გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„არა რუსულ კანონს“ 17 წუთში | თამარ ბაბუაძე

უბანი, სადაც ვცხოვრობ და ვმუშაობ, სამი წელია, გადაიქცა პოლიტიკურ ტილოდ. 2022 წლის 24 თებერვალს რომ დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, ვერის ძველი ფასადები 25 თებერვლიდანვე გაცოცხლდნენ. მას მერე კედლები ბრაზობენ, სწყინთ, ყვირიან, მოგვიწოდებენ, აძევებენ, მხარს უჭერენ, აგინებენ, ადიდებენ. 

კედლები მას მერე პერგამენტებია - წარწერის ქვეშ წარწერაა, მის ქვეშ კიდევ სხვა წარწერა - საწინააღმდეგო აზრები ფენებად ედება ერთმანეთს და ერთი კონკრეტული აზრის დროებით გამარჯვებას აჩვენებს.

მათი ფოტოდოკუმენტირება საინფორმაციო არხების სქროლვასაც ჰგავს და მეზობლების კამათის მოსმენასაც. ანუ მათ ლოკალურ-უბნური განზომილება იმდენადვე აქვთ, რამდენადაც - რეგიონული და ფართოდ პოლიტიკური. 

და, როგორც პროტესტის გრაფიტის არქეოლოგს, მიმაჩნია, რომ ჩემი მისიაა თითოეული ცვლილება ინტონაციაში, სათქმელის ფერში თუ თვითონ აზრში განამარხებული ექსპონატივით აღვწერო და დავათარიღო.

ასეც ვიქცევი. დროთა განმავლობაში, კედლებს ჯერ ისრაელის, მერე პალესტინის მხარდამჭერი შინაარსი დაემატა. 2024 წლის აპრილის აქციების შემდეგ კი აგენტების კანონის საწინააღმდეგო მოწოდებები გადავიდა კედლებზე. გადავიდა და დღითი დღე გამრავლდა. და მოედო ყოველი ქუჩის ყოველ კუთხეს. 

ფასადები ახლა ისე ხმაურობს მთელი ამ შინაარსით, რომ სიარულისას კედლები ისმის, როგორც როკკონცერტი, რომელზეც დაფერფლილი მუსიკა აღდგა და ჭრის სმენას. 

14 მაისს, როცა ვერ შევძელი აქციაზე წასვლა, ისევ ვიარე ამ კედლების გასწვრივ. ავედი ერთ აღმართზე და გავყევი ქუჩის ერთ სწორ წრფეს. და იმ ჯერზე გადავიღე მხოლოდ “არა რუსულ კანონთან” დაკავშირებული წარწერები და არა სრული ანტი-რუსული კონტექსტი. აქაა თავმოყრილი იმ წარწერების ფოტოები, რომლებიც შემომხვდნენ გზად უბნის მხოლოდ ერთ მონაკვეთზე, როგორც უკვე ვთქვი, ერთ აღმართსა და ერთ სწორ ქუჩაზე, რომელთა გავლას, გადაღებებზე დახარჯული დროის ჩათვლით, 17 წუთი მოვანდომე.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა