გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

90-80-30: წინ, წარსულისკენ! | პაატა საბელაშვილი

ყოველთვის, როცა 90-იანი წლების უბედურებებს ახსენებენ, ქვეცნობიერიდან რაღაც მაწუხებს და არ მასვენებს. აი, დღეს კი, როგორც იქნა, ამოჯდა. სინამდვილეში, ჯოჯოხეთი ბოლო ჟამის საბჭოთა კვაშირში ტრიალებდა და არა - საუკუნის ბოლო ათწლეულში. მაშინაც კი, როცა 90-იანები რუსეთის მიერ საქართველოსთვის შუა იანვრის ყინვებში ბუნებრივი გაზის ჩაჭრით დაიწყო, მაინც ბედნიერები ვიყავით. ვეძებდით შეშას, რომ ჩაი აგვედუღებინა, ვიცინოდითნ, ვღადაობდით, ყავაში ვიხედებოდით, სიგუას ნამცხვარს ვაყოლებდით, მუდმივ დენის ხაზებს ვასხდებოდით მოზარდნი მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორ ქვესადგურებში და ვიცოდით, და გვჯეროდა, რომ ავიც და კარგიც ჩვენი იყო და აგერ რამდენიმე თვეში გადაგორდებოდა. აბა, რა გგონიათ, ყაბულს ვიყავით, კიდე 10 წელი გაზი არ გვქონოდა და ეგ გვიხაროდა? მე ძალიან გამიმართლა, რომ მქონდა კახეთი. ჩემს მეზობელ, ზვიად გამსახურდიას რომ დაუშვეს მეორე მეზობლის სახლის სახურავიდან, დანარჩენი მეზობლები სამი დღე საწოლის ქვემოდან ვერ გამოდიოდნენ თურმე. თურმე იმიტომ, რომ მაგ ტრავმას კახეთმა გადამარჩინა.

იყო შეშა, ლობიო, გუდის ყველი და ალალი გული. მეც მეტი რა მინდოდა. მაგ დროს წავიკითხე პირველად უმბერტო ეკო და იუკიო მიშიმა რუსულად ინასტრანკაში.

რაც მთავარია, გვქონდა Super Channel - დევიდ ბოუის კლიპები პირველად მანდ ვნახე. მადონამ პირველად მაქედან მითხრა: ნუ გეშინია, დინების აღმა ცურვა ორაგულის ხვედრიაო...

თორი ამოსის და ალანის მორისეტის, ბიორკის გამოჩენა გუშინდელივით მახსოვს. „ქიმიური ძმებისა” და „ ფროდიჯის” გამოჩენამ კი დაიგვიანა, თუმცა ბეწვზე მოგვისწრო 90-იანების ძალიან აუთენტურ, ლანდონების და არა მოსკოვების დონის უკვე რეივად სახელდებულ რეივს.

მოკლედ, 90-იანები გარკვეულწილად იყო სამოთხე - დღისით ბეზპრეძელის და ყველა კუთხეში ჩასაფრებული საფრთხისგან საუკეთესო საფარი ღამე იყო. ღამე და ყველაფერი ის, რაც ღამით ხდება.

ღამით „მუტანტები” (აგრესიული ძველი ბიჭები) იძინებდნენ და ქალაქი ჩვენი იყო. კლუბი „აურა” ჩემს მეხსიერებაში ჯერ ვერცერთმა კლუბმა ვერ დაჩრდილა, რადან ის იყო ოქსიმორონი - მსგავსი კი არა, და სრულებით საპირისპირო მისწრაფებების ადამიანთა ისეთი მყარი ერთობა, რომ აგერ 30 წელია, ვინარჩუნებ მეგობრობას ყველასთან(!), ვინც მაშინ გავიცანი. თითქოს ფრონტის მეგობრები ვიყოთ. შეიძლება ყოველდღე აღარ გვანახებს ერთმანეთს ცხოვრება, მაგრამ ისინი ჩემი ხერხემალი არიან. თითქოს ვიცი, კარგად ვიქნები, სანამ ისინი დგანან. ერთი კი ძალიან მაკლია - ირინკა!

დავუბრუნდეთ 80-იანებს. პირველი, რაც თავში მომდის 40-დღიანი ტრაურია. იხოცებოდნენ საბჭოთა გენსეკები, ესე იგი კვირაში 0,7 საბავშვო გადაცემა რომ გადიოდა, ისიც აღარ იქნებოდა. მხოლოდ რეკვიემულ მისიკას უკრავდნენ. ჩემსობას მიიცვალა ბრეჟნევი, ანდროპოვი და ჩერნენკო - სულ რაღაც 2 წელიწადსა და 4 თვეში. ესე იგი, 850-დან 120 დღე რახმანინოვს ვუსმენდი.

მახსოვს ტალახითა და ნავთით გაჟღენთილი ნახერხი საბავშვო ბაღის, პოლიკლინიკის, „ხილ-ბოსტანის” შესასვლელებში. საბავშვო ბაღის სანიტარს, დეიდა მაროს დედაჩემი ფულს უხდიდა, რომ ჩასვრილისთვის ცოცხით კი არა, ხელით დაებანა. ტალონებიც მახსოვს - პური, შაქარი, ძეხვი და სიგარეტი.

მახსოვს, წყალი რომ შეწყდებოდა, ჯახანა ხალა (დეიდა) ყვიროდა: „ჰალვათ ვადა არ არი!” [ალბათ წყალი შეწყდა, 3 ენაზე] და გასტრინომში მომუშავე ქურთი ნათელა დედაჩემს ურეკავდა: ფინური „ვიჩინა” მივიღე და ჩქარა, პაატა გამოუშვი, გამოვატანოო. ვგიჟდებოდი მაგ „ვიჩინაზე”. აგერ რამდენიმე წლის წინ გავიგე, თურმე მეორე მსოფლიო ომის რეპარაციად გვაძლევდა ფინეთი სალიამისთან ერთად. პედრო კევა და დონალდოც მახსოვს, ბოშებთან იღებოდა. ჩემი მეზობელი შისტიორკა ძაღლი კი მათ ართმევდა, როგორც სპეკულიანტებს და თავისი ცოლ-შვილისთვის მოჰქონდა, რომელნიც თავის მხრივ, ძალიან ამაყობდნენ ამით. სკოლის ფორმები და რვეულები მოსკოვიდან უნდა გამოეგზავნა ახლობელს და მატარებელს ვხვდებოდით მისაღებად. ტანსაცმელი - „სპეკულიანტებთან”, წინ წასულთათვის - „სუხიშვილებთან” და კალათბურთელებთან.

სისტემა იმდენად აბსურდული იყო, ხალხი ყველაფრისთვის იყო მზად, ოღონდ ის აღარ გაგრძელებულიყო. მზად იყვნენ პოლიციელებიც, რომლებიც 9 აპრილს ხალხის მხარეს დადგნენ. 9 აპრილი რომ გათენდა და ტელევიზიით გადმოსცეს, რაც მოხდა, სახლიდან გავიპარეთ ბავშვები.

ჩავედით პეტრიაშვილზე ჯერ კიდევ 50-ე (აწ უკვე მე-6) სკოლაში, ფიზკულტურის დარბაზში კარგად ამობურცული პარკეტი გვეგულებოდა. სხვა ხეირი რომ არ იყო, ავიღეთ რამდენიმე და უნივერსიტეტის წინ მდგარ ტანკებს დავუშვით და მერე გავიქეცით და კეკელიძის არკებში ვიმალებოდით. 9 აპრილიდან 40 დღე რომ გავიდა, პიონერებში მიღება მიწევდა, 19 მაისს დაემთხვა. ყველანი ჩავედით ფიზკულტურის მცირე დარბაზში, რომლის ფანჯრებიც ფილარმონიას უყურებდა. იქ კი იკრიბებოდა სამგლოვიარო მსვლელობა. ყველაფერი პარალელურად ხდებოდა. მანამდე 2 სკოლელი გავატანე 9 აპრილს, თამრიკო ჭოველიძე და ნათია ბაშალეიშვილი. მე მე-4, ისინი კი მე-11 კლასის მოსწავლეები იყვნენ. ხოდა, ვუყურებთ როგორ გვიკრავენ ყელსახვევებს. მორჩნენ თუ არა და პიონერის ფიცი უნდა წარმოვთქვათ, ყველამ ერთად მოვიხსენით ყელსახვევები და დავხიეთ. სკოლის ფოიეში დამრიგებელი და რამდენიმე მასწავლებელი გველოდა, რომლებმაც ამ მსვლელობაზე წაგვიყვანეს. მათი ინიციატივა არ იყო, ჩვენ მოვილაპარაკეთ და ვუთხარით, რასაც ვაპირებდით. წამოსვლა მოუწიათ. ვერ გაგვიშვეს მარტო. მაშინ უფრო შეგნებული პედაგოგები იყვნენ.

როცა 1930-იან წლებზე მიფიქრია, მიხაროდა, მაშინ რომ არ გავჩნდი. ახლა უკვე აღარ ვიცი. 1930-იანებს რაც უფრო ვშორდებით დროში, მით უფრო ვუახლოვდებით 2030-იანებს და განცდას, რომ ამ დროში დაბადებით თურმე სულაც არ გამიმართლა.

მჯერა, რომ როგორც ჩვენ ვერ ვხვდებოდით 90-იანების გარიჟრაჟზე, რომ კიდევ 10 წელი გაზი არ გვექნებოდა, სწორედ ასე ვერ ვხვდებით იმას, რომ 2028 წლამდე ვერაფერსაც ვერ შევცვლით ასეთი რეაქტიული მოძრაობით. იმის ნაცვლად, რომ მოვემზადოთ, სტატუს კვოს პირობებშიც კი გავაფარჩაკოთ ხელისუფალი და არცერთი შანსი და ღიობი არ დავუტოვოთ, იმ შემართებით ვართ, რომ აგერ დღეს არა და ხვალ ბუნკერს დავიკავებთ. ეს ცრურწმენა აუცილებლად ჩაგვატრიალებს იმ სპირალში, რომლიდან გამოსვლასაც ბოლო 50 წელია, ასე გამალებით ვცდილობთ.

50 წელი რა მოსატანია, ჩვენი სისტემა მთლად საუკუნოვან გამოცდილებას მიუბრუნდა და პირდაპირ 1930-ებში გაგვიკეთა კატაპულტირება.

1932 წლის არჩევნებში ჰიტლერის ნაციონალ-სოციალისტებმა კი მოაგროვეს ყველაზე მეტი ხმა, თუმცა უმრავლესობა მაინც ვერ შეკრეს და ნიდერლანდელი კომუნისტის მიერ რაიხსტაგის დაწვა იმის საბაბად გამოიყენეს, რომ კომუნისტური და სოცილაისტური პარტიები კანონგარეშედ გამოეცხადებინათ, აეკრძალათ ოპოზიციური პრესა და SA-ს ბიჭები (ნაცისტების ტიტუშკები)  მათ პარტიულ შეკრებებზე საცემად მიეგზავნათ. ცხადია, თავიდან SA-ს ტიტუშკები დაუსჯელნი იყვნენ, ისევე, როგორც მათი მამამთავარი და რაიხში განთქმული მამათმავალი, ერნსტ რიომი. თუმცა, როგორც კი უზრუნველყო პარლამენტში უმრავლესობა (ქრისტიანულ პარტიებთან ალიანსში), გააუქმა პრეზიდენტის ინსტიტუტი და კანცლერისას შეუერთა, ჰიტლერმა მაშინვე მოიშორა SA. ეს კი ისეთი ცინიზმით გააკეთა, რომ შეკრებაზე გასულ SA-ს ელიტას ჰიტლერი პირადად დაადგა და რამდენიმე ჭუჭუპრიქლა ბიჭიკოსთან ერთად განცხრომით მოგორავე რიომს პირადად დაახალა შუბლში რევოლვერიდან. ჰიტლერმა გააერთიანა ყველა ძალაუფლება ერთ სიტყვაში - ფიურერი, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც საპატიო თავმჯდომარე.

როდესაც ვსაუბრობთ 1930-იან წლებზე და იმ პერიოდს დღევანდელობას ვადარებთ, ვიღაც იტყვის, რა შედარებააო. მე კი მგონია, დღეს უარესია, რადგან არც 1930-იანი წლების გარიჟრაჟზე იცოდნენ, რომ იმ სიგიჟეს ათობით მილიონი ადამიანი შეეწირებოდა მსხვერპლად. მაშინ ნაციზმის იდეის მიმდევარი ნაკლებად დამნაშავეა ჩემთვის, ვიდრე ჩვენს დღევანდელობას შეგუებულნი, რადგან ამათ მშვენივრად იციან, რაშიც მონაწილეობენ.

ბოროტი ენები ამბობენ, ბორია (გადაი) ივანიშვილი ისტერიულად იშენებს ბუნკერებსო. საჯარო წყაროების მიხედვით, ყველა მისი რეზიდენციის ქვეშ მოწყობილია სივრცე, რომელიც ოფიციალურ ნახაზებზე დატანილი არ არის. ეს არ ჩანს. ამას თითქოს ვერავინ ხედავს. სამაგიეროდ ჩანს ის საბაგირო, რომელითაც მას სურს, ისე გადაადგილდეს საკუთარ სამყაროში, რომ მოკვდავთა ფეხით თელილ მიწაზეც კი არ იაროს, არამედ ყველა ჩვენგანის თავზე გაიაროს. საბაგირო მეტაფორაა, ბუნკერი - რეალური პერსპექტივა, რადგან ყველამ, ვინც საკუთარ ხალხზე ხელი აღმართა, საკუთარი რეჟიმის დღეგრძელობა ერის მომავალზე წინ დააყენა, ბუნკერში დაასრულა. ასე დასრულდა ჰიტლერის, ჰუსეინის, კადაფისა და ბევრი სხვის სიცოცხლე? დიახ, ბუნკერში. მთავარია ამ მომენტს მოვესწროთ. დღევანდელ ბრძოლაში გამარჯვება გადარჩენაა და იქამდე სიცოცხლე, სანამ წავკისის წყალი ივანიშვილის პატივცემულ გვამს არ ჩამოატარებს. 

აუ, ღმეერთ, ბუნკერზე გადაახვიე რა, ფლიიიზ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა