ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ზუზუნი, პათეტიკა და ლორის მოზრდილი ნაჭერი | ინტერვიუ თემურ ჩხეიძესთან

თემურ ჩხეიძეს ორი წლის განმავლობაში კვირაში ორჯერ სამეფო უბნის თეატრში ვხვდებოდი. მთელი ჯგუფი ვიკვლევდით თეატრს, როგორც ცხოვრების გადამამუშავებელ სისტემას. ვმსჯელობდით, რათა მივმხვდარიყავით, რა აქცევდა ჩვენს შრომას ისეთივე მნიშვნელოვნად, როგორიც არის ნაგვის ურნების დაცლა ნაგვისგან, პურის ცხობა ან ბავშვთან თამაში. ახლა ვზივარ მანქანაში წლების უნახავ მასწავლებელთან. მანქანა რუსთაველის თეატრის უკან დგას.

 

ა.ჩ.: ტროცკი სიცოცხლის ბოლო წლებში წერდა, რომ სიბერე არის ყველაზე მოულოდნელი რამ, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს. რაზეც ფილოსოფოსმა ემილ ჩორანმა თქვა: „ტროცკის ასეთი ღრმა ცოდნა რომ ჰქონოდა ახალგაზრდობაში, რა უვარგისი რევოლუციონერი იქნებოდაო“. თქვენც მოულოდნელად დაგატყდათ თავს სიბერე? რა მოიტანა?

თ.ჩ.: საერთოდ გადაფასება რამისა ხდება? არა. უბრალოდ უფრო შემრიგებლური ხდები თითქოს. ანუ ყველაფერს კი არ ეგუები, უბრალოდ ხვდები, რომ უნდა მიუტევო სხვასაც და, რაც მთავარია, შენს თავში იპოვო დანაშაული. ხასიათს კი არ იცვლი, ამა თუ იმ ფაქტის მიმართ დამოკიდებულებას კი არ იცვლი, არამედ იცვლი რეაქციას. აი, ეს მოიტანა ასაკმა. მახსოვს, დედა სულ ამბობდა, მიტევება ისწავლეთ, ადამიანი შეცდა, შენ არ უნდა გასრისო. სწორია. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ყველაფრის პატიება ხომ არ შეიძლება? არ ვიცი. იცი, რამდენი რამე არ ვიცი. რაღა დაგიმალო, მეგონა, რომ მეტ რამეზე გამეხსენებოდა ტვინი. მაგრამ რა მთხლეც ვიყავი, იგი ვარ.

ა.ჩ.: ხშირად იმეორებთ, რომ არა რევოლუცია, არამედ ევოლუცია. როგორ მიხვედით ამ პოზიციამდე?

თ.ჩ.: მე თვითონ გამიკვირდა, როცა დავაფიქსირე, რა ადრეული ახალგაზრდობიდან ვიყავი ამ ჭკუაზე. ეს სრულიად პრინციპული რამ არის. მარტო კონფლიქტების წინააღმდეგი კი არ ვიყავი, ვინმე რომ რამეს იჩემებდა, უკვე მაღიზიანებდა. ქანდაკებას ხომ მხოლოდ ერთი მხრიდან არ ვაფასებთ, გარს ვუვლით და სხვადასხვა წერტილიდან ვუყურებთ. როგორ შეიძლება ადამიანს არ ჰქონდეს უნარი, რომ სხვადასხვა მხრიდან შეხედოს თავის ნამოქმედარს თუ სხვისას. იყოს უფრო ლმობიერი. ძალიან მიყვარს როდენის ნათქვამი. როცა ჰკითხეს, თუ რა არის ხელოვნებაში მთავარი: როგორ თუ რაო? რა კი არა, ვინო, – როდენმა უპასუხა.

სამი წლის ვიყავი, პოლიომიელიტი რომ დამემართა. მარჯვენა ხელი არ განვითარდა. ამიტომ ჩემი ჯანმრთელობის და ჰაბიტუსის გამო, ჩხუბი გამორიცხული იყო. გარშემომყოფნი ყოველთვის მიფარავდნენ, ზრუნავდნენ, რომ არაფერი მომსვლოდა. თამაშის დროსაც მიფრთხილდებოდნენ, რომ არ წავქცეულიყავი, რადგან თუ წავიქცეოდი, აღარ აღდგებოდა ეს მარჯვენა ხელი.

ა.ჩ.: ერთი წლის წინ ბაბუაჩემი მოვინახულე (კოვიდის გამო, უფრო კი მისი მომიზეზებით, იშვიათად ვნახულობ ხოლმე) და ასეთი რამ გაიხსენა: მეზობლებს ჰყავდათ კამეჩებიო. აფხაზეთშია დაბადებული და გაზრდილი. ხანდახან მდინარიდან ზღვაში გაიყვანდნენ და უკან ვეღარ გამოდიოდნენო. ერთხელ მეზობლის კამეჩები მოხვდნენ ზღვაში. ძალიან შორს იყვნენ. ისე შემეცოდა ის ჩვენი მეზობელი, რომ აღელვებულ ზღვაში შევცურე და ეს განწირული კამეჩები ნაპირზე გამოვუყვანეო. თან ისე ყვებოდა ამ ამბავს, რომ გეგონება გუშინ მომხდარაო. მივხვდი, ეს მოგონება მისთვის უკვე იქცა მითად, რასაც ხშირად უბრუნდება. თქვენთვის რა არის ასეთი მოგონება?

თ.ჩ.: ჩემს მშობლებს ჰქონდათ ერთსართულიანი, მოცუცქნული აგარაკი შეკვეთილში. ერთხელ მოგვეჩვენა, რომ ვიხრჩობით და ვიხრჩობით ასეთი შემადგენლობით: მე, დედაჩემი, ჩემი და მაკა და კოტე მახარაძე. სიუჟეტი კი ასე დაიწყო. ცარიელი სანაპირო. კოტემ თქვა: მოდი, დღეს ზღვაში არ შევიდეთო, რაღაც ცუდი ზღვააო. არ შევიდეთ და ნუ შევალთ. ვიჯექი ჩემთვის და ვკითხულობდი. ცოტა ხანში კოტე მეძახის. თე-მურ! წიგნს თვალს ვწყვეტ და კოტესკენ ვიხედები. სანაპიროსთან ახლოს, მუხლამდე წყალში დგას, მაკას ჰაერში ისვრის და ოსტატურად იჭერს. ვითომ ბალეტს ცეკვავენ. კითხვას ვაგრძელებ. კოტე ისევ მეძახის. თე-მურ! ვიხედები. კოტე ისევ ააგდებს მაკას ჰაერში. რატომ არ ააგდებს, თოთხმეტი კილოა. მერე ისევ. თემურ! და ხმა უკვე შორიდან მესმის. თემურ, გვიშველე! ვიხედები და ვხედავ, რომ ნაპირზე არიან, მაგრამ წყლიდან ვერ ამოდიან. მოქცევაა და თურმე წყალმა ქვიშა გამოაცალათ ფეხქვეშ. შევდივარ ზღვაში. მაკას ვუწვდი ხელს, მაგრამ უარობს, დედას დაეხმარეო. „მომეცი ხელი, დედა! ხელი, დედა!“ დედას ეშინია, რომ თუ ხელს მომცემს, შეიძლება შვილიც ჩაითრიოს. ყვირილით ვლაპარაკობთ. კოტე ყველაზე მეტს ჭიდაობს. გადიო, – მიყვირის კოტე, გადი, რომ დაგინახო, როგორ მიცურავო! კოტე! – ვეძახი, კოტე, ვერ გავდივარ! კოტემ ერთი ამოიგმინა და გაცურა. მივხვდი, რომ ცურვა შეიძლება… ნელ-ნელა მივყვებით ჩვენც. აქეთ დედაჩემი, აქეთ მაკა… და კოტე უცებ გაჩერდა, ტალღა ტალღაზე მოდის. თავი ასწია და დაიღრიალა: ღმერთო, მიშველე, შვილი გადამირჩინეო. აი, მაშინ მივხვდი, რომ პათეტიკა, როგორც ფორმა, იბადება გამოუვალი მდგომარეობიდან და იმის მერე პათეტიკას მასხრად რომ იგდებენ, არ ვეუბნები არაფერს, მაგრამ ჩემთვის პროტესტი მაქვს – თქვენ არ გინახავთ ნამდვილი პათეტიკა-მეთქი.

ა.ჩ.: რამდენიმე დღის წინ ჩემი შვილი მზიურის ამფითეატრის სცენაზე აძვრა. დადგა შუაში. ხელები გაშალა და შესძახა: „ღმერთებო!“ მერე პაუზა გააკეთა და: „ტაკოები გამოაჩინეთ“. სადაც პათეტიკაა, იქვეა კომედიაც… სადაც ჯოჯოხეთია, იქ, იმედიც ჩნდება, თუნდაც კონტრაბანდული. თქვენ ერთხელ თქვით, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ გაჩნდა პათოლოგიურად ძლიერი იმედი.

თ.ჩ.: მაინც თავისუფლება სჯობს, თუნდაც დამახინჯებული, თუნდაც ნაკლოვანი... რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შორს არის იმ იდეალებისგან, იმ მოლოდინისგან, რაც ჩვენ გვქონდა...

ა.ჩ.: ახლა როცა ამ ყველაფერს აფასებთ, რა გგონიათ, საიდან დაგროვდა სისასტიკე?

თ.ჩ.: ვინც სად მივიდა, ე.ი. იქ იყო სულ, უბრალოდ გარემო უშლიდა ხელს. და მერე ასე ადვილი ხომ არ არის, დაანგრიო და სხვანაირი ააშენო. განსჯა ადვილია. თუმცა შენგან დაიწყე. განა მე ყველაფერი ისე გავაკეთე, როგორც ვფიქრობდი? მე არ ვლაპარაკობ ცხოვრების მოწყობაზე. ნებსით თუ უნებლიეთ ჩადენილ შეცდომებზე ვამბობ. ჩვენს ცხოვრებაში ხომ ოთხმოცდაათი პროცენტი უნებლიე შეცდომაა, რომელზეც გვიან მივხვდი, რომ შეცდომააა. მაგრამ თავიდან რომ იყოს, კიდევ იმავეს ვიზამ, იმიტომ რომ მე მე ვარ.

მაგალითად, არტურ მილერის „სეილემის პროცესში“, პიესაში ყველა მორწმუნეა. ყველას თავისებურად ესმის სარწმუნოების ერთგულება და ამ დროს ღუპავენ ერთმანეთს, ხომ? მთავარ გმირს ეუბნებიან, რომ ერთ საათში ჩამოახრჩობენ და თუ გინდა გადარჩე, უბრალოდ ხელი მოაწერე და თქვი, რომ მათ სატანასთან ჰქონდათ კავშირი. ისინი უკვე ცოცხლები აღარ არიან. შენზე აღარ არის დამოკიდებული მათი სიკვდილ-სიცოცხლე. შენ მხოლოდ ხელი უნდა მოაწერო და ეს კაცი ბოლო მომენტამდე ფართხალებს. ვერ გადაუწყვეტია. და სწორია ეს. იმიტომ რომ ადამიანი დირექტივებით არ ცხოვრობს, მას უბრალოდ სიცოცხლე უნდა. ამისთვის არის გაჩენილი. და რას ამბობს? კაცი ამბობს, სამი შვილი მყავს. მე თუ ამას ხელი მოვაწერე, როგორ გავზარდო ადამიანებად...

ერთხელ, სტუდენტობის დროს, ერთი გულაგგამოვლილი კაცი მიყვებოდა, იმდენი გვირტყეს, რომ ახლა როცა მელაპარაკები და გცნობ, ესეც მიკვირსო. ორი რამ შეიძლება დაგემართოს, როცა დაკითხვაზე გაწამებენო. ან ყველაფერს დაფქვავ, ან სპაზმი გემართება და ვერაფერს იტყვიო. ჩემზე ამბობენ, აი, ამან არავინ ჩაუშვაო. კი მსიამოვნებს, ასე რომ ამბობენ, მაგრამ ჩემი დამსახურება არ არის, სპაზმი დამემართაო. იმ წამების დროს, მე უკვე ადამიანი აღარ ვიყავიო. ასე რომ, ნუ გაამტყუნებთ, ვინც ამას გამოივლისო.

ა.ჩ.: რობერტ ფროსტის ლექსი მახსენდება, „თოვლი“. ღამდება, თოვს, ახალგაზრდა წყვილი დასაძინებლად ემზადება და ამ დროს კარზე აკაკუნებენ. კარს აღებენ და შემოდის მღვდელი. ახირებული და უცნაური კაცი. არ უხარიათ მისი დანახვა. სახლში მიდის ეს მღვდელი, მაგრამ თოვს გარეთ გიჟივით. მღვდელი სახლში დარეკავს, რომ ცოლი გააფრთხილოს, უთხრას სად არის. ცოლი სთხოვს, რომ დარჩი, სადაც ხარო. იმიტომ რომ გრძელი გზაა სახლამდე. ჰოდა, ახალგაზრდა წყვილი კი შესთავაზებს დარჩენას, მაგრამ გულის სიღრმეში არ უნდათ, რომ დარჩეს. ჰოდა, მღვდელიც ადგება და წავა. შუაღამისას ტელეფონი რეკავს. მღვდლის ცოლია. კითხულობს, წამოვიდაო ჩემი ქმარიო? და რეალურად აქედან იწყება მთავარი ლექსში. იწყება სინანული, უკვირთ, როგორ გავუშვითო ასეთ ამინდში. მზად არიან, თავი გასწირონ და მის საძებნელად წავიდნენ.

თ.ჩ.: სხვათა შორის, კარგი პიესა გამოვიდოდა მაგ ლექსიდან. ისე, ვეფხვის და მოყმის ბალადის მთავარი ფრაზა რა არის? „ერთი შვილ მაინც გაგზარდე, ვეფხვებთან მეომარია“ – ეს? არა, რა თქმა უნდა. „იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა. წავიდე, მეც იქ მივიდე, სამძიმარ უთხრა ჭირისა“, – აი, ეს. აი, რატომ არის დაწერილი ეს ლექსი. თორემ იმაზე რომ გაჩერებულიყო, ერთი შვილ მაინც გავზარდეო, რა იქნებოდა. კი, ამაყობს და კარგია, რომ ამაყობს, მაგრამ გასცდა ამასაც. ადგა და წავიდა. ამგვარ გაგებაზეა ლაპარაკი.

მე არც დისიდენტი ვყოფილვარ, არც მომხრე ხელისუფლების. სულ მინდოდა ჩემთვის წყნარად ყოფნა. ჩემი ცოლი მეუბნება, შენ ოღონდ სახლში იყო და მეტი არაფერი გინდაო. სხვა რა უნდა მინდოდეს? ვკითხულობ, როცა სახლში ვარ. ქუჩა-ქუჩა ხომ არ დავიწყებ კითხვას? და თუ აუცილებელი არ არის, რატომ უნდა წავიდე სადმე? ბავშვობიდან ასე ვარ. მოწყენა არ ვიცი მარტოობის დროს.

ა.ჩ.: მაგრამ შენთვის ყოფნა არ არის ასე მარტივი. მაგალითად, 2008 წელს, ომის დროს, თქვენ იყავით თბილისში და შემდეგ წახვედით პეტერბურგში, თეატრში, სადაც მუშაობდით. დაბრუნება კი გაგეწელათ, გაგიჭირდათ.

თ.ჩ.: ძალიან რთულია, როცა რაღაც ხდება შენს სახლში... ამიტომ რაღაც პერიოდი ვერ გადავწყვიტე. მერე თეატრის გამო, იმ ადამიანების გამო, ვინც თეატრში იყვნენ, მათ გამო გადავწყვიტე წასვლა. გურამ ოდიშარიას ერთ რომანშია ასეთი ეპიზოდი. სოხუმს ბომბავენ და ძაღლი გარბის. მორბოდაო ძაღლი და თან ფიქრობდა, ნუთუ დედამიწა მარტო ადამიანებს ეკუთვნითო. მე კიდევ დავავიწროვებდი ამას, ნუთუ დედამიწა მარტო პოლიტიკოსებს ეკუთვნით? არ შეიძლება ისე, როგორც „დიქტატორში“ თამაშობს გლობუსით.

ერთხელ მამიდაჩემის ბიბლიოთეკაში გაცრეცილი, დაგლეჯილი წიგნი ვიპოვე. განმარტებითი ლექსიკონი აღმოჩნდა. გადავშალე და წერია – „მორალი“. რა არის მორალი? მორალი არის ადამიანის უნარი, საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენოს საზოგადოების ინტერესი. ეგ არის და ეგ.

ა.ჩ.: კრიზისებში თქვენთვის კიდევ რა ჩანს, ამ ჭიდილის გარდა?

თ.ჩ.: ერთხელ 90-იანებში, შუქი არ არის. ღამეა და უცბად კარზე აბრახუნებენ. ვაღებ, ელდარია. ხელში უჭირავს ლორის მოზრდილი ნაჭერი. გურამ ლორთქიფანიძემ მაჩუქა და მარტო ხომ არ შევჭამდი, მოდი, მოვხარშოთ და ერთად ვჭამოთო. ჰოდა, მაშინ თქვა, რომ მახსოვს, ჩემს ბავშვობაში ომის დროს, ასე ვიკრიბებოდითო. ერთი მოიტანდა მწვანილს, მეორე ერთ ბოთლს ღვინოს და შეკოწიწდებოდა სუფრაო. აბა, რა გვექნა, უკეთეს დროს ხომ არ დავუცდიდითო? ახლა ამ პანდემიამაც კი ერთმანეთს დაგვაშორა, მაგრამ ამავდროულად ძალიან ბევრი მაგალითია გარშემო, როცა ადამიანები ეხმარებიან ერთმანეთს.

ა.ჩ.: აცრის დროს გაგვიყვანეს მოსაცდელ ოთახში. ჩემ წინ მოხუცი დედა და შვილი იჯდა. იმ ასაკში, როცა უკვე იშლება განსხვავება მშობელსა და შვილს შორის. დედის მოლოდინის დრო ამოიწურა და უთხრეს, რომ ქალბატონო, თქვენ შეგიძლიათ წაბრძანდეთო. ქალმა ითხოვა, თუ შეიძლება, ჩემს შვილს დაველოდებიო. ჩაკიდა ხელი თავის შვილს და ასე ისხდნენ, იცდიდნენ. ვუყურებდი და არ ვიცი, რატომ, მაგრამ ცრემლებს ძლივს ვიკავებდი.

თ.ჩ.: ერთხელ გერმანიაში ვიყავით გასტროლებზე, რუსულ თეატრთან ერთად. მგონი ვაიმარში. სპექტაკლი რომ დამთავრდა, ადგილობრივმა თეატრმა გამართა მიღება. ქართველი მხოლოდ მე ვიყავი. მოვიდა ჭაღარა ქალი, თარჯიმანთან ერთად და მეკითხება: თქვენ ხართ ქართველიო? მეო თქვენ გამო მოვედი სპექტაკლზეო. რამდენიმე წუთი დამითმეთო. აბა, რას ვიზამდი. ასეთ ამბავს მიამბობს: მეშვიდე თუ მერვე კლასში ვიყავი, მეორე მსოფლიო ომი რომ დაიწყოო. ჩვენ სოხუმში ვცხოვრობდითო. გერმანული ოჯახიო. მამაჩემი იყო მუსიკალური სკოლის დირექტორი. მალე მოვიდა განკარგულება, რომ თუ ვინმეა გერმანელი, უნდა მოხვეტონ და გაუყენონ შუა აზიისკენ გზას. ორი დღე მოგვცეს. დამამთავრებელ კლასში სწავლობდა ერთი ბიჭი, რომელიც ძალიან მომწონდა. დასვენებაზე მას ვეძებდი თვალებით. არც ის არ მოდიოდა გასაცნობად და მე ხომ ვერ მივდიოდი. ორი დღე მალე გავიდა და ყველანი შეგვკრიბეს და წაგვიყვანეს სადგურზეო. ასე, ჯარისკაცები არიან ჩამწკრივებულები. ბაქანზე სატვირთო მატარებელი დგას. მიგვიყვანეს და შეგვყარეს. სიჩუმეა. არც არავინ ტირის. და უცებ ვხედავ, რომ ის ბიჭი მოდის. მაისურაძე. მივიდა ჯარისკაცებთან და რაღაცას ელაპარაკება. ალბათ ხუთი წუთი გავიდა, მე მომეჩვენა, რომ საუკუნე გავიდა. არ ვიცი, რა უთხრა, მაგრამ გამოატარეს ჯარისკაცებმა. მეძებს. მეც ჩავედი ვაგონიდან და ერთმანეთს შევხვდით. არც მაშინ ვიცოდით, რა გვეთქვა ერთმანეთისთვის, მაგრამ ასე ვიდექით ერთმანეთთანო. ახლა არ ვიცი, ცოცხალია თუ არა ეს მაისურაძე, სად არის, მაგრამ ერთი რამე ვიცი, რომ ის არის ერთადერთი კაცი, ვინც ჩემი გულისთვის თავი გაწირაო... სანამ ასეთი ამბების გამო ჩვენ თვალზე ცრემლი მოგვადგება, არაფერი გაქრება და არაფერი დაიკარგება.

ა.ჩ.: ხშირად მახსენდება ის თქვენი ამბავი. სპექტაკლის დადგმის დროს რომ ისმოდა ლიფტის გუგუნი, ყანჩელმა სწორედ ეს ნოტი ჩაიწერა და სპექტაკლში კულმინაციურ სცენას დაადეთ. მაყურებელი ვერც აღიქვამდა ამ ზუზუნს, რომელიც საჭირო დროს ითიშებოდა და ისადგურებდა თავზარდამცემი სიჩუმე. თითქოს ამით სიჩუმის მნიშვნელობას ხაზი გაესვა. ჰოდა, სულ ვფიქრობ, რომ ჩვენს ცხოვრებასაც ხომ გასდევს ეს ზუზუნი, რასაც ხშირად ვერც ვამჩნევთ ხოლმე და როცა დადგება მომენტი და ეს ხმა გაქრება, შეიძლება მისთვის მომზადება?

თ.ჩ.: არ უნდა მომზადება. მაინც არაფერი გამოვა. ჩვენ ხომ არ ვიცით მთავარი – ის, თუ როდის წავალთ. და კიდევ კარგი, არ ვიცით. ახლა იცი, როგორ ვნანობ, დედაჩემს რომ შევეკამათე? დედა, როგორ შეიძლება, ყველაფერი აპატიო-მეთქი? გავა დრო და ყველაფერს მიხვდებიო. და აი, დროც გავიდა.

HBF
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა