ბურთი და ადამიანი | საუბარი შოთა არველაძესთან
18.01.2024 | 8 წუთიანი საკითხავიფეხბურთელი პერსონაჟია - ყოველთვის ვიცით, როგორ ფორმაშია, როდის მიიღო ტრავმა, როდის მოიშუშებს, როდის პასს გასცემს, როდის - არ, მაგრამ არასდროს ვიცით, როგორ ხასიათზეა. ბოლოს ყველაფერი ციფრები და რიცხვებია; 35-ის უკვე „მოხუცი“ ხარ; და ასე ბოლომდე, ამდენი გოლი, ამდენი საგოლე, კილომეტრები, მარგი ქმედების კოეფიციენტები. ყველაფერი სტატისტიკაა. მოგება და წაგებაა.
ვესაუბრებით ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართველ ფეხბურთელს, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს, ამჟამად თურქული ფატიჰ კარაგუმრუკის მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს, რომელიც მრავალქვეყანაგამოვლილი კარიერის გამოცდილებას გვიზიარებს; რამდენიმე ვრცელი და რამდენიმეც მოკლე შეკითხვა ამსტერდამის აიაქსისა და გლაზგოს რეინჯერსის ლეგენდას - ბურთი და ბურთს მიღმა ადამიანი.
ინდიგო: გულშემატკივარი ფეხბურთელის ასაკსა გამოცდილებას განსხვავებულად აღიქვამს; ძირითადად, ასეა, რომ 35 და მეტი წლის თუ ხარ, ფიქრობენ, რომ მორჩა. როგორ აისახება ეს საერთო და ხისტი აღქმა ფეხბურთელზე? ფეხბურთელის აღქმა როგორია ამ გარემოების და, ზოგადად, „სიბერის“ მიმართ?
შოთა არველაძე: საერთოდ, ნათქვამია, გული და ტვინი არ ბერდება. კი, გულშემატკივრის აღქმა არსებობს, თუმცა მთავარი შენი, საკუთარი აღქმა და გრძნობაა. სულ ცდილობ და ყოველთვის გინდა, უფრო ახალგაზრდა იყო, ვიდრე ხარ. სხვადასხვანაირად გამოხატავ ამ სურვილს. მერე მიდიხარ რაღაც წერტილამდე, როცა თავადვე ატყობ, რომ ისეთი მხნე ვეღარ ხარ, ვერც ფიზიკურად, ვერც გონებით. ერთ დღეში ექვსი ფრენაც კი შეიძლებოდა გამომეცვალა; დღეს კი ერთმა ფრენამ ისე შეიძლება დამღალოს, სამი თვე დანგრეული ვიყო. რად უნდა ამას სხვისი თქმა და ზეწოლა. რაღაცები თავისთავადია.
ჩვენამდე 30 წლის ხალხს ეძახდნენ ვეტერანებს, დღეს 36-37 წლამდეა ეს სტატუსი გაზრდილი. საუკეთესო მაგალითია ყველა დროის საუკეთესო - ლიონელ მესი, რომელმაც სწორედ ამ ვეტერანობის ძახილში მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი და ოქროს ბურთიც. იცვლება მიდგომა და მეთოდოლოგია - შესაძლებელია, ორგანიზმი მოამზადო სათანადოდ და მოიგო დრო, არ დაბერდე ადრე საყვარელი საქმისთვის.
35 წლის ასაკში დავანებე ფეხბურთის თამაშს თავი იმიტომ, რომ უკვე აღარ შემეძლო, მტკიოდა ყველაფერი - ეგრე ხდება მერე, რომ სიამოვნებას აღარ განიჭებს, არადა მთავარი სიამოვნებაა.
ინდიგო: და როცა საყვარელ საქმეს ვეღარ აკეთებ, რა ხდება მერე გონებაში? როდის იწყება ფიქრი იმაზე, თუ რა იქნება ფეხბურთელობის იქით?
შოთა არველაძე: ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ფეხბურთელობის მიღმა ფიქრი 20 წლის ასაკიდან დაიწყეს, ადრეული გონებრივი ინვესტიცია განახორციელეს სხვადასხვა მიმართულებით. ისეც ხდება, ზოგს ფანტაზია არ ჰყოფნის და ცხოვრობს მხოლოდ დღევანდელობით: ვითამაშე, წავედი, შევჭამე, სახლი ვიყიდე, მანქანა ვიყიდე, რაღაცა იქნება.
ინდიგო: ფეხბურთი ერთიანად წარმოუდგენელ სიყვარულს აგროვებს და იტევს გულშემატკივარში; ქართველებსაც თავდავიწყებით გვიყვარდება ფეხბურთელები - მერე ეს დაგროვილი სიყვარული სხვადასხვანაირად აკუმულირდება ხოლმე.
განვითარებადი სახელმწიფოების პრაქტიკაა, რომ სპორტსმენები პოლიტიკაში მიდიან, პარტიული სახეები ხდებიან, რომ თითქოს წარსული გულშემატკივრული ემოცია დარჩება და სრულიად განსხვავებულ სფეროშიც გადაჰყვება - გულშემატკივარი იქნება, როგორც ამომრჩეველი.
შოთა არველაძე: ბოლო 10-15 წელია, რაც ჩვენთან პოლიტიკაში სპორტსმენები აქტიურად შემოვიდნენ. ერთი ლევან თედიაშვილი მახსოვს შევარდნაძის დროს. სწორედ აქ უნდა გვახსოვდეს, რომ ფეხბურთელები ჩვეულებრივი ადამიანები არიან - სწავლობენ, ფიქრობენ, მონაწილეობენ. შენ შეიძლება არ მოგწონდეს ვიღაცის მონაწილეობა, მაგრამ მას თავად მოსწონდეს იქ საკუთარი თავი. პოლიტიკაც ხომ შედეგზეა.
ინდიგო: 35 წელი და საფეხბურთო კარიერის დასრულება ახსენეთ - რას ნიშნავს ტრავმა?
შოთა არველაძე: ყველა ტრავმა, პირველ რიგში, ტკივილია. ფიზიკურად გტკივა. მეორე, გაშორებს საყვარელ საქმეს; გინდა, ყოველდღე ფეხბურთი ითამაშო და ეგ მეორე უფრო მძიმე ტრავმაა.
ფსიქოლოგიურად ებრძვი რაღაცას, გინდა, სწრაფად მოირჩინო; მოირჩინო ისე, რომ ხვალ და ზეგ ისევ ახლიდან არ გეტკინოს და ისევ იქ მიდიხარ, უნდა ითამაშო, მოიგო, აჯობო, შეეჯიბრო. უამრავი ეტაპი აქვს ტრავმას, მარტო ტკივილგამაყუჩებელი არაა. ვიღაც ერევა ამ პროცესს და ძლიერი ხდება, ვიღაცას რთულად გადააქვს, ვიღაცას - საერთოდ ვერ.
ინდიგო: 24, 25 და 26 წლის ფეხბურთელების მიმართ არსებობს მძაფრი მოლოდინი, რომ მათ სრულად უნდა ჰქონდეთ გამოვლენილი საკუთარი შესაძლებლობები, რომ უკვე დროა, დაამტკიცონ, რისი გაკეთება შეუძლიათ.
შოთა არველაძე: აქაც იგივე ამბავია - ვისგან რას ითხოვ, შენ, როგორც გულშემატკივარი და თავად ფეხბურთელი რას ითხოვს საკუთარი თავისგან. 25 წლის ასაკში შეიძლება მივაღწიო მე იმას, რასაც ვთხოვდი საკუთარ თავს და ეს არ იყოს ხილული უცხო თვალისთვის.
თემურ ქეცბაია 28 წლის ასაკში მოხვდა ნიუკასლში, როცა შეიძლება 18 წლისაც მოხვედრილიყო. ქართველ ფეხბურთელებს ხიდების გავლა უწევთ, რაც დროში იწელება: კვირპოსი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი.
ინდიგო: პროფესიონალურ ფეხბურთთან შეხება არ მქონია და ბევრი ჩემი წარმოდგენა საფეხბურთო სიმულატორების გავლით ჩამომიყალიბდა. მახსოვს 2013-14 წლები, როცა აქტიურად ვთამაშობდი რამდენიმე საფეხბურთო სიმულატორს და მახსოვს ერთი არგენტინელი ფეხბურთელი, მაურო ზარატე [1], რომელიც 25 წლის იყო და მე, როგორც მენეჯერს, უნდა გადამეწყვიტა მისი ბედი. მაურო ხან ამართლებდა ჩემს იმედებს, ხანაც - ვერ.
ცოტახნის წინ აღმოვაჩინე, რომ დღეს მე თავად ვარ 25 წლის.
შოთა არველაძე: ყველა ფეხბურთელი შენნაირი და ყველასნაირი ახალგაზრდაა. ფეხბურთელია, თუმცა მასაც აქვს ყოფითი რეჟიმი: უნდა, კარგად გამოიყურებოდეს, უყვარდება, ჰყავს დედა და მამა, ცხოვრობს.
მთავარი სხვაობაა ცნობადობა და ფინანსები. ის რახან მდიდარია, გულშემატკივარი ვერ აპატიებს - ესე კარგად ცხოვრობ, მეტი რა გინდა, ბიჭო, გაქცევაც აღარ გინდა? მე, გულშემატკივარი, დილით წავედი სკოლაში, მოვედი, წავედი ერთ სამსახურში, მეორეში, რაღაცები მოვასწარი, რაღაცები ვერ მოვასწარი. შენ ფეხბურთს თამაშობ, ჰოდა ირბინე!
ინდიგო: როცა ფეხბურთელი მწვრთნელი ხდები - როგორ იცვლება საფეხბურთო და, ზოგადად, ცხოვრების აღქმა? იცვლება საერთოდ რამე?
შოთა არველაძე: მე, ფაქტობრივად, გადავაბი, წყვეტა არ მქონია. პირველი ორი წელი თანაშემწე ვიყავი, ხანდახან ვვარჯიშობდი კიდეც ბიჭებთან ერთად მოთამაშე მწვრთნელივით, ანუ წარმოდგენაში მაინც ფეხბურთელი ვიყავი და მაინც ვთამაშობდი.
ფეხბურთით ვცხოვრობდი მთელი ჩემი ცხოვრება, მერე უნდა ისწავლო უფეხბურთოდ ცხოვრება; ხან ცხოვრება გასწავლის, ხან შენ თვითონ ფიქრობ, მომენტებში გიჭირს, მაგრამ რა უნდა ქნა, ვერ თამაშობ. არ მგონია, რომ ადამიანი ასეთი პრიმიტიული არსება იყოს, ეს ვერ იგრძნოს, ვერ აღიქვას. მერე შვილები გეზრდება, ოჯახი, მარტო ერთი საქმე აკეთო, ზორო ხომ არ ხარ?
- როგორია გოლის მეხსიერება?
- ემოციები არ რჩება, ემოციები წამია. გოლები გახსოვს, დღე გახსოვს, სივრცე გახსოვს, ემოცია - არა.
მახსოვს, დინამოს ბაზაზე შეგდებული გოლი ორმხრივ თამაშში; მახსოვს პირველი პენალტი ხარკოვის კარში - სულ პირველად რომ დამიძახეს დინამოში, ცოტა შიშით დარტყმული - ყველაზე პატარა, მაგრამ თავხედი ხარ, წესით, პენალტი არ უნდა დაგარტყმევინონ, მაგრამ ურტყამ.
ინდიგო: რას ნიშნავს ცუდი გულშემატკივარი?
შოთა არველაძე: ცუდია გულშემატკივარი, რომელიც გაგინებს, გესვრის, ამტვრევს, ჩხუბობს - სტადიონზე მოსულია იმიტომ, რომ ვიღაც გალანძღოს. სხვაგან ვერ ხარჯავს, ან შეიძლება დაჩაგრულიცაა სადღაც. ჩემი დაჩაგვრა უადვილდება იმიტომ, რომ მე ვერაფრით გამოვიჩენ თავს, ვერ ვუპასუხებ. გულშემატკივართან საერთო არაფერი არ აქვს - გული, ტკივილი და განცდა სხვა რამეა.
ინდიგო: სამხრეთ ამერიკაში ამბობენ, რომ ბედნიერია ის, ვინც ფეხბურთის სილამაზეს ხედავს, რომ ამ თამაშის მიღმა მუღამს იჭერს. ისიც გვსმენია, რომ 22 ადამიანი თანადროულად და გამალებით დასდევს ერთ მრგვალ ბურთს - ესაა ფეხბურთი და რა არის ამ სანახაობაში განა ისეთი, ამდენი ადამიანი უყურებდეს, უყვარდეს, განიცდიდეს მთელი არსებით.
შოთა არველაძე: ძალიან მარტივი პასუხი არსებობს: ვერასდროს ვერ გამოიცნობ ანგარიშს. შენც შეიძლება დახარჯო მილიარდი, მეც შეიძლება დავხარჯო მილიარდი, ყველამ თავისი საქმე საუკეთესოდ შეასრულოს - იდეალური მინდორი, იდეალური განათება; მერე მილიარდიანი სტადიონი ააშენო, მერე გაივსოს, ყველა ბილეთი გაიყიდოს, რესტორნები გადაიჯავშნოს, გუნდები მოვიდნენ, მსაჯი მოვიდეს და თამაში მორჩეს 0-0. სხვას არაფერს არ ჰგავს.
______________________________
[1] მაურო მატიას ზარატე - ახლა 36 წლისაა და ურუგვაის უმაღლესი ლიგის საშუალო დონის გუნდში ბურთაობს.