გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ნაგავი თბილისი

თბილისური ნაგვის ისტორია | გაბრიელ ჩუბინიძე

ალბათ, არასდროს დამავიწყდება ჩემს კორპუსთან ყოველ კვირეულად ნაგვის მანქანის მოსვლა, ბუნკერის კარის გაღება და იქიდან ამომავალი ჯოჯოხეთური სუნი.

ჩემი მეხსიერება გაცილებით გვიანდელია და, დაახლოებით, 2002-2003 წლებიდან იწყება, როცა ნაგვის ბუნკერები უკანასკნელ წლებს და შეიძლება თვეებს ითვლიდა. გიგი უგულავას „რადიკალურ“ რეფორმას, რომელიც ამ სივრცეების გაუქმებას გულისხმობდა, თავიდან ჩემი ოჯახი ეჭვის თვალით უყურებდა; ვერ წარმოედგინათ, რომ ნაგვის გადასაყრელად ქუჩაში უნდა გასულიყვნენ, მეორე მხრივ, ბუნკერის დახურვა უხაროდათ კიდეც – ანტისანიტარიის ბუდე იყო.

ნაგვის პრობლემა გაცილებით მძიმედ იდგა 1990-იან წლებში. სამოქალაქო ომისა და იმ პერიოდში მომხდარი სოციო-ეკონომიკური კატაკლიზმის გამო, ახლად დაბადებული ქართული სახელმწიფო სრულად ჩამოიშალა – სხვა ბევრ პრობლემას თან ერთვოდა მუნიციპალური დასუფთვების სამსახური, რომელიც ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ გამოწვევებს. ქალაქი ნაგვით ივსებოდა.

გაზეთი თბილისი 1992 წლის თებერვალში:

„ასე გამოიყურება ბოლო ხანს ვაჟა-ფშაველას გამზირის მე-2 კვარტალში ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მიმდებარე ტერიტორია. გორებად დახვავებული საოჯახო ნაგავი და ნარჩენები თვეების მანძილზე უსიამოვნოდ ხვდება თვალს დიდსა თუ პატარას. არ ვიცი ეს კონკრეტული ვისი ბრალია ფაქტი ის გახლავთ, რომ აქაურმა ვაიმობინაადრეებმა ეს ადგილი ნაგავსაყრელად აქციეს.“ [1]

ვაი-მობინადრეები აღმოჩნდნენ ჩიქოვანის ქუჩაზეც: მოსახლეობა ნაგავს პირდაპირ ფანჯრებიდან მათ წინ, ფერდობზე ყრიდა. ჟურნალისტის თქმით, ხელოვნურად მოწყობილ ნაგავსაყრელზე მრავალ ნივთს იპოვიდით: მანქანის საბურავები, სამშენებლო ნაგავი, ცარიელი ქილები და ა.შ. [2]

უცნაური რამე მოხდა მარჯანიშვილზე, მე-13 საავადმყოფოსთან: პოლიკლინიკის წინ გასკდა მილი, რომელმაც ჩაანგრია ასფალტი და გააჩინა წყლით სავსე ღრმა ორმო. რამდენიმე დღეში ბოლოს და ბოლოს გამოჩნდნენ კომუნალური სამსახურები და შეაკეთეს მილი, თუმცა ორმო კვლავ ღიად დატოვეს. ადგილობრივმა მოსახლეობამ ორმო გაურკვეველი მიზეზით ნაგვის ბუნკერად აქცია – სტატიის ავტორი გულითადად წუხს, რომ ადრე ეს წყლით მაინც იყო სავსე, ახლა კი ნაგვით გაივსოო. [3]

„სამგორისა და წულუკიძის ქუჩების შესაყართან (ისნის რაიონი) ენით აღუწერელი ანტისანიტარიაა, ქალაქში ბევრი დაბინძურებული ადგილი გვინახავს, მაგრამ გულახდილად ვიტყვით ასეთი - ჯერ არსად. ტროტუარზე, დაახლოებით, ასიოდე გრძივ მეტრზე (სიგანეც გვარიანია) საოჯახო ნაგვის საკმაოდ სქელი ფენაა. ახლომახლო მცხოვრებლებს დასუფთავების მანქანა რომ აკითხავდეს, ეს არ მოხდებოდა, ალბათ, ძალიანაც ერიდებათ, მაგრამ უკვე მოურიდებლად ყრიან აქ ნაგავს.“ [4]

1992-1993 წლებში, როცა ქვეყანა სამოქალაქო ომის ქარცეცხლში იყო გახვეული, პარალელურად კი აფხაზეთში ომს აწარმოებდა, ქალაქი ნაგავმა მოიცვა; 55 მანქანის მაგიერ, ქალაქს 17 ემსახურებოდა, ხოლო სამგორის რაიონში 170-მდე რკინის კონტეინერი მოიპარეს;

მდგომარეობა იმდენად კრიტიკული იყო, რომ დედაქალაქში დაავადებების გავრცელების სერიოზული რისკი დადგა.

1993 წლის 6-7 მარტს, თბილისის მერიისა და მწვანეთა პარტიის მიერ დაიგეგმა ეკო-დღეები. მერია უზრუნველყოფდა საჭირო ტექნიკის გამოყვანას (მანქანები, ბულდოზერები, ტრაქტორები და ა.შ.); მწვანეები - მოსახლეობის ინფორმირებას და შემდგომში მათ კოლექტიური საქმეში ჩართვას.

6 მარტს თბილისურ ნაგავზე შეტევა დაიწყო: ქალაქის სანიტარული დასუფთავების, სატრანსპორტო-საყოფაცხოვრებო, სავაჭრო, კომუნალური, გამწვანებისა და კულტურის სამმართველოს სამსახურები და მწვანეთა პარტია აქტიურად ჩაერთვნენ ოპერაციაში. საგანგებოდ გამოიყო იმ დროისთვის დეფიციტური დიზელი, თან არც თუ ცოტა – 7800 ლიტრი.

მეტრო დელისთან ვაკის გამგებელი, ლევან აბაშიძე: „პირველი, რაც ვქენით, აქ გამართული ბაზრობა მოვშალეთ. მეტრო სადგურთან ვერ გაივლიდა კაცი, ბაზარს შესაფერისი ადგილი გამოვუყავით.“

მწვანეების ლიდერი, ზურაბ ჟვანია: „სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს მსგავს ღონისძიებებს, მერიამ მეტი, ძალისხმევით უნდა მოჰკიდოს საქმეს ხელი, თორემ მალე ნაგავი ჩაგვყლაპავს“.

მთელს ქალაქში მოსახლეობა აქტიურად იყო ჩართული დასუფთავების საქმეში, მაგრამ სანზონაში ლოჯების მიშენებების გამო მანქანები ვერ შედიოდნენ ბუნკერთან, რის გამოც მუშები უარს ამბობდნენ ნაგვის გადატანაზე. [5]

დაწვრილებით

დასუფთავების სამსახურის მოშლის გარდა, ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე დიდ გავლენას ახდენდა გარემოვაჭრეობა და ე.წ. ბუტკები. გაურკვეველია, ზუსტად როდიდან მიეცა ვაჭრობის ორივე ფორმას მასობრივი ხასიათი – სავაურადოდ, პერესტროიკის პერიოდიდან, როცა დაიშვა კერძო ვაჭრობა.

მიუხედავად იმისა, რომ მილიცია კრძალავდა თვითნებურად ტროტუარის დაკავებას, საზოგადოება მას არ ემორჩილებოდა; მაღაზიებიც კი გარეთ გამოდიოდნენ: „კოოპერატივი ქართლის დირექტორი ჟ.სანიკიძე, მისი მითითებით, აქაური თანამშრომლები მ.გავრიშოვი და გ.ასოაინი კვლავ ქუჩაში იყვნენ გამოსული და ჩვენს შეკითხვაზე, თუ რატომ არღვევდნენ წესს, მათ თავი ასე გაიმართლეს: რა ვქნათ, დირექტორი მაღაზიაში არ გვაჩერებს, ყველს სუნი უდის და ქუჩაში გაყიდეთო.“ [6]

ეკონომიკური კატასტროფისა და შიდა შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად, მოსახლეობას აღარაფერი დარჩენოდა, გარდა გარემოვაჭრეობის. ძირითადი კონცენტრაცია იყო მეტროსადგურებთან, სადაც ხალხი ირეოდა, განსაკუთრებით სადგურის მოედანთან – ორი მეტროს ხაზის გადაკვეთის, ცენტრალური სადგურისა და ბაზრობის წერტილათან.

„მთელი ქალაქი ლამის ერთ დიდ სავაჭროდ იქცა, ერთმანეთისგან ვეღარ გაგვირჩევია, სტამბულის ბაზარია თუ მეგობრობის პროსპექტი.“

- წერს გაზეთ თბილისის ჟურნალისტი 1994 წელს.

გარემოვაჭრეობისგან შედარებით, ბევრად პრივილეგირებულები იყვნენ „ბუტკები“. 1991 წელს გაზეთ „არქიტექტურა და მშენებლობაში“ იწერება სტატია, რომელშიც ავტორი მიანიშნებს ბუტკების რაოდენობის არანორმალურ ზრდაზე და იმ მწვანე სივრცეებზე,რომელიც მას ეწირება: „ჩვენ არც კომერციის, არც კოოპერატივების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. სამწუხაროა მხოლოდ ერთი რამ: ამ ახალ საქმიანობას ეწირება თბილისის ქუჩების კოლორიტიც, გარეგნობაც, საერთო იერიც. მიდის ხელჩართული ბრძოლა სულ პატარა ადგილის ხელში ჩასაგდებად, განმკითხავი არავინ არის.“ [7]

ბუტკების პოპულარობა იმ დროის საქართველოსთვის აბსოლიტურად ნორმალურია, მოსახელობა უკიდურესად იყო გაღარიბებული და ერთადერთი წვრილ-მოვაჭრეობაღა რჩებოდა.

საახალწლოდ, 1992 წელს უნივერმაღი „თბილისის“ (დღევანდელი „გალერეა თბილისის“ ადგილას) სტუმარი, ინჟინერი გია ხვიჩია ამბობს: „მეგობრისთვის საჩუქარი მინდოდა, დაბადების დღე უნდა მომელოცა, მაგრამ ვერაფერი შევარჩიე. ფასს რომ თავი დავანებოთ, ისედაც არაფერი მომეწონა. ჰოდა ნაძვის ხის სათამშოებიღა მიმაქვს გოგონასთვის. ამ ცხრა ბურთულაში და წვიმებში 350 მანეთი გადავიხადე. ადრე ამაზე მეტი და უკეთესი კომპლექტი სულ რაღაც 30 მანეთად შევიძინე.“ 

მეორე სტუმარი, ექთანი დოდო ცინცაძე ამბობს: „გულდამძიმებული მივდივარ [...] აი, ეს ყულაბა ვუყიდე ჩემს გოგონას, იქნებ მანეთიანებითა და სამმანეთიანებით მაინც გაავსოს... მესამე სართულზე ქალის ჩინური ფეხსაცმელი იყიდება. თითოეული 4 500, 4 830, 6 360 მანეთი ღირს. აქვეა მამაკაცის 12 650-მანეთიანი და 24 150-მანეთაინი ზამთრის სეზონის ფეხსაცმელი. ბევრს რჩება თვალი ვიტრინაზე, მაგრამ რა... დააკვირდებიან და თავს გადააქნევენ და ამბობენ, რა გვეშველება, მთელი თვის ხელფასით, ერთ წყვილ ფეხსაცმელსაც ვერ ვიყიდითო.“

სტატიის ავტორი ასე ასრულებს: „მძიმედ, ნელა გამოდიან უნივერმაღიდან მომხმარებლები. არ გეგონოთ, ძვირადღირებული საქონლით სავსე ჩანთები ამძიმებდეთ, არა, ნავაჭრი ძალიან უმნიშნელოა. დარდითა და სევდით არიან გულდამძიმებულნი.“ [8]

უნივერმაღისგან განსხვავებით, დიდი ვაჭრობა იყო გაჩაღებული ვაგზლის მოედანზე, რომელიც გარემოვაჭრეებითა და ბუტკებით იყო გადაჭედილი; ტროტუარი და სამანქანო გზა - ბლოკირებული.

1994 წლის 28 მარტიდან 2 აპრილამდე თბილისში უნივერმაღ „ბავშვთა სამყაროში“ დაიგეგმა ირანის სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ირანული ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც 120 ირანული ფირმის პროდუქტი იქნებოდა ხელმისაწვდომი. თბილისის მერის, ნიკო ლეკიშვილის მიერ გაიცა განკარგულება, გათავისუფლებულიყო გარემოს ტერიტორია ჯიხურებისგან. მალევე ბუტკებზე ფართომასშტაბიანი „შეტევაც“ დაიწყო. მოკლე დროში აიღეს 157 ჯიხური; ვაგზლის მოედანი დროებით გათავისუფლდა.

დიდუბის რაიონის თავჯდომარე, გოჩა ბაბუნაშვილი:„რაც შეეხება აქედან აღებულ ჯიხურებს და მათი ადგილებს,ამისათვის კომპანია ‘თბილსტრანსმა’დროებით დაგვითმო ბავშვთა სამყაროს გვერდით მშენებარე დეპოს ტერიტორია. უსახსრობის გამო ეს მშენებლობა შეჩერებულია. სავაჭრო ობიექტების იქ განლაგება მომგებიანი იქნება თბილტრანსისთვის. რაკი გადაწყდა,გადასახადების ნაწილი დეპოს მშენებლობას მოხმარდება.“ [9]

ქალაქების გარეთ პრობლემა იყო თავად ნაგავსაყრელები, რომელიც ჰიგიენისა თუ სანიტარული ნორმების დარღვევებით ან სრული უგულებელყოფით მუშაობდნენ: არ იყო შემოღობილი, რის გამოც საქონელი ხშირად შედიოდა ტერიტორიაზე და ხშირად შეგნებულადაც კი გამოიყენებოდა საძოვრებად; არ კონტროლდებოდა ზომები, მაგალითად, ქუთაისში ნაგავსაყრელისთვის გამოყოფილი 2ჰა-ს ნაცვლად, პოლიგონს 14-ჰა ეკავა და ფაქტობრივად საცხოვრებელ კორპუსებთან შედიოდა; არ იყო დაცული დისტანციები დასახლებული პუნქტებიდან ან მდინარეებიდა; სასაკლაოებსა და საავადმყოფოებს არ ჰქონდათ საკუთარი მიწები; თითქმის არ მუშაობდა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც თბილისში ორი იყო. მწვანეთა აზრით, ქარხნის მიერ წარმოებული კომპოსტი იმდენად უხარისხო იყო, რომ კიდევ უფრო აზიანებდა მოსახლეობას; [10] დიდი პრობლემა იყო მცხეთის ატომური რეაქტორი და მისი რადიოაქტიური ნარჩენები, მაგრამ ეს უკვე სრულად სხვა გრძელი ისტორიაა.

დამოუკიდებელ საქართველოში მიმდინარე ახალი ეკონომიკური პოლიტიკა არ ეხებოდა მხოლოდ ფაბრიკა-ქარხნებს – პრივატიზაცია, ან როგორც რუსეთში ეძახიან, „პრიხვატიზაცია“ („დათრევა“) შეეხო კრწანისის რაიონის დასუფთავების სპეცმეურნეობის სამსახურს.

ყველაფერი 1990 წელს დაიწყო, როცა სამსახური საიჯარო ფორმაზე გადავიდა, როგორც ექსპერიმენტი. სამსაურსა და კოლექტვის შორის დაიდო 5-წლიანი ხელშეკრულება და მოიჯარემ სახელმწიფო რეგისტრაცია გაიარა, როგორც საიჯარო საწარმომ. 1994 წელსკლასიკური სქემა გათამაშდა: მოიჯარე კომპანია სპეცმეურნეობის მფლობელი გახდა. სასამართლო არ იმჩნევდა რიგ ფაქტებს და იყო ტენდენციური - მოპაექრე მხარის (კოლექტივის) რწმენით, კერძო კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის მერი ნიკო ლეკიშვილი იყო, ანუ ძალიან მარტივად აიხსნება ყველაფერი. [11]

90-იანებში 170 მოპარული რკინის კონტეინერიდან 2020 წელს მიწაში ჩადებულ ნაგვის ურნებამდე ქართულმა ნაგავმა გრძელი და საინტერესო ისტორია განვლო.

2023 წელსაც კი მშენებარე დეპო, რომელსაც შემდგომში ბორჯომის ვაგზალიც დაემატა, კერძო ვაჭრობის ტყვეობიდან ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა.

სადგურის მოედანი კვლავ უკავიათ გარემოვაჭრეებს და ის კვლავ რჩება სანიტარულად დაბინძურებულ სივრცედ. უნდა ითქვას, გარევაჭრობა არ არის პროფესია და არც სურვილით აურჩევია ვინმეს – ის შედეგია ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ფონისა, რომელსაც დასასრული არ უჩანს.


გამოყენებული წყაროები:

[1] გაზეთი „თბილისი“ 03.02.1992

[2] გაზეთი „თბილისი“ 16.03.1993

[3] გაზეთი „თბილისი“ 03.02.1992

[4] გაზეთი „თბილისი“ 09.02.1993

[5] გაზეთი „თბილისი“ 08.03.1993

[7] გაზეთი „არქიტექტურა და მშენებლობა“ 15.01.1991

[8] გაზეთი „თბილისი“ 15.12.1991

[9] გაზეთი „თბილისი“ 14.04.1994

[10] გაზეთი „7 დღე“ 21.08.1992

[11] გაზეთი „7 დღე“ 09.06.1995

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა