
აფხაზეთის წითელი მარტი | ზურა წურწუმია
01.10.2025 | 14 წუთიანი საკითხავიაფხაზეთი XIX-XX - ესაა XIX-XX საუკუნის აფხაზეთის ისტორიის თემაზე შექმნილი სტატიების სერია, რომლის მიზანია, ყურადღება გაამახვილოს და მკითხველს პოპულარულ ენაზე გააცნოს გასაბჭოებამდე პერიოდის რეგიონის ისტორიის საკვანძო ეტაპები.
ამ თემებზე მუშაობისას ორი ძირითადი მოტივი მამოძრავებდა: აღნიშნული პერიოდის საქართველოს ისტორია ყურადღებას ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს აქცევს მაშინ, როდესაც აფხაზეთის, ან თუნდაც სამეგრელოს ან გურიის სამთავროების წარსული მოკლებულია ყურადღებას და ფართო საზოგადოებისთვის ჯერაც უცნობ თავგადასავლად რჩება. მეორე მხრივ, მიმდინარე კონფლიქტისა და ოკუპაციის გამო, აფხაზეთის ისტორია, როგორც წესი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების პრიზმით აღიქმება. სერიის მიზანია, ამ თემებს მიღმა დავინახოთ რეგიონის წარსული.
ტექსტებზე მუშაობისას გამოყენებულია ისტორიული დოკუმენტები, პირველადი და მეორეული წყაროები, სხვადასხვა ავტორის სამეცნიერო ნაშრომები, თუმცა მკითხველისთვის მნიშვნელოვანია იმის შეხსენება, რომ მოცემულ სერიაში შემავალი სტატიები აკადემიური ნაშრომი არაა. - ზურა წურწუმია, ისტორიის მაგისტრი.
ოსმალური ფაქტორი
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებააფხაზეთში მიმდინარე ამბების პარალელურად ოსმალებმა 1918 წლის მარტის თვეში მეჰმედ ვეჰიბ-ფაშას სარდლობით ამიერკავკასიის კომისარიატის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებები დაიწყეს. დაიკავეს ბათუმი, ქობულეთი და ახალციხე (დაკავებული ჰქონდათ ოზურგეთიც, მაგრამ იქაურობა, ზავის პირობებით, 7 ივნისს დატოვეს).
1918 წლის 9 აპრილს ოსმალეთთან მიმდინარე მძიმე ომის პირობებში ამიერკავკასიის კომისარიატი გადაკეთდა ამიერკავკასიის ფედერაციულ რესპუბლიკად. მაისში ბათუმში მოლაპარაკებები დაიწყო, რა დროსაც ოსმალეთმა უკვე თბილისზე განაცხადა პრეტენზია. ახალგაზრდა თურქებს[1] მთელი კავკასიის დაკავება სურდათ. მოთხოვნაზე უარის შემდეგ ოსმალებმა საბრძოლო მოქმედებები განაახლეს. ქართველი სოციალ-დემოკრატები [მენშევიკები] ამ დროს გერმანელებთან აწარმოებდნენ ცალკე მოლაპარაკებებს და 1918 წლის 14 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ოფიციალურად მიმართა გერმანიას, თავისი ჯარები საქართველოს შიდა და გარე საფრთხეებისგან დასაცავად შემოეყვანა. ამ გერმანული მხარდაჭერის მისაღებად საჭირო გახდა დამოუკიდებლობის გამოცხადება. 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭო ასეც მოიქცა – დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ხოლო 28 მაისს, ფოთის ხელშეკრულების საფუძველზე, გერმანელებმა თავიანთი კავკასიური საექსპედიციო ნაწილების შემოყვანა დაიწყეს.
სწორედ ასეთ რთულ საგარეო ვითარებაში მიმდინარეობდა ბოლშევიკთა ამბოხება აფხაზეთში. აპრილის შუა რიცხვებში ამიერკავკასიის კომისარიატმა, ოსმალეთთან საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებისას, სამხედრო ნაწილები, მათ შორის გვარდიის ნაწილები, მოხსნა ფრონტიდან და აფხაზეთისკენ გადაისროლა.
თავდაპირველად ბოლშევიკური აჯანყების აღკვეთა მოუწიათ სამეგრელოში, რადგან სამურზაყანოშიც აშკარა იყო ბოლშევიკების მზარდი გავლენა. შესაბამისად, კოდორზე გამავალი ფრონტის გასამაგრებლად, სამხედრო ძალები ამიერკავკასიის ფედერაციამ 10 მაისს ზღვით გადაისროლა. აქ გვარდიის სარდალ ვალიკო ჯუღელს შეუერთდა აფხაზი თავადაზნაურობა – ალექსანდრე შარვაშიძე, ტატაშ და დიმიტრი მარშანიები.
ბოლშევიკები კოდორის მარჯვენა ნაპირზე იდგნენ. დრანდის მონასტრის სიახლოვეს ეკავათ მაღლობები და გამაგრებები მდინარის ნაპირზეც ჰქონდათ. ბოლშევიკების მხარეს, სანაპიროდან კოდორის ხიდამდე ზონას მეთაურობდა ვასილ ლაკობა [აფხაზური ასეულის ყოფილი წევრი], მდინარის ნაპირს ხიდის ზემოთ – პავლე აღნიაშვილი. არტილერია იდგა დრანდის მონასტრის ეზოში და მას მეთაურობდა კონსტანტინე ინალ-იფა. მეთაურებს შორის იყვნენ ვალერიან ბახტაძე, ვასილ აგრბა, ამბერკი ურუშაძე და სხვები. შტაბი კი მონასტრის ადმინისტრაციულ შენობაში გამართეს.
ეროვნული ბიბლიოთეკა
მძიმე ბრძოლები 11-17 მაისს მიმდინარეობდა. ეფრემ ეშბამ ლენინს და სამხრეთ რუსეთის საგანგებო კომისარ სერგო ორჯონიკიძეს მიმართა, რომ დახმარებოდნენ, და შავი ზღვის ფლოტი აემოქმედებინათ, მაგრამ ბოლშევიკების შავი ზღვის ფლოტის გამოყენება ვერ მოხერხდა, რადგან ყირიმში მისი ნაწილი გერმანელებმა ჩაიგდეს ხელში. 17 მაისს კავკასიის ფედერაციის ძალებმა დრანდის მონასტრის ეზოში ბოლშევიკების შტაბი დაიკავეს და იმავე დღეს შევიდნენ სოხუმში. ბოლშევიკებმა დატოვეს არა მხოლოდ სოხუმი, არამედ – გუდაუთა, ახალი ათონი და გაგრაში გამაგრდნენ. ამ ამბების პარალელურად, ოსმალებმა შეტევები განაახლეს, რის გამოც კავკასიის ფედერაციას აფხაზეთიდან ძალების ნაწილის გამოყვანა მოუწია და გაგრაში გამაგრებულ ბოლშევიკებზე შეტევაც შეყოვნდა.
სოხუმში ცნობა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შესახებ ივნისის პირველ რიცხვებში გაზეთებში გამოქვეყნდა. აფხაზეთის სახალხო საბჭომ მაშინვე ცნო საქართველო და 2 ივნისს დაადგინა, რომ მიემართა საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის, დახმარებოდნენ აფხაზეთში სახელმწიფო ძალაუფლების ჩამოყალიბებაში – სახელმწიფო სტრუქტურების შექმნაში, რადგან საამისოდ ადგილობრივი რესურსები არ ჰყოფნიდათ. საბოლოოდ, აფხაზეთის სახალხო საბჭოს სურდა, საქართველოს შემადგენლობაში შესულიყო და სტატუსზე თუ უფლებების გამიჯვნაზე თბილისთან ერთად ემუშავა[2].
ეროვნული ბიბლიოთეკა
ამასობაში, გაგრაში გამაგრებული ბოლშევიკური ძალები პირდაპირ დირექტივებს რუსეთის ბოლშევიკებისგან, კერძოდ, რუსეთის კომპარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტისგან იღებდნენ. ეს ორგანო კი მაისის ბოლოს თბილისიდან ვლადიკავკაზში გადავიდა ბოლშევიკ მიხა ცხაკაიას მეთაურობით[3]. ეს სამხარეო კომიტეტი ისევე, როგორც ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ორგანოები, ერთიანად ხელმძღვანელობდნენ ბოლშევიკურ შეიარაღებულ გამოსვლებს მთელს სამხრეთ კავკასიაში. ეხმარებოდნენ მათ იარაღით, პარტიული ძალებით, დირექტივებით.
17-18 ივნისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან მალევე, ბოლშევიკებმა, ლაკობასა და ბახტაძის მეთაურობით, გაგრიდან გუდაუთას შეუტიეს და დაიკავეს. ჯერ კიდევ 11 ივნისს აფხაზეთის სახალხო საბჭოსა და საქართველოს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მეექვსე პუნქტით, თხოვნის შემთხვევაში, საქართველო ჯარს გააგზავნიდა აფხაზეთში რევოლუციური მოძრაობების წინააღმდეგ. ივნისში დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალების გადასროლა აფხაზეთში. რეგიონში მოქმედ რეგულარულ ნაწილებს მეთაურობდა გენერალი გიორგი მაზნიაშვილი[4]. აქვე იყო ვალიკო ჯუღელი[5] სახალხო გვარდიის[6] ნაწილებით.
22 ივნისს მაზნიაშვილმა დაიკავა გუდაუთა, ხოლო 28 ივნისს – გაგრა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარს მიადგა, თუმცა, ბოლშევიკებთან ბრძოლის საბაბით, განავითარა შეტევა და 3 ივლისს ადლერში, 5 ივლისს – სოჭში და 13-ში – ტუაფსეშიც შევიდა. ამით აფხაზეთის ცენტრალური და დასავლეთ ნაწილი ბოლშევიკური ძალებისგან სრულად გაიწმინდა.
სამურზაყანო
თუმცა სხვა ვითარება იყო სამურზაყანოში.
მაისის ბრძოლების დროს სამურზაყანოში ბოლშევიკური რევკომის მეთაური ძიგუა ძირითადი ძალებით ოცარცეში იდგა და მენშევიკების ძალების შეკავებას ენგურზე ცდილობდა. გვარდიამ და სხვა ნაწილებმა ენგური გადალახეს, გალი დაიკავეს და ძიგუას რეფო-შეშელეთისკენ აიძულეს უკან დახევა.
სოხუმის დაკარგვის შემდეგ ძიგუას რევკომს კოდორიდანაც შეექმნა საფრთხე. აქ, მაგალითად, ივლისში აფხაზური თავადაზნაურობის კავალერიამ, მარღანიასა და მხეიძის მეთაურობით, ბოლშევიკების პოზიციების დაკავება სცადა, მაგრამ – წარუმატებლად და უკან, ოხურეისკენ დაიხიეს.
ივნისის ბოლოს სამურზაყანოს ბოლშევიკების რაზმმა ბრძოლით დაიკავა ანაკლია და 28 ივნისს ზუგდიდში შევიდა. დაიკავა ფოსტა, ტელეგრაფი და ციხის შენობები. მენშევიკების კონტრშეტევის შემდეგ ბოლშევიკებმა იმავე დღეს დატოვეს ზუგდიდი და ენგურის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თაგილონში თავიანთ შტაბში დაბრუნდნენ. მენშევიკებმა კონტრშეტევა და ენგურზე გადასვლა სცადეს, მაგრამ – წარუმატებლად.
1918 წლის 1 სექტემბერს მენშევიკებმა სამეგრელოში ბოლშევიკური გამოსვლების წინააღმდეგ სამხედრო ნაწილები გააძლიერეს და წინააღმდეგობა ყველგან დაძლიეს. ამის შემდეგ სამურზაყანოსკენ სამი მიმართულებით დაიწყეს შეტევა – ოცარცეs, თაგილონისა და ოტობაიასკენ.
10 სექტემბერს ვალიკო ჯუღელის გვარდიამ და გენერალ კონიაშვილის რეგულარულმა ნაწილებმა ენგურზე გადასვლა დაიწყეს. გვარდიის ნაწილებს შამგონას კუნძულიდან ბოლშევიკებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა გვარდიელებმა წინააღმდეგობა დაძლიეს და დაიკავეს თაგილონი. 13 სექტემბერს მეორე რაზმმაც გადალახა ენგური. მათ ჭუბურხინჯში შეტაკება მოუხდათ, თუმცა იმავე დღეს მოახერხეს და გალი დაიკავეს. 14 სექტემბერს გვარდიამ შეტევა განაგრძო და დაიკავა სოფლები, რეფი და ბედია. ერთი პერიოდი ბოლშევიკებმა გვარდიის ნაწილებს ღალიძგას მარცხენა ნაპირზე გადასვლა აიძულეს, თუმცა გვარდიამ მაინც აღადგინა რიგები და ბოლშევიკების წინააღმდეგობა, საბოლოოდ, ასე გატყდა სამურზაყანოში.
17 სექტემბერს, აფხაზეთის რევკომის გადაწყვეტილებით, სამურზაყანოს ბოლშევიკები იატაკქვეშეთში გადავიდნენ, ხოლო ოქტომბერში პავლე ძიგუა [სამურზაყანოს რევკომის ლიდერი] ერთ-ერთი ჩასაფრებისას მოკლეს.
აფხაზეთი 1919-1920 წლებში
“თეთრების” ფაქტორი. ბოლშევიკები იატაკქვეშეთიდან კიდევ ერთხელ ამოდიანბოლშევიკური ამბოხების დამარცხების შემდეგ აფხაზეთში მოქმედი ბოლშევიკი ლიდერების ნაწილი დაიჭირეს ან გაასახლეს, ხოლო ნაწილმა თავად მოასწრო გახიზვნა. დეკემბერში ჩრდილოეთ კავკასიიდან დაბრუნდა ბოლშევიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ეფრემ ეშბა და პარტიის იატაკქვეშა ჯგუფების აღდგენა დაიწყო. აქტიურ პარტიულ საქმიანობაში იყვნენ რეგიონში ცნობილი ბოლშევიკები – სევა კუხალეიშვილი, ისაკ ჟვანია, ნიკოლოზ აქირთავა, ნესტორ ლაკობა, ალექსანდრე ბელიაკოვი, ალექსანდრე მგელაძე და სხვები. ორგანიზაციული იერარქია იგივე იყო – აფხაზეთში მოქმედი ბოლშევიკები სტრუქტურულად რუსეთის კომპარტიის კავკასიის სამხარეო კომიტეტის მიერ იმართებოდნენ. არც ბრძოლის ტაქტიკა შეიცვალა – შეიარაღებული ამბოხება მთავარ გეგმად რჩებოდა[7]. თუმცა რეგიონში პოლიტიკური ვითარება 1919 წელს ისე შეიცვალა, რომ ბოლშევიკების დევნა არათუ შეწყდა – მენშევიკებს მათთან გარკვეულ დონეზე თანამშრომლობაც დასჭირდათ.
ამის მიზეზი იყო “თეთრებთან” გაჩაღებული ბრძოლის კიდევ ერთი ხაზი, რომელში ჩაბმაც მენშევიკებს, ერთი მხრივ, ბოლშევიკების და მეორე მხრივ, ახალგაზრდა თურქების აგრესიის დასაძლევად უწევდათ. 1918 წლის ივნის-ნოემბერში ყუბანსა და შავი ზღვისპირეთში მოხალისეთა ძალებმა[8] ანუ “თეთრებმა” რეგიონი მთლიანად გაწმინდეს ბოლშევიკებისგან და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ძალებს სოჭის ოლქში დაუმეზობლდნენ. გენერალი დენიკინი კავკასიაზე კონტროლის აღდგენას მნიშვნელოვნად მიიჩნევდა – ეს მიმართულება მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. თეთრებსა და საქართველოს შორის 1918 წლის შემოდგომიდან 1919 წლის მაისამდე ბრძოლები სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობდა. 1919 წლის იანვარში მოხალისეთა ძალები ამოქმედდნენ, დაიკავეს სოჭი, ტუაფსე, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ. მიღწეული წარმატების შემდეგ, გაზაფხულზე დენიკინმა მთავარი შეტევის მიმართულება შეცვალა და მოსკოვზე ლაშქრობა დაისახა მიზნად. ამის გამო, სამხრეთით ძალების ნაწილი მოხსნა. პარალელურად ქართულმა მხარემ ძალების თავმოყრა დაასრულა აპრილის თვეში და 17-18 აპრილს გადალახეს ბზიფი, დაიკავეს გაგრა და გაჩერდნენ მდინარე მეხადირზე. ერთი პერიოდი ბზიფი-მეხადირის ზონა ნეიტრალურად გამოცხადდა, თუმცა რამდენიმე თვეში დენიკინის მდგომარეობა შეიცვალა.
ზაფხულში მოსკოვზე დაწყებული შეტევა ჩავარდა და საბჭოთა რუსეთმა კონტრშეტევა წამოიწყო. დენიკინმა ჩრდილოეთ კავკასია, ყირიმი, უკრაინის აღმოსავლეთი და შავი ზღვის სანაპირო უკვე 1920 წლის აპრილისთვის დაკარგა. ამ პერიოდში გაგრის მიმართულებით აქტიური ბრძოლები არ მიმდინარეობდა, თუმცა თბილისს უარი არ უთქვამს, ამ ზონაზე – ანუ ბზიფი-მეხადირის პრეტენზიაზე კვლავ ჰქონოდა.
1920 წლის მაისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა რუსეთმა ოფიციალურად ცნო. შეთანხმებებით დადგინდა საზღვრები, მათ შორის აფხაზეთში. საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვარი აქ მდინარე ფსოუზე გავიდა, რაც დღემდე საერთაშორისოდ აღიარებული საზღვარია.
მთელი ამ დაპირისპირებების დროს აფხაზეთში თავს აფარებდნენ სხვადასხვა ბოლშევიკური პარტიზანული ჯგუფები, რომლებიც თეთრებს ჩრდილო კავკასიასა თუ ყუბანში ებრძოდნენ. ერთ ხანს თეთრები მათ აქტიურად არ უპირისპირდებოდნენ, მაგრამ როგორც კი მოხალისეთა მდგომარეობა ჩრდილოეთით გაუარესდა –- ბოლშევიკებისადმი ეჭვი და უნდობლობა ისევ გაიზარდა. თავის მხრივ, საერთო, მონარქისტული საფრთხის წინაშე, ბოლშევიკებიც გარკვეულ დათმობებზე მიდიოდნენ მენშევიკებთან, თუმცა ამ საფრთხის დაძლევის შემდეგ, მენშევიკთა წინააღმდეგ მიმართული შეიარაღებული ამბოხებების მცდელობები ისევ ჰქონდათ. მაგალითად, 1919 წლის ოქტომბერში ბოლშევიკებმა სოხუმის პოლკის ჯარისკაცები ააჯანყეს. მენშევიკებმა ამბოხება იმავე საღამოს ჩაახშვეს და ამის შემდეგ დაიწყეს ბოლშევიკების დაჭერა.
რუსეთის მხრიდან საქართველოს ცნობის ხელშეკრულება შეიცავდა ერთ საგულისხმო – მეხუთე პუნქტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობა ვალდებულებას იღებდა, კომუნისტური პარტიის საქმიანობა ლეგალური გაეხადა და პოლიტიკური ამნისტიაც გამოეცხადებინა. ფორმალურ დონეზე ეს შეთანხმება სრულდებოდა. 1920 წლის მაისში ეფრემ ეშბა ქუთაისის ციხიდან გამოუშვეს. დაკავებულ ისააკ ჟვანიასა და ალექსანდრე მგელაძეს, რომელთაც ოქტომბერში, სოხუმის გარნიზონის ბუნტის გამო, სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ, სასჯელი პატიმრობით შეუცვალეს და ქუთაისისა და მეტეხის ციხეში 9 თვით ჩასვეს. ბუნტის რამდენიმე მოთავე ჯარისკაც 1920 წელს, თბილისში ბოლშევიკური რუსეთის წარმომადგენლის, სერგეი კიროვის მოთხოვნით გაათავისუფლეს. აქტიური ბოლშევიკების დაჭერის ნაცვლად მენშევიკები მათ გასახლებას ირჩევდნენ. ეს უფრო ზომიერი ფორმა იყო. იმ პერიოდში ჯამში 1 500-მდე ბოლშევიკი გააძევეს საქართველოდან.
1920 წლის მაისში საქართველოში მოქმედი ბოლშევიკური ორგანიზაციები გაერთიანდა საქართველოს კომუნისტურ პარტიად. 7 ივნისს სოხუმის საოლქო კომიტეტი გადაკეთდა საქართველოს კომუნისტური პარტიის სოხუმის დროებით საოლქო კომიტეტად.
თუმცა ბოლშევიკები, ლეგალური საქმიანობის გარდა, იატაქვეშა მუშაობას არ წყვეტდნენ და, სოციალური პრობლემების გამოყენებით, დესტაბილიზაციისა თუ ხელისუფლებაში მოსვლის მცდელობებს არ ეშვებოდნენ. მაგალითად, 1920 წლის სექტემბერში თბილისში რკინიგზელთა მასშტაბური გაფიცვები მოხდა და ამ პროცესს ზურგს ბოლშევიკური ჯგუფები უმაგრებდნენ. კომუნისტური პარტია მენშევიკების მეთვალყურეობის ქვეშ მართალია, იყო, მაგრამ საქართველოს მთავრობა, მოსკოვთან დადებული ხელშეკრულების გამო, შეზღუდული იყო – ხედავდა ბოლშევიკთა რადიკალიზმს, თუმცა, ამ რადიკალიზმის აღკვეთა რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებას ნიშნავდა.
ამასობაში ბოლშევიკებმა, ჩრდილო კავკასიის გარდა, გააწითლეს აზერბაიჯანი და სომხეთი. შემდეგ ჯერი უკვე საქართველოზე იყო. ბოლშევიკები შემოჭრას და ქვეყნის გაწითლებას ჩვეული ფორმით გეგმავდნენ – ადგილზე ბოლშევიკურ რაზმებს უნდა დაეწყოთ სამხედრო გამოსვლები, რომლებიც გლეხთა და მუშათა ამბოხებებად გამოცხადდებოდა. ისინი შექმნიდნენ სურათს, რომ ეს ამბოხებები იყო მასშტაბური და საყოველთაო, ხოლო საბჭოთა რუსეთს სხვა არაფერი დარჩებოდა, არმიით მათი დახმარების გარდა. ამ ვერსიის განსახორციელებლად მთელი ძალით მუშაობდნენ ბოლშევიკურ წრეებში. კერძოდ, რუსეთის კომუნისტური პარტიის ზედამხედველობით, ამ საქმეს საქართველოში საბჭოთა რუსეთის საელჩო და ადგილობრივი კომუნისტური პარტია ასრულებდა.
1921 წლის გასაბჭოება
1921 წლის იანვარში რუსეთის კომუნისტური პარტიის (რკპ) ცენტრალური კომიტეტის (ცეკ-ას) კავკასიის ბიურომ გასცა განკარგულება, რომ საქართველოს კომპარტიის ცეკა სამხედრო ამბოხებას დაიწყებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1921 წლის 14 თებერვალს სოხუმში შედგა ბოლშევიკების საიდუმლო შეხვედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისააკ ჟვანია[9]. ის ამ შეხვედრაზე საქართველოს კომპარტიის სოხუმის საოლქო კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს.
საქართველოში ბოლშევიკთა ამბოხება დაიწყო 11-12 თებერვლის ღამეს ბორჩალოში. 16 თებერვალს შეიქმნა საქართველოს რევკომი, რომელშიც შევიდნენ ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, შალვა ელიავა, ამაიაკ ნაზარეთიანი და სხვები. 18 თებერვალს შეიქმნა აფხაზეთის რევკომი შემდეგი შემადგენლობით: ეფრემ ეშბა, ნესტორ ლაკობა და ნიკოლოზ აქირთავა. თუმცა რევკომი უშუალოდ აფხაზეთში არ შექმნილა და არც ლაკობა და ეშბა რეგიონში იმყოფებოდნენ რეგიონში – 1920 წლის ბოლოდან ისინი ბოლშევიკური საქმიანობას ეწეოდნენ თურქეთში. 18 თებერვალს გუმისთას მაზრაში შეიქმნა დროებითი იატაკქვეშა რევკომი – ჟვანიას მეთაურობით [წევრები - მიხეილ ცაგურია, ილია სვერდლოვი, მარია კარაგოდსკაია], რომელიც ადგილზე განვითარებულ მოვლენებში იყო ჩართული, მაგრამ მოვლენებზე სერიოზული გავლენა არც ამ რევკომს ქონია.
წითელი არმიის შემოსვლა საქართველოს სხვადასხვა მხარეში. საქართველოს ეროვნული არქივი.
საწყის ეტაპზე ამ რევკომების მთავარი დანიშნულება საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის პოლიტიკური და იდეოლოგიური საფუძვლების მომზადება იყო. ორივე რევკომმა ოფიციალურად მიმართეს რუსეთის კომპარტიას, რომ საქართველოში ამბოხებულ მუშებსა და გლეხებს დახმარებოდნენ. საბჭოთა რუსეთი კი ამ „მოულოდნელი“ მოწოდებებისთვის “შემთხვევით” სრულიად მომზადებული აღმოჩნდა.
საბჭოთა გეგმის მიხედვით, საქართველოს გასაბჭოება უნდა მოეხდინა IX და XI არმიებს, ასევე, უნდა ემოქმედა თერგის ხეობაში დარიალიდან შესულ წითლების დაჯგუფებას. ამავე დროს სერგეი კიროვის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები მამისონის უღელტეხილით რაჭიდან ზემო იმერეთში უნდა გადასულიყვნენ და ქართული ნაწილების კომუნიკაციები გაეწყვიტათ.
ძირითადი დავალება ეძლეოდა XI არმიას, რომელიც თბილისს უტევდა, ხოლო აფხაზეთის მხარეში უნდა ემოქმედა ყუბანის IX არმიას. გეგმის მიხედვით, მათ მალე უნდა აეღოთ სოხუმი, ხოლო ავანგარდი გასულიყო ზუგდიდთან, ახალსენაკში, დაეკავებინა ფოთი და შეერთებოდა XI არმიას.
აფხაზეთზე შეტევა დაიწყო 1921 წლის 19 თებერვალს. ბრძოლები გაიმართა სოფელ პილენკოვოსთან [დღევანდელი განთიადი, აფხაზურად – ცანდრიფში]. თავდაპირველი წარუმატებლობის შემდეგ, 20 თებერვალს, ქართულმა ძალებმა კონტრშეტევა წამოიწყეს. მათ ეხმარებოდნენ ფრანგული ნაღმოსნები და სატრანსპორტო ხომალდიც, რომელიც ზღვიდან ამუშავებდა ბოლშევიკების პოზიციებს. ფრანგული ესკადრა აქტიურობდა 20-22 თებერვალს და წითლებს წინ წაწევის საშუალებას არ აძლევდა თუმცა 22 თებერვალს წითლებმა მაინც დაიკავეს პილენკოვო და ძველი გაგრა. 23 თებერვალს დაიკავეს გაგრა და დღის ბოლოს მდინარე ბზიფთან გავიდნენ.
ამასობაში, 25 თებერვალს, წითლებმა დაიკავეს თბილისი. იმავე დღეს ბოლშევიკები მიადგნენ ლიხნს. 26 თებერვალს დაიკავეს გუდაუთა. თავდაცვის შემდეგი ხაზი ახალი ათონი გახდა. 27 თებერვალს ფრანგულმა ხომალდებმა დაბომბეს გუდაუთა, მაგრამ არტილერიის საპასუხო ცეცხლის შემდეგ უკან დაიხიეს.
ეროვნული ბიბლიოთეკა
ქართული კონტრშეტევა დაიწყო 1 მარტს. მენშევიკებს ფრანგული ხომალდებიც ეხმარებოდნენ, თუმცა, 3 მარტს, ბოლშევიკებმა კონტრშეტევა მოიგერიეს და ახალ ათონში ქართული თავდაცვითი ზღუდე დაიკავეს. მათ ფლოტის წინააღმდეგ ავიაცია გამოიყენეს და ფრანგულმა ფლოტმაც უკან დაიხია.
4 მარტს, თბილისის დაკავებიდან ერთი კვირის შემდეგ, წითელი არმია სოხუმში შევიდა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარება გამოაცხადა.
IX არმიის ნაწილებმა 6 მარტს დაიკავეს ოჩამჩირე, ხოლო მომდევნო დღეს – გალი; შემდეგ გადალახეს ენგური და დაიკავეს ზუგდიდი. 11 მარტს – ახალსენაკი და 14 მარტს – ფოთი. მენშევიკების მთავრობამ ბათუმი 17 მარტის ღამეს დატოვა და წავიდა ემიგრაციაში.
1921 წლის თებერვალ-მარტიდან ბოლშევიკური ხელისუფლება მეთოდურად იწყებს დამკვიდრებას. ამ პროცესს წლები დასჭირდება და ათასობით ადამიანის სიცოცხლეც შეეწირება. თუმცა, ეს უკვე სულ სხვა ეპოქაა და – სულ სხვა თავგადასავალი.
ბოლოთქმა
საბჭოთა პერიოდში ბოლშევიკური ამბოხებები გლეხთა და მუშათა უფლებებისთვის ფასდებოდა ომად და საქართველოს გასაბჭოება, შესაბამისად, აფხაზეთისაც, ამ ჩაგრული კლასების გათავისუფლებად მიიჩნეოდა – ასეთი იყო საბჭოთა ისტორიული ნარატივი. გვიანდელ საბჭოთა პერიოდში, უკვე ნაციონალიზმის პოპულარობის პირობებში, აფხაზეთში მიმდინარე ბოლშევიკური ამბოხებები აფხაზების გამათავისუფლებელ მოძრაობად გადაფასდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი გლეხთა და მშრომელთა გათავისუფლების ნარატივი გაქრა, თუმცა დარჩა და უფრო გამძაფრდა ნაციონალური ხაზი – აფხაზებისთვის გასაბჭოების პერიპეტიები საკუთარი სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლად წარმოჩინდა, ხოლო ქართველებისთვის – რუსულ იმპერიასთან ბრძოლის მორიგ ეპიზოდად.
ეს დამოკიდებულებები მეტყველებს ერთ მარტივ სიმართლეზე – ისტორია ყოველთვის თანამედროვეა, მას დღევანდელობიდან ვუყურებთ და ვაფასებთ. აფხაზეთის ისტორიაზე შექმნილი ამ რამდენიმე სტატიის მიზანი კი ისტორიის კონკრეტული მონაკვეთის შეძლებისდაგვარად გაცოცხლება, იმდროინდელი განწყობებისა და პროცესების რეკონსტრუქციაა.
ამ რეკონსტრუქციაში რუსეთის იმპერიალიზმისა თუ აფხაზური ნაციონალიზმის სრულად გამორიცხვა თავისთავად არასწორი იქნება, თუმცა მხოლოდ ამ პერსპექტივით საუკუნის წინანდელი ამბების დანახვა არანაკლებ დამახინჯებულ წარმოდგენებს შეგვიქმნის და მიგვიყვანს მცდარ დასკვნებამდე, რომელთაც ჩვენი (შესაბამისად, ასევე მცდარი) მომავლის მოლოდინები დაეფუძნება.
დღეს, პოსტ ფაქტუმ, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ იმ ეპოქაში სოციალიზმი ყველაზე პოპულარული იდეოლოგია იყო არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ – ევროპაში. სოციალური უთანასწორობისთვის ბრძოლა წამყვანი მოტივაცია იყო თაობებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებს იმ დროში ქმნიდნენ.
ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურ კონკურენციაში ბოლშევიკები სხვა სოციალისტებთან დამარცხდნენ რუსეთშიც, კავკასიაშიც და აფხაზეთშიც. ერთადერთი გზა და მეთოდი, რითაც მარქსისტების ამ ფრთამ ძალაუფლება მოიპოვა, შეიარაღებული ამბოხება იყო. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბოლშევიკებმა თავიანთ კონკურენტებს ორგანიზებულობითა და მიზანდასახულობით აჯობეს.
აფხაზეთში მიმდინარე ბრძოლებში კარგად გამოჩნდა, რომ ადგილობრივი ბოლშევიკები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ და ისინი რუსეთის კომპარტიის ადგილობრივ ფრთას წარმოადგენდნენ. ამასთანავე, მტკიცება იმისა, რომ რეგიონის ქართული მოსახლეობა მხოლოდ მენშევიკებს უჭერდა მხარს, ხოლო აფხაზები – ბოლშევიკებს, ზედაპირული შეფასებაა. განსხვავებად სამურზაყანოში მოქმედ გლეხთა ბოლშევიკურ რაზმებსა და აფხაზურ კიარაზს შორის მხოლოდ ის რჩება, რომ სამურზაყანოს ამბოხება 1918-ში იყო და ის მენშევიკებმა მალევე ჩაახშვეს. კიარაზი კი უფრო ხელსაყრელ პერიოდში მოქმედებდა და ბოლშევიკური ბრძოლის წარმატებას მოესწრო.
არც ისაა სიმართლე, რომ აფხაზი ბოლშევიკების სამეული – ეშბა-ლაკობა-აქირთავა რეგიონში ბოლშევიკური ბრძოლის სათავეებთან იდგნენ და მხოლოდ მათმა ბრძოლამ მიაღწია წარმატებას. ეს მოძრაობა ინტერნაციონალური იყო და თუ, მაინც და მაინც, ეთნიკურ საკითხს შევეხებით, ქართული კვალი აქ შეიძლება წარმმართველიც ყოფილიყო. თუმცა ეს საკითხები ჩვენი – შემდგომი თაობებისთვის გახდა მნიშვნელოვანი, იმ დროს კი ამ ნაციონალურ თემებს ცოტა ვინმე თუ აქცევდა ყურადღებას.
ისტორია მუდმივად განიცდის პოლიტიკურ თუ იდეოლოგიურ ზეწოლებს. ერთადერთი ეფექტური გზა ამისგან თავდასაცავად წარსულის მრავალი კუთხიდან დანახვა და მასზე შეძლებისდაგვარად მრავალი პერსპექტივით დაკვირვებაა.
ამ გზაზე თავდაპირველად ქაოსს აღმოვაჩენთ, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ რამეზე მეტყველებს – წარსული ისეთივე მრავალფეროვანი და ქაოტური იყო, როგორიც ჩვენი დღევანდელობაა. უცნაური ამაში არაფერია – ისტორია ხომ ჩვენი თანამედროვეა.
_________________________________________[1] ახალგაზრდა თურქები - XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ოსმალეთის იმპერიაში რეფორმატორი ოფიცრებისა და ინტელექტუალების კრებითი სახელი, რომელთაც კონსტიტუციური მონარქიისა და იმპერიის მოდერნიზაციის გეგმები ჰქონდათ. მიუხედავად საწყისი მიზნებისა ეს ჯგუფი ლიბერალური იდეებიდან ავტორიტარიზმისა და რადიკალური ნაციონალიზმისკენ გადაიხარა. პირველ მსოფლიო ომში ოსმალეთის გერმანიის მხარეზე ჩართვა სწორედ ამ მოძრაობასა და მათ პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება. სწორედ ისინი მართავდნენ ოსმალეთს პირველ მსოფლიო ომში და საომარ პოლიტიკასაც ისინი ატარებდნენ კავკასიაში. მათვე უკავშირდება სომხეთა გენოციდიც. ახალგაზრდა თურქებმა მოაწყვეს სომხების გენოციდი.
[2] აფხაზეთის საბჭოს სიმპათია მენშევიკური თბილისის მიმართ ლოგიკური იყო, რადგან საბჭოში არისტოკრატია შედიოდა, არისტოკრატია კი მენშევიკებს უფრო უგებდა, ვიდრე – ბოლშევიკებს, რომლებიც ღიად ემტერებოდნენ, ამოხოცვითაც კი ემუქრებოდნენ მთელ მათ კლასს. შესაბამისად, ეს ურთიერთობები კლასობრივი პრიზმით უნდა დავინახოთ და არა – ნაციონალისტური პრიზმით, რადგან აფხაზეთის არისტოკრატიას, ბოლშევიკების გარდა, ყველა აწყობდა და რადგან იმ მომენტში მენშევიკები იყვნენ სიტუაციური მოკავშირეები – ეხმარებოდნენ მათ. სხვა დროს, არისტოკრატიის ნაწილი ოსმალებს ეტაპიჟებოდა აფხაზეთში, მერე კი – რუსების მოხალისეთა ჯარებს.
[3] მიხა ცხაკაია [1865-1950] - ქართველი ბოლშევიკი და რევოლუციონერი. მონაწილეობდა 1905-07 წლების რევოლუციაში. 1917 წელს კავკასიაში ბოლშევიკთა საქმიანობის ერთ-ერთი კურატორი. სენაკს 1935-89 წლებში სწორედ მის პატივსაცემად ეწოდებოდა ცხაკაია.
[4] გენერალი გიორგი მაზნიაშვილი [1870-1937] - პროფესიონალი სამხედრო. კარიერა დაიწყო რუსეთის იმპერიის არმიაში. მონაწილეობდა რუსეთ იაპონიისა [1904-05] და პირველ მსოფლიო [1914-1918] ომებში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. მონაწილეობა მიიღო პირველი რესპუბლიკის ყველა სამხედრო კამპანიაში. გასაბჭოების შემდეგ მსახურობდა საბჭოთა წითელ არმიაში, თუმცა 1921-23 წლებში დააკავეს და შემდეგ ქვეყნიდან გაასახლეს. დაბრუნდა 1925 წელს. ჩამოშორდა სამხედრო საქმიანობას. 1937 წელს თავის ვაჟთან, ივანესთან ერთად დახვრიტეს.
[5] ვალიკო ჯუღელი [1887-1924] - პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე. სოციალ-დემოკრატი. მეთაურობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახალხო გვარდიას. 1921 წელს, ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ, წავიდა ემიგრაციაში, თუმცა 1924 წელს არალეგალურად დაბრუნდა და მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ დააკავა და 1924 წლის 30 აგვისტოს დახვრიტა.
[6] საქართველოს სახალხო გვარდია – შეიქმნა 1917 წლის ბოლოს, როგორც კონტრევოლუციური ამბოხებების წინააღმდეგ მოქმედი მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების კომისია. პირველი რესპუბლიკის გამოცხადებამდე ეწოდებოდა წითელი გვარდია და წარმოადგენდა სოციალ-დემოკრატების პარტიულ შეიარაღებულ ფორმირებას. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ გადაკეთდა სახალხო გვარდიად და შეინარჩუნა ორგანიზაციული დამოუკიდებლობა. მონაწილეობდა ანტი-ბოლშევიკური გამოსვლების ჩახშობაში, ასევე, სომხეთთან, ოსმალეთთან და აფხაზეთში ბოლშევიკებთან ბრძოლებში.
[7] კიარაზის ჯგუფები ისევ აგრძელებდნენ შეიარაღებულ თავდასხმებს. სოხუმში ბათუმიდან ჩამოვიდა ცნობილი ბოლშევიკი-ტერორისტი გიორგი ნაუმოვი, რომელმაც ქალაქში ლაბორატორიაც მოაწყო, სადაც ასაფეთქებელ ნივთიერებებს ამზადებდნენ.
[8] მოხალისეთა არმია (Добровольческая армия) ოქტომბრის რევოლუციის შემდგომ 1917 წლის ბოლოსკენ რუსეთის სამხრეთში რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრებისგან და სხვა მოხალისეებისგან ჩამოყალიბდა. მისი ცნობილი ლიდერები იყვნენ გენერლები ლავრ კორნილოვი, მიხეილ ალექსეევი და ანტონ დენიკინი. მოხალისეთა არმია თეთრი მოძრაობის ნაწილი იყო, ეს უკანასკნელი კი თავის თავში რუსეთის სამოქალაქო ომის დროს სხვადასხვა ანტიბოლშევიკურ ძალებს აერთიანებდა - რუსეთის სამხრეთით მოხალისეთა არმიას, აღმოსავლეთში კოლჩაკის არმიას, ასევე დონის, ყუბანის, ასტრახანის, თერგისა თუ ურალის კაზაკებს.
[9] ისააკ ჟვანია [1891-1937] - ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი. აფხაზეთში მოქმედი ბოლშევიკური ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი. 1937 წელს მემარჯვენე ანტი-საჭოთა ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით დააკავეს და დახვრიტეს.
გამოყენებული ლიტერატურა:
სტივენ ჯონსი, სოციალიზმი ქართულ ფერებში : სოციალ-დემოკრატიის ევროპული გზა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2007
ზურაბ პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი I, გვ. 3-70, ივანე ჯავახიშვილის სახეობის თსუ სოხუმის ფილიალის გამომცემლობა, თბილისი, 2007
აფხაზეთი - 1917-1921: მეხსიერების რეკონსტრუქცია, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2023
Г.А. Дзидзария, Очерки истории Абхазии; 1910-1921, სახელმწიფო გამომცელობა - საბჭოთა საქართველო, თბილისი, 1963
Г. А. Дзидзария, Советская власть в Абхазии в 1918 году, სოხუმი, Алашара, 1972
Г. А. Дзидзария, Очерки истории борьбы за Советскую власть в Абхазии (1917—1918), სოხუმი, 1958
С. З. Лакоба Абхазия в годы Первой российской революции, მეცნიერება, თბილისი, 1985
С. З. Лакоба, Абхазия после двух империй. XIX-XXI вв. სლავური კვლევების ცენტრი, ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, საპორო, 2004
С.В. Волков, Белое движение: Энциклопедия гражданской войны; მოსკოვი, 2003
გირჩევთ

მუჰაჯირობის პირველი ტალღა | ზურა წურწუმია
31.08.2025