გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნესტან ნენე კვინიკაძე

ჩემი ავადმყოფობის ცნობა | ნესტან ნენე კვინიკაძე

ბავშვების საახალწლო საჩუქრების საყიდლად საპროტესტო აქციიდან დროზე ადრე წარმატებით ვიპარები; გზის გადაკვეთის გამო საცობში გამომწყვდეულ ქუჩაზე, მაღაზიის ვიტრინიდან ბრჭყვიალა პიჯაკი თვალს მჭრის. სისულელეა! უახლოეს მომავალში ბრჭყვიალა ტანსაცმელი გეგმაში არაა. ამას ვფიქრობ, მაგრამ მაღაზიაში შევდივარ. რა ლამაზია, - გულში ვამბობ, - მაგრამ რა დროს ესაა?! ამის მიუხედავად, პიჯაკს საკიდიანად ვხსნი, სხეულზე ვიკრავ, სარკეში ვიყურები. თან მერიდება, ვინმე არ მხედავდეს; ვინმემ არ მიცნოს და არ თქვას, - აქტივისტ მწერალს ბრჭყვიალა პიჯაკისთვის მოუცლიაო. გასახდელში სწრაფად შევდივარ. ვიხდი დემონსტრაციების უნიფორმას: ქურქს, თერმო ჟაკეტს, თერმო მაისურს. ვიცვამ პიჯაკს. ჩაცმული უფრო ლამაზია. თითქოს სარკეში საკუთარ თავს კი არა, ვიღაც სხვას გავყურებ ნიშნის მოგებით. ძვირი იქნება, ჯობს თავი შევიკავო, - ვფიქრობ და გამყიდველს ფასს მაინც ვაზუსტებინებ.

- 50 ლარად მოგცემთ, წელს პირველი წელია, როცა საახალწლოდ ბრჭყვიალა არაფერი იყიდება; ამიტომ, ფაქტობრივად, გჩუქნით, - ღიმილით მპასუხობს გოგო…

გზად სახლისკენ ვფიქრობ: ღამე ბლოგს დავწერ, სადაც ვეცდები გავარკვიო, რა ხდება ჩვენ თავს? რატომ გადავწყვიტეთ სამშობლოსთვის სიკვდილი? დავწერ და ბრჭყვიალა ტანისამოსზე უარნათქვამ ადამიანებს მივუძღვნი. სათაური იქნება - „არა”.

იმავე საღამოს ავად ვხდები. ვწუხვარ, რომ აქციებს დავაკლდები. ასევე ვწუხვარ, რომ მონაწილეობას ვერ მივიღებ დიდი ხნით ადრე დაგეგმილ ჰანს პეტერ გრავერის წიგნის „უშიშარი მოსამართლეები, უსამართლო კანონები. ცამეტი ისტორია სამართლის გმირების შესახებ” ქართული თარგმანის წარდგენაზე და პანელურ დისკუსიაში, რომლის თემაა: „გვჭირდება (დღესაც) გმირები სასამართლოში?“. ორგანიზატორებთან შეთანხმებით, ნორვეგიელი მწერლის სახელზე წერილის გაგზავნას ვგეგმავ, რომელსაც დისკუსიის დროს, ჩემთვის განკუთვნილი დროის მონაკვეთში წაიკითხავენ.

უშიშარი ახალგაზრდები

უსამართლო რეჟიმი 

რა საერთო შეიძლება იყოს მწერალსა და მოსამართლეს შორის? მხატვრულ ლიტერატურასა და სამართალს შორის? ჩვენ წერისას გამუდმებით ვიტყუებით, ვიგონებთ, ვთხზავთ. იქ კი მყარი სიმართლე იძებნება და ფაქტია უზენაესი. მაგრამ იმისთვის, რომ მოსამართლემ საქმე შეაფასოს, მგრძნობელობაა საჭირო. საიდან ვიმუშავებთ მგრძნობელობის უნარს? საკმარისია თუ არა ოჯახში ან სკოლაში სიკეთეზე საუბარი იმისთვის, რომ უკეთესები ვიყოთ?        

არა! უკეთესად ქცევისთვის უპირველესად საჭიროა შოკის მიღება. ასეთი ეფექტის მოხდენა კი მხოლოდ ხელოვნებას, ლიტერატურას შეუძლია.

შეერთებულ შტატებში ვექილობა ყველაზე მოთხოვნად საქმედ სწორედ მაშინ იქცა, როდესაც ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას” დაისტამბა. წიგნმა მისი უნიკალური ზემოქმედების უნარით მთავარი იდეა გამოადნო: შეიძლება მარტომ იბრძოლო მთელი სისტემის წინააღმდეგ ერთი ადამიანისთვის.

ჰანს პეტერ გრავერის 13 ისტორიას სხვა დროს სხვანაირად წავიკითხავდი, მაგრამ დღეს თითქოს თვალს ვერ ვუსწორებ წიგნს; უფრო ზუსტად კი გამონაკლისი შემთხვევების ქრონიკას: რომ ნაცისტურ გერმანიაში ბევრი მოსამართლე ცდილობდა გესტაპოს უფლებამოსილებების შეზღუდვას; ზოგიერთმა მათგანმა საკონცენტრაციო ბანაკების მწამებელთა პასუხისგებაში მიცემაც კი სცადა. ან ეს, - ბრაზილიაში მოსამართლეებმა გაბედეს და გენერლებს დაუპირისპირდნენ; რუმინეთის მაგისტრანტი მოსამართლეები შეებრძოლნენ სახელისუფლებო ძალების მცდელობას - ჩაეხშოთ მოსამართლეების ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ… ვკითხულობ და მრცხვენია.

ჩვენი გაუსაძლისი დღეების განმავლობაში უცნობები თუ მეგობრები, ჟურნალისტები, პოეტები, მთარგმნელები, რეჟისორები, მსახიობები, დემონსტრაციებიდან თუ სახლებიდან გაიტაცეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ, დაამცირეს, საპატიმროებში ყოფნა მიუსაჯეს. ახალგაზრდები, რომელთაც გაზის ყუმბარები დამიზნებით ესროლეს, გაურკვეველი ნივთიერებით გაჟღინთეს და ქალაქის მთავარი პროსპექტიდან სხვა უბნებამდე სდიეს…

მოსამართლეს, სავარაუდოდ, სახეზე ეცნობა 18-19 წლის მოზარდები, ისინი აუდიტორიას ცნობილ ახალგაზრდულ ლიტერატურულ შოუში, „წიგნების თაროში” უნახავს. ალბათ ოდესღაც მოსამართლეც მოხიბლულა, რომ მოზარდს ბლიცში 1 წუთში 19 სწორი პასუხი შეიძლება ჰქონდეს; პასუხები შექსპირიდან - ჰარი პოტერამდე.

თავად მოსამართლეს კი ერთი სწორი პასუხიც არა აქვს…

სასამართლოში გმირებს არ ველოდებით.

ვიბრძვით თავგამეტებით.

ბატონო ჰანს,

უთხარით ყველას ქართველი ხალხის თავგანწირული ბრძოლის შესახებ.

პატივისცემით,

ნ.ნ.კ

ორგანიზატორმა მომწერა, რომ წერილმა დიდი ემოციური მუხტი შემოიტანა და მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები ააცრემლიანაო.

პროტესტის ტალღა არ იკლებს. აქციას ტელევიზორში, პირდაპირ ეთერში ვუყურებ. „ხელი გაუშვი, ჩემი შვილია,” - ყვირის დედა და სპეცრაზმელს მოზარდ შვილს ხელებიდან გლეჯს.

ცრემლები ჩამომდის და დედაჩემი მახსენდება. დედაჩემს უყვარდა ვიქტორ ცოი, ფიგურული სრიალის ტელე-ტრანსლირებები, მოდის ჟურნალები, მაცა და ძილის წინ მშრალკანიან ხელებზე კრემის გადასმა.

ჩემი და ჩემი დის ავადობის დროს დედა ლოგინს საგანგებოდ ასეთი შემთხვევებისთვის განკუთვნილი, მაქმანებიანი თეთრეულით გვირთავდა. სპეციალური სერვიზიც: ჭიქები, ლამბაქები, თეფშები, კოვზები, - ამ დროს გამოჰქონდა და საჩუქრებიც არ აყოვნებდა.

დედამ ყველაფერი შესანიშნავად იცოდა… და თუ ადამიანს ისე გაუმართლა, რომ უშიშარი მამაც ჰყავს, რომელიც დღის განმავლობაში ათჯერ გეტყვის, ლამაზი და ჭკვიანი ხარ; მისი კოცნა კი საერთოდაც უკვდავების გარანტიაა, - ნიშნავს, რომ ყველაზე თავდაჯერებული პრინცესა ხარ. მაგრამ ახლა ვფიქრობ, როდის იქცა ეს პრინცესა თერმოტანსაცმლიანი დემონსტრანტების ნაწილად? როდის?

იქნებ ჯერ კიდევ 9 წლის ასაკში, 1989 წელს, როცა საბჭოთა ჯარმა მშვიდობიანი დემონსტრანტები, ძირითადად ახალგაზრდა ქალები, თბილისის მთავარ პროსპექტზე სასტიკად დახოცა? იქნებ მოგვიანებით, როცა ქალაქში სამხედრო გადატრიალება დაიწყო?

სკოლების შენობებში გათბობა გაითიშა და აცივდა. ინგლისურზე, მეზობლად მდებარე სახლში, რეპეტიტორთან დავდიოდი. საკუთარ ბუნდოვან ყოფას, ეკერსლის ბესტსელერი სახელმძღვანელოს პროტაგონისტის, რესპექტაბელური მისტერ პრისტლის მყუდრო ცხოვრებას ვაფარებდით; იმ სახელმძღვანელოში იყო ლამაზი ბუხარიც და ხალიჩაც, კატაც და თუთიყუშიც. ბიფშტექსი და პუდინგი. იყო მისტერ პრისტლის ძმაც - სადაზღვევო კომპანიაში რომ მუშაობდა, და იქ იყვნენ მისტერ პრისტლის სტუდენტებიც.

იქნებ მაშინ, როცა აფხაზეთში ომი დაიწყო.

მალევე ომში მოკლული ნათლიაჩემის ორსული ცოლი და სამი წლის შვილი, ასევე მამას მეგობრის ცოლი და მათი ორი თინეიჯერი შვილი გამოექცნენ ალმოდებულ სოხუმს და ჩვენთან ჩამოვიდნენ.

პატარა სახლში ყველანი ერთად ვცხოვრობდით, - ჩვენ ოთხნი და ომს გამოქცეული ხუთი ადამიანი. ჯამში ცხრანი. მშვენივრად დავეტიეთ.

ამ დროისთვის 12 წლის ვიყავი. ისევ პრინცესა. უკვე სევდიანი.

დედაჩემი ფიქრობდა, რომ ომი დასრულდება და რაღაცნაირად გაგრძელდება ცხოვრება. ამ ფიქრებში იყო, როდესაც მისი ძმა, შელაპარაკებისას რუსმა ოფიცერმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მგონია, რომ წლების შემდეგ ახალგაზრდა დედაჩემი ძმაზე დარდს, ბებიაჩემი კი - ორი შვილის სიკვდილს გადაჰყვა.

ჩემი პრინცესობა კი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. ასე, მსოფლიო ზღაპრების შაბლონს სრულად ვესადაგებოდი, - უდედოს, მამის განსაკუთრებული ყურადღება და მხარდაჭერა მქონდა. მამიდამ და დამ ჩემზე მზრუნველობის როლები გაინაწილეს.

მერე პირადობის მოწმობები და ეროვნული ვალუტა გამოჩნდა.

კინოჟურნალისტიკაზე ჩავაბარე. მგონი, აქაც პრინცესად დავრჩი.

მერე ყველაფერი შეიცვალა.

სათქმელისთვის ფორმის მიცემის ალბათობაც გაჩნდა.

საკუთარი რესურსით, სტუდენტურ ფილმებს ვიღებდით.

ფესტივალებს ვაკეთებდით.

ბევრს ვმოგზაურობდი.

ბევრს ვკითხულობდი.

ვწერდი ჟურნალებისთვის.

ვწერდი წიგნებს.

2008 წლის აგვისტოს ომის დროს კი ოთხი თვის ორსული პრინცესა, შოკისაგან ცრუ მშობიარობის ტკივილებით დღის განმავლობაში ორჯერ მივდიოდი სამშობიაროში, მერე უკან სახლში…

მტრის სახელის ცოდნას დიდი ეშმაკობა არ სჭირდება…

ის, რაც ჩემი მშობლებისთვის ტკივილი იყო, ჩემთვის სიძულვილად იქცა. ვერც ერთხელ ვერ შევძელი ამ სიძულვილზე მაღლა დადგომა. წიგნები და ფილმები ვერ დამეხმარა. მგონი, ამის დაძლევის დრო და ფუფუნება არც გვქონია. ახლა კი ჩვევაა.

ცხადია, ზემოთ ხსენებულ წლებში სხვა ადამიანებმა ისეთი ტკივილი გამოცადეს, ჩემი ამბავი მხოლოდ სევდიან სიმღერას ჰგავს.

მაგრამ ეს სიმღერები არ ყოფილა. ავად ყოფნა იყო. ავადმყოფობა, რომელიც გაიძულებს ცნობიერიდან გამუდმებით განდევნო, ყველაფერი, რაც იმ დროს უკავშირდება, რადგან ეს ყველაფერი ტკივილის და ტრაგედიების აქსესუარებია; რადგან უკვე ბევრი მკვდარია და ყველას სიკვდილში ერთი მტრის ხელი ურევია.

ტემპერატურა იკლებს. უკეთ ვარ. რატომ გადავწყვიტეთ სამშობლოსთვის სიკვდილი?... ბლოგს ვწერ:

არა!

პატრიოტიზმის იდეა ყოველთვის აქტიური ფერმენტი იყო საქართველოს თავგადასავალში. ზოგჯერ ყალბ იერს იძენდა, ზოგჯერ აქტუალობას კარგავდა, საფრთხე ემუქრებოდა, - მაგრამ იყო.

დადასტურებულად არავინ იცის, რა განსაზღვრავს სამშობლოს სიყვარულს: სისხლიანი ისტორია; წამებული წინაპრების ამბები; ახლო წარსულის დამოუკიდებლობის ქრონიკა; უახლესი ომების ტკივილი; ბავშვობის მოგონებები; დიდი ოჯახების მოცემულობა; პოეზია; გასტრონომია თუ რაღაც სხვა. იქნებ აქედან ერთი, არცერთი, ან საერთოდაც ყველაფერი ერთად…

ფაქტია, რომ ინტერნეტით გამოკვებილი, თანამედროვე გამოწვევებით ტრავმირებული, იაფ მუშახელად ქცეული, ზოგჯერ უმიზეზოდ გახარებული, მუსიკალურ ფესტივალებზე სხვისი სამაჯურებით შეპარული, ლამაზი და ფერმკრთალი მოზარდებისთვისაც ეს სიყვარული ისეთივე მტკიცე აღმოჩნდა, როგორც სხვა, გულანთებული ბრძოლების დროს იყო.

ჩვენი დამოუკიდებლობის ტოლი გამოცდილება, როცა საზოგადოება თავად აგროვებს საჭირო თანხას: ონკოპაციენტებისთვის; უსახლკაროდ დარჩენილებისთვის; მოსავალგანადგურებული მოხუცისთვის; უკრაინელებისთვის… საზოგადოება, რომელიც მისთვის უცნობ მოზარდებს ინტერნეტს უზიარებს; საკუთარი შვილის გამონაცვალ ტანისამოსს სხვას უნაწილებს და მეზობლის ბავშვს ინგლისურში უფასოდ ამეცადინებს. ემიგრაციით სეპარირებული საზოგადოება, რომელიც ერთ შემთხვევაში, შვილის მონატრებას, და პირიქით - დედის გარეშე ცხოვრებას მიეჩვია, ცხადია, საჭიროების ჟამს თვითორგანიზების საკვირველ უნარს გამოავლენს. და ასეცაა. განრისხებული, თვითგამოცხადებული ხელისუფლება აქციების ორგანიზატორს ეძებს. ეძებს ყველა საშუალებით და ვერ პოულობს. რადგან ორგანიზატორი არაა. საზოგადოება ლიდერის და ოპოზიციური პარტიების გარეშე ორგანიზდება და მტკიცე და ჯიუტი „არა” პროტესტის საწვავია.

ისეა, თითქოს, საზოგადოება კი არ გაწვრთნა ეპოქამ, თავად ეპოქა გაწვრთნა თვითორგანიზების რეფლექსიამ.

თერმოტანსაცმლიანი დემონსტრანტები დღეს ამბობენ, რომ არც ბევრი ფული აქვთ, არც ქონება… რომ დასაკარგი მხოლოდ მომავალია და ამიტომ არ დაიხევენ უკან.

ისინი არავის არაფერზე შეთანხმებიან!

ისინი ყელში სწვდნენ ბედისწერას!

მათ სიცოცხლის განაჩენი გამოუტანეს სამშობლოს.

ესაა მკაფიო და ჭრილობასავით მართალი არა.

ეს შემართება აჩუმებს იდეოლოგიას და პროპაგანდას; ნაძირალათა ბრბოს და პოპულისტებს…

ეს თავისუფლების რთველია. 

25 იანვარი, 2025.

______________________________

პუბლიკაცია მომზადებულია პოლონური ონლაინ პლატფორმისთვის KULTURA ENTER

"KULTURA ENTER" 2025/03 nr 115 (GRUZJA)

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა