დიდი შესვენება | რეცენზია ცხელ გულზე
თბილისის კინოფესტივალზე გუშინ ნანახი ფილმის შესახებ
ცოტა მოუხერხებელი კი იყო კიბეზე ჯდომა, მაგრამ სადღაც შუა ნაწილში ისიც გავიფიქრე, ამ ფილმს თუ უყურებ, „კომფორტულად“ არც უნდა იჯდე-მეთქი – სკოლა სხვა არაფერია, თუ არა შინაგანი და ფიზიკური დისკომფორტის თორმეტწლედი. ყველამ დავამთავრეთ. ყველამ ვიცით, რაც არის.
ფილმი „დიდი შესვენება“ სკოლაზეა, ჩაგვრაზე, გაზრდაზე, გაუთავებელ ფლეშბექებზე, დაძაბულობაზე. ბევრი პერსონაჟი ჩნდება, თუმცა ამბავი რამდენიმე მათგანზე კონცენტრირდება. რეჟისორმა, დავით ფირცხალავამაც თქვა, რომ სამი მთავარი პერსონაჟი გვყავს:
- გუგა – წარსულში მჩაგვრელი, აწმყოში შეწუხებული;
- ციცი – წარსულში მჩაგვრელის მეგობარი, აწმყოში წარსული მეგობრის მოძულე;
- ფოჩხუა – ყველაზე უფრო ჩაგრული წარსულშიც და აწმყოშიც.
„დიდი შესვენება“ არასდროს გასვენებს, მთელი მეტრაჟი მომართულია, რომ შეგაწუხოს, თან მიგაჯაჭვოს ამ წუხილს. გაკვეთილებს შორის დიდი შესვენება ხომ ჩაგვრის ყველაზე დიდი „შესაძლებლობა“ იყო სკოლაში ყოფნისას. 13-წლიანი შესვენების შემდეგ ერთი კლასი იკრიბება ისევ სკოლაში, იკრიბება ციცის ინიციატივით (მოუსვენრობით), უკან სკოლაში, „უფრო იაფად გამოვალთ, რა“ და „მხოლოდ ბიჭები!“ – ციცი მიდის გუგასთან სახლში და პირადად პატიჟებს წარსულში, ამ სცენით იწყება ფილმი და იწყება მუდმივი სასპენსი, არაფრის სასპენსი.
რატომ შეირჩა ფილმის გადასაღებ სივრცედ სკოლა, გასაგებია. რეჟისორმა, თავიდან რესტორანს ვფიქრობდიო, თუმცა როცა მთელი ფილმი ერთ სივრცეშია და მთელი ფილმი წარსულზეა, გარემოს სჭირდება საგნები, ნივთები, სუნი წარსულის; საკლასო ოთახი, ვაჟა-ფშაველა, ბუფეტი, დავით აღმაშენებელი.
„ყველამ ვიცით, რომ ჩაგვრა ცუდია. მე გადავიღე ფილმი იმაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს მომავალში მჩაგვრელმა და ჩაგრულმა.“
„დიდ შესვენებაში“ პერსპექტივები ჩაგრულსა და მჩაგვრელს შორის „დაბალანსებულია“. გუგა აშკარად განიცდის; ციციც განიცდის და თან წარსულის უარყოფას ცდილობს, მთავარ დამნაშავედ გუგას მიიჩნევს და მასთან ერთდღიან კომუნიკაციაშიც კი უამრავჯერ „აძახებს“ წარსულს, ხან პირდაპირ ახლის, ხანაც – შემოვლით.
ფოჩხუა მოცეკვავე იყო, მერე თურმე ერაყში წასულა, იქ დაიჭრა და ეტლს მიეჯაჭვა. ორი კვირის წინ შეხვდა ციცი, მოიკითხა და კლასის შეხვედრაზეც უთხრა. ორი კვირა არ ეძინა ფოჩხუას. რაღაც კონკრეტული მოხდა წარსულში, კონკრეტულად გუგა და სხვები იყვნენ დამნაშავეები, თუმცა რა მოხდა, არ ვიცით. ალბათ, დიდ შესვენებაზე მოხდა? ერთ მომენტში თვითონვე იხსენებენ ამ დღეს, როგორ მოექცა მთელი კლასი ფოჩხუას:
– მე არ ვიყავი მაგ დღეს.
– მახსოვს.
მოქმედება ღამის სკოლაში მიმდინარეობს – რამდენიმე კადრი იმდენად მომნუსხველია, დარბაზში სეანსის დროს ფოტოს გადასაღებად მომართული მობილურის ეკრანები ერთიანად ინთებოდა.
„დიდი შესვენება“ სულ თავიდან პიესა ყოფილა. დავით ფირცხალავამ სამეფო უბნის თეატრში არსებული თემურ ჩხეიძის თეატრალური სახელოსნო რეჟისორებისთვის და დრამატურგებისთვის დაამთავრა. ფილმი თემურ ჩხეიძისთვის მიძღვნით დაამთავრა. მერეღა ხვდები, რომ, რა თქმა უნდა, ეს იყო პიესა და ეს იყო დადგმა – საერთო სივრცე, ღრმა პერსონაჟები, ბევრი გადაკვეთა, უთქმელი კომუნიკაცია, აქტი და არაფრის სასპენსი; „ბოლო-ბოლო ან იჩხუბეთ, ან რამე ქენით!“ – ვფიქრობდი.
აქამდე არც ერთი სიტყვა არ მითქვამს ფილმის და თანამედროვე ქართული კინოს ერთ-ერთ საუკეთესო პერსონაჟზე, სკოლის დარაჯზე. როგორც გაირკვა, ამ პერსონაჟის იდეა მოგვიანებით, კინოცენტრის გასაუბრებაზე გაჩენილა. ალეკო ცაბაძემ ურჩია რეჟისორს, მგონი დარაჯი კარგი იქნებოდაო. რეჟისორმაც საკუთარი ბიძა ათამაშა ამ როლში.
დარაჯი უჩინარი გმირია, რეალობის დისტანცირებული მზერით, საკუთარ თავთან დიალოგით; სკოლის დარაჯი შეხსენებაა, რომ რაღაც რიგზე არაა, განცდები ერთიორად მძაფრდება – ვერ ისვენებს, ვერ იძინებს, ვერაფერს ცვლის, მაგრამ თქმას ცდილობს; დარაჯი მაგარი კაცია.