გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
მე ვარ საქართველო ფეხბურთი ევროპის ჩემპიონატი ვილი სანიოლი ხვიჩა კვარაცხელია ჟორჟ მიქაუტაძე ნიკოლოზ ტაბატაძე გიორგი ქოჩორაშვილი კვარა ქოჩორა EURO 2024

ღიმილი მოწყენილობის დროს | ნიკოლოზ ტაბატაძე

სანამ საკლუბო ფეხბურთი კარს ისევ შემოაღებს, სანამ დასრულებული ევროს კონსპექტებს მტვერი დაედება, საფეხბურთო ამბივალენტურობაში დაკარგვა ვცადოთ.

ჩემი ნება რომ იყოს, ამ ზაფხულის ცხელ-ცხელ ამბებს თამაშის სკეპტიციზმს დავარქმევდი. რატომ სკეპტიციზმი? ანდა, რატომ ამბივალენტურობა?

იმიტომ, რომ საგრძნობი პაუზის შემდეგ, ისევ აღმაფრენა იყო, ვარსკვლავებით გადაჭედილმა გუნდებმა ფეერიული ტურნირის მოლოდინი ისევ გააჩინეს და შედეგად, საგრძნობი იმედგაცრუება მივიღეთ. ეს განცდა უნივერსალური არ ყოფილა, ყველასთვის არ დაუტოვებია უსიამოვნო გემო, ზოგი სულაც კმაყოფილი დარჩა, თუმცა ძველი დროის სენტიმენტებში დაკარგულებს, თავიანთი არგუმენტებიც მრავლად ჰქონდათ.

ფეხბურთის განვითარებამ და მისი დაქვემდებარების მოსურნეთა ძალისხმევამ შედეგი ძალდატანების გარეშე გამოიღო. გადაშენდნენ ჯადოქრები. დაიკარგა ფეხბურთის ყველაზე მშვენიერი პოზიცია, 10-იანი. ცოტა ხნის წინ, პენსიაზე გავიდა თავისი თაობის ნახევარმცველთა შორის ტექნიკური სრულყოფილების ნიმუში, ტიაგო ალკანტარა. მის იდეებს რომ გაუგო, საერთოდ არაა საჭირო, რაიმე ვერბალურად მოგითხროს. თამაშის მისეული მანერაც კმარა. ტიაგოს გულმა მაინც ვერ მოუთმინა და თანამედროვე საფეხბურთო სკეპტიციზმის თეორიას ერთ-ერთი პირველი სწორედ ის გამოეხმაურა.

„გაერთე პასუხისმგებლობით“ - იყო ლეგენდარული მაზინიოს ცხოვრების კრედო და ეს ღირებულება შვილსაც გადასცა. ტიაგოც ერთობოდა, სპორტსა და ხელოვნებას ერთმანეთს დახვეწილად უხამებდა და პასუხისმგებლობის ნაწილშიც არაფერი დაუკლია. საკლუბო დონეზე მოიგო ყველაფერი, რისი წარმოდგენაც შეიძლება.

ალკანტარა ნაწყენია, ამბობს, რომ მატჩების უმრავლესობა აღარ შეიხედება. თითქოს, თამაშს სიამოვნების ელემენტი გამოვგლიჯეთ და მხოლოდ მეცნიერული მისიები დავუტოვეთ.

აბა ვინ მოგცემს მოედანზე ზანტად მოქმედების საშუალებას? ბურთის შეყოვნების უფლებას და რაიმე კრეატიულის მოფიქრების დროს? თანამედროვე ფეხბურთმა ბუნება შეიცვალა.

ჯადოქრები ათლეტებმა ჩაანაცვლეს.

ფანტაზია რაციონალურობამ.

რომანტიკა რეალიზმმა.

და როგორ გავექცეთ მის გავლენას, ვისზეც აქამდეც ბევრი გვისაუბრია? მოგვიყოლია მხოლოდ დადებით კონტექსტში. პეპი ის კაცია, ვინც ოლიმპოს მთა თავისთვის აიშენა და მწვერვალამდე მიმავალი ბილიკის გზა სხვას არ ასწავლა. ხელთუქმნელია, ყველაზე დიდია, თუმცა ამ საერთო მოწყენილობის ამბავში თავისი გიგანტური წვლილი მიუძღვის. ფეხბურთელი ვერ იქნება სისტემაზე მნიშვნელოვანი - მგონია, რომ ამ ფრაზას დაძინებამდე მილიონჯერ ამბობს და სიზმარშიც იმეორებს. პეპს თავისი ლოცვა აქვს.

დაწვრილებით

გვარდიოლა ისე ათამაშებს ფეხბურთელებს, როგორც რეზო გაბრიაძე მარიონეტებს. ანუ თავის ნებაზე. ამ მართულობამ კი - თავისუფალი ნების უარყოფა გამოიწვია. კვადრატებში გამოკეტილი შემოქმედების ნიჭი ვერ გაიფურჩქნა, ზუსტი, მოკლე და სანდო პასის გაკეთების ნიშნულამდე დავიდა. გარისკვის უზენაესი უფლება მოიპარა. აბა, ზიდანს რომ მუნდიალის ფინალში პანენკას დარტყმა არ გაერისკა, ან მარადონა მთელი ინგლისის მოსატყუებლად თავხედურად არ წასულიყო, ანაც დენის ბერკამპისთვის რომ ჩარჩოები დაეწესებინათ, რა გამოვიდოდა? ჩარჩოები ამ ხალხს ისედაც შეხვდა, ოღონდ მათ მიერვე შექმნილი უკვდავების ძეგლების იქ მოსათავსებლად.

გვარდიოლამ დღის წესრიგის გადაწყობა არ იკმარა და საკუთარი იდეოლოგია მთელი ევროპის მასშტაბით შტამივით განავრცო. გამოზარდა უნარიანი ასისტენტები, რომლებიც სულიერი მოძღვრის იდეოლოგიას სხვადასხვა გრანდებში იქადაგებენ. გერმანიაში კომპანის ბაიერნს ვნახავთ, ინგლისში - მარესკას ჩელსის. არტეტა წარჩინებული მორჩილია.

ვინ იცის, საკუთარი ოთახის კედელზე გაკრული ასობით ანალიტიკური ამონარიდის წინაშე მდგარი მარსელო ბიელსა ენაზეც იკბენს იმისთვის, რაც ოდესღაც გააკეთა და ნორჩ გენიოსს მთელი თავისი ინტელექტუალური მარაგი გაუზიარა.

„ელ ლოკო“ საფეხბურთო სოციალიზმს ქადაგებს. მიაჩნია, რომ თამაშის ფუნდამენტური დანიშნულება ახლა გამქრალია. ფეხბურთი ხალხს ეკუთვნის, თუმცა დღეს ის ბიზნესმა მიისაკუთრა. ღარიბებს ბედნიერებაზე წვდომა აღარ აქვთ, 17 წლის ნორჩი ბრაზილიელები საზღვარგარეთიდან მიღებულ მაცდურ შემოთავაზებებზე უარს ვერ ამბობენ, უცხო ქვეყნებში მიდიან და ადგილობრივებს, რომლებიც ფეხბურთით სუნთქავენ, ჟანგბადს ართმევენ.

არგენტინელი ფილოსოფოსის აზრით, პრიორიტეტები გაბლარულია. რაც ადრე ფეხბურთს საუკეთესოდ აქცევდა, ის ახლა აქტუალური აღარაა. მარსელო ვარაუდობს, რომ ეს პროცესი დასრულდება, რადგან თუ შენ ხალხს სიამოვნებას ვეღარ მიანიჭებ და ამით მხოლოდ ბიზნესი იხეირებს, ყველაფერი საწყისებს დაუბრუნდება. იმედი მაქვს, რომ ბიელსა არ ცდება.

ცოტა ხნის წინ, ადიდასმა მესი და ზიდანი ერთმანეთს შეახვედრა. ნახევარსაათიან უნაკლო დიალოგში საკვანძო პათოსიც ეგ იყო: სულ უფრო და უფრო შეცოტავდა ისეთი არტისტების რიცხვი, ვის გამოც თამაშის საყურებლად, სხვა ყველა საქმეს გადადებ. მესიმ სულაც სიღრმისეული პრობლემა დასახა. ის სათავეს ბავშვთა ფეხბურთიდან იღებს, ვარჯიშზე ვინმე ორ შეხებაზე მეტს თუ დახარჯავს, დასასჯელად ჯოხებით მისდევენ.

ზიზუც მართალია, ლეოც, ტიაგოც, ბიელსაც და პეპიც. თამაშის დეკადანსის ამხსნელი არგუმენტი გვარდიოლასთვის დაღლილობა დაა გამოფიტულობაა. შეუძლებელია, ამდენი თამაში ჩაატარო და ზაფხულის მწველი მზის ქვეშ მაინც ოპტიმალური ფორმა აჩვენო. ვერაფერს იტყვი, კატალონიელ სულიერ ლიდერს ალიბიც გამოუჩნდა.

დროა, „შეშლილი კაცის“ [„ელ ლოკო“] მთავარი აქცენტიც წარვადგინოთ: ფეხბურთი კულტურული თვითგამოხატვის საშუალებაა, იდენტობის პოვნის გზაა. და ეს იდეა ევროზე ყველაზე ეფექტურად ჩვენ გავითავისეთ.

უსმენ ბიელსას და ხვდები, რომ საქართველოს ნაკრების თამაშით ისიც მოიხიბლებოდა. ყველაფერზე, რაზეც მარსელო მსჯელობს, პასუხი ჯვაროსნებს ჰქონდათ. ჩვენთვის ეს ნამდვილად იყო კულტურული თვითგამოხატვის საშუალება.

ათასობით ქომაგმა საკუთარი ცხოვრება გადაგეგმა, კრედიტებისა და სესხების ფასად ისტორიული შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა და თავგადასავლების საძიებლად გაეშურა. გარანტიებისა და დაზღვევების გარეშე. ეს მინი-ავანტიურა იყო, რომლის შედეგმაც ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

ქართული იდენტობა ფეხბურთში ვიპოვეთ და ის არასდროს ყოფილა უფრო თვითმყოფადი. მოვიარეთ გერმანული ქალაქები, მოხდენილად ვატარეთ ყველაზე ევროპული ხუთჯვრიანი დროშა, ვაჩვენეთ გულშემატკივრობის მაღალი კულტურა, შევიძინეთ უცხოტომელი ქომაგები და ლეგენდებს ვყვებოდით ქართულ ფეხბურთზე.

ეს იყო ევროპული ინტეგრაციის ყველაზე მოკლე გზა. ჭეშმარიტი სახალხო დიპლომატია, რამაც საქართველოზე მხოლოდ პოზიტიური შთაბეჭდილებები შექმნა. არ მეგულება არცერთი სფერო, რომელიც საკუთარი დანიშნულების გავლით, სახელმწიფოებრივ მიზნებსაც ასეთივე წარმატებით მისწვდება. არაფერს აქვს უფრო დიდი ძალა, ვიდრე - ფეხბურთს და ეს უკვე თეორია აღარაა. აქსიომაა.

ამბივალენტურობის ჩემი თეორიაც აქედან მოდის. ბებერი კონტინენტის მთავარი ტურნირის გახუნებულ, წინასწარ განსაზღვრულ სცენარში, ქაოსი ორმა ნაკრებმა შემოიტანა. ერთმა ყველაზე დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა, მეორემ კი „სულ რაღაც“ მერვედფინალს უწია, მაგრამ ზეიმი არ დაუკლია.

ჩვენს ნაკრებს არ ჰქონია შაბლონები, ზესისტემური დადგენილებები. შეიძლება ეს კარგი სულაც არაა, მაგრამ საყოველთაო კრიზისით შეწუხებულ ფეხბურთს გულზე კარგად მოხვდა. ამ საქმეში კი ვილი სანიოლის წვლილია შეუფასებელი. ის ამბობს, რომ დისციპლინა, სიზუსტე და მწყობრი ქმედება მხოლოდ დაცვაში სჭირდება, აი შეტევას - სრულიად მიანდობს იმპროვიზაციულ მოთამაშეებს. მადლობა კარლო ანჩელოტის, რომ სხვა მწვრთნელებს ჯერ კიდევ შთააგონებს. ვილი ამ მუსიკას ვერ დაუკრავდა, შესაბამისი ინსტრუმენტები რომ არ ჰქონდეს:

ვილის გაუმართლა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ინსტინქტები ავთენტური ფეხბურთის სიყვარულზე დგას. გაუმართლა, რომ ჟორჟის სამოქმედო არეალი მეტოქის მთელ ნახევარს მოიცავს და მხოლოდ საჯარიმოთი არ შემოიფარგლება. კიდევ უფრო გაუმართლა ქოჩორაში, რომელმაც სადღაც გამოკიდებული თამასა გვერდით მოისროლა და ქართულ ფეხბურთს ვითამაშებო, გაიფიქრა.

მთელი სამყარო მოიხიბლა, რადგან ჩვენი ღირებულებები თამაშის პირველად მოთხოვნილებებზე იდგა: გართობაზე, სიამოვნების მიღებასა და გამარჯვების წყურვილზე.

სამივე პრინციპი პირველივე შეხვედრაში გავამართლეთ. ვაგებდით, ვიბრძოდით, ვქმნიდით და როცა გასარისკი იყო, გავრისკეთ. სამწვრთნელო შტაბიდან მამარდას თავი დაუქნიეს და შემდგომში ტურნირის საუკეთესო მეკარეც დაუფიქრებლად და დიდი ნაბიჯებით წავიდა თურქების საჯარიმოსკენ. აზრად არავის მოსვლია პრაგმატული ფიქრები, ხომ არ ჯობია ერთბურთიანი სხვაობით მარცხს შევეგუოთ, პლეიოფის შანსებს ეს ხომ უფრო დატოვებს? მაგრამ, რატომ? თუ თამაშია, თამაში იყოს და მამარდას საჯარიმოში მთელი ერი გავყევით.

ერთად ვინანეთ, ერთად დავმწუხრდით, თუმცა ვიყავით ამაყები. დამარცხებულები, თავაწეულები. პირველი მერცხლის გმირებიც ვიყავით.

სადღაც მჯერა, რომ ეგ რისკი და სიამოვნების მიღების სურვილი დაგვიფასდა. საბა ლობჟანიძის ადამიანური ტკივილიც დაგვიფასდა და ჯგუფიდან სულ ჟრიამულით გავედით. პორტუგალიასთან, 85-ე წუთზე, ჟორჟი სემედუს ფინტს რომ უკეთებს, მერე პაუზას იღებს და ტერფის გარე ნაწილით პასს აკეთებს, ეგ ფეხბურთი ენატრება მსოფლიოს და მაგ სტილის დაბრუნების იმედი გაჩნდა. როგორ არ ვიამაყოთ?

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაში ახლა გადააზრების პროცესშია, მცირე ეგზისტენციალური კრიზისი აქვს. ამ ღირებულებით დისკუსიაში კი გამოანათა გუნდმა, ვისაც თამაში ზუსტად ისე უნდა, როგორც თბილისურ ეზოებში უნდოდა ბავშვობაში.

ჰოდა, გავიყოთ. არჩევანი მე ვიქნები, კარში მამარდა დგება.


ფოტო: ეროვნული ნაკრები

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა