სამი ქვეყნის ჩემპიონი | ლევან ბერძენიშვილი
გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ დასტამბული შოთა არველაძის „გუშინ. ჩემი ამბავი“ ავტობიოგრაფიული წიგნია, დაწერილი სიყვარულით, თბილად და ოსტატურად. საინტერესოა, რომ შოთა არველაძე მწერალიც ისეთი აღმოჩნდა, როგორიც ფეხბურთელი იყო და წიგნის ფურცლებზეც ისეთი ოსტატობა გამოავლინა, როგორც ფეხბურთის მოედანზე ავლენდა ხოლმე.
შოთა არველაძე არველაძეების გვარის უმთავრესი წარმომადგენელია და თხრობასაც იმ ფაქტის აღნიშვნით იწყებს, რომელიც „კლანისთვის“ მნიშვნელოვანია: იგი 1973 წლის 22 თებერვალს დაიბადა და ოცი წუთით დაასწრო ამქვეყნად თავისი მთავარი ადამიანის, ძმის, კოლეგისა და მეგობრის, ტყუპისცალი აჩის დაბადებას. აჩისადმი სიყვარული, პატივისცემა, თავდადება ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა. ვთქვათ ასე: აჩისთან ერთად დაბადება შოთა არველაძის პირველი გამართლება იყო ამქვეყნად მოვლენის პირველივე წუთებიდან.
მეორე მისი გამართლება იყო, რომ ისეთ ქვეყანაში დაიბადა, სადაც ფეხბურთის გულშემატკივარი ორ ბილეთს ყიდულობდა, რომ რომელიღაც სათაყვანო ფეხბურთელისათვის ახლოდან ეყურებინა ორივე ტაიმის განმავლობაში. ეს უნიკალური აბავი რომ ახსენა ავტორმა, მე ჩემი გამახსენდა: ბათუმიდან ჩამომიყვანა მამამ, ფეხბურთზე წავედით „ლოკომოტივის“ სტადიონზე და მამაჩემმა ოთხი ბილეთი იყიდა, პირველი ტაიმის შემდეგ ადგილი გამოვიცვალეთ, დიაგონალზე გადავაადგილდით, რომ მიშა მესხის თამაშისთვის „სწორი“ ადგილიდან მიგვედევნებინა თვალი. სხვათა შორის, იმ საფეხბურთო საოცრებებს შორის, ჩვენს ქვეყანაში რომ მომხდარა, შოთა არველაძე განსაკუთრებული სითბოთი აღნიშნავს, რომ იმ ქვეყანაში მოევლინა სამყაროს, სადაც მიშა მესხის მარცხენა ფეხის ბუცის ქანდაკება დადგეს.
კიდევ ერთი გამართლება ჰქონდა შოთა არველაძეს, ის ისეთ ქვეყანაში დაიბადა, სადაც პოპულარულმა პოეტმა კაცმა თავის ქალიშვილს (!) თავისი საყვარელი ფეხბურთელის მეტსახელი, „ბასა“ დაარქვა.
გამართლებები არ მთავრდებოდა, მამამ შვილებს ზღაპრული საჩუქარი გაუკეთა და ბავშვები „ავაზაში“ მიიყვანა (მათი უფროსი ძმა, რეზი უკვე თამაშობდა იქ). ამ ყველაფერს მთავარი გამართლება მოჰყვა: ბუნებრივმა ტალანტმა, შრომისმოყვარეობამ, თავდადებამ, ვაჟკაცობამ, პატიოსნებამ, შესანიშნავმა ხასიათმა, თითქმის აჩის დონის იუმორის გრძნობამ და უამრავმა სხვა კეთილმა თვისებამ შოთა არველაძისგან ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და წარატებული ქართველი ფეხბურთელი ჩამოაყალიბა, რომელმაც გატანილი გოლების, მოპოვებული ტიტულების, სათამაშო გეოგრაფიისა და მთელ მსოფლიოში თაყვანისცემლების რაოდენობით, სპორტული ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, რეკორდები მოხსნა: სამი ქვეყნის ჩემპიონი, ოთხი ქვეყნის თასის ფლობელი, თორმეტი საფეხბურთო ფინალის მომგები, საქართველოს ჩემპიონი 1992, 1993; საქართველოს თასის მფლობელი 1993; თურქეთის თასის მფლობელი 1995; თურქეთის პრეზიდენტის თასის მფლობელი (სუპერ თასი) 1995; თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელი ფეხბურთელი და ბომბარდირი 1996; ჰოლანდიის ჩემპიონი 1998; ჰოლანდიის თასის მფლობელი 1998, 1999; შოტლანდიის ჩემპიონი 2003, 2005; შოტლანდიის თასის მფლობელი 2002, 2003; შოტლანდიის ლიგის თასის მფლობელი 2002, 2003; საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი ჟურნალისტთა გამოკითხვით (გამოკითხვას ატარებდა გაზეთი „სარბიელი“) 1994, 1998, 2007... საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი სპეციალისტთა გამოკითვით (გამოკითხვას ატარებს საქართველოს პროფესიული ფეხბურთის ლიგა) 2006, 2007.
რამდენი წელია გასული და ორიოდე წლის წინ თურქეთში სამეცნიერო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ სახელგანთქულმა თურქმა პროფესორმა მკითხა, შეიძლება ისეთი შეკითხვა დაგისვათ, რომ არ ელითო? მე, რა თქმა უნდა, მასპინძელს ამის უფლებას როგორ წავართმევდი და მეგონა, პოლიტიკურს მკითხავს რაღაცას-მეთქი და დავიძაბე. მან კი მკითხა, ალთინ იკიზლერს თუ იცნობო? ალთინ იკიზლერს ვინ არ იცნობს-მეთქი, გახარებულმა ვუპასუხე და დავამატე, არის რაღაც კეთილი იმაში, პატარა ქვეყანა რომ ვართ და ოქროს ტყუპებს, ძმებ არველაძეებს პირადად რომ იცნობს მთელი საქართველო-მეთქი.
მსუბუქი ენა აქვს შოთა არველაძეს. წიგნში გაიელვებს ყველა ქართველისთვის ნაცნობი თემები, „ავაზა“, 35-ე სკოლა, პანტიანი და მანქანის აკუმულატორზე მომუშავე ტელევიზორებში ნანახი ფეხბურთი (აქ მე ბათუმში თურქეთისკენ შებრუნებული ანტენებიც მახსენდება, რომელთაც „კაგებე“ დასდევდა), „ლივერპულთან“ გამარჯვება, თასების მფლობელთა თასი...
განსაკუთრებით დამამახსოვრდა დიდ ფეხბურთთან ზიარების წიგნში გახსენებული პირველი დღე, როდესაც ხუთი წლის ბავშვი „დინამოს“ სტადიონზე პირველად აღმოჩენილა. ჩემთვისაც დაუვიწყარი დღეა 1979 წლის 3 ოქტომბერი. ამ დღეს, წმინდა ინგლისურ ამინდში, წვიმიან თბილისში ჩვენი „დინამო“ საქვეყნოდ ცნობილ „ლივერპულს“ შეხვდა და 3:0 დააარცხა. ამ დღიდან მე წვიმა, სამხრეთის ბედნიერი ტრიბუნა, გუცაევის პირველი ზღაპრული გოლი, ჭილაიას ფანტასტიკური დრიბლინგი და შენგელიას გოლი, სტადიონზე გადასული მაყურებელი, მაჩაიძისა და ყიფიანის ოსტატობა, გუცაევის მოპოვებული პენალტი, საშა ჩივაძის გოლი, სტადიონიდან ტრადიციულად ფეხით წამოსვლა, სასტუმრო „აჭარასთან“ ატირებული ინგლისელი გულშემატკივრები მახსოვს... პატარა შოთას კი მამის სიტყვები დამახსოვრებია, ხელი არ გამიშვათო, ბავშვებს რომ ეუბნებოდა...
შოთა არველაძე ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, წერაც ასეთი ცოდნია. აი, მაგალითად: „ვინმეს ათი წლის წინ რომ ეთქვა, არველაძე და ქინქლაძე „აიაქსში“ ერთად ითამაშებენო, ალბათ, ასათიანზე გააქანებდნენ, მაგრამ ცხოვრება ბევრ სხვა გამოწვევებში გვითრევდა და მეც დიდი მონდომებით ველოდი მათ...“
ან კიდევ: „ძალიან მინდა, რომ ფეხბურთი ჩემი გიორგუნასთვისაც ის იყოს, რაც ჩემთვის იყო ბავშვობაში. მას არ უკვირს არც „ამსტერდამ არენა“ და არც „აიბროქსი“, არც „სელტიკ პარკი“, არც „ჰემდენ პარკი“ და არც სხვა ცნობილი სტადიონები. ჩემთვის კი ეს დიდი ოცნება იყო. მესმის, რომ ახლანდელი ბავშვები ჩვენი თაობის ბავშვებისგან განსხვავებულები არიან, მაგრამ მისი გულგრილი დამოკიდებულება ფეხბურთისადმი საკმაოდ გულსატკენია. ჩემი გიორგუნა, აჩის რეზი, რეზის ვატო და ნიკა... გვარის გამგრძელებლები ჩვენს ოჯახს, ღმერთის წყალობით, არ აკლია, მაგრამ არ ვიცი, რომელიმე თუ გამოვა ფეხბურთელი... და თუ ვერ ითამაშებენ, ალბათ მე, აჩი, რეზი და კიჭა გავგიჟდებით!.. გავგიჟდებით, ნამდვილად გავგიჟდებით!..“
ცხოვრებამ დიდი ფეხბურთელები შეახვედრა და დაამეგობრა: ზლატან იბრაჰიმოვიჩი, მიკაელ ლაუდრუპი, ედვინ ვან დერ სარი, რონალდ დე ბური, ფრენკ დე ბური, კლაუდიო კანიჯა, რაფაელ ვან დერ ვაარტი, მიკელ არტეტა, ბრაიან ლაუდრუპი, არტურ ნიუმანი, კლაუდიო რეინა, მაიკლ მოლსი, ტორე ანდრე ფლო, ბარი ფერგიუსონი, ლორენცი ამორუზო, შტეფან კლოსი, კრისტიან ნელინგერი, გრეკ მორი, ანდრეი კანჩელსკისი... და მაინც ყველაზე მეტად ახლაც იმაზე წუხს, გიო ქინქლაძემ ფეხბურთში იმის ნახევარიც ვერ გააკეთა, რაც შეეძლოო, სხვამ შეიძლება აპატიოს, მე ვერ ვაპატიებო.
წვრთნელების სიაც შთამბეჭდავი გამოუვიდა: გიგა ნორაკიძე, გივი ნოდია, დათო ყიფიანი, საშა ჩივაძე, რეზო ძოძუაშვილი, ვოვა გუცაევი; უცხოელები: ალან ჟირესი, ტოპმიოლერი, შენოლ გიუნეში (რომელმაც თურქეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოუტანა), მორტენ ოლსენი (დანიური ფეხბურთის ლეგენდა და შემტევი, ლაღი სტილის მიმდევარი), დიკ ადვოკაატი (ჰოლანდიელი სპეციალისტი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია), ასევე ჰოლანდიელი კო ანდრიანსე, ალექს მაკლიში (შოტლანდიელი, ბრიტანული სამწვრთნელო სკოლის ტიპური წარმომადგენელი), ლუი ვან გაალი...
ეს წიგნი, რა თქმა უნდა, ფეხბურთზეა, მაგრამ არა მხოლოდ. ეს წიგნი სიყვარულზეა, მათ შორის მშობლების, ოჯახის, სამშობლოს სიყვარულოზე და კიდევ ერთ კაცზე, რომელიც ამ ყველა სიყვარულს აერთიანებს – ტყუპისცალ ძმაზე. სხვადასხვა ადგილას მყოფებს ერთი და იგივე სიზმარი გვინახავსო, აბობს შოთა არველაძე და მეც სიზმარი მგონია ის თავბრუდამხვევი კარიერა, რომელიც ამ შესანიშნავ ფეხბურთელს ჰქონდა.