გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საბა ყაფლანიშვილი ხმა ხეიბრისა

ხმა ხეიბრისა | საბა ყაფლანიშვილი

Mens sana in corpore sano.

ამ წერილის დაწერა წლებია, მინდა, მაგრამ ენას ვერ ვუყრი თავს.

სიტყვებს არა, ენას.

რა ენით უნდა ისაუბროს ეტლიანმა?

საკუთარ თავს რა დაუძახოს?

რამე ზრდილობიანი და ზოგადი, როგორც შშმ პირი?

უკმეხი და უტაქტო, როგორც ინვალიდი?

ალბათ რამე უფრო გულწრფელი, შემზარავი და მშობლიური, როგორც ხეიბარი. იყოს ხეიბარი. სიტყვებს თუ დავამარცხებინეთ თავი, სინამდვილეს როგორ მოვერევით?

ან კი ეგზონიმებს რატომ ვეკიდებით? დასაკარგი დრო არ გვაქვს, ვიტყვი ხეიბარს, წერილის ბოლომდე მაინც. მოკლეა, დამაკნინებელი, შემაწუხებელი და ჩვენ შეწუხება გვმართებს, რაც მეტი, მით უკეთესი.

ხეიბარს უნდა ახსოვდეს, რომ სამყარო მისთვის არაა შექმნილი და არც სიტყვებია მასზე გათვლილი. თუ რამე მოერგო მას, მხოლოდ ბრძოლის შედეგად. ის მუდამ სხვის შექმნილ ენაზე დაეძებს სათქმელს და იშვიათად პოულობს. რანაირად გინდა, შენი გულის ნადები გადმოსცე ენით, რომელიც საკუთარი ტკივილის დაბლაგვებას გიბრძანებს. არადა შეუძლებელია, რბილად ისაუბროს ადამიანმა, რომლის გონებაც საკუთარი მოკვდაობის შემხსენებელი სხეულიდან მუდამ სანტიმეტრებითაა დაშორებული; რომელსაც ეს საკუთარი სხეული ყოველ წამს ახსენებს, რომ ოდნავ გადაურჩა საბოლოო ხვედრს და ღმერთმა უწყის, რამდენი ხნით.

საკუთარი სხეულისადმი რას გრძნობ? უნდა გეცოდებოდეს მოვლენილი უბედობის გამო თუ გძულდეს დაღალატების გამო? იქნებ ორივე? როგორც წესი, ეგრეა, ორივე.

ხეიბრის ენა მოუხელთებელია, ფრაგმენტული, დაუსრულებელი, ნათხოვარი, უცხო, ქაოსური. მას სინატიფე აკლია, მაღალფარდოვნება, ლაკონიურობა, მიამიტობა. რანაირად უნდა იყოს ტკივილისგან შობილი ენა მიამიტი? და თუ ის ასე ესმით სხვებს, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ენაზე ვსაუბრობთ, ტკივილს კი თარგმანში ვკარგავთ.

ხეიბრის ენა შექსპირის ედმუნდივით აღიარებისთვის იბრძვის, ოღონდ მზაკვრული გაქანების გარეშე. ტომასისეულად ცდილობს დიდ ღამეს დინჯად არ შეეგებოს. ღრიალებს, ან უნდა, რომ ღრიალებდეს. საუბარი თუ არ ჭრის, წიხლს თუ ვერ ირტყმევინები და საყიდელი ფულიც არ გაქვს, რაღა დაგრჩენია?

ხეიბარი სხვის ენაშია სტუმარი და საგულდაგულოდ შეკოწიწებული ფრაგმენტებისგან ცდილობს ტილოს შექმნას. ნახატი ვერ გამოსდის, უფრო კოლაჟი. იმის იმედადღა რჩება, რომ მნახველი მაქსიმალურად სწორ ინტერპრეტაციას მისცემს მას და ავტორს არ გაუბრაზდება.

არადა გულის სიღრმეში უნდა, რომ გააბრაზოს. აბა, ბრაზის გარეშე ხომ არაფერი გამოდის?

მისგან მარტივ სათქმელს ითხოვენ, გასაგებს, საკანცელარიო ენით გაშალაშინებულს და მედიისთვის საამებელს, საუნდბაითებს, ფრთიან ფრაზებს, გულის სიმებზე ჩამოკვრას, შეცოდებას, თავის შეცოდებას. შენგან თუ სისუსტე არ გამოსჭვივის, რა მოსასმენი ხარ საერთოდ.

მაგრამ ხეიბრებს უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ჩვენი ენა საპოვნელი გვაქვს. და თუ დღეს სათქმელს გულებში ვიკლავთ, ღრიალით მაინც უნდა ავიკლოთ აქაურობა. დინჯად არაფერს შევეგებოთ. ამოვიოხროთ, გავცხარდეთ, ვიგრგვინოთ, მანამ, სანამ საუბარი შემოგვესწავლება.

...

სამარე ჩაგვრას!
წამალი ბავშვებს!

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა