ჯაბა იოსელიანი და წითელი ზაპოროჟეცი | გაბრიელ ჩუბინიძე
04.07.2023 | 8 წუთიანი საკითხავი1992 წლის 13 ივნისს, 11:09-ზე ჯაბა იოსელიანი საკუთარ 4-მანქანიან კორტეჟთან ერთად, სახლიდან გამოვიდა და დაიძრა „იმელის“ (დღევანდელი „ბილტმორის“) შენობისკენ, რომელიც იმ დროს პარლამენტის ფუნქციას ასრულებდა. იოსელიანი უსაფრთხოების მიზნით ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე უბანს ორი მიმართულებით ტოვებდა ხოლმე: დოლიძითა და ჩიქოვანის ქუჩებით. ამჯერად მარშრუტად ჩიქოვანის მიმართულება აირჩა. რამდენიმე წუთში კორტეჟს წინ Газ-24 ვოლგა გადაუდგა და ცოტა შეაფერხა, თუმცა დროებით. კორტეჟი გასცდა მე-18 კორპუსს, გაუსწორდა N39 ა სახლს, რომელთანაც წითელი „ზაპაროჟეცი“ იდგა. რამდენიმე ათეული მეტრით ჩაუარა და გაისმა ძლიერი აფეთქების ხმა – „ზაპაროჟეცი“ წამიერად ავარდა ჰაერში. კორტეჟმა მსუბუქი დაზიანებებით მაღალი სისწრაფით დატოვა შემთხვევის ადგილი. დაზიანდა ბოლოს მიმავალი მანქანა და კანტუზია მიიღო შიგნით მჯდომმა ადამიანმა. აფეთქებიდან რამდენიმე წუთში ადგილზე თავი მოიყარა მოსახლეობამ. დაიღუპა ხუთი ადამიანი, რვა წლის ბავშვი, სამი ქალი და ერთი კაცი, დაიჭრა რამდენიმე.
საქართველოს ისტორიაში, სავარაუდოდ, ეს დისტანციურად მართვადი ბომბის გამოყენებით მომხდარი პირველი ტერორისტული აქტია.
ამ მოვლენიდან სამი დღის შემდეგ, 17 ივნისს, საკუთარ სახლთან, ვეძისში, ააფეთქეს გავლენიანი მხედრიონელი, თამაზ ყურაშვილი (იგივე ბუღა). 24 ივნისს კი თბილისი, კერძოდ საბურთალო, სამოქალაქო ომის ეპიცენტრად იქცა: ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა მალულად მძიმე ტექნიკის გამოყენებით დაიკავეს ტელევიზიის შენობა (ანძაც); ეცადნენ, იარაღის ძალით შეეცვალათ იარაღით მოსული ხელისუფლება. საქართველოს უმძიმესი პერიოდი ედგა, მთელი ქვეყანა ქაოსისა და სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, მერე კი ყველაფერს აფხაზეთის ომიც დაემატა.
ჩიქოვანზე მომხდარი ტერორისტული აქტის გამოძიება დაევალა საინფორმაცია სადაზვერვო სამსახურს, მოგვიანებით გადაეცა რესპუბლიკის პროკურატურას ანზორ ბალუაშვილის ხელმძღვანელობით. გამოძიების მეოთხე დღეს, 11 სავარაუდო ვერსიიდან, დარჩა მხოლოდ ერთი – „ტერორისტული აქტი“. გამოყენებული იყო იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ასაფეთქებელი ნივთიერება.
აფეთქებიდან 88 დღის შემდეგ საქმე გაიხსნა, გამოვლინდა მთელი 18-კაციანი ჯგუფი, რომელთაგანაც სამი: გრიგოლ ელისაშვილი, ირაკლი დოკვაძე და პეტრე გელბახიანი უშუალოდ ადგილზე იმყოფებოდნენ. დოკვაძე ყვარელში 3 სექტემბერს დაიჭირეს; გელბახიანი თბილისიდან მივლენილმა სპეციალურმა ჯგუფმა 6 აპრილს აიყვანა ბაქოში.
ირაკლი დოკვაძე პროფესიონალი რადიო-ინჟინერი იყო, 1979-80 წლებში სავალდებულო სამსახური გაიარა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, საინჟინრო ძალებში, შემდგომ ავღანეთში სპეციალურ დანაყოფში. 1982 წელს ჩააბარა ტექნიკურ უნივერსტიტეტში ელექტრონიკის და ელექტრომექანიკის ფაკულტეტზე, მალევე დაიწყო მუშაობა იმ დროისთვის წამყვან კვლევით ინსტიტუტ რადიანში.
პეტრე გელბახიანი სკანდალურად ცნობილი პროფესორ პეტრე გელბახიანის შვილიშვილი იყო (სამედიცინო უნივერსტიტეტის ყოფილი რექტორი და ვასილ მჟავანაძის მეგობარი, რომელიც შევარდნაძემ ერთ-ერთი პირველი დააკავა „ნეგატიურ მოვლენებთან ბრძოლის“ კამპანიისას, ქრთამის აღების ბრალდებით).
საქმეში მონაწილეობდა ზაზა წიკლაურიც, ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მხედრიონში გაწევრიანდა; მიხეილ დოხუმოვსკი და სხვები.
დოკვაძე ჯერ უარყოფდა ბრალდებას. მეორე დღეს ის ჯაბა იოსელიანს შეახვედრეს და წამების ხარჯზე რამდენიმე საათში დანაშაული პირველივე დაკითხვისას აღიარა. 8 სექტემბერს ტელევიზიაში მისი აღიარების კადრები გადაიცა. ნათლად ჩანდა წამების კვალი. წამების კვალი მოგვიანებით აღენიშნებოდა ყველა დაკავებულს და „რატომღაც“ ყველა უარს აცხადებდა სასამართლო სამედიცინო შემოწმებაზე.
9 სექტემბერს ტელევიზიამ გადასცა სამივე ადგილზე მოქმედი პირის ვინაობა, შედეგმაც არ დააყოვნა: დაღუპულებისა და დაშავებულების ოჯახის წევრები თავს დაესხნენ გელბახიანების ოჯახის წევრებს, რომლებიც აფეთქების ადგილიდან რამდენიმე მეტრში, ჩიქოვანის 18 ნომერში ცხოვრობდნენ
გამოძიების შედეგად დადგინდა: 13 ივნისს, დილის 10 საათსა და 08 წუთზე დანაღმული მანქანა ჩიქოვანი N38 ა ნომერთან დადგა, შიგნით ორი პირი იჯდა, გელბახიანი და ელისაშვილი. 10:15 წუთზე ირაკლი დოკვაძე ჯავახიშვილის ქუჩის 90 ნომრიდან გამოდის და მეტროთი მგზავრობს, ამოდის ტექნიკური უნივერსტიტეტის მეტროდან და მიემართება წითელი „ზაპაროჟეცისკენ“. მცირე საუბრის შემდეგ სამეული წინასწარ დათქმულ ადგილებს იკავებენ, მე-18 კორპუსის სადარბაზოში: პირველი სადარბაზოს წინ დგება გელბახიანი, რომელმაც უნდა ამცნოს ობიექტის გამოჩენა; მეორე სადარბაზოშია ელისაშვილი და მასვე უჭირავს ასაფეთქებლის პულტი; მესამეში კი დოკვაძე, რომელიც პირდაპირ უყურებს დანაღმულ მანქანას და მან ელისაშვილს უნდა გადასცეს ნიშანი იმისა, რომ იოსელიანის მანქანა გაუსწორდა დანაღმულს. 11 საათსა და 9 წუთზე დოკვაძე იტყობინება კორტეჟის გამოჩენის შესახებ. ობიექტის დანაღმულ მანქანასთან მიახლოებისთანავე, დოკვაძე გადასცემს ელისაშვილს პულტზე დაჭერის ნიშანს და მოქმედებაში მოჰყავს ბომბი. რატომღაც ის რამდენიმე წამის დაგვიანებით ფეთქდება. ელისაშვილი მაშინვე მიიმალა ადგილიდან, დოკვაძე და გელბახიანი კი აფეთქების ადგილას მიდიან, შეკრებილ ხალხში ირევიან. რამდენიმე წუთის შემდეგ მიდიან მზიურისკენ, სხდებიან მანქანაში და ტოვებენ თბილისს. 15 ივნისს უკვე გროზნოში არიან. მათი მიზანი მარტივი იყო, მოეკლათ ჯაბა იოსელიანი. ისინი ზვიად გამსახურდიას მომხრები იყვნენ და თვლიდნენ, რომ არსებული ხელისუფლება იყო არალეგიტიმური და ის უნდა დასჯილიყო.
1995 წლის 6 მარტს სასამართლომ 18-კაციან ჯგუფს განაჩენი გამოუტანა (მათ შორის პეტრე გელბახიანის ბაბუას, რომელიც ხელს აფარებდა შვილიშვილს და ცვლიდა ჩვენებებს), აქედან ორს, გელბახიანსა და დოკვაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა – სიკვდილით დასჯა.
1991-1994 წლებში სიკვდილით დასჯის განაჩენი 29 ადამიანმა მიიღო, ნაწილ მათგანს საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების ჩარევის შედეგად განაჩენი შეეცვალათ 20-წლიანი პატიმრობით, დანარჩენები კი დახვრიტეს (მხოლოდ 1994 წლის მაისში დახვრიტეს6 პატიმარი). სასჯელის უმაღლესი ზომა, ძირითადად, გაიცა განსაკუთრებული სისასტიკის მკვლელობისთვის, ერთი განსაკუთრებული სისასტიკით არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის და ერთიც პოლიციის მუშაკზე თავდასხმისა და მისი მკვლელობის გამო.
დოკვაძე-გელბახიანის განაჩენი სრულიად შეუსაბამო იყო სასამართლო გამოცდილებასთან და აშკარად იგრძნობოდა პოლიტიკური ნიშანი.
სასამართლო პროცესს თან სდევდა დიდი საზოგადოებრივი და საერთაშორისო ინტერესი. საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ეჭვმიტანილთა უმრავლესობისგან აღიარება ცემის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ხარჯზე იყო მოპოვებული. 1994 წელს Human Right Watch-თან ინტერვიუში გელბახიანმა თქვა:
„ისინი მთხოვდნენ, მეღიარებინა ჩემი მონაწილეობა მანქანის აფეთქებაში იოსელიანის წინააღმდეგ და რომ ეს მოხდა გამსახურდიას ბრძანებით. მათ გვაიძულეს, რომ ტელევიზიაში გველაპარაკა, კვირაია (შემდგომში შსს მინისტრი) ესწრებოდა ამ ყველაფერს.“
გამოიკითხა დოკვაძეც. ის საუბრობს მილიციის მხრიდან პერმამენტული წამების შესახებ. სხვა განსასჯელებთან ერთად, გამოიკვეთა წამების შემდეგი ხერხები: დამდუღვრა, თავდაყირა დაკიდება, ძვლების მოტეხილობა, კბილების ჩამტვრევა, სისტემატიური მუქარა მათსა და მათი ოჯახის წევრებისადმი. გისოსებს მიღმა მილიცია მალულად აქეზებდა სხვა პატიმრებს [ქართული ბეჭდური მედია მოიხსენიებს როგორც „ნასედკებს“] ეჭვმიტანილთა ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. მოცემული საქმით დაინტერესდა ჰელსინკის ადამიანთა უფლებების დაცვის საბჭოც და დაკავებულმა ზაზა წიკლაურმა მიაწოდა შემდეგი ინფორმაცია:
„როცა გულისწასვლამდე მივდიოდით, წყალს მასხამდნენ და წამებაც გრძელდებოდა. ტკივილი აუტანელია [...] ისინი ცდილობდნენ, სახე არ დაეზიანებინათ, მაგრამ მიმაღებინეს ფეხის, ხელის და ნეკნის მოტეხილობა.“
მოგვიანებით ის მოინახულა უშიშროების სამსახურის ყოფილმა თავჯდომარემ, ირაკლი ბათიაშვილმა:
„რაც მე ვიხილე, ადამიანს არ ჰგავდა. მას არ შეეძლო ლაპარაკი. ეს იყო მხოლოდ ტანი, დამტვრეული ძვლები, რომელიც დაფარული იყო დამწვრობებით.“
არავინ იცის, როგორ შეიცვლებოდა საქართველოს ისტორია იმ შემთხვევაში, თუ 1992 წლის 14 ივნისს ის ჯაბა იოსელიანის გარეშე გაგრძელდებოდა. ალბათ, ბევრი არც არაფერი. იმდროინდელი ქაოსი და უკანონობა თავისითვე შექმნიდა ახალ ჯაბას. ფაქტია, იოსელიანი ნაკაწრსაც კი გადაურჩა, სამაგიეროდ დაიღუპნენ უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის 8 წლის ბავშვი. გამოძიებას მრავალი ხარვეზი ჰქონდა, ანდაც ის სრულად ხარვეზიანი იყო, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ეჭვმიტანილების აფეთქებასთან რეალურ და პირდაპირ კავშირს. გარდა წამებით მოპოვებული აღიარებითი ჩვენებებისა, იკვეთებოდა თითქმის ყველა ტიპის დარღვევა: სახელმწიფო მალავდა პატიმრების წამების ფაქტებს და არ არეგისტრირდება მათ საჩივრებს. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის გაეროს წარმომადგენლებმა, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს ბრალდებულების გათავისუფლება და ისინი აღიარეს, როგორც პოლიტიკური პატიმრები(!).
განაჩენის გამოცხადებიდან ორი წლის შემდეგ, 1997 წლის 20 ივლისს, საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა, დოკვაძესა და გელბახიანს დახვრეტა ოცწლიანი პატიმრობით შეეცვალათ.
გამოყენებული წყაროები:
გაზეთი 7 დღე. 1992/N-34; 1995/N-6; 1995/N9; 1995/N28;
HUMAN RIGHTS COMMITTEE, Domukovsky et al. v. Georgia, Communications Nº 623/1995, 624/1995, 626/1995 and 627/1995;
საერთაშორისო ამნისტია (Amnisty international) – „შეშფოთებანი გამოთქმულნი სასიკვდილო განაჩენის, წამებისა და სამართლიანი სასამართლოს შესახებ საქმე ნომერ 7493810-თან დაკავშირებით.“
ქავერ ილუსტრაცია: დეა ტატიაშვილი