გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ლურჯი მოცვი ელენე მიქაბერიძე დოკუმენტური ფილმი რეცენზია

ლურჯი მოცვი და დაბინდული ქლიავი | გიორგი ყორღანაშვილი

გინახავთ თქვენ ფერი დაბინდულ ქლიავის? -
ეს ჩემი სამშობლო მთებია!

რამდენადაც რეალობა მუდამ გაურბის მეტაფორას, ფიქცია ყოველთვის ცდილობს, ეძებოს და მიაგნოს მას, რომ ავტორი ყველგან და ყოველთვის რაღაცას გულისხმობს და რისი თქმა სურს ავტორს, უნდა მივაგნოთ, ანდაც გამოვიგონოთ. დოკუმენტური კინო მეტაფორული აზროვნების ოქროს შუალედს ჰგავს - ერთი მხრივ, ჯიქურ ფაქტების კონსტატაციას ემსგავსება, მეორე მხრივ კი გაიძულებს, ვიზუალური თუ ვერბალური კინოენა მნიშვნელობათა თამაშში აბურთაო. ორივე სუბიექტური აღქმის შემთხვევაში ახლოს ვიქნებით ობიექტურობასთან - რეალურ დროსა და სივრცეში დაჭერილი კადრი, ფერები და ხმა ნამდვილი ხომ თავისთავად იქნება და რატომაც არა - მეტაფორული.

დოკუმენტური კინოს ეს ოქროს შუალედია ელენე მიქაბერიძის „ლურჯი მოცვი“ - ამბავი აფხაზეთის პირობით საზღვართან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით მცხოვრები ოჯახისა, რომელსაც რეჟისორი შემთხვევით შეხვდა, დაუმეგობრდა და ფილმად მოგვიყვა მათი ოცნებების შესახებ.

მამა, სოსო, რომლის ოცნება საკუთარი სახლის ეზოში მოცვის პლანტაციის გაშენებაა, დედა, ნინო, რომელიც ქმარს ბოლომდე მიჰყვება თავის ოცნებებში და შვილები - ლაზარე და გიორგი, რომელთა გონიერება და არტისტიზმი ფილმის გამორჩეულ მონაკვეთებსა და სახასიათო ატმოსფეროს ქმნის.

ამ ერთი ოჯახის ამბავში რამდენიმე ძალიან ქართული გარემოება იმდენად ცოცხლად და რეალურად შემოდის, რომ მალევე იძულებული ხარ, პირველი და ყველაზე მძლავრი მეტაფორა თუ ალეგორია გამოიგონო:

მელაძეების ოჯახი საქართველოა - სახლი, საიდანაც მოჩანს შავი ზღვის ტალღები თეთრი ცხვრებივით და მთები, რომლის იქითაც აფხაზეთია; ტელევიზორში უკრაინა-რუსეთის ომია, ოჯახის წევრების გონებაში კი წარსული ომის ტრავმები; სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავალი“, რომელიც სოსოს ოცნების ასრულებაში უნდა ეხმარებოდეს, ფასადური, კაბალური და დამანგრეველია; პროგრამის თანადამფინანსებელი ევროკავშირია, თუმცა მის წევრ სახელმწიფოებს ქართული მოცვი არ უნდათ - ეს ბოლო იმდენად უშნოდ ჩაკეტილი წრეა, მეტაფორის გამოგონების მუღამსაც კი აქრობს.

ყველაფერი იმდენად კოლორიტულად ქართულია, ვფიქრობდი, აქვს კი აზრი ინგლისურ სუბტიტრებს? გაიგებს კი ბოლომდე ვინმე სხვა ამ ამბავს? იგრძნობს კი? რასაც საქართველოში ვეძებდი, ყველაფერი ამ ოჯახში ვიპოვე - ამბობს რეჟისორი.

ელენე მიქაბერიძე 5 წლის იყო, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო, თუმცა ომის მეხსიერება მასში მაინც მძაფრად არსებობს - ქართველი მამისა და აფხაზი დედის შვილი 25-წლიანი ემიგრაციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და გადაიღო დოკუმენტური ფილმი ომზე, თუმცა ომის გარეშე, რადგან ომი და კონფლიქტი თავისთავადაა რეჟისორისა და პერსონაჟების გონებაში, ალბათ, ეს უთქმელი სიახლოვე ეხმარება ფილმის საერთო ხასიათს, ერთი ამოსუნთქვით და ბევრი სიცილითა და ცრემლით იყურებოდეს და მერე კიდევ დიდხანს რჩებოდეს თავში.

რეჟისორი ამ ამბის პერსონაჟია იმდენად, რამდენადაც კამერა, განათება და სცენარი არ არსებობს ამბავში. კადრების პერსპექტივა, ანუ კამერა, ანუ რეჟისორის თვალი თითოეული პერსონაჟის ახლო მეგობარია, შესაბამისად, ბუნებრივია ქცევა, დიალოგები, ემოციები.

ეს ბუნებრიობა ნამდვილმა მეგობრობამ გააჩინა - ვიცით, რომ ფილმის გადაღების რამდენიმეწლიან მონაკვეთში სოსოს სამჯერ ჰქონდა გულის შეტევა; შენ ახლა გადასაღებად მოხვედი თუ ჩვენი მეგობარი ხარ?! - ოჯახისთვის ყველაზე უფრო მძიმე პერიოდში ასე უთქვამთ ლაზარესა და გიორგის რეჟისორისთვის და არცერთი ეს მძიმე პერიოდი არაა კადრებად ფილმში, სწორედაც რომ მეგობრობაა, ბუნებრიობაა, თანაგანცდაა და ჰგავს სტრიქონებს შორის გამოსაგონებელ და ამოსაკითხ მეტაფორას.

სოსო აშენებს მოცვის პლანტაციებს და იწყება მოვლა-ლოდინი, როდის აყვავილდება ოცნება - მელაძეებთან ერთად ორ ახალ წელს ვხვდებით, ახალი მოლოდინებითა და სურვილებით და თან სულ მოცვზე გვეფიქრება. მოცვი ფილმის მთავარი დროითი გარემოებაა - კადრები მონაცვლეობს და ერთი სული გვაქვს, დავინახოთ მოცვი, უფრო აყვავილებული, ვიდრე ოდესმე. საათის ამ დინამიკას ამძაფრებს მუსიკა, ერთგან განსაკუთრებული სიმძლავრით, როცა ჟღერს ერეკლე დეისაძის Martas და ინსტრუმენტალს საუკეთესოდ მიჰყვება სოფლის პეიზაჟი და დაძაბუნებული თვალი კვლავ მოცვის ლოდინშია.

თითქოს მხოლოდ მოსავლიანობა და ყვავილობაა საკმარისი, რომ მელაძეების ოჯახი კარგად იყოს და აწ უკვე „დანერგილი მომავალი“ მალე ზუსტად ისეთი დალხენილი და კოხტა გახდება, როგორც ბანკების სარეკლამო ბილბორდებზეა ხოლმე. მოსავლიანობა კარგად ყოფნის ილუზიური ალეგორიაა და სესხი, რომელიც დღემდე დასაფარია, ფაქტი.

და თქვენ გინახავთ ფერი დაბინდულ ქლიავის? სულ მინდოდა და ვერ წარმომედგინა ბოლომდე, ამ გალაკტიონისეულ სტრიქონში რა უნდა მეპოვა ან გამომეგონებინა, თუმცა ყოველთვის ვგრძნობდი. მერე ელენე მიქაბერიძის „ლურჯი მოცვი“ ვნახე.

______________________________

შენც ნახე ელენე მიქაბერიძის დოკუმენტური ფილმი - „ლურჯი მოცვი“ 28 და 29 სექტემბერს კინოთეატრ „ამირანში“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა