გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ოდა დეზერტირების ბაზარს

ოდა დეზერტირების ბაზარს | პოლ რიმპლი

დეზერტირების ბაზარში პირველად 2001 წლის ზაფხულში შევეხეტე ჩემს შეყვარებულთან ერთად და როცა მომდევნო წელს თბილისში დასაფუძნებლად დავბრუნდით, გაგვიმართლა და „დინამოს” სტადიონის მოპირდაპირე მხარეს ვიპოვეთ ბინა. ასე იქცა ვაგზლის ბაზრობა - ეს თავის ნებაზე მიშვებული გამყიდველებით სავსე ექვსი ქალაქური ბლოკი ჩემს გასართობ არენად. ეს ადამიანები ჰყიდდნენ ყველაფერს, რასაც კი საერთოდ შეიძლება ფასის ეტიკეტი მიაკრა. მე კი მალე შევისწავლე ყველა ტალანი, რომელსაც მათი დახლები ქმნიდა. ტალანები მიიკლაკნებოდა ბაზრობის მასიურ ლაბირინთში - საოჯახო ტექნიკას, მეორად და ახალ სამზარეულოს ნივთებსა და ტანსაცმელს, კონტრაბანდულ ალკოჰოლსა და სიგარეტებს, გაყალბებულ „ლევისსა” და „ადიდასს”, „ნოკიას” და „მოტოროლას” მობილურ ტელეფონებს შორის… ჩემს ახალშობილ გოგონას ეტლი „ბავშვთა სამყაროში” ვუყიდე, ჩემს ცოლს კი საყურეები და ყელსაბამი - ოქროს ბაზრობაზე, რომელიც 2017 წელს იდუმალ ვითარებაში დაიწვა. საუკეთესო საკანცელარიო მაღაზია მთელს ქალაქში სამზარეულოს ნივთების სექციის უკან იყო შეყუჟული. ერთხელ, ისე მოხდა, რომ საყიდლებზე მათი შესვენების დროს მივედი. კარი ჩაეკეტათ, სადილობდნენ. გამიხსნეს და შემიპატიჟეს, სავსე თეფში და ღვინის ჭიქა დამიდგეს. საათზე მეტხანს დავრჩი, სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ვცლიდით ერთად.

ამ თავბრუდამხვევი ყოველდღიური ალიაქოთის შუაგულში მდებარეობდა ქალაქის ცენტრალური აგრარული ბაზარი - დეზერტირები. აღარც მანქანის სავალი ნაწილი და აღარც ტროტუარები აღარ ჩანდა დახლების, ყუთების, პლედების და დრანდულეტების სიუხვეში.

მათი გადმოხსნილი საბარგულებიდან სოფლის ნობათს ჰყიდდნენ. ხალხი ძლივს უქცევდა ერთმანეთს გვერდს, ან ვერც უქცევდა - ეჯახებოდა, ჩერდებოდა და მაინც ვაჭრობდა. მათ მასას, შიგადაშიგ, უხეშად არღვევდა წინ გაგდებული მეტალის ურიკებით მოსიარულე კაცები - გაოფლილები, პირში გაჩრილი სიგარეტებით მთელი ძალით აწვებოდნენ დატვირთულ საზიდარს. მერე აუცილებლად გამოჩნდებოდა „დიზელზე” მოთახთახე მარშუტკა ანდა გამონაბოლქვის სინაცრისფრეში გახვეული ჯაბახანა „ჟიგული” და გაბმული სიგნალით ახლა ისინი შეეცდებოდნენ გზის გასაკვლევად ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას. ამ დროს, თითქოს და, არეულობას რაღაც აკლდა, სწორედ მათი გაბმული სიგნალის ფონზე დაამღერებდნენ ქალები სხვადასხვა ტონალობაში: „ცხელი ხაჭაპური, სიგარეტი, პარკები”. ეს კი უკვე ბოლო აკორდი იყო - ამ დროს უკვე მიიღწეოდა ბაზრის პოლიფონიის სრულყოფილება. თუნუქის სახურავებზე ზანტი კატები არმიებად ბინადრობდნენ და ღამ-ღამობით გაუჩერებლად პატრულირებდნენ საკუთარ ტერიტორიას. ზამთარში მოვაჭრეები, ძველი პალეტებით და დამტვრეული პლასტმასებით, ცეცხლს ანთებდნენ გასათბობად. ამ დროს ჰაერს შხამიანი სუნი ავსებდა.

– 90-იანებში აქ ღამ-ღამობით სულ კალაშნიკოვიანი ტიპები დარბოდნენ, იცი, შენ? - მითხრა ერთ საღამოს ზაზა კორინთელმა - ღვინის საყიდლად მივდიოდით ბაზარში ერთად.

ზაზამ და მე ერთმანეთი კრაკოვში გავიცანით და ბლუზ-ბენდი ჩამოვაყალიბეთ ჯერ კიდევ იქამდე, სანამ ის და მისი ბიძაშვილი ჩვენთან დასახლდებოდნენ. ახლა კი კვლავ ერთად ვცხოვრობდით, ხოლო ზაზა უკვე პოპულარულიც იყო თავისი ჰიტის „ვაშლის გამყიდველოს” დამსახურებით. ეს იყო სიმღერა მთელს ბაზარში საუკეთესო შესახედაობის ვაშლზე, რომელიც შიგნიდან დამპალი აღმოჩნდა. ამ პოპულარობის და თავისი უშუალო ქცევების გამო  ზაზა ბაზარში  ფასდაკლებით ხშირად სარგებლობდა. მხოლოდ ვაშლის გამყიდველები ემტერებოდნენ და ეკითხებოდნენ კიდეც ზოგჯერ: „აბა, რას წერდი იმ სიმღერას ჩემზე?”

ბაზარში ზაზას გარეშეც მივდიოდი ხოლმე - ერთი ჭიქა ღვინის ან ჭაჭის დასალევად, ძველ საბჭოთა, თუნუქისსახურავიან შენობაში, ზედა სართულის დახლთან. ეგ იყო ყველაფრის ეპიცენტრი. ერთმანეთს ერწყმოდა თოკზე მოფრიალე თევზის და ერთმანეთზე ბორბლებივით შემოდებული გუდა ყველის სუნი, ქათმების პირამიდებისა და სუნელებით სავსე პლასტმასის ვედროების კონფიგურაციები და ხალხის გაბმულ გუგუნში მოულოდნელად გავარდნილი ყასბის ღონივრად მოქნეული ნაჯახის დარტყმის ხმა.

– გიჟი ხარ, კაცო, შენ? გასართობად ბაზარში როგორ დადიხარ! - შემომძახებდნენ ხოლმე ჩემი ქართველი მეგობრები, - თუ ძალიან არ მჭირდება, მანდ რა მიმიყვანს!

ერთი წლის თავზე მტკვრის გადაღმა, ვერაზე გადავედით და ბაზარში ხეტიალსაც ვუკლე. ამიტომ მახსოვს, როგორ მივედი ერთ დღესაც და ბაზრის მთავარი შენობა აღებული დამხვდა. მუნიციპალიტეტს მთლიანად დაენგრია ის და მოვაჭრეები სხვაგან გადაეყვანა. იმხანად, ბაზრის მთავარი შენობის მოპირდაპირედ, მომცრო სავაჭრო ცენტრი აეშენებინათ ჩინელი მოვაჭრეებისთვის. ისინი იქ იაფიან პლასტმასის პროდუქციას ჰყიდდნენ. ისეთი განცდა გვქონდა, რომ ეს ჩინური ბაზარი დეზერტირების სიახლოვეს ერთ ღამეში გაჩნდა (ზუსტად იმ ტემპით, რა ტემპითაც მერე მყისიერად გააქრეს). გარემოვაჭრეები კი ტროტუარებიდან აყარეს და რამდენიმე ახალი ჯიხური მისცეს. შესაბამისად, ახლა უკვე შესაძლებელი იყო წინამძღვრიშვილის ქუჩის ორივე სამანქანო ნაწილი მანქანებს აეთვისებინათ (იქაურობა იცვლებოდა მე კი ამ ქუჩის სახელს კვლავაც ვერ გამოვთქვამდი). დეზერტირების ბაზარში უკვე აშკარად იკითხებოდა ჯენტრიფიკაციის ნიშნები. ჯიბის ქურდებსაც ამ დროს უკვე ნაკლებად ვერიდებოდით, რადგან შემცირდნენ და ვალუტის გადამცვლელებიც სულ ოდნავ მეტად ინდობოდნენ. დეზერტირები ნელ-ნელა ემსგავსებოდა, თითქოს, უფრო ცივილურ ადგილს, თუმცა, მაინც ჰქონდა თავისი უხეში და დაუმუშავებელი, ველური და თავის ნებაზე მიშვებული, გაურანდავი სიცოცხლით სავსე ხასიათი.

როცა „გუდვილი” და „კარფური” გაჩნდა თბილისში, სხვებივით, კომფორტს მეც დავემონე. ამ დროს დეზერტირებში უკვე მხოლოდ მაშინ მივდიოდი, როცა დამჭირდებოდა, რაც სულ უფრო იშვიათად ხდებოდა, მაგალითად, საშობაოდ, როცა მხოლოდ დეზერტირებში შეიძლებოდა ინდაურის არჩევა.

თუმცა, სტუმრად ჩამოსული უცხოელები, პირველ რიგში, მაინც დეზერტირებში დამყავდა და არა - ეროვნულ გალერეაში, აბანოთუბანში ან მცხეთაში, რადგან ჩემს განზომილებაში ასეა - კულტურა იწყება საჭმლით და საჭმლის კულტურა კი ყველგან, მთელს მსოფლიოში, ბაზარში იწყება.

პროფესიული ცხოვრება სამზარეულოში დავიწყე - ჭურჭლის მრეცხავიდან სუ-შეფამდე დავწინაურდი. შემდეგ თავი მივანებე მზარეულობას, რომ მუსიკა დამეკრა, მერე კი ჟურნალისტიკამ მიმიზიდა. საქართველოში გატარებული წლები თავისუფალ ჟურნალისტობას შევალიე. 2016 წელს კი, როცა სტანდარტული ჟურნალისტიკა უკვე საშინლად მბეზრდებოდა, საერთაშორისო კულინარიული ტურების კომპანია დამიკავშირდა შეთავაზებით: ხომ არ დავწერდი მათთვის საქართველოს სულ უფრო მზარდ სტუმარ-მასპინძლობის სექტორზე. ამავე კომპანიის ორი დამფუძნებელიც მალე ეწვია თბილისს და, ბუნებრივია, ისინიც დეზერტირების ბაზარში წავიყვანე. შემდეგ უკვე, დეზერტირებში სიარული ჩემს სამსახურად იქცა. ქართველ მეგობრებს კი, რომლებიც ვერაფრით შეგუებოდნენ გატაცებას, რაც დეზერტირებისადმი მაკავშირებდა, ახლა კიდევ უფრო აგიჟებდათ ის, რომ იქ ხალხის ტარებაში ხელფასი მქონდა. თუმცა, ფულადი კომპენსაცია მხოლოდ უმნიშვნელო წახალისება იყო ჩემთვის.

მთავარი, რაც მაბედნიერებდა, იყო დაბრუნება იმ თბილისთან, რომელიც აქ ჩამოსვლისთანავე შევიყვარე და რომელიც, რაღაც დროს, სრულიად გაუცნობიერებლად მიმიტოვებია.

დავიწყე კულინარიული ტურისთვის ბაზრის მარშრუტის მოხაზვა და, თითქოს, კოსმოსურმა ძალამ უფრო ღრმად შემიყვანა ბაზრის იმ ნაწილში, რომელიც წინათ ჩინური სავაჭრო ცენტრი იყო. ქათმის დახლების მერე (მადლობა ღმერთს, ახლა ეს ქათმები დახლ-მაცივრებში უწყვიათ), გაყინული თევზეულის მერე (გაყინულის, მაგრამ რამდენჯერ გამლღვალა და გაყინულა?), მელოტი პარიკმახერის მერე, რომელიც კაცებს თმას მომცრო კარადის ზომის ოთახში ჭრის, თაფლის კაცის და გურული ჩაის ქალის მერე (დახლქვეშ თამბაქოთი სავსე დიდი ჩანთა უდევს ხოლმე), მივადექი პატარა ნიშს, სადაც ნუნუ გაჩეჩილაძე და მისი სიტყვაძუნწი ქმარი თამაზი მჟავეულს ჰყიდდნენ. ნუნუმ წითელი პომადით მოხატული პირით მხიარულად გაგვიღიმა, თითქოს, ჩვენს გამოჩენას ელოდაო, ჯერ მკვირცხლად მოგვესალმა, მერე კი უმალ დასძინა - „აბა, ეს გასინჯეთ” - და ჩემს მეუღლესაც და მეც კიტრის მწნილი მოგვაწოდა. მეუღლე პოლონელი მყავს და კიტრის მარინადის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მემკვიდრეობით მოსდგამს. ეგრევე უპასუხა: - ერთი კილო.

ის დღე იყო და ის დღე, ნუნუ ჩემი მწნილეულის დედოფალი გახდა, ამ პატარა ფანჩატურში მისვლა კი - ჩემი ბაზრის ტურის კულმინაცია. იქვე, გვერდითა დახლთან სულ მეგულებოდა „მის ვარდო”, თავისი შესანიშნავი აჯიკით, და კიდევ გვერდზე, გიული კირკიტაძე - არომატული კახური ზეთით. ნუნუს ხელით დამჟავებული სტაფილო ისეთი იყო, თეკუნა გაჩეჩილაძემ (რომელიც სულ არაფერ შუაში იყო მასთან) „ხაშერიას” სამზარეულოში ჩაუშვა.

ერთ-ერთ ტურზე ორი გერმანელი ტურისტი დამეკარგა. იმ უსახო და უსულო შენობაში დავხეტიალობდით, რომელიც სააკაშვილმა ააშენებინა მას მერე, რაც ძველი დაანგრევინა. სტუმრები ერთ მრგვალსახა, პატარა ტანის ქალთან ვიპოვე. იდგნენ და გერმანულად ელაპარაკებოდნენ მას. ქალს თინა ერქვა. მისი დახლიც იმ პერიმეტრზე ჩამწკრივებულ დახლებს ჰგავდა - სუნელებს, ტყემალს, ჩურჩხელას, ჯემებს და ჩირეულს ჰყიდდა, მაგრამ თინა სოუსებს იქვე, დახლის უკან ამზადებდა. თან საოცარი ხასიათი ჰქონდა. ჰყვებოდა, რომ განათლებით კარდიოლოგია, რომ ჯანდაცვის სამინისტროში, ადმინისტრაციაში მუშაობდა, მაგრამ შემდეგ მისი სამსახური სააკაშვილის მთავრობის ინიციატივას შეეწირა, როცა სხვადასხვა სამინისტროში მომუშავე ძველი სტილის ჩინოვნიკები იძულებული გახადეს, ნაადრევად გასულიყვნენ პენსიაზე. თინას დახლი ჩემი ტურის პირველ მთავარ გაჩერებად იქცა - ტყემლებისა და საწებლების გასასინჯად, ასევე, დილის პირველი ჭაჭის გადასახუხად.

ბაზრის დანგრეული ძველი შენობიდან გამყიდველთა ნაწილი ასევე ძველი, აგურის შენობის, მეორე სართულზე გადავიდა - იქაურობას „დინამოს” ბაზარს ეძახიან. სტუმრების ამ დერეფნებში გატარებაც მიყვარს, რადგან იქ ძველი კონტექსტი და ატმოსფერო სულ ოდნავ, მაგრამ მაინც იკითხება. ერთხელ იქ ყასბების ხმაურიან ჩხუბს შევესწარი და ჩემი ექვსი სტუმარი კინაღამ გადამერია, თუმცა, ძირითადად, ამ ძველ ტალანებში მიძინებული, ჩამქრალი ენერგეტიკაა. ილია და სოსო თაფლს ჰყიდიან, წლებია, გვერდი-გვერდ დგანან და ერთმანეთს ეკონკურენტებიან. თუ იმ დროს მივედი, როცა მაგიდაზე თავჩამოდებული ილია თვლემს ხოლმე, სოსო აუცილებლად ისარგებლებს მომენტით და შემახსენებს, რომ თაფლი მისგან ვიყიდო და არა - ილიასგან, „ეს ტრაკი, ესა”.

გუდას გასასინჯად ნანასთან ვაჩერებ სტუმრებს - მთელ შენობაში, ერთადერთი, მას აქვს ნამდვილი გუდა - წესისამებრ ცხვრის კარგად გაწმენდილ, ბეწვიან ტყავში დავარგებული. სულგუნისთვის კი ვეცნობით მაყვალას, მისი ყველი ყოველთვის ახალ-ახალია, ღიმილი - ძალდაუტანებელი და სანდომიანი. მაყვალა დახლს იყოფს გიასთან - ჩემს „ნადუღის კაცთან”, რომელიც, თურმე, ვერაზე, ერთი ქუჩის იქით ცხოვრობს ჩემგან, მაგრამ უბანში ერთმანეთს ჯერაც არ შევხვედრივართ.

ბოლო დროს, ჩემი „ნიგვზის კაცი” ალეკო გახდა - მას მერე, რაც ჩემმა „ნიგვზის ქალმა” ერთხელ მომახსენა, რომ მისი აშკარად შუა აზიიდან ჩამოტანილი და “ტექნიქოლორის” ჭყეტელა ფერებში გადაღებილი ჩირეული და თხილეული ქართულიაო.

– ესენი ქართულია? - ვკითხე ერთხელაც ალეკოს, თან ცხიმიანობის შესამოწმებლად მაგრად მოვუჭირე თითები ნიგვზის ლებანს.
– არა, უკრაინული. ცუდი წელი გამოდგა. მაგრამ ქართულები ესენია. ხუთი ლარით მეტი ღირს, - მიპასუხა.

ერთ ბრძენ კაცს უთქვამს, “გულახდილობას დივიდენდი დოლარში მოაქვს”, მართლაც ასეა. სანამ მის ნარჩევ პროდუქტს ვსინჯავ, აუცილებლად გამოჩნდება ხოლმე ალიევიც - ჰალალი მეყასბე, რომელმაც, სრულიად უმიზეზოდ, ჯიმი დამარქვა და რომელიც ჰალალი მხოლოდ მაშინ ხდება, როცა საქმე ხორცს ეხება.

მოდი, მოდი, ჯიმი, - მეტყვის ხოლმე და მანიშნებს, რაზეც მიხმობს - ყელზე წკიპურტს მიირტყამს.

უკანა ნაწილში, ქვედა მხარეს, ლუიზა მეგულება - ჩემი ლურჯთვალება spice girl, რომელიც სოხუმიდან 1993 წელს ჩამოვიდა - აქ მდგომ მოვაჭრეთა დიდი ნაწილის მსგავსად. და იქვეა რაულიც - თევზით მოვაჭრე რაული. მართალია მისგან თევზს არასდროს ვიყიდი, რადგან არ მწამს შავ ზღვაში დაჭერილი და მზეზე გამოფენილი თევზის, მაგრამ რაულის ღიმილი ისეთი ნამდვილია და ისე გადაბჟირებამდე სიცილი შეუძლია…

უწინ, ბაზრის ეს ნაწილი ღვინით მოვაჭრეებით იყო სავსე. სწორედ აქ ვიყავით კორინთელი და მე პირველად, პლასტმასის ჭურჭელში გადანაწილებული ღვინის ასარჩევად. მერე მარტო მივბრუნდი, ერთი ჭიქა ღვინო იქვე გადავკარი, სამი ლიტრი კი ვიყიდე და ზაზას წავუღე - სტუმრები ჰყავდა.

– ბიჭებო, ნახეთ, რა ღვინო მოგიტანეთ?! - ვთქვი დიდი მცოდნესავით.

ავავსეთ სასმისები, მივუჭახუნეთ და ღვინომ კუჭისკენ გზა უცებ იპოვა.

– კარგია, არა? - გავუღიმე ზაზას სტუმრებს წარბშეუხრელად.

– პოლ, - გამაჩერა მეგობარმა და მხარზე ხელი დამადო, - ეს ღვინო თუ კარგია, წყალი რატომ დაუმატებიათ?

ეს მოვაჭრეები კარგა ხანია, იქ აღარ დგანან. ერთ ხანს, ლუიზას დახლის კიდევ იქით, უფრო სიღრმეში, ერთ გრძელ ტალანში ხუთი-ექვსი მაგიდა ჯერ კიდევ იდგა - არც თუ ისე შორს იმ კაცისგან, რომელიც ცოცხალ ინდაურებს ჰყიდდა. იქ იკრიბებოდნენ ბაზრის კაცები წასახემსებლად, თითო ჭიქა ჭაჭის თუ მჟავე, წყალგარეული ღვინის დასალევად. ჩემს ქართველ კოლეგა-გიდებს ერცხვინებოდათ ტურისტების ამ ადგილზე მოყვანა, მაგრამ მე მომწონდა სტუმრებისთვის იმის ჩვენება, თუ საიდან სადამდე განვითარდა ჩვენი ღვინის კულტურა (და მერე ამ განვითარებასაც ხედავდნენ, როცა ბუნებრივი ღვინოების დეგუსტაციაზე ღვინის ბარში მიმყავდა). მომწონდა ისიც, რომ მათთვის მეჩვენებინა, თუ როგორი იყო ბოლოდროინდელი თბილისური ბაზრის ცხოვრება - ცხოვრება, რომელიც ნელ-ნელა ქრება. ჩემთვის ღვინის ეს დახლები ცოცხალი ისტორიაა, მისი ნაწილები კი ცოტა ხნის წინ იყო ყველგან - ზოგან ღიად, დახლზევე ჰყიდდნენ ღვინოს, ზოგან, ბაზრის მიმდებარე ქუჩებზე, ძველ სარდაფებში მოყუჩებულად. დღეს ორადორი დახლი რჩება წინამძღვრიშვილის ქვემოთ, ერთ ჩაყოლებაზე.

ასე რომ, რვა წლის წინ, თბილისთან კონტაქტის აღდგენად დასახული ეს ჩემი პირადი პროექტი, დღეს ცხოვრების ნაწილად მექცა. ნუნუ - ჩემი მწნილეულის დედოფალი - გულის შეტევით, 2018-ში მოკვდა. არასდროს ამომივა თვალებიდან, როგორ დგას უხმოდ, დახლს უკან, მარტოდ მარტო დარჩენილი თამაზი და როგორ უწყლიანდება თვალები როცა ჩემს გაოგნებულ შეცხადებას და სამძიმარს ისმენდა. ის და ნუნუ კვირაში შვიდი დღე მუშაობდნენ ერთად. ამწნილებდნენ ბოსტნეულს და ჰყიდდნენ, რაც არა მათი სამსახური, არამედ მათი ყოველდღიურობა იყო და ჩემს სტუმრებთან ერთად, მათთან სიარულმა, მეც მათი ცხოვრების ნაწილად მაქცია, რისთვისაც სამუდამოდ მადლიერი ვარ.  

რამდენიმე ხნის წინ თამაზისა და „მის ვარდოს” გვერდით მოვაჭრე გიულის ვკითხე ქალაქში დარხეულ ხმებზე, რომ დეველოპერს დეზერტირების ბაზრის აღება და მის ნაცვლად სავაჭრო ცენტრის აშენება უნდა. გიულიმ კი, სანამ მიპასუხებდა, სვანური მარილით სავსე ვედროს ქვეშ შენახული დოკუმენტების დასტა გამოაძვრინა. ეს იყო ოცი წლის წინანდელი განცხადებების, ხელმოწერების შეკვრა. გიული - ისიც დევნილი აფხაზეთიდან - თურმე, იმ მოვაჭრეთა შორის იყო, რომლებიც ბაზრის ძველ შენობაში მუშაობდნენ და რომლებიც შემდეგ სააკაშვილის მთავრობას ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ძველი დეზერტირები არ დაენგრიათ. გიული მაშინდელი პროტესტების ერთ-ერთი ორგანიზატორი ყოფილა. ამ ძველ, გაცრეცილ ფურცლებს შორის ერთ-ერთი იყო მისი ხელნაწერი პეტიციაც, რომლის ასობით ხელმოწერის შესაგროვებლადაც თვითონ ურბენია.

რაც შეგვეძლო, გავაკეთეთ. ვაპროტესტეთ, სადამდეც აზრი ჰქონდა. შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოვავლეთ. ასე ვიცავდით.

მაგრამ მერე ერთ დღეს სოფელში მომიწია წასვლა და დამირეკეს ბაზრიდან, შუაღამისას დაანგრიეს შენობაო. ყველაფერი იმ ღამეს დავკარგე, რაც მებადა გასაყიდად. ყველამ ასე დაკარგა, - იხსენებს გიული ისე მწარედ, თითქოს, გუშინდელი ამბავია.

დეველოპერის ინიციატივით სავაჭრო მოლი ასობით დახლს გააერთიანებს ახალ შენობაში, სადაც ასევე თურქული, არასეზონური ნობათი გამოიფინება გასაყიდად. თინა მიამბობს, რომ დეველოპერებმა ყველას შესთავაზეს ადგილი ახალ ბაზარში, ისნის მახლობლად, რაც იგივეა, სიმსივნიანს ასპირინი მისცე განსაკურნად. აქაური მოვაჭრეები სასიცოცხლოდ არიან დამოკიდებულნი თავიანთ კლიენტურაზე რესტორნებიდან, საუბნო მაღაზიებიდან… ვინ გაჰყვება სურსათით მოვაჭრეს ქალაქის მეორე უბანში, როცა ქუჩის გადაღმა სხვა გამყიდველის პოვნა შეუძლია? მოვაჭრეები ბაზრის სხვა ნაწილებში - ძველ შენობაში, ყოფილ ჩინურ მოლში, თუ ქუჩის ტროტუარებზე, ამბობენ, რომ დეველოპერის ინიციატივა მათ არ შეეხებათ. ჯერჯერობით, თინაც იმედიანადაა: - ამას ვერ იზამენ. საკმარისად შოულობენ ჩვენგან.

ნეტავ, მეც ასე მჯეროდეს, როგორც თინას. ხალხი იმასაც ამბობს, რომ რადგან ბაზრის შენობის ქვეშ მეტრო გადის, სოლიდურ, ღრმასაძირკვლიან შენობას ვერ ააგებენო და დეველოპერის სავარაუდო მიზნების გასაბათილებლად ესეც ეხმარებათ. ამისიც მინდა დავიჯერო, მაგრამ ბოლო ათწლეულების სამშენებლო გამოცდილებამ გვაჩვენა სწორედ, რომ თბილისში ყველაფერი ყველგან შეუძლიათ ააგონ, ნებართვის ქონა-არქონის მიუხედავად, ურბანული სპეციფიკის გაუთვალისწინებლად.

თუმცა, რაც უნდა ტრაგიკული იყოს შენობის დაკარგვა, ჩვენ მაინც შევძლებთ სოფლის ნობათის და სხვა პროდუქციის პოვნას წინამძღვრიშვილზე, რადგან დეზერტირები მხოლოდ შენობა არაა, ეს ცოცხალი ისტორიული ძეგლია. ეს არის ინსტიტუცია, რომელმაც გაუძლო ყველაფერს - რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, სამოქალაქო ომებს, მიშა სააკაშვილს და კოვიდსაც. ასე რომ, გაუძლებს ბიძინასაც.

ამასობაში, კვლავ გავაგრძელებ სტუმრების ტარებას ამ ჩემს განსაკუთრებულ განზომილებაში, სადაც შეგრძნებები არა მარტო იღვიძებს, არამედ სიცოცხლით ფეთქავს - გემოები, ხმები, სუნი, ხედები, შეხება…

კვლავაც ვივლი საყიდლებზე ჩემს მეგობარ მოვაჭრეებთან. კვლავაც მივყვები გზებს სიახლეების აღმოსაჩენად. წინა თვეში იყო სწორედ, ბაზარში გავიცანი ქალი, რომელიც ავოკადოს მთელ ქალაქში საუკეთესო ფასად ჰყიდდა.

ავტორი: პოლ რიმპლი
მთარგმნელი: თამარ ბაბუაძე

...

რუკა. დანართი.

1 ნუნუს დახლს ყვითელი ყვავილის გირლიანდებით მუზეუმივით ინახავს მისი ქმარი. თამაზს შავი პერანგი აღარ აცვია, მაგრამ ახლა მის გაუღიმარ სახეს სხვა ახსნა აქვს. კიტრის მწნილის ნაჭრების ჩამოჭრა და პირდაპირ დანით ჩამორიგება უყვარს, თითებით ფცქვნის ნივრის მწვნილს და მერე იმას გაწვდის. გეპატიჟება, რომ თითებითვე დასწვდე სტაფილოს მწნილს, რომელსაც ნუნუს რეცეპტით ამზადებდნენ სულ, ანდა - ჯონჯოლს. დეიდა ვარდო, თქვენც თუ ნახავთ ამას, მოგესალმებით. ჩანთაში ჩუმად ჩადებული საწებლის ბოთლი, ეს, გოგო, შენთვის წაიღეო, ჩუმ, ქალურ, მასპინძლურ სოლიდარობას უდრის.

2 ჩინელების ბაზრობა

3 კაფკა-ყავა. პაემნის ადგილი. პარკინგის წინ. ეს სიტყვებით თამაში - კაფკა - კოფი - აბრაზე - ათწლეულზე მეტია არის. აი, მას მერე, რამდენი ადამიანი ხვდება აქ, თუ ბაზარში ერთად მიდის. 

4 დეზერტირებში შეკრებილ უამრავ ვაშლის გამყიდველს შორის, ერთ გორელ კაცს ვნიშნავ რუკაზე. წლებია სულ აქ დგას. ხან გაციებული და წვერგაუპარსავი, ხან სუფთად ჩაცმული და ფაქიზად გაპარსული სახით. როგორც გინდა იყოს, სულ ომახიანად შესძახებს ხოლმე, მოდი, ბაბუა, მოდი, აგერ, ეს მუშმალა გასინჯე. მოიცა, გოგო, კი არავინ მითვლის, ჩემი ეზოსია. ან როგორ მცნობს. ვსუქდები თუ ვხდები, სათვალით ვარ, თუ უსათვალოდ, მაინც სულ იცის, რომ მე ვარ მე. ჩემზე 15 წლით იქნება უფროსი. ბაბუაო, არადა. გოგონა, რა გნებავთო, კი, მსიამოვნებს, ქალბატონო-ს ნაცვლად, მაგრამ - ბაბუაო - ასეც არ შეიძლება.

5 უბრალოდ, დეიდა თინა, კარდიოლოგი, გერმანისტი.

6 აქ დგას დანების მლესავი თავისი დანადგარით. ყოველ მისვლაზე მიხარია, რომ ჯერაც არის. არა, როგორც შოუ, არამედ - ნამდვილი ჩვეულების ნაწილი. ხალხი დანების ასალესად კვლავაც მასთან დადის. 

7 აქ ბიჭები ძალიან ძვირად ჰყიდიან ყველანაირ ხილს. ტურისტებზე ან რუსებზე უფრო მუშაობენ. 

8 ეს მართლა დერეფანია, ვიწრო და გრძელი; სადღაც, შუაში, ჩატანებული ნიშით, სადაც 90-იანებიდან შემორჩენილი, მაგრამ დღემდე მოვლილი ხატების კუთხეა, სალოცავი კუთხე ბაზარში. იქვე ხელსაბანია და ხშირად დევს ხოლმე პლასტმასის წყლით სავსე ვედროც, ტილოს ნაჭრით. მერე კარი დაკლული გოჭების დახლ-მაცივრებით სავსე ოთახში გადის. 

აი, ეს დერეფანი რამდენიმე წლის წინ ძალიან ლოგიკურად იწყებოდა ხანში შესული და სანდომიანი ხარაგაულელი ქალის მისალმებით. თითქოს, ლოგიკურია, რომ ყველაზე უკეთეს სალამს იმერელი ბებია გეტყვის. გამიღიმებდა, მიცნობდა და იმერელი ბებიის სრულყოფილ ჰიპოსტაზად იქცეოდა ხოლმე. 

როცა ტურისტები გახლავს თან, მათთან კავშირზე ყოფნასა და ამ იმერულ იდენტობას შორის გაბმულ კონტრასტს ცალსახად გრძნობ; და ხან იმერეთი გექაჩება თავისკენ, ხან მისგან დისტანცირების კომფორტი, რასაც ტურისტების სიახლოვე გაძლევს. 

პანდემიის მერე ეს დარბაისელი ქალი აღარ ჩამოდის. ახლა ჯერ გუდის დახლთან ვჩერდებით, მერე კამეჩის სულგუნის გამყიდველ ქალთან. ძვირფასი, ძველი, დიდთვლებიანი ბეჭდები უკეთია თითებზე. სალამი და სულგუნის ფირფიტაში ნადუღის უცებ-უცებ გადახვევა მანაც გემრიელად და თავაზიანად იცის, მაგრამ მაინც თავშეკავებით მიღიმის, პასიურ-აგრესიულად - თითქმის. თითქოს, მსაყვედურობს, რამდენჯერაც არ გავჩერებულვარ მასთან და წინასწარ მამუნათებს მომავალი შეხვედრების გამო, როცა მასთან კვლავ არ გავჩერდები. არადა, რა იცის.

ქალს ხარაგაულიდან კი უპირობოდ ვესიმპათიურებოდი. 

აქ იგრძნობა, როგორ ელიან მუშტარს; როგორ უცრუვდებათ იმედი; როგორ ღლით ტურისტულ სანახაობაში ღიმილიანი მასპინძლის როლი. ტურისტიფიკაცია, კომოდიფიკაცია, სოციალური უთანასწორობა და ეგეთი ცნებები მოდის თავში, სანამ ცხვრის გუდის სპეციფიკას, სულგუნის შებოლვის ტექნიკას ან ნადუღი-ხაჭოს შედარებით დახასიათებას ვყვები; მაგრამ დერეფანი მალე მთავრდება და ამ წერტილიდან - უკვე ეს ტურიც. რაც კარგია. ბოლო-ბოლო, ეს ტექსტი არის მხოლოდ რუკის თანმხლები მინაწერი.

9 პოლის ყასბები. პოლის თაფლის კაცები. ნინო - სომეხი, შავთვალება ქალი, რომელიც თავს გევლება, გლოცავს და გინანავებს, ოღონდ მასთან გააჩერო სტუმრები. დარბაისელი სალმით, სომეხი ქალი, სუჯუკის დახლთან. ყოველთვის უსიტყვო სალამს გვესვრის.

10 ლუიზა, პოლის "სპაიზ გერლი". ჩემი კარგი ნაცნობი. რამდენ ინფორმაციას ვცვლით ხოლმე მზერით და შეუმჩნეველი ჩაღიმებით, თავის დაქნევით. დავშორდებით ერთმანეთს და ჩვენს შორის არსებული ცოდნაც წათვლემს.

11 აქ მიმიყვანა პოლმა პირველად, ტურში ეს ადგილიც უნდა გავიაროთო. ჯურღმულის ჯურღმული. ვერ გავიგე, რა მინდოდა იქ. თალხ ტანსაცმელში და შავი თავსაბურიანი, სქელშუშიანი სათვალით ქალი მაფრთხობდა. მწუხარედ ჰყიდდა „ოჯახის ღვინოს". ვაღიარებ, პოლ, ერთი-ორი შემთხვევის გარდა, იქ არ მიმიყვანია სტუმრები. ბოლოს ეს ქალი ჩვენს ერთობლივ ტურზე ვნახე. შავები აღარ აცვია. მხნედ გამოიყურება. ვუთხარი კიდეც. მაშინდელი მწუხარების მიზეზიც უცებ გამიმხილა. ღვინო ისევ არ უვარგა, ვაღიაროთ, მოდი. თუმცა, მიხარია, რომ სიფრთხილე დავძლიე და ისიც გავიცანი.

12 ვუყურებ ინტერაქციულ რუკას, ვეღარ ვპოულობ ვერც ბავშვთა სამყაროს, ვერც ოქროს ბირჟას. დაახლოებით აქ იყო ერთი. აქ - მეორე. ფიქს-პრაისი სადაც წერია, მანდ ბორჯომის ვაგზლის თავზე გარდავამალი კიბეები და ვიწრო ბაზრობა-დერეფანი უნდა ვიგულისხმოთ. კიბეზე ზის ქალი და ჰყიდის „დრაკონის ხილს".

13 საპარიკმახერო კაკო სოხუმი/ კაცი უკარება და საქმიანი/ თავისი სალონის პრივატულობას და თავის ბიოგრაფიას ავი ძაღლივით იცავს. არ გირჩევთ ფოტოს გადაღებას და უსაგნო გამოლაპარაკებას.

? ამ ქალის მოხელთება შეუძლებელია. როგორც „თომას ქროუნის თაღლითობაში" მდევრის თავგზის ასაბნევად უცებ ჩნდება მაგრიტისებურად ჩაცმული ბევრი თომას ქროუნი, ისეა ეს კრებითი ქალიც. აქაც შეიძლება იყოს. აქაც. ყველგან. ცხელი ხაჭაპური, სიგარეტი, პარკები.

ვიდეო. დანართი.

ფლორიან მიულფრიდი სოციალური ანთროპოლოგია და ოც წელიწადზე მეტია მუშაობს კავკასიის რეგიონში, მეტწილად, საქართველოში. ილია უნიში, როცა მისი სტუდენტი ვიყავი, ერთხელ დაგვავალა სავარჯიშოს შესრულება ბაზარში. 

ასე წავედი დეზერტირებში უკვე მერამდენედ. არა - გიდად, არამედ - დამწყებ ანთროპოლოგად. ვიარე და სიარულისას გაგონილი სიმღერები თუ ფრაზები, შეძახილები და გადალაპარაკებები, ასევე, სხვა ფონური ჟღერადობები - სხვადასხვანაირად შევაგროვე. ხან ხელით ვიწერდი, ხან ჩართული ხმის ჩამწერით დავდიოდი და მერე ვუსმენდი მოახლებულ და ჩავლილ ხმებს, თან - ვშიფრავდი. ვადარებდი ერთმანეთს იმას, რაც მე დამამახსოვრდა და რაც მოგვიანებით, სიმყუდროვეში ჩართულ აუდიო-ფაილში ისმოდა. 

ეს იყო სავარჯიშო იმის შესახებ, თუ როგორ აგროვებ ანთროპოლოგი ინფორმაციას ძალიან მჟღერ, ძალიან ჭრელ, ძალიან მოძრავ, ძალიან ცხელ ან პირიქით, გამყინავად ცივ და პირქუშ გარემოში - რას იხელთებ, რა გისხლტება, რაზე ამკვეთრებს ფოკუსს მეხსიერება და რას შლის. 

ფლორიანთან ამ საუბრის შემდეგ ვნახე პირველად მისი ვიდეო, რომელიც 1997 წელს დეზერტირებში გადაღებული ფოტოებით და ხმებითაა აწყობილი. ამ ადგილმა ფლორიანიც ძალიან მიიზიდა თავიდანვე. ეს ბუნებრივიც იყო. ის თევდორე მღვდლის ქუჩაზე დასახლდა და, როგორც პოლ რიმპლისთვის, მისთვისაც, ბაზრობად ქცეული ქუჩები მთავარ ატრაქციონად იქცა. 

ფლორიანის ვიდეოს რამდენიმე დღის წინ, ამ ტექსტზე მუშაობისას, ხელახლა ვუყურე. რაც თვალში მეცა, როგორც გამქრალი დროის ნიშანი, საბჭოური მარკის მანქანების გარდა, შავოსანი ქალების სიმრავლეა. 97-ში ომები ახალი დამთავრებულია. მაშინ ძალიან ბევრ ქალს აცვია შავი. მგონია, რომ ეს ქალები დღესაც ბაზარში ტრიალებენ, უბრალოდ, ტანსაცმლის ფერი აქვთ შეცვლილი. 

ცალკეა ბაზრობის მუსიკალური ჰიტები, სასტუმრო “კოლხეთი”, კინო “გაზაფხული” ინდური ფილმების რეპერტუარით. ბევრი რამ, რაც არის ან აღარ არის, მაგრამ მაინც ჯიუტად და სულ არის, რადგან ციფრული თუ ადამიანური მეხსიერებიდან ვერაფრით ვშლით. 

ესეც ფლორიანის ვიდეო, როგორც მეხსიერების აქტივაციის შესანიშნავი პორტალი.

თამარ ბაბუაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა