გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
პოლიტიკა ხელოვნება ვიმ ვენდერსი არუნდატი როი

ვის ეშინია პოლიტიკური ხელოვნების | თემუკა ზოიძე

75-წლიანი ისტორიის მქონე ბერლინის კინოფესტივალის წლევანდელი გამოშვება მომავალ რეტროსპექტივაში საინტერესო იქნება არა იქ ნაჩვენები ფილმებით, წითელ ხალიჩაზე მიწვეული ვარსკვლავებით ან კონკურსის სადავო გამარჯვებულებით, არამედ, პირველ რიგში, ჟიურის თავმჯდომარის, ვეტერანი რეჟისორის, ვიმ ვენდერსის განცხადებით, რომლის გამოც მთელ ფესტივალს, ორგანიზატორებისვე შეფასებით, „მედია ქარიშხალი“ დაატყდა თავს. 

მედიისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე დასმულ კითხვას, თუ რას ფიქრობდა თანამედროვე პოლიტიკურ და სოციალურ კლიმატში კინოს როლზე, Paris, Texas-ისა და Wings of Desire-ის რეჟისორმა ასე უპასუხა:

პოლიტიკისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი, რადგან თუ პირდაპირ პოლიტიკურ ფილმებს გადავიღებთ, მაშინ პოლიტიკის სფეროში შევაბიჯებთ. ჩვენ კი ზუსტად პოლიტიკის საპირწონე, სრულიად საპირისპირო მხარე ვართ. ჩვენ ხალხის საქმე უნდა ვაკეთოთ და არა - პოლიტიკოსების. 

ჟიურის კიდევ ერთი წევრი, ევა პუშინსკა ვიმ ვენდერსის აპოლიტიკური სენტიმენტის ერთგული დარჩა, მხარი დაუჭირა თავმჯდომარის განცხადებას და მისთვის დასმულ კითხვას, თუ რას ფიქრობდა გერმანიის მთავრობის მიერ ისრაელისთვის მხარდაჭერაზე, “უსამართლო” უწოდა: მსოფლიოში კიდევ სხვა ბევრი ომი და გენოციდი ხდება, მაგრამ მათზე არ ვლაპარაკობთ… ამიტომ ეს რთული და ცოტა არ იყოს, უსამართლო კითხვაა. აღსანიშნავია, რომ პუშინსკა პროდიუსერია ჯონათან გლეიზერის 2023 წლის გახმაურებული ფილმისა Zone of Interest, რომელიც ჰოლოკოსტის დროს გერმანული საზოგადოების შემზარავ გულგრილობას ასახავს. 

დაწვრილებით

ბერლინალე, რომელიც ვენეციასთან და კანთან ერთად ევროპის სამ ყველაზე დიდ კინოფესტივალს შორის ერთ-ერთია, ყოველთვის იყო პოლიტიკური. მეტიც, ვიტყოდი, ბოლო წლებში იმდენად პოლიტკორექტული, რომ მთლიანად სტერილური გახდა, როგორც, შეიძლება ითქვას, მთელი თანამედროვე გერმანული კულტურა. ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ წლიდან წლამდე ისეთ შემაშფოთებელ ან სულაც კომიკურ განცხადებებს ვისმენთ ფესტივალის წარმომადგენლებისგან, როგორიც თუნდაც ზემოთ მოყვანილი მაგალითებია. 

ან სულაც ორი წლით უკან დავბრუნდეთ, 2024 წლის ბერლინალეზე, როცა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ჯილდო გადაეცა No Other Land-ს, სრულმეტრაჟიან ნამუშევარს ისრაელელი კოლონიზატორების მიერ პალესტინური სოფლების მუდმივად აწიოკებასა და მიტაცებაზე. ფილმი პალესტინელმა რეჟისორმა, ბასელ ადრამ და ისრაელელმა ჟურნალისტმა, იუვალ აბრაჰამმა ერთობლივად გადაიღეს. პრიზის მიღებისას ორივე რეჟისორმა თავიანთ სიტყვაში ისრაელში არსებული აპართეიდისა და პალესტინელების გენოციდის დასასრულებლად მსოფლიო პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობა მოითხოვა. 

ამან გერმანიის მთავრობაში, რომელიც აშშ-სთან ერთად ისრაელის ყველაზე დიდი მოკავშირეა, გაღიზიანება გამოიწვია და ზოგმა ბერლინალესთვის დაფინანსების შეწყვეტაც კი მოითხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდა გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კლაუდია როთი, რომელიც გავრცელებულ კადრებში სცენაზე მდგომ No Other Land-ის რეჟისორებს ტაშს უკრავდა. რუთს ამის გამო ბოდიშის მოხდა მოუწია და დააზუსტა, რომ ტაშს მხოლოდ ებრაელ-ისრაელელ ჟურნალისტ, იუვალ აბრაჰამს უკრავდა, რომელმაც პოლიტიკური გამოსავლის პოვნასა და რეგიონში მშვიდობიან თანაცხოვრებაზე დასვა აქცენტი

სანამ გერმანელი პოლიტიკოსები იმის მტკიცებაში არიან, თუ რომელი ხელით უკრავდნენ ტაშს ებრაელ ხელოვანს და რომლით არ უკრავდნენ პალესტინელს, ყველაზე ცნობილი ცოცხალი გერმანელი რეჟისორი კი ამტკიცებს, რომ კინოს არაფერი ესაქმება პოლიტიკასთან, ინდოელმა მწერალმა, არუნდატი როიმ, რომლის 1989 წლის ფილმის Which Annie Gives it Those Ones აღდგენილი ვერსიის ჩვენება უნდა გამართულიყო წლევანდელ ბერლინალეზე, ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ფილმის ჩვენება ჩაშალა და ჟიურის თავმჯდომარის განცხადებები „დაუჯერებლად“ შეაფასა. 

იმის მოსმენა, რომ თითქოს ხელოვნება პოლიტიკური არ უნდა იყოს, გამაოგნებელია. ეს არის კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისკენ მიმართული ყურადღების ჩახშობის მცდელობა მაშინ, როცა ის ჩვენ თვალწინ, რეალურ დროში ხდება - როცა ხელოვანები, მწერლები და რეჟისორები ყველაფერს უნდა აკეთებდნენ ამის შესაჩერებლად…

[ისრაელის ქმედებები] დაფინანსებული და მხარდაჭერილია აშშ-ის და გერმანიის მთავრობების მიერ ისევე, როგორც სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის მიერ, რაც მათ ამ დანაშაულის თანამონაწილეებად აქცევს. თუ ჩვენი დროის ყველაზე დიდ რეჟისორებსა და ხელოვანებს ამის წინააღმდეგ ხმის ამოღება არ შეუძლიათ, ის მაინც უნდა ახსოვდეთ, რომ მათ ისტორია განსჯის.

ხელოვნების პოლიტიკურობასთან არუნდატი როის ხანგრძლივი პირადი ისტორია აქვს. გასულ აგვისტოს ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირის რეგიონში “ყალბი ნარატივის გავრცელებისა და სეპარატიზმის პროპაგანდის” ბრალდებით 25 წიგნი აიკრძალა, რომელთა შორისაც მოხვდა ბუკერის პრემიის ლაურეატი მწერლის, არუნდატი როის ესეების კრებული Azadi.

როი როგორც 2020 წელს გამოქვეყნებულ ამ წიგნში, ისე თავის სხვა ბევრ ტექსტსა თუ საჯარო გამოსვლაში აკრიტიკებს ინდოეთის ნაციონალისტურ მთავრობას, სისტემურ ისლამოფობიას და მხარს უჭერს ქაშმირის დამოუკიდებლობას.

პაკისტანს, ინდოეთსა და ჩინეთს შორის მოქცეული ქაშმირის ტერიტორია უკვე 70 წელზე მეტია, ამ სამივე სახელმწიფოს პოლიტიკური დავის საგანი და პერიოდულად შეიარაღებული კონფლიქტის ეპიცენტრია, რასაც თვითონ რეგიონში მცხოვრები ადგილობრივების ყოველდღიური სიმშვიდე და სიცოცხლე დაუსრულებლად ეწირება.

2025 წელს ინდოეთის მთავრობამ ასევე გასცა ნებართვა, რომ არუნდატი როის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა დაიწყოს 2010 წელს გაკეთებული განცხადების გამო, რომლის მიხედვითაც, ქაშმირი ინდოეთის “განუყოფელი” ნაწილი არ არის. როგორც თავის სამშობლოში, ისე საერთაშორისოდ მწერლის მიმართ გამოვლენილმა საჯარო მხარდაჭერამ სამართლებრივი დევნის პროცესი დროებით შეაჩერა, თუმცა მჯერა, ამას არუნდატი როი არც თავიდან შეუშინებია. 2002 წელს ის ერთხელ უკვე დააპატიმრეს ნარმადის ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ხელისუფლებასთან დაახლოებული სასამართლო სისტემის კრიტიკის გამო.

სწორედ ქაშმირის კონფლიქტზე წერს როი თავის მეორე რომანში “უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო”. თუმცა, თავხედობაა თქვა, ზუსტად რაზეა ეს რომანი, რადგან ის ყველაფერზეა - ტრანსგენდერი/ინტერსექსი ადამიანების საერთო საცხოვრებელში ნაპოვნი სამოთხით დაწყებული, დელის რკინიგზის სადგურზე გაზეთების გამყიდველი სადამ ჰუსეინით დამთავრებული.

ეს არის წიგნი, რომელიც არა ერთ, არამედ რამდენიმე ერთმანეთზე უფრო კომპლექსურ, დამაინტრიგებელ, სახალისო, ტრაგიკულ და დაუვიწყარ ამბავს ჰყვება, რომლებიც მკითხველისთვის მთლიანობაში ისეთ შთამბეჭდავ გამოცდილებას ქმნის, როგორსაც პირველი ლუკმა ინდური სამზარეულოდან - სრულიად უცხო და მრავალფეროვანი გემოების ერთად აფეთქებას ყველას გემოვნების რეცეპტორები მარტივად ვერ გაუმკლავდება.

წვრილმანების ღმერთისგან” განსხვავებით, რომელიც როის სადებიუტო რომანი იყო, მის რიგით მეორე მხატვრულ ტექსტს ერთხმად ქება არ დაუმსახურებია. ერთი მხრივ, ეს შეიძლება იმის ბრალია, რომ “უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო” არუნდატი როიმ 20 წლის შემდეგ გამოაქვეყნა და ალბათ, შეუძლებელია, ამდენხნიანი მოლოდინები ყველას თანაბრად გაუმართლო. თუმცა, ყველაზე ხშირად მას სულ სხვა რამეს საყვედურობენ. 

ამ ორი ათწლეულის განმავლობაში როი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივისტურ საქმიანობაში და როგორც ზემოთ უკვე ვახსენეთ, ინდოეთის მთავრობის კრიტიკასთან ერთად თავის ესეებში ხშირად წერს საერთაშორისო ყურადღებისგან მიჩქმალულ ისეთ თემებზე, როგორებიცაა თანამედროვე ამერიკული იმპერიალიზმის შედეგები თუ ისრაელის რასისტული და არაჰუმანური პოლიტიკა პალესტინელების წინააღმდეგ. არუნდატი როიმ თავისი კარიერა (მათ შორის “წვრილმანების ღმერთის” გასაოცარი წარმატების შემდეგ მიღებული ფინანსური სარგებელი) მთლიანად მიუძღვნა იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც როგორც ინდოეთში, ისე დანარჩენ მსოფლიოში სისტემურ უსამართლობას უპირისპირდებიან. ამ ყველაფრის გამო კი ხშირად ეჭვქვეშ აყენებენ, არის თუ არა ის საერთოდ მწერალი.

The Guardian-თან ინტერვიუში დასმულ კითხვას, აქტივიზმი ხელს ხომ არ უშლის მხატვრული ტექსტების წერაში, როიმ ასე გასცა პასუხი:

სიტყვა ‘აქტივისტთან’ ყოველთვის მიუღებლობა მაქვს. ვფიქრობ, ეს ძალიან ახალი სიტყვაა და არც კი ვიცი, როდის გაჩნდა, თუმცა ნამდვილად ბოლოდროინდელი ამბავია. არ მჭირდება, მწერლობას მეორე პროფესია მივამატო. წერა სავსებით საკმარისია. მწერლები ადრეც პოლიტიკური არსებები იყვნენ. ყველა არა, მაგრამ ბევრი მათგანი იყო. ჩვენს საქმედ მიიჩნეოდა, რომ ჩვენ გარშემო არსებულ სამყაროზე სხვადასხვაგვარად გვეწერა. ამიტომ ეს ფაქტი სულ არ მაშინებს. ჩემთვის ჩემი მხატვრული და არამხატვრული ტექსტები თანაბრად პოლიტიკურია. მხატვრული ტექსტი სამყაროა, არამხატვრული კი - არგუმენტი.

რაც მართლა მაღელვებს, ის ფაქტია, რომ მწერლებს პოლიტიკურობის ეშინიათ. ის, რომ მწერლობა ისეთი მისაღები პროდუქტის შექმნამდე უნდა დაიყვანონ, რომელიც ყელში მარტივად ჩასრიალდება, მკითხველს ეყვარება და შესაბამისად, ბესტსელერი გახდება, ძალიან საშიშია. დღეს, მაგალითად, ინდოეთში, მაჟორიტარიზმი ფესვებს იდგამს და ამით მხოლოდ ხელისუფლებას არ ვგულისხმობ, ცალკეული ინდივიდები სხვადასხვა გზით ხდებიან მიკროფაშისტები. ბრბოები და თვითორგანიზებული დაჯგუფებები ასამართლებენ ლინჩის წესით სხვებს. ამიტომაც, ისე, როგორც არასდროს, დღეს მწერლის თვალთახედვა უნდა იყოს არაპოპულარული. მწერლის საქმეა, თქვას: “გგმობ, თუნდაც უმრავლესობას არ წარმოვადგენდე. 

არუნდატი როი დისკომფორტს უქმნის არა მხოლოდ ტოტალიტარულ ხელისუფლებებს, კორუმპირებულ პოლიტიკოსებს და ეკოლოგიის მტერ ბიზნესკორპორაციებს, რომელთა მთავარი ინტერესი კაპიტალის დაგროვება და გავლენის გაფართოებაა, არამედ იმ ხელოვანებსაც, რომლებსაც ზუსტად იგივე ინტერესი აქვთ, ოღონდ ამას ყალბი ხელოვნების რომანტიკული ელფერით ნიღბავენ. ცხადია, პოლიტიკურობა არ გაიგება ისე, თითქოს ყველა ხელოვანი რუპორით ხელში რომელიღაც დემონსტრაციას უნდა მიუძღვებოდეს, თუმცა ხელოვანი პირველი უნდა გრძნობდეს ეპოქის ისტორიულ ძვრებს და თავისი შემოქმედებით ეხმაურებოდეს, აღწერდეს ან მოიხელთებდეს მას. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ხელოვნების რომელი მიმართულება იქნება, ვიზუალური, გამომხატველობითი თუ ინტერაქციული. სამწუხაროდ, თანამედროვეობაში ხელოვანების დიდი ნაწილი ან უბრალოდ სისტემის პროპაგანდის მანქანადაა ქცეული და მასების ყურადღების გადატანას, გაბრუებას ემსახურება, ან მხოლოდ “პოლიტიკურის” ზედაპირულ, ნელ-თბილ, უსაფრთხო და მეინსტრიმისთვის მისაღებ ფორმებში თავსდება.

თუ “წვრილმანების ღმერთი” ნახევრად ავტობიოგრაფიული ელემენტებით ავტორის ბავშვობის მოგონებებს აცოცხლებს, “უზეშთაესი ნეტარების სამინისტროში” უკვე ზრდასრული როის ხიფათით სავსე ცხოვრების გამოცდილებების ამოკითხვაა შესაძლებელი. ის, ვინც ამ ორ წიგნს უსამართლოდ ადარებს და აღნიშნავს, რომ “სამინისტრო” ქაოსური ტექსტია, რომელშიც როი ბევრი ერთმანეთისგან განსხვავებული თემის გაერთიანებას წარუმატებლად ცდილობს, ვერ აღიქვამს, თუ რამდენად ავთენტურად აირეკლავს ეს რომანი ზუსტად იმ სამყაროს ყოველდღიურობას, რომელშიც ახლა ვცხოვრობთ: მართალია, ფაბულა მეტწილად ინდოეთის პოლიტიკური, სოციალური და კულტურული დეტალებითაა აგებული და ამ მრავალმხრივ საინტერესო ქვეყნის თანამედროვე ისტორიას მისი ყველაზე ჩაგრული შვილების ამბებით ჰყვება, იმავდროულად იდეალურად გადმოსცემს თანამედროვე სამყაროს იმ ატმოსფეროს, რომლის ქაოსშიც სულ უფრო და უფრო უმნიშვნელო ხდება ინდივიდი მაშინ, როცა თავგამოდებით გვარწმუნებენ საწინააღმდეგოში. 

ეს წიგნი დიდი ტკივილის, დანაკარგის, ტრაგედიის, უსუსურობის და სასოწარკვეთის ამოტირებაა, თუმცა თან იარების მოშუშების, ახალი ოჯახის პოვნის, სიყვარულის რწმენის და იმედის დაბრუნების მანტრაა.

ალბათ, “უზეშთაესი ნეტარების სამინისტროს” სათანადოდ დაფასებას ცოტა უფრო მოგვიანებით შევძლებთ, როცა მოვახერხებთ, ამ ეპოქის სისტემურ კრიზისს თვალი გავუსწოროთ და ყურადღების გასაფანტად კონფორმიზმით და მომხმარებლური კულტურით დანაგვიანებულ ჩვენს ყოველდღიურობაში რადიკალურობის აღარ შეგვეშინდეს. 

მინდოდა გამეგო: შეიძლება რომანი ქალაქი იყოს? შეიძლება წიგნი ბავშვის ფაფას არ ჰგავდეს, რომელიც მარტივად მოსანელებელია? ამიტომ მკითხველიც უნდა შეეჭიდოს იმ სირთულეებს, რომლებზეც დაასწავლეს, რომ სულაც არ უნდა გაუმკლავდეს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა