გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რეზენზია ფილმზე "დრამერი"

დრამერი | რეცენზია ცხელ გულზე

თბილისის კინოფესტივალზე გუშინ ნანახი ფილმის შესახებ

კოტე კალანდაძეს რამდენიმე დღის წინ შევხვდი, ფილმზე დიდად არც გვისაუბრია, ერთი ის ითქვა, ლამის სამი წელია, დავასრულე და დღემდე არ მგონია, რომ დასრულებულიაო. 

უფრო მეტად მუსიკოსის, ვიდრე რეჟისორის, კოტე კალანდაძის ფილმში დრამერის როლს ასრულებს უფრო მეტად რეჟისორი, ვიდრე მუსიკოსი, ლაშა ცქვიტინიძე.

ფილმი ალტერნატიული ქართული მუსიკის სცენის (ამ სიტყვის ყველაზე უფრო არამასშტაბური გაგებით) წარმომადგენლის ცხოვრებაზეა – დრამერი ნიკო, რომლის ბავშვობის მთავარი მოგონებითაც იხსნება ფილმი, მერე ნიკო იზრდება და ამ მოგონების ირგვლივ ტრიალებს მთელი ამბავი, მოგონება სულ არსებობს: ნიკომ ფანჯრიდან დაინახა პანკურად ჩაცმული ორი გოგო, ერთს კობეინის მაისური ეცვა, მეორეს – ზუსტად არ ახსოვს; ნიკომ ყველაზე უფრო დახეული შარვალი ჩაიცვა და ეზოში გაიქცა; ვეღარ მიაგნო იმ ორ გოგოს, მარა მათი დატოვებული ნახატი შერჩა ხელში – რონინი.

რონინი ფილმის მთავარი პერსონაჟის მთავარ პერსონაჟად იქცევა ფილმში; როცა ნიკოს რაღაც შეგრძნებები და ემოციები მოსდის, რონინი მოქმედებს, მეტყველებს, და გრძნობს – ფილმი ნიკოზე გვიყვება, ნიკო რონინზე, რონინი ნიკოზე და ასე წრეზე.

კადრი ფილმიდან

„დრამერში“ რომელიმე კონკრეტული დროის ან სივრცის გაგება არაა, რაღაც მუდმივი ქართული ქალაქის აღქმაა. ალტერნატიული როკ-მუსიკა თითქოს უფრო 90-იანებისკენ გვექაჩება, აი, „ამორალის“ მძიმე და მელანქოლიური ინსტრუმენტალით და ლირიკით რომ სუნთქავს გარემო, მარა თან ყველაფერი იმდენად ნაცნობი და ხელშესახებია, დროით პერსპექტივას აახლოებს, დღევანდელობის მძაფრ განცდას ქმნის. მეორე მხრივ, იქნებ არც არაფერი შეცვლილა და ეგ იყო ადრეც, ახლაც ეგაა, მოკლედ, თავიდანვე სწორად ითქვა, რომ ქართული ქალაქის მუდმივობაა ასეთი. ქართული ქალაქის მუდმივობაა ყველა ის სოციალური პრობლემა, რომელიც ფილმის ჩვეულებრივ ფონს ქმნის – ნიკო ღარიბია, მაგარ დრამზე ოცნებობს, სულ ოცნებობს, ბავშვობიდან, ვიტრინაში იჭყიტება, „არ გაყიდო, რა. არავის გაატანო.“

კოტე კალანდაძემ, ალბათ, ყველაზე უკეთ იცის ქართული ალტერნატიული მუსიკის შიდა ამბები, ლამის ყველა ქართულ ბენდში ხომ დაუკრავს. იცის, მძიმე სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, როგორია შემოქმედი ეგოების ჭიდილი. ნიკოს ბენდში ხდება ის, რაც ხდება რეალურად ყველა ბენდში, მაგრა ბუნებრივად ხდება თან. ფრონტმენი თავისას ატრაკებს, სხვების კარგად დაკრულზე „ეჭვიანობს“, თან ევროპაში უნდა, სულ შანსის მოლოდინშია. ნიკო ბენდიდან მიდის:

– სად მიდიხარ?


– აზიაში.

ნიკოს უბნის ცუდ მაღაზიაში ერთი ნახვით უყვარდება გოგო და არ გვითქვამს, რომ ნიკო ქარხანაში მუშაობს. ჰო, ღარიბი დრამერი ქარხნის მუშაა. კიდევ რამდენიმე „კლიშე“ გარემოება და პერსონაჟია ფილმში – პოლიციელები და ნარკორეალიზატორები. ნიკოს, რა თქმა უნდა, ნარკორეალიზატორი ჩაითრევს საქმეში, ერთი ნახვით შეყვარებული გოგონაც ჯერ ამ საქმეში და მერე შარშიც ეხვევა. პრემიერის შემდეგ რეჟისორთან ინტერაქციაში დარბაზიდან მიკროფონშიც რამდენიმემ ახსენა ეს ქართული ფილმის კლიშეები, გარეთაც მოვისმინე იგივე და, რა თქმა უნდა, არც გარეთ და, მით უფრო, არც დარბაზში არ მეყო გამბედაობა, მეთქვა, რომ არც ერთმა კლიშემ არ შემაწუხა – ფილმის ჩარჩოში ისე ვიცხოვრე, არც ერთი წამით არ მიგრძვნია თავი არაორგანულად, არაბუნებრივ გარემოში. ყველა ის ნაცნობი მდგომარეობა, სივრცე და პერსონაჟი შესრულებითა და სამოქმედო არეალით ნაღდი იყო, პლაკატურ სახეებს იტანდა.

„მე არ შემიძლია, მსახიობს ვუთხრა, როგორი უნდა იყოს. მირჩევნია, რაც მომეწონება პროცესში, იქიდან შევქმნა რაღაც, ვიდრე პირიქით – შევაქმნევინო.“

ეგ ხდება ფილმში. ყველა პერსონაჟი თავისით იქმნება და კოტე კალანდაძე რაღაცებს ირჩევს. ფილმის პრემიერის ახალგაზრდა 19 წლის მოდერატორმა, მარიტა ლიპარტელიანმაც (რომელმაც, ალბათ, ყველაზე მეტჯერ და ყველაზე მონდომებით უყურა „დრამერს“) ეგეთი რამე მითხრა:

„ლაშა ცქვიტინიძე კი არ თამაშობს, ცხოვრობს.“

პრემიერის შემდეგ რეჟისორთან ინტერაქციაში დარბაზიდან მიკროფონში რამდენიმემ ახსენა ოპერატორის შესანიშნავი შრომა, გარეთაც მოვისმინე იგივე. ოპერატორის ნამუშევარი ბრწყინვალეა. კულტურის კრიტიკოსმა, დავით ბუხრიკიძემაც იქვე დამიდასტურა:

„როგორ მოდაშია ახლა ეს გრძელი და გაუჭრელი კადრები და როგორ არ იყენებს ამ მეთოდს ფილმის ოპერატორი. წამყვანია ქვემო წერტილი, რაკურსი, რომელიც განსაკუთრებულ ჩარჩოებს ქმნის.“

გამორჩეულად უბრალო და ჩვეულებრივი ფილმია „დრამერი“, უბრალო და ჩვეულებრივი სამსახიობო შესრულებით, ამდენად იშვიათი რომ გახდა თანამედროვე ქართულ კინოში. ჩვეულებრივი ადამიანების გადაღება უფრო მისწორდებაო, თქვა კოტემ და აშკარად ეგ მოხდა, პროცესი ყველას გაუსწორდა.

მახსოვს, რამდენიმე წლის წინ რომელიღაც ქართული სატელევიზიო არხის საღამოს ეთერში ბრაიან სინგერის „ჩვეულებრივი ეჭვმიტანილები“ უნდა გასულიყო და რამდენიმეწამიან პრომოში ლამის მთელ ფილმს მოყვნენ, ბოლოს ხმა აჯამებდა – „კევინ სპეისი არის კაიზერ სოზა.“ ჩვენც რაღაც ეგრე დავასრულოთ:

გოგი ძოძუაშვილი არის ნარკოდილერი. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა