ჩერნენკოს ცეკვა | თამთა მელაშვილი
სკოლაში 1985 წელს შევედი და მაშინ პერესტროიკის სიო უკვე დაქროდა. ის მალე იქცა თავისუფლების ნიავად, შემდეგ - ქარიშხალად. სკოლაში შესვლამდე, 1985 წლის ადრეული გაზაფხულის ერთი მოგონებაც მაქვს. ძვირფასი, ცოტათი სასაცილო. დიდი ხნით მივიწყებული მქონდა, მაგრამ როცა ცენზურაზე დავიწყე ფიქრი, უფრო სწორად ცენზურაზე დაფიქრებამ მომიწია, დავიწყების ღრმა შრეებიდან ნელ-ნელა გათავისუფლდა ის შორეული დღე.
ხუთი წლის ვარ, სოფელში ბებია-ბაბუასთან ვცხოვრობ და შავ-თეთრ ტელევიზორში პირდაპირი ტრანსლაციით ჩერნენკოს დაკრძალვის ცერემონიალს გადმოსცემენ. ჩერნენკო სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი იყო, ანუ პირველი კაცი საბჭოთა კავშირში და პირველი ლიდერი, რომელიც დამამახსოვრდა - ისიც თავისი სიკვდილით.
მოკლედ, ჩერნენკოს დაკრძალვაა, ისმის უწყვეტი სამგლოვიარო მუსიკა, მე კი ტელევიზორის წინ ამ მუსიკის ფონზე მთელი გულით და სხეულით ვცეკვავ.
ცეკვა ძალიან მიყვარდა. აი, მუსიკაზე ცეკვა კი ჩემთვის დიდი ფუფუნება იყო. ბებია-ბაბუას მაგნიტოფონი არ ჰქონდა, რადიოში მხოლოდ კლასიკურ მუსიკას უკრავდნენ, ისიც მგონი შუადღისას, როცა საბავშვო ბაღში ვიყავი. ტელევიზორიც ორ სახელმწიფო არხს უჩვენებდა, თითქმის ერთნაირს - ერთს ქართულს და ერთს რუსულს. ამ არხებზე დღეში ერთხელ ნაჩვენები ათწუთიანი მულტფილმი იმხელა დღესასწაული იყო, თუნდაც ასჯერ გვეყურებინა, ჩვენი აღფრთოვანება არ ნელდებოდა. მულტფილმის გარდა, მუსიკაზე მონადირეც ვიყავი. სადაც კი მოვიხელთებდი, ჩემი სხეული მაშინვე იწყებდა ცეკვას. „ვრემიას“ შემზარავ, ნახევარწუთიან მუსიკაზეც ბევრჯერ მიცეკვია. აი, „ჩერნენკოს მუსიკა“ კი ნამდვილ ციურ მადლად მომევლინა - დიდხანს გრძელდებოდა, სასიამოვნო იყო მოსასმენადაც და სრულიად გადასარევი ზედ საცეკვაოდ. კუბო, გვამი და ყვავილები საინტერესო იყო, მაგრამ მოკლევადიანად. გრძელვადიანი იყო მხოლოდ ცეკვა და ჩემს თავდავიწყებას საზღვარი არ ჰქონდა.
ახლახან, ზუსტად ორმოცი წლის შემდეგ, როცა ამ ამბავს ვიხსენებდი, მივხვდი, რომ მაშინ, იმ წუთებში ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა. იქნებ, იმ წუთებმა განსაზღვრეს კიდეც ჩემი თავისუფლების ხარისხი ან თავისუფალ ადამიანად ჩამოყალიბება?
საქმე ისაა, რომ ჩემთვის ცეკვა არავის დაუშლია. არც ბებიას, არც ბაბუას, არც დიდ ბებიას, არც ბიძას. არავინ გლოვობდა ჩერნენკოს, მისი არავის ეშინოდა. მეც არავის შევუშინებივარ. არადა, ყველა ნამდვილი საბჭოთა მოქალაქე იყო: ბებიაც, ბაბუაც, დიდი ბებიაც, ბიძაც. ზოგის ზურგზე კოლექტივიზაციას ჰქონდა გადავლილი, ზოგის გულზე - მეორე მსოფლიო ომს, ზოგის მხრებზე - საბჭოთა არმიის სავალდებულო სამხედრო სამსახურს.
ორმოცი წლის შემდეგ ჩემმა გონებამ ის წუთები - ტელევიზორის წინ ცეკვა საკუთარი თავისუფლების პირველ, დიდ აქტად მონათლა. და მე არავის დავუცენზურებივარ, რამაც მადლიერების გრძნობით ამავსო. ჩერნენკოს გამო რომელიმეს რომ დავეშინებინე, შევეზღუდე ან უბრალოდ დავემუნათებინე, ხომ სხვა ადამიანი ვიქნებოდი? იქნებ, უფრო შეზღუდული ან უფრო მშიშარა? იქნებ, ისე უფრო ადვილი წარმოსადგენი ყოფილიყო ჩემთვის ცენზურა ან ცენზურის ქვეშ ცხოვრება? ან თავად ცენზორი? მე ახლა ჩემს წარმოდგენაში ცენზორის ხორცშესხმაც კი არ შემიძლია.
ვიცი, ცენზურის სრულიად მოსალოდნელ და ალბათ გარდაუვალ საფრთხეს ბლოკავს ჩემი გონება. ეს, სავარაუდოდ, ჩემი ფსიქიკის თავდაცვის მექანიზმია.
ოღონდ საფრთხის რაციონალიზაციის ხანგრძლივად და ჯიუტად უარყოფის გამო, მის სიჯანსაღეში უკვე ეჭვი ნამდვილად მეპარება, მაგრამ თავს უფლებას ვაძლევ - ჯერ კიდევ ცოტა ხნით ამ ძვირფას მოგონებას არ შეველიო:
ჩემს შეუზღუდავ მოძრაობას, ჩემს თავდადებულ ცეკვას, ჩემს ძვირფას თავისუფლებას.
ტექსტი დაიწერა 2025 წლის თებერვალში პოლონური ონლაინ პლატფორმისთვის Kultura Enter.
გირჩევთ