გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
გიორგი ჭკადუა გამოსვლა აქცია პროტესტი საპროტესტო გამოსვლა რუსთაველი თბილისი პარლამენტი

გამოსვლა | გიორგი ჭკადუა

17.12.2024
ბერლინი

მეგობარმა რამდენიმე დღით ბერლინში ჩამომაკითხა. დიდი ხნით ადრე გვქონდა დაგეგმილი. მომავალში თუ გვექნება კიდევ ამის შანსი, აღარ ვიცით. სიარულით ვღლით უმოქმედობის განცდას. დავდივართ დახლებს ირგვლივ. წითელი და თეთრი ნათურები, მოხალული წაბლი, ცხელი შოკოლადი.

ერთმანეთს მოსახვევებში ვეჯახებით. ორივეს თვალი გვიშტერდება სიარულისას. ქვედა ქუთუთოები ისე გვიცახცახებს, როგორც სიზმრის ნახვისას, როცა გონება სულ სხვა რამეს ხედავს, თვალები - სხვას.

- როგორ გამოვაღწიეთ, არ ვიცი, მართლა. გაგუდვა უნდოდათ ჩვენი. 
ტროტუარზე ჭყლეტაში ვიდექით და მაგ დროს გვესროდნენ ცრემლსადენ გაზს. გარშემო და ჩვენს შორის ეცემოდა უწყვეტად.
სუნთქვა, ხედვა, ყველაფერი შეუძლებელი იყო და არ ჩერდებოდნენ, წინ გვიგდებდნენ გაზს, სანამ გავრბოდით ყველა ერთად.
მერე ვიღაც ბიჭმა შეანგრია რუსთაველის თეატრის ვიტრინა სქროლით და მანდ შევცვივდით. მე ნამსხვევებზე დავეცი და ხელები დამესერა.
ეგ რომ არ ექნა იმ ბიჭს, ვერ გავაღწევდით.
- ახლა სად ხართ?
- ალექსანდრეს ბაღში და ვცდილობ, როგორმე სახლში წავიდე.

დავდივარ ჩემს მეგობართან ერთად საშობაო სოფელში და გონება ჩემი სტუდენტის მოთხრობილ ამ სურათს ხედავს.

რამდენიმე დღის განმავლობაში ყველა მედიის პირდაპირი ეთერი მაქვს ჩართული. დარბევის დროს რუსთაველის ყველა კუთხეში ვარ და თან არსად ვარ. არყოფნა ანუ შორს ყოფნა არის ძალიან მძიმე. 

„არ ირბინოთ - ვუყვირი ეკრანს. მარტო მე მესმის საკუთარი ხმა. მერე მხოლოდ გულში ვნატრობ, არავინ გაიჭყლიტოს. ფიქრის უნარს ვკარგავ. გონებაში 10 „არავინ გაიჭყლიტოს“ და 17 გასროლის ხმას ვთვლი. მჯობნის გასროლილი ცრემლსადენის რაოდენობა.

„პარლამენტს ცეცხლი უკიდია! კბილებამდე შეიარაღებული რობოკოპები მოდიან და გადაგივლიან ახლა მანდ სუყველას, იცოდე! - მიყვირის დედაჩემი ტელეფონში, ერთ-ერთ ბოლო დარბევაზე, - იცოდე, შვილო, გაიჭყლიტები, ჩაგჩეხავენ, წამოდი“, - მევედრება. 

ეს გაზაფხულის აქციებიდან ერთ-ერთზე ხდება. ვიყურები ირგვლივ. ვათვალიერებ გარემოს. რობოკოპები მართლა მოიწევენ და აპირებენ დარბევის დაწყებას, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება ისეთი საგანგაშო, დედაჩემის განწირულ კივილს რომ იწვევდეს. 

მივხვდი: დედა უყურებს პირდაპირ სატელევიზიო ეთერს, სადაც მე ვეგულები დარბევაში მოყოლილი და მევედრება წამოსვლას, ოღონდ, იმ სიტყვებით, რომელიც სინამდვილეში აღწერს წარსულს - ძველ დარბევას, რაც თვითონ გამოუვლია და ახლა ნანახმა აღუდგინა და გაუმწვავა.

წარსულის ტრაგედიებსა და ტრავმებს საქართველოს მოსახლეობაზე ზეწოლისთვის მუდმივად იყენებდნენ მიზანმიმართულად. 

ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამაც“ გააგრძელა ეს გზა - გამოიყენა ყველა მიმართულების ზეწოლა, რაც ქართველებს განუცდიათ, გაუცოცხლა ყველა ის შიში, რაც საზოგადოების მეხსიერებაშია, მათ შორის - ორ ბანაკად გახლეჩა და მტრად წაკიდება, მოწინააღმდეგის დემონიზება და ამ საქმეში რელიგიური და ეროვნული სიმბოლოების გამოყენება, მშვიდობიან ადამიანებზე დემონსტრაციული სისასტიკე და ძალადობა, რომ თითოეულმა ინდივიდმა იგრძნოს უსამართლობისგან მოგვრილი ბრაზი კი არა -- სასოწარკვეთა და შიში; და რეჟიმის პირისპირ დარჩენილმა იგრძნოს მარტოობა.

ამ დროს კარგია იცოდე, რომ ეს მეთოდები მოქალაქეთა შორის ქმედების გამომწვევი ბრაზის ჩასაწნეხად სტანდარტულია ყველგან, სადაც ერთპიროვნული მმართველობაა და ჩვენი საზოგადოების მეხსიერების ნაწილიცაა. საპატრიარქო იყო სახელმწიფო მმართველობის ერთ-ერთი ორგანო იმპერიულ რუსეთში და ის ემორჩილებოდა იმპერატორს. რწმენას, რომ საბოლოო სამართალს ღმერთი საიქიო ცხოვრებაში აღასრულებს, იმპერია იყენებდა აწმყოში გლეხების ინერტულობის შესანარჩუნებლად. თუ გლეხს გაუჩნდებოდა პროტესტის შეგრძნება იმის გაცნობიერების მერე, რომ ფეოდალი მას ეპყრობა სასტიკად, ცხოვრობს ფუფუნებასა და უდარდელობაში, ეს პროტესტის გრძნობა უნდა დაეცხროთ იმედით, რომ ფეოდალს განაჩენს სიკვდილის შემდეგ ღმერთი გამოუტანდა. 

ანდა, მეთოდი იყო საჯარო პოლიტიკური სივრცის არარსებობა - საბჭოთა ტოტალიტარულ მმართველობას მხოლოდ ამყარებდა მისი ეს თანმდევი ფორმა - საჯარო სივრცის გაუქმება, როცა საბჭოთა ადამიანს მხოლოდ ის ევალებოდა, მიეხედა საკუთარი პროფესიული საქმიანობისთვის, პოლიტიკას კი მიხედავდა პარტია. ჰანა არენდტის ცნებები რომ გამოვიყენოთ, ასეთი ადამიანი არ არის აქტიური მოქალაქე, ის ჩაკეტილია საკუთარ გონებაში.

დღეს სამთავრობო პროპაგანდა ასი ათას მომიტინგეზე მეტს უწოდებს მოძალადეთა ჯგუფს, რომლებიც ისვრიან მოლოტოვებს, აბუჩად იგდებენ სამართალდამცავებს, არიან აგრესიულები და შეცდომაში შეყვანილნი. ამავდროულად, მოუწოდებს მათ დაფიქრებისა და დამშვიდებისკენ. ესაა მცდელობა, შეიქმნას ილუზორული რეალობა, სადაც ამბის მთხრობელი არის პარტია. 

თუმცა დაპატიმრებული და ნაცემი ისევ ბრუნდებიან ქუჩებში და დანარჩენებთან ერთად აგრძელებენ მშვიდობიან პროტესტს. ამ რეალობის ფალსიფიკაცია ძალიან რთულია.

პროპაგანდის ინსტრუმენტად გადაქცეული ინსტიტუციები დისბალანსში არიან. როგორ შეიძლება, მკაფიოდ არ თქვას არაფერი ხალხის წამებაზე, ხოლო ჩინეთიდან გამოწერილ ხის ნაჭერზე ცალკე განცხადება გააკეთოს მთავარმა სასულიერო ინსტიტუტმა? როგორ შეიძლება, ამ ინსტიტუტში მოღვაწე ხალხმა არ იცოდეს, რომ ის ფიგურა იმ ხის ნაჭერზე ვერაფრით იქნებოდა ქრისტე? 

ბზარები, რომლებიც რეჟიმის მიერ შექმნილ სიმბოლოებს უჩნდება, წარმოქმნის ახალ შეთანხმებებს საზოგადოებაში და ამაგრებს ახალ შინაარსს, რომლითაც ივსება სამოქალაქო ნაციონალიზმის ფორმა. საქართველოს ისტორია მეთვრამეტე საუკუნიდან მოყოლებული მრავალგვარი მარცხითაა სავსე. ეს მარცხი მოიცავს უცხო მტრის წინააღმდეგ ბრძოლასაც, სამოქალაქო ომსაც, გაფანტულ აჯანყებებს, იმედგაცრუებას ერთმანეთით, უბედობით და სამშობლოთიც. განადგურების მუდმივმა შიშმა ჩვენი მშობლები, საბოლოოდ, უტეხ კლდეებად აქცია, გაუმაგრა გამძლეობა, ამტანობა, რომ გადარჩენილიყვნენ. თუმცა ამავე შიშმა მათი ემპათიის რადიუსი ძალიან შეამცირა. ზუსტად ისე, როგორც ჯარში ხდება, როდესაც დამარცხება გადაწყვეტილია და თითოეული ჯარისკაცი სახლისკენ მიიჩქარის, რადგან საზრუნავი საკუთარი ოჯახიღა რჩებათ. ერი-სახელმწიფო კი ეროვნულ სოლიდარობაზე დგას, რასაც ემპათიის სიფართოვე სჭირდება. თუ ერთი ადამიანი მაინც უსამართლოდ რჩება ციხეში, ქვეყნის ვერც ერთი მოქალაქე ვერ იქნება თავისუფალი.

3 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელთან რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ გვიან ღამით ერთი ქალი მივიდა. რაიონიდან ჩამოვიდა. უნახავს, რომ ახლა შესაძლებელია, ხალხის ხმა გაჟღერდეს პირველ არხზე და აინტერესებდა, სად შეიძლებოდა საკუთარ პრობლემებზე ესაუბრა. 

იქამდე, 26 სექტემბერს, თბილისში ჩასულმა შუქრუთელმა მუშებმა, რამდენიმეკვირიანი შიმშილობისა და პროტესტის შემდეგ, მარში მოაწყვეს საზოგადოებრივი მაუწყებლისკენ, რადგან მათ ამბავს არავინ აშუქებდა. 

აშკარაა, რომ ერთმანეთისგან მოვითხოვთ მეტ სოლიდარობას და გვჭირდება მეტი კავშირი და კონტაქტი ერთმანეთთან. ეს სურვილი ცხადყოფს ჩვენს მისწრაფებას, რომ ჩვენ გვინდა, სამშობლო გამოვიდეს მხოლოდ ეთნო-რელიგიური ჭრილიდან, რომ სამშობლო არ არის მხოლოდ მიწა, მხოლოდ რწმენა ან თუნდაც მხოლოდ ისტორია, სამშობლო არის აწმყოში. სამშობლოა ერთმანეთზე მზრუნველი ხალხი ახლა.

„ჩემი ძმა მიყვებოდა ბავშვობაში გამოცანად: 
მოსემ მონები ძაააან ბევრი წელი ატარაო,
და რატოო, ვერ ვხვდებოდი. 
მერე ამიხსნა, რო ყველაზე მაგარი ის თაობაა, რომელსაც მონობა არ გამოუვლია 
და არ შეეგუება“, - მწერს ჩემი მეორე სტუდენტი.

ერი, როგორც დიდი ჯგუფი, რომელშიც ადამიანები ერთმანეთს პირადად არ იცნობენ, მაგრამ მაინც ერთობის განცდა აქვთ, საერთო ისტორიით, ბრძოლითა და ტკივილით იკვრება. აწმყოში ბრძოლისას ჩვენ გამოვიხმობთ წარსულის სახეებს, მისაბაძ ფიგურებს, რომლებიც ყველასთვის საერთოა. ეს საერთო მახსოვრობა ჩვენი იდენტობის ნაწილია. თუმცა, ხშირად განზე გვრჩება ის, რომ მეხსიერების ბუნებრივი მახასიათებელია დავიწყებაც. შემდეგ თაობას გადაეცემა მხოლოდ ნაწილი წარსულისა. 9 აპრილი ამ ფაქტის შემსწრეთათვის დიდი ტრაგედიაცაა და დიდი ტკივილიც. შემდეგი თაობებისთვის კი ეს გამარჯვებისა და დამოუკიდებლობის სიმბოლოა, რომელშიც ტრაგედიის გლოვის შეგრძნება უფრო და უფრო ცხრება. დამოუკიდებლობის გზა, როგორც დაბადების გზა, როგორც თავისუფლების გზა, მონობიდან გამოსვლის უწყვეტი პროცესია. ჩემი შემდეგი თაობის ფიქრი - ვინც ახლა არიან სტუდენტები - მუდმივი თვითგადარჩენისთვის ზრუნვა არ არის, მათი ფიქრი უკეთეს ქვეყანაში ცხოვრებაა. 

ასევეა ჩემთვისაც. ასევეა ჩემი მშობლებისთვისაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. თუმცა ასეთი თაობათაშორისი კავშირი ეროვნულ ფართობზე არ გვაქვს. თაობებს შორის კავშირის მაგივრად ვიღებთ მუდმივ დაპირისპირებებს ოჯახებში და შემდეგ ვათარიღებთ „მამათა და შვილთა ბრძოლებს“. გამოცდილებით გადმოგვეცემა მხოლოდ დაპირისპირება. შესაბამისად, კავშირები ჩვენი შესაქმნელი ხდება. მე ამ კავშირებს ახლა დემონსტრაციებზე ვხედავ. ადამიანები უყურებენ მსვლელობების ჩამონათვალს, ეძებენ ჯგუფს, რომელსაც მიაკუთვნებენ თავს და გამოხატავენ საკუთარ ხმას ამ ჯგუფთან ერთად. ეს მომენტი უნდა დავაფასოთ და შევაფასოთ, რადგან სწორედ ეს პროცესი არის სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების წინაპირობა. ასეთ საზოგადოებაში ადამიანი არ რჩება მარტო. თუ ადამიანი მარტო არ არის, მისი დაჩაგვრა შეუძლებელია. თუ ადამიანს მარტო დარჩენის არ ეშინია, მას არაფრის ეშინია.

მეტიც, ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანები ვერ პოულობენ ჩამონათვალში იმ ჯგუფს, ვისთან ერთადაც სურთ ყოფნა. თუმცა, ეს კი არ აბრკოლებს პროცესს, არამედ ავითარებს, რადგან ჩნდება ინდივიდუალური ინიციატივები, ახალი კავშირები. ეს კავშირები არაა მხოლოდ პროფესიული და სოციალური ნიშნით შექმნილი, არამედ საერთო პრობლემებით, გამოწვევებით, გამოცდილებითა და ამაზე დაფუძნებული საერთო მიზნებით.

მასწავლებლების მარშზე გასვლას ვერ ვრისკავ, დედების მარშზე გავალ, ამაზე ვინ რა უნდა მითხრას?“

ასეთი მრავალმხრივი კავშირი დიდი საფრთხეა ავტორიტარული რეჟიმისთვის. სწორედ ახლა, პროპაგანდისტულმა სამთავრობო მედიამ დადო პოსტი იმის შესახებ, რომ სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას ერთი და იგივე მომიტინგე ჯერ იყო PR მენეჯერების მარშზე, შემდეგ კი საფეხბურთო ფანების მარშზე. „პროფესიით მარშელი“ - ასეთი სათაური აქვს ამ პოსტს. რეჟიმი ცდილობს საზოგადოების გაერთგვაროვნებას, ნებისმიერი მოქალაქის საერთო მტრის ხაზში მოქცევას. არადა, ქართული საზოგადოება უკვე მრავალი დღეა, აჩვენებს, რომ ერთობა ნიშნავს განსხვავებულთა კავშირს და არა დამსგავსების მცდელობას. ევროკავშირიც ასეთივე ერთობაა და მისი დემონიზებისთვის „ქართული ოცნება“ ზუსტად იმავე ხერხს იყენებს. პროპაგანდა მოსახლეობას ატყუებს, რომ ევროპა ცდილობს, დაგვიმგვანოს, ანუ წაგვართვას ჩვენი მახასიათებლები, ანუ ცდილობს ჩვენს გადაგვარებას. საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე ეს სტრესულად მოქმედებს და აღძრავს შიშს დასავლეთისადმი. 

თუმცა, ეს შიში არავალიდური გახდა მაშინ, როდესაც მთავრობამ მიკროავტობუსებს სავარძლები მოაძრო და ყველა თვალისგან დაფარული საწამებელი სივრცე შექმნა. ამ ინფორმაციამ მიაღწია უმრავლესობამდე. საქართველოს 37 სხვადასხვა ადგილას მოეწყო საპროტესტო მანიფესტაცია.

საქართველო გამოვიდა. 

1924 წლის აჯანყებაზე მუშაობისას ინგლისურად ვერ ვთარგმნიდი ქართველი შეთქმულების დიალოგს, რადგან აჯანყების სინონიმად მუდმივად იყენებდნენ „გამოსვლას“. ხალხის გამოსვლა და ხალხის აჯანყება იმდროინდელ ქართულ პოლიტიკურ ლექსიკონში სინონიმებად გვხვდება. სად გამოვიდა ხალხი? - მეკითხებოდა უცხოელი მკვლევარი, -  საიდან გამოვიდა? ბოლოს ვეცადე, ამეხსნა, რომ გამოსვლა ნიშნავს არსებული რეალობის წინააღმდეგ ბრძოლას, რაც სინონიმია აჯანყების. იმ ფეოდალურ, იმპერიალისტურ და შემდეგ ტოტალიტარულ სამყაროში, სადაც ქართველმა ხალხმა ბოლო საუკუნეები იცხოვრა, ინდივიდს არ ჰქონდა პროტესტის უფლება. პროტესტი ნიშნავდა საპირისპირო მხრიდან ძალადობას - ან როზგს, ან ტყვიას. შესაბამისად, პროტესტი პირდაპირი მნიშვნელობით იყო ჯანყიც, დემონსტრაციულად ქუჩებში გამოსვლა - აჯანყება. დღეს გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. სინონიმებს შორის პირდაპირი კავშირი სამართლებრივმა ბიუროკრატიამ გააქრო. თუმცა, სიმბოლური კავშირი ჯერ კიდევ არსებობს. ქართველი მოქალაქეები ნელ-ნელა რწმუნდებიან, რომ მათი ხმა, პროტესტი და გამოსვლა არის მთავარი იარაღი სახელმწიფოს ტრაექტორიის განსაზღვრისთვის. მთავარია, ეს გახდეს ჩვევაც. მთავარია, გვახსოვდეს, რომ მოქალაქეს ემსახურება სახელმწიფო და თუ სხვანაირად არის, ესე იგი, რაღაც შესაცვლელია.

თუკი ქართველმა მოქალაქეებმა იგრძნეს საკუთარი ძალა, ეს მათ არასდროს დაავიწყდებათ. ეს იცის თვითგამოცხადებულმა მთავრობამაც. სწორედ ამიტომ პროპაგანდა ჩვენი ისტორიული ტრავმებით თამაშობს. ხშირად მეშინია მეც.

შიშს ასე ვუმკლავდები: 

არსებობს მითოლოგიური ღმერთი, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი აბჯარი აქვს (თუ სწორად მახსოვს), ამ აბჯარს სიმძლავრეს კი მისი მატერია აძლევს. პატრონი თავისივე ცრემლებს აგროვებს და ამ ცრემლით ქსოვს საკუთარ აბჯარს. 

ძალიან რთულია, თითო ცრემლის აღება და აბჯრად აცმა. მაგრამ თან ამ აბჯარზე საიმედო არაფერია და ღირს შრომად. ანუ ხელი კი არ უნდა გაისვა ლოყაზე და ცრემლი მოიწმინდო, ყელი ჩახველებით კი არ უნდა ჩაიწმინდო და ჩუმად განაგრძო ცხოვრება; არამედ თითო-თითოდ აგროვო ის, რაზეც ცრემლი წაგსკდა, შეხედო, დააკვირდე, მოუნახო ადგილი და ჩაიკერო აბჯარში.

მაშინაც კი, როცა ადამიანი სიჩუმეს ირჩევს, დიდხანს ვერ ძლებს, რადგან წყვდიად სიჩუმეში საკუთარი გულის ფეთქვა არ აძლევს მოსვენებას. დაფდაფია ყველას სულში. ეს დაფდაფი ისმის არა მხოლოდ აწმყოში, არამედ დროითი ხაზის გასწვრივაც - იმავდროულად წარსულის ამბები მოაქვს. 

რუსეთის იმპერიული ჩაგვრის წინააღმდეგ გამართულ ერთ-ერთ პირველ დემონსტრაციაზე, ალექსანდრეს ბაღის კუთხეში არაქელა ოქუაშვილი კომბალზე დაყრდნობილი იდგა და ნიშანს ელოდებოდა. მალულად დაგეგმილი დემონსტრაციის შესახებ იცოდა რუსულმა მილიციამ. გაისმა ნიშანიც. შეიყარნენ დემონსტრანტები და გამოცვივდნენ მილიციელებიც. იარაღით მორბოდა მილიციელი არაქელასკენ. არაქელას დროშა უნდა გაეშალა, მაგრამ რამდენიმე წამით შეყოვნდა. და იმ წამს გაიგო თანამებრძოლის ხმა: შენ თუ არ შეგიძლია, არაქელ, მომეცი და მე გავშლი მაგ დროშასო. არაქელამ გული გაიმაგრა და ბაირაღი ასწია.

- ახლა სად ხართ?
- ალექსანდრეს ბაღში.
- ჯერ ვერ, მაგრამ მალე ჩამოვალ.

ფოტო: გიორგი ტყემალაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა