როდენის კატალონიელი მოაზროვნე | ნიკოლოზ ტაბატაძე
09.06.2023 | 8 წუთიანი საკითხავინორჩი კატალონიელი თავის გზას ბურთის მიმწოდებლად იწყებს. ამ გაგებით, ის ჭეშმარიტი მაგისტრია, განვითარების ყველა საფეხური გაიარა და ბარსელონას ვარსკვლავების აუტებისას დახმარებიდან – მათ გაწაფვამდე მივიდა.
გავა წლები და ბავშვობის გამოცდილება პეპს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, მადრიდის ატლეტიკოსთან გამოადგება. სიმეონეს „ინდიელებმა“ თავიანთი მზაკვრული ხერხები არ უნდა გამოიყენონ, დრო მავნებლურად არ უნდა მოკლან და პეპიც მან. სიტის პატარებს, ანუ წარსულთან შემხვედრებს, ატრენინგებს: „რაც შეიძლება სწრაფად მოგვაწოდეთ ბურთი ჩვენ და კიდევ უფრო სწრაფად – მეტოქეს“.
ატლეტიკომ დრო ვერ გაიყვანა, გეგმამ იმუშავა.
ჩემი ბავშვობის მოგონებების ყველაზე ღრმა და პირველი შრე ერთადერთი ნატვრით იყო გაჯერებული. სიზმრის ტრადიციად ქცეული პროფესიონალი ფეხბურთელის სტატუსი, გადაჭედილი „დინამო“ და მუნდიალზე ჩემი გოლით გასული საქართველოს ნაკრები.
ბურთის მიმწოდებლად დარჩა კრუიფის „დრიმ თიმშიც“. ის დამანგრეველი გუნდის საყრდენად გადაიქცა და მასზე უკეთ ტრანზიტულ პასებს თანაგუნდელებს არავინ აწვდიდა. ცხოვრების ამ ეტაპზე პეპი სწავლას იწყებს.
კონსერვატორ „კულედ“ გაზრდილი ბიჭი ფეხბურთელის ოცნების ყველაზე მაღალ საფეხურსაც იოლად შეწვდა. ის, რაც ბარსას არც ერთ კაშკაშა თაობას არ გამოეცადა, პეპმა აისრულა და ხელში ჩემპიონთა ლიგის დიდყურება თასი ჩაიგდო. „ბლაუგრანას“ პირველი ზეიმი ევროპის ცაზე.
დრომ დაამოწმა, ჩემს ოცნებას ასრულება არ ეწერა. სკოლისკენ სავალ გზაზე, ჰაერში, წარმოსახვითი ბურთისთვის მოქნეული ფეხი მხოლოდ კარგი ვარჯიში აღმოჩნდა და ის, რაც ასე ჰგავდა დასასრულს, ყველაზე სანუკვარის დასაწყისად იქცა.
პეპმა იცოდა, გადასარჩენად ფეხბურთი სჭირდებოდა. პეპმა იცოდა, დანიშნულება მწვრთნელობაში იყო და ეს იცოდა კარლო მაცონემაც – პინოქიოს მამის, ჯეპეტოსავით კეთილმა და ხანშიშესულმა პერსონაჟმა, რომელმაც გვარდიოლას ტალანტი ადრევე შეამჩნია. ბრეშაში მათი თანამშრომლობა პეპის იდეური ფაზლის საკვანძო ნაწილი გამოდგა. მაცონესგან მომავლის გვარდიოლამ საჩუქრად რობერტო ბაჯო მიიღო.
ვიცოდი, რომ გადარჩენა ფეხბურთთან ახლოს დარჩენაშია. საჭირო იყო ადრენალინის უწყვეტი დოზა, რაც თან ჟანგბადის აუცილებელ რაოდენობასაც მომაწვდიდა. ისეთი ძალის საქმე, სიცოცხლის გაგრძელებას რომ სჭირდება. ჩემგან ფეხბურთელი არ დადგა, მაგრამ დადგა კომენტატორი. ფეხბურთიც იმისთვის შემყვარებია, რომ საკუთარი თავი ამ საქმიანობაში მეპოვნა. გამიმართლა. ცოტა არეული ლაბირინთით, მაგრამ დანიშნულების ადგილამდე მაინც მოვედი.
ალბათ, პეპმაც ამიტომ აირჩია მოთამაშის კარიერა, რომ გზად რიკარდოს, იოჰანს, მარსელოს, კარლოს, ხუანმას შეხვედროდა და ფეხბურთი უკეთესი გაეხადა?
და ჩვენ ვიწყებთ საუბარს საუკუნის ძარცვაზე
პეპის მთელი სიქველეც ეგაა: ადამიანი დაიბადა იმისთვის, რომ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშის საკუთარი ინტერპრეტაციები შემოეთავაზებინა. ის უალტერნატივო გენიაა, ინოვატორის წოდების გარეშე, ამ სპორტის მთავარი პერფექციონისტის სტატუსით. და რატომ?
იმიტომ, რომ პეპის „წინა“ ცხოვრება ახლის ფუნდამენტი აღმოჩნდა. როგორც წესი, ეს ფორმულა უცვლელია ყოფილი ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მომავალში მწვრთნელობას აპირებენ, თუმცა სხვა ყველა მათგანთან შედარებით, მისი მეთოდოლოგია და წინდახედულობა ასმაგადაა აღფრთოვანების საბაბი.
აქედან სულ მალე, რამდენიმე დღეში, პეპის სიტი უკვდავებას მიუახლოვდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვება ყველა საეჭვო დისკუსიას ბოლოს მოუღებს და დახარჯული მილიარდების მყარი ინდულგენცია იქნება.
სანამ სანტპედროელი ყმაწვილი საკუთარ ოცნებას გვირგვინს დაადგამს, იქამდე უმჯობესია, დიდების წამამდე მოსასვლელი თითოეული შტრიხი მისივე რეტროსპექტივით დავინახოთ.
მექსიკური ინსპირაცია
სულ ბოლო სიგიჟე „ქალაქელების“ ტაქტიკურ ტრანსფორმაციას და ჯონ სტოუნსის სერხი ბუსკეტსად მეტამორფოზას უკავშირდება. როცა მთელი სამყარო პეპს ამისთვის ტაშს უკრავდა, თავად, ალბათ, ამ იდეის პიონერს მადლობას სატელეფონო ზარით უხდიდა.
პეპის ხედვებზე არგენტინული იდეოლოგიის გავლენა კოლოსალურია. რიკარდო ლა ვოლპეს გვარი მხოლოდ საფეხბურთო გურმანებს თუ ახსოვთ, არადა მისი მექსიკა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ხავერდოვანი მშვენება იყო. „ლავოლპიანას“ სახელით ცნობილი მანევრი შეტევის მშენებლობას და საწყის პროცესში მცველების განსაკუთრებულ უნარებს უკავშირდება: მოთამაშეები სინქრონულად უნდა გადაადგილდნენ, ზუსტად ისე, როგორც შეყვარებული წყვილი სეირნობისას.
ლა ვოლპეს ფეხბურთში გათამაშება მცველებიდან იწყება – ეს არაა პასი პასისთვის. ამოცანა ბურთის ნახევარდაცვამდე ისე მიტანაა, რომ ზემდეტი მოთამაშის უპირატესობა შეიქმნას. რიკარდოს ხედვით, ნახევარმცველები კი არ უნდა მოცდნენ ჩამოსვლით და ბურთის მიღებით, არამედ ცენტრალური მცველი უნდა გახდეს ნახევარმცველი.
გვარდიოლამ ზედმეტი მოთამაშის ცნება ისესხა; კრუიფის სამკუთხედების თეორიით გაამდიდრა და საკუთარ ინტერპრეტაციაში შეტევის მშენებელი სამი მცველი ერთი ცრუ საყრდენით გააძლიერა.
ასე გაჩნდა პეპის ცხოვრებაში ერთი კაცის მუდმივი უპირატესობა და ბურთთან მოცეკვავე ჯონ სტოუნსი.
პირველი რომანი გურუსთან
ყოფიერების აუტანელი სიმძიმე იოჰან კრუიფით იწყებოდა. მენტორი სულაც არ იყო მარტივი ადამიანი და მასთან ურთიერთობა მრავალ წინაღობას ქმნიდა. პეპმა იცოდა, იოჰანისგან სწავლა მსოფლიო ბიბლიოთეკის ულიმიტო საცავთან წვდომას ნიშნავდა.
კრუიფმა, არადელიკატური ხასიათის მიუხედავად, ფავორიტი შეგირდი მარტივად აარჩია და პეპიც მალევე იქცა მის საუკეთესო მოსწავლედ. იოჰანის განსაკუთრებული გავლენა ორ ძირითად ელემენტში შეიმჩნევა: გაამარტივა ტოტალური ფეხბურთი და გახდა პოზიციური თამაშის ფუძემდებელი. ჰოლანდიელის ბარსამ სივრცე დაშალა, რათა რუტინული პასებით მეტოქე გაექრო და დანაკარგებისგან თავი დაეცვა.
მანვე შექმნა მომავლის ფეხბურთი. ისე ჩანდა, თითქოს მოთამაშეებმა ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და პასსაც ზეპირად აკეთებდნენ, სინამდვილეში კი ყველაფერი სამწვრთნელო გენიამ განსაზღვრა: პოზიციები იდეალურად გაითვალა და ყველაზე უფრო სარწმუნო ვარიანტები დარჩა. ბურთი ფენომენალურად სწრაფად მოძრაობდა.
ასე გაჩნდა პეპის ცხოვრებაში სივრცისა და პოზიციის მნიშვნელობა.
ძარცვა იტალიურად
ფეხბურთის ტიბეტელმა ბერებმა, ანუ იტალიელებმა, პეპის პრესინგის ხარისხსა და თამაშის გააზრებაზე იქონიეს გავლენა. წელიწადში ერთხელ გვარდიოლა არიგო საკის სტუმრობს და პერიოდულად გვარწმუნებს, რომ ყველაფერი მისგან და კრუიფისგან ისწავლა. ის საკის იდეებით შთაგონებულმა ეპოქამ ჩამოაყალიბა, თუმცა პირდაპირი განათლება იტალიური პრესინგის სხვა წინაპრისგან მიიღო – კარლო მაცონეს პეპი მაესტროდ მოიხსენიებდა.
კარლოსგან პეპმა გაიგო, რომ მოთამაშეები ხარისხით უნდა გამოირჩეოდნენ და არა ვარსკვლავურობით. გვიანდელი წლების მოთამაშე პეპი მას ბრეშაში ეწვია და საგანმანათლებლო საღამოებს თავი მთელი არსებით მიუძღვნა.
იტალიელებისგან პეპს მემკვიდრეობით გამუდმებული პრესინგი ერგო.
ვიზიტი უდაბნოს განდეგილთან
გვარდიოლას საფეხბურთო კარიერა ბარსას მერე ერთ გენერალურ რეპეტიციას ჰგავდა. ის ეგზოტიკურ ქვეყნებსა და უსახელო ლიგებში მოგზაურობდა უცლვლელი მიზეზით: შეხვედროდა ჯერ კიდევ ხელმოცარულ, თუმცა ფეხბურთის სტრატეგიის გენიებს. ასეთი მწვრთნელების ძიებაში, ბატისტუტას წყალობით, გზამ განდეგილ არგენტინელამდე მიიყვანა.
2003 წელს ალ-აჰლიში თამაშისას პეპმა ბატისტუტა გაიცნო და არგენტინაში გაფრენის რეკომენდაციაც მიიღო. პეპმა ბატიგოლს დაუჯერა, 2006 წელს სამხრეთ ამერიკის ბილეთი აიღო და ყველაფრისგან განცალკევებით მცხოვრებ კაცთან რამდენიმე დღე მხოლოდ ფეხბურთზე საუბარში გალია.
პეპი და ბატისტუტას ფავორიტი სულ ჩხუბობდნენ, პერიოდულად მშვიდდებოდნენ, ასადოს მიირთმევდნენ და ზავის მერე ისევ ცხარე დისკუსიაში ებმეოდნენ. პეპის ოპონენტის ლეპტოპში მსოფლიოს სრული ტაქტიკური ცოდნა იმალებოდა. კატალონიელმაც ხარბად აითვისა ეს სიბრძნე.
პეპმა არგენტინული რანჩოდან ორი ფუნდამენტური წესი გამოიყოლა: მნიშვნელოვანია იდეები და ინტენსიურობა. ამ კაცის იდეებმა დაიპყრეს ის. არაფერია ემოციაზე მნიშვნელოვანი.
ამ კაცს მარსელო ბიელსა ერქვა და მისი წყალობით გვარდიოლამ მოთამაშეთა ფსიქოლოგია გააღმერთა.
არგენტინული მემარცხენეობა და პასი
პეპის არგენტინული გავლენა მხოლოდ ლა ვოლპესა და ბიელსაში არ იგრძნობა. 2006 წელს ის ლუის სესარ მენოტის შეხვდა – მოხდენილი სისტემური თამაშის მქადაგებელს.
მენოტიმ მსოფლიო 70-იანებში მოხიბლა. არგენტინას მაშინ ხუნტა მართავდა და მენოტი რეჟიმს საფეხბურთო სტილით ებრძოდა – ტოტალური ფეხბურთის, ლათინოამერიკული არტისტიზმის და მემარცხენე კოლექტივიზმის კოქტეილით.
სიგარეტიან და მუდმივად დახვეწილი ჩაცმულობით გამორჩეულ მენოტის აბსოლუტური კონტროლის საფუძვლები ეკუთვნის. ის შეტევას პასის გამცემი მეკარით იწყებდა, მეტოქეს მცირე დისტანციაზე აბითურებდა და თავისუფალ ზონებს უტევდა. პასი, პასი და მხოლოდ პასი მანამ, სანამ სივრცეებს არ იპოვით – აი, მერე კი სიჩქარეები. თუ მენოტის მრევლში ხართ, ეს უმთავრესია.
არგენტინელი გურის მთავარი ხიბლი მრავალსვლიანი პასების სწრაფი ცვლა იყო, თანაც მჭიდრო არეალებში. მენოტის გუნდები მეტოქის პროვოცირებით მათსავე ძლიერ მხარეებს ისაკუთრებდნენ და გაჭირვების შემთხვევაში პასს უკან, მეკარეს უკეთებდნენ. სესარი იყო პირველი, ვინც მეკარე შეტევის რეორგანზაციისთვის გამოიყენა.
მენოტიმ პეპ გვარდიოლას ედერსონის პასი და უსამსახუროდ დატოვებული ჯო ჰარტი მისცა.
მისტერ 4-2-3-1
გახსოვთ 2006 წელი, პეპმა ბიელსას არგენტინაში რომ ჩააკითხა? მაშინ ის მექსიკური „დორადისის“ ფეხბურთელი იყო და იქ ერთადერთმა მიზანმა ჩაიყვანა. ხუანმა ლილიო მსოფლიო ფეხბურთის შეუმჩნეველი საგანძურია და მისგან ამ სპორტმა საკმარისზე მეტი მიიღო.
ხუანმამ პირველი კლუბი მაშინ გაწვრთნა, როცა 16 წლის იყო, 29-წლის ასაკში კი უკვე ლა ლიგის გუნდს ხელმძღვანელობდა. რამ ჩაიყვანა პეპი „დორადოსში“ არაფრის მომგებ და თითქმის უცნობ მწვრთნელთან?
ლილიო 4-2-3-1 ტაქტიკის ერთ-ერთ შემქმნელად ითვლება, პოულობს უსხარტეს მეთოდებს ხაზებს შორის რიცხობრივი უპირატესობის მოსაპოვებლად და მეტოქის მცველებს შორის ისეთ შემტევს გვირაბებს აშენებს, საიდანაც ისინი ვერ გამოდიან. ლილიოსთვის მთავარი ერთი რამაა: სინქრონული თამაში, მობილურობა და მოკლე პასების ფუნდამენტურობა.
ლილიომ უბურთოდ თამაშის შესახებ გვარდიოლას წარმოდგენა შეცვალა; მის თავში დაცვასა და შეტევას შორის ბალანსი წარმოქმნა და, რაც მთავარია, გუნდური პოზიციონირების და წინსვლით თავდაცვის მოდელი უსახსოვრა.
***
ასე და ამგვარად, მსოფლიომ მიიღო ყველა დროის ყველაზე სრულყოფილი მწვრთნელი, რომელმაც საკუთარი თავი სამყაროს პერიფერიებში ხეტიალითა და დაუფასებელი გენიოსების აღიარებით შექმნა. მიიღო იშვიათი ცოდნა, გააერთიანა შეშლილად შერაცხული ადამიანების იდეები და უდიდეს არქიტექტორად იქცა მათ შორის, ვისაც არასდროს არაფერი აუშენებია.
აქ ბანალური იქნებოდა, პეპი გაუდის შეგვედარებინ, მათ ხომ საკუთარი ინტერპრეტაციის ორი განსხვავებული ბარსელონა გვაჩუქეს. ორივე განუმეორებლად მშვენიერი.
თუმცა არაფერი უხდება გვარდიოლას ისე, როგორც როდენის „მოაზროვნის“ სტატუსი. უკვე ჭაღარაშეპარული კაცი, რომელიც გვერდით ხაზთან ოდნავ ჩამუხლული, ამღვრეული თვალებით მოფიქრალი, მომდევნო თამაშის გაშიფვრასა და ისტორიის ამოყირავებაზე ფიქრობს.
ესაა მძარცველი, რომელმაც იდეები ღარიბებსა და ხელმოცარულებს წაართვა და ისინი არაბეთის ყურის დოვლათით გამდიდრებულებს მიასაღა. ესაა ინოვატორების იდეებს უკან ამოფარებული ინტერპრეტატორი, რომელსაც ჯერ კიდევ დაუმუშავებელი იდეების მთელი სკივრი აქვს და როდის რას გადმოალაგებს, კაცმა არ იცის.