გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
საბჭოთა არქიტექტურა როგორც პოლიტიკური ენა გიგი მხეიძე

საბჭოთა არქიტექტურა, როგორც პოლიტიკური ენა | გიგი მხეიძე

1917 წლის რუსეთის რევოლუციას, რომელსაც მეფის რუსეთის დამხობა, ჯერ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა შექმნა, მერე კი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის ჩამოყალიბება მოჰყვა, საუკეთესო მაგალითია პოლიტიკური ენის ანთროპოლოგიისთვის[1]. ტოტალიტარული რეჟიმებისთვის მნიშვნელოვანია კულტურის, როგორც სფეროს უზურპაცია, მერე კი იდეოლოგიის წარმოება კულტურის მეშვეობით. ვლადიმერ ლენინმა არც თუ დიდი ხნის მმართველობის პერიოდში გამოკვეთა კონკრეტული არქიტექტურული მიმდინარეობა, კონსტრუქტივიზმი - ზუსტად განსაზღვრული მინიმალისტური ფორმები, გეომეტრიული სიზუსტე და არასტანდარტული ფორმები; გამჭვირვალე და მძიმე მასალები (მინა, მეტალი და სხვ.)[2].

ლენინის კონსტრუქტივიზმი ყურადღებას სოციალურ-ეკონომიკური გარდაქმნებზე ამახვილებს, რომელიც იდეოლოგიური ფუნდამენტის ფუნქციასაც იტევს. კონსტრუქტივიზმი საბჭოთა სოციალისტური კავშირის უმთავრესი მიზნის, ახალი სოციალისტური სამყაროს, კომუნიზმის შექმნის არქიტექტურული ვიზუალიზაციაა - ლენინი ცდილობს, საზოგადოებას უთხრას: ხომ ხედავთ, ამ უზარმაზარ შენობებს, სადაც ყველა არქიტექტურული ფორმის დეტალი უნიკალურია? ესაა ჩვენი იდეალისტური მიზნები, რომელშიც ტექნოლოგიური და მეცნიერული პროგრესი ერთმანეთს ერწყმის,  და ეს სტანდარტი ერგება ყველას, განურჩევლად სტატუსისა.

ლენინი იწყებს კონსტრუქტივისტული შენობების, საზოგადოებრივი სივრცეების შექმნას, რაც კომუნიზმის, ანუ დედამიწაზე სამოთხის აშენებით უნდა დასრულდეს. ლაპარაკობს კონსტრუქტივისტული შენობის ყველა მინა და მეტალი.

მინები ლენინის რეფორმებს ირეკლავს (ირეკლავს მიწის რეფორმას, რომლის მიხედვითაც მიწას აღარ ფლობენ კონკრეტული მდიდარი ჯგუფები; ირეკლავს ეთნიკური და ეროვნული უმცირესობების ავტონომიას, რომ საბჭოთა ტერიტორიაზე განურჩევლად ეთნოსისა და იდენტობისა ყველა თანასწორია); მეტალები კი ნაციონალიზაციასა და რელიგიის განდევნაზე გაუთავებლად გვესაუბრება, როგორ განხორციელდა მრეწველობის, ბანკების, სხვადასხვა სექტორის ნაციონალიზაცია, ტაძრების ნგრევა, ქონების კონფისკაცია[3].

1924 წელს ლენინის გარდაცვალებასთან ერთად კვდება კონსტრუქტივისტული არქიტექტურა და მისეული პერსპექტივა. სტალინი უარს ამბობს ლენინურ ხედვებსა და შინაარსზე და ავლენს კონსერვატიულ ბუნებას, რომელიც კლასიკური ელემენტებითა და სიმბოლოებითაა დახუნძლული. სტალინის არქიტექტურულ მიმდინარეობას სოციალისტურ კლასიციზმს ან სტალინის ამპირს უწოდებენ[4]. სტალინური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი იყო მასშტაბურობა და გრანდიოზულობა - და კვლავ სრულად იმეორებს მაშინდელ პოლიტიკურ მიზნებს - სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციასა და ინდუსტრიალიზაციას[5].

სტალინის ამპირში ცხადად ჩანდა იმპერიის შეუვალობა და სიხისტე, რაც დროდადრო მასობრივ რეპრესიებში, კულტურისა და განათლების კონტროლში გამოვლინდა. სტალინისტური არქიტექტურის ფორმებში თვალსაჩინოა ძალაუფლების ცენტრალიზაცია: შენობა-ნაგებობები აფრთხილებს საზოგადოებას, რომ ბელადის კულტი გარდაუვალია.

სტალინის ამპირში იკვეთება ტაძრების ხუროთმოძღვრების ელემენტებიც კი, რაც სტალინის, როგორც პერსონის მარადიულობას უსვამს ხაზს. ხელოვნების საშუალებითა და კულტურული დოქტრინის ჩამოყალიბებით სტალინი ყველგან ლაპარაკობს - ნაგებობების, სივრცეების, ლიტერატურის, თეატრის, კინოს, მუსიკის გავლით, შენდება კომუნიზმი და შენებაში შრომა ჰეროიკული აქტია[6].

ახალი საბჭოთა ლიდერი, ნიკიტა ხრუშჩოვი კიდევ ერთხელ ცვლის საბჭოთა სივრცის არქიტექტურას; სოციალისტური კლასიციზმი და სოციალისტური რეალიზმი დასრულებულია. პროცესი არა მხოლოდ მონუმენტური თუ გიგანტური ნაგებობების შენების შეჩერებით სრულდება, არამედ ხდება სრული ემანსიპაცია სტალინის კულტის. ხრუშჩოვმა დესტალინიზაციით უარი თქვა ბელადის პიროვნების კულტზე, სტალინის ამპირის უზარმაზარ ბეტონებზე უარი აჩვენებს ხრუშჩოვის კრიტიკას მასობრივ რეპრესიებზე, ძალაუფლების ცენტრალიზაციაზე[7].

დაწვრილებით

ლენინისა და სტალინის არქიტექტურისგან განსხვავებით, ხრუშჩოვკაში არაფერია ვიზუალურად მომხიბლავი, მთავარია ეფექტურობა, ეკონომიურობა, მცირე ქალაქების განვითარება - სამი და ხუთ-სართულიანი მცირე კორპუსები. 50-იანი და 60-იანი წლების არქიტექტურა მიმართული იყო სწრაფ განაშენიანებაზე და საბინაო პოლიტიკის პრობლემის გადაჭრაზე, რაც გამოძახილია ხრუშჩოვის პოლიტიკური რეფორმების კონკრეტულ დარგებთან მიმართებით, რომელიც სოფლის მეურნეობის, აგრარული პოლიტიკის განვითარებასა და წარმოების ტექნოლოგიურ განახლებას მოიცავდა[8].

60-70-იანი წლების საბჭოთა არქიტექტურის მიმდინარეობა წინამორბედისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია. ლეონიდ ბრეჟნევის არქიტექტურა ერთი მხრივ, კონტრასტულია, მეორე მხრივ, კლასიკური სტილისკენ დაბრუნებას ჰგავს. ბრეჟნევი აქტიურად იწყებს იდენტური ტიპის მაღალი კორპუსების მშენებლობას. არქიტექტურაში (პოლიტიკაში) მისი მთავარი მიზანი სტაბილურობაა.

გამოკვეთილი მონუმენტალიზმი და სიმბოლოებზე აქცენტირება ცხადყოფს ბრეჟნევის სურვილს, მთელ მსოფლიოს კვლავ დაანახოს საბჭოთა კავშირის უძლეველობა და სიდიადე, მიუხედავად მთელი რიგი კრიზისებისა, სტალინური სოციალისტური რეალიზმის გაგრძელებაც ამაზე მიანიშნებს, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ ფასადურ სიმბოლოდ რჩება. სსრკ-ში ეკონომიკური სტაგნაციაა, უძრაობის ხანა დაწყებულია[9].

დაწვრილებით

70-იან წლებში ბრუტალიზმის მიმდინარეობა ცალსახად ხდება დომინანტი საბჭოთა კავშირში - მისი ხისტი, მკაცრი, არაორდინალური გრაფიკული ფორმები და შიშის მომგვრელი კონტურები ბრეჟნევის სამხედრო მისწრაფებებზე ამხელს - კრიზისში მყოფი საბჭოთა იმპერია ცდილობს, აშშ-ს სამხედრო რბოლაში არ ჩამორჩეს, თუმცა იმდროინდელი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გათვალისწინებით, ეს ბრძოლა მარცხისთვისაა განწირული, როგორც ბრეჟნევის მემკვიდრეები არიან განწირულნი კიდევ უფრო ღრმა კრიზისისთვის[10]. ანდროპოვის, ჩერნენკოს და გორბაჩოვის არქიტექტურულ მისწრაფებებზე საუბარიც კი ზედმეტია - საბჭოთა კავშირის სტაბილურობა მორყეულია და დაშლა გარდაუვალია. გორბაჩოვის „გარდაქმნის“ და „გახსნილობის“ პოლიტიკა თვითლიკვიდაციის ირიბი დადასტურებაა[11].

საბჭოთა კავშირის დანგრევის მერე, როცა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოები კაპიტალისტურ მოდელზე გადავიდნენ და დემოკრატიზაციის პროცესში ჩაერთნენ, არქიტექტურული ცვლილებები გარდაუვალი იყო. გარდაუვალი იყო საბჭოთა ლიდერების მონუმენტების ნგრევაც, როგორც განდევნის აქტი, საზოგადოებისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების მხრიდან.

გაქრა კერპები და მონუმენტები პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, თუმცა რამდენად გაქრა საზოგადოების მეხსიერებიდან საბჭოთა პროექტი?

საბჭოთა მემკვიდრეობის გარკვეული არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშების განადგურება თუ ლპობისთვის გაწირვა წარსულის მიმართ ადამიანების შინაგანი უარყოფის ხმა და დამოკიდებულებაა. თბილისში ამოიძირკვა საბჭოთა სიმბოლიკები, პარლამენტის შენობასთან მშრომელი კოლმეურნე კაცი და ქალი აღარ მოუწოდებს საზოგადოებას კომუნიზმის შენებისკენ. 2005 წელს ე.წ. ანდროპოვის ყურები დაინგრა, ვიზუალური მოცემულობით იგი აღარ არსებობს, თუმცა ანდროპოვის შთამომავლებს კვლავ ბევრი ესმით და იციან ჩვენზე, იმაზე მეტი ვიდრე უნდა იცოდნენ[12]. ლენინის მოედანი დღეს თავისუფლების მოედანია, მაგრამ ეს სრულიად არაა საკმარისი. ეროვნული იდენტობის რეალური ჩამოყალიბება დაკავშირებულია საკუთარი კულტურის, ენის, ისტორიის გააზრებასა და გადააზრებასთან, ეს მძიმე პროცესი კი მხოლოდ საბჭოთა სიმბოლოებთან წინააღმდეგობით არ იქმნება.

______________________________

[1] ConstructivismSofiya Valcheva/ Ilustromania.com
[2] Russian RevolutionHistory.com
[3] Leadership in the Russian Revolution of Vladimir LeninAlbert Resis/ Britannica.com
[4] What Was Stalinist Architecture?Andrew Mwaniki/ Worldatlas.com
[5] 1950s - Collectivisation of AgricultureSocialismrealised.eu
[6] Socialist RealismBritannica.com
[7] 9 მარტი - სინამდვილეში რა თქვა ხრუშჩოვმა ქართველებზე?თეა თოფურია/ „რადიო თავისუფლება“
[8] ხრუშჩოვკა | განახლება თუ დანგრევაგაბრიელ ჩუბინიძე/ „ინდიგო“
[9] How did Soviet Architecture Reflect Political and Ideological Values?Gaia Saravan/ Parametric-architecture.com
[10] Architecture 101: What is Brutalist Architecture?Francesc Zamora/ Architizer.com
[11] Mikhail Gorbachev Championed ‘Glasnost’ and ‘Perestroika.’ Here’s How They Changed the WorldOlivia B. Waxman/ Time.com
[12] ცხოვრება ნამგლის, უროსა და ანდროპოვის ყურების გარეშენინი მეტრეველი/ Urban Media

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა