გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზურაბ ქარუმიძე თბილისი ქალაქი არქიტექტურა

თბილისი, ფანტასტიკური და პოსტფანტასტიკური | ზურაბ ქარუმიძე

2023 წლის ნოემბერში პარიზში გაიმართა აღმოსავლურ-დასავლური კულტურის ფესტივალი, რომელშიც თბილისი ვრცელი პროგრამით მონაწილეობდა. სწორედ ამ ფესტივალისთვის დაწერა ზურაბ ქარუმიძემ თბილისზე ეს ბიოგრაფიული ტექსტი.

დედანი ინგლისურ ენაზეა შესრულებული. გამოქვეყნების უფლების მოპოვების შემდეგ კი ის ქართულად ვთარგმნეთ (თარგმანის ავტორი: ირაკლი ბერიძე).

ესეს შინაარსს, ემოციას, აზრთა წყობას, ფაქტების შეკვეცის სტილს - თითქმის ყველაფერს ეტყობა, რომ ის არაქართული პუბლიკისთვისაა დაწერილი. თუმცა, ისევ და ისევ, თხრობის მანერით, თუ ქალაქის თავისებური ხედვით, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ფაქტების თავმოყრით და, ასევე, თბილისის ისტორიის მოკლე ვერსიის შექმნის მცდელობით, ის გამორჩეული ნამუშევარია

ზურაბ ქარუმიძე ემოციით, დისტანცირებით, იუმორით და პირდაპირობით წერს თბილისის მრავალშრიანობაზე და თავს უყრის ყველა მრავალჯერ თქმულ და გაგონილ მითს მის შესახებ. ეს გარემოება ქართულენოვან მკითხველსაც საინტერესო პოზიციაში აყენებს - ტექსტის კითხვისას ზოგჯერ იზრდება დისტანცირება ნაცნობ ქალაქთან და ალაგ-ალაგ ჩნდება იმის განცდაც კი, რომ თბილისს მთლიანად გარედან, უცხოს თვალით უყურებ. უფრო ხშირად კი დღევანდელ თბილისში ამ ტექსტში აღწერილი, გახსენებული, ჰიპერბოლიზებული თუ მთლიანად გამოგონილი ქალაქის მოხელთება გიჭირს.

როგორია თბილისი დღეს, თავის პოსტფანტასტიკურ ყოფაში? ზურაბ ქარუმიძის ამ ერთ-ერთი ბოლო ტექსტის წაკითხვის შემდეგ ეს კითხვა რჩება - შეიძლება უპასუხოდ, შეიძლება - თავისი ციკლური და უწყვეტი პასუხით.

ინდიგო, მარტი, 2024



„თბილისის ისტორიის“ პირველსავე წინადადებაში ვკითხულობთ: „ისტორიულ-გეოლოგიური თვალსაზრისით თბილისი და მისი მიდამოები წარმოადგენს ე. წ. მესამეული ეპოქის ზღვის ფსკერს. კავკასია ოდესღაც ზღვით ყოფილა დაფარული. ამ გეოლოგიურ ეპოქაში, რომელსაც კაინოზოურს უწოდებენ, დაიწყო მთების შექმნის ხანგრძლივი, მაგრამ ინტენსიური პერიოდი“. მართლაც, აქ ოდესღაც ბინადრობდნენ თევზები და მოლუსკები, მილიარდობით ბიოქიმიური პროცესი ერთმანეთში ირეოდა და ვითარდებოდა.

ასეთმა გეოლოგიურმა წარსულმა განაპირობა ამ ქალაქის გენეტიკური კოდი, რომელიც მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში გვევლინება, როგორც განსაკუთრებული ტიპის ზღვა - ღვინომუქი ზღვა.

ღვინო იყო ის სუბსტანცია, რომელიც აერთიანებდა ქალაქის მაცხოვრებელთ, ასაზრდოებდა და განამტკიცებდა კავშირებს მის საზოგადოებაში, სოციალურ სტრუქტურას, შემოქმედებით ცხოვრებას. ტფილისი შეიძლება შევადაროთ ორსახა ღმერთ იანუსს, რომელიც ერთდროულად აღმოსავლეთისკენ და დასავლეთისკენ იყურება. ღვინის ქალაქი ახლოაღმოსავლური ტიპის ოქსიმორონია, რადგან ამ რეგიონის მუსლიმურ ქვეყნებში ღვინოს არ გეახლებიან. და მაინც, ამ ქალაქს ყოველთვის ახასიათებდა მრავალსახოვანი იდენტობა - კულტურული თუ ეთნიკური, და ჰარმონიულად თანაარსებული: აქ არიან ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები, ებრაელები, იეზიდები, რუსები, გერმანელები, იტალიელები, ფრანგები, პოლონელები და სხვანი; გვერდიგვერდ მდგარი ებრაული სინაგოგა, მუსლიმური მეჩეთი, ქართული მართლმადიდებლური და სომხური ტაძრები, ასევე ზოროასტრიზმის მიმდევართა ცეცხლის საგზებლის - ათეშგას ნანგრევები.

ძველი ქალაქისთვის ალბათ ზედგამოჭრილია მაქსიმა: „მთავარია, იყო კარგი ადამიანი. და სად ილოცებ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს!“

ღვინო ამ ქალაქში საყოველთაო, ყოვლისმომცველ სუბსტანციას წარმოადგენდა - როგორც განსაკუთრებული რამ ნაჟური, როგორც ქალაქის სისხლი, როგორც მის ბებერ ძარღვებში მდინარე ცხელი გოგირდის წყლები. სხვათა შორის, ლეგენდას თუ ვენდობით, სწორედ ამ ცხელი წყაროების წყალობითაა, რომ იგი იმთავითვე დაარსდა. ასე რომ, რა გასაკვირია, რომ ღვინის სმის რიტუალი ამ ქალაქში ხელოვნების პოპულარულ ფორმად იქცა, ხოლო საუბრები ღვინის თანხლებით - ერთგვარ ლიტერატურულ ჟანრადაც კი: ემოციურ, მგზნებარე, იუმორითა და თვითირონიით სავსე ბაასად:

ამავსებ ღვინით,
აგავსებ ლხინით.
შესვი? გაამოს!

სად არ ნახავდით გაშლილ სუფრას: ბაღებში, შიდა ეზოებში, სახლებში, სამიკიტნოებში, ბაზრებში და, თქვენ წარმოიდგინეთ, ტივებზეც კი, მდინარის გაყოლებაზე ქალაქს წინ და უკან რომ სერავდნენ და საყოველთაო სიყვარულით რომ სარგებლობდნენ. ადგილობრივი ხელოსნები და რეწვის ოსტატები, რომლებიც დასტა-დასტად იკრიბებოდნენ, მღეროდნენ და შაირობდნენ, თითქმის როგორც გერმანელი მეისტერზინგერები, ამ ურთიერთობათა ზეიმების, საზოგადოებრივი თავშეყრის მთავარი მოქმედი პირები გახლდნენ. მათ „ყარაჩოხელების“ სახელით იცნობდნენ.

ყარაჩოხელებს საკუთარი, განსაკუთრებული ჩაცმულობის კოდექსი ჰქონდათ: შავი ტანისამოსი და წოწლოკინა ქუდები, ცოტა არ იყოს სუფიების თავსაბურავებს რომ მოგაგონებენ, აი, ისეთი.

როგორც ხელგაშლილი მხარჯველები, რომელთათვის ყაირათიანობა უცხო ხილია, ისინი დღის განმავლობაში მოპოვებულ გასამრჯელოს საღამოს ერთიანად ანიავებდნენ და მომჭირნეობას ცოდვადაც კი მიიჩნევდნენ. სმის დიდი მოყვარულები და შესანიშნავი მოკრივეები იყვნენ. ძველი ტფილისური დროსტარების კიდევ ერთ განუყოფელ ნაწილს შეადგენდნენ კინტოები - ქუჩის ხელზე მოვაჭრეები, საუცხოოდ დახელოვნებული მოცეკვავეები, თავზე ღვინის ბოთლით და ყოველგვარი დასაყრდენის გარეშე რომ შეეძლოთ როკვა. ისინიც მაგარი მსმელები იყვნენ, თუმცა, მაჩო ყარაჩოხელებისგან განსხვავებით, ბევრი მათგანი გეი იყო. მათ გამოარჩევდათ თვითმყოფადი იუმორი და ქცევის თავისებურებები. ქალაქში მოდერნიზმისა და მისი ლექსიკის შემოსვლას მათ მუშტრისთვის განკუთვნილი, სახელდახელოდ შეთხზული შეძახილებით უპასუხეს: „აბა, ყურძენი! დეკადენტური ყურძენი!“ ან „ქინძი, ქორფა ფუტურისტული ქინძი!“ როგორც ყარაჩოხელები, ისე კინტოები მშვენივრად ურთიერთობდნენ ქალაქის სხვა სოციალურ ჯგუფებთანაც, რომელთა შორის იყვნენ: მუდმივად ფინანსურ გასაჭირში მყოფი ქართული თავადაზნაურობა, საკმაოდ შეძლებული სომხური ბურჟუაზია და ჯერ კიდევ თოთო, ეთნიკურად ჭრელი პროლეტარიატი. რა თქმა უნდა, ამ შეხმატკბილებას ზურგს უმაგრებდა ღვინის ალქიმია და ქართული სუფრა.   

თბილისი - მარადიული, „მოძრავი“ ქეიფისა და ხალისის ეკლექტიკური ქალაქი, სავსე სპარსული დუდუკის და აზერბაიჯანული ზურნის ხმებით, ახლოაღმოსავლური და კავკასიური პერკუსიის რიტმებით, ქართული ხალხური მრავალხმიანობის და საეკლესიო გალობის ჰანგებით. აქვე იყო იტალიური ოპერაც, რომლის დასის წარმოდგენებიც ქრონოლოგიურად სულ ორიოდე წლით ჩამორჩებოდა ლა-სკალას საპრემიერო რეპერტუარს.

ასეთი მრავალფეროვნება ასეთ პატარა ტერიტორიაზე შეუძლებელი იქნებოდა თარგმნა-გადამღერების გარეშე. უმბერტო ეკოს თუ დავესესხებით, თარგმანი იყო ტფილისის ენა - ქალაქის მომნუსხველი ლანდშაფტების გადმოთარგმნა არქიტექტურაში, არქიტექტურისა - ადამიანებში, რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების და ცალკეული წარმომადგენლების განსხეულება ერთი მეორეში, აღმოსავლეთის გადმოტანა დასავლეთში და დასავლეთისა - აღმოსავლეთში. ქალაქს თითქოს სული და გული გაეღო „განსხვავებულისა“ და „განსხვავებულობისთვის“, რაც წარმოადგენს კიდეც შემოქმედების საფუძველს. 

რა სახის ლიტერატურას ვხედავთ წიგნის თაროებზე შუასაუკუნეების თბილისურ ოჯახებში? თუ არ ჩავთვლით საერო პოეზიას, რომელიც გვიან შუასაუკუნეებში აღმოცენდა, ძველი ქართული ლიტერატურა ძირითადად რელიგიური ხასიათის გახლდათ, თუმცა მისი ადგილი მაინც მონასტრებში იყო. ქალაქის მოსახლეობა კი უფრო ამქვეყნიურ ლიტერატურას ეტანებოდა: ქართველ არისტოკრატთა და მეფეთა მიერ შექმნილი სამიჯნურო პოეზია, სპარსული, თურქული და არაბული ლექსების თარგმანები, ასევე რომანტიკული თხზულებები. და, რასაკვირველია, ყველა ოჯახში ინახებოდა ქართული ეროვნული საგანძურის, შოთა რუსთაველის პოემა „ვეფხისტყაოსნის“ ასლი.

1801 წელს რუსეთის მიერ ანექსიამ საქართველო ევროპას დაუახლოვა - მე-19 საუკუნის რუსეთი უფრო ევროპული იყო, ვიდრე დღეს. დიახ, ევროპა მართლაც იზიდავდა თბილისსა და, ზოგადად, საქართველოს. მე-18 საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული 300 წლის განმავლობაში ჩვენი ნარატივი არ შეცვლილა: „საქართველოს ადგილი ევროპაშია!“ ახალგაზრდა ქართველი პოეტების პირველ სიმბოლისტურ მანიფესტში (1916 წელი) ვკითხულობთ:

„საქართველოს შემდეგ უწმინდესი ქვეყანა არის პარიზი!“

ევროპასთან ამ ირიბი დაახლოების წყალობით ქართულმა ლიტერატურამ გაითავისა კლასიციზმის ელემენტები, როგორც ამას ვხედავთ ალექსანდრე ჭავჭავაძის ლექსებში; ნიკოლოზ ბარათაშვილის სახით კი გვევლინება სრულფასოვანი რომანტიზმი, ასევე კრიტიკული რეალიზმი, ნათლად წარმოჩენილი ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ლავრენტი არდაზიანის და სხვათა შემოქმედებაში. და მაინც, ქართული ხელოვნებისა და კულტურის ევროპულთან შერწყმის ყველაზე აქტიური ეტაპი ემთხვევა 1910-1920-იანი წლების საქართველოში მოდერნიზმის აღზევებასა და განვრცობას.

ფართო ევროპული სახელოვნებო ტენდენციების პერიფერიაზე ჩვენი ქვეყნის მდებარეობის გამო, თბილისური ავანგარდის სახელით ცნობილმა ქართულმა მოდერნიზმმა გვიან მოიკიდა ფეხი. მიუხედავად ამისა, მისი პირველი ნიშნები აშკარად გამოიკვეთა და ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში ორი ხელოვანის: პრიმიტივისტი მხატვრის - ნიკო ფიროსმანის და მთის პოეტის - ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში.

ქართული მოდერნიზმის განვითარების პერიოდი მოიცავს მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულებში ქვეყნის ისტორიის სამ მნიშვნელოვან მოვლენას: რუსეთის იმპერიის დაცემას (1917 წელი), პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებას (1918-1921 წლები) და ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ხელახლა დაპყრობას (1921 წელი).

ქართული მოდერნიზმი ვერ აღმოცენდებოდა „ადგილის სულის“ (genius loci) გარეშე - ქვეყნის დედაქალაქის, თბილისის, ანუ იმ ადგილის სულის გარეშე, სადაც იგი იშვა და რომელიც ღვინომუქი ზღვიდან გარდაიქმნა „ფანტასტიკურ ქალაქად“, როგორც მას იმ პერიოდში მოიხსენებდნენ. ქალაქმა მიიღო და გულში ჩაიკრა სრულიად განსხვავებულ ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც განსხვავებულ სიმღერებს მღეროდნენ და ცეკვავდნენ განსხვავებული მუსიკის თანხლებით. ლაპარაკია დასავლეთ საქართველოდან, ქუთაისიდან, და რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებზე. რუსი მხატვრები და პოეტები გაურბოდნენ სამოქალაქო ომს, რომელიც 1917 წლის ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ გაჩაღდა. ისინი ეძებდნენ სიმშვიდეს, რბილ ჰავას და კარგ სამზარეულოს და, რა თქმა უნდა, ღვინოს. რუსეთის გაპარტახებული ქალაქებიდან ჩამოსული და ელექტროსინათლით მოელვარე ტფილისის ქუჩების შემხედველი, ზოგიერთი მათგანი მუხლებზე ეცემოდა და ფარნის ბოძებს თაყვანს სცემდა. იმ პერიოდში ქალაქს სტუმრობდა რუსეთის „ვერცხლის საუკუნის“ ელიტა: ნიკოლაი გუმილოვი, საქართველოში დაბადებული ვლადიმირ მაიაკოვსკი, ასევე ოსიპ მანდელშტამი, სერგეი სუდეიკნი და სხვანი. ტფილისს, რომელიც, მართალია, ყოველთვის იყო მრავალეთნიკური ქალაქი, აქამდე არასდროს ენახა შემოქმედთა ასეთი სიმრავლე და მრავალფეროვნება, რომლებიც უამრავ ენას ფლობდნენ - ტრანსცენდენტური, ესპერანტოს მსგავსი პოეტური შიბოლეთის ჩათვლით.

გლობალური მოდერნიზმის ისეთ ურბანულ ცენტრებში, როგორიცაა, მაგალითად, პარიზი, ბერლინი, ლონდონი, ნიუ-იორკი, სანქტ-პეტერბურგი და ა. შ., პირველ რიგში, ხელოვანთა კაფეებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, რადგან სწორედ აქ დაიდო ბინა მოდერნიზმმა - მოდერნიზმი ხომ კაფეების კულტურაა. იმ „ოქროს ხანის“ სახელგანთქმული თბილისური მხატვრული კაფეებიც, სმა-ჭამის ობიექტების გარდა, ასევე წარმოადგენდნენ ადგილს, სადაც განათლებითა და ცოდნით საზრდოობდნენ. აქ იმართებოდა პოეტებისა და მხატვრების ლექციები, დისკუსიები, ახალი წიგნებისა და გამოცემების პრეზენტაციები, თეატრალური თუ მუსიკალური წარმოდგენები და, რა თქმა უნდა იყო, ალკოჰოლის მირთმევა, თამბაქოს მოწევა და კიდევ ათასი რამ... დაპირისპირებები, დებატები, მანიფესტებით თავის მოწონება, ღონისძიებები.

ქართველი მოდერნისტები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: სიმბოლისტები და ფუტურისტები. სიმბოლისტური მოძრაობის ძირითად ბირთვს შეადგენდა „ცისფერყანწელების“ პოეტური გაერთიანება, რომელშიც შედიოდნენ: პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, კოლაუ ნადირაძე და სხვანი, ასევე მათი გურუ - რომანისტი, პოეტი და პუბლიცისტი გრიგოლ რობაქიძე (სხვათა შორის, პირველი ქართველი, ვინც 1920-იან წლებში ჯაზზე წერდა). ფუტურისტების რიცხვში შედიოდნენ თბილისში დაბადებული, ნახევრად პოლონელი და ნახევრად ქართველი ძმები ზდანევიჩები და მათი რუსი მეგზურები: კრუჩონიხი, ტერენტიევი და სხვანი, ასევე ძირითადად ქართველი დადაისტი შემოქმედების ჯგუფი H2SO4: ბენო გორდეზიანი, ნიოგოლ ჩაჩავა, ჟანგო ღოღობერიძე, სიმონ ჩიქოვანი და მომავალი კინორეჟისორი ნიკოლოზ შენგელაია. ქართველ მოდერნისტებს შორის იყო კიდევ ერთი პოეტი-გიგანტი, რომელიც ორივე ჯგუფზე ათი თავით მაღლა იდგა და იმ პერიოდის არცერთ სახელოვნებო „საამქროს“ არ მიაკუთვნებდა თავს. ლაპარაკია „ქართული პოეზიის მეფეზე“ - გალაკტიონ ტაბიძეზე. იგი მართლაც ერთპიროვნულად მეფობდა, ხოლო მისი სამეფო სცდებოდა სიმბოლიზმისა თუ ფუტურიზმის საზღვრებს, თუმცა ეს უკვე სხვა ისტორიაა.

იმ პერიოდის ქართული პროზის დომინანტმა ფიგურამ - მიხეილ ჯავახიშვილმა (დახვრიტეს 1937 წელს) დაწერა ევროპული სტილის მოდერნისტულ-პიკარესკული რომანი „კვაჭი“. კიდევ ერთმა ბუმბერაზმა - კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა მითოლოგიურ-პოეტური რომანი „დიონისოს ღიმილი“.

მოდერნისტ ლიტერატორებს ზურგს უმაგრებდნენ (შეიძლება ჩრდილშიც აქცევდნენ კიდეც) სახვითი ხელოვნების შესანიშნავი წარმომადგენლები: დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი, ელენე ახვლედიანი, შალვა ქიქოძე, პეტრე ოცხელი, ირაკლი გამრეკელი, ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დიმიტრი შევარდნაძე და სხვანი. მოდერნისტული ციებ-ცხელება ქართულ თეატრსაც შეეხო: მაგალითად, სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის რევოლუციური, ინოვაციური სასცენო დადგმების სახით. იგივე შეიძლება ითქვას ქართული კინოს შესახებაც, რომლის ისტორიაც 1900-იანი წლების გარიჟრაჟზე დაიწყო. 1912 წელს ვასილ ამაშუკელმა გადაიღო პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი. შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდნენ ალექსანდრე წუწუნავა, ივანე პერესტიანი და ავანგარდისტი რეჟისორები: ნიკოლოზ შენგელაია, კოტე მიქაბერიძე და მიხეილ კალატოზიშვილი.

როგორც ადგილობრივმა, ისე ჩამოსულმა მოდერნისტებმა მნიშვნელოვნად გაამდიდრეს ქალაქური დროსტარების კულტურა. ტრადიციულ თბილისურ სუფრას დაემატა უცნაური, გიჟმაჟი ახალგაზრდების მიერ შესრულებული პერფორმანსები: ხეზე მოკალათება და მაღლიდან ლექსების კითხვა, ასევე დეკლამაციები მთავარ გამზირზე მიმავალი ეტლიდან, ბაზარში აღმართული იმპროვიზებული ტრიბუნიდან თუ აკადემიური სცენიდან. დაიწყო ცხოვრების ნამდვილი, სრულმასშტაბიანი „თეატრალიზაცია“. იმ პერიოდში ძმებმა ზდანევიჩებმა და ალექსეი კრუჩონიხმა დააარსეს კიდევ ერთი ფუტურისტული ჯგუფი „41 გრადუსი“. ეს სახელი მიუთითებდა სამ რამეზე: განედზე, რომელზეც მდებარეობს თბილისი; ჩვეულებრივზე უფრო ძლიერ ალკოჰოლურ სასმელზე; ციებ-ცხელებაზე, როცა ადამიანს ეწყება ბოდვა. ასე რომ, მოდერნისტული ავანგარდის გავრცელების კვალდაკვალ ქალაქში ციებ-ცხელებამ იმატა - თბილისი მხატვრული ბოდვის ენაზე ალაპარაკდა.[1]

ვაი რომ ცხოვრების ეს „თეატრალიზაცია“ და შემოქმედების ზეობა მხოლოდ 1920-იანი წლების ბოლომდე გაგრძელდა. ამის შემდეგ იყო სტალინისტური სოციალისტური რეალიზმის „რუხი ზონა“ ხელოვნებაში და ტოტალიტარიზმი ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მოდერნისტები მოყვნენ „დიდ წმენდაში“: ზოგი დახვრიტეს, ზოგიც ქვეყნიდან გაიქცა, ზოგი კი იქცა ახალი იდეოლოგიისა და ესთეტიკის თავგამოდებულ ქომაგად.

მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ (ანუ, „ხრუშჩოვის დათბობის“ პერიოდში ჯაზის შემოსვლისა და აქა-იქ ამერიკული მწერლობის შემოდინების დროს) ქალაქის შემოქმედებითი მუხტმა კიდევ ერთხელ „გაისროლა“. მოგვიანებით, 1960-1970-იან წლებში, გამოჩნდა მწერალთა და ხელოვანთა ახალი თაობა. იქმნება ქართული კინემატოგრაფის შესანიშნავი ნიმუშები, რომელთაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს. ამ პერიოდში მოღვაწეობენ: ძმები შენგელაიები, ოთარ იოსელიანი, გიორგი დანელია, რეზო გაბრიაძე (როგორც სცენარისტი), მიხეილ კობახიძე, რეზო ესაძე, ირაკლი კვირიკაძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი და ბევრი სხვა, რომლებმაც ქალაქში დააბრუნეს ხელოვნება - ირონიით, სევდით, ლირიკითა და იმპროვიზაციით სავსე ხელოვნება. იგივე შეიძლება ითქვას თეატრის შესახებაც. მიხეილ თუმანიშვილმა, რობერტ სტურუამ, თემურ ჩხეიძემ და სხვებმა გააცამტვერეს საბჭოთა თეატრის ცრუ პათოსი და აკადემიზმი და გზა გაუხსნეს პოსტმოდერნისტულ ესთეტიკას ქართულ ხელოვნებასა და ლიტერატურაში. შოთა ნიშნიანიძის პოეზია, მაგალითად, გამოირჩევა მოცალეობით-ჭვრეტითი დისკურსით. შემდეგ იყვნენ პოეტები: ანა კალანდაძე და ლია სტურუა ვერლიბრის ინოვაციებით. პროზაში კი დომინირებდნენ ოთარ ჭილაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჭაბუა ამირეჯიბი, ნაირა გელაშვილი და სხვანი. ამ პერიოდს და ადამიანებს მე „გვიანფანტასტიკურს“ ვუწოდებდი.

პოსტფანტასტიკური თბილისი დაიწყო საბჭოთა კავშირის დაშლისა და 1991-1992 წლების სამოქალაქო ომის („შობის ომი“) შემდეგ. ცხოვრებამ იწყო ხელოვნების იმიტირება, მოხდა ღირებულებათა გადაფასება, ნგრევა, ეთნიკური კონფლიქტები, შიდა არეულობები, მაგრამ ასევე გადაიდგა ნაბიჯები ღია საზოგადოებისა და დემოკრატიისკენ, იბარტყეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და დამოუკიდებელმა მედიასაშუალებებმა - ჩვენ ვიდექით პოსტმოდერნიზმის აღმოჩენის გზაზე. გამოჩნდნენ ახალი ქალაქური სტილის ლიტერატორები: კარლო კაჭარავა (შესანიშნავი მხატვარი და მწერალი), აკა მორჩილაძე, დავით ბარბაქაძე, „რეაქტიული კლუბი“, დავით ტურაშვილი და ბევრი სხვა. ისინი ახდენდნენ კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების, კლიშეების, სტერეოტიპების, სტილების, რელიგიური იდეოლოგიის პაროდირებას, ასევე წარსულის გადაკითხვას, გადააზრებას და დეკონსტრუქციას. ომების, სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირის, ტანჯვის, სიკვდილიანობის, ლტოლვილობის, სტიქიური უბედურებების, პოლიტიკური არეულობების მიუხედავად, რომლებსაც ყოველთვის მოაქვთ „რაღაც ახალი“, ჩვენ მაინც შევძელით პრობლემების გაქილიკება და მათი ქცევა ახალ ლიტერატურულ დისკურსად, შევქმენით რა ახალი ურბანული ენა და მივაგენით ნარატივის ახალ შესაძლებლობებს - უფრო მეტიც, აღმოვაცენეთ ახალი იდენტობები და გარდავქმენით ისინი შემოქმედებითი და კარნავალური სახეცვლილებების მეშვეობით. 1990-იანი წლების თბილისში ამაღელვებელი ატმოსფერო იდგა.

XXI საუკუნის სიღრმეში შებიჯების კვალდაკვალ თბილისის შემოქმედებითი ცხოვრება, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტად იყრის თავს დღეს უკვე ევროპაში ცნობილი ღამის კლუბების (მაგალითად, „ბასიანი“) საცეკვაო მოედნებზე და დაბინდულ ოთახებში. უფრო მეტიც, ქალაქური ახალგაზრდობის კლუბური და პოლიტიკური ცხოვრება გაერთიანდა, რის მაგალითიცაა პარლამენტის წინ გამართული აქციები რუსეთის დასაგმობად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად, უკრაინისთვის თანადგომის გამოსახატად და საქართველოს მთავრობისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელიც ატარებს ზედმეტად ფრთხილ პოლიტიკას კრემლის მიმართ - აქ ლოზუნგებიც კი ღამის კლუბის აურის მატარებელია: „ჩვენ ერთად ვცეკვავთ, ჩვენ ერთად ვიბრძვით!“

თბილისური კულტურა სულ უფრო პოლიტიკური ხდება და ჰედონიზმის ხასიათს იძენს და, ამასთან, თვალს უსწორებს დღევანდელობის ისეთ მნიშვნელოვან გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა სასტიკი, უაპელაციო რუსეთი ჩრდილოეთით, ომი დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, კლიმატის ცვლილებები, პანდემიები და ა. შ.

რაც შეეხება ხელოვნებას, ახალ ქართულ კინოსა და თეატრში შეინიშნება საკმაოდ საინტერესო ძვრები: ავიღოთ, მაგალითად, სამეფო უბნის თეატრი. მხატვრული მწერლობის მხრივ კი, გთხოვთ, მივესალმოთ ნინო ხარატიშვილს!

______________________________

[1] ისტორია მეორდება. ისევე როგორც ერთი საუკუნის წინ, შარშანაც საქართველოს მოაწყდა რუსი ინტელექტუალების ტალღა, რომლებიც გაურბოდნენ საყოველთაო გაწვევას და ომს უკრაინაში, ასევე ფინანსურ, ბიზნეს თუ ეკონომიკურ შეზღუდვებს  თავიანთ პარია სახელმწიფოში. მართალია, რუსები შემოქმედი ადამიანები არიან, მაგრამ მათ არანაირი შეხება არ აქვთ თავიანთ ქართველ კოლეგებთან. აქ ადგილი აქვს ოდენ მოხმარებას: ქართველები მოიხმარენ რუსულ ფულს, ხოლო რუსები მოიხმარენ ქართულ ღვინოს, კერძებს და კლიმატს - არავითარი ხელოვნება, არავითარი შემოქმედება, თითქოს ქართველები და რუსები ცხოვრობენ პარალელურ სამყაროებში, რომლებიც ერთმანეთს არასდროს კვეთენ. 


ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ბერიძემ.

ტექსტი დაწერილია 2023 წლის 22-27 ნოემბერს პარიზში ჩატარებული ფესტივალისთვის
Un week-end à l’Est Tbilisi (LE FESTIVAL DES CULTURES DE L’EST / 7E EDITION)

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა