„თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე“ | გიორგი ჭკადუა
და არც ეს ტექსტი არსებობს
„ძირს ძველი ღმერთები, ახალნი ვიწამოთ!”
მარო მაყაშვილის ამ შეძახილს ვიხსენებ ხოლმე, როცა მომავლის იმედი ცხოვრებაში ყველაზე მეტად მჭირდება.
დიდი ხანია, მაქვს შეგრძნება, თითქოს დაწერილ წიგნში ვცხოვრობდეთ. ეს წიგნიც ყველას წაკითხული გვაქვს და რატომღაც გვგონია, რომ ფაბულა არ შეიცვლება, ყველაფერი ისევ ისე მოხდება - თავისით, ჩვენი ჩართულობის მიუხედავად.
ძველი ღმერთია დღეს დამარცხებასთან მიჩვევა. ძველი კერპი კი უმომავლობის რწმენა.
თუმცა წარსულის განჯადოება და ძველი კერპის დანგრევა მხოლოდ ჟინითა და სურვილით არ გამოდის. მეტი ხერხი, იარაღი და გეგმა გჭირდება. გეგმას ყველა თავისით ადგენს, თუმცა სანამ სტრატეგიას დასახავ, ჯერ რეალობა უნდა აღწერო, დაახასიათო და შემდეგ მოუფიქრო გასაღები. ეს, ერთი შეხედვით, პასიური მდგომარეობა სინამდვილეში წყალგამყოფი წერტილია, რადგან სწორედ რეალობის დახასიათების მცდელობიდან იწყება წინააღმდეგობა. ძალაუფლების მქონე პირიც პირველად ამას ერჩის - მისი ძალისხმევა ხმარდება სწორედ რეალობის დამალვას, დაბნევას, საკუთარი ალგორითმის შექმნას, რომელშიც ყველა დაიწყებს ცხოვრებას.
კიდევ ერთხელ ვუყურებ 20 ოქტომბრის აქციის კადრებს და პარალელურად ეკრანიდან მესმის ხმა, რომ ეს ზღვა ხალხი არ არსებობს. „თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე, თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე, თავისუფლების მოედანი არ იყო სავსე“. მმართველი პარტია ცდილობს, შექმნას პარალელური რეალობა და ამ რეალობაში აცხოვროს მოსახლეობა. ეს რეალობა კი სპონტანურად მოფიქრებული ნამდვილად არ არის.
რეჟიმის ქმედების მახასიათებლები ნელ-ნელა მასთან დაპირისპირების იარაღად იწრთობა. ერთ-ერთ პირველ შტრიხებს/ ნიშნებს კი თვეების წინ „რუსული კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების პასუხში ვხედავ. „ქართულმა ოცნებამ“ 22 აპრილს გამოაქვეყნა პოსტი და გრანდიოზული აქცია დააანონსა. ეს იყო აქცია, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ „რუსული კანონის“ საპროტესტო ტალღაზე გაცილებით მასშტაბური ძალის მობილიზება მმართველ პარტიას შეეძლო. ანუ 29 აპრილის აქციასაც უნდა ეჩვენებინა იგივე, რაც ამ აქციას, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, 23 ოქტომბერს გამართულს - რომ, პროტესტი „ოცნების” პოლიტიკის მიმართ უშედეგოა. მას ახლაც უნდა, დაგვარწმუნოს, თითქოს რეალობის კონტროლიც კი სისტემას ხელშია, ისევე, როგორც ამ რეალობის აღქმასა და დახასიათებაზე საბოლოო სიტყვის თქმა.
ახლა, როცა 23 ოქტომბრის აქციამაც ჩაიარა, მინდა, პროცესს მთლიანობაში დავუკვირდე პარტიის სტრატეგიის განმეორებადობის საჩვენებლად.
„რუსული კანონის“ ხელმეორედ ინიციირება პოლარიზაციისთვის ოფიციალური სახის მიცემისაკენ გადადგმული ნაბიჯი იყო. ხელისუფლება ცდილობდა, ორ ჯგუფად გაეყო საზოგადოება, სადაც ერთ მხარეს იქნებოდნენ „ჩვენები“ და მეორე მხარეს - „უცხოები“. „უცხოები“ ანუ მტრის ძალის ქვეშ მყოფი ხალხი. შესაბამისად, საჭირო იყო, იმთავითვე თქმულიყო „მკაფიოდ“, თუ რა ახასიათებს, რა სურს და რისკენ ისწრაფვის „ჩვენების“ ჯგუფი და რა ისეთ მახასიათებლებს ატარებს მტერი, ანუ „უცხო“ - რაც ხელს უშლის „ჩვენებს“, მიაღწიოს მიზანს.
რეალობის ასე სწორხაზოვნად დაყოფას ძალაუფლების მქონე პირი მხოლოდ მაშინ ცდილობს, როდესაც სურს, კონტროლი ტოტალური გახადოს, რადგან რეალობაში აღარაფერი არსებობს მის სასარგებლოდ. ამიტომ ალტერნატიული რეალობის შექმნას თავად მთავრობა ცდილობს. შესაბამისად, აწმყოს აღარ აქვს მნიშვნელობა. უკვე ჩემი გადასაწყვეტი ხდება, 20 ოქტომბერს თავისუფლების მოედანი სავსე იყო, თუ - არა. ამ გადაწყვეტილებაზე კი დამოკიდებულია ჩემი იდენტობა - მე ვარ „ჩვენიანი“, ანუ ვამბობ, რომ თავისუფლების მოედანი არ გავსებულა; თუ ვარ „უცხო“ და „ავისმოსურნე“, რადგან ვხედავ, რომ მოედანი სავსეა.
29 აპრილის საორგანიზაციო პოსტიც ზუსტად ამ გაყოფით იწყება:
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, უკვე ცხადია, რომ შარშანდლისგან განსხვავებით, წელს რადიკალურმა ოპოზიციამ შეცდომაში ჩვენი თანამოქალაქეების მხოლოდ მცირე ნაწილის შეყვანა შეძლო. პოლიტიკური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9,500 შეადგინა. აშკარაა, რომ კეზერაშვილის, ხაზარაძის და მდიდარი „ენჯეოების“ არაკეთილსინდისიერი დონორების მიერ რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებაში ჩადებულმა მრავალმილიონიანმა ინვესტიციამ არ გაამართლა. ქართული საზოგადოება უკვე იმდენად არის პოლიტიკურად მომწიფებული, რომ ვერავითარი ფულით მას შეცდომაში ვერ შეიყვან.“
მმართველი პარტიის მიერ აღწერილ რეალობაში „ჩვენების“ ჯგუფი პოლიტიკურად მომწიფებული ხალხისგან შედგება, რომლის ინტერესებსაც იცავს „ქართული ოცნება“; ხოლო მეორე მხარეს არიან „სხვები“ - მდიდრები და თვალთმაქცები.
გამოდის, რომ მმართველი პარტია თავს წარმოაჩენს ხალხის მსგავსად. უფრო სწორად, ხალხია პარტიის მსგავსი. ორივენი ერთნაირად პოლიტიკურად მომწიფებულნი არიან. შესაბამისად, ხალხმა უნდა დაიჯეროს პარტიის ისე, როგორც საკუთარი თავის - უნდა დაიჯეროს, რომ სავსე მოედანი ცარიელია.
მეორე მხარეს კი, „ოცნების“ განცხადების მიხედვით, ჯერ ოდიოზური ფიგურა [კეზერაშვილი] ჩანს, არეალის გაფართოების შემდეგ კი, რაღაც რაოდენობის „ენჯეოებიც“ ჩნდებიან. გამოდის, რომ „ოცნება“ „ენჯეოებს“ მიაწერს ყველა იმ მახასიათებელს, რომელიც ადამიანის გონებაში ჩნდება კეზერაშვილის წარმოდგენისას. შესაბამისად, კეზერაშვილი აღარ არის მხოლოდ ინდივიდი, ადამიანი, არამედ არის ფორმა, ნიშანი, რომელმაც უნდა გაგვიმძაფროს ასოციაციები. ასოციაციებსა და შეგრძნებებს კი მერე უკვე ჩვენით, ბუნებრივად გადავანაწილებთ მტრების ჩამონათვალის სხვა წევრებზე.
ტექსტი გრძელდება:
„სოციოლოგიური კვლევების თანახმად, დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 60 პროცენტს აჭარბებს, ხოლო ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ბარიერის გადალახვას ახერხებს, მხოლოდ 12-პროცენტიანი რეიტინგი აქვს. ამ ფონზე, პოლიტიკურად გაკოტრებული რადიკალური ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და ე.წ. პრეზიდენტი ხალხის სახელით გვესაუბრებიან, რაც ჩვენი მხარდამჭერების, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს.“
ვითვალისწინებთ ჩვენი მხარდამჭერების თხოვნას და მომავალ ორშაბათს, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ ვატარებთ საყოველთაო-სახალხო შეკრებას.
„ქართული ოცნების“ მიერ გამოქვეყნებული ტექსტის ეს ნაწილი ერთგვარი შემზადებაა. ნარატორს მოჰყავს სტატისტიკური მონაცემი, რომელიც არავინ იცის, რას ეფუძნება, მაგრამ ეს უმნიშვნელოა. მთავარია მიზანია, მსმენელის დარწმუნება, თითქოს, ნარატორმა ზუსტად იცის, რაზეც ლაპარაკობს, რადგან ფლობს რიცხვებს, ესე იგი - ლეგიტიმაციასაც. რიცხვების სიმრავლე მმართველ პარტიისკენაა. აქციაზე მოსვლით კი ხალხი თავად იტყვის, რიცხვები და რიცხვების უმრავლესობა თავადაა:
ამ აბზაცში მმართველი პარტია აცხადებს, რომ მხოლოდ მათ აქვთ ჭეშმარიტებაზე წვდომა. ეს სიტყვა [ჭეშმარიტება] მოიცავს, როგორც ტრადიციულ ეროვნულ ღირებულებებს, ასევე რელიგიურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ზოგად ღირებულებით და სხვა ყველანაირ ჭეშმარიტებას. შესაბამისად, იცვლება და საბოლოოდ ყალიბდება ორივე ჯგუფის მახასიათებელი.
მახასიათებლები: ქვეყნისა და პრინციპების ერთგული, მართალი მხარე.
მახასიათებლები: მდიდრები, თვალთმაქცები. დამოუკიდებლობისა და სუვერენული საქართველოს მოწინააღმდეგეები.
ორივე ჯგუფის წევრების პიროვნულობისგან დაცლა და განზოგადება ერთ-ერთი ხერხია იმისათვის, რომ ჯგუფებს შორის ზღვარი მოჩვენებითად იყოს მკაფიო, მაგრამ რეალურად მარტივი გახდეს ჯგუფებს შორის მიმოსვლა. ეს მიდგომა დიქტატორული რეჟიმების მნიშვნელოვანი მახასიათებელი და ძალაუფლების საყრდენია. მმართველი პარტიის თითოეულმა წევრმა იცის, ხვალ შეიძლება გახდეს „უცხო“, „სხვა“ და გადაწერონ მისი სახელი მტრების ჯგუფში. შესაბამისად, რაც უფრო „სასტიკი“ და „სახიფათო“ ხდება მტერი, მით უფრო მორჩილი და ერთგული ხდება რეჟიმის წარმომადგენელი. სწორედ ამიტომ ყველა მახასიათებელი, რომელიც მიუღებელი შეიძლება იყოს ქართველისთვის, აბსოლუტურად ყველა, უნდა მიეწეროს მტერს, სხვას, უცხოს.
ეს ხერხი და მთლიანად ეს სისტემა ძალიან ნაცნობია ჩვენთვის.
საბჭოთა რეჟიმი ფაქტების რეინტერპრეტაციას ხშირად მიმართავდა თავისივე ჩადენილი დანაშაულების გასამართლებლად. მაგალითად, საქართველოს გასაბჭოების დღე 1922 წლიდანვე აღინიშნებოდა, როგორც ქართველი ხალხის გამარჯვება ბოროტ იმპერიალისტურ ძალებზე. იმართებოდა სახალხო ზეიმი, სადაც წითელი არმია წარმოჩენილი იყო, როგორც გამათავისუფლებელი, მოძმე ჯარი, რომელმაც ქართველი ხალხი დაიხსნა დასავლეთისგან. ხოლო ის „აგენტები“, რომლებიც გასაბჭოებას ოკუპაციას ეძახდნენ, ხალხის მტრებად გამოცხადდნენ. 1937 წლის რეპრესიების დროს, მოსკოვში იმართებოდა ქართული კულტურის კვირეული, აღინიშნა ილია ჭავჭავაძის იუბილე, შესრულდა პოლიფონიური სიმღერები მზიანი საქართველოს შესახებ. შესაბამისად, თითქოს, აქაც ორი არჩევანი გქონდა, ან დაჰყვებოდი პროპაგანდას და შეუერთდებოდი ზეიმს, ან ხალხის მტრად გამოცხადდებოდი.
ეს ტოტალიტარული რეჟიმების პრაქტიკაა, არჩევანი მინიმუმ ორამდე დაიყვანოს, სინამდვილეში კი გაცხოვროს უარჩევნოდ - მხოლოდ ერთ რეალობაში. ალგორითმი რეჟიმიდან რეჟიმს გადაეცემა მაშინაც კი, როცა გვარწმუნებენ, რომ იდეურად სხვადასხვა მხარეს დგანან.
„უფლისწულები და ბოიარები [რუსი ფეოდალები], რომლებსაც აქვთ დიდძალი სიმდიდრე, არ აღელვებთ, არც მეფე, არც სამეფო, არც მართლმადიდებლობა; უარს ამბობენ დაიცვან ქრისტიანობა ყირიმელებისგან, ლივონიელებისგან და გერმანელებისგან, ძალადობენ ხალხზე. სწორედ მათ გამო დიდი ცარი საკუთარ სამეფოსა და მოსკოვს ტოვებს. ის არ ბრაზობს არც ნამდვილ ქრისტიანებზე, არც მოსკოვის მოსახლეობაზე, შესაბამისად, არ აპირებს თქვენს დასჯას. ხოლო ვინც ნამდვილი ქრისტიანები ხართ, არ გაქვთ კავშირი უფლისწულებთან და ფეოდალებთან, გაქვთ სურვილი, ემსახუროთ ცარს, მბრძანებელი ოპრიჩნინაში გიბარებთ, რათა შეუერთდეთ ოპრიჩნიკებს“.
- ეპიზოდი სტალინის დაკვეთით და ეიზენშტეინის რეჟისორობით გადაღებული ფილმიდან „ივანე მრისხანე“. ფილმის ამ ნაწილში ივანე მრისხანე მოსახლეობას მოუხმობს, ცარის აბსოლუტურ ხელისუფლებას დაუჭირონ მხარი. ამ განცხადებით ივანე IV ქმნის სადამსჯელო პოლიციას, „ოპრიჩნინას“, რომელიც, მარტივად რომ დავახასიათოთ, საბჭოური ჩეკას შორეული წინაპარია.
ივანე მრისხანე ყველას, ვინც მის მხარეს არ არის, აცხადებს მტრად. მტრები, ღარიბი რუსი მოსახლეობისგან განსხვავებით, არიან მდიდრები. ისინი სახელმწიფოებრივად არ აზროვნებენ, პატივს არ სცემენ რელიგიასა და ტრადიციებს. ცხადია, მტრების სიაში ფილმში გერმანია ხელოვნურადაა ჩამატებული, როგორც საბჭოთა კავშირის მთავარი მტერი ფილმის ეკრანიზაციისას - 1944 წელს. ხოლო მართლმადიდებლობა და რელიგია, როგორც ნუგეში და რწმენა, რომ საიქიოში ცხოვრებას აუცილებლად გააგრძელებ, მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეში სტალინის ერთ-ერთი მთავარი იარაღი გახდა.
ფილმის მეორე ნაწილი სტალინმაც და ორჯონიკიძემაც დაიწუნეს, რადგან სწორედ ეს ნაწილი ეხებოდა რეპრესიებს და ოპრიჩნიკების საქმიანობას. სტალინის მთავარი არგუმენტი ფილმის დაწუნებისას იყო ის, რომ რეჟისორი აჩვენებდა მხოლოდ ივანეს სისასტიკეს, მაგრამ არ აჩვენებდა იმას, თუ რატომ იყო ის ამდენად სასტიკი. სტალინისა და ეიზენშტეინის საუბრის სტენოგრამის მიხედვით, სტალინი მიიჩნევდა, რომ ივანე მრისხანე ეროვნულად მოაზროვნე ხელისუფალი იყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ რუსეთში უცხო ძალა, უცხოური გავლენა შეესუსტებინა. სტალინს სურდა, საბჭოთა რეპრესიები ხალხზე ზრუნვის ფასადით შეებურა და სახელმწიფოებრივი წარმატებისთვის ერთ-ერთ აუცილებელ გზად წარმოეჩინა.
სტალინი, ისევე, როგორც ივანე მრისხანე და ძალაუფლების სრული უზურპაციის გზაზე დამდგარი ნებისმიერი ხელისუფალი, „უცხოს“ ფენომენს იყენებს. რეალობას ისე აღწერს, თითქოს მხოლოდ ორი ვერსიაა. თუ გადარჩენა მსურს, ვამბობ, თავისუფლების მოედანი არ გავსებულა და საქართველო ეკონომიკური განვითარებით მსოფლიოში პირველია. ამ პოზიციით კი ვმონაწილეობ ყალბი რეალობის შექმნაში. სხვა შემთხვევაში, ვხდები „უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი ადამიანი“. ეს საფრთხე „ქართული ოცნების“ ყველა წევრს ემუქრება. შესაბამისად, რეჟიმის მომხრეებიც და მოქმედი პირებიც უფრო მეტად მორჩილები არიან, რადგან ხვალ შეიძლება პროპაგანდამ კეზერაშვილის გვერდით მისი სახელი მიაწეროს. ესაა გზა, რითაც მმართველი პარტია ხდება საფრთხის მთავარი შემქმნელი ინდივიდებისთვის და მათი გადამრჩენელიც.
სინამდვილეში, არჩევანი უფრო ბევრია, საფრთხეც კიდევ უფრო მრავალგვარი და ქვეყნისთვის შექმნილი შანსი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. დაწერილ წიგნში ცხოვრების განცდა შეიძლება ვთარგმნოთ ასეც - აღარ არის საჭირო იმავეს გამეორება, რაც აქამდე წაგვიკითხავს. საკმარისი გამოცდილება უკვე გვაქვს, რომ სხვა რამე მოხდეს. „ძირს ძველი ღმერთები!“ - როგორც მარომ თქვა.
________________________________________
P.S. ჭეშმარიტების მიტაცების ამბიცია ამ ტექსტს არ აქვს. პირიქით, გამიხარდება თუ მას ისევე ჩაუტარებთ დეკონსტრუქციას, როგორც - „ქართული ოცნების“ 29 აპრილის განცხადებას. საკუთარი ფიქრებისა და მოსაზრებების ფორმულებად დაშლა კარგი სავარჯიშოსავით სულ ამართლებს ხოლმე იმის გასაგებად, როგორია ჩვენი ინდივიდუალური მსჯელობის შიდა ლოგიკა, ჩვენ გვეკუთვნის ტერმინები, სიტყვები და აზრები, რომლებითაც ვმსჯელობთ, თუ ესეც ნარატივის ნაწილია? ან სულაც ორივე ერთად. თქვენც, ვინც ამ ტექსტს კითხულობთ, გამუქებულ სიტყვებს მეტ ყურადღებას აქცევთ, ვიდრე სხვებს - ხომ ასეა? ეს სიტყვები ჩემი გამუქებულია. ნარატივიც ჩემია. თუ ნამდვილად გაინტერესებს, რამდენად ეთანხმები ჩემს ნარატივს, ეცადე, გონება გამოათავისუფლო ჩემ მიერ გამუქებული სიტყვებისგან, გააანალიზო შენით, მოძებნო შენი და გადაწყვიტო შენით.