გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რეფორმის ტალღებში დაკარგული სასამართლო თაზო კუპრეიშვილი

სამართლიანობის აღდგენა | თაზო კუპრეიშვილი

რეფორმის ტალღებში დაკარგული სასამართლო - თაზო კუპრეიშვილის სტატიების სერია, რომელიც 1991 წლიდან დღევანდელობამდე ქართული სასამართლოს ამბავს ჰყვება:

    პირველი ნაწილი: ქართული სასამართლოს პირველი ნაბიჯები (1991-2003)
    მეორე ნაწილი: დაკარგული შანსი (2003-2012)
    მეოთხე ნაწილი: სასამართლო კლანი (2018-დღემდე)

    მესამე ნაწილი: სამართლიანობის აღდგენა

    “აუცილებელი ცვლილებების, სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის გადავწყვიტე პოლიტიკაში მოსვლა”, — მიმართა ბიძინა ივანიშვილმა “დემოკრატიულ სამყაროს” 2012 წლის აგვისტოში, მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე კვირა იყო დარჩენილი. ივანიშვილი დასავლურ სახელმწიფოებსა და ინსტიტუტებს სთხოვდა, მოეხდინათ პრეზიდენტ სააკაშვილზე ზეწოლა, რათა დაძაბული საარჩევნო გარემო და რეპრესიები ოპოზიციის მიმართ შემცირებულიყო. 

    “სამართლიანობის აღდგენა” და სასამართლო სისტემის გაუმჯობესება იყო “ქართული ოცნების” 2012 წლის საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ძირითადი ქვაკუთხედი. 

    ივანიშვილი ამის შესახებ არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, 2011 წელს, თავის პირველივე წერილში მიუთითებდა, როცა საზოგადოებას პოლიტიკაში ჩართვის შესახებ აცნობა. 

    ამ პირველ საჯარო წერილში ის წერს: “დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ”.

    ამ განცხადებიდან მალევე ჟურნალისტმა ია ანთაძემ ინტერვიუს დროს ივანიშვილს ჰკითხა, რას სთავაზობდა ქართველ ხალხს სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად – საზოგადოება უნდა დასჯერებოდა მის სიტყვას, თუ ივანიშვილი რაიმე მექანიზმსაც გულისხმობდა. 

    ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ მზა რეცეპტი არ ჰქონდა: 

    “მაგრამ მაქვს პრინციპული პოზიცია, რომ სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. …მოვკრებ სპეციალისტებს და პოლიტიკური ნების პირობებში სწორედ ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს მექანიზმების შესახებ. მე არ მაქვს ამის ცოდნა, მაგრამ ვიცი, როგორ მოვთხოვო მცოდნეებს და როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი”.

    2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს რამდენიმე დღით უსწრებდა ქართულ ციხეებში პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის მამხილებელი ვიდეოჩანაწერების გავრცელება. ამ კადრებმა მრისხანე პროტესტის ტალღები გამოიწვია საქართველოს დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში. ამ მოვლენამ “ქართული ოცნების” ძირითად პოლიტიკურ ლოზუნგს, “სამართლიანობის აღდგენას”, დამატებითი სიმძაფრე და მნიშვნელობაც შესძინა. 

    არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი “სამართლიანობის აღდგენის” მიმართულებით, პატიმართა საყოველთაო ამნისტია გახდა: ქვეყანაში არსებულ 23 ათასზე მეტი პატიმრის აბსოლუტურ უმრავლესობას სასჯელები შეუმცირდა, ციხე კი 8 ათასზე მეტმა პატიმარმა დატოვა. “ოცნება” ამის მთავარ საფუძვლად ასახელებდა პოლიტიკური მართლმსაჯულებას, გადამეტებულ სასჯელებს (მოქმედებდა სასჯელთა შეკრებითობის პრინციპი) და ციხეებში არასათანადო მოპყრობას. თუმცა, სამართლიანობის აღსადგენად ეს არ იყო საკმარისი. უფრო დიდი იყო იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც ამ პროცესის დაწყებას ელოდა. როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრი” წერდა, “სამართლიანობის აღდგენას” იმ პატიმრების გარდა, ვისაც ციხეებში არასათანადოდ მოეპყრნენ, ელოდნენ ბიზნესმენებიც, ვისაც სხვადასხვა მიზეზით, სახელმწიფოს სასარგებლოდ ქონება დაათმობინეს, ასევე, ისინი, ვისაც მიუსაჯეს არაპროპორციული სასჯელები და სხვები. 

    “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ “სამართლიანობის აღსადგენად” მართლმსაჯულების რეფორმას სათავეში ჩაუდგა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. როგორც მან თქვა, მმართველი პარტია ქმნიდა “მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენ” კომისიას. ამ კომისიას სხვა საქმეებთან ერთად 2004-2012 წლებში მოსამართლეთა უკანონო ქმედებებიც უნდა გამოეძიებინა: ბიზნესმენებისთვის საკუთრების უკანონო ჩამორთმევა, კონკრეტული ადამიანებისთვის პატიმრობის დაუსაბუთებლად მისჯა, თუ კიდევ სხვა რამ.

    თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრი” თავის ვებგვერდზე 2014 წელს გამოქვეყნებულ ბლოგ-პოსტში სათაურით “რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას” წერდა, რომ 2013 წლის ბოლოს, თეა წულუკიანის თქმით, მთავრობამ შეაჩერა კანონპროექტი, რომლითაც ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შეექმნათ. წულუკიანი აზუსტებდა, რომ ეს მოხდა იმ „ერთადერთი მიზეზის“ გამო, რომ ქვეყანა არ არის მზად, გასცეს მოსალოდნელი კომპენსაციები". “ადამიანის უფლებათა ცენტრი” იმავე სტატიაში აღნუსხავდა მღელვარებისა და პროტესტის შემთხვევებსაც, რაც ამ სიახლეს მოჰყვა. “როგორც 2013 წლის 2 დეკემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდული დახმარების მინისტრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა, ციხეებში 52 პატიმარი შიმშილობდა „უკანონო განაჩენების გადახედვის მოთხოვნით“. დეკემბრის ბოლოს უკვე 1032 პატიმარი შიმშილობდა, მათგან 18-მა პირი ამოიკერა. პროტესტის ეს ტალღა იანვარსა და თებერვალშიც გაგრძელდა. გაზაფხულზე ხელისუფლებამ შეძლო ამ საპროტესტო აქციების შეჩერება, პირველ რიგში – ისევ დაპირებით, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების აღმოფხვრაზე მუშაობა გაგრძელდებოდა,” – წერია მასალაში. 

    ხელისუფლების წარმომადგენლებმა სწორედ 2013 წლის მიწურულს დაიწყეს ახსნა, თუ რატომ ჭიანურდებოდა დაპირებული სამართლიანობის აღდგენა.

    იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხის” ეთერში განაცხადა:

    “ერთ-ერთი ბუნებრივი, პირველი კითხვა, რომელიც აქვს პატიმარს, არის: როდის გადაიხედება განაჩენები? ეს არის კითხვა, რომელზეც კონკრეტული ვადა რომ გითხრათ, იქნება არასერიოზული. მე რომ გითხრათ, ეს იქნება ერთ, ორ, ან სამ თვეში, მე უნდა მოგატყუოთ”.

    ის ასევე ამბობდა, რომ “ხარვეზების დამდგენი კომისია” არ იქნებოდა ეფექტიანი მექანიზმი გასული 9 წლის განმავლობაში მომხდარი საქმეების გადასახედად. ბესელიას თქმით, მის მოსაზრებას იზიარებდნენ პატიმრები, რომლებსაც  ამის შესახებ ესაუბრებოდა. 

    “მე მათ ვკითხე, დღეს ჩვენ ეს საქმეები რომ წავიღოთ იმ სასამართლოში, რაც დღეს გვაქვს, თქვენ მეტყვით, რომ მზად არის ეს სასამართლო სისტემა? ის მოსამართლეები, რომლებმაც ყოფილ პატიმრებს განაჩენი გამოუტანეს, შეუცვლიან განაჩენს?” – თქვა ბესელიამ. ის მაშინ ამბობდა, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობდა პროცესზე და აგრძელებდა მუშაობას “ფორმულაზე”, თუ რა ფორმით უნდა ემუშავა ამ მექანიზმს. თუმცა, ფაქტია, რომ პროცესი იმ დროისთვის გაჩერდა.

    2015 წელს უკვე პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა აღიარა, რომ “სამართლიანობის აღდგენა” გაჭიანურდა:

    “სამართლიანობის სრულფასოვანი და იდეალური აღდგენა, ალბათ, ვერ მოხდება, მაგრამ მოხდება ძალიან დიდი ნაწილის. რაღაც გაუგებრობებს ვერ ავცდებით, უკმაყოფილებაც დარჩება, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა იმ უსამართლობის, რაც ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, იმედია, დალაგდება. მივადევნოთ თვალყური”.

    მივადევნეთ. 

    “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ 2015 წელს მართლაც შექმნა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისია, რომელსაც 2004-2012 წლების საქმეები უნდა შეესწავლა. 2018 წლის მდგომარეობით, ამ კომისიაში ცემის, არაადამიანური მოპყრობის და ქონების უკანონო ჩამორთმევის 400-ზე მეტი საქმე შევიდა განსახილველად. კომისიის შექმნიდან 10 წელი გავიდა – ჯერჯერობით, არც ერთი მოსამართლე არ მიუციათ რაიმე სახის პასუხისგებაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პერიოდში განხორციელებული საქმიანობის გამო. 

    უფრო მეტიც, სასამართლო სისტემაში ძალაუფლება სრულად მოექცა იმ ადამიანთა ხელში, რომლებიც სისტემას 2003-2009 წლებში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას აკონტროლებდნენ. 

    ბიძინა ივანიშვილმა მოგვიანებით  ეს აღიარა კიდეც, მისი აღიარება კი სრულად ხსნის იმას, რაც დაემართა მართლმსაჯულების სისტემას “ქართული ოცნების” პირობებში:

    “ჩვენ ადეიშვილის სისტემა შევინარჩუნეთ და მას თვითგადარჩენისა და თვითგანწმენდის საშუალება მივეცით“, –  უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტ სალომე ასათიანს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით გადაცემულ ინტერვიუში

    იმ დროისთვის “ქართული ოცნების” კოალიცია, პრაქტიკულად, უკვე დაშლილი იყო, ივანიშვილს კი გაცხადებული ჰქონდა, რომ პოლიტიკას ჩამოშორდა. მიუხედავად ამისა, ის საარჩევნო კამპანიაში ღიად ჩაერთო, რის შემდეგაც პარტია “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში გაიმარჯვა და მთავრობაც ერთპარტიულად დააკომპლექტა. 

    ცვლილებების პირველი სიო სასამართლოში

    პროცესი, რომელსაც ივანიშვილი სასამართლოს “თვითგადარჩენასა და თვითგანწმენდას” უწოდებდა, სისტემაში პოლიტიკური ცვლილებების პარალელურად დაიწყო. 

    როგორც ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე იხსენებს, მოსამართლეებში ( 2012-13 წლებში სისტემაში 250-მდე მოსამართლე ირიცხებოდა) სწორედ ამ დროს გაჩნდა “ცვლილებების პირველი ნაპერწკლები”. 

    “სიტუაცია უკვე იყო მომწიფებული. მოსამართლეები მართლა წუხდნენ იმაზე, რაც სისტემაში ხდებოდა, მაგრამ ერთსულოვანი პოლიქრონიონი, რა თქმა უნდა, არ იყო შიგნით”, – იხსენებს მაია ბაქრაძე. ის აზუსტებს, რომ ამ 250-დან დიდ ნაწილს სიახლე სურდა, ხოლო ისინი, ვინც დღეს “კლანად” მიიჩნევა –ჩინჩალაძისა და მურუსიძის ჯგუფი – გაცილებით მცირე რაოდენობით იყვნენ და რეალურ გარდაქმნებს მხარს არ უჭერდნენ. მათ ეკავათ გავლენიანი ადმინისტრაციული თანამდებობები, რითაც სისტემას აკონტროლებდნენ და ამის დათმობა არ სურდათ.

    ყოფილი მოსამართლის თქმით, თანამოაზრე მოსამართლეებმა 2012-2013 წლებში თვითორგანიზება დაიწყეს — ისინი, ვინც ერთ შენობაში, ერთ სივრცეში მუშაობდნენ ან სხვაგვარი კვეთა ჰქონდათ, ერთმანეთს უზიარებდნენ, თუ რა აწუხებდათ და როგორ ხედავდნენ სისტემის მომავალს, სადაც იმ დროისათვის მათი ხმა არ ისმოდა. 

    ბაქრაძე აზუსტებს, რომ მცირერიცხოვნობის მიუხედავად, ერთმანეთს სისტემის შიგნით ბევრნი არ იცნობდნენ, რადგან ჩაკეტილი იყო თავად სისტემა. “მაგალითად, თბილისის მოსამართლე, შესაძლოა, მცხეთაში არავის არ სცოდნოდა და პირიქით. თუმცა ის მოსამართლეები, რომლებსაც გვქონდა სოციალური კავშირები, ვმუშაობდით ერთ შენობაში, ერთ საკითხზე გვისაუბრია, შევიკრიბეთ და ვთქვით, რომ ეს შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ  და მოდი, ცოტა ვიაქტიუროთ ჩვენც, რომ სასამართლოში მართლა შედგეს თვითმმართველობის მსგავსი მოდელის ჩამოყალიბება და მერე ყველაფერს ეშველება”.

    მისი აზრით, სწორედ ამ გზით იყო შესაძლებელი რეალურად დამოუკიდებელი, კვალიფიციური და სამართლიანი სასამართლოს შექმნა.   

    როგორც მაია ბაქრაძე იხსენებს, 2013 წლის დასაწყისში, ესე იგი, “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვეში, მოსამართლეები პირველად შეხვდნენ ჯგუფურად იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მის მოადგილეს, ალექსანდრე ბარამიძეს. თითქოს, “დარაზმულები” იყვნენ – ერთ პოზიციას იზიარებდნენ. ეს ის დროა, როცა ხელისუფლება ღიად საუბრობდა მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე, რასაც უნდა მოჰყოლოდა მოსამართლეთა პასუხისგება. ცხადია, ეს გეგმა მოსამართლეებმა, როგორც ე.წ. კლანთან დაახლოებულმა, ისე — სხვა ჯგუფებმა, საფრთხედ აღიქვეს.

    “ჩვენი იდეა ასეთი იყო: არც ხარვეზების დამდგენი კომისია უნდა შექმნილიყო, არც რაიმეს გადახედვა და სადამსჯელო მექანიზმები. ჩვენი იდეა იყო ყველას გათანაბრება, პრივილეგიების მოსპობა, საწყისი ეტაპიდან დაიწყოს ყველამ და ვინც შეძლებს, შეძლებს, ვინც არა – დატოვოს სისტემა, პატიოსნები უნდა ვიყოთ იმაში, რომ სისტემის გაწმენდა შევძლოთ”, – ასე აყალიბებს მაია ბაქრაძე მოსამართლეთა დიდი ნაწილის მოტივებს. და იხსენებს, თუ როგორი კონფრონტაციული დამოკიდებულება ჰქონდა იუსტიციის მინისტრ წულუკიანს სასამართლოს მენეჯმენტთან: “არც კი იხედებოდა კუბლაშვილის მხარეს, თან ამბობდა, ვერ ვითანამშრომლებ იმ ხალხთან, ვინც “ნაცების” რეჟიმის ნაწილი იყოო”, – იხსენებს მაია ბაქრაძე.

    მოსამართლეებთან პირველი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. წულუკიანმა მოსამართლეებს ელექტრონული ფოსტის მისამართი დაუტოვა და უთხრა, ვისაც რაიმე წინადადება ჰქონდა რეფორმის შესახებ, თამამად გაეგზავნათ.  

    “სასამართლოში რომ დავბრუნდით, რამდენიმე მოსამართლემ პუნქტობრივად მართლაც ჩამოვწერეთ, როგორ ვხედავით რეფორმის პირველ ეტაპს. ჯერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე არც იყო საუბარი, ჯერ უნდა მოწესრიგებულიყო კანონმდებლობა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს  არჩევნების სწორად ჩასატარებლად. 

    ეს ჩვენი პირველი აზრები ჩემი პირადი მეილიდან წულუკიანთან გავგზავნეთ. მივიღეთ პასუხი და დაიგეგმა შემდეგი შეხვედრები. რამდენჯერმე მართლაც შევხვდით ერთმანეთს”, – ამბობს ყოფილი მოსამართლე და დასძენს, რომ “ქართულმა ოცნებამ” 2013 წელს მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებში მართლაც გაითვალისწინა რეფორმის მომხრე მოსამართლეთა გარკვეული წინადადებები, რასაც სისტემა უნდა გაეჯანსაღებინა, თუმცა ხელისუფლებამ არ დათმო ორი ძირითადი საკითხი:

    “ჩვენ პრინციპული პოზიცია გვქონდა, რომ მოსამართლეებს მხოლოდ ერთი ადმინისტრაციული თანამდებობა უნდა ჰქონდეთ და მაგალითად, ერთი ადამიანი არ უნდა იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და, ამასთანავე, სადისციპლინო კომისიის წევრი, რადგან ეს მას გავლენებს უზრდიდა. “ოცნებამ” ეს არ დათმო; და, ასევე, არ დათმო მოსამართლეთა მივლინების საკითხი, რომელსაც ჩვენ “გადასახლებას” ვეძახდით, რადგან გამოიყენებოდა მოსამართლეთა დასჯის მიზნით. წინა წლების პრაქტიკით, “ურჩი” მოსამართლე სამუშაოდ სხვა რეგიონში იგზავნებოდა”. 

    მაია ბაქრაძის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებთან პარალელურ შეხვედრებს მართავდა სასამართლოს მენეჯმენტი, რომლის ლიდერი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი იყო. 

    საბოლოოდ, 2013 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დღის წესრიგში დადგა მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების საკითხი, სადაც უნდა აერჩიათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა. სწორედ ამ საბჭოს უნდა ემართა პროცესები სასამართლოში. 

    წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრესული სიახლე იყო ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელება ნებისმიერ მოსამართლეს შეეძლო, გარდა ამისა, კენჭისყრაც უკვე ფარული იყო (რაც ზეწოლის საშუალებებს ასუსტებდა).

    მოსამართლეთა კონფერენცია 2013 წლის 9-10 ივნისს გაიმართა. რამდენიმე დღით ადრე რეფორმის მომხრე მოსამართლეთა ჯგუფმა გაერთიანებას ფორმალური სახე მისცა და ორგანიზაცია “მოსამართლეთა ერთობა” დააფუძნა. ორგანიზაციის თავმჯდომარედ წევრებმა მაია ბაქრაძე აირჩიეს. ღონისძიების პრეზენტაციას ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, მათ შორის, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. 

    ახალი ხელისუფლების პირობებში გამართულმა მოსამართლეთა პირველმა კონფერენციამ დიდწილად განსაზღვრა სასამართლოს შემდგომი ბედი. 

    მაია ბაქრაძე ამბობს, რომ პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ე.წ. კლანთან დაპირისპირებული მოსამართლეები “წაგებულ, სასტიკად უთანასწორო არჩევნებში” შევიდნენ. 

    უთანასწორობის მიზეზი კი, ისევ და ისევ, კანონში გაწერილი წესი იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 7 წევრიდან არაუმეტეს 3 წევრისა, უნდა ყოფილიყო ან სასამართლოს თავმჯდომარე, ან მისი მოადგილე, ან პალატის თავმჯდომარე. ეს ადამიანები კი სწორედ სასამართლოს მენეჯმენტს, გავლენიან ჯგუფს წარმოადგენდნენ. თუ ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეების არჩევა ვერ მოხდებოდა, კვოტა მხოლოდ ამის შემდეგ გადადიოდა რიგით მოსამართლეებზე. თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაწესებული კვოტები მენეჯმენტის წარმომადგენლებმა პირველივე მცდელობაზე შეავსეს და გამოდის, რომ რიგით მოსამართლეებს 15-წევრიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ 4 პოზიციაზე დარჩათ კანდიდატების დასახელების და არჩევის საშუალება. მეტიც, როგორც მოსამართლეთა არჩევნებმა აჩვენა, ეს 4 ადგილიც  გავლენიანი ჯგუფიდან დაიკავეს. სწორედ ამ დროს შევიდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძე, რომელიც საბჭოს მდივანიც გახდა. 

    მაია ბაქრაძემ, რომელსაც მოსამართლეთა დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ხმების 47%-ის მიღების მიუხედავად, საბჭოში მოხვედრა საერთოდ ვერ შეძლო. “ეს კვოტები რომ არ ყოფილიყო მოსამართლეების თავმჯდომარეებზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში “მოსამართლეთა ერთობიდან” რამდენიმე ადამიანი შეძლებდა შესვლას”, — ამბობს ახლა ის. 

    საბოლოოდ, სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა თვითთმმართველობის გაძლიერების მომხრე ეს ჯგუფი დამარცხდა და დღეს მაია ბაქრაძე ამ 2013-დან 2015 წლამდე პერიოდს აფასებს, როგორც სასამართლო სისტემაში ერთგვარ ბუფერულ ფაზად – თანამშრომლობა ხელისუფლებასა და სასამართლოს ე.წ. კლანს შორის ჯერ არ იყო ისეთი მყარი, როგორიც შემდეგ გახდა. დასტურად ის იხსენებს მუდმივ დაძაბულობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, როცა საბჭოს წევრები ვერ თანხმდებოდნენ ელემენტარულ საკითხზეც კი.

    თუმცა, იმავე “ბუფერულ პერიოდში”, 2013 წლის მოსამართლეთა კონფერენციის შემდეგ, საინტერესო პროცესები განვითარდა, რაც დღევანდელი პერსპექტივით “ოცნებისა” და სასამართლო სისტემის მჭიდრო კონსოლიდირების მკაფიო ნიშნად მოჩანს. ღონისძიებიდან ერთ თვეში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძესა და უზენაესი სასამართლოს თავმდჯომარეს, კონსტანტინე კუბლაშვილს შეხვდა. შეხვედრიდან გამოსული ივანიშვილი ამბობდა, რომ ის დარწმუნდა, “სასამართლო სისტემაში ძალიან ბევრი ჯანსაღი, პროგრესულად მომუშავე ადამიანი მუშაობს”.

    მალევე, 1 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილი იუსტიციის მდივან ლევან მურუსიძეს კიდევ ერთხელ შეხვდა, ამჯერად – კუბლაშვილის გარეშე. ივანიშვილს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ახლდა. მასთან ერთად ამავე შეხვედრაზე სასამართლოსთვის დაფინანსების გაზრდის საკითხიც უნდა განეხილათ.

    ვიდეოში, რომელიც მაშინ პრესსამსახურმა გაავრცელა, ივანიშვილი და მურუსიძე საუბრობენ იმ ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობის რესურსზე, რომელიც მათ ერთმანეთში დაინახეს. ცხადი გახდა, რომ სასამართლოსა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას შორის მნიშვნელოვნად შეიცვალა რაღაც. 

    ლევან მურუსიძესთან ერთად შეხვედრიდან გამოსული ბიძინა ივანიშვილი არ იშურებდა ქათნაურებს მოსამართლის მიმართ, რომელიც ერთ წელზე ნაკლები ხნით ადრე “ოცნებისვე” გუნდისთვის და არამარტო მათთვის, პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი და უსამართლო სასამართლოს სახე იყო.

    “რაც მე აღმოვაჩინე ამ ახალგაზრდაში, ის, ისე როგორც მე, განწყობილია მკვეთრად, ყოველგვარი გავლენისგან გაათავისუფლოს სასამართლო და ჭეშმარიტად დამოუკიდებელი სასამართლოს აღორძინებაზე იფიქროს და იზრუნოს, და ამ პასუხისმგებლობას იღებს თავის თავზე. ამაზე გვქონდა ძალიან პრინციპული საუბარი და ჩვენი ხედვები ემთხვევა. მე ამდენი არ ვიცი და მან კარგად მაჩვენა, როგორ უნდა განვითარდეს, რა რეფორმები გატარდეს და ჩემი აზრით, ამ ახალგაზრდა კაცს პრინციპული ხედვები აქვს, რომ სასამართლო იყოს ღირსეული და შესატყვისი ევროპულისა, იმ გზისა, რომლისკენაც ჩვენი საზოგადოება მიისწრაფვის”, – თქვა ივანიშვილმა. 

    ივანიშვილი დაჟინებით იმეორებდა, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლებიდან მოსამართლეებზე ზეწოლას ვერავინ გაბედავდა. 

    “ჩვენი მიზანია, მოსამართლეები მართლმსაჯულებას ახორციელებდნენ განუხრელად, ობიექტურად, კანონის დაცვით და იყვნენ აბსოლუტურად მიუკერძოებელნი ყოველგვარი ზეგავლენისგან”, – შეხვედრა ასე შეაჯამა ლევან მურუსიძემ, რომლის პროფესიულ საქმიანობასთან და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებითაც “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს კითხვები იმ დღის მერე აღარ დაუსვამთ. 

    სასამართლო სისტემას კი, იმ დროიდან მოყოლებული, რეფორმების არაერთმა ტალღამ გადაუარა.

    “პირველი ტალღა” იყო 2013 წელს – ამ დროს სასამართლოებში მოწესრიგდა მედიის მუშაობის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვნად შეიზღუდა 2011 წელს, “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას. ასევე, შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი.

    2014 წელს სასამართლო სისტემაში ცვლილებების “მეორე ტალღას” მოჰყვა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და უვადოდ დანიშვნამდე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით გამწესების პრინციპის დანერგვა.

    ხოლო 2016 წელს, როცა სასამართლოს რეფორმების მორიგი, “მესამე ტალღა” მისწვდა, შემოიღეს დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, შეიცვალა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის წესი და სხვა.

    გადამწყვეტი ბრძოლა სასამართლოს მისატაცებლად 2018 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებისთანავე, მას შემდეგ დაიწყო, რაც ძალაში შევიდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია. აღნიშნული ცვლილებების მიხედვით, დადგინდა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი.

    არსებობდა მოლოდინი, რომ ეს იქნებოდა გარდამტეხი მომენტი, რაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების შანსს რეალურად შექმნიდა, თუმცა მოხდა პირიქით – სასამართლოში ყველაზე გავლენიანი ჯგუფი ცვლილებების შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდა.

    იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყველასთვის მოულოდნელად პარლამენტს წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია. და სწორედ მოსამართლეთა საკითხზე „ქართულ ოცნებაში“ შიდა დაპირისპირება გამწვავდა. პარტია დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა, გედევან ფოფხაძემ. მოგვიანებით, სხვა საკითხის გამო, პარტიიდან წავიდა ბექა ნაცვლიშვილი. შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა.

    საბოლოოდ, “ქართულმა ოცნებამ”, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან ერთად, უზენაესი სასამართლო სრულად დააკომპლექტა მისთვის სასურველი ადამიანებით. უვადო მოსამართლედ დანიშნულთა შორის იყვნენ შალვა თადუმაძე, ყოფილი გენერალური პროკურორი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი პირადი ადვოკატი, იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, გენპროკურორის მოადგილე მამუკა ვასაძე და სხვები – ისინი ე.წ. კლანთან და ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ. 

    „შოკირებული არა, მაგრამ გულდაწყვეტილი ვარ, რომ  პარლამენტმა კიდევ ერთხელ არ გაითვალისწინა ხალხის მოსაზრება“, – თქვა რადიო თავისუფლებასთან ნაზი ჯანეზაშვილმა – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, რომელიც „კლანის” გავლენის წინააღმდეგ იბრძოდა. მას სჯეროდა, რომ პოლიტიკური მხარდაჭერის გარეშე, „კლანი" ასეთი ძლიერი ვერ იქნებოდა. 

    2013-2017 წლებში, სასამართლო რეფორმის ამ სხვადასხვა ტალღის პარლალელურად,  სასამართლო სისტემის საჯარო კრიტიკას აგრძელებდა “მოსამართლეთა ერთობა” – გაერთიანება, რომელიც საკუთარ თავს მოიაზრებდა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ოპონენტად. თუმცა, როგორც შემდგომმა პრაქტიკამ აჩვენა, ეს კრიტიკა “ერთობის” წევრი არაერთი მოსამართლისთვის საბედისწერო აღმოჩნდა – ისინი სისტემას საერთოდ ჩამოაშორეს. 

    სამართლის მკვლევარი, სოფო ვერძეული გვიამბობს, თუ რა გავლენა მოახდინა "კლანმა” ამ ურჩ მოსამართლეთა პროფესიულ კარიერაზე და ამისი მკაფიო ილუსტრაციად კრიტიკულად განწყობილ მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარის, მაია ბაქრაძის საქმეს ასახელებს 

    მაია ბაქრაძის საქმე

    მაია ბაქრაძეს სამოსამართლეო ვადა 2015 წელს ამოეწურა და ხელახლა ორჯერ, 2015-2016 წლებში სცადა მოსამართლეობა, თუმცა კომისიამ ის ორივეჯერ დაიწუნა ისე, რომ მისთვის ოფიციალური მიზეზი არ განუმარტავს. 

    პირველ ჯერზე მაია ბაქრაძესთან გასაუბრება 30 წუთს გაგრძელდა, მეორედ – 35 წუთს. ორივე გასაუბრების მთავარი თემა “მოსამართლეთა ერთობის” საქმიანობა იყო – ანუ ბაქრაძეს კითხვებს უსვამდნენ იმ კრიტიკის გამო, რასაც მისი ორგანიზაცია და ორგანიზაციის დირექტორი ნაზი ჯანეზაშვილი სასამართლოს შესახებ გამოხატავდნენ. მაგალითად, მას ეკითხებოდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკა სასამართლო სისტემის მიმართ იყო ჯანსაღი? და შედიოდა თუ არა ეს ნებადართული კრიტიკის ფარგლებში. სამაგიეროდ, ნაკლებად დაინტერესდნენ ყოფილი მოსამართლის პროფესიული გამოცდილებითა და კვალიფიკაციით. 

    მას შემდეგ, რაც მაია ბაქრაძეს ორჯერ უთხრეს უარი მოსამართლეობაზე, მან ეს ქართულ სასამართლოებში გაასაჩივრა. მისი საჩივრები არ დააკმაყოფილეს. 

    ბაქრაძე მიიჩნევდა, რომ მის მოსამართლეობაზე უარის მიზეზი იყო ის, რომ “მოსამართლეთა ერთობის” წევრი გახლდათ და აკრიტიკებდა სასამართლო სისტემას.

    შიდა ინსტანციების ამოწურვის შემდეგ, ყოფილმა მოსამართლემ სამართლის ძიება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადაწყვიტა. 

    ევროსასამართლომ ბაქრაძის საჩივარი დააკმაყოფილა და სახელმწიფოს მხრიდან ბაქრაძის დისკრიმინაცია დაადგინა. 

    მკვლევარი სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ ამ საქმეში ნათლად ჩანს, თუ როგორ ჩაიგდო მოსამართლეთა ერთმა მცირე, მაგრამ ძალიან გავლენიანმა ჯგუფმა ძალაუფლება ხელში და როგორ შეძლო სხვა მოსამართლეთა დამორჩილებაც. 

    “ამ ჯგუფმა მოახერხა, დაემტკიცებინა, რომ თუ მასთან ახლოს დარჩებოდა მოსამართლე, ჯგუფი დაიცავდა მის კარიერულ უსაფრთხოებას. ამით გაზარდა კლანმა თავისკენ მიმხრობილთა  რაოდენობა. თან დაპირებებსაც მართლა ასრულებდა: ვინც ამ ჯგუფთან დარჩა, კარგად იყო”, – ამბობს სოფო ვერძეული.

    მეოთხე ნაწილი: სასამართლო კლანი

    loader
    შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა