სასამართლო კლანი | თაზო კუპრეიშვილი
30.04.2026 | 12 წუთიანი საკითხავირეფორმის ტალღებში დაკარგული სასამართლო - თაზო კუპრეიშვილის სტატიების სერია, რომელიც 1991 წლიდან დღევანდელობამდე ქართული სასამართლოს ამბავს ჰყვება:
პირველი ნაწილი: ქართული სასამართლოს პირველი ნაბიჯები (1991-2003)
მეორე ნაწილი: დაკარგული შანსი (2003-2012)
მესამე ნაწილი: სამართლიანობის აღდგენა (2012-2018)
მეოთხე ნაწილი: სასამართლო კლანი
სასამართლოს ამ გავლენიანი ჯგუფის არაფორმალური ლიდერი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე იყო, ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც სასამართლო სისტემას სამოქალაქო სექტორიდან 10-ზე მეტი წლის განმავლობაში აკვირდებოდა, გარკვეული პერიოდით კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრიც იყო.
“სასამართლო სისტემაში ჩინჩალაძეა უპირობო ლიდერი, რომელსაც ყველა საკითხზე აქვს გავლენები და ბერკეტები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მთლიანი შემადგენლობის უმრავლესობა უპირობოდ ემორჩილება მას”, – ჯერ კიდევ 2018 წელს ასე ახასიათებდა ნაზი ჯანეზაშვილი მიხეილ ჩინჩალაძეს.
მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძის მსგავსად, სასამართლო სისტემაში “ნაციონალური მმართველობის” დროს მოხვდა – მათ არ ჰქონდათ საბჭოთა სისტემაში აღზრდისა და ჩამოყალიბების გამოცდილება, რაც მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორთა ჯგუფს სასამართლო სისტემის გარდაქმნის გზაზე, 1990-იან წლებში და უკვე “ვარდების რევოლუციის” შემდეგაც, მთავარ წინაღობად ესახებოდა.
2004 წელს, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძემ მუშაობა დაიწყო ზურაბ ადეიშვილის პროკურატურაში და მას დაუახლოვდა, მხოლოდ 26 წლის იყო. 2007 წელს მან უკვე უზენაეს სასამართლოში გადაინაცვლა. რაც შეეხება ლევან მურუსიძეს, ის მოსამართლე 2005 წელს, 30 წლის ასაკში გახდა, საქალაქო სასამართლოში მუშაობის დაწყებიდან მეორე წელსვე კი მურუსიძეც უზენაეს სასამართლოში გადაიყვანეს.
მიხეილ ჩინჩალაძის გავლენები “ქართული ოცნების” მმართველობისას კიდევ უფრო გაძლიერდა. ის 2017 წლიდან მოსამართლედ უვადოდ იყო გამწესებული. სტუდია “მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2018 წელს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რვავე მოსამართლე წევრი ჩინჩალაძეს უკავშირდებოდა – ნაწილი სამსახურებრივად, ნაწილი – ნათესაობით. ჩინჩალაძე იმითაც იყო გამორჩეული, რომ 2010-2013 წლებში მას არცერთი საქმე არ განუხილავს, მაგრამ 448 020 ლარის ანაზღაურება მიიღო.
იმაზე, რომ მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ჩამოყალიბება სასამართლო სისტემაში “ნაციონალური მოძრაობის” დროს დაიწყო და ამის გვერდით ეფექტზე არ უფიქრიათ, 2019 წელს, გვარამიასთან ინტერვიუში, ზურაბ ადეიშვილმაც დაადასტურა.
მისი თქმით, შეიქმნა მოსამართლეთა სკოლის ისეთი სისტემა, რომელიც აყალიბებდა ლოიალურ და ერთმანეთისადმი სოლიდარულად განწყობილ მოსამართლეებს, რაც, საბოლოოდ, ძლიერ კორპორაციად, კლანად გადაიქცა:
“ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა”, - აღნიშნა ადეიშვილმა.
მკვლევარი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ უკვე 2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, მმართველი ძალა “ქართული ოცნება” სწორედ მოსამართლეთა ამ გავლენიანი ჯგუფის, “კლანის” პირისპირ აღმოჩნდა.
"როცა იყო წინააღმდეგობის ეტაპი, ოცნებამ სცადა შეტევით ამ წინააღმდეგობის შემცირება და ვერაფერს მიაღწია, მერე დაიწყო კოლაბორაცია. იმდენი ძალაუფლებაც არ ჰქონდა, რომ ეს გაეტეხა და წავიდა კოლაბორაციაზე, მიიღო ორმხრივ თანამშრომლობასა და სარგებლიანობაზე დაფუძნებული მოდელი”, – მიიჩნევს ვერძეული.
ბესარიონ ალავიძის საქმე
„ძალიან ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს სახურავზე, ფასადზე ავალ და მანტიით ჩამოვიკიდებ თავს, საჯაროდ, რომ დაინახოს ადამიანებმა, მოსამართლემ თავი მოიკლა… ამით ყველა მიხვდება, რომ სასამართლოში ასეთი სიტუაციაა, ისეთი ზეწოლის და სტრესის ქვეშ ვიყავი,“ – ამბობს უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ვიდეოში, რომელიც 2025 წელს ონლაინ გამოქვეყნდა. ჩანაწერი 2022 წელსაა მომზადებული. ვიდეოს ამ დრომდე არგამოქვეყნების მიზეზად ალავიძემ ანგარიშსწორების შიში დაასახელა და ეს მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.
დევნილობაში მყოფი ყოფილი მოსამართლის 147-წუთიან ვიდეოჩვენებაში არაერთ მნიშვნელოვან ფაქტსა და პროცესზეა საუბარი. ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის, რომელიც ქართულ სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ბოლო 15 წლის განმავლობაში ახლოდან აკვირდებოდა, ფუნდამენტურად ახალი თითქოს ბევრი არაფერი იყო. ეს ხომ ისედაც ვიცოდით? ეს ხომ ისედაც ზედაპირზე ჩანდა?
თუმცა, სისტემის შიგნიდან გამოტანილმა დაფარულმა პროცესებმა ეს საჯაროდ ცნობილი, მაგრამ ფაზლის დეტალებივით გაბნეული ფაქტები ერთმანეთს დაუკავშირა და შეკრა ერთ მთლიან, ტრაგიკულ სურათად, რომელზეც რეფორმების დაუსრულებელ ტალღებში დაკარგული სამართლიანი სასამართლო ჩანს, სხვა არაფერი. ეს ვიდეო გახდა მყარი მტკიცებულება ყველა იმ დაკვირვებისა და შეფასებისა, რაზეც წლების განმავლობაში კრიტიკოსები საუბრობდნენ სასამართლო სისტემაში არსებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფზე, ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაზე და მთლიანად, პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე.
ბესარიონ ალავიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ 2011 წელს 10 წლის ვადით აირჩიეს.
ყოფილი მოსამართლე 2025 წელს გამოქვეყნებულ ვიდეოში იხსნებს კონკრეტულ სასამართლო საქმეებს, რომლებიც “ქართული ოცნების” მმართველობის პირველივე პერიოდში მიუთითებდა, რომ მათ დაიწყეს სასამართლო სისტემის შიგნით გავლენის მოპოვება და მათთვის სასურველ გადაწყვეტილებებზე მუშაობა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა
ასეთ საქმედ ალავიძე ასახელებს რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ამბავს, როცა ბიზნესპარტნიორები — პატარკაციშვილების ოჯახი და ბიზნესმენი ჯოზეფ ქეი ქარხნის წილებზე დავობდნენ.
როგორც ალავიძე ამბობს, აღნიშნულ საქმეზე ზეწოლა ორი მხრიდან იყო: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კუბლაშვილი ეუბნებოდა, რომ გადაწყვეტილება უნდა მიეღო ჯოზეფ ქეის სასარგებლოდ, ხოლო სასამართლოს გავლენიანი ჯგუფის, ე.წ. კლანის წევრი ვასილ როინიშვილი კი მას მიუთითებდა, რომ ყველაფერი პატარკაციშვილების გამარჯვებით დაესრულებინა.
საქმის გასარკვევად ალავიძე ლევან მურუსიძემ, ვასილ როინიშვილმა, ვალერი ცერცვაძემ და მიხეილ ჩინჩალაძემ თბილისის ერთ-ერთ კაფეში შეხვედრაზე დაიბარეს.
“ეს იყო სუფთა ქურდული, ქუჩური გარჩევა“, – იხსენებს მოსამართლე და გამოყოფს კიდევ ერთ გარემოებას. კლანის წევრებმა უთხრეს, რომ ეს იყო საქმე, რომლის კარგად დასრულების შემთხვევაშიც, ახალ ხელისუფლებასთან “დალაგდებოდნენ”. თუ არა და ყველაფერი ძალიან ცუდად წავიდოდა:
“არა მხოლოდ ჩვენი, სისხლის სამართლის საქმეებზე მომუშავე მოსამართლეების რიგია პროკურატურაში, შეიძლება, ყველანი დაგვიჭირონ“, – ამბობს ალავიძე და დასძენს, რომ მსგავსი შეხვედრა მეორედაც გაიმართა.
ყოფილი მოსამართლე იხსენებს, რომ ზეწოლა და სტრესი იმ მასშტაბის იყო, რომ სუიციდზეც დაიწყო ფიქრი და ამის შესახებ ლევან მურუსიძესაც უთხრა. საბოლოოდ, როგორც ის ამბობს, საქმის აცილებაზე განცხადება დაწერა და თავი ამით აარიდა ამ საქმეს, რომელიც ს. საბოლოოდ პატარკაციშვილების ოჯახის სასარგებლოდ დასრულდა.
რუსთავი 2-ის საქმე
“რუსთავი 2” იყო ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სასამართლო საქმე საქმე “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის და, როგორც ბესარიონ ალავიძე ამბობს, ჯერ კიდევ მის დაწყებამდე იცოდნენ, რომ ხელისუფლება არხის მიტაცებას გეგმავდა.
საბოლოოდ, “რუსთავი 2-ის” ყოფილმა მფლობელმა, “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულმა ქიბარ ხალვაშმა ტელევიზიის დაბრუნება მართლაც მოინდომა იმ საბაბით, რომ ის წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ წაართვეს.
მსგავსი პრეტენზია გამოხატეს “რუსთავი 2-ის” დამფუძნებლებმა – ჯარჯი აქიმიძემ და დავით დვალმა, თუმცა მათ საქმეს, ხალვაშისგან განსხვავებით, მსვლელობა არ მისცემია.
თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. მოგვიანებით, საქმემ მიაღწია უზენაეს სასამართლომდეც და ის სამ მოსამართლეს დაეწერა: ბესარიონ ალავიძეს, ეკატერინე გასიტაშვილს და პაატა ქათამაძეს.
როგორც ალავიძე ამბობს, “რუსთავი 2-ის” საქმეზე ქიბარ ხალვაშის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი ზეწოლა იყო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძისა და მოსამართლის, მზია თოდუას მხრიდან, პროცესში ჩაერთო ჩინჩალაძე-მურუსიძის კლანი. ამას დაემატა ზეწოლა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდანაც. ეს წლების წინ საჯაროდ განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ამჟამად პატიმრობაში მყოფმა სოსო გოგაშვილმაც.
ალავიძის თქმით, ზეწოლის შემდეგ მხოლოდ ის მოახერხეს, რომ სამკაციანმა კოლეგიამ საქმე განსახილველად დიდ პალატას გადასცა, რომელშიც 9 მოსამართლე შედიოდა.
მოგვიანებით, ამ კოლეგიამ “რუსთავი 2” საბოლოოდ მიაკუთვნა ქიბარ ხალვაშს.
სასამართლო ძალაუფლების სათავეში მყოფმა პირებმა ყოფილი კოლეგის ყველა ბრალდებას უარყოფით უპასუხეს. მათი შეფასებით, ბესარიონ ალავიძე სისტემაზე განაწყენდა იმის გამო, რომ ვადის ამოწურვის შემდეგ, 2021 წელს, ხელახლა არ დანიშნეს და შური ამ ფორმით იძია. სტატიაში ნახსენები კონსტანტინე კუბლაშვილი, რომელმაც 10 წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ქართულ სასამართლო სისტემაში, 2023 წელს, 50 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.
2026 წლისთვის მართლმსაჯულების სისტემის მრავალწლიანი რეფორმის შედეგი ასეთია: სისტემასთან დაპირისპირებული მოსამართლეები სასამართლოს მიღმა დარჩნენ — ზოგი აკადემიურ საქმიანობას ეწევა, ზოგმა — კერძო საადვოკატო პრაქტიკა დაიწყო, ზოგმა კი უსაფრთხოდ საცხოვრებლად ემიგრაციას მიაშურა.
დასავლურმა სახელმწიფოებმა კი რეპრესიული მართლმსაჯულების განხორციელებისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის 40-ზე მეტი მოსამართლე დაასანქცირეს.
მომავალი
“სისტემამ შეცვალა ადამიანები და აქცია ისეთი მენტალობის ადამიანებად, როგორიც თავად ეს სისტემაა”, – ასეთ ახსნას უძებნის მაია ბაქრაძე მართლმსაჯულების ამჟამინდელ მდგომარეობას.
“ზოგადად, პოსკომუნისტურ სივრცეში პრობლემა ასე იდგა: სასამართლო იუსტიციის სამინისტროზე ბიუროკრატიულად, სისტემურად იყო დაქვემდებარებული. ის იყო არა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, არამედ სისტემის მხოლოდ ერთი რგოლი. ეს მენტალობა ვერ ამოიძირკვა”, – მიიჩნევს ყოფილი მოსამართლე.
ის დარწმუნებულია, რომ სასამართლო სისტემაში გამაჯანსაღებელი ცვლილებები მხოლოდ პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ გახდება შესაძლებელი: “პოლიცია და პროკურატურა თუ არ გაჯანსაღდა, საბოლოო შედეგი რა იქნება”.
პოლიტიკური ფაქტორი გადამწყვეტია მკვლევრის, სოფო ვერძეულისთვისაც, რადგან ამბობს, რომ სასამართლო ერთ-ერთი ყველაზე რთული ინსტიტუტი იმიტომაა, რომ ის სამართლისა და პოლიტიკის ზღვარზეა.
“ჩვენ წმინდად სამართლის პროცედურული საკითხების გამართვით ვცადეთ ამ უდიდესი პოლიტიკური განზომილების მქონე ინსტიტუტის რეფორმირება ისე, რომ თან პოლიტიკურ სისტემას ყურადღება არ მივაქციეთ. მივიღეთ ის, რომ კანონში ჩახედავ და ოცსაფეხურიანი სისტემებია გაწერილი, აურაცხელი ორგანოებია შექმნილი, მაგრამ თუ პოლიტიკასა და სამართალს შორის ბალანსი დაკარგულია, მით უმეტეს ასეთ ორგანოში, რეფორმების დროს ყურადღებას არ აქცევ პოლიტიკურ სისტემას, შეუძლებელია, ამ რეფორმამ იმუშაოს.
თუ პოლიტიკური სისტემა და ძალაუფლების ლოგიკა არ შეიცვლება, სასამართლო არასდროს არ შეიცვლება, რამდენად კარგი სამართლებრივი რეფორმებიც არ უნდა გვქონდეს ფურცელზე”, – ეუბნება ვერძეული “ინდიგოს” და განმარტავს, რომ აქამდე არავის გაუთვალისწინებია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი; რომ თავად სასამართლოში არსებობს ძალაუფლების ცენტრები (Judicial Oligarchs); და რომ ამ ჯგუფებს ყველა სისტემაში აქვთ პროფესიული და სხვა სახის ინტერესები, გავლენები.
სოფო ვერძეული ამბობს, სასამართლოს გაჯანსაღება რეალურად რომ იყოს შესაძლებელი, სულ მცირე, სამი ფაქტორი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს:
- კონსესუსი პოლიტიკურ ჯგუფებს შორის რეფორმის ფორმასა და შინაარსზე;
- საზოგადოებაში მოთხოვნის გაჩენა;
- სასამართლოს შიგნით კრიტიკული მასის მომწიფება, რომელიც მზად არის სისტემის გასაჯანსაღებლად.
“სხვაგვარად მივიღებთ ფურცელზე დაწერილ კანონებს, ან ერთ დღეში არასასურველი ადამიანებისგან გაწმენდილ სისტემას, რომელსაც სხვები ჩაანაცვლებენ”.
ანუ კვლავაც მივიღებთ ისეთ სცენარებს, რომელთა მავნებლური, ანდა, შეიძლება ითქვას, რომ დამანგრეველი შედეგებიც უკვე წლებია, ქართული სასამართლოს და მისგან დაზარალებული საზოგადოების გამოცდილებად გროვდება. სამართლიანი სასამართლოს სასიცოცხლო მნიშვნელობა და საჭიროება ბოლო თვეების რეპრესიებმა ყველას დაანახა. საზოგადოების სხვადასხვა ფენის წევრებმა საკუთარ თავზე იგრძნეს ის, რაც აქამდე მხოლოდ ვიწრო პროფესიული ჯგუფისთვის, ანდა უსამართლო სისტემით დაზარალებულთათვის იყო თვალსაჩინო. აქამდე სამოქალაქო მგრძნობელობას ასუსტებდა ის გარემოებაც, რომ არსებობდა უთქმელი ცოდნა – სასამართლო მხოლოდ კონკრეტული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში სჭირდებოდათ, ბოლო საპროტესტო მოძრაობის წინააღმდეგ კონსოლიდირებული სისტემის დაუნდობლობამ კი ცხადყო, მორჩილი სასამართლო ხელისუფლების ხელში დასჯის ინსტრუმენტად იქცევა ყველაზე პატიოსანი და კანონმორჩილი ადამიანებისთვისაც კი. ამიტომ გამსჭვალა ბოლო პროტესტები სამართლის ასეთმა უპრეცედენტოდ ხმამაღალმა და ხანგრძლივმა მოთხოვნამ. "არ იქნება სამართალი არ იქნება მშვიდობა" - ეს რეაქციული შეძახილი, რომელიც უსამართლო დაპატიმრებების, დემონსტრანტების ცემის, წამების თუ გატაცების პასუხად პროტესტის დასაწყისშივე აიტაცა ხალხმა, მის ერთ-ერთი ორგანულ აქცენტად იქცა და სამოქალაქო მოთხოვნების პირველ სამეულში დღემდე დარჩა.
ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს შესახებ მოთხოვნა მკაფიოდ და გააზრებით დგას. პროცესში მონაწილე პოლიტიკური ჯგუფებიც უკვე აშკარად ხედავენ საზოგადოების ამ ანგარიშგასაწევ მზაობას.
რისი დანახვაც პროცესს აკლია სასამართლოს შიგნით კრიტიკული მასის მომწიფებაა. შექმნილ დესტრუქციულ სტატუს ქვოს ვერც მხოლოდ ერთი მოსამართლის პრინციპულობა გადატეხს. თუნდაც ერთ ასეთ მკაფიოდ და მტკიცედ ჩამოყალიბებულ სასამართლო პოზიციას (რომლის მსგავსიც ვლადიმერ ხუჭუას შემთხვევაში ვიხილეთ კიდეც, უნდა მოჰყვეს გამოჩენა ანგარიშგასაწევი გუნდისა, რომლებიც რომელიც პოლიტიკურ საქმეზე სამართლიანი განაჩენების გამოტანას დაიწყებს.