ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #სახლი

ჩემი სახლი – მე ვარ

სახლი ჩემი ციხე-სიმაგრეა, ასეა ნამდვილად, მაგრამ – არა იმიტომ, რომ გალავნების და ქონგურების ესთეტიკა მომწონს. უფრო იმიტომ, რომ სახლია ადგილი, რომლის კარსაც შევაღებ თუ არა, საყვარელ, ნაცნობ არომატებს შევისუნთქავ და ფორიაქი მთავრდება.

იყო დრო, როცა სახლი უნდა დაეცვათ მტრისგან (და მაშინ ეს იყო, კი, საკრალური სიმბოლიკით გაჯერებული, მაგრამ ამავდროულად უკიდურესად ფუნქციური სივრცე, რომლის მოსართავადაც დიდად ვერ დაიხარჯებოდი);

იყო ისეთი დროც, როცა სახლი გახდა ფუფუნების, სიმდიდრის არეალი; როცა გახდა ტკბილი და ტკბილზე უფრო ტკბილი;

დადგა ისეთი დროც, როცა სახლი იქცა საოჯახო ფონდსაცავად, სადაც მთელი თაობების რელიკვიები იყო დაცული.

ამავე დროს, სახლი მუდამ იყო საზიარო სივრცე.

სახლი – დასვენება და სიმყუდროვე.

სახლი – ისევ და ისევ – თავდასაცავი ნაგებობა, რომელიც თავისი მატერიალური ფორმის მიუხედავად, მაინც უკიდურესად მყიფეა და ნებისმიერ წამს შეიძლება გაანადგუროს სტიქიამ, ბომბის აფეთქებამ, ანდა სხვა გაუთვალისწინებელმა გარემოებებმა – გააჩნია, სად ცხოვრობ.

არაა აუცილებელი, სახლის ეს მრავალფეროვანი გაგება ეპოქებად დავყოთ. სახლი სწორედ ამდენნაირი იყო სხვადასხვა დროს და, მით უმეტეს, ამდენნაირია ახლა, დროში, როცა უკიდურესი სიმდიდრე და უკიდურესი სიღარიბე, უკიდურესი წესრიგი, დაცულობა და უკიდურესი ქაოსი, არეულობა თანადროულად არსებობს.

თუმცა, თუ თვალებს დავხუჭავთ და გავიხსენებთ წინა საუკუნის გარდამტეხ მოვლენებს, აშკარად დავინახავთ ცვლილებებს, რომლებიც ჩვენმა საძინებლებმა თუ სასტუმრო ოთახებმა, ჩვენმა პირადმა და საზიარო სივრცეებმა, ნივთებმა და ავეჯმა გაიარეს.

მგონია, რომ დრომ და გარემოებებმა, პირველ რიგში, თავდაპირველი საკრალურობა და შინაარსი გამოაცალა სახლის აღმნიშვნელ ძველქართულ ტერმინს – საცხოვრისს, რომელსაც ურბანისტები დღემდე იყენებენ. აბა, ვინ დაარქმევს დღეს „საცხოვრისს“ იმ სივრცეს, რომელშიც გინდ, მარტო, გინდ, ოჯახთან ერთად ცხოვრობს? მოწიწება და რუდუნება ამ სივრცის მიმართ წინა საუკუნეში, ინდუსტრიალიზაციის დაწყებისთანავე დაიკარგა.

1920-იანი წლები, საბჭოთა მმართველობა ძალას იკრებს, სოფლებიდან ქალაქებში საცხოვრებლად ნაკადებად მოემართებიან, ქალაქური სახლები მოთხოვნებს ვეღარ აუდის, სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება იძულებული, პირადი სივრცე ქირით, გირაოთი, ნასყიდობით ჩამოსულებს გაუზიაროს. გაზიარება პროგრესულის აღმნიშვნელი სიტყვაა დღეს, იმ დროში კი ამ ფენომენს სხვა რამ ჰქვია – რუსულიდან დამკვიდრებული ჟარგონი – „კომუნალკა“. „კომუნალკა“, რომელიც გამოხატავს 32.5 კვ.მ-ში პირადი სივრცის გარეშე დარჩენილი ცოლ-ქმრისა და მათი შვილების, ე.წ. იტალიურ ეზოებში 14 ოჯახზე გათვლილი გარე საპირფარეშოების, ყველასთვის ერთნაირად ჩაბნელებული და ყრუ „ზალების“, ერთნაირი „სტენკების“, ერთნაირი საშაქრეების და ერთნაირი „ტიულპანების“ კოშმარს.

ამ პერიოდს ჩემთვის ორი კრებითი სახელი აქვს: „კომუნალკა“ და „ხრუშჩოვკა“. ეს უკანასკნელი ტერმინი ე.წ. ხრუშჩოვის დათბობის პერიოდში გაჩნდა – 1950–იან წლებში, როცა საბჭოთა სამშენებლო ინდუსტრიამ უფრო მაღალი ამოცანები დაისახა, ვიდრე პირველადი ბიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება იყო და შემოიტანა დევიზი – „ერთი ოჯახი, ცალკე ბინა“. პირველად სწორედ ამ დროს დართეს ოჯახებს ნება, მიეშენებინათ, დაეშენებინათ და გადაეტიხრათ საერთო სამზარეულოები და სანიტარული კვანძები.

„ამან ძალიან უარყოფითი გავლენა იქონია ძველ ქალაქზე. ერთმანეთს დაეჯახა ორი მიმართულება – ადამიანის კერძო და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესები. დღესაც ვერ წყდება ეს პრობლემა“, – ამბობს ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე. მისი თქმით, ამ დროს ჩამოყალიბდა „ჰომო სოვეტიკუსის“ ანუ საბჭოთა ადამიანის ფენომენი. „ეს ტიპი ძალიან მდგრადი აღმოჩნდა, დღემდე ცოცხალია. არავითარ დამოუკიდებლობას არ ავლენს, გამოირჩევა იმ ადამიანის ფსიქოლოგიით, რომელიც მუდამ უნდა არჩინო, – ამბობს ლადო ვარდოსანიძე, – ისევ ხშირად გვესმის ან ვკითხულობთ: „პატრონი არ გვყავს“, „მოვიდნენ, მოგვხედონ“.

„ხრუშჩოვკებს“ ოდნავ განსხვავებული და უკეთესი მოსკოვის, თუხარელის და ჩეხური პროექტის მრავალბინიანი სახლები მოჰყვა. ნელ-ნელა და ოდნავ, მაგრამ მაინც გაუმჯობესდა ბინები. გაჩნდა ლიფტები, ოთახები გაიზარდა და 2.4 მეტრიდან თითქმის 40 სანტიმეტრით ამაღლდა ჭერიც. თუმცა, საბჭოეთის იდეოლოგიური მამები ინდივიდუალიზმის ნებისმიერ გამოვლენას, ცხადია, ისევ ებრძოდნენ. შესაბამისად, ყველას სახლი, მაღალჩინოსანი კომპარტიელისაც, ინტელიგენტისაც და საქმოსნისაც, თითქმის ერთნაირი იყო: „ზალა“ ყველა სახლში ყრუ იყო; ოჯახის ყველა თაობის ნივთებით გამოტენილი „სწენკები“ ყველას კედელზე იყო ჩაჭედილი, ვიტრინების გამოსაჩენ ადგილზე აუცილებლად უნდა ჩამწკრივებულიყო კობალტის „სერვიზი“, ჩეხური ბროლის „ვაზები“, „ბოჰემიის“ იარლიყებიანი შამპანურის ჭიქები, რომლებსაც მხოლოდ „სამუზეუმო“ დანიშნულება ჰქონდათ და თაყვანისცემის რიტუალი წელიწადში ორჯერ უტარდებოდათ – საახალწლო და საგაზაფხულო „გენერალური უბორკის“ დროს, მტვრის გადაწმენდის ან გარეცხვის სახით; „ზალის“ კედლებზე ან შიშკინის „სამი დათვი“ დაძვრებოდა გადაჭრილ ხეზე; ან სეროვის გოგონა იჯდა ატმებით; ან მარინისტების შემაშინებლად დიდი რეპროდუქციები დაგვყურებდა; ანდა მონა ლიზა გვიღიმოდა ორაზროვანი სახით; „ივერიაზე“ მუსიკალურის ხუთწლედისა თუ შვიდწლედის მოსწავლეები ერთნაირად „არჩევდნენ“ ნაწარმოებებს; ყველა ოჯახში ერთნაირად ჩხაკუნობდა ტელევიზორ „რუბინის“ გადამრთველი; ერთნაირად ქშინავდა „მინსკი“, „ორსკი“ თუ „ზილი“.

იშვიათად თუ ვინმე მოიპოვებდა ცისფერ, თითქოს ქაფშესხმულ კაფელს, მაგრამ არც ის იყო ერთადერთი და განუმეორებელი – სხვა ოდნავ გავლენიან ოჯახებსაც ზუსტად ასეთი ცისფერი კაფელი ჰქონდათ.

თუმცა, „ხრუშჩოვის დათბობამ“ რაღაც პროცესი მაინც დაძრა საბჭოთა ადამიანის ცხოვრებაში. გაჩნდა ინდივიდუალური სამზარეულოები, იქ დაიწყო საიდუმლო შეკრებები, აკრძალული რადიოტალღების დაჭერა, აკრძალულ წიგნებზე მსჯელობა“, – იხსენებს ლადო ვარდოსანიძე. შეიძლება ისიც დავასკვნათ, რომ სწორედ ამ პერიოდში გაუგეს გემო ადამიანებმა პირად სივრცეს და შემდეგ, როცა სისტემა დაინგრა, საერთო ქონების კერძო საკუთრებად ქცევა დაიწყეს. თქვენც რომ გკითხოთ, თუ რომელი ფოტო ასახავს ყველაზე კარგად 1990-იანი წლების პირველ პერიოდს, ალბათ, ზედა სართულის აივანზე გამოჭიმული „ჟიგულის“, ანდა კორპუსის ფასადზე მიშენებული საქათმის ფოტოებს გაიხსენებთ.

ახლა უკვე ძნელია ხაზგასმით თქვა, ეს იყო გაზიარების ფსევდოიდეალის გაუფასურება და დათრგუნული მესაკუთრული მისწრაფებების გამოვლენა, თუ მარტივად – „ხრუშჩოვკებში“ შეჭეჭყილი მოქალაქეების სურვილი, ჰქონოდათ საკუთარი ოთახი, თავისი სურვილით არჩეული ფასადის ფერი და თუნდაც ხუხულასავით გარაჟი.

ის, რაც 1990–იანი წლების დადგომისთანავე ამორფულად დაიწყო: ლოჯიების მიშენება, კორპუსებს შორის ნაძვების გაჩეხა და გარაჟების ჩადგმა, კიბის უჯრედებში ოთახების მიმატება – 1992 წლის 2 თებერვლის ბრძანებით, ოფიციალურად დააკანონა მაშინდელმა მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარემ, თენგიზ სიგუამ. მან ხელი მოაწერა სახელმწიფოსგან სარგებლობაში გადაცემული ბინების უსასყიდლო პრივატიზაციის დოკუმენტს. მანსარდების დაშენება, ლოჯიების გაწევა, გარაჟების ამოშენება, სკვერების გაჩეხა ამის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა და ამ პროცესმა დაასახიჩრა არა მხოლოდ ძველი, ისტორიული მნიშვნელობის უბნები, არამედ ისედაც უსახური საბჭოური კვარტლები, გარდა ამისა, წარმოშვა ახალი უბანიც – დიდი გალავნებით შემოსაზღვრული სამსართულიანი კერძო სახლების დასახლება, სადაც საბჭოთა ელიტის იდეოლოგიური შთამომავლები დასახლდნენ, ისინი, ვინც საკუთარ ქონებას და, შესაბამისად, არქიტექტურულ ფანტაზიებს მანამდე ვერ ავლენდნენ. ახლა უკვე მათაც შეეძლოთ, სხვადასხვაგვარი მაქინაციით მოპოვებული ფულებით აეშენებინათ იმ ფერის სახლი, რა ფერისაც სურდათ, ფანჯრის ჭრილი გამოეყვანათ ისე, როგორც წარმოედგინათ და საერთოდ არ გაეთვალისწინებინათ გარემო, ადამიანები.

იმ წლებში მომხდარი ეს ურბანული ცვლილებები ისეთივე ექსტრემალური, ქაოტური და აგრესიული იყო, როგორიც ხანგრძლივი აკრძალვის შემდეგ ერთბაშად მოვარდნილი რწმენა და პატრიოტიზმი.

„იყიდება 2-ოთახიანი ბინა დოლიძეზე ლოჯიით, გარაჟით, გისოსებით, საკუჭნაოთი, ჩაშენებული კარადებით აივანზე და სახლში, 2 დაცული აივნით, რკინის კარით, ატმორით“, – ასეთი იყო სტანდარტული განცხადება 1990-იან წლებში.

„იყიდება ბინა ორთაჭალაში, ეკოლოგიურად სუფთა და მშვიდ ადგილას, იდეალური ხედებით, ახალაშენებულ კორპუსში, საკუთარი ტერასით“, – „სიტყვა და საქმეში“ თანდათანობით ასეთი განცხადებების გამოქვეყნება დაიწყეს. კიდევ ერთხელ გადაფასდა სახლის და კომფორტის გაგება, ხელახლა დადგინდა საზღვარი საკუთარ და საჯარო სივრცეებს შორის. თუმცა, სიტუაციის გამოსწორება ისევ თვითნებური ინიციატივებით დაიწყო. დეველოპერებმა სწრაფად უპასუხეს ახლად გაჩენილ მოთხოვნებს და თბილისში ახალი სამშენებლო ბუმი გაჩნდა. ახლა ყველა აცხადებს, რომ ახალ კორპუსს სიმწვანეში აშენებს, თუმცა, ამ ახალი კორპუსის ასაშენებლად ხშირად ისევ ამ სიმწვანეს ანადგურებს. თბილისში დღეს მიმდინარე დეველოპერული პროექტები უახლოეს 1-2 წელიწადში ქალაქს კიდევ 20 ათასამდე ახალ ბინას შემატებს, უმეტესწილად კარგი ხედების, სუფთა ჰაერისა და სიმწვანის პრეტენზიით. თუმცა, ერთიანი ურბანული პოლიტიკის არქონის ფონზე, ამ სტანდარტების მიღწევა უტოპიაა. მხოლოდ რამდენიმე მიკროდასახლებამ შეძლო დაპირებული სტანდარტების დაცვა. მაგალითად, „მწვანე ქალაქმა ლისზე“ ეს მოახერხა იმით, რომ დასახლებას, რომელიც 350 ჰექტარზე გადაიჭიმება, განაშენიანების გეგმა წინდაწინვე დაუწესა მაშინ, როცა ასე გააზრებული გეგმა მთლიან თბილისს არ აქვს. ახალ ბინაში შესახლების მერე, „მწვანე ქალაქში“ წინ ახალ კორპუსს ექსპრომტად არავინ წამოჭიმავს და ამისთვის არც ხეებს ამოთხრის; გამწვანებული, ფართო და მოწესრიგებული ქუჩების მთლიანობას არავინ დაარღვევს და ეტლით მოსეირნე ბავშვების მშობლებს და ველოსიპედიანებს ქაოტურად ჩახერგილი მანქანების გვერდის ავლა არ მოუწევთ.

ბოლო 10 წელია, ერთ სახლში ვცხოვრობ. როცა ამ სახლს ვარჩევდით, ყველაფერი გავთვალეთ – როგორი წყნარი იქნებოდა მთავარი გამზირიდან სახლისკენ შემოსახვევი; ვინ იქნებოდნენ მეზობლები; გვეგონა, ცენტრისგან ოდნავ მოშორებით თუ ვიქნებოდით, საცობებს ავცდებოდით, კორპუსებს შორის მწვანე ზონები გაჩნდებოდა და, რაღა თქმა უნდა – სანიაღვრე არხებიც. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ახალი უბანი კარგადაც ნიავდებოდა და ამიტომ არც სუფთა ჰაერის პრობლემა გაჩნდებოდა. თუმცა ავტოსადგომის კარიდან იწყება საცობები – რადგან ჩვენს ვიწრო, პატარა ქუჩაზე თავმოყრილია რამდენიმე საკვანძო მნიშვნელობის ცენტრი: თელასი, რომელიც მთელ საბურთალოს ემსახურება, საავადმყოფო სასწრაფო დახმარების განყოფილებით. არადა, ურბანული დაგეგმარების ნიუანსები გათვალისწინებული რომ იყოს, ამგვარ პატარა ქუჩაზე ასეთი საკვანძო ობიექტები არ მოხვდებოდა და ჩვენც შევძლებდით ისეთივე წყნარ და კოხტა უბანში ცხოვრებას, როგორიც აქაურობა თავიდან წარმოგვედგინა. „ადამიანები და მათი საცხოვრებელი გარემო მუდმივ ურთიერთქმედებაშია. მათ ერთმანეთზე გადამწყვეტი გავლენა აქვთ, რადგან ორივე საერთო ინტერაქტიული სისტემის ნაწილია“, – ამბობს პროფესორი უილიამ ს. საქსი ჟურნალ „ატლანტიკში“ გამოქვეყნებულ ესეში და მეც ამით ვხსნი სახლის ცვალებად გაგებას საბჭოთა კავშირის შექმნა-დანგრევიდან დღემდე. სად არის ჩემი სახლი? იქ, სადაც გავიზარდე, ჩემს დიდ ოჯახთან ერთად ვიყოფდი და მოგონებებში კვლავაც ცოცხლობს, თუ ჩემია ის, რომელიც დამოუკიდებლად ავირჩიე, შევიძინე, მოვაწყვე და მომავალი დავუკავშირე? სწორედ ამ მეორე ნაწილში ვხვდები, თუ როგორ იკვეთება ჩემი არჩევანი ქალაქთან, რომელშიც ვცხოვრობ; იმ ურბანულ პრობლემებთან, რომლებიც სიმშვიდისა და კომფორტისკენ მიმავალ გზას მიხერგავს. და ამ დროს, როცა მორიგ მოგზაურობაზე ვიწყებ ფიქრს, მგონია, რომ მოგზაურობის ჟინთან ერთად, ამ გარემოსგან, საკუთარი სახლისგან დროებით გაქცევის სურვილით ვარ შეპყრობილი. უსახლოდ ძნელია. სახლში დაბრუნება აუცილებელია. მე შემიძლია შევქმნა სახლი იქ, სადაც ვარ. 

ფოტო :
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა