1921 წლის 11-12 თებერვლის ღამე, გადაწყვეტილება | დიმიტრი სილაქაძე
15.03.2025 | 18 წუთიანი საკითხავიდიმიტრი სილაქაძე საბჭოთა რუსეთის სრულმასშტაბიანი ინტერვენციის ქრონოლოგიაში განსაკუთრებულად ნიუანსურად აღწერს 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს და ხსნის, რა მიგნებები და დასკვნები ხდება რეალური ამ ბრძანების გაცემამდე დაწყებული ინტერვენციით. ავტორი გვაჩვენებს, როგორ განაპირობა შედეგი – საბჭოთა ხელისუფლების დამყარება საქართველოში – ძალიან მნიშვნელოვანი თუ ერთი შეხედვით უმნიშვნელო მოვლენების თანმიმდევრობამ ანდა თანადროულობამ; პროცესში ჩართულ მონაწილეთა პირადმა მოტივებმა თუ შეუთანხმებელმა მოქმედებამ.
სტატიაში თხრობის მთავარი ხაზი ადრესატამდე დროულად მისულ, დაგვიანებულ თუ სულაც დაკარგული დეპეშების შინაარსზეა აგებული, რომელთა გაგზავნა-მიღებითაც მოსკოვიდან და ბაქოდან იმართებოდა საქართველოში შეჭრის პროცესი. თუმცა, ამ ტექსტში ჩანს ისიც, თუ როგორ დაიწყო პირველი დარტყმა საქართველოზე სწორედ ბრძანების დეპეშის არალოდებით. ტექსტში ქრონოლოგიურადაა აღწერილი მოვლენები იმ მომენტიდან, როცა რუსეთის ბოლშევიკური ხელისუფლებისთვის საქართველოს რესპუბლიკის დამარცხება კვლავ ხდება მნიშვნელოვანი. ამ მოვლენების თანმიმდევრულად აღქმის გამო კიდევ უფრო დრამატულად წარმოჩინდება თითოეული საბედისწერო მომენტი, ადამიანი, წერილი და ფრაზა წერილში.
ტექსტი კიდევ ერთხელ გაამძაფრებს შეგრძნებას, რომ იანვრის ბოლოდან 17 მარტამდე უცვლელად მძიმე დრო დგას საქართველოსთვის, მიუხედვად იმისა, რომ 1921 წელთან სულ უფრო მეტი დრო გვაშორებს, დრო კი დარდს შველის.
დიდ გეოპოლიტიკურ სვლებში ჩაკარგული იდეა დემოკრატიული და დამოუკიდებელი, ევროპული სოციალური თანასწორობის ორიენტირით მცხოვრები საქართველოს შესახებ იმდენად სანუკვარია, რომ ბევრი ჩვენგანი იანვრის ბოლოდან მარტის ბოლომდე გაცნობიერებით შედის 1921 წელს დამდგარ დასასრულში. ამ ქრონოლოგიის ხელახლა გავლა, მეხსიერების გაცოცხლებით, გვჭირდება იმისთვისაც, რომ გავიხსენოთ – სწორედ ასეთ მუხანათურად დამდგარ დასასრულს გადაურჩა იდეა დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს შესახებ და რომ ამიტომ ეს დასასრული, ამავდროულად, არის იდეის შემნახველიც.
- თამარ ბაბუაძე, რედაქტორი
...
1921 წლის 11 თებერვალმა საქართველოსთვის თითქოს მშვიდობიანად ჩაიარა, მაგრამ ღამით, თეატრიდან სახლში მისულ საქართველოს გენერალური შტაბის ოფიცერს, მაიორ ვალერიან თევზაძეს შტაბიდან დაურეკეს და ერთი სიტყვა უთხრეს – “დაიწყო!”
რა დაიწყო 11-12 თებერვლის ღამით – ამ თემაზე საბჭოთა პროპაგანდას ერთი პასუხი ჰქონდა, ემიგრაციაში წასულ საქართველოს მთავრობას და ქართველებს – სხვა.
საბჭოთა ისტორიოგრაფიის ვერსია ასეთი იყო: 11-12 თებერვლის ღამეს ბორჩალოს მაზრაში, სომხეთსა და საქართველოს შორის არსებულ ნეიტრალურ ზონაში[1] მდგარ ქართულ ჯარს ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აუჯანყდა, რადგან ქართული ჯარისგან შევიწროებულად იგრძნეს თავი. რამდენიმე დღეში, 16 თებერვლის დილას, საქართველოში ღიად შემოჭრილ რუსულ მე-11 არმიას, შესაბამისად, ამ აჯანყებულების დაცვა სურდა. ამავე ვერსიით, საბჭოთა რუსეთის ჯარები ითვალისწინებდნენ ქართველი ხალხის თხოვნასაც და მოქმედებდნენ მათი დაცვა-განთავისუფლებისთვის.
თუმცა, დღეს რუსულ საარქივო დოკუმენტებშივე ჩანს ნათლად, რომ 1921 წლის 11-12 თებერვლის ღამით, ბორჩალოს მაზრაში, ქართული ჯარის წინააღმდეგ უკვე ჰქონდათ მოქმედება დაწყებული რუსული რეგულარული არმიის ნაწილებს: 96-ე მსროლელ ბრიგადას, 180-ე მსროლელ პოლკს, მეოცე მსროლელი დივიზიის საკავალერიო პოლკს. ხოლო ნეიტრალური მაზრის აჯანყებულები, სინამდვილეში, იყვნენ წითელი არმიის მიერ მომზადებულნი, საქართველოს უდავო ტერიტორიაზე კი არავინ აჯანყებულა.
ამას თავად ქართველი ბოლშევიკების ლიდერი, ფილიპე მახარაძე აღნიშნავდა საქართველოს ოკუპაციიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოსკოვში გაგზავნილ საიდუმლო მოხსენებაში. ის ამავე წერილში აზუსტებდა, რომ მე-11 არმიის საქართველოში შეჭრის შესახებ ქართველმა ბოლშევიკებმა არაფერი იცოდნენ. ისინი იმ დროს არც კი ფიქრობდნენ აჯანყებაზე.
შესაბამისად, მათი აჯანყება გამოგონილი ამბავია, ხოლო საქართველოს რევკომი (რევოლუციური კომიტეტი) სრული ფიქცია გახლავთ – მათი თხოვნა წითელი არმიისადმი დახმარების შესახებ და რევკომის წევრების ჩამონათვალი საქართველოში არც კი დაწერილა.
წითელი არმია თბილისში. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ეს მეტ-ნაკლებად ცნობილი საკითხია ისევე, როგორც ფაქტი, რომ 16 თებერვლის დილიდან საქართველოს წინააღმდეგ ღია შეტევის დაწყების გადაწყვეტილება პირადად ლენინმა და კომპარტიის ცეკას პოლიტბიუროს წევრებმა 14-15 თებერვალს მიიღეს (წინააღმდეგი პოლიტბიუროს ერთადერთი წევრი, კარლ რადეკი იყო). სამაგიეროდ, ოდნავ უფრო ბუნდოვანია, რა ვითარებაში და ვინ გადაწყვიტა, თავდასხმა 11-12 თებერვლის ღამეს. ზუსტი დოკუმენტი, რომელიც ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვან პასუხს გაგვცემდა, ან არ არსებობს, ან ჯერ კიდევ რომელიმე დახურულ რუსულ არქივში ინახება, თუმცა, სხვა დოკუმენტების ანალიზითაც შეიძლება პასუხის მიღება. მეტიც, ამ დოკუმენტებზე დაყრდნობითვე ისიც შეგვიძლია, რომ თვალი მივადევნოთ საქართველოზე თავდასხმის გადაწყვეტილების მიღების მთელ პროცესს.
პროცესში მონაწილეობდნენ:
პირველ რიგში, ვლადიმერ ლენინი, ბოლშევიკთა ბელადი და პარტიის პირველი კაცი;
ლევ ტროცკი – პოლიტბიუროს წევრი და სამხედრო-რევოლუციური საბჭოს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, წითელი არმიის პოლიტიკური ხელმძღვანელი და რუსეთის სამოქალაქო ომის მთავარი ფიგურა;
იოსებ სტალინი – პოლიტბიუროს ეთნიკურად ქართველი წევრი და საბჭოთა რუსეთის ეროვნებათა სახალხო კომისარი, კავკასია მისი განსაკუთრებული საზედამხედველო ზონა იყო;
გიორგი ჩიჩერინი – ნაკლებად მნიშვნელოვანი ფიგურა, თუმცა საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი;
გრიგოლ (სერგო) ორჯონიკიძე – ეთნიკურად ქართველი, რუსეთის კავკასიის ფრონტის სამხედრო-რევოლუციური საბჭოს წევრი და ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ასევე, რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, ფაქტობრივად, კავკასიის ფრონტის პირველი კაცი სამხედრო-პოლიტიკური და პარტიული ხაზით და საქართველოს სწრაფად და ყველაფრის ფასად საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცევის მოსურნე.

ამის შემდეგ მოდიოდნენ პოლიტბიუროს სხვა ნაკლებად მნიშვნელოვანი წევრები და სამხედროები და გადაწყვეტილების მიღების პროცესზეც ნაკლებ გავლენას ახდენდნენ.
ბოლშევიკ ბელადებს ჯერ კიდევ სწამდათ მსოფლიო რევოლუციის იდეის და ამ მხრივ ამიერკავკასია მათთვის ახლო აღმოსავლეთში რევოლუციის გასავრცელებლად მნიშვნელოვანი პლაცდარმი იყო. გარდა ამისა, ყურადსაღები იყო კავკასიის ბუნებრივი რესურსები: ბაქოს ნავთობი, ჭიათურის მანგანუმი, ტყიბულის ქვანახშირი, რკინიგზა, შავი ზღვის პორტები და, როგორც 1920 წლის 30 ნოემბერს სტალინი გაზეთ “პრავდას” კორესპოდენტთან საუბარში აღნიშნავდა, საკითხი ამგვარად იდგა: ვინ ისარგებლებდა ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონითა და სათბობ-ენერგეტიკული რესურსებით – რევოლუცია თუ ანტანტა.
საბჭოთა რუსეთში საქართველოს ანტანტის უკანასკნელ საყრდენადაც მიიჩნევდნენ და მის გარეშე კავკასიის გაკონტროლება რთულ ამოცანად ესახებოდათ. ამის გარდა, ბოლშევიკთა ლიდერები იმპერიალიზმს თეორიულად, დიახ, გმობდნენ, მაგრამ ამიერკავკასიას მაინც რუსეთის გავლენის ზონად განიხილავდნენ. ეს ნიშნავდა იმას, რომ ადგილობრივი ერების რეალურ სურვილებს ყურადღებას არ აქცევდნენ. ძალაუფლების სათავესთან მყოფი ეთნიკურად ქართველი ბოლშევიკებისთვის საქართველოს გაკონტროლება, სხვა ყველაფერთან ერთად, პრესტიჟის საკითხიც გახლდათ.
პარტიის ყველა ლიდერი თანხმდებოდა, რომ საქართველო მათ ხელში უნდა ყოფილიყო, ოღონდ, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სხვადასხვაგვარად წარმოედგინათ, როდის და რა მეთოდებით მოიპოვებდნენ მას.
ასეც შეიძლება ითქვას: ბოლშევიკთა ბელადები საქართველოს საკითხზე სტრატეგიულად თანხმდებოდნენ, მაგრამ ტაქტიკური ხედვები განსხვავებები ჰქონდათ.
პირველი მცდელობა
საბჭოთა რუსეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას დიდი სიხარულით არ შეხვედრია, მაგრამ რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო, კავკასიური რესპუბლიკების დამოუკიდებლობა მეორეხარისხოვან პრობლემად მიაჩნდათ და მეტიც, დროებით ამ ფაქტს შეეგუენ კიდეც, თუმცა ფინანსურ თუ მცირე სამხედრო დახმარებას მაინც უწევდნენ საქართველოს შიგნით მყოფ ბოლშევიკებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობას შორის პოპულარულობით სულაც არ სარგებლობდნენ და არც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობას და მის კანონებს არ ცნობდნენ. ანუ იატაკქვეშეთში მუშაობდნენ და მათ სუსტ აჯანყებებს რესპუბლიკა მარტივად უმკლავდებოდა.
სიტუაცია 1920 წლის დასაწყისში შეიცვალა, როდესაც ნათელი გახდა, რომ წითლებისგან უკუქცეული თეთრი გენერალის, ანტონ დენიკინის ჯარების აღსასრული მოახლოვდა. ამ ფონზე, 1920 წლის 2 იანვარს, რსფსრს-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა, გიორგი ჩიჩერინმა, თავის ქართველ კოლეგას, ევგენი გეგეჭკორს მუქარანარევი რადიოდეპეშა გაუგზავნა: სანამ დროა, თქვენც ჩაერთეთ დენიკინის წინააღმდეგ ომშიო. გეგეჭკორმა ამ მუქარას უპასუხა, ჩვენ, მართალია, დენიკინს ვებრძოდით შარშან, მაგრამ ჩვენს ისედაც მცირერიცხოვან მოსახლეობას თქვენს სამოქალაქო ომში სისხლს ვერ დავაღვრევინებთო.
1920 წლის გაზაფხულზე წითლებმა ჩრდილოეთ კავკასია თეთრებისაგან გაწმინდეს და 17 მარტს ლენინმა ორჯონიკიძეს დირექტივა გაუგზავნა, ბაქოს დაკავება ჩვენთვის უაღრესად, უაღრესად საჭიროა და მზადება დაიწყეთო, იგივე ეხება საქართველოს, მაგრამ გირჩევთ, მას უფრო ფრთხილად მოეპყრათო.
ლენინმა, აქედან ორ კვირაში, ორჯონიკიძეს კიდევ ერთი დირექტივა გაუგზავნა საქართველოზე – ჯერჯერობით, მხოლოდ დაკვირვებით შემოვიფარგლოთო.
წითელი არმია, ადგილობრივ – ბაქოელ ბოლშევიკებთან კოორდინაციით, 1920 წლის 28 აპრილს შევიდა ბაქოში და აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დაამყარა.
რამდენიმე დღეში, წითლებმა იგივე სცადეს თბილისშიც, როდესაც ადგილობრივი ბოლშევიკები, 1-2 მაისის ღამეს, წარუმატებლად დაესხნენ თავს სამხედრო სკოლას, ხოლო ვლადიკავკაზიდან, როკის უღელტეხილის გავლით, ბოლშევიკების მცირე რაზმი გადავიდა გორის მაზრის მთიან ზონაში და სოფელი როკი დაიკავა. 2 მაისის, რუსეთის მე-11 არმიის ერთი დივიზია აზერბაიჯანის მხრიდან დაესხა თავს საზღვარზე – წითელ ხიდზე მდგარ ქართულ ჯარს და ხიდი დაიკავა.
ამ მოვლენების გამო იყო, რომ ორჯონიკიძე 3 და 4 მაისს მოსკოვს აღტკინებული წერდა დეპეშებს, რომ (1920 წლის) მაისის შუა რიცხვებში (წითლები) უკვე თბილისში იქნებოდნენ.
თუმცა, მის მოლოდინებს ცივი წყალი გადაესხა და არა მხოლოდ ერთი მხრივ. პირველ რიგში, ქართველები კონტრშეტევაზე გადავიდნენ და უკან დაახევინეს წითლებს. თან, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლორდმა ჯორჯ ნეთანიელ კერზონმა, თავის რუს კოლეგას გიორგი ჩიჩერინს, ნოტა გაუგზავნა და, სხვა საკითხებთან ერთად, კავკასიაში წინსვლის შეჩერება სთხოვა.[2]
ჩიჩერინმა ლენინს ურჩია: კავკასიაში ყველაზე ძვირფასი (ბაქოს ნავთობი) უკვე ხელში ჩავიგდეთ და შევჩერდეთო. ლენინი დაეთანხმა, რადგან იმ დროს ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების დაწყების კონტურები ისახებოდა. სამოქალაქო ომით გაჩანაგებულ რუსეთის ეკონომიკას კი ეს ჰაერივით სჭირდებოდა. იმავდროულად, უკრაინაში, პოლონეთისა და უკრაინის სახალხო რესპუბლიკის ჯარები წარმატებით უტევდნენ ბოლშევიკებს და მოსკოვს კავკასიაში არათუ დამატებითი ჯარების გაგზავნა აღარ შეეძლო, პირიქით, ზოგიერთი დივიზიის უკან გაწვევაც და პოლონეთის წინააღმდეგ გადასროლა დასჭირდა.
ამავე პერიოდში მოსკოვში იმყოფებოდა ნოე ჟორდანიას მიერ გაგზავნილი წარმომადგენელი, გრიგოლ ურატაძე, რომელიც რუსეთთან საზავო ხელშეკრულების გაფორმებას ცდილობდა.
აი, ამ ფაქტორების გათვალისწინებით უბრძანეს 4 მაისს ლენინმა და სტალინმა ორჯონიკიძეს, თბილისზე შეტევისგან თავი შეეკავებინა. 6 მაისს სტალინმა კიდევ ერთხელ გაუმეორა ურჩ სერგოს ბრძანება და დაამატა, ურატაძე ხელს მოაწერს ჩვენს მოთხოვნებს კომუნისტური პარტიის საქართველოში ლეგალიზაციის ჩათვლით და პარტიის ცენტრალური კომიტეტი შეტევის შეწყვეტას საერთაშორისო მდგომარეობის გათვალისწინებით გავალებსო.
7 მაისს ორჯონიკიძემ კრემლიდან მიღებულ დირექტივას თავი დაუხარა, თუმცა ითხოვა, ზავის ერთ-ერთ პირობად საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება ჩაეწერათ. სტალინმა და აბელ ენუქიძემ კი უპასუხეს, აბსოლუტურად სწორია ეს შენი მოსაზრება, მაგრამ სიჩქარე საჭირო არაა, რადგან კომუნისტური პარტიის ლეგალიზაციის შემდეგ საქართველო რამდენიმე თვეში მაინც საბჭოთა რესპუბლიკა გახდება, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობსო.
ზავი
ლენინი თავს ერთა თვითგამორკვევის იდეით იწონებდა და იმპერიალიზმს აკრიტიკებდა, თუმცა ეს, ძირითადად, მაინც შირმა იყო. მისთვის საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკად გადაქცევის ფორმას მნიშვნელობა ჰქონდა. საქართველოს დაპყრობას სამხედრო ინტერვენციის სახე ნაკლებად უნდა ჰქონოდა (როგორც აზერბაიჯანის შემთხვევაში შეინიღბა) და თუ რუსეთ-საქართველოს 7 მაისის ხელშეკრულებაში ჩაწერილი ბოლშევიკური პარტიის ლეგალიზაცია ამ უხერხულობას აარიდებდა, მოხარული იქნებოდა.
მისმა ამ გათვლამ არ იმუშავა, ქართველ ბოლშევიკებს მოსახლეობაში გავლენა არ ჰქონდათ და მათ ვერც ლეგალიზაციამ უშველა. ფილიპე მახარაძე, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 6 დეკემბერს, საბჭოთა რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი წარდგენილ მოხსენებაში, რომელიც პარტიის საქართველოში მუშაობას ეხებოდა, წერდა, რომ ლეგალიზაციამ ისინი უფრო დაასუსტა, რადგან, რეალურად, მათ ლეგალურად მუშაობის მცირე საშუალება ჰქონდათ, 6-7 თვეში მათი პარტიისგან მხოლოდ ნამსხვრევები დარჩა და 1921 წლის დასაწყისში პარტია თავმოკვეთილი იყო.[3]
ბოლშევიკები ისევ არალეგალურ საქმიანობაზე გადაერთვნენ, ამის გამო კი ბევრი მათგანი ჯაშუშობის, დივერსიის თუ სხვა კონკრეტული ბრალდებებით ციხეშიც აღმოჩნდა.
1921 წლის 2 იანვარს სერგო ორჯონიკიძე და სერგეი კიროვი პარტიის ცეკას წევრებისადმი გაგზავნილ დეპეშაში არაორაზროვნად წერდნენ, რომ საქართველოში შიგნიდან აფეთქების იმედი არ უნდა ჰქონოდათ და თუ ისინი გარედან არ დაეხმარებოდნენ, საქართველო ვერ გახდებოდა საბჭოთა რესპუბლიკა. შესაბამისად, კრემლის გათვლა, რომელიც 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებაში ჩადეს (რომ ბოლშევიკური პარტიის ლეგალიზება იქნებოდა ეტაპი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისკენ), ჩავარდა.
მშვიდობიანი პერიოდი
1920 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე საბჭოთა რუსეთს საქართველოსთვის არ ეცალა, რადგანაც პოლონეთთან მარცხიანი ომით იყო ,,დაკავებული“ და პარალელურად ცდილობდა კიდევ ერთი თეთრი გენერლის, ბარონ პიოტრ ვრანგელის გაუვნებელყოფას.
1920 წლის 7 ივლისს კომპარტიის პოლიტბიურომ კავკასიაში განსახორციელებელი პოლიტიკის ინსტრუქცია დაამტკიცა და საქართველოსა და სომხეთთან მშვიდობიან და კეთილმეზობლურ ურთიერთობას დაუჭირა მხარი.
მათ თავი უნდა შეეკავებინათ აჯანყებების მოწყობისგან და ამის მოსურნე ელემენტებისთვის განემარტათ, რომ ეს დირექტივა საერთაშორისო კონიუნქტურითა და მათი პოლიტიკური მდგომარეობით იყო განპირობებული.
თუმცა, საქართველოს საკითხმა 1920 წლის ოქტომბრის ბოლოდან ისევ დაიწყო დღის წესრიგში დაბრუნება. ამ დროს პოლონეთთან აქტიური საომარი მოქმედებები დასრულებული იყო და ვრანგელის თეთრი მოძრაობაც უკვე ბოლო დღეებს ითვლიდა.
ოქტომბერ-ნოემბერში იოსებ სტალინი ბაქოში ჩავიდა ორჯონიკიძესთან და იქიდან “დაბომბა” ლენინი ყალბი ინფორმაციით:
თითქოს, საქართველო მზად იყო, ბათუმი ანტანტისთვის ჩაებარებინა;
თითქოს, ქართველები აპირებდნენ, ვრანგელისთვის ყირიმიდან უკანდასახევი გზა საქართველოზე გაეხსნათ და ეს უკანასკნელი ბოლშევიკებს ბაქოს წაგლეჯდა;
თითქოს, საქართველო ერთა ლიგაში შევიდა და თუ ბრიტანეთი ბათუმს დაიკავებდა, ბოლშევიკებს აქტიური თავდაცვა უნდა ეწარმოებინათ ბაქოს შესანარჩუნებლად, კერძოდ, უნდა გადასულიყვნენ შეტევაზე, აეღოთ თბილისი და აეფეთქებინათ სურამის გვირაბი.
ლენინმა სტალინს უპასუხა, რომ მოსკოვში ჩასულიყო და გადაწყვეტილება იქ, პოლიტბიუროს სხდომაზე მიეღოთ. ამავდროულად, ჩიჩერინი ბრიტანეთს ნოტას ნოტაზე უგზავნიდა – ბათუმის დაკავებას ნუ აპირებთო, რაზეც მას 1920 წლის 24 ნოემბერს კერზონმა უპასუხა: თქვენი შეკითხვები და პროტესტი ბათუმის დაკავების შესახებ საფუძველს მოკლებულია, მაგრამ ამდენი კითხვა გვაფიქრებინებს, რომ ეს ტერიტორია რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილს შეადგენს, საფრთხეშია და მოხარული ვიქნები, თუ გვაცნობებთ და დაგვპირდებით, რომ თქვენ თვითონვე არ აპირებთ მის ოკუპაციასო.
სამი დღის შემდეგ, 1920 წლის 27 ნოემბერს, პოლიტბიურომ საქართველოსთან ისევ მშვიდობიან ურთიერთობას დაუჭირა მხარი, რაც ისევ რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა.
ამ ფაქტორებს შორის, მთავარი ისევ ლონდონთან დასადები სავაჭრო ხელშეკრულება იყო, რომლის მოლაპარაკების დასკვნითი, მესამე ფაზა მიმდინარეობდა, საქართველო საკითხი კი საჩქარო არ გახლდათ.
წითელი არმია თბილისში. წყარო: ეროვნული ბიბლიოთეკა
ამასთან ერთად, წითელი არმიის სარდალი, სერგეი კამენევი 1920 წლის 30 ნოემბერს ლენინს დამატებით აცნობებდა, რომ საქართველოს დაკავებას ანტანტასთან ურთიერთობის გამწვავება მოჰყვებოდა. ანტანტა, ფინეთიდან დაწყებული, რუმინეთით დამთავრებული, ყველას აუმხედრებდა რუსეთს, ასევე, ქართველების ხვედრი შეაშინებდა და ავადმყოფურ უნდობლობას გაუჩენდა მეზობელ პატარა ქვეყნებს და ყველას რუსეთის წინააღმდეგ გააერთიანებდა (ფინეთის და რუმინეთის გარდა, ლოგიკურია, იგულისხმება ბალტიისპირეთის ქვეყნები და პოლონეთი – დ.ს.). ლენინმა ამ წერილს, წაკითხვის შემდეგ, მინაწერი გაუკეთა – “სტალინს” – კაცს, რომელიც კრემლში კავკასიის მიმართულების ფაქტობრივი კურატორი იყო. როგორც ამერიკელი სოვეტოლოგი რიჩარდ პაიპსი მიიჩნევდა, 1920 წლის ზაფხულში პოლონეთში მარცხმა ლენინს ის დასკვნა გააკეთებინა, რომ წითელი არმია, როგორც რევოლუციის ინსტრუმენტი, აღარ უნდა გამოეყენებინა საზღვარგარეთ. შესაძლოა, ეს ზედმეტად რადიკალური მტკიცებაა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ამის შემდეგ ლენინი რევოლუციის ექსპორტში წითელი არმიის გამოყენების საკითხს მართლაც კიდევ უფრო ფრთხილად ეკიდებოდა.
დეკემბრის მცდელობები
1920 წლის დეკემბრის დასაწყისში, წითელი არმია სომხეთს თურქებისაგან მხსნელად მოევლინა, ხოლო უფრო ობიექტურად რომ აღვწეროთ, მოხდა შემდეგი: ბოლშევიკებმა და თურქებმა სომხეთი გაიყვეს და წითლების კონტროლირებად ნაწილში ადგილობრივი მარიონეტული ხელისუფლება შეიქმნა.
წარმატებით გათამამებულმა ორჯონიკიძემ 15 დეკემბერს ლენინსა და ტროცკის ბაქოდან საქართველოში შეჭრის ნებართვა კიდევ ერთხელ სთხოვა, მაგრამ მას მეორედ უთხრეს უარი – უპასუხეს, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ცეკას გადაწყვეტილებას და შესაძლოა, დამღუპველი შედეგი მოჰყოლოდა.
ლენინს ისევ ფრთხილი მიდგომა ერჩივნა. კომპარტიის მერვე ყრილობაზე, 21 დეკემბერს, როდესაც მას ჰკითხეს, თუ რა მოელოდა საქართველოს, ლენინმა განაცხადა, რომ ეს მუსლიმთა ალაჰმაც არ იცოდა, მაგრამ თუ მტკიცედ იქნებოდნენ, სრულიად უსაფრთხო რამეს მიიღებდნენ. თავის მხრივ, კავკასიის ფრონტის მთავარი ძალის – მე-11 არმიის სარდალი, ანატოლი გეკერი დამატებით ძალებს ითხოვდა და აცხადებდა, რომ გარდა დამატებითი ძალებისა, საქართველოსთან ომის შემთხვევაში, მას თურქეთის ნეიტრალიტეტიც სჭირდებოდა.
ცენტრმა მეორედ უარყო ორჯონიკიძის ტაქტიკა, იქ არ ჩქარობდნენ და საქართველოს საკითხის გადაწყვეტას ჯერჯერობით სხვა მეთოდებით აპირებდნენ. თუმცა, ორჯონიკიძემ კავკასიის ფრონტზე გარკვეული სამუშაოები მაინც დაიწყო. ის მიიჩნევდა, რომ კავკასიის ფრონტს და მის წინაშე არსებულ ამოცანებს მსოფლიო მნიშვნელობა ჰქონდა.
1920 წლის ნოემბრიდან საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნეტრალურ ზონაში დროებით, სამი თვის ვადით, ქართველი სამხედროები ჩადგნენ. სომხეთის გასაბჭოების შემდეგ, ახალმა მარიონეტულმა მთავრობამ, ქართულ ჯარს ნეიტრალური ზონიდან გასვლა მოსთხოვა, მაგრამ შემდეგ საქართველოს მთავრობას ნეიტრალური ტერიტორიის კუთვნილების შესახებ მოლაპარაკებების გამართვაზე შეუთანხმდა, რაც 1921 წლის 15 თებერვალს უნდა დაწყებულიყო. ორჯონიკიძემ, რომელსაც, ფაქტობრივად, ექვემდებარებოდნენ საბჭოთა სომხეთის მმართველი პირები, მოქმედების დაწყების ადგილად სწორედ ნეიტრალური ზონა აარჩია. მისი და სომხეთში რსფსრ-ს დიპლომატიური წარმომადგენლის, ბორის ლეგრანის ინიციატივითა და სომხეთის კომპარტიის ეგიდით, 1920 წლის 20 დეკემბრიდან ნეიტრალურ ზონაში გაიგზავნა ბოლშევიკების ჯგუფი აჯანყების მოსამზადებლად. ჯგუფს სათავეში ჩაუდგა ერთი ახალციხელი კაცი, იოსებ ლაზიანი.
1921 წლის იანვარი, გადაწყვეტილებასთან ახლოს
1921 წლის 2 იანვარს ორჯონიკიძემ და კავბიუროში მისმა მოადგილემ, სერგეი კიროვმა, ცეკას ყველა წევრს ბაქოდან კიდევ ერთხელ მისწერეს საკუთარი მოსაზრებები. ისინი ასკვნიდნენ, რომ საქართველოს თვითგასაბჭოება, ანუ დაუხმარებლად გასაბჭოება არ შეეძლო. მათი თქმით, საქართველო გადაქცეული იყო კონტრრევოლუციისა და ანტანტის უკანასკნელ ბაზად ამიერკავკასიაში და მას თუ არ დაიპყრობდნენ, წითლები კავკასიაში მყარად ვერ იგრძნობდნენ თავს. პირდაპირ შეჭრის ნაცვლად, ორჯონიკიძე და კიროვი ცენტრს სთავაზობდნენ, აფხაზეთში, აჭარაში ან ბორჩალოს მაზრაში დაეწყოთ მოძრაობა და, შესაძლოა, რომელიმე ამ ადგილზე შექმნილიყო კიდეც ისეთი გარემოება, რომ შემდეგ, გარედან, წითლები მხსნელად მოვლენოდნენ საქართველოს.
12 იანვარს ცეკას პლენუმმა კიდევ ერთხელ უარყო კავკასიის ფრონტის “ქორების” ინიციატივა. თუმცა რამდენიმე დღეში ჩიჩერინმა და სტალინმა საკითხის თავიდან განხილვა მოითხოვეს.
20 იანვარს ჩიჩერინი ასახელებდა საქართველოს მხრიდან 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის სადავო ფაქტებს, რაზეც საქართველოს თავისი შეხედულებები გააჩნდა და რუსეთს ბევრი მუხლის დარღვევაში იქით სდებდა ბრალს. 23 იანვარს სტალინმა ორჯონიკიძეს ქართულად მისწერა: ,,ჩვენებურო! ... პიტერი და მოსკოვი ჩვენს მხარეზეა. ეცადე, კავკასია და უფრო ბაქო არ შერცხვეს. ტროცკის ჯგუფი ძალიან დასუსტდა. ბუხარინი მთლად ჩაფლავდა. ... საქართველოს კითხვას ამ დღეებში გადავჭრით... გკოცნი შენი სოსო“.[4]
მომდევნო დღეს, 24 იანვარს კი, პარტიის ცეკას შესთავაზა, რომ რესპუბლიკის სამხედრო-რევოლუციური საბჭოსთვის მიეცათ დირექტივა, რათა დაუყოვნებლივ დაეწყოთ მზადება კავკასიაში, საკითხის სამხედრო ჩარევის გზით გადასაწყვეტად, ორჯონიკიძეს კი მოემზადებინა აჯანყებები საქართველოში.
სტალინისა და ჩიჩერინის წინადადებების შემდეგ, 1921 წლის 26 იანვარს, ცეკას პლენუმზე მიიღეს ლენინის რეზოლუცია, რომელიც ადგენდა, რომ ჯერ საქართველოსთან დიპლომატიური კავშირი არ გაეწყვიტათ, მაგრამ თუ საჭირო გახდებოდა, მომზადებულიყვნენ ომისათვის.
ორი დღის შემდეგ სტალინმა დამატებითი დეპეშა N1225 გაუგზავნა ორჯონიკიძეს: დაეწყოთ მოსამზადებელი სამუშაოები იმ ვარაუდით, რომ შესაძლოა, საჭირო გამხდარიყო საქართველოს ოკუპაცია. ამიტომ ის სთხოვდა ორჯონიკიძეს, ეცნობებინა, თუ რა ძალები სჭირდებოდათ, თორემ, სტალინის თქმით, ტროცკი ირწმუნებოდა, რომ კავკასიის ფრონტზე სუსტები იყვნენ (ამ აზრზე იყო წითელი არმიის მთავარსარდალი კამენევიც). სტალინი წერდა: თუ უნდა დავიწყოთ, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთთან დავდებთ ხელშეკრულებასო.
ფაქტობრივად, მოსკოვში მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოში სამხედრო ინტერვენციისთვის მომზადებულიყვნენ, მაგრამ მოქმედება მხოლოდ ბრიტანეთთან სავაჭრო ხელშეკრულების დადების შემდეგ უნდა დაეწყოთ, იქამდე კი კავკასიის ფრონტი სამხედრო თვალსაზრისით უნდა გაეძლიერებინათ. გადაწყვეტილების მიმღებთა ტაქტიკური ხედვები კიდევ უფრო მიუახლოვდა ერთმანეთს.
ბრიტანულ-საბჭოთა სავაჭრო შეთანხმება 1921 წლის 16 მარტს დაიდო, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებები რუსეთმა 11-12 თებერვლის ღამით, ფარულად, ხოლო 16-ში ღიად დაიწყო. რა მოხდა ორკვირიან შუალედში, რამაც პროცესი დააჩქარა?
გადაწყვეტილება
1921 წლის იანვრის ბოლოდან თებერვლის პირველი ორი კვირის განმავლობაში მომხდარ ამბავთა შორის, სატელეგრაფო კავშირის ხარვეზსაც ჰქონდა თავისი არც თუ უმნიშვნელო როლი. ორჯონიკიძეს მოსკოვიდან 28 იანვარს გაუგზავნეს ზემოთ ხსენებული N1225 დეპეშა, რომელზე პასუხიც სერგოსგან 5 თებერვალსაც არ მისვლიათ. ამ დეპეშაზე პასუხის ნაცვლად, 6 თებერვალს ორჯონიკიძემ ბაქოდან მორიგი დეპეშა გააგზავნა ცენტრალური კომიტეტის სახელზე თავისი ინიციატივით, ხოლო ასლები გაუგზავნა ლენინს, ტროცკის და სტალინს. ის ისევ მსოფლიო კონტრრევოლუციის ბუდედ წარმოსახავდა საქართველოს და აღნიშნავდა, რომ აზერბაიჯანს აღარ შეეძლო წითელი არმიის გამოკვება; რომ ეს ტვირთი იყო აზერბაიჯანისთვის, რასაც შეიძლება მღელვარება გამოეწვია ადგილობრივ მოსახლეობაში, რომელიც უკვე დაუფარავად წყევლიდა საბჭოთა ხელისუფლებას, რუსებს და წითელ არმიას. წერდა, რომ ბაქოს რაიონი სასიკვდილო საფრთხის ქვეშ იყო და ამ მიზეზთა გამო, დეპეშის ბოლოს, სერგო ორჯონიკიძე მოითხოვდა დამატებით ძალებს საქართველოს გასასაბჭოებლად.
თუმცა, საბოლოოდ, ორჯონიკიძე მოსკოვის ნებართვას არც დალოდებია და კავკასიის ფრონტზე 6 თებერვალსვე თბილისის მიმართულების სამხედრო დაჯგუფება შექმნა, მაგრამ სამხედრო მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილების მიღებას ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავდა.
ორჯონიკიძის 6 თებერვლის დეპეშა მოსკოვში 8 თებერვალს განიხილეს პოლიტბიუროს სხდომაზე. ამ სხდომის მშრალი ოქმი გადაწყვეტილების დეტალებზე არაფერს მოგვითხრობს, უბრალოდ, აღნიშნულია, რომ დაამტკიცეს სამოქმედო ხაზი და ორჯონიკიძეს დაევალა, მოთათბირებოდა კავკასიის ფრონტის კიდევ ერთ სამხედრო-პოლიტიკურ ლიდერს, ივარ სმილგას და ცენტრალური კომიტეტისთვის შეეტყობინებინა საკუთარი მოსაზრება. ეს ბუნდოვანება გვიჩენს კითხვას, 8 თებერვალსვე ხომ არ გადაწყვიტეს, 11-12 თებერვლის ღამეს ფარული იერიშის დაწყება? თანაც ბორჩალოს მაზრაში მოქმედი დივერსანტთა რაზმის მეთაური, იოსებ ლაზიანი ომის შემდეგ, რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისადმი დაწერილ მოხსენებაში წერდა, რომ მან სწორედ 8 თებერვალს მიიღო მე-11 არმიისგან დირექტივა 11-12 თებერვლის ღამით მოქმედების დაწყების შესახებ.
სინამდვილეში კი პოლიტბიუროს მიერ 8 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება, წინა გადაწყვეტილებისაგან დიდად არ განსხვავდებოდა. ის სტალინმა ორჯონიკიძეს ბაქოში 10 თებერვალს გაუგზავნა ნომრით 1226. პოლიტბიუროს გადაწყვეტილებაში წერია, რომ ჯარის კავკასიაში გადაყვანა პრობლემა იყო, ორჯონიკიძეს ყურადღებით უნდა განესაჯა, თუ რა ზომების მიღება შეიძლებოდა ჯარის არსებული რაოდენობის გასაზრდელად და გამოსაკვებად ისე, რომ მოსახლეობას ტვირთად არ დასწოლოდა; ასევე, მას ეკითხებოდნენ, საჭირო იყო თუ არა ჯარი საქართველოს გასაბჭოებისთვის და როდის დადგებოდა შესაფერისი მომენტი. მას ეს დეპეშა უნდა გაეცნო სმილგასთვის და ერთად გაეგზავნათ პასუხი მოსკოვში. ორჯონიკიძეს ეკითხებოდნენ, თუ რატომ არ გასცა პასუხი 28 იანვარს გაგზავნილ დეპეშაზე ნომრით 1225.
ორჯონიკიძემ 10 თებერვალს მოსკოვიდან გაგზავნილი ეს შეტყობინება, მხოლოდ 12 თებერვლის შუადღეს მიიღო, როცა უკვე მოქმედებები დაწყებული ჰქონდა.
როგორც ვხედავთ, ცენტრი კავკასიის ფრონტს ჯერ კიდევ ომისთვის მზადების სტადიაში ამყოფებდა, რადგან ბრიტანეთთან ინტენსიური მოლაპარაკებების საფრთხის ქვეშ დაყენება არ სურდათ და თან კავკასიის ფრონტის ძალებშიც არ იყვნენ დარწმუნებული.
აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ 11-12 თებერვლის ღამით ქართულ სამხედრო ნაწილებზე იერიშის მიტანა რუსეთის კავკასიის ფრონტის სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ორჯონიკიძის მეთაურობით მიიღო. საბჭოთა ვერსიას, რომ თითქოს აჯანყება ნეიტრალურ ზონაში ბუნებრივად დაიწყო, რეალური საფუძველი არ გააჩნია. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ნეიტრალურ ზონაში დივერსანტთა ჯგუფი, კავკასიის ფრონტის დავალებით მუშაობდა. ასევე, კავკასიის ფრონტზე 6 თებერვალს შეიქმნა თბილისის მიმართულების სამხედრო დაჯგუფება. დივერსანტთა ჯგუფის მეთაური, იოსებ ლაზიანი 1921 წელს დაწერილ მოხსენებაში პირდაპირ ასახელებს, რომ 8 თებერვალს ბრძანება მოქმედების დაწყების შესახებ მიიღო მე-11 არმიისგან, რომელიც, თავის მხრივ, სწორედ კავკასიის ფრონტს და მის სამხედრო-რევოლუციურ საბჭოს ექვემდებარებოდა. რაც მთავარია, 11-12 თებერვლიდანვე, იმავე ტერიტორიაზე მოქმედებდნენ რუსული რეგულარული ნაწილები ქართველებზე თავდასხმაში, რაც ამ სამხედრო ნაწილების დოკუმენტებიდან ჩანს.
ორჯონიკიძის გათვლები
რატომ წავიდა ორჯონიკიძე ამ ავანტიურაზე? ამ კითხვაზე ერთ-ერთი პასუხი ის არის, რომ ამით არაფერს კარგავდა. ნეიტრალურ ზონაში ოფიციალურად, ადგილობრივი აჯანყებულები მოქმედებდნენ, მათ და წითელი არმიის გარკვეულ ნაწილს, რომელიც ვითომ იქ არ იყო (და სინამდვილეში იქ იყვნენ, როგორც ეს ამ ნაწილების საბრძოლო მოქმედებათა ჟურნალებიდან ჩანს), თუ არაფერი გამოუვიდოდათ, ეს ფაქტი ლოკალურ გაუგებრობად გამოცხადდებოდა და ამით ჩაიფარცხებოდა საქმე. მაგრამ თუ პირველი ბრძოლები მათთვის წარმატებული გამოდგებოდა და კავკასიის ფრონტი დარწმუნდებოდა, რომ ომის მოგება შეეძლოთ და, რაც მთავარია, ამაში მოსკოვს დაარწმუნებდნენ, მერე ლენინის საბოლოო დასტურსაც მიიღებდნენ.
ორჯონიკიძის გათვლა სხვა ფაქტორების გათვალისწინებასაც ეყრდნობოდა. ქართული ჯარი რამდენიმე დღეში გამოდიოდა ნეიტრალური ზონიდან და 15 თებერვალს თბილისში იწყებოდა მოლაპარაკებები ნეიტრალურ ზონის კუთვნილებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მას ნეიტრალური ზონა - როგორც შესაძლო ამბოხების სივრცე და ,,კაზუს ბელის“ ვარიანტი ხელიდან ეცლებოდა.
სერგო ორჯონიკიძე
წითელი არმიისთვის ხელსაყრელი იყო ის მდგომარეობაც, რომ ნეიტრალურ ზონაში ქართული ჯარი სოფელ-სოფელ იყო დანაწევრებული, თან უკვე ზონიდან გამოსასვლელად ემზადებოდა და მათი დისციპლინა სრულიად მორყეული იყო, შესაბამისად, იოლ სამიზნეს წარმოადგენდა.
თან, მე-11 არმიის შენახვის პრობლემა მართლაც იდგა აზერბაიჯანში, რაც ადგილზე საპროტესტო განწყობას ნამდვილად აღვივებდა.
ამას ემატებოდა ისიც, რომ საქართველო საფრანგეთის ინიციატივით, 1921 წლის 27 იანვარს დიდმა სახელმწიფოებმა დე იურედ აღიარეს. საფრანგეთსა და საქართველოს შორის მზადდებოდა სამხედრო ხელშეკრულება, რომლითაც საქართველო საფრანგეთისგან შეღავათიანი კრედიტით მიიღებდა იარაღს, თან ქართველების თავდაცვის გეგმა აპრილისთვის მომზადებაზე იყო ორიენტირებული.
ორჯონიკიძეს სუბიექტური მოტივიც ამოძრავებდა – პირადი სახელის მოხვეჭა. წითელი მეთაურები ხომ რევოლუციის წინაშე დამსახურებებშიც ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ტაქტიკური მოსაზრების გამო, ორჯონიკიძეს ცენტრმა რამდენიმე მცდელობა დაუბლოკა: 1920 წლის მაისში, იმავე წლის დეკემბერში, 1921 წლის იანვრის დასაწყისში, მაგრამ იანვრის ბოლოს მზადებისთვის მწვანე შუქი აუნთეს, მან კი აღარ დაიცადა და მზადება დაუყოვნებლივ მოქმედებაში გადაზარდა.
ღია ინტერვენცია
1921 წლის 12 თებერვალს, მოსკოვში, ჯერ კიდევ არ იცოდნენ, რა ხდებოდა კავკასიაში, მათ არ ჰქონდათ ორჯონიკიძის პასუხი 28 იანვრის და 10 თებერვლის ტელეგრამებზე. ლენინი, ტროცკის მოადგილეს, სკლიანსკის წერდა რომ კავშირგაბმულობას გაუგონარი ამბავი ჭირდა, ის და სტალინი ვერ უკავშირდებდნენ ორჯონიკიძეს და ითხოვდა ტექნიკური პრობლემების მოგვარებას (ტროცკი ამ დროს ეკატერინბურგში იყო და საქართველოში შეჭრის ამბავი 21 თებერვალს გაიგო. ის მოგვიანებით, სტალინზე დაწერილ წიგნში იხსენებდა, რომ საქართველოში აჯანყების სათანადო მომზადებას და აჯანყებულთათვის ამის მერე დახმარებას ემხრობოდა).
12-13 თებერვალს კავკასიიდან ორჯონიკიძე, გეკერი და ლაზიანი ცენტრს ატყობინებდნენ, რომ აჯანყებულები წარმატებულად იბრძოდნენ და წითელი არმია ვალდებული იყო, მათ დამხარებოდა. არადა, რუსეთის მე-11 არმიის ნაწილი სინამდვილეში უკვე იბრძოდა კიდეც. კავკასიიდან გაგზავნილი ეს დეპეშები მოსკოვში 14 თებერვალს მიიღეს, იმავე დღეს პოლიტბიურომ განიხილა და ლენინმა, ცეკას სახელით, მე-11 არმიას გადასცა დირექტივა, რომ მათ მხარი დაეჭირათ მომხდარისთვის და დაეკავებინათ თბილისი, ოღონდ ეს გაეკეთებინათ მას შემდეგ, რაც მოსკოვს წარმატების გარანტიას მისცემდნენ.
15 თებერვალს ლენინს ბაქოდან უპასუხეს, რომ გარანტირებული წარმატების ამაზე ხელსაყრელი მომენტი აღარ ექნებოდათ. 15 თებერვალსვე პოლიტბიურომ კიდევ ერთხელ განიხილა საკითხი, ირწმუნა წარმატების პირობა და დაამტკიცა სამოქმედო გეგმა - მე-11 არმიას უნდა ეწარმოებინა სამხედრო ოპერაცია აჯანყებულთა დასაცავად და არც თბილისის აღებას მორიდებოდა. თუმცა, ამავდროულად, ოპერაციის პოლიტიკური ხასიათისთვის ანგარიში ყველა გამოსვლაში გაეწიათ. ეს, სხვა სიტყვებით, იმას ნიშნავდა, რომ ინტერვენციის გამამართლებელი პროპაგანდისტული საფუძველი აქტიურად ეტრიალებინათ საინფორმაციო ველში.
15 თებერვლის დეპეშას სტალინმა ხელით მიაწერა შემდეგი სიტყვები: “სამი დღის შემდეგ ველი ცნობას თბილისის აღების შესახებ”. ამის შემდეგ, 16:00 საათზე, რადიოდეპეშით კიდევ ერთი შეტყობინება გადასცა ორჯონიკიძეს - ,,წინადადებას გაძლევ, ЕХЛАВЕ ШЕУТИЕ дастуриа. аиге калаки“. ორჯონიკის პასუხმაც არ დააყოვნა. 14-ში აღდგენილი კავშირის გამო შვიდ წუთში მივიდა სტალინთან ორჯონიკიძის რუსულად დაწერილი პასუხი:
,,ბარათი გასაგებია. საჭირო იყო უფრო ადრე“.
გადაწყვეტილების მიმღებ პირთა შორის, საქართველოს ფლობასთან დაკავშირებულ სტრატეგიულ თანხმობას, ტაქტიკურიც დაემატა და მეორე დღეს, 16 თებერვალს, დილით, საბჭოთა რუსეთის ჯარებმა აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოში სრულმასშტაბიანი და ღია ინტერვენცია დაიწყეს.

თუმცა ისიც გააცნობიერეს, რომ ნეიტრალური ზონის დაცვის მოტივით თბილისის აღება მთლად სერიოზული ვერ იქნებოდა და ამიტომ რუსეთის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიურომ კიდევ ერთი ფიქცია – საქართველოს რევოლუციური კომიტეტი შექმნა (რომლის წევრების სიასაც 17 თებერვალს გაეცნო სტალინი და ორჯონიკიძეს მასში ცვლილებების შეტანა ურჩია). ამ ფიქციას, ვითომდა, საქართველოს შიგნით დაწყებული და ბუნებაში არარსებული აჯანყების დახმარება ათხოვნინეს.
ამის შემდეგ მოვლენები როგორც განვითარდა, მკითხველმა კარგად იცის: რუსული ჯარების ინტერვენციას, საბოლოო ჯამში, საქართველოს ოკუპაცია და დამოუკიდებლობის ფაქტობრივი დაკარგვა მოჰყვა.
…
ქართველ ოფიცერს, მაიორ ვალერიან თევზაძეს , რომელსაც 11-12 თებერვლის ღამეს დაურეკეს და აცნობეს, რომ დაიწყო, ომისა და საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 29 წლის ასაკიდან სამუდამოდ ემიგრაციაში მოუხდა ცხოვრება. საქართველოდან წასვლის წინ, ქართული არმიის უკან დახევისას მშობლიურ სამტრედიაში დედასა და დას დაემშვიდობა, ბათუმში კი ასევე მეომარ ძმას - მიხეილს, რომელსაც სთხოვა, რომ სამშობლოში დარჩენილიყო და დედისა და დისთვის მიეხედა.
ვალერიანს ძალიან უჭირდა სამშობლოს დატოვება, მაგრამ როგორც გენერალური შტაბის ოფიცერი, ბოლშევიკებისგან საფრთხეს გრძნობდა და თან ფიქრობდა, რომ მათი მმართველობა დიდხანს არ გასტანდა, საქართველო გათავისუფლებოდა და ის მალე დაბრუნდებოდა ქვეყანაში.
ემიგრაციაში ყოფნისას ის გახდა პოლონური არმიის წარმატებული ოფიცერი. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში მეთაურობდა ვარშავის ჩრდილოეთ სექტორის დაცვას გერმანული ჯარისაგან. საბრძოლო დამსახურების გამო დააჯილდოვეს პოლონეთის უმაღლესი ორდენის - ვირტუტი მილიტარის მეხუთე რანგით. ვარშავის დაცემის შემდეგ მცირე ხნით გერმანელთა ტყვეობაში მოუხდა ყოფნა, გათავისუფლების შემდეგ კი ტომაშის ფსევდონიმით შეუერთდა ყველაზე დიდ პოლონურ იატაკქვეშა სამხედრო ორგანიზაციას ,,არმია კრაიოვას“, რომლის წევრები მეორე მსოფლიო ომის ბოლოს (და ომის შემდეგაც) , უკვე საბჭოთა მარიონეტად ქცეულ კომუნისტურ პოლონეთში საბჭოთა რეპრესიების ქვეშ მოექცნენ. ამის გამო ვალერიანი ვალერი კჟიჟანოვსკის მოგონილი სახელით ცოლთან, მალგოჟატა ხმელიკოვსკასთან ერთად (რომელსაც დად ასაღებდა) ქვემო სილეზიის პატარა პოლონურ ქალაქ ძერჟონიუვში ცხოვრობდა. თევზაძემ ცხოვრების ბოლოს, 1980-იან წლებში დაწერილ მემუარი სევდიანად დაასრულა: ,,ვერ ვიქნები დამარხული ჩემ სამშობლოში. სანუგეშოდ ისღა დამრჩენია, რომ მიმიღებს სამუდამო განსასვენებლად კეთილშობილი, მედგარი და საქართველოს მეგობრობაში გამოცდილი პოლონელი ხალხის მიწა.
გარდაიცვალა 1985 წელს, 93 წლის ასაკში. მის საფლავზე მისი ანდერძის მიხედვით, ვალერიანის ნამდვილი სახელი და გვარი და ეპიტაფია დააწერეს: ,,როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელების მიწაზე“.
______________________________
[1] ბორჩალოს მაზრის შესახებ: ამ ტერიტორიის კუთვნილებისთვის 1918 წლის დეკემბერში სომხეთსა და საქართველოს შორის ომი მოხდა, ბორჩალოს მაზრა დღევანდელ ქვემო ქართლსა და ჩრდილოეთ სომხეთს მოიცავდა. ომის შემდეგ, 1919 წლის იანვარში, დიდი ბრიტანეთის შუამდგომლობით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაზრის ჩრდილოეთ ნაწილი საქართველოს უდავო ტერიტორია იქნებოდა, ხოლო სამხრეთ ნაწილს ლორეს ნეიტრალური ზონა ეწოდა. აღნიშნულ ზონაში ქართული და სომხური ადმინისტრაცია ყოველ სამ თვეში ანაცვლებდა ერთმანეთს. ნეიტრალური ზონა, 1921 წლის 7 ივლისს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, რუსეთის კომპარტიის კავკასიის ბიუროს გადაწყვეტილებით, მიეკუთვნა სომხეთს.
[2] ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კერზონის პოზიციის შესახებ: იმ დროისათვის ბრიტანეთში კავკასიისადმი საერთო ხედვა არ არსებობდა. სამხედრო სამინისტრო და გენერალური შტაბი რეგიონს ბრიტანეთისათვის უინტერესოდ მიიჩნევდა, ამის საპირისპირო პოზიცია ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრს, ლორდ ნათანიელ კერზონს, რომელსაც კავკასია ბრიტანული აღმოსავლური პოლიტიკის შორეულ ფარად მიაჩნდა. ის მხარს უჭერდა კავკასიური რესპუბლიკების სამხედრო თუ ფინანსურ დახმარებას, რათა კავკასიაში საბჭოთა რუსეთი არ შესულიყო, თუმცა რუსეთის მიერ აზერბაიჯანის გასაბჭოებამ მის პოლიტიკას საფუძველი გამოაცალა.
[3] ბოლშევიკების ლეგალიზების შესახებ: ფილიპე მახარაძე წერდა, რომ საქართველოში მათ ლეგალურად საქმიანობისთვის მაინცდამაინც ხელსაყრელი პირობები არ ჰქონდათ, ამიტომ აჯობებდა, რომ არალეგალური პარტიული აპარატიც შეენარჩუნებინათ, რასაც მისი პარტიული ამხანაგები არ ეთანხმებოდნენ. მახარაძის აზრით, სწორედ ამან გამოიწვია პარტიის დასუსტება. რეალურად, მათ საქართველოში ბევრი მხარდამჭერი არ ჰყავდათ და ბუნებრივად მოუწიათ არალეგალურ საქმიანობაზე გადასვლა, რასაც მთავრობის მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვა და ბოლშევიკების ნაწილი სხვადასხვა ბრალდებით ციხეში მოხვდა.
[4] 23 იანვრის სტალინის წერილს ორჯონიკიძისადმი, რომელიც რსფსრ-ს მუშათა და გლეხთა ინსპექციის ბლანკზეა დაწერილი, წელი არ აწერია – მხოლოდ თვე და რიცხვი. ამერიკელი ისტორიკოსი, ერიკ სკოტი მიიჩნევს, რომ მისი შინაარსი 1921 წლის ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე მიუთითებს. სკოტი, ასევე, ამატებს იმასაც, რომ მუშათა და გლეხთა ინსპექციას სტალინი 1920 წლის 7 თებერვლიდან ჩაუდგა სათავეში. მართალია, ისტორიკოსი არ აკონკრეტებს, მაგრამ ეს გვაფიქრებინებს, რომ წერილი 1920 წლის ვერ იქნება. ერიკ სკოტს სხვა დამატებით არგუმენტი დოკუმენტის დასათარიღებლად არ მოჰყავს, თუმცა წერილის შინაარსი მართლაც 1921 წლის იანვარზე უნდა მიუთითებდეს.
გირჩევთ
აფხაზეთის წითელი მარტი | ზურა წურწუმია
01.10.2025