოიგო მატჩი, მაგრამ გულშემატკივარი მაინც უკმაყოფილო დაგრჩეს, ჩვენი ფეხბურთი ვერ ითამაშაო იტყვიან, ეგ კრუიფის ფილოსოფია არააო. 

მიდის ახლა ეგეთი ლაპარაკი ჰოლანდიაში, მაგრამ მგონია რომ ტყუილად. ფრანკ დე ბური ხუთი მცველით ათამაშებს გუნდსო, სანახაობრივი არააო, არააჰონალდიურიაო. მაგრამ ეს ხომ არაა ახალი ჰოლანდია, არა? 2014 წელს, როცა ბოლოს მიაღწიეს წარმატებას მსოფლიოზე, ლუის ვან გაალი იყო მაშინ მწვრთნელი და იმისთვისაც არ იყო უცხო ეგ ტაქტიკა, 5-3-2. ხანდახან ფეხბურთში სქემაზე მნიშვნელოვანი ისაა, თუ როგორ ათამაშებ ამ სქემას. რეალურად, 5-3-2 შეიძლება 3-4-3 გახდეს, თუ ისეთი მცველი გყავს, ფეხით თამაში რომ შეუძლია კარგად. მაგალითად, აიაქსში როცა ბლინდი გვყავდა, ბურთს რომ ვიჭერდით ხშირად ამოდიოდა დაცვიდან და საყრდენად დგებოდა. ასეთ ფეხბურთს ჩვენ აიაქსშიც ვთამაშობდი, აბა რა არის ამაში არაჰოლანდიური? მაგრამ ფრანკმა რაღაც ვერ დაალაგა მაინც...

მწვრთნელს შეუძლია თქვას, რომ მას სურს უპირატესობის შექმნა მოედანზე, რომ აპირებს ბურთი ეჭიროს 60-65% დროის და ამის მიღწევა შესაძლებელია 3-4-3 ტაქტიკით. ამ დროს ზედმეტ ფეხბურთელს ამატებ ნახევარდაცვაში და ქმნი პოზიციურ უპირატესობას. კიდევ არის ასეთი წყობა, მექსიკური სისტემაა 3-2-3-2, სხვათა შორის ძაან საინტერესო სისტემაა, ყველა რგოლში ფაქტობრივად ზედმეტ ფეხბურთელს ამატებ და ინტენსიური თამაში მიდის. ფრანკმა იცის, რომ ჰოლანდიაშია და დიდი სკოლა აქვთ იქ ტაქტიკის. ბავშვობიდან ისე ზრდიან ფეხბურთელებს, რომ ძალიან განსწავლულია ყველა, მარტივად შეუძლიათ გადალაგდნენ და ახალ სქემებს მოერგონ. ამას ცდილობს ფრანკიც, რომ მოქნილი ფეხბურთი ითამაშოს, ხშირად შეცვალოს სქემა, ზედმეტი კაცის დამატებით მოიგოს ზონები. ვნახოთ, როგორ გამოუვა.

მაგრამ აქ მთავარი დავალებაა და ასევე ის, თუ ვის ათამაშებ. როცა 5-3-2-ს თამაშობ შემტევი ფლანგელი მცველებით, მაგალითად კარლოსით, ან კაფუთი ან მარსელოთი, ისინი მთელ ფლანგს იკავებენ და გუნდის შემტევ პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებენ; მეორე ამბავია დავალება - მაგალითად შეიძლება გყავდეს კარლოსი და უთხრა რომ უკნიდან ითამაშე, წინ არ წახვიდე და არ გამოვიდეს კარგად, ან გყავდეს ფლანგელი ვისაც არ შეუძლია წინ წასვლა და შენ ეუბნებოდე, რომ აიწიე წინ, დაიკავე მთელი ფლანგი, არც ასე გამოვა. დიდი მნიშვნელობა აქვს ცენტრალურ მცველსაც, ვინ გყავს ასეთ დროს, კარგი 5-3-2 რომ ითამაშო, ხუთი მცველის შუაში ბურთით კარგად მოთამაშე ფეხბურთელი გჭირდება. თუ ხიზანა გყავს მაგალითად, შეგიძლია უთხრა რომ როცა ბურთი გვიჭირავს 15 მეტრით წინ ამოიწიე და იქ ითამაშე, საყრდენად დადექი. ან ჩივაძე გყავდეს და იმას თქმა არ სჭირდებოდეს საერთოდ, ისედაც ეგრე თამაშობდეს. მაგრამ თუ კალაძე ან ამისულაშვილი გყავს, შეიძლება ეგრე მარტივად ვერ ითამაშო ბურთი. ყველა ფეხბურთელი ხომ ერთნაირი არაა და ყველას ერთნაირი თვისებები ხომ არ აქვს, არა?!

უკრაინასთან თამაშს ვუყურე, გამოუვიდა ჩანაფიქრი ფრანკს მაინც, თამაში მოიგო. რომ ვთქვათ, რომ ეს ისეთი ჰოლანდიაა, რომელსაც ნისტელროივით ან კლუივერტივით მაგარი თავდამსხმელი ჰყავს, ან რობინივით გარემაბრი, არ არის ეგრე. მაგას რა დიდი ცოდნა ან მიხვედრა უნდა. მთავარ ვარსკვლავებად ვაინალდუმი, დეპაი ან დე იონგი ითვლებიან, მაგრამ ნუ ესენიც არ ვიცი, გააჩნია ვის შეადარებ. დანარჩენები უბრალოდ კარგად ნამეცადინები ხუთოსნები არიან და არავითარ შემთხვევაში - სუპერბიჭები. ფრანკმა კარგად იცის ეგ და ცდილობს საუკეთესო გამოიყვანოს. საერთოდ ჰოლანდიაში, ძალიან დიდი პრესია გუნდზე გულშემატკივრებისგან, ჟურნალისტებისგან, ყველა არხზე რაღაცას ბჟუტურებენ... ზიან, არჩევენ დე ბურს, კრუიფს, ვან გაალს. გუნდმა თუ წააგო ყოველთვის მწვრთნელი აგებს პასუხს და მერე ეტყვიან მარტო: „აგერ ძმაკაც, თუ გინდოდა გეთამაშა ეგ შენი 5-3-2, ვის ერიდებოდი, მწვრთნელი არ იყავი?!“ - შენ რა, გგონია ვან გაალს არ ჰყავდა კრიტიკოსი? მაგრამ წავიდა და ითამაშა თავისი ფეხბურთი და წამოიღო მესამე ადგილი.

ფრანკი თავისებური ტიპია თან, ჯიუტია და ვიცი რომ თავისას მაინც გააკეთებს. იცის რომ ახლა თვითონაა პასუხისმგებელი და მას მოთხოვენ ცუდი შედეგისას. კაი ბიჭია ძაან, საქმიანი. ტყუპებიც განსხვავებულები არიან ერთმანეთისგან. ეს უფრო ჩაკეტილი და მიზანმიმართულია რაღაცნაირი, თავისი ამოჩემებული იდეებით. ამიტომ ვამბობ, რომ არ გავს არავის, არც ვან გაალს და არც კუმანს და არავის, თავისებური კაცია და თავისებური მწვრთნელი. წარმოიდგინეთ, წინ გრძელი პასი არ უყვარს მწვრთნელობაში, სულ უშლის თავის ფეხბურთელებს, ამბობს ტყუილად იკარგება ბურთიო. არადა, როგორც ფეხბურთელი ამით იყო ცნობილი, ულამაზესად იცოდა დაკიდება საჯარიმოში თავისი ნახევრიდან, ბერგკამპს რა პასი მისცა გახსოვთ? არგენტინასთან... რა უცნაური ამბავია, რომ ამ პასის ავტორი, მწვრთნელობაში წინ გრძელი პასის მოწინააღმდეგეა. ისე, ეგეთი თქმა იციან ფეხბურთში, იმ ფეხბურთელს რა ვუთხარი მწვრთნელის დავალებას რომ არ ასრულებს, მაგრამ იმ ფეხბურთელსაც რა ვუთხარი მარტო მწვრთნელის დავალებას რომ ასრულებსო. შეიძლება ფრანკიც ელოდება იმას, ვინც არ დაემორჩილება ამაში და მასზე უკეთეს პასს გაჭიმავს საკუთარი მოედნიდან, მეტოქის საჯარიმოში. აი ეგ იქნება ნაღდი ჰოლანდიური სილამაზე. ფეხზე რომ წამოუდგება ამსტერდამი და ტაშით დაანგრევს ქალაქს.


ტექსტი: დათო ჩიხლაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა