დაკარგული შანსი | თაზო კუპრეიშვილი
30.04.2026 | 12 წუთიანი საკითხავირეფორმის ტალღებში დაკარგული სასამართლო - თაზო კუპრეიშვილის სტატიების სერია, რომელიც 1991 წლიდან დღევანდელობამდე ქართული სასამართლოს ამბავს ჰყვება:
პირველი ნაწილი: ქართული სასამართლოს პირველი ნაბიჯები (1991-2003)
მესამე ნაწილი: სამართლიანობის აღდგენა (2012-2018)
მეოთხე ნაწილი: სასამართლო კლანი (2018-დღემდე)
მეორე ნაწილი: დაკარგული შანსი
“ვის მოუწევს საკუთარი ფეხით თუ სპეცრაზმის მებრძოლებთან ხელკავით გენერალურ პროკურატურაში მისვლა, ამას ირაკლი ოქრუაშვილი ერთი მიზეზით არ ამხელს – არ სურს, მაღალჩინოსანი მოხელეები უცხო ქვეყნებში საძებნელი გაუხდეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას კიდევ არაერთხელ მოუწევს ტელეეკრანებით აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დაკავების ეფექტური სანახაობრივი სცენების ხილვა”, — ეს არის ნაწყვეტი რადიო “თავისუფლების” 2004 წლის თებერვლის სტატიიდან. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროს გენერალური პროკურორი იყო, ყოფილი მაღალჩინოსნების “სატელევიზიო დაკავებები” კი – ყოველდღიური რუტინული პროცესი. კობა ნარჩემაშვილი, დავით მირცხულავა, ვალერი ჩხეიძე, სულხან მოლაშვილი – ეს არის არასრული სია თანამდებობის პირებისა, რომლებიც სპეცრაზმმა მოულოდნელად სახლებში თავზე დადგომით, ზოგჯერ შუაღამისას აიყვანა და რომელთა დაკავების ოპერაცია პირდაპირ ეთერში გადაიცა. პარალელურად, პარლამენტმა 2004 წლის დასაწყისიდანვე მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა როგორც სისხლის სამართლის კანონმდებლობაში, ისე — კონსტიტუციაში.
გამარტივდა ყოფილი თანამდებობის პირების გასამართლების წესები, პირველად შემოვიდა საპროცესო შეთანხმების ცნება, რაც გულისხმობდა პროკურატურასთან გარიგების საფუძველზე სასჯელის შემსუბუქებას, ან საერთოდ მოხსნას.
ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე, რომელზეც საპროცესო შეთანხმება გამოიყენეს, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძეს, “მაგთიკომის” დამფუძნებელ გია ჯოხთაბერიძეს ეხებოდა. ის “ვარდების რევოლუციიდან” სამ თვეში თბილისის აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როცა პარიზის მიმართულებით გაფრენას აპირებდა. მას გადასახადებისგან თავის არიდებას ედავებოდნენ. ჯოხთაბერიძემ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საპატიმრო, დაახლოებით, ორ თვეში, 2004 წლის აპრილში მას შემდეგ დატოვა, რაც მისმა ცოლმა, მანანა შევარდნაძემ პირადი ანგარიშიდან $15.5 მილიონი გადაიხადა.
"პროკურატურას ან ნებისმიერ სამართალდაცვით სტრუქტურას შეუძლია გაურიგდეს ნებისმიერ ადამიანს, მისთვის დანაშაულის შემსუბუქებაზე ან გაქარწყლებაზე, თუ მას შეუძლია სხვა დამნაშავეები დაასახელოს და გამოავლინოს სხვა ფაქტები სამართალდამცველი სტრუქტურებისათვის", – ამბობდა გენერალური პროკურორი, ირაკლი ოქრუაშვილი.
სწორედ ამ პერიოდში, 2004 წლის დასაწყისში, გენერალური პროკურატურა იუსტიციის სამინისტროს გამოეყო და ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა,
გარდა ამისა, პირველი მნიშვნელოვანი ცვლილება “ვარდების რევოლუციიდან” რამდენიმე თვეში შეეხო იუსტიციის უმაღლეს საბჭოს — სტრუქტურას, რომელიც სასამართლო სისტემას პირდაპირ განაგებდა.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები გახდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და იუსტიციის მინისტრი, მოქმედ წევრებს კი უფლებამოსილება შეუწყდათ.
„ამან გაზარდა პრეზიდენტ სააკაშვილის შესაძლებლობა, ჩამოეყალიბებინა ახალი სასამართლო კორპუსი. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ყოფილიყო თვითრეგულირებადი და თეორიულად დამოუკიდებელი აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, თუმცა პრეზიდენტის მზარდმა დომინირებამ აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოებზე ისევე, როგორც მისმა ძლიერმა გავლენამ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების წარდგენაზე, რომელიც, თავის მხრივ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობას აკონტროლებს, პრეზიდენტს გადამწყვეტი როლი მიანიჭა მოსამართლეთა არჩევაზე. სააკაშვილის მმართველობის პერიოდში პრეზიდენტის როლი სასამართლო სისტემაში შენარჩუნებული იყო დანიშვნის მსგავსი პირდაპირი თუ ირიბი უფლებამოსილებების მეშვეობით“, — წერს ვახუშტი მენაბდე სტატიაში „სასამართლოების დამორჩილება: სასამართლო რეფორმები საქართველოში, 1991–2018 წლებში“.
2004 წლის იანვარში საკონსტიტუციო ცვლილებების დაანონსებისთანავე ჩნდება პირველი პრეტენზიები მიხეილ სააკაშვილისა და მისი გუნდის მიმართ მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნებით გამოყენების გამო.
“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელსაც თინა ხიდაშელი ორგანიზაციის დაარსებიდან, 1994 წლიდან, რვა წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, ამ ცვლილებებს დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველად, მიიჩნევდა. ეს საკითხი კრიტიკულად შეაფასა როგორც ვენეციის კომისიამ, ისე “Human Rights Watch-მაც”,
ახალი პრეზიდენტის გუნდი ომბუდსმენის დანიშვნასაც თითქოს განზრახ არ ცდილობდა, რაც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ პრეტენზიების კიდევ ერთი საფუძველი გახდა. არასამთავრობო სექტორისთვის მნიშვნელოვანი იყო, დროულად არჩეულიყო ისეთი ომბუდსმენი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევას პირუთვნელად გაუწევდა მონიტორინგს.
რადიო “თავისუფლების” არქივში არის ცნობები 2004 წლის ივლისში მიხეილ სააკაშვილსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული პირველი შეხვედრის შესახებ. შეხვედრას ესწრებოდნენ “თავისუფლების ინსტიტუტის”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, “სამართლიანი არჩევნებისა” და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. ირკვევა, რომ იმ დღეს ერთადერთი შეთანხმება შედგა:
“დაგვიანებული შეხვედრა შედგა და მასზე პრეზიდენტსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შორის დარღვეული კავშირი აღდგა”, – ასე აღწერს იმ დღეს რადიო “თავისუფლება” და მკითხველს მოუთხრობს იმ ერთადერთი შეთანხმების შესახებაც, რომელიც ამ შეხვედრაზე შედგა: მიხეილ სააკაშვილმა დადო პირობა, რომ “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელ სოზარ სუბარს ომბუდსმენის პოზიციაზე წარადგენდა.
სუბარი, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, 2024 წლიდან, სამოქალაქო სექტორისა და მედიის შემზღუდავი კანონების აქტიური მხარდამჭერი გახდა, “ვარდების რევოლუციამდე” და მის შემდეგაც “თავისუფლების ინსტიტუტის” ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ამ ორგანიზაციაში ის რელიგიისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე, პატიმართა უფლებების საკითხებზე მუშაობდა. იმ დროს, მიხეილ სააკაშვილი და “თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომლები, პრაქტიკულად, ერთი პოლიტიკურ-იდეოლოგიური გუნდის წევრები იყვნენ. სააკაშვილის საჯაროდ დადებული პირობიდან ორ თვეში, 2004 წლის სექტემბერში, სუბარმა მართლაც დაიკავა სახალხო დამცველის თანამდებობა.
თუმცა, უფრო მსხვილ ბრალდებებს მართლმსაჯულების პოლიტიკურად გამოყენების შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილის ხელისუფლება უარყოფდა და ამბობდა, რომ მისი მიზანი, სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად, სასამართლოს რეფორმირებაც იყო.
როგორი უნდა ყოფილიყო ახალი სასამართლო? ამის შესახებ უკვე 2005 წელს “ვარდების რევოლუციიდან” თითქმის 1.5 წლის შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა გამოაქვეყნა რეფორმის კონცეფცია. დოკუმენტში ნათლად ჩანდა მთავარი განსხვავება, რაც ახალ ხელისუფლებას საკუთარ უპირატესობად მიაჩნდა რეფორმის გზაზე და რაზეც წარმატების ფსონს დებდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, თუ 1998 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმა მარცხით დასრულდა, ამის ძირითადი მიზეზი კორუფციასთან ბრძოლის პოლიტიკური ნებისა და შესაბამისი მექანიზმების არქონა იყო.
“დღეს მიმდინარე რეფორმა კი სწორედ ასეთ ნებას ეფუძნება და რეფორმის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაც კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმების მაქსიმალურად ეფექტურად ამოქმედებაა”, – წერდა კონსტანტინე კუბლაშვილი რეფორმის კონცეფციაში.
დოკუმენტში დეტალურად იყო გაწერილი, თუ როგორი უნდა ყოფილიყო შეცვლილი სასამართლო სტრუქტურა; როგორ უნდა გაფართოებულიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო... განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანტიკორუფციული მექანიზმების შექმნაზე, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობაზე, მათი ხელფასების მატებაზე, სასამართლო შენობების ინფრასტრუქტურულად გამართვასა და საქმეთა წარმოების ელექტრონული სისტემის შემოღებაზე.
თუმცა, ეს გეგმები ცვლილებების შესახებ, რაც ქვეყნისთვის სასამართლო სისტემის გარდაქმნის რეალური შანსი იყო, ბუნდოვანი მომავლისა და შიშის წყაროდ იქცა მოსამართლეებისთვის.
მოსამართლე თამარ ლალიაშვილი, რომელიც სასამართლოში 1998 წლის რეფორმის შედეგად მივიდა, იხსენებს, რომ მთელი ეს სტრუქტურა “შეშინებული შეხვდა” “ვარდების რევოლუციას”, რადგან არსებობდა ასეთი მოლოდინი – კორუფციაში გარეულ მოსამართლეებს სახლებში გაუშვებდნენ. როგორც ლალიაშვილი ამბობს, ახალმა ხელისუფლებამ პრობლემის მოგვარება ძველი მოსამართლეების ერთიანად მოშორებით მართლა გადაწყვიტა, მთავარი როლი კი ამ პროცესში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილს დაეკისრა.
“გერმანიაში ვიყავი კონფერენციაზე, როცა დამირეკა კუბლაშვილმა და მითხრა, რომ უნდა დამეწერა განცხადება”, – იხსენებს ლალიაშვილი.
როგორც მკვლევარი და იურისტი ვახუშტი მენაბდე აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის უფლებამოსილება, ეს არ იყო საკმარისი ძველი მოსამართლეების სისტემიდან ჩამოსაშორებლად. 2005 წელს სააკაშვილმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, სისტემიდან ნებაყოფლობით წასულ მოსამართლეებს სიცოცხლის ბოლომდე პენსია დაენიშნებოდათ. სქემამ იმუშავა – მოსამართლეთა ძირითადი ნაწილი თავისით წავიდა, ნაწილი კი სასამართლოს სხვადასხვა მექანიზმით ჩამოაშორეს. პარალელურად, ახალი მოსამართლეების მისაღები ასაკი 30-დან 28 წლამდე დაწიეს.
კონსტანტინე კუბლაშვილი 2005 წელს გამოქვეყნებულ რეფორმის კონცეფციის დოკუმენტში აღნიშნავს, რომ 2004 წლის მაისიდან სასამართლოში ამოქმედებული დისციპლინური სამართალწარმოების მექანიზმის შედეგად სისტემიდან 19 მოსამართლე გაუშვეს კანონის “უხეში დარღვევის” საფუძვლით. თუმცა ბუნდოვანი იყო, რას ნიშნავდა “უხეში დარღვევა”, რაც ხელისუფლების მიერ კონტროლირებად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევდა მანიპულირების დიდ შესაძლებლობას. რეალურად, ეს იყო ბერკეტი საბჭოს ხელში – მოსამართლეთა წინააღმდეგ.
რეზონანსული აღმოჩნდა უზენაესი სასამართლოდან ოთხი მოსამართლის გათავისუფლების საქმე. ხელისუფლება აცხადებდა, რომ მოსამართლეებს კორუმპირებულობის გამო უშვებდა, თუმცა, ოფიციალური მიზეზი სხვა რამ გახლდათ. მერაბ ტურავა, ნინო გვენეტაძე, თამარ ლალიაშვილი და მურმან ისაევი სისტემიდან სისხლის სამართლის საქმეების განხილვისას სამართლებრივი ნორმების არასწორი ინტერპრეტაციის გამო გაუშვეს.
“კორუმპირებულობას ჩვენ სამართლებრივად არავინ გვედავებოდა“, — გაიხსენა წლების შემდეგ თამარ ლალიაშვილმა. არც ის და არც დანარჩენი გაშვებული მოსამართლეები გადაცდომას არ აღიარებდნენ და დარწმუნებულნი იყვნენ, რომ რეალურად ახალი პოლიტიკის გამო გაათავისუფლეს.
მათი გაშვების საქმეში, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის გარდა, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ლევან მურუსიძემაც. ის იყო უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგიის წევრი, რომელმაც ამ ოთხი მოსამართლის სისტემიდან გაშვებაზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა.
“2006 წელს ლევან მურუსიძე ერთი კვირის დანიშნული იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის პოზიციაზე, როცა მან ჩვენს გათავისუფლებას ხელი მოაწერა. მისი დანიშნულება სწორედ ეს იყო – ამ საქმეში უნდა მიეღო მონაწილეობა და ასეთი გადაწყვეტილება გამოსულიყო. სხვა, ასეთ რეზონანსულ საქმეებზე მისი დანიშნულება სწორედ უსამართლო გადაწყვეტილებების გამოტანა იყო“, – მიიჩნევს თამარ ლალიაშვილი.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2006 წელს გათავისუფლებულ ოთხ მოსამართლეზე გადაწყვეტილება 2018 წელს გამოაცხადა.
ამ დროისათვის, ბედის ირონიით, ნინო გვენეტაძე და მერაბ ტურავა უკვე მოსამართლეთა იმ გუნდში იყვნენ, რომელმაც ისინი სასამართლოდან მოიშორა, თუმცა წლების შემდეგ მათი ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
ნინო გვენეტაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, 2015 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე გახდა. სასამართლო სისტემიდან უკანონოდ გაშვებაზე დაწყებული დავა მან ევროსასამართლოში 2016 წელს შეწყვიტა, მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მერაბ ტურავამაც. “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ტურავა საკონსტიტუციო სასამართლოში გაამწესა, მოგვიანებით კი ის ამ სასამართლოს თავმჯდომარეც გახდა.
მაგრამ 2018 წელს, ყველასათვის მოულოდნელად, ნინო გვენეტაძემ ვადაზე ადრე დატოვა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, მიზეზად კი ჯანმრთელობის გაუარესება დაასახელა. მან საქმიანობა აკადემიურ სფეროში გააგრძელა. პროფესიულ წრეებში იმთავითვე საეჭვოდ მიიჩნიეს გვენეტაძის მოულოდნელი წასვლა განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ის თვეებით ადრე საჯაროდ საუბრობდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრთა მხრიდან მის მიმართ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე.
იუსტიციის საბჭოს იმდროინდელი არამოსამართლე წევრები, ანა დოლიძე და ნაზი ჯანეზაშვილი, მიიჩნევდნენ, რომ რეალურად, ნინო გვენეტაძის თავმჯდომარეობიდან გადადგომის მიზეზი ე.წ. კლანთან — მოსამართლეთა ყველაზე გავლენიან ჯგუფთან — დაპირისპირება იყო. თავად გვენეტაძეს, მიუხედავად ჟურნალისტთა არაერთი მცდელობისა, იმ დღის შემდეგ არაფრით აუხსნია სასამართლო სისტემიდან თავისი ბუნდოვანებით მოცული წასვლა.
რაც შეეხება თამარ ლალიაშვილსა და მურმან ისაევს, რომლებიც 2006 წელს სასამართლოდან გათავისუფლების გამო ევროსასამართლოში დავობდნენ, სახელმწიფომ, “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, მათი უფლებების დარღვევა აღიარა. საბოლოოდ, ევროსასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებით, საქართველოს თითოეული მათგანისთვის 10 000 ევროს გადახდა დაეკისრა.
თამარ ლალიაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 2016 წელსაც სცადა ისე, რომ სისტემის კრიტიკა არ შეუწყვეტია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მას მხარი საერთოდ არ დაუჭირეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა გათავისუფლება არ იყო ლევან მურუსიძის განხილული ერთადერთი საქმე, რომელზე მიღებული გადაწყვეტილებაც საქართველოს ძვირად დაუჯდა როგორც მორალურად, ისე – ფინანსურად. მურუსიძის სახელი შემდეგი 20 წლის განმავლობაში აჩრდილივით აედევნა ქართულ სასამართლოს, აედევნა და არ ჩამოშორდა.
მიხეილ სააკაშვილის რეფორმატორთა გუნდს დაემართა ის, რის გამოც კონსტანტინე კუბლაშვილი წინამორბედ ხელისუფლებას აკრიტიკებდა 1998 წელს დაწყებული სასამართლო რეფორმის ჩავარდნისთვის – არც მას აღმოაჩნდა პოლიტიკური ნება, სასამართლოსთვის მიეცა ისეთი დამოუკიდებლობა, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც ფეხზე მყარად იდგებოდა.
ვახუშტი მენაბდე ტორონტოს უნივერსიტეტის ჟურნალში 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში წერს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა ჰქონდა, რაც, ფაქტობრივად, მართვის სუპერსაპრეზიდენტო მოდელს ნიშნავდა. სამართალი იქცა პოლიტიკური ცვლილებების ინსტრუმენტად. გარდა ამისა, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, თავისი დაკომპლექტების წესით, მთლიანად პრეზიდენტისა და მისი გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რამაც მას სასამართლოზე სრული კონტროლი მისცა.
აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბერკეტი სწორედ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გავლენები იყო.
მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი არაერთხელ შეიცვალა, მთავარი კი უცვლელი დარჩა – პრეზიდენტსა და მის გუნდს მთელი ამ დროის განმავლობაში სულ ჰქონდათ პირდაპირი გავლენა სასამართლოს მაკონტროლებელი სტრუქტურის დაკომპლექტებაზე და შესაბამისად, ამ გზით სასამართლოს კონტროლზე, მოსამართლეთა დანიშვნაზე და სხვა.
სასამართლოს მმართველ ორგანოში, რომელზეც დამოკიდებული იყო მოსამართლეთა დანიშვნა და სასამართლოს მართვა, თავმჯდომარის ნების გარეშე ვერავინ მოხვდებოდა. გარდა ამისა, ღია კენჭისყრა იყო დამატებითი ფაქტორი — ყველამ იცოდა, ვინ დაუჭერდა ან არ დაუჭერდა მხარს კონკრეტულ საკითხს, რაც მოსამართლეებზე დამატებითი ზეწოლის ბერკეტი გახლდათ.
“კონფერენციის მონაწილე მოსამართლეებს უფლება არ აქვთ, კენჭისყრაზე დააყენონ მათთვის სასურველი კანდიდატურა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოსამართლეთა კონფერენციის ეფექტიან მონაწილეობაზე წარმომადგენლობითი ორგანოს დაკომპლექტების პროცესში”, – წერდა კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”, რომელიც 40-მდე ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებდა, 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე გამოქვეყნებულ ანგარიშში.
სასამართლო სისტემაში იმთავითვე მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა ამ ინსტიტუციის ორ ორგანოს: სადისციპლინო კოლეგიასა და სადისციპლინო პალატას.
სადისციპლინო კოლეგია განიხილავდა მოსამართეთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების საკითხს, სადისციპლინო პალატაში კი ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრება შეიძლებოდა.
ორივე ორგანოში წევრ მოსამართლეთა კანდიდატურების დასახელება ექსკლუზიურად მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს შეეძლო. მისი დასახელებული კანდიდატურებისთვის კი მოსამართლეთა კონფერენციას ღია კენჭისყრაზე, ხელის აწევით უნდა დაეჭირა მხარი. “ამის წინააღმდეგ წასვლის მექანიზმი და სამართლებრივი სივრცე კი არ არსებობდა არა იმიტომ, რომ სურვილი არავის ჰქონდა. კანონით მხოლოდ მას ჰქონდა კანდიდატების დასახელების უფლება. მაგალითად, იტყოდა, საბჭოში დღეს ვირჩევთ ამას, ამას და ამას. რომ გეთქვა, რატომ ეს? გეტყოდა, რომ კანონით მას აქვს ამის გაკეთების უფლება და შენ რომც დაგესახელებინა, აზრი არ ჰქონდა, რადგან პროცედურულად, არც არავინ განიხილავდა“, — ასე ხსნის სასამართლოზე კონტროლის ამ ბერკეტის მუშაობას ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე. მისი თქმით, სასამართლოში “გაუსაძლისი მდგომარეობა” შეიქმნა:
“ეს მდგომარეობა მაშინ შექმნა მათრახით მორჩილების მექანიზმის შემუშავებამ და არა რაღაც მორიგება-გარიგებულმა – რაც ახლაა. აღმოჩნდა, რომ მაშინაც გარიგებების ფორმა რომ ყოფილიყო, არც არავის შეაწუხებდა”.
ამ კონსტექსტში საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 2008-2012 წლებში, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის მეორე ვადის დროს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი იყო, იმ დროს მოქმედი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კონსტანტინე კუბლაშვილის ძმა. სწორედ იურიდიულ კომიტეტში გადიოდა ზემოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები, რაც შემდეგ სასამართლო სისტემის მუშაობაზე ახდენდა გავლენას.
საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მსგავსმა სისტემურმა გადაჯაჭვულობამ, შესაბამისი სისტემური პრობლემებიც გამოიწვია.
“სასამართლო გაოგნებულია იმ ფაქტით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების სხვადასხვა განშტოებები – შსს გამოძიების საწყის სტადიაზე დაშვებული დარღვევებით; პროკურატურა გამოძიების შემდგომ ეტაპზე დაშვებული სხვა დარღვევებით; სასჯელაღსრულების დეპარტამენტი მსჯავრდებულების ერთ საკანში მოთავსებით; შიდა სასამართლოები არასრულფასოვანი სასამართლო განხილვებითა და მსჯავრდებულების ვადამდე ადრე გათავისუფლებით; საქართველოს პრეზიდენტი მსჯავრდებულების მიმართ გაუმართლებელი ლმობიერების გამოვლენით და ა.შ, ყველა ერთად, ხმაშეწყობილად მოქმედებდა, იმ მიზნისთვის, რომ ამ შემზარავი მკვლელობის საქმეზე როგორმე არ განხროციელებულიყო მართლმსაჯულება”, — წერია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილებაში, რომელიც სანდრო გირგვლიანის მკვლელობას ეხება.
სანდრო გირგვლიანს 2006 წელს, თბილისის ერთ-ერთ ბარში, შელაპარაკება მოუვიდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებთან, რომელთან ერთად იმ მომენტში შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მეუღლე, თაკო სალაყაიაც იმყოფებოდა. შელაპარაკებიდან მალევე კუდ-ის თანამშრომლებმა 28 წლის გირგვლიანი წყნეთში, ტყეში აიყვანეს და წამებით მოკლეს.
“სანამ დამკვეთები არ დაისჯებიან, არ გავჩერდები, მე ვერავინ ვერ გამაჩერებს, გამორიცხულია ეს. სასამართლო საერთოდ უსამართლოდ ჩატარდა… ყველაზე ბედნიერი რომ ვიყავი, მაშინ მომკლეს მე, ხალხო, ყველაფერს რომ მივაღწიე, კაცი რომ გამეზარდა, მაშინ მიწამეს და მომიკლეს”, – ამბობს ერთ- ერთ ვიდეოში სანდრო გირგვნლიანი დედა, ირინა ენუქიძე, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს უსამართლობასთან ბრძოლის სიმბოლოდ იქცა..
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ირინა ენუქიძე ვერ მოესწრო. წლების შემდეგ, 2019 წელს, მოსამართლე ლევან მურუსიძე ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის, შალვა შავგულიძის პირისპირ, პოლიტიკურ დებატებში დაჯდა და მათ შორის, გირგვლიანის საქმეზეც ისაუბრა.
ლევან მურუსიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო 2006 წელს – მაშინ, როცა მასთან სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მოხვდა. გირგვლიანის ოჯახის ადვოკატის თქმით, “ამ საჩივრით ვითხოვდით, ხელახალი გამოძიების მიზნით საქმე დაბრუნებულიყო სააპელაციო ინსტანციაში, იქიდან გამომდინარე, რომ როგორც გამოძიების ეტაპზე, ისე ქვედა ინსტანციის სასამართლო განხილვების დროს, არ ჩატარებულა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიება”.
თუმცა, როგორც ლევან მურუსიძე მიიჩნევს, მას მოქმედი კანონმდებლობა სხვა გადაწყვეტილების მიღების საშუალებას არ აძლევდა, რაზეც შალვა შავგულიძის მოსაზრება იყო ის, რომ მურუსიძეს კანონებისგან შეზღუდულად რომც ეგრძნო მართლა თავი, მას არ გამოუყენებია ყველა საშუალება სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღწევად. “შეეძლო, მიემართა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რაც არ გაუკეთებია”, – თქვა მან.
ლევან მურუსიძე არ ყოფილა ერთადერთი, რომელმაც ყველაფერი ცუდ კანონებს დააბრალა. გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მის მსგავსად იმართლა თავი მოსამართლე გიორგი ჩემიამაც. ჩემიამ აღნიშნული საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილა.
“გურია ნიუსისთვის” 2013 წელს მიცემულ ინტერვიუში გიორგი ჩემიამ თქვა:
“რა თქმა უნდა, გაქვს მორალური პასუხისმგებლობა, როცა აშკარად ხედავ, რომ რაღაც აკლია ამ საქმეს, მაგრამ სამართლებრივად არ შეგიძლია ამის გამოსწორება. მე ვიყავი კანონით შეზღუდული და სხვაგვარად რომ მოვქცეულიყავი, ეს ჩემი მხრიდან იქნებოდა კანონის დარღვევა”.
ის უარყოფს ზეწოლას პროკურატურის მხრიდან და დასძენს, “როცა საკანონმდებლო ჩარჩოში ვიყავი მოქცეული, არც არავის დაურეკავს და არც არავის მოუთხოვია რამე. იცოდნენ, რომ კანონს ვერ გავცდებოდი”.
“ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის ცხრაწლიან პერიოდში ქართული მართლმსაჯულების ბალანსზე, გირგვლიანის საქმის გარდა, ათეულობით საქმეა, რომლებიც უსამართლობისა და პოლიტიკური მართლმსაჯულების მკაფიო მაგალითად დარჩა. ამ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის სხვა მუხლებთან ერთად, ხშირად მიუთითებდა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. ამის მაგალითია კონტროლის პალატის ყოფილი უფროსის, სულხან მოლაშვილის საქმეზეც. მოლაშვილი “ვარდების რევოლუციიდან” მალევე, 2004 წელს დააკავეს საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით. მან ციხეში 4 წელი გაატარა, შემდეგ პატრიარქის შუამდგომლობით გაათავისუფლეს და თავი საფრანგეთს შეაფარა.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის მიმართ რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა: 1. წამების აკრძალვა; 2. თავისუფლების უფლების დარღვევა; 3. სამართლიანი სასამართლო განხილვა და 4. დისკრიმინაცია.
აღნიშნული გადაწყვეტილება ევროსასამართლომ 2014 წელს გამოიტანა მას შემდეგ, რაც უკვე “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე აღიარა მოლაშვილის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები და დათანხმდა მისთვის კომპენსაციის სახით 20 ათასი ევროს გადახდას.
გირგვლიანის საქმის მსგავსად, მოლაშვილის საქმეზეც ერთ-ერთი მოსამართლე ლევან მურუსიძე იყო. მურუსიძემ ამ საქმეზეც თქვა 2019 წელს, რომ მან გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე მიიღო.
წლების განმავლობაში არაერთი გახმაურებული საქმე დაგროვდა, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა პოლიტიკურ პროცესებზე – ეს საქმეები პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად იქცა. თუმცა, როგორც წესი, პოლიტიკოსთა და, ზოგადად, საზოგადოების ყურადღებას კონკრეტული საქმეები უფრო იქცევდა, ვიდრე სასამართლოს სისტემური ხარვეზების უფრო ფართო აღქმა.
სტუდია “მონიტორი” 2018 წელს გამოქვეყნებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში მიუთითებს, რომ სასამართლო სისტემაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დროიდან მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ლიდერი იყო მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც იმდროინდელ გენერალურ პროკურორთან და იუსტიციის მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან დაახლოებული პირი იყო. ამავე გუნდს წარმოადგენდა მოსამართლე ვალერიან ცერცვაძეც.
“მოდი, პირდაპირ ვთქვათ, შენივე ღია მონებმა – მიხეილ ჩინჩალაძემ, ვალერი ცერცვაძემ, მურუსიძემ — გაგასამართლეს შენ, ზურაბ ადეიშვილი”, – 2019 წელს უთხრა ნიკა გვარამიამ ზურაბ ადეიშვილს პირისპირ ინტერვიუს დროს. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის წლებში ადეიშვილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტრი იყო, გვარამია — ჯერ პარლამენტარი, შემდგომ კი გენპროკურორის მოადგილე.
ინტერვიუ უნგრეთში ჩაიწერეს – იქ, სადაც ადეიშვილმა 2012 წლის შემდეგ შეაფარა თავი.ვოლოდიმირ ზელენსკის გაპრეზიდენტების შემდეგ კი საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი და იუსტიციის მინისტი უკრაინაში გადასახლდა. ის ამ დროისათვის უკრაინის პოლიციაში ინტერპოლთან თამაშრომლობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
ვალერი ცერცვაძე და მიხეილ ჩინჩალაძე, რომელთაც გვარამიამ ადეიშვილის “ღია მონები” უწოდა, ადეიშვილის ხელისუფლებაში ყოფნისას მართლაც იყვნენ მასთან დაახლოებული მოსამართლეები. ამავე გუნდის წევრი იყო ლევან მურუსიძეც.
ჩინჩალაძე 2007 წლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე იყო, ვალერი ცერცვაძე კი 2011 წელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა. ეს ის პერიოდია, როცა “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ სასამართლოს გამოყენება სრული ძალით დაიწყო პოლიტიკაში ახლად შემოსული ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის წინააღმდეგ. მაგალითად, ამ სასამართლომ 2012 წლის ივნისში გადაწყვიტა, რომ ივანიშვილმა 12.6 მილიონი ლარი უკანონოდ შესწირა “ქართულ ოცნებას”, რის გამოც ის ათმაგი ოდენობით, 126 მილიონით დააჯარიმეს. პარალელურად, სასამართლოებში უკანონო შემოწირულობის საქმეებზე “ოცნების” ათეულობით მომხრეს ასამართლებდნენ. თუმცა, 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებიდან მალევე სასამართლოში ყველაფერი უკუღმა დატრიალდა, მათ შორის, ზურაბ ადეიშვილის წინააღმდეგაც.
ზურაბ ადეიშვილი მას შემდეგ საქართველოში არაერთხელ გაასამართლეს დაუსწრებლად აკურის ღვინის ქარხნის მეპატრონისთვის იძულებით ჩამორთმევის, პატიმართა წამების ორგანიზების, ასევე, “ქართუ ბანკის” გაკოტრების საქმეებზე. ადეიშვილი თავს პოლიტიკურად დევნილად მიიჩნევს, მას საქართველოს მოქალაქეობა 2021 წელს შეუწყვიტეს უკრაინის მოქალაქეობის მიღების გამო.
ადეიშვილთან ნიკა გვარამიას 2019 წელს ჩაწერილ ინტერვიუს მნიშვნელოვანი საინფორმაციო ღირებულება შესძინა იმ ფაქტმაც, რომ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე ორი კვირით ადრე, ივლისში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად, ოპოზიციური ტელეარხი “რუსთავი 2” “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებულ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს დაუბრუნდა. იმავე პერიოდში საქართველოში პოლიტიკური კრიზისი მძვინვარებდა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის პარლამენტში მისვლით გამოწვეული და რუსთაველის გამზირზე უწყვეტად მიმდინარე პროტესტის გამო.
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, რომელიც ინტერვიუს დროს ჟურნალისტის როლში იყო, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას, სხვადასხვა პერიოდში, მსახურობდა გენერალური პროკურორის მოადგილედ, ასევე — იუსტიციის მინისტრად. ის მეგობრობდა ადეიშვილთან. ორივე უშუალოდ მონაწილეობდა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაწყებულ სასამართლოს რეფორმის პროცესში. მათ გასაუბრებაში ჩანს, თუ როგორ ხედავენ წლების შემდეგ 2000-იანების დასაწყისშივე სასამართლოს რეფორმირების ხელიდან გაშვებულ შანსს პროცესში უშუალოდ ჩართული ლიდერები.
“ვერ კი არა, არ შექმნა “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს ინსტიტუცია”, — უთხრა გვარამიამ ადეიშვილს, რომელიც ცდილობდა, რაციონალური ახსნა მოეძებნა არშემდგარი რეფორმისთვის.
“ისტორიული გარღვევა იქნებოდა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო შეგვექმნა. მაშინ სხვა გზით უნდა წავსულიყავით.
პირველი პრიორიტეტი იყო, რომ კორუფცია დაგვემარცხებინა, მეორე — კრიმინალი, მესამე — საგარეო საფრთხეები ისე აგვერიდებინა, რომ სახელმწიფო არ ჩამოშლილიყო, და მეოთხე — ქვეყანაში ყოფილიყო საბაზისო ინფრასტრუქტურა და სერვისები.
ვერ შევძელით, ვერ გავაცნობიერეთ, რომ ეს [სასამართლო] მნიშვნელოვანი იყო”, — უპასუხა ადეიშვილმა გვარამიას, რაზეც მან თქვა:
“მე, ნიკა გვარამია, რომელმაც ძალიან კარგად ვიცი იმ 9 წლის ისტორია, ვერ ვხედავ ვერც ერთ ინდიკატორს, რომ ხელისუფლებას უნდოდა და ვერ გამოუვიდა სასამართლო რეფორმა, მე ვფიქრობ, რომ არ უნდოდა, თორემ გამოუვიდოდა.
თავიდან მე ამ პროცესში ვმონაწილეობდი, შენ იყავი ამის ცენტრი თავიდანვე, რომ ახალი, დამოუკიდებელი, პატიოსანი მოსამართლეები დაგვენიშნა, 28 წლამდე ჩამოვწიეთ ზღვარი, გასაუბრებებს ვატარებდით, ანთებულები, რაღაც ეტაპზე გადატყდა ეს ყველაფერი, ჩაიმსხვრა და აღარ განვითარდა. ის ახლები გახდნენ უბრალო შემსრულებლები და დღესაც ისინი არიან, მათ გაგასამართლეს”.
ამის პასუხად ადეიშვილმა აღნიშნა, რომ ის ეთანხმება ყოფილ თანაგუნდელს და “პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა”.
“თუ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აკონტროლოს სასამართლო, არ არსებობს ქვეყანა, სადაც ვერ გააკონტროლებს”, — თქვა ადეიშვილმა.
მკვლევარ სოფო ვერძეულის დასკვნები, შეიძლება ითქვას, რომ იმეორებს იმას, რასაც სისტემის ერთ-ერთი ძირითადი შემოქმედი თავადვე აღიარებს: სასამართლოს დამოუკიდებლობა, მის სტრუქტურულად გამართვაზე მეტად, პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
“ჩვენი სამართლის სკოლები ასწავლიან, თითქოს, სასამართლო არის იზოლირებული ინსტიტუტი. თუმცა ის იზოლირებულია კონკრეტული საქმის განხილვის დროს და ამ იზოლაციაში დევს მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის კონცეფცია. მაგრამ როგორც მართლმსაჯულების სისტემა, ის არაფრისგან იზოლირებული არ არის, მასზე პირდაპირ ზემოქმედებს პოლიტიკური კონტექსტი, პოლიტიკური აურა. ფაქტები ვნახეთ, ეს აურა როგორ გადაედინება სასამართლოშიც. ეს სისტემა იზოლაციაში ვერ რჩება. პრობლემა ის არის, რომ მივეჩვიეთ მოსამართლეებისა და სამართლოს ასე დანახვას: დაუწერ რასაც გინდა და შეასრულებს”, — ეუბნება სოფო ვერძეული “ინდიგოს”.
მესამე ნაწილი: სამართლიანობის აღდგენა