ფესტივალებში დაკარგული | როცა მწიფდა ხურმა
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შემთხვევით ნანახი ფილმი
აზერბაიჯანელი რეჟისორის, ჰილალ ბაიდაროვის ფილმი „როცა მწიფდა ხურმა“ მართლა შემთხვევით ვნახე და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, წინასწარი განზრახვის, დაგეგმვისა და რჩევების გარეშე ფილმი ყველაზე მეტად რჩება.
რთულია, ფილმის ჟანრული კუთვნილების განსაზღვრა, რთულია იმდენად, რამდენადაც თავად რეჟისორისთვისაც კი გამოწვევად იქცა ეს პროცესი. თავადვე მოგვიყვა: ფილმის პრემიერა 2019 წელს შვეიცარიაში შედგა და ბოლოს დარბაზში სამი ადამიანი დავრჩით, აქედან ერთი მოდერატორი იყოო; ფილმი ხან მხატვრული კინოს ფესტივალებზე დაიწუნეს, ეს არ არის მხატვრული კინოო, ხანაც დოკუმენტურიდან გაისტუმრეს უარით, მხატვრულ ფილმს აქ ვერ ვაჩვენებთო. ფესტივალების გაუთავებელ პინგ პონგში ფილმი საბედნიეროდ თბილისში აღმოჩნდა.
„თავის დროზე ვერავინ მოვნახე, რომ ფილმი მეჩვენებინა, რომ შთაბეჭდილება გაეზიარებინა, ვერავინ.“
„როცა მწიფდა ხურმა“ დედისა და შვილის ურთიერთობაზეა, კომუნიკაციაზე, უსიტყვო და სიტყვიერ კომუნიკაციაზე – რამდენიმე ცენტრალური კითხვა მუდამ ტრიალებს, ხან ისმის, ხან ჩანს, ხანაც უბრალოდ იგრძნობა კითხვების აუცილებლობა, თუმცა არასდროს იგრძნობა პასუხების საჭიროება. მთელი ფილმი კითხვებია.
ორბიტის ცენტრშია რეჟისორის დედა, დედის ირგვლივ ტრიალებს სახლი, სოფელი, ქალაქი, ყველაფერი; „დედა ერთადერთი კარგი ადამიანია, რომელსაც ვიცნობ“ – და როგორ იგრძნობა ეს ცნობა ამ ფილმში, აბსოლუტური მინდობილობა და გულწრფელობა, ცხადია, არც ერთი სიტყვა არ არის წინასწარ გაწერილი, ფილმს არ აქვს სცენარი. დიალოგი და დიალოგს მიღმა სცენები, გაუგებარია როგორ, თუმცა ფილმს კრავს და საერთო ხასიათს აძლევს.
ბაიდაროვის თქმით, მის თავში ყოველთვის ერთი ზოგადი სცენარია, უცვლელი თანმიმდევრობითა და პრიმიტიული დრამატურგიით:
დედა არის მარტო; მე მოვდივარ სახლში; მე მივდივარ სახლიდან; დედა არის ისევ მარტო.
მუდმივი სცენარის სწორედ „მე მოვდივარ სახლში“ მონაკვეთია ეს ფილმი, როცა დედა არ არის მარტო და როცა მწიფს ხურმა. ფილმის სახელდება დროითი გარემოებაა, კონკრეტულ დროზე მიუთითებს, ხურმის დამწიფების დროზე – ფილმის უმნიშვნელოვანესი გარემოებაა დრო, ლამის საუნდტრეკივით გასდევს სახლის სცენებს საათის წიკწიკი, რომ დრო სულ გახსოვდეს და დროის გაუთავებელი აღქმა გაწუხებდეს კიდეც, მაგრამ ვერასდროს აღიქვამდე დროს. საათის წიკწიკის ფონზე სახლის და სოფლის კადრების მიმოცვლა თავისას აკეთებს, ზემოქმედებს და დროსთან ერთად სივრცესაც გაკარგვინებს; „სად არის სამშობლო?“ – დედისა და შვილის დიალოგის ყველაზე უფრო დასამახსოვრებელი სასაუბრო თემაა. რამდენიმე ლათინური სენტენციის მიხედვით, სამშობლო იქაა, სადაც კარგად ხარ [Ubi bene ibi patria]; ანდაც იქ, სადაც პურია [Ubi panis ibi patria], ეს პასუხები შეიძლება არ მოგეწონოს, უბრალოდ გაგახსენდეს. ბაიდაროვი სხვანაირ პასუხამდე მიდის:
„ალბათ, სამშობლო იქაა, სადაც წელიწადის დროებს ყველაზე უფრო მძაფრად აღიქვამ.“
– ანუ იქ, სადაც ხედავ, რომ მწიფს ხურმა და გრძნობ, რომ შემოდგომაა. რა მაგარი პასუხია. თითქოს არასდროს მჭირდებოდა ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ დღეიდან ეს იყოს. სამშობლო სივრცეა, მაგრამ დროის და არა სივრცის აღქმაა სამშობლო, ზუსტად რომ იცი და შეიგრძნობ, რა დროა ახლა.
აზერბაიჯანული სოფელი ძალიან ჰგავს ქართულ სოფელს. კადრების კომპილაციას ეტყობა შრომა, რომელიც არ იყო დროითი საზღვრებით შებოჭილი, შრომა, რომელსაც არ ჰქონდა დედლაინი – „გადაღება მხოლოდ იმიტომ შევწყვიტე, რომ მეხსიერების ბარათზე ადგილი აღარ მქონდა“; ისიც აშკარაა, რომ გადაღების პროცესს არ ჰქონდა მიზანი, ფილმისთვის არაფერია გადაღებული; ლამაზი და ღრმა კადრების ერთიანობაა, ყველაფერი უსცენარო და გაუწერელია – ამიტომაცაა გაუგებარი, როგორ იკვრება ფილმად, რა იძლევა სულს.
„როცა მწიფდა ხურმა“ ყველაზე უფრო არაკინოა, ეგეთია, როგორიც არის. ნახვა, გაგება და სხვისთვის გაგებინება ნაკლებ მნიშვნელოვანია, ფრაგმენტულად გაფიქრებს, თუმცა ფიქრზე მეტად, გრძნობაა – განწყობის საუკეთესო ანალოგია თავად ჰილალ ბაიდაროვმა გვითხრა, როცა დედამისთან ფილმში და ფილმს მიღმა ურთიერთობის აღწერა სცადა:
I can not say that she understand me, but she feels me.