ქართული სასამართლოს პირველი ნაბიჯები | თაზო კუპრეიშვილი
22.04.2025 | 12 წუთიანი საკითხავი“10 წლის შემდეგ გვექნება ევროპული და ევროპაზე უფრო წინწასული სასამართლო”, – სასამართლო რეფორმის სათავეში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა ეს სიტყვები 1998 წელს ტელეეთერში თქვა.
ამ დღიდან 23 წლის შემდეგ, 2021 წელს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დარბაზში, განსასჯელის სკამზე მყოფმა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა კი ბოდიში მოიხადა:
“ბოდიში, რომ ვერ შევქმენით დამოუკიდებელი სასამართლო. ეს შეეხო ძალიან ბევრ ჩვენს თანამემამულეს და ახლა შემეხო მეც. ბოდიშს ვუხდი ყველას, ვისაც ეს და ყველა სხვა შეცდომა უნებურად შეეხო”.
განსასჯელთათვის განკუთვნილი შუშებიანი კედლის მიღმა მყოფმა სააკაშვილმა გაიხსენა გარდაცვლილი თანამებრძოლის, კულტურის ყოფილი მინისტრის, ნიკა რურუას სიტყვებიც, რომელსაც მისთვის უთქვამს, თუ სასამართლოს არ მივეცით სრული დამოუკიდებლობა და ეს არ უზრუნველვყავით; თუ ადამიანს არ ექნა განცდა, რომ ის სამართალს იპოვის იმ საქმეებში, რომელშიც პროკურატურის ინტერესია, ჩათვალე, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, წყალში გადაყრილიაო.
რეფორმისტული იდეებით სავსე სააკაშვილსა და ვერშემდგარ სასამართლო რეფორმებზე სინანულით მოსაუბრე სააკაშვილს შორის 23 წელია. ეს 23 წელი არის თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ვრცელი მონაკვეთი, რომელიც მოიცავს “ვარდების რევოლუციას”, მიხეილ სააკაშვილის ორ საპრეზიდენტო ვადას, 2012 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების მშვიდობიან ცვლილებას, სააკაშვილის პოლიტიკურ დევნილობას, პატიმრობას, რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მზარდად ავტორიტარულ მმართველობას, მუდმივ პოლიტიკურ კრიზისსა და ყველაზე მთავარს – სასამართლო რეფორმების დაუსრულებელ ტალღებს: პირველს, მეორეს, მესამეს; შემდეგ ისევ პირველს, მეორეს, მესამეს და ამ რეფორმის ტალღებში დაკარგულ სასამართლოს, ტრაგიკულობასთან მიახლოებული ფინალით.
დროსა და სივრცეში გაჭედილი სასამართლო რეფორმებისა და პოლიტიკური კრიზისის შედეგები 2026 წლისთვის ისეთია, როგორიც დამოუკიდებელ საქართველოს დღემდე არასდროს ჰქონია: ოპოზიციური პარტიების ლიდერები, ჟურნალისტი, პოეტი, მსახიობები, აქტივისტები – სასჯელს იხდიან მაგალითად, იმის გამო, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არ მივიდნენ, ან საპრიოტესტო აქციაზე იყვნენ; ისინი ერთმანეთს არ იცნობდნენ, თუმცა ედავებიან ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებასა და ჩადენას; ბრალად სდებენ, რომ ამ დანაშაულთა შედეგად კონკრეტული სპეცრაზემლები დაზარალდნენ, თუმცა სასამართლომ ვერ დაადგინა და ვერც სპეცრაზმელებმა გაიხსენეს, კონკრეტულად რომელმა ბრალდებულმა დააზიანა. ასევე, ქართული მართლმსაჯულების სინდისზეა ტროტუარზე დგომისთვის პროტესტის მონაწილეთა დაკავება, აქციებზე ყოფნის გამო 50-ჯერ, თითო ჯერზე 5000 ლარით მოქალაქეთა დაჯარიმება – როცა მათი ჯარიმა, ზოგ შემთხვევაში, 200 ათას ლარსაც კი აჭარბებს. ციხეშია “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელმაც პოლიციელ ირაკლი დგებუაძეს შეურაცხყოფის პასუხად სილა გააწნა, მან კი თქვა, რომ ამ სილამ ლოყა გაუწითლა და ატკინა. ამის გამო მზია ამაღლობელს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს და არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუმცირეს პატიმრობის წლები, რადგან “ვერ შეატყვეს, რომ ნანობდა”. მისი საქმე კი უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში საერთოდ არ მიიღო.
ამ საქმეებზე, რომლებიც თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაგროვდა, გადაწყვეტილებებს საქართველოს სახელით სწორედ ქართული სასამართლო იღებს.
პირველი ნაბიჯები
1991 წლის 9 აპრილს 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ტრანსფორმაციული ძალის მქონე ცვლილებები კი მძაფრი პოლიტიკურ-ეკონომიკური და სოციალური კრიზისების ფონზე წარიმართა. დამოუკიდებელ საქართველოში ყველა ინსტიტუცია ნულიდან იყო ასაშენებელი და გამონაკლისი არც სასამართლო იყო, თუმცა, ზვიად გამსახურდიას მმართველობამ, ჯამში, 14 თვესაც ვერ გასტანა და როგორც სამართლის ისტორიის მკვლევარი, სოფო ვერძეული მიიჩნევს, ეს იმდენად ხანმოკლე პერიოდი იყო, რაიმე ფორმით მისი შეფასება შეუძლებელია.
ახალი კონსტიტუცია ქვეყანამ 1995 წელს მიიღო – ეს მოხდა სამოქალაქო ომის, პრეზიდენტ გამსახურდიას სამხედრო გადატრიალების გზით ჩამოგდების, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაჩაღებული და წაგებული ომების შემდეგ, ტოტალური სიღარიბისა და კორუფციის ფონზე.
ამის შემდეგ დაიწყო ქვეყნის სამართლებრივი სივრცის ეტაპობრივი მოწესრიგება, რაც საბჭოთა ნანგრევებიდან დასავლური სამყაროსკენ სწრაფვის ნაწილად იქცა.
1996 წელს საქართველომ ევროსაბჭოს წევრობის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სტრატეგიული ნაბიჯი ევროპულ სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციას გულისხმობდა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ ამ დროს დადგა სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმის დრო.
1995-დან 1999 წლამდე თანამედროვე ქართული სასამართლოს პირველი ჩანასახები ჩნდება. ამ პერიოდში მიიღეს საერთო სასამართლოების შესახებ კანონი, შეიქმნა იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც, პრაქტიკულად, სასამართლო სისტემა უნდა ემართა.
ამ სისტემაში კი მუშაობდნენ საბჭოთა სამართლის სისტემაში გაწვრთნილი ადამიანები, რომლებიც პირველ სერიოზულ გამოწვევად იქცნენ რეფორმის გზაზე.
სწორედ მათ უნდა შეხებოდა პირველი სასამართლო რეფორმა, რომელსაც სათავეში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ამერიკის შეერთებული შტატებიდან პარლამენტარ ზურაბ ჟვანიას მოწვევით ახლად დაბრუნებული მიხეილ სააკაშვილი ედგა. რეფორმატორთა გუნდში მასთან ერთად მოიაზრებოდნენ ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე და სხვები. ამ პოლიტიკოსებმა 1990-იანი წლების მეორე ნახევრიდან განსაზღვრეს საქართველოს არა მხოლოდ მართლმსაჯულების, არამედ პოლიტიკური ცხოვრების ტრაექტორია.
ქართული სასამართლო სისტემის რეფორმირებას ღიად უჭერდნენ მხარს დასავლური სახელმწიფოები და ინსტიტუციები, რასაც ძალიან კონკრეტული მიზნები ჰქონდა. როგორც Human Rights Watch წერს ერთ-ერთ იმდროინდელ მიმოხილვაში, საქართველოს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყანაში სტაბილურობის უზრუნველყოფით დაინტერესებული იყვნენ აშშ, ნატოს წევრი სახელმწიფოები და სხვა ქვეყნები, რათა უსაფრთხოდ მომხდარიყო კასპიის რეგიონიდან საქართველოს გავლით ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირება.
ასევე, იმ დროისათვის აშშ-ის ხელისუფლებამ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესად დაასახელა საქართველოში სტაბილური, უსაფრთხო გარემოს ჩამოყალიბება, რადგან ეს ხელს შეუწყობდა კასპიის რეგიონიდან და შუა აზიის ქვეყნებიდან სხვადასხვა რესურსის შეუფერხებელ ტრანსპორტირებას, ასევე, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობა რეგიონში, რომელიც ესაზღვრება ირანს, თურქეთსა და რუსეთს, შეამცირებდა სამხედრო დაპირისპირების საფრთხეს.
დამოუკიდებელ საქართველოში ინსტიტუციების შესაქმნელად და გასამყარებლად ფინანსური რესურსების გაღება დაიწყეს როგორც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ისე – ევროკავშირმა, მსოფლიო ბანკმა, ევროპის ცალკეულმა სახელმწიფოებმა.
მხოლოდ მსოფლიო ბანკმა 8 წლის განმავლობაში — 1999-2007 წლებში — მართლმსაჯულების სისტემის რეფორმისთვის საქართველოს თითქმის 100 მილიონი ამერიკული დოლარის სამი საინვესტიციო კრედიტი მისცა. აქედან $13.4 მილიონი უშუალოდ 1999 წელს განხორციელებულ რეფორმას მოხმარდა, რომელიც, სულ, $16 მილიონამდე დაჯდა. ეს ფული დაიხარჯა მოსამართლეებისა და სასამართლოს თანამშრომლების ტრენინგებში, საინფორმაციო კამპანიებში სასამართლოს შესახებ, თანხის ძირითადი ნაწილი მოხმარდა კონკრეტული სასამართლო ინფრასტრუქტურის შექმნას — სასამართლოების აშენებას, აღჭურვას და სხვა.
საქართველოსთვის 1999 წელს მიცემული მეორე კრედიტის ოდენობა $60 მილიონი დოლარი იყო, დანარჩენი $24 მილიონი კი საქართველოს უკვე “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ახალი ხელისუფლების პირობებში, 2004 წლის გაზაფხულზე მისცეს.
“მართლმსაჯულების კუბო” პარლამენტთან
სასამართლო რეფორმას პირველი წინაღმდეგობა 1999 წელსვე, სისტემის შიგნით, იმ მოსამართლისგან შეხვდა, რომელსაც რეფორმის ფარგლებში ჩანაცვლება დაუპირეს. ასეთი რამდენიმე იყო. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლა მოსამართლე ავთანდილ ჭაჭუამ. ის მოსამართლის პოზიციაზე 10 წლის ვადით, 1991 წელს დანიშნეს, თუმცა აღმოჩნდა, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში 1998 შეტანილი ცვლილებით, თანამდებობა ვადამდე ადრე – 1999 წლის 20 იანვრამდე უნდა დაეტოვებინა. ავთანდილ ჭაჭუა მიიჩნევდა, რომ კანონის ეს ჩანაწერი არაკონსტიტუციური იყო – მოსამართლედ 1991 წელს, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით დაინიშნა და 1998 წლის ცვლილებებით მისი გათავისუფლება უკანონო იყო.
მან საკონსტიტუციო სასამართლოში დავაც მოიგო. საკონსტიტუციომაც დაასკვნა, რომ ჭაჭუას და დანარჩენების კოლექტიური გათავისუფლება არაკონსტიტუციური იყო და რომ, საერთოდ, თითოეული მოსამართლის სისტემიდან გაშვება უნდა ეყრდონობდეს კონკრეტულ საფუძველს კონკრეტულ ადამიანთან დაკავშირებით.
რეფორმით დაინტერესებულმა ადამიანებმა კი ეს რეფორმის წინააღმდეგ სისტემის გაბრძოლებად აღიქვეს, თუმცა, არა მარტო მათ. ჭაჭუას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მოყვანილია საქმის განხილვისას ექსპერტის, პროფესორ ბესარიონ ზოიძის განმარტება. ის ამბობს:
"საერთო სასამართლოების შესახებ კანონის მიღებით მოხდა მთელი სასამართლო სისტემის არსებითი რეორგანიზაცია, ე.ი. ხდება ძველი სასამართლო სისტემის გაუქმება. მოსამართლე სასამართლო სისტემის ცენტრალური ფიგურაა და ამდენად, ალოგიკური იქნებოდა ახალი სისტემა ძველი მოსამართლით”.
“ამ პროცესის ლოგიკა ასეთია, - ასკვნის სპეციალისტი, – უქმდება ძველი სასამართლო, წყდება ძველი მოსამართლის უფლებამოსილება; იქმნება ახალი სასამართლო, იწყება ახალი მოსამართლის უფლებამოსილება”.
ასე გახდა ავთანდილ ჭაჭუა პირველი მოსამართლე, რომელმაც ქართული სასამართლო რეფორმის გზაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მისი გამართლებით, არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფლების ინსტიტუტმა” დაასკვნა, რომ ამ გადაწყვეტილებით, საქართველოში მართლმსაჯულება გარდაიცვალა. ორგანიზაციის წევრებმა პარლამენტთან მიიტანეს შავი კუბო წარწერით “მართლმსაჯულება”. გადაიცვეს ტილოს მანტიები და პარლამენტიდან კუბო საკონსტიტუციო სასამართლოსკენ სასტვენების ხმის ფონზე გადაასვენეს.
“ძირს კანონს ამოფარებული უსამართლობა!”, “კონსტიტუცია მოსამართლეებზე მაღლა დგას!”, “ვგმობთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას!” “რევანშს არ დავუშვებთ!” “ბოლო მოეღოს კორუფციას სასამართლოებში”, – ეწერა ტრანსპარანტებზე.
ავთანდილ ჭაჭუას საქმეზე მიღებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ბლოკავდა რეფორმის ძირითად პრინციპს, მოსამართლეთა მასობრივ გათავისუფლებას, საპარლამენტო უმრავლესობამ მალევე გადალახა. პარლამენტმა ორგანულ კანონში შეიტანა ცვლილება და შემოიღო მოსამართლეთა სავალდებულო ატესტაცია.
“არ მომწონს ის, რომ ხელაღებით ილანძღება ყველა. ძალიან ბევრი კარგი პროცესი ტარდება, მოდით, კარგიც დავინახოთ”, – თქვა საბურთალოს რაიონის მოსამართლე ციცინო კვატაშიძემ 1998 წელს სტუდია “რე-ში” სასამართლო რეფორმაზე გამართულ დისკუსიაზე.
იმავე სტუდიაში ჟურნალისტმა გიგა ბოკერიამ მოსამართლეს ჰკითხა, არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება საქართველოში.
“მე ვფიქრობ, რომ არსებობენ დამოუკიდებელი მოსამართლეები. არიან მოსამართლეები, რომლებიც მეტ-ნაკლებად ცდილობენ, არ მოექცნენ გავლენის ქვეშ“, — ასე უპასუხა მოსამართლე კვატაშიძემ კითხვას.
მიხეილ სააკაშვილმა კი მოსამართლე კვატაშიძის ეს კომენტარი სისტემურ ცვლილებების საჭიროებაზე სასაუბროდ გამოიყენა და თქვა, რომ ცხადია, დამოუკიდებელი და ღირსეული ხალხი ამ სისტემაშიც არის ისევე, როგორც ყველა სისტემაში. „თუმცა საუბარია იმაზე, რომ ეს ხალხი არის ასეთი სისტემის მიუხედავად და არა სისტემის გამო”.
1999 წლისთვის ყველას, ვისაც მოსამართლედ მუშაობა სურდა, შესაბამისი საკვალიფიკაციო გამოცდები ჩააბარა. მოსამართლეთა 75% მთლიანად შეიცვალა — სისტემა თითქმის სრულად დატოვეს მოსამართლეებმა, რომლებმაც პროფესიული გამოცდილება საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის პირობებში დააგროვეს.
1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს 41-ე წევრი გახდა. ქვეყანა მოექცა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ.
“სწორედ თქვენი მეშვეობით უნდა ჩამოყალიბდეს რწმენა სიმართლისადმი, რწმენა სამართლის მიმართ… თქვენ ხართ ხალხი, რომელთან ურთიერთობითაც ადამიანი შვებას უნდა გრძნობდეს”, – ამ სიტყვით მიმართავდა ედუარდ შევარდნაძე 1999 წელს ახლად დანიშნულ მოსამართლეებს, რომლებსაც ქვეყანაში ახალი სამართლებრივი სტანდარტი უნდა დაემკვიდრებინათ.
2000 წელს ედუარდ შევარდნაძე მეორედ გახდა საქართველოს პრეზიდენტი, თუმცა მისი მეორე ვადის დასაწყისში მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები აღარ მომხდარა.
“თავის მეორე ვადაში ის უკვე ვეღარ ახერხებდა საბჭოთა მემკვიდრეობის დაძლევას, რადგან შიშობდა, რომ ეს გამოიწვევდა არასტაბილურობას, რომლის თავიდან აცილებასაც ცდილობდა”, — წერს იურისტი და მკვლევარი, ვახუშტი მენაბდე ტორონტოს უნივერსიტეტის ჟურნალში 2020 წელს გამოქვეყნებულ სტატიაში.
საბჭოთა მემკვიდრეობა
ვახუშტი მენაბდის აზრით, 1990-იან წლებში სამი ძირითადი ფაქტორის გამო გართულდა ცვლილება. ეს ფაქტორები იყო ქრთამის და კორუფციის ტრადიცია; დამოუკიდებელი ინსტიტუციური გამოცდილების არარსებობა; კომპეტენციის დეფიციტი.
როგორც მენაბდე წერს, საბჭოთა წარსულიდან ფესვგადგმული ქრთამის და კორუფციის ტრადიცია კიდევ უფრო გაძლიერდა დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როცა აღმასრულებელი ხელისუფლება თავის უმთავრეს გამოწვევას – ქაოსისა და კრიზისის შემდეგ სტაბილურობის დამკვიდრებას – აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერებულ უფლებამოსილებაში ხედავდა.
ამ ფონზე კიდევ უფრო მეტ სირთულეს ქმნიდა დამოუკიდებელი ინსტიტუციური გამოცდილების არარსებობა. როგორ უნდა ყოფილიყო თან მოსამართლე და თან სახელმწიფოსგან გამიჯნული და დამოუკიდებელი, პრაქტიკულად არავინ იცოდა.
"მოსამართლეები აღიზარდნენ … სამართლებრივ სისტემაში, სადაც ტრადიციულად უგულებელყოფილი იყო როგორც მოქალაქეთა, ისე დაცვის მხარის უფლებები,” — მიიჩნევს ვახუშტი მენაბდე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი მელაძე კი, რომელიც წლებია, მართლმსაჯულების სისტემას იკვლევს, “ინდიგოს” ეუბნება:
“ქართული სასამართლო არასდროს, არც საბჭოთა მმართველობისას და არც დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ არ ყოფილა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, შესაბამისად, ვერც მოსამართლეები გახდნენ დამოუკიდებლები. სასამართლო იყო მხოლოდ მცირე ნაწილი, ერთგვარი გაგრძელება მართლმსაჯულების სისტემისა და 1990-იანების შუა წლებში ისევე, როგორც შემდეგაც, სისტემაში მყოფი ადამიანები საბჭოთა ტოტალიტარული სისტემის სახე იყვნენ.
იმდროინდელმა პროკურორებმა, პოლიციის მაღალჩინოსნებმა და მოსამართლეებმა თავიანთი კარიერა ამ სამართლებრივ სისტემაში საბჭოთა ლიდერების — იოსებ სტალინის, ლავრენტი ბერიას, ვასილ მჟავანაძის, ალექსი ინაურისა და ედუარდ შევარდნაძის — მმართველობის დროს აიწყვეს”.
რუსეთის და დსთ-ს ლეგალური სისტემების მკვლევარი უილიამ ბატლერი წერს, რომ საბჭოთა და დასავლურ, დემოკრატიულ სისტემებში მართლმსაჯულების დანიშნულება განსხვავდებოდა როგორც იდეოლოგიურად, ისე – პრაქტიკულად.
დასავლურ დემოკრატიულ სისტემებში მე-20 საუკუნეში სასამართლო ჩამოყალიბდა, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო, ინსტიტუცია, რომლის მიზანი იყო მოქალაქის, ინდივიდის დაცვა და სახელმწიფოს ძალაუფლების შეზღუდვა.
საბჭოთა სისტემაში კი (რომლის ნაწილიც 70 წლის განმავლობაში საქართველოც იყო), კანონი ემსახურებოდა სახელმწიფოს და მის სოციალისტურ მიზნებს – კანონი იყო მხოლოდ ინსტრუმენტი სოციალისტური სახელმწიფოს ასაშენებლად.
შესაბამისად, სასამართლოს და მთლიანად მართმსაჯულების სისტემის ფუნქცია იყო სოციალისტური სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. ამიტომ ცალკეული ინდივიდის, მოქალაქის უფლებები საერთოდ არ შედიოდა მექანიზმში, რომელშიც სასამართლო მთლიანად ემორჩილებოდა სახელმწიფოსა და პარტიის ინტერესებს, რომელსაც გამოხატავდა პროკურატურა.
თუმცა, თავად ბატლერი აღწერს, რომ საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემას მაინც ახასიათებდა გრადაციულობა – 1917 წლის რევოლუციიდან 1991 წლამდე, ვიდრე საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა, საბჭოთა სასამართლო მნიშვნელოვნად გადასხვაფერდა.
საბჭოეთის დამყარების პირველ ხანებში მოსამართლის ფუნქციებს პოლიტიკური აქტივისტები ითავსებდნენ, 1920-იანი წლებიდან კი დაიწყო ამ ქაოსის მოწესრიგება – მართლმსაჯულების ინსტუტუციური ჩამოყალიბება. ეს პროცესი 1930-1950-იან წლებში სტალინის ცენტრალიზებული, უკიდურესად რეპრესიული სისტემის ჩამოყალიბებით გაგრძელდა. ეს ის დროა, როცა ე.წ. ტროიკა (მაღალჩინოსნებითა და პარტიის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სამეული) ფორმალური სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით წყვეტდა ადამიანთა ბედს, მათ შორის, მრავალწლიან ციხეს, გადასახლებასა და სიკვდილით დასჯასაც.
სტალინის გარდაცვალების შემდეგ, 1950-1960-იან წლებში, მართლმსაჯულების სისტემის რეპრესიულობა შესუსტდა. პოლიტპატიმართა რეაბილიტაციის გარდა, ეს გამოიტახა სამართლებრივი პროცედურების დანერგვაში — სასამართლოებს მიეცათ მითითება, მიყოლოდნენ სამართლებრივ პროცედურებს, განსაკუთრებით ისეთ საქმეებში, რომლებშიც სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები არ იკვეთებოდა. სწორედ ამ პერიოდიდან საბჭოთა სასამართლო ჩამოყალიბდა ინსტიტუციურად და ბიუროკრატიულად გამართულ სისტემად.
როგორც გიორგი მელაძე “ინდიგოსთან” საუბარში აღნიშნავს, საბჭოთა კავშირში სამართლის სისტემა, რომელიც სასამართლოსთან ერთად მოიცავდა პოლიციასა და პროკურატურასაც, მთლიანად დაიცალა კანონის უზენაესობის ელემენტარული ნიშნებისგან და თავიდან ბოლომდე იქცა მთავრობის ინსტრუმენტად.
“მოსამართლე სისტემაში იყო დამატებითი ფიგურა, ის სისტემაში თავის ფუნქციას ზუსტად აცნობიერებდა და შესაბამისად, პოლიციის ნებას არასდროს გადაუხვევდა. რა თქმა უნდა, მას თავისი სივრცე ჰქონდა დატოვებული, მაგალითად, ქორწინება-განქორწინების საკითხი, ისიც იმ შემთხვევაში, თუ პარტიული, სახელმწიფოს ინტერესი არ იკვეთებოდა. მოსამართლე სისტემაში დამოუკიდებლად მოქმედი სუბიექტი კი არა, პოლიციური სისტემის დამატება იყო”, — ამბობს მელაძე.
საბჭოთა მართლმსაჯულების განვითარების დინამიკა — 1920-იანი წლებიდან 1990-იან წლებამდე — ტრაგიკულად აისახა ქართული სასამართლოსა და არაერთი ქართველი მოსამართლის ბედზეც. 1990 წლამდე, საქართველოს უზენაეს სასამართლოს, სულ, 16 თავმჯდომარე, ჰყავდა, რომელთაგან 4 — გალაქტიონ ვაშაძე, კონსტანტინე ცინცაძე, ალექსანდრე კაჭარავა და ივანე ბოლქვაძე — 1930-იანი წლების საბჭოთა რეპრესიებს ემსხვერპლნენ. ეს ადამიანები სასამართლოში 1921-1937 წლებში, იმ პერიოდში მსახურობდნენ, როცა საბჭოთა მართლმსაჯულების სისტემა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ხოლო რეპრესიები პიკს აღწევდა.
როგორც “ბათუმელები” წერს, 1938 წლის შემდეგ რეპრესიების სერია უზენაეს სასამართლოში სრულდება – ქვეყანა და მართლმსაჯულებაც უკვე სრულად მოსკოვის პოლიტიკურ დაკვეთას ემსახურება. მოსამართლეებიც მშვიდად არიან – არც ხშირად იცვლებიან, მაგალითად, საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს სასამართლოს აკაკი კარანაძე 1972 წლიდან 18 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
…
ამ მემკვიდრეობაზე ამოზრდილმა და დამოუკიდებელ საქართველოში პირველად განახლებულმა სასამართლომ მუშაობა შესაბამისად დაიწყო. 5 წელი – დრო “ვარდების რევოლუციამდე” – საკმარისი აღმოჩნდა, რომ შეცვლილი პოლიტიკური რეალობის დღის წესრიგში კვლავ დამდგარიყო სისტემის რეფორმირებისა და მოსამართლეთა სრულად გამოცვლის საკითხი.
მკვლევრების შეფასება, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევარში განხორციელებულმა მართლმსაჯულების რეფორმამ, გაღებული რესურსების მიუხედავად, დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, კონკრეტული ფაქტებითაც დასტურდება. მსოფლიო ბანკის ანგარიშში, რომელიც 1999 წლიდან გაცემული $100 მილიონამდე კრედიტის ეფექტიანობას აფასებს, წერია, რომ საქართველოს რესურსები სწორად მიაწოდეს, თუმცა ვერ მიაღწიეს მიზანს — “შექმნილიყო დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემა, რომელიც ერთგულია სასამართლო ეთიკის მაღალი სტანდარტების და შეუძლია დავების გადაწყვეტა ეფექტიანად და შედეგიანად“.
ბანკის შეფასებით, ამას ორი მიზეზი ჰქონდა:
“პირველი — ინფრასტრუქტურის შექმნა (სასამართლოს შენობები, კომპიუტერული აღჭურვა და სხვა), მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, თავისთავად არ იწვევს უკეთეს სასამართლო გადაწყვეტილებებს ან უფრო დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას.
მეორე — 2001 წლიდან აღსრულების მექანიზმები თითქოს გაუმჯობესდა, თუმცა აღმასრულებელი ხელისუფლება კვლავ აგრძელებდა სასამართლო სისტემის კონტროლს, ხოლო არსებული კონტროლისა და ბალანსის სისტემა, რომელიც უნდა ზღუდავდეს მის ძალაუფლებას, სუსტი იყო”.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, ამ მიზნების მიღწევა მნიშვნელოვანი იყო როგორც ბიზნესის გარემოს გასაუმჯობესებლად, ისე მოქალაქეებში სასამართლოს მიმართ ნდობის გასაჩენად, რადგან “მოქალაქეები სასამართლოში ვერ ხედავდნენ ინსტიტუციას, რომლის იმედიც უნდა ჰქონოდათ”.