უცხოპლანეტელები საბჭოთა კავშირში | გაბრიელ ჩუბინიძე
11.12.2023 | 10 წუთიანი საკითხავი1988-89 წელს მომღერალი მაია ჯაბუა საკუთარი სიმღერის კლიპის გადასაღებად მიდიოდა. რესპუბლიკის მოედანზე მან და მისმა ოპერატორმა შეამჩნიეს ჯგუფად შეგროვილი ხალხი, რომლებიც ცას მიშტერებოდნენ. თბილისის თავზე გაურკვეველი თეთრი მფრინავი ობიექტი დაფრინავდა, იგივე ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი). ოპერატორმა კადრები ფირზე ასახა და კლიპის გადასაღებად გააგრძელეს სვლა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლისკენ.
სიმღერა კლიპით „ვგალობ და ვგალობ“ 1990 წელს გამოვიდა და კლიპში ამოს კადრებიც მოხვდა. ამო იმდენად ბუნებრივადაა კადრებში ჩართული, მაყურებელი ვერც კი შეამჩნევს რაიმე განსაკუთრებულს. ამოს კადრები მალევე გავრცელდა მთელს საბჭოეთში და თვით ცენტრალურმა ტელევიზიამაც კი გადასცა, როგორც სკანდალი და ამოუხსნელი ფაქტი.
ეს არ იყო პირველი შემთხვევაში, როცა საქართველოში „უცხოპლანეტელები” გამოჩნდნენ: 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან ამოები მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გააქტიურდნენ.
ამბავი გასული საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო, როცა თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტის ბოლოში აშენდა სამეცნიერო კვლევითი კიბერნეტიკის ინსტიტუტი - მსგავსი დაწესებულება სსრკ-ს მხოლოდ 4 ქალაქში: მოსკოვში, ლენინგრადში, კიევსა და თბილისში არსებობდა. ინსტიტუტი მძლავრ სამეცნიერო იარაღებს ფლობდა და თავის არსით უნიკალური იყო. გაიწერა შემდეგი ამოცანები: კიბერნეტიკული სისტემების ელემენტების შესაქმნელად ახალი პრინციპების კვლევა და მათ საფუძველზე მაღალეფექტიანი საელემენტო ბაზის დამუშავება; ბუნებრივი და ხელოვნური პროცესების, სტრუქტურებისა და სისტემების მოდელირება და მაღალეფექტიანი კიბერნეტიკული სისტემების შექმნის ახალი ფიზიკური, კიბერნეტიკული, ბიონიკური პრინციპების დამუშავება.
ინსტიტუტში დასაქმებული იყო 1300 მეცნიერი, მუშაობდა 11 სამეცნიერო ინსტიტუტი და 38 ლაბორატორია[1].
კვლევები მიმდინარეობდა ატომური მიმართულებითაც, კერძოდ, სწავლობდნენ ბირთვული აფეთქებების ზეგავლენას გარემოზე და მის მიერ წარმოებულ ანომალიურ მოვლენებს. მრავალი ფაქტი იქნა შეკრებილი და გამოკვლეული, უმეტესობა ტექნოგენური იყო - მაგალითად, ათასობით კილომეტრით შორს ჩატარებული ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და შემდგომი ატმოსფერული გავლენები.
ცაში გამოჩენილი ამო-ები, გაურკვეველი ატმოსფერული ცვლილებები და კონტაქტორები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მათ პირადად დაამყარეს კომუნიკაცია უცხოპლანეტელებთან
- კიბერნეტიკის ინსტიტუტში ამ კვლევით ჯგუფს სათავეში ედგა ფიზიკოსი თალეს შონია, რომელიც მოგვიანებით ქართული უფოლოგიის დამაარსებელიც გახდა. მსგავსი მუშაობა საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობდა[2].
უფოლოგიის ქართული ცენტრის ლოგო (1980-90-იანი წლები)
1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე (პერესტროიკამდე) ანომალიურ მოვლენებზე საუბარი აკრძალული იყო; სიტყვის თავისუფლების პერიოდში კი მასობრივად, მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით დაიწყო ამ ფენომენზე საჯარო საუბრები. საქართველოში თალეს შონიას ჯგუფი გამოეყო კიბერნეტიკის ინსტიტუტს და მეცნიერებათა აკადემიაში დაიდო ბინა, შეიქმნა ანომალიური მოვლენების შემსწავლელი კომისია. მოგვიანებით დარეგისტრირდა, როგორც ორგანიზაციად - ლოგოზე გამოსახული იყო სვეტიცხოველში, ქრისტეს ჯვარცმის ფრესკაზე არსებული ფერწერა, რომელიც ძალიან ჰგავს უცხოპლანეტელების საფრენ აპარატს.
შონიამ თან წაიღო მრავალი ათეული წლის განმავლობაში დაგროვილი საარქივო მასალა და ნაპოვნი შემთხვევის ადგილებზე ნაპოვნი ნივთები, რომლის წარმომავლობა და შემადგენლობის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა. უფრო მნიშვნელოვანი კი იყო ამ ხნის განმავლობაში კონტაქტორების მოხმობა საკუთარ ინსტიტუტში და ისტორიების გაზიარება. დროის მოკლე ხანში, მეცნიერებათა აკადემიაში ასეულობით ადამიანმა მოიყარა თავი - ისინი ამტკიცებდნენ, რომ სხვადასხვა გზით იხილეს უცხოპლანეტელები. როგორც თავად თალეს შონია ამტკიცებდა, ის კომუნიკაციაზე იყო გასული არამიწიერ არსებებთან და ხანდახან მათი გამოჩენის ადგილიც წინასწარ იცოდა.
ოთარ არობელიძე, ჟურნალისტი: „1979 წლის 12 ივლისს, ღამის 0 საათსა და 24 წუთზე, მეტრო „ელექტროდეპოს“ ბაქანზე ვიმყოფებოდი.გავიხედე მაუდის ფაბრიკის მახრეს და გაოცებით ერთ ადგილას გავშეშდი - ჩემგან დაახლოებით 150-200 მეტრში, ფაბრიკის თავზე ან იქნებ გაზქურების ფაბრიკის თავზე, ანათებდა დისკი, რომლის დიამეტრი 2 მეტრამდე იქნებოდა. იგი არ მოძრაობდა. დედამიწიდან დაახლოებით 50-75 მეტრით იქნებოდა დაშორებული, საოცარ იყო მისი ნათების ხილვა [...] 0:25 წუთზე, მეტროს მატარებელი გვირაბიდან გამოვიდა რა დროსაც მფრინავი ობიექტი დიდი სისწრაფით ამოძრავდა და სანამ მატარებელი გაჩერდებოდა ზღვის მიმართულებით წავიდა.“
ა.ჯ. ლოკომოტივის დეპოს მემანქანე: „1991 წლის 18 იანვარს, 20 საათზე, კუს ტბის თავზე, დაახლოებით სვანური კოშკის ზევით მყოფმა, 'ვარსკვლავმა' ძალიან სწრაფად, უხმაუროდ დაიწყო მოძრაობა მარცხნივ, ტელეანძისკენ [...] მერე ჩაქრა. ცოტა ხნის შემდეგ, იმავე ადგილიდან მეორე ობიექტი დაიძრა, რომელმაც გეზი ლისის ტბისკენ აიღო. ამ ობიექტზე ანათებდა წითელი ფერი,ანათებდა და ქრებოდა და ძალიან დიდხანს ჩანდა ლისის თავზე.“
ს.ლ.: „23 მაისს დილით, როდესაც გავიღვიძე, მარცხენა ლოყაზე ნეკა თითის სისქის 3-5 სანტიმეტრის სიგრძის განაკაწრი მქონდა. მას ჰქონდა ვარდისფერი შეფერილობა [...] 26 მაისს, ნაკაწრები დამიწყლულდა, ხოლო ყელის მარჯვენა მხარეს უფორმო ლაქებმა დამაყარა, პატარა წყლულებით. იმავე დღეს მარჯვენა ხელზე მქონდა გამონაყარი, ერთს კი ჰქონდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი. 27 მაისს ამ ხუთქიმიან ვარსკვლავის ყოველი ქიმის ბოლოს წყლული გამიჩნდა“[3].
ამო-ებს ცაში პილოტებიც ხედავდნენ, მათი ინტერვიუები საჯაროდ არაერთხელ დაიბეჭდა საბჭოთა პრესაში:
სამოქალაქო ავიაციის პილოტი, მურმან გვენეტაძე იხსენებს: „ჩვენ მივფრინავდით ღამე, 7 სექტემბერი 1984 წელს. მგზავრებს უკვე ეძინათ. მივფრინავდით 10.600 მეტრზე, მე პილოტი მარჯვნივ ვიჯექი. როცა მინსკის ზონაში შევედით, დისპეჩერმა გვითხრა რომ ჩვენს კურსზე, საპირისპირო მხრიდან სხვა ბორტი მოფრინავდა. ცოტა ხანში, დისპეჩერი ისევ კავშირზე გამოვიდა და გვითხრა რომ ეს ამოუცნობი ობიექტი იყო - ჩვენ ვერაფერს ვხედავთ, უპასუხა მთავარმა პილოტმა სოსო თომაშვილმა. ცოტა ხნის შემდგომ კი ჩვენც დავინახეთ. ობიექტამდე იყო ოთხი კილომეტრი - ეს ცაში არაფერია და ის ძალიან მკვეთრად ანათებდა. მილის ფორმის იყო, ზომებით ცოტათი მცირე ვიდრე ТУ-134. მთელი გზა ის ელავდა და იცვლებოდა. ძრავა უკან ჰქონდა, კვალით ვიცანი, სახასიათო იყო [...] ფრთები არ უჩანდა მაგრამ მანევრების დროს რაღაც ეტყობოდა - მაგრამ მანევრირებდა ბევრს, გეგონებოდა გვეთამაშებოდა და ეტყობოდა რომ ამის უსაზღვრო შესაძლებლობა ჰქონდა. [...] მთელი ეკიპაჟი ვუყურებდით, დისპეჩერებიც ადევნებდნენ თვალს და ყველანი ერთნაირად აღვწერთ მას“[4].
ფიზიკოსი და უფოლოგი თალეს შონია მუშაობის დროს
ამო-ებზე საუბარში ჩაერთო ტელევიზიაც, მათ შორის ცენტრალური - მოსკოვის. ისინი განსაკუთრებით დაინტერესდნენ საქართველოთი, სადაც შეიძლება მსგავს მოვლენებს ყველაზე დიდი მნიშვნელობა და გამოხმაურება ენიჭებოდა. ჩაიწერეს ინტერვიუ კონტაქტორ გურამ გრძელიშვილთან, რომელიც 1989 წელს ამტკიცებდა, რომ მასზე უცხოპლანეტელებმა სამედიცინო ჩარევები განახორციელეს. სიუჟეტის ავტორი 2021 წელს კვლავ ესტუმრა გურამს და კიდევ ერთხელ ჩაწერა ინტერვიუ. გამოირკვა, რომ 1991 წელს, უცხოპლანეტელებმა ის კიდევ ერთხელ გაიტაცეს[5]. საქართველოში უფოლოგიამ ფეხი კარგად მოიკიდა, საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თალეს შონია საერთაშორისო კონფერენციებში იღებდა მონაწილეობას. ქალაქ ტომსკში, რომელიც ითვლებოდა საბჭოთა უფოლოგიის ცენტრად, თალესმა წაიკითხა მოხსენება სხვა ცივილიზაციების წარმომადგენელთა მიერ ჩატარებული ქირურგიული ოპერაციების შესახებ. ამტკიცებდა, რომ საქართველოში უცხოპლანეტელები ქირურგიულ ოპერაციებს ატარებდნენ, რომელსაც მათთვის საინფორმაციო-კვლევითი დანიშნულება უნდა ჰქონოდათ.
1990 წელს რუსთავის მოსაპირკეთებელ მასალათა კომბინატის ბაზაზე და მათი დირექციის დახმარებით, საფუძველი ეყრება უფოლოგიის სამეცნიერო ცენტრს; რუსთავში დაიგეგმა საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენციაც. სტუმრები ჩამოვიდნენ როგორც საბჭოთა რესპუბლიკებიდან, ისევე გერმანიიდან და ამერიკიდან. შეხვედრაზე მომღერალი თემურ წიკლაურიც მიიწვიეს. ერთ-ერთმა კონტაქტორმა განაცხადა, რომ უცხოპლანეტელებისგან მიიღო წერილი - ნოტები და ლექსი:
თემურ წიკლაურმა დაიწყო სიმღერა, უეცრად გამოირთო სინათლე, ფარდები აშრიალდა, ამოვარდა ძლიერი ქარი.
როგორც წიკლაური იხსენებს, შიშით დარბაზიდან ყველა გაიქცა, მხოლოდ თალესი იჯდა მშვიდად. ამავე კონფერენციის ფარგლებში, „იაპონიის დელეგაციამ, მესამე დღეს, ნახეს იაღლუჯის მთაზე, თუ როგორ დაჯდა ხომალდი“[6], ხოლო ერთ-ერთმა მომხსენებელმა, გეორგი ჟუროვმა სასტუმროდან დაინახა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი[7].
1989 წლის აგვისტოში მოსკოვში ამო-ს შესახებ პირველი გამოფენა მოეწყო, სადაც თავი მოიყარა ყველა იმ არტეფაქტმა, რომელიც ამტკიცებდა სხვა ცივილიზაციების არსებობას. რამდენიმე წელიწადში საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაკეთდა ექსპოზიცია - „მომავლის გამოძახილი“ - გამოიფინა სხვადასხვა არტეფაქტი, მათ შორის კისისხევში, ზედაზენზე, ბაკურიანში, ცხრაწყაროსა და სხვა ადგილებში გარემოზე ზემოქმედების ფაქტები. მთავარი ექსპოზიცია იყო უცხოპლანეტელების ფოტო, გადაღებული საქართველოში. თალესმა ის წერილით მიიღო ერთ-ერთი პირისგან. ფოტოზე გამოსახულია მწოლიარე ძაღლი და მასზე გამოსახული სახე, რომელიც სრულად მოულოდნელად დაფიქსირდა.
თალეს შონიას არქივი, რომელიც მეცნიერებათა აკადემიაში მდებარეობდა, თბილისის ომის დროს განადგურდა; გაანადგურეს შენობაში დაბანაკებულმა ჯარისკაცებმა.
ზოგადად, უფოლოგია, მათ შორის საქართველოში, გასცდა რეალურ მეცნიერულ საუბრებს და უფრო რწმენაზე დაფუძნებული გახდა; როგორღაც მოახერხეს და ის ქრისტიანობასაც კი დაუკავშირეს და რელიგიური განზომილებაც მიიღო, კავშირის სულიერებასთან, მიწიერთან და არამიწიერთან. როგორც უნდა იყოს, ეს საერთოდაც არ გამორიცხავს სხვა ცივილიზაციების არსებობას, მათ შორის უცხოპლანეტელების გავრცელებულ გაგებას, უბრალოდ მას გაცილებით სერიოზული მიდგომა და მუშაობა სჭირდება.
საბჭოთა კავშირის დანგრევას, მალევე მოჰყვა უცხოპლანეტელების საქართველოში შემოჭრის აქტივობების კლებაც. უფოლოგები (ქართველებიც და არაქართველებიც) თვლიან, რომ უცხოპლანეტელები მხოლოდ გვაკვირდებიან და გვსწავლობენ; თუ კი ეს ასეა, საინტერესოა, მიხვდნენ თუ არა ჩვენი არამიწიერი მეგობრები იმას, რატომ იყო საბჭოთა ქართულ ოჯახში დიდი ბედნიერება „წვენებში მუშაობა“, რას ნიშნავს საწარმოში „ადგილის გაფუჭება“ ან რას ფიქრობდნენ ქართველთა პოლიტიკური მსოფლმხედველობის შესახებ.
მოვისმენდით მათ აზრს იმის შესახებაც, როგორ აღმოჩნდა კანონიერი ქურდი და ნაკლებად ცნობილი მხატვარი ხელისუფლების სათავეში; დაბოლოს, ყველაზე საინტერესო: ესწრებოდნენ თუ არა ისინი ღირსების სასამართლოს, თუ კი - რა გაიგეს?
ქავერ ილუსტრაცია: ნუცა ღლონტი
______________________________
[1] https://cybernetics.ge/istoria
[2] https://www.youtube.com/watch?v=XB5ojNAETGk
[3] ნათელა გიორგობიანი, სიცოცხლის წიგნი, გვ.16-20
[4] მალაძიოჯ გრუზიი - 18 ნოემბერი, 1989.
[5] https://www.youtube.com/watch?v=pkrhKJw2AL0
[6] https://www.youtube.com/watch?v=Bjnz0Muxn2E
[7] ნათელა გიორგობიანი, სიცოცხლის წიგნი, გვ.14