გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თბილისი არქიტექტურა ქალაქი

რა ემართება თბილისს?

წინამდებარე წერილი National Trust of Georgia-ს გამოუგზავნა უცხოელმა კონსულტანტმა, რომელსაც საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს. წერილი მისგან ანონიმურად მივიღეთ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ საქართველოში კვლავ მუშაობის სურვილი აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ავტორის თვალსაზრისი თბილისის სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებისას, საკმაოდ კრიტიკულია, ვიფიქრეთ, რომ ეს საკმაოდ თანამედროვე მოსაზრება, საჯაროდ მაინც გამოგვეტანა. ქალაქის მოწყობისა და დაგეგმვისას მოდერნულობასთან დაკავშირებული საკითხები არა მხოლოდ ამ წერილშია დასმული. მიგვაჩნია, რომ კარგი იქნება, შეიქმნას დამატებითი ფორუმი იმაზე მსჯელობისთვის, თუ რა არის ნამდვილად მოდერნული არქიტექტურასა და პრაქტიკულ ურბანულ დიზაინში და რა არის მასში პოსტ, პოსტ, პოსტ-მოდერნული? თბილისი ერთ-ერთი ყველაზე შესაფერისი ადგილი უნდა იყოს ამ კითხვის განსახილველად, რადგან ის სხვა დედაქალაქებზე გაცილებით სწრაფი ტემპით იცვლება და მისი ისტორიული ზონებიც, უჩვეულო, ბევრის აზრით, შემაშფოთებელი სიჩქარით ქრება.

- პიტერ ნეისმიტი, The National Trust of Georgia-ს თანათავმჯდომარე


ვუყურებთ თბილისს და მასში ვხედავთ ფრაგმენტულ ქალაქს, რომელიც საკუთარ იდენტობას კარგავს - საერთაშორისო მასობრივი დიზაინის კულტურის უნიფორმულობა მის ნაწილებს მთლიანად ყლაპავს. თბილისის ახალი, მაღალსართულიანი არქიტექტურა ურბანულ პეიზაჟსა და ისტორიულ ზონებს სოკოვანი სენივით მოსდებია. დღეს ისე, როგორც არასდროს, გაქრობის საფრთხის წინაშე დგება მთელი არსი იმისა, რასაც საქართველოს ვარქმევთ; რაც ქართველად ყოფნას აღნიშნავს.

სამწუხაროდ, ამ მოსაზრებაში გაზვიადებული არაფერია. ეს დაკვირვებაა, რომელიც ასევდიანებს ქართველსაც და უცხოელსაც - ყველას, ვისაც თბილისი უყვარს.

თბილისის ტრანსფორმაცია არის ცალსახა ფაქტი, რომელიც კიდევ უფრო ნათლად ჩანს, როცა ვუყურებთ აღმოსავლეთ ევროპის სხვა ისტორიულ დედაქალაქებს, სადაც ურბანულ იერსახეში ასე ინტენსიურად არ ჩარეულან. და ამ დროს თბილისს მეტი ისტორია აქვს, ვიდრე იმ ქალაქების უმრავლესობას, რომელთაც ვგულისხმობთ ახლა. გაიხსენეთ ტალინის, რიგის, ბუდაპეშტის თუ პრაღის ცენტრები - მეტწილად, ყველაფერი ადგილზეა - დახვეწილად და ელეგანტურად.

ვერც „მოდერნულს“ დავარქმევთ ტრანსფორმაციის პროცესს, რასაც დღეს თბილისში ვხედავთ. არქიტექტურა და მისი საყრდენი ფილოსოფია, რომელსაც ახალს ვეძახით, სინამდვილეში, ძველი, 1980-იანებისაა. ამიტომ დრომოჭმულიც გახლავთ. არქიტექტურის თანამედროვე ტრენდებია შენობის დიზაინში მრუდე ფორმების დაბრუნება; არასიმეტრიულობა, ნაგებობის ქვედა დონეზე განფენა, შენების დროს სამეზობლოს იდეის გათვალისწინება. სიმწვანე ახლა მაღალსართულიანი განაშენიანების ნაწილი ხდება - ახალი ნაგებობები, თითქოს, უკვე ვერტიკალურ ტყეებად გვევლინება. ბალახით დაფარული სახურავები ბრუნდება - ისე, როგორც მეცხრამეტე საუკუნის თბილისში კალის უბანს ჰქონდა, როცა მეზობლები სახლების სახურავებს ერთმანეთთან იყოფდნენ. ბუნებრივი თბოიზოლაციური ტექნიკებიც მოდაშია - ზოგიერთი ზუსტად იმ ფორმით შემობრუნდა, რა ფორმითაც ადრე იყენებდნენ. სულ ბოლო მოდა კი არის მასალების ხელახლა და ჭკვიანურად გამოყენება. აღდგენა დანგრევის ნაცვლად; ადგილობრივი, ვერნაკულური მასალების მოძიება შორი პუნქტებიდან იმპორტის ნაცვლად. ხის მერქნის ძვირადღირებული და იშვიათი გრანიტისა და მარმარილოს შემცირება. ბუნებაში მოპოვებული ქვების მეტად გამოყენება - მით უფრო, რომ საქართველოს გეოლოგია ევროპაში ლამის პირველ ადგილზეა.

„მოდური ახალი ექსტრავაგანტური მიგნებების გამოყენება მდიდრებს შეუძლიათ, - ასე იტყვიან ძველმოდური შეხედულებების მქონე მგეგმარებლები და არქიტექტორები, - მაგრამ ჩვეულებრივ, ნაკლებად შეძლებულ ქართველებს დიდი არჩევანი არ აქვთ. მათ მხოლოდ ის შეუძლიათ, დაადგნენ იაფ გზას“.

თუმცა, ბოლომდე მართალი არც ესაა. „იაფი“ ხშირად მოგებასთან დაკავშირებული კონცეპტი უფროა, ვიდრე სინამდვილე, რაც საცხოვრებელ სტრუქტურას მიემართება. სრულიად შესაძლებელია, შენობა განახლდეს და შეკეთდეს დაბალი ბიუჯეტით ისე, რომ თან შენარჩუნდეს მისი პირვანდელი განწყობა. თუ შევძლებთ გონების გადაწყობას და „ნელ რეკონსტრუქციას“ დავუშვებთ ისე, როგორც ეს „ნელი გასტრონომიის“, „ნელი ტურიზმის“ შემთხვევაში მოხდა.

„ნელი მშენებლობა“ ნიშნავს მშენებლობასა და აღდგენას ღირსების შენარჩუნებით; მასალების გამოყენებას დაფიქრებით, ჭკუით და, თუ შესაძლებელია, ნიშნავს უარსაც ძველი შენობის სრულ დანგრევაზე. ნუ გადაყრით ფანჯრებისა და კარების ხის ძველ ჩარჩოებს, განაახლეთ ისინი. შეუნარჩუნეთ სახლს ხის ძველი დარაბები. ისინი თბოიზოლაციისთვისაც გამოდგება, ფარდებზე უკეთაც გამოიყურება და პლასტმასის ორმაგ მინასაც აჯობებს.

თან სილამაზის ახლებურ განმარტებასაც შემოგვთავაზებს როგორც არქიტექტურაში, ისე - ცხოვრებაში. ესაა სილამაზის განსაზღვრება, რომელიც მთელ გარემოს გრძნობს და შეიცავს; რომელიც ცხოვრების ხარისხს უფრო ამაღლებს, ვიდრე ინვესტორის მოგებას. მაგრამ, ასევე, მნიშვნელოვანია წონასწორობის დაცვაც ისე, რომ ორივე მხარისთვის კომპრომისზე წასვლა ამ პროცესშიც უნდა დავუშვათ.  

თუმცა, ეს ყველაფერი ოდნავ ირონიულად ჩანს თბილისში, სადაც ქალაქის ფორმაციული სახე - მისი სამეგობროდ და საურთიერთოდ ქვედა დონეებზე გაშლილი აივნები, მოჩუქურთმებული ხის ორნამენტები, არტ ნუვოს სტილში გადაწყვეტილი ფასადები, მოხატული სადარბაზოები - ყველას აღაფრთოვანებს. მათ გამოსახულებებს ვხედავთ სატელევიზიო და ქუჩის რეკლამებში, საკვებ პროდუქტებზე, ღვინის ბოთლების ეტიკეტებზე, სარესტორნო ინტერიერების დიზაინში. და, პარალელურად, სწორედ ამ ყველაფერს ჯიუტად და შეუქცევადად შლიან და ანგრევენ. ამ შენობების ხასიათი ფაქიზად ირეკლავს ქალაქის მცხოვრებთა შინაგან სამყაროს და თვისებებს და ამ დროს ეს ბოლო ხანს მიმდინარე პოსტ-მოდერნული სოვიეტიზაცია ქარიშხალივით უვლის და ასწორებს ქალაქის უბნებსა და ფერდებს - სტანდარტიზაციის მესიჯს დააქროლებს; ეკონომიკისა და მოგების ლოგიკას, შეზღუდულ ფანტაზიებს ავრცელებს. მძიმე და სწორი ხაზები, ამრეკლავი ზედაპირები დასაშვები და მოსათმენია მცირე მასშტაბითა და რაოდენობით; ასე საინტერესოც კია მათი ნახვა, რადგან ძველი არქიტექტურის სილამაზესა და სინატიფეს კონტრასტულად უსვამს ხაზს. აქ კი ისინი ჭარბობენ, არეალს იპყრობენ, გიგანტურ ფორმებად, პირქუშ აჩრდილებად ეფინებიან ძველ, მომცრო ზომის, უბნურ სამეზობლოებად შეკრულ შენობებს. ქალაქის ისტორიული კულტურული იდენტობა ახლა უფრო პირწმინდადაც კი ნადგურდება, ვიდრე აღა მაჰმად ხანის დროს განადგურდა, როცა მან 1795 წელს ძველი ქალაქის მიწასთან გასწორება სცადა.

და ეს პროცესი აზარალებს ადამიანების ფსიქოლოგიასაც, უფრო უხილავი, ფარული გზით. ურთიერთობებისთვის გახსნილ და მიწის დონეზე მაცდუნებლად განფენილ თბილისს დღეს ჭამს მედიდურობა, რაც გიგანტური ჩრდილების მქონე, დამთრგუნველმა და უშველებელმა მაღალსართულიანმა კვარტლებმა მოიტანეს. ქალაქის შედარებით ახალი რაიონი, ვაკე, უკვე მთელ დღეებს უხვად ამოზრდილი შენობა-მონსტრების ჩრდილქვეშ ატარებს. ახლა ბეტონის გიგანტების მარში მზერას მეზობელი ვერისკენ მიმართავს; ვერისკენ, რომელსაც „ისტორიული ზონის“ სტატუსი აქვს. იქ უკვე უამრავი მომცრო ზომის შენობა დაანგრიეს და ჩაანაცვლეს ორჯერ, ზოგჯერ ოთხჯერ უფრო დიდი გაბარიტების შენობებით. ნებართვებს ზოგჯერ, უბრალოდ, უგულებელყოფენ, ზოგჯერ არც ითხოვენ.

არგუმენტი ასეთია - რადგანაც სახლების მეპატრონეებს არ აქვთ თანხა შენობათა დამოუკიდებლად აღსადგენად, ერთადერთი გამოსავალი დეველოპერის მოსვლა, ძველი სახლის დანგრევა და ახლის ჩადგმაა. ამ დროს, დეველოპერის შემოშვება უკიდურესად მარტივი გადაჭრა არის დილემისა, რომელიც ყველა ქალაქს ეხება. ამ მეთოდს ასე, ამ ფორმით, ანდა ასე ხშირად არაფრით არ უნდა მიმართავდნენ. შენობებისა და მთელი უბნების გარემონტებისა და აღდგენის უამრავი სხვა გზა არსებობს დაუნგრევლად.

თბილისში მიმდინარე პროცესის ტიპური მაგალითია ერთი სასიამოვნო შესახედაობის, მეცხრამეტე საუკუნის სახლი ვერაზე, მაყაშვილის ქუჩაზე. უდავო იყო, რომ მას შიდა ნაწილის განახლება სჭირდებოდა. მაგრამ განახლების ნაცვლად მთელი შენობა მოასწორეს, მიწა ღრმად ამოთხარეს და ორსართულიანი ფასადი ხელახლა ამოიყვანეს სულ რამდენიმე იმგვარი დეტალით, რაც ძველზე, ისტორიულსა და პირვანდელზე მინიშნებად გამოგვადგება. თავზე კი დაადგეს უზარმაზარი, მომრგვალებული, პირველზე ოთხჯერ დიდი ზომის მონსტრი.  შედეგად ახლა, შენობის ორსართულიანი, მომცრო ფრონტალური ნაწილი აბსოლუტურად უადგილოდ ჩანს - როგორც კომიკური ანდა, უფრო სწორად, როგორც დამამცირებელი შეხსენება ადგილობრივი, უბნური ხასიათისა, რომელიც ამავე შენობითვე მოკლეს.

ახალ ნაგებობას ისეთი მძლავრი ეფექტი აქვს, რომ მთელ ქუჩაზე ცვლის განწყობას, ყველა სხვა უბნურ შენობაზე იწყებს ბატონობას, ხალხს თითქოს ამ სახლებში ცხოვრების სურვილს უკარგავს. ეს პროცესი, თავისი გადამდები მოქმედებით (ვერაზე ასეთი შენობები სულ უფრო უხვადაა), ნელ-ნელა მთელ უბანს მოიცავს. ის ამცირებს ამ ერთ დროს ისტორიული უბნის მთლიან ფასსა და მიმზიდველობას. და მალე ეს „ვაკეიზაცია“ მდინარის მეორე მხარესაც მოედება; თუ სათანადო სამშენებლო კოდები არ შეიქმნა და, რაც მთავარია, არ ამოქმედდა.

არათბილისელებს სულაც არ უკვირთ ის, რომ ქალაქის უმთავრესი პარკის - რიყის პარკის თავზე გიგანტური ბუშტი ირწევა ზედ დატანილი სიმბოლოებით M2 (რაც კვ.მ.-საც აღნიშნავს). შენობის ზომის და, სავარაუდოდ, კვ.მ.-ის ფასის ეს პოპულარიზაცია არა მხოლოდ თბილისის ჰორიზონტს ხერგავს, არამედ გადაწყვეტილებათა მიღების პროცესსაც. ყოველი დამატებითი კვ.მ. ხომ დამატებით მოგებას ნიშნავს. და თუ სართულის დაშენებას მშენებლობაზე გაცემული ნებართვა ზღუდავს, აკრძალული სართული ხშირად მაინც შენდება და მშენებელი იხდის მხოლოდ ჯარიმას, თუკი საერთოდ დაეკისრა.

ამ დროს რაც ავიწყდებათ არის ის, რომ შენობის მომატებულ ზომაზე მიღებული სარგებელი მოკლევადიანია. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ძველი, ისტორიული შენობების რესურსიც ამოწურვადია. თუ სწორად დავიცავთ და შევინარჩუნებთ მათ, სარგებელსაც ამ შენობებისგან გაცილებით სწრაფად მივიღებთ, ვიდრე მათი უსახური, უზარმაზარი, უნიფორმული ახალი მეზობლებისგან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბუდაპეშტი სწორედ ამ ფაქტორებმა გადაარჩინა. იგივე ეხება სიმულაციასაც - როცა ძველს ხელახლა ააშენებენ, მაგრამ თავზე ახალ სართულს ჩამოაცვამენ ისე, როგორც ერთ დროს მომხიბვლელ პურის მოედანზე, ანდა კალის უბანში მოხდა - იქ, სადაც შენობები მოასწორეს და მათ ადგილზე გაბარიტებში საშინლად გაზრდილი გიგანტური ორეულები წამოჭიმეს. ახლა ამგვარ ადგილებში ტურისტები კეფის ფხანით დადიან და ვერ ხვდებიან, წარსულის ეს დისნეისეული გადმოცემა, მართლაც ძველსა და ისტორიულს საერთოდ აირეკლავს თუ არა. და თუ აირეკლავს, მაშინ როგორი ტიპის სამეზობლოები იყოფდნენ წინათ იქაურობას, როგორი სოციალური გარემო ჰქონდათ, როგორ ანაწილებდნენ სივრცეს ბავშვებსა და ოჯახებზე, რადგან დღეს ადგილობრივები ამ არეალებიდან გადიან და ფანჯრებს ინგლისური წარწერა For Sale სულ უფრო ხშირად ფარავს.

ცხადია, ბრალდებათა ნაწილი ქალაქმგეგმარებლებს, ქალაქის მმართველებს და მშენებლობათა კოდირების მიმნიჭებელ ორგანოებს მიემართება, მაგრამ პრობლემები ინფორმაციის დეფიციტის ბრალიცაა. ადამიანებს არ აჩვენებენ ალტერნატივებს. ბინათმფლობელებს თავიანთი სახლების გამომპალი იატაკების, მოძველებული სამზარეულოებისა და ჩამომქიქული საპირფარეშოების ალტერნატივად მხოლოდ ნგრევა და ახლის აშენება ესახებათ. მათ ეუბნებიან, რომ 1980-იანი წლების გაგებით „მოდერნული“, მოდერნულია 2023 წელსაც. ისინი უგულებელყოფენ აზრსაც კი იმის შესახებ, რომ განახლება, შეკეთება არა მხოლოდ უფრო მარტივი და იოლი და უბნისთვისაც უფრო სასარგებლოა, არამედ უფრო იაფიცაა. მართალია - უფრო ნელიცაა და პრობლემაც ესაა. რაც დეველოპერების მიზნებს თანხვდება. ისინი ფსონს სახლის მეპატრონის მოუთმენლობასა და ძველ და უკომფორტო სახლებში ცხოვრებით გამოწვეულ იმედგაცრუებაზე დებენ. ამიტომ ანგრევენ სახლს, ხელახლა აშენებენ და მერე არხეინად უყურებენ კვ.მ.-ების ზრდასა და ლარის შემოდინებას.

თბილისში ისეთი არაფერი ხდება, რაც არ უნახავს სხვა ქალაქს. მაგრამ სულ უფრო უნიკალური ხდება ეს პროცესი იმით, რომ ისტორიულ, ნახშირის შემცველ შენობებს [1] აქ მასობრივად ანგრევენ - ამ დროს, დემონტაჟისას, გამოყოფენ ნახშირს - და შემდეგ ძველ ნაგებობებს ანაცვლებენ ახალი მონსტრებით. ასე კვდება მთელი უბნების ხასიათი - როგორიც, ვთქვათ, ვერაა - კვდება ნელა და მოტყუებით. და უბნის ხასიათთან ერთად ქრება ადამიანთა განწყობებიც - ისინი გაზრდილი ფასების გამო საკუთარ სახლებს ტოვებენ და მიდიან.

ბუდაპეშტმა და პრაღამ შეძლეს თავიანთი ისტორიული უბნების გადარჩენა იმით, რომ ფრთხილი გეგმარებითი კოდები შექმნეს და აამოქმედეს. თბილისსაც ადვილად შეეძლო ექნა იგივე, რომ გახსენებოდა ჯონი მიტჩელის 1970-იანური ჰიტის რეფრენი, რომელიც ერთ ძველ ნააზრევს ეყრდნობა: ‘you don’t know what you’ve got until it’s gone’. 

სანამ არ დაკარგავ, ვერ მიხვდები, რას კარგავ.


______________________________________

[1] "ნახშირის შემცველობის მიმართ მიდგომა ძალაუნებურად უკავშირდება ცნება "თანამედროვეს" არქიტექტურაში. რადგან, სინამდვილეში, თანამედროვე მშენებლობებსა და საერთოდ წამყვან არქიტექტორთა წრეებში უკვე მსჯელობენ გამოწვევაზე, რაც ნახშირის გაშვებას უკავშირდება, რადგან ეს პროცესი გლობალურ დათბობას ებმის. როცა ძველ შენობას ანგრევ აღდგენა-შეკეთების ნაცვლად, წარმოქმნი შენობის კედლებში „ჩაგუბებული“ ნახშირის ატმოსფეროში გაფრქვევის ეპიზოდებს. ნგრევისას ისედაც იყენებ მძიმე ტექნიკას, ახალ მასალას, ნარჩენად ქცეულ ძველ მასალას და ამას ემატება სწორედ ნახშირის გამოყოფის პრეცედენტები. ასე, რომ არქიტექტორები უკვე მკაფიოდ მოუწოდებენ ყველას: ნუ დაანგრევ ამდენ ძველ შენობას, გამოიყენე ძველი მასალა შეძლებისდაგვარად ხშირად. გასაგებია, რომ ეს მიდგომა უპირისპირდება მშენებლობაში დამკვიდრებული მიწოდების ჯაჭვსა და ჩვევების მთელ რიგს. თუმცა, დრო დადგა, შევცვალოთ აზროვნება. და გავლითვალისწინოთ ისიც, რომ ახალი სამშენებლო მასალა სულ უფრო ძვირდება, რაც სულ ახლის შენების მიმართ კითხვებს ეკონომიკური თვალსაზრისითაც აჩენს. იქნებ, უფრო მომგებიანი ეს ახლებური აზროვნებაა?", - პიტერ ნეისმიტის განმარტება ტექსტის იმ პასაჟზე, რომელიც ნახშირის შემცველ შენობებს და მათ ნგრევას ეხება.


ინგლისურიდან თარგმნა თამარ ბაბუაძემ
ილუსტრაციები: ელისაბედ მაისურაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა